კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

მიმოწერის ახალი ეტაპი – როდის დაამტკიცებს ეროვნული სააგენტო ბათუმის დაცვის ზონებს 

26.03.2019 • 1634
მიმოწერის ახალი ეტაპი – როდის დაამტკიცებს ეროვნული სააგენტო ბათუმის დაცვის ზონებს 

როდის ექნება ბათუმს დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები? – ეს კითხვა ისევ აქტუალური და პასუხგაუცემელია. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების თაობაზე ბათუმის მერიის მიერ გაგზავნილი დოკუმენტების კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საბჭოს სხდომაზე ფართომასშტაბიანი განხილვის შემდეგ თვე-ნახევარზე მეტი გავიდა, თუმცა ზუსტი თარიღი, თუ როდის იმსჯელებს სააგენტო ამ ზონების დამტკიცებაზე, ჯერ ისევ არ ვიცით.

სხდომაზე გადაწყდა, რომ შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებულმა და შემდეგ სახეცვლილმა საზღვრებმა პირვანდელი სახე უნდა დაიბრუნოს. საზღვრებში უნდა მოექცეს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია და  ბათუმის ბულვარი [გეოგრაფიკმა კვლევა ბათუმის მერიის დაკვეთით მოამზადა].

განხილვიდან მალევე მერიამ მიიღო წერილობითი შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მერმა ლაშა კომახიძემ თქვა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ. „ახლა დარჩა მცირე დეტალები, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში შევჯერდებით“, – თქვა ბათუმის მერმა.

რას გულისხმობს მცირე დეტალები და მიაღწიეთ თუ არა რაიმე შეთანხმებას? – ამ კითხვით ბათუმის მერიას ისევ მივმართეთ. ლაშა კომახიძის თქმით, გასულ კვირას მერიამ ისევ გაუგზავნა წერილი – მერიაში აინტერესებთ, სჭირდება თუ არა „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს დამატებით განახლება. მერის განმარტებით, 15 თებერვალს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე სპეციალისტებმა გამოთქვეს მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ არის გარკვეული ტიპის ცვლილებები ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებსა და რეალობას შორის, განსაკუთრებით ეს შესამჩნევია რუკების ნაწილში.

„ამიტომ, რაც ახლა გავაკეთეთ, არის ის, რომ წერილობით ვთხოვეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს რეკომენდაცია იმაზე, ხომ არ ხედავს ის ამ დოკუმენტის ცალკეული ნაწილების განახლების საჭიროებას. თუ გაგვიწევს რეკომენდაციას, რომ არსებული რედაქციით წავიდეთ ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ველოდებით პასუხს. 2015 წელს განახლდა დოკუმენტის ცალკეული ნაწილები, რომლებიც ტექსტობრივ ნაწილს შეეხება, მაგრამ ძირითადი საყრდენის, მაგალითად რუკების ნაწილში განახლება არ მომხდარა.“

მერის განმარტებით, ამ რუკებზე ვერ ვნახავთ ახალ სასტუმროებს… შენობებს, რომლებიც ბათუმში 2006 წლის შემდეგ აშენდა.

ეროვნულ სააგენტოში „ბათუმელებს“ 25 მარტს უთხრეს,, რომ ბათუმის მერიას ზემოთ დასმულ კითხვებზე უკვე უპასუხეს წერილობით:

„მერიას მიეცა რეკომენდაცია, განაგრძოს დამცავი ზონების დოკუმენტის შემუშავება „გეოგრაფიკის “მიერ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით. ვგულისხმობთ არა მერიის მიერ, არამედ „გეოგრაფიკისმიერ მომზადებულ დოკუმენტს. ხელახლა განიხილოს, როგორც პროცედურულად არის საჭირო, დაამტკიცოს და წარმოადგინოს ჩვენთან.“

ეროვნული სააგენტოს ამ რეკომენდაციის შემდეგ მერიას მოუწევს „გეოგრაფიკის“ კვლევა და ზონის დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტები საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გადაუგზავნოს, შემდეგ კი ისევ ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნოს დასამტკიცებლად.

კულტურული მემკვიდრეობის ზონა თავის საზღვრებში განსაკუთრებულ რეგულაციებსა და შეზღუდვებს აწესებს, ამიტომაც არის ბათუმში ამ პროცესის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი.

ისტორიული ბათუმის დამცველები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ამ ზონების დამტკიცებითაა შესაძლებელი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის იმ ნაწილის შენარჩუნება, რაც მენაშენეს გადაურჩა და დღემდე მოაღწია.

როცა დოკუმენტი ამბობს ერთს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კი, ამტკიცებს საპირისპიროს 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: