მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რას [არ] აკეთებს სახელმწიფო ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად

26.03.2019 • 2012
რას [არ] აკეთებს სახელმწიფო ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სავალდებულო რესერტიფიცირება 2008 წელს გააუქმა ხელისუფლებამ. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობდა, რომ რესერტიფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, თუმცა 2019 წლის მდგომარეობით რესერტიფიცირება ყველა ექიმისთვის სავალდებულო არ არის.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ დიაგნოზს გადასამოწმებლად საზღვარგარეთ ან საქართველოში ერთი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს მეორე ექიმთან ამოწმებს. ის პირები, ვინც მიიჩნევენ, რომ მათ არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და ასევე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, ამ პრაქტიკას – დიაგნოზის რამდენიმე სპეციალისტთან გადამოწმებას, ექიმთა დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან.

“ბათუმელებმა” ზაზა ბოხუას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს ჰკითხა, საქართველოში რატომ არ არის ექიმი ვალდებული  კვალიფიკაცია აიმაღლოს.

ზაზა ბოხუა: „ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ეტაპობრივად მივდივართ რესერტიფიცირებისკენ. რესერტიფიცირების მთავარი აზრი არის ის, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ, როგორც მთელ მსოფლიოშია და მათ შორის ევროპაში, მოხდეს სათანადო კრედიტქულების დაგროვების მიზნით, ექიმის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განახლება. ლაპარაკია იმ ექიმებზე, რომლებიც უკვე არიან სერტიფიცირებულები. დავიწყეთ  ეტაპობრივი გადახედვა, შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფი. სავალდებულოდ გვაქვს ჩადებული სახელმწიფო პროგრამებში. დღეისათვის მეან-გინეკოლოგები და ნეონატოლოგები არიან ვალდებული რესერტიფიცირება  გაიარონ. სახელმწიფო პროგრამაში სამედიცინო დაწესებულება თუ არის ჩართული, მის კოლექტივს უნდა ჰქონდეთ გავლილი და დაგროვებული კრედიტები.

2018 წლის 19 ივლისს ჩვენ დავამტკიცეთ თვითონ სასწავლო პროცესის აკრედიტაცია, ანუ როგორ უნდა დააგროვოს ექიმმა კრედიტები. აქედან გამომდინარე, ტრენინგები არსებობს. არსებობს ონლაინტრენინგი, სადაც არც საფასური უნდა და არც სხვა, თვითონ ექიმი შედის და შეუძლია გაიაროს კურსი. ყველა რესურსი ქართულ ენაზეა. ექიმი თვითონ გადის, კითხულობს, ემზადება და ონლაინაბარებს,  თუ ჩააბარებს მიიღებს კრედიტქულას“.

კითხვაზე, რამდენი წელი დასჭირდება სამინისტროს, რომ რესერტიფიცირება ყველა პროფილის ექიმისთვის სავალდებულო გახდეს, ზაზა ბოხუა პასუხობს:

„სავარაუდოდ, ოთხი წელი  დასჭირდება, ყველა დარგი რომ მოვიცვათ“.

ვრცლად ამ თემაზე ნახეთ მასალა:

არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: