განათლება,მთავარი,სიახლეები

მინისტრი: დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს

22.03.2019
მინისტრი: დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს

დღეს, 22 მარტს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში კიდევ ერთხელ ისაუბრა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმაზე. მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა გამოსაშვებ და უმაღლესში მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებითაც.

მისი განცხადებით, სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად ჩატარება არაეფექტური და არამიზნობრივია.

„არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაწესებული ცენტრალიზებული სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად  – ამგვარი დუბლირება არ გვხვდება არც ერთი ქვეყნის განათლების სისტემაში.

ცენტრალიზებულად ჩატარებული მაღალი რისკის მქონე მისაღები და გამოსაშვები გამოცდების ასეთი კომბინაცია არ არის დაწესებული რომელიმე სხვა ქვეყანაში.

2018 წელს OECD ექსპერტებმა ჩაატარეს საქართველოში განათლების შეფასების სისტემების კვლევა. მის შუალედურ ანგარიშში მოცემულია, რომ  სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად არსებობა არაეფექტური და არამიზნობრივია“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა განმარტება გააკეთა საატესტატო გამოცდების გაუქმებაზეც. მისი თქმით, გამოცდების გაუქმების მოტივი იყო ის, რომ ტესტების ჩაბარების შედეგები არ ასახავდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების ფლობას და მოსწავლეების რეალურ შესაძლებლობებს.

ბატიაშვილი ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებასაც შეეხო. „ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არის სათანადო შეფასების ინსტრუმენტი. ასეთ პირობებში, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია.“

ბატიაშვილის თქმით, საქართველოს მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო შეფასებებში ისევ დაბალია. ეროვნული შეფასებების შედეგების მიხედვით, მოსწავლეების უმეტესობას დაბალი კომპეტენციები აქვს. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ „სასკოლო გამოსაშვები გამოცდების შემოღებით განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების კუთხით“.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სასკოლო შეფასებების რეფორმირება იმიტომ მიმდინარეობს, რომ გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული. „სადიაგნოსტიკო ხასიათის ცენტრალიზებული შეფასებები განხორციელდება მე-6 და მე-10 კლასის – ორი მნიშვნელოვანი სასწავლო საფეხურის ბოლოს სხვადასხვა საგანში. მისი მიზანი იქნება, მეტი ინფორმაციის მიწოდება სკოლებისთვის მოსწავლეების ცოდნის, მოსწრების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ… იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესად დაიგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი“.

ბატიაშვილის თქმით, სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: