მთავარი,სიახლეები

რა ქონებას ფლობს გრიგოლ ვაშაძე

19.11.2018 • 3333
რა ქონებას ფლობს გრიგოლ ვაშაძე

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, პირადად არავითარ უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. ერთადერთი ქონება, რომელიც 2009 წელს, სამემკვიდრო მოწმობით მიუღია გრიგოლ ვაშაძეს [თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 97 კვადრატული მეტრი ბინა], 2012 წელს თავის მეუღლისთვის – ნინო ანანიაშვილისთვის უჩუქებია.

გრიგოლ ვაშაძის მიერ 2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაშიც, რომელიც მან ბოლოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში შეავსო, ქონების გრაფაში მხოლოდ ნინო ანანიაშვილის ქონებების ჩამონათვალი აქვს მითითებული [ამ წლის შემდეგ მას ისეთ თანამდებობაზე არ უმუშავია, რომ დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონოდა].

გრიგოლ ვაშაძის ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ნინო ანანიაშვილს თბილისში, მეტეხის აღმართზე, აქვს 1000 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი. დეკლარაციაში გრიგოლ ვაშაძე წერს, რომ ამ ქონების ღირებულება 1 მილიონი ამერიკული დოლარია. ასევე 140 კვადრატული მეტრი ბინა მოსკოვში, კოტელნიჩესკაიაზე. ამ ქონების ღირებულებად კი მითითებულია 2.5 მილიონი ამერიკული დოლარი.

ნინო ანანიაშვილს 110 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს წინანდალში. მისი მეუღლის შეფასებით, ამ ქონების ღირებულება 2 მილიონი ამერიკული დოლარია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, 2013-2014 წლებში ნინო ანანიაშვილს მცხეთაში ორ სხვადასხვა მისამართზე ჯამურად 3148 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უყიდია.

2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს თავისი ორივე შვილი ოჯახის წევრად ჰყავს მითითებული. ქალიშვილი არასრულწლოვანია, ხოლო უფროსი შვილი – ნოდარ ვაშაძე, დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს. იმ დროისთვის 33 წლის ნოდარ ვაშაძეს არავითარი ქონება და შემოსავალი არ ჰქონია.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: