მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისთვის

26.03.2019 • 2137
რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისთვის

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სავალდებულო რესერტიფიცირება 2008 წელს გააუქმა ხელისუფლებამ. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობდა, რომ რესერტიფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, თუმცა 2019 წლის მდგომარეობით რესერტიფიცირება ყველა ექიმისთვის სავალდებულო არ არის.

მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა საუბრობს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისათვის.

“მედიცინა მუდმივად განახლებადი სფეროა, სადაც განუწყვეტლივ ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, შემოდის ტექნოლოგიური ინოვაციები, მკურნალობის უახლესი მეთოდები. პერიოდულად ვამარცხებთ დაავადებებს, რომლებიც განუკურნებლად მიგვაჩნდა. მაგალითად, C ჰეპატიტი – ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება, უკვე დამარცხებულად ითვლება. მეცნიერები გვაიმედებენ, რომ უახლოეს წლებში შიდსის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. ჯანდაცვის მოწინავე ტექნოლოგიების სარგებელი აშკარაა: უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგნოზები, მკურნალობის ეფექტური მეთოდები, გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუ ექიმი განუწყვეტლივ არ ეცნობა მედიცინის თანამედროვე მიღწევებს, მას არ ექნება პაციენტისათვის ადეკვატური, მედიცინის თანამედროვე მიღწევების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უნარი. ამიტომაც ექიმთა პროფესიული სრულყოფისთვის საჭიროა უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბება და მასში ექიმების მონაწილეობა. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა გრძელდება ექიმის მთელი პროფესიული საქმიანობის მანძილზე. მისი მიზანია ექიმის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა მედიცინის თანამედროვე მიღწევებსა და ტექნოლოგიებთან. ექიმთა რესერტიფიცირების მიზანია პაციენტებისათვის მეტი გარანტიების შექმნა და მომსახურების გაუმჯობესება.

მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში მოქმედებს უწყვეტი განათლების სისტემა, სადაც სავალდებულო წესით ექიმებს სამ ან ხუთ წელიწადში ერთხელ უწევთ გამოცდის ჩაბარება. ცხადია, აღნიშნული ზრდის ექიმების განათლების დონეს, მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

  • რამდენიმე წელია საქართველოში შეჩერებულია რესერტიფიცირება, ამ გარემოებამ ხომ არ გამოიწვია ქართული სამედიცინო სფეროს სტაგნაცია?

რასაკვირველია, ექიმთა რესერტიფიცირების შეჩერება ნეგატიურად აისახება ექიმთა პროფესიულ დონეზე, მათ მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობაზე.

რესერტიფიცირების შეჩერების მომხრეები ფიქრობენ, რომ მედიცინაც ჩვეულებრივი ბაზარია, სადაც რაც უფრო ნაკლები იქნება რეგულირება, მით უფრო ეფექტურია შედეგები. მაგრამ სამედიცინო ბაზარი არ გახლავთ ჩვეულებრივი ბაზარი. ჯანდაცვის სექტორი ეკონომიკის სპეციფიკური დარგია. სამედიცინო ბაზარსა და ჩვეულებრივ ბაზარს შორის განსხვავება განპირობებულია სამედიცინო ბაზრის სოციალურ-ეკონომიკური ბუნებით და სამედიცინო მომსახურების მიწოდების სპეციფიკურობით, კერძოდ, მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზე ხშირად ატარებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სოციალურ ხასიათსაც (“საზოგადოებრივი სიკეთე”) და მოითხოვს ცალკეულ მომხმარებლის სახსრების გაერთიანებას. სამედიცინო ბაზრის ჩავარდნები (რისკები და გაურკვევლობა, ინფორმაციის ასიმეტრია, საბაზრო ძალაუფლება, შეზღუდული კონკურენცია, გარეგანი ეფექტები) ქმნის ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს, რაც მოითხოვს სათანადო რეგულირების მექანიზმების შემუშავებას. რეგულაციის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ უწყვეტი განათლების სისტემა, რომლითაც სახელმწიფო არეგულირებს ექიმების პროფესიულ დონეს, რაც, როგორც აღვნიშნეთ, დადებითად ზემოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

  • დიაგნოზის გადამოწმება იქცა ჩვეულებრივ პრაქტიკად საქართველოშიდიაგნოზის გადამოწმება მიუთითებს, ერთი მხრივ, ექიმების მიმართ უნდობლობაზე და მეორე მხრივ, ექიმთა დაბალ კვალიფიკაციაზე?

ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, ამიტომ პაციენტი ცდილობს აირჩიოს მისთვის სასურველი, მაღალი პროფესიული დონის ექიმი. ხშირად იგი ცდილობს გადაამოწმოს ერთი ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი სხვა ექიმთან. ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული.

ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პაციენტზე ორიენტაცია. ამ მიზანს ემსახურება პაციენტის ინფორმირებულობის გაზრდა. ევროპულ ქვეყნებში სახელმწიფო ცდილობს, ხელი შეუწყოს პაციენტის სამედიცინო ინფორმირებულობის ამაღლებას. იქმნება სპეციალური ვებგვერდები, სადაც წარმოდგენილია ექიმების, სამედიცინო დაწესებულებების რეიტინგული სისტემა, ანუ – ექიმები რანჟირებულები არიან მათი საექიმო გამოცდილების მიხედვით (მაგალითად, მათ მიერ დაშვებული საექიმო შეცდომების მიხედვით). ამით სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს პაციენტს, რომ გაუადვილდეს მისთვის სასურველი ექიმის და სამედიცინო დაწესებულების არჩევანი. რადგან საქართველოში ასეთი სისტემა არ არის განვითარებული, პაციენტს უჭირს არჩევანის გაკეთება და იგი უმთავრესად ეფუძნება ნაცნობების, მეგობრების გადმოცემებს ექიმების პროფესიულ დონეზე.

პაციენტის არაინფორმირებულობის გამო, ცხადია, ნაკლებია ექიმებისადმი ნდობა. შესაბამისად,  ისინი ცდილობენ სხვა ექიმთან გადაამოწმონ დიაგნოზი. განსაკუთრებით დაბალია ოჯახის ექიმის მიმართ ნდობა, რაც განპირობებულია დაბალი ინფორმირებულობით ოჯახის ექიმის კომპეტენციების შესახებ… არაადექვატური ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმებს არ აქვთ სათანადო მომსახურების ჩატარების საკმარისი მოტივაცია. ეს უმთავრესად განპირობებულია ოჯახის ექიმების დაბალი კვალიფიკაციით, დაბალი ანაზღაურებით. სახელმწიფო და დამსაქმებლები ნაკლებად ცდილობენ ოჯახის ექიმების პროფესიულ ზრდის ხელშეწყობას. შესაბამისად, ოჯახის ექიმებს არ აქვთ პროფესიული სრულყოფისა და განვითარების შესაძლებლობა. ამას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ქვეყანაში სავალდებულო ხასიათს არ ატარებს უწყვეტი პროფესიული განათლება.

  • პაციენტებს უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს, უნიშნავენ სასწრაფო ქიმიოთერაპიას, ეს პაციენტები უცხოეთში ამოწმებენ დიაგნოზს და აღმოჩნდება, რომ სიმსივნე არ აქვთ. თქვენი აზრით, ეს რატომ უნდა ხდებოდეს? 

მე არ ვიტყოდი, რომ ეს ასეთი შემთხვევები ბევრია. არის ერთეული შემთხვევები, რაც გვაძლევს ასეთ მძიმე სურათს. მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება. ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ყოველწამს შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, დიაგნოზის დასმაც არაა მარტივი, მით უმეტეს საქართველოს პირობებში, სადაც მსოფლიოში დანერგილი ბევრი სადიაგნოსტიკო-სამკურნალო საშუალებები ჯერ კიდევ არ არის შემოსული. ამიტომაც ხდება, რომ ზოგჯერ მასალებს სადიაგნოსტიკოდ აგზავნიან საზღვარგარეთ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.

ვრცლად ამ თემაზე:

არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: