რა იქნება ფარული მოსმენების კარგი მოდელი – ევროპელი ექსპერტი საკონსტიტუციოში

რა იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებისთვის კარგი მოდელი და როგორ მუშაობს ამ კუთხით სისტემა ევროპის ქვეყნებში? – „ბათუმელებმა“ ტელესაკომუნიკაციო სისტემების ექსპერტს, დეივ ორელს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. დეივ ორელი დღეს, 22 იანვარს, ჩვენებას აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს „ფარული მოსმენების საქმეზე“.

დეივ ორელი ირლანდიიდანაა. ის ფიზიკოსია და ახორციელებს ტექნიკური მოწყობილობების აუდიტს. ორელი ჩართულია კიბერდანაშაულების გამოძიების პროცესშიც.

ბატონო დეივ, საკონსტიტუციო სასამართლოში, სხდომაზე გამოსვლის დროს აღნიშნეთ, რომ მთავარი პრობლემა საქართველოში არის ერთი სააგენტოს ორი ფუნქცია. სააგენტო სუს-ს ექვემდებარება, რომელიც უსაფრთხოების კუთხით აგროვებს მონაცემებს, ხოლო ფარული ჩანაწერებით დაინტერესებულია პროკურატურაც. რისკს კონკრეტულად სად ხედავთ

რისკი არის ინფორმაციის გადინებაში. ერთ სააგენტოს აქვს ორი სხვადასხვა ფუნქცია, ეს არის პრობლემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზოგადი, ფართო მიზნებისთვის აგროვებს ინფორმაციას, გამოძიება -კონკრეტულ პირთან, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. გამოძიებას კონკრეტული ინფორმაციის მიღება სურს. ერთ სააგენტოში ამ ინფორმაციის არსებობით კი, გამოძიებას ეძლევა შესაძლებლობა არასანქცირებული, არალეგალური გზებით მოიპოვოს ინფორმაცია. საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც სუს-ს აქვს თავისი მიზნებისთვის. მთავარია, რომ ეს ორი რამ იყოს გამიჯნული. ერთია, სანქცირებულად ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მეორეა უსაფრთხოება, რომელსაც თავისი მიზნები აქვს და მის მოქმედებას სხვა სამართლებრივი დასაბუთება სჭირდება.

რა იქნება კარგი მოდელი ფარული თვალთვალისთვის? კამპანია – „ეს შენ გეხებას“ ავტორები, რომლებმაც საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადეს, განიხილავდნენ იმას, რომ ეს მონაცემები მობილური სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა დაიცვან და გამოძიებამ გამოითხოვოს, საჭიროების შემთხვევაში. საუბარია ასევე დამოუკიდებელი ორგანოს შექმნაზეც, რომლის შემადგენლობასაც პარლამენტი დააკომპლექტებს. 

პირველ რიგში, ერთი სააგენტო ორი ფუნქცით ორგანიზაციულ პრობლემას ქმნის. ინფორმაცია კრიმინალური გამოძიებისთვის, ინფორმაცია უშიშროებისთვის – ერთი ორგანიზაციისთვის ეს ძალიან ბევრია. ევროპის ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა, როცა მობილური სატელეკომუნიკაციო ოპერატორები ინახავენ ინფორმაციას, მაგრამ ეს მოითხოვს დამატებით ხარჯებს. ამ ქვეყნებში უსაფრთხოების სამსახური მიმართავს ოპერატორს შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით და იღებს ინფორმაციას.

კონკრეტულად ირლანდიაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, რა მოდელია? 

ჩვენთან ოპერატორები ინახავენ ინფორმაციას და კრიმინალურ გამოძიებას, როცა სჭირდება, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, შეუძლიათ მიიღონ ეს ინფორმაცია. მობილურ ოპერატორებს აქვთ ვალდებულება, შეინახონ და დაიცვან მონაცემები…

გყავთ თუ არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და კიდევ რა ბერკეტები არსებობს მეტი დაცულობისთვის? სხდომაზე აღნიშნეთ, რომ საქართველოში ინსპექტორზე გვერდისავლის ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს. 

ინსპექტორი არსებობს და კიდევ საკანონმდებლო მექანიზმები: თუკი ვინმეს ეჭვი უჩნდება, რომ უკანონოდ უთვალთვალებენ, მას შეუძლია შეატყობინოს პოლიციას ამის შესახებ და იწყება გამოძიება.

მთავარი ფოტო: დეივ ორელი

უცხოელი ექსპერტი „ფარულ მოსმენებზე“: უშიშროება არ უნდა ისმენდეს პირდაპირ, ვის ვესაუბრე ბათუმში

“ის შეკითხვები, რაც შეიძლება ჰქონდეს უშიშროებას, არ უნდა ჰქონდეს, როგორც წესი, სისხლის სამართლის წესით დაწყებულ გამოძიებას,” – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ევროპელმა ექსპერტმა, დეივ ორელმა. იგი ექსპერტის სახით მოსარჩელეებმა მოიწვიეს სასამართლო სხდომაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 22 იანვარს, არსებითი განხილვა დაიწყო „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ” 326 მოქალაქის სარჩელზე. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეასრულა პარლამენტმა სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ფარულ მიყურადებას არ უნდა ახორციელებდეს ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს და აქვს „პროფესიული ინტერესი“.

მოსარჩელეები, ვინც კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში სარჩელს მოაწერეს ხელი, მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა ახალი უწყების – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნით პრობლემა უცვლელად დატოვა, რადგან სააგენტოს კონტროლის უფლებამოსილება მხოლოდ სუს-ს აქვს.

მთავარ პრობლემად ევროპელმა ექსერტმა ერთი ორგანოს ორი ფუნქცია დაასახელა – გამოძიება და უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე ინფორმაციის მოპოვებაც.

“დღეს მე ვარ ბათუმში – დაიწყო დეივ ორელმა, – წინა კვირას მე ვიყავი თბილისში. საინტერესოა ვის შევხვდი ბათუმში, სად ან ვის ვესაუბრე, ვისთან მქონდა ტელეფონით კომუნიკაცია… ეს გონივრული კითხვებია უშიშროებისთვის, მაგრამ გამოძიება, როგორც წესი, ამაზე არ მიდის. ის კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოწმდება… უშიშროება პირდაპირ, გამოძიების და შესაბამისი პროცედურის გარეშე ვერ უნდა მისმენდეს.

რისკი არის ის, რომ ერთი სააგენტო აკეთებს ორივეს და შესაძლებელია მარტივად ინფორმაცია  ერთი კატეგორიიდან მეორეში გადადიოდეს”, – აღნიშნა დეივ ორელმა.

ექსპერტმა დეტალურად ახსნა ტექნიკური მოწყობილობები, რომლითაც ფარული თვალთვალი ხორციელდება. ის უპირატესობას სტაციონარულ ტექნიკურ საშუალებას ანიჭებს. დეივ ორელმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოს შემთხვევაში პრობლემური და გაუმჭვირვალეა არასტაციონარული ტექნიკური საშუალების გამოყენება, მაგალითად, როცა თქვენს ნოუთბოუქში ჩაწერს სუს-ზე დაქვემდებარებული უწყება სპეციალურ პროგრამას და დაგაკვირდებათ.

ექსპერტმა აღნიშნა ისიც, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მექანიზმი არ არის სრული გარანტია თვალთვალის კანონიერებისთვის.

“მისთვის გვერდის ავლა შესაძლებელია,” – დასძინა დეივ ორელმა.

ექსპერტმა მოხსენება უკვე დაასრულა. ახლა მას შეკითხვებს მოსამართლეები დაუსვამენ.

დეივ ორელი ირლანდიიდანაა. ის ფიზიკოსია და ახორციელებს ტექნიკური მოწყობილობების აუდიტს. ორელი ჩართულია ექსპერტის სახით კიბერდანაშაულების გამოძიების პროცესშიც.

ამ თემაზე:

სააგენტოს პოზიცია, რომელიც ფარულად გვისმენს – სასამართლო პროცესის მეორე დღე

ღორჯომი ზემო იმერეთია? – შეცდომა ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში

„მიწის დამუშავება ხარებით ზემო იმერეთში“ – ასეა აღწერილი ფოტო მეხუთე კლასის ისტორიის მოსწავლის წიგნში, თუმცა ფოტო არა ზემო იმერეთში, არამედ ხულოში, სოფელ ღორჯომშია გადაღებული 2014 წლის გაზაფხულზე, „ბათუმელების“ რეპორტიორის, მანანა ქველიაშვილის მიერ.

მეხუთე კლასის ისტორიის მოსწავლის წიგნი გრიფირებული სახელმძღვანელოა. იგი გამომცემლობა „კლიომ“ გამოსცა 2018 წელს. როგორ აღმოჩნდა აჭარაში, ღორჯომში გადაღებული ფოტო ზემო იმერეთის ილუსტრირებისთვის საავტორო უფლებების დარღვევით და ფაქტის გაყალბებით სასკოლო სახელმძღვანელოში? გამომცემლობაში გვითხრეს, რომ მათ ავტორები აწვდიან მასალებს.

ფოტო სახელმძღვანელოდან. ტარიელ ნაკაიძის ფოტო
ორიგინალი. ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

სახელძღვანელოს რამდენიმე ავტორი ჰყავს: როლანდ თოფჩიშვილი, ელენე მეძმარიაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი და გიორგი ავთანდილაშვილი. „ბათუმელები“ ელენე მეძმარიაშვილს ესაუბრა, რომელიც სერიის საერთო რედაქტორია. მან „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ „ძალიან მკაცრად ამოწმებდნენ საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას“:

„ალბათ ვერ ნახეს [ავტორებმა] იმერეთი და ჩათვალეს, რომ ეს ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა, იმიტომ, რომ იგივეა იმერეთში. საქართველოში ფოტოების, ილუსტრაციების პრობლემა ნამდვილად არსებობს, როდესაც ავტორი მუშაობს სახელმძღვანელოზე, რასაკვირველია, ვიძიებთ ფოტოებს და ინტერნეტში ვეძებთ თავისუფალ ფოტოებს. თუ მანდ „ბათუმელები“ არის დაფიქსირებული, ეს გაუგებრობაა ნამდვილად… ხარებით ხვნის პროცესი არ არის ისეთი სერიოზული დარღვევა, ხარებით იხვნება მიწა რეგიონებში. ხშირად ხდება, როცა ვიყენებთ ფოტოს, რომელიც შეესაბამება ტექსტს. შეიძლება ფოტოს გამოცვლა, წავალთ მაღალმთიან იმერეთში და გადავიღებთ ფოტოს. ვისაც გადავუღეთ სურათები, ყველასგან ნებართვა ავიღეთ, მაგრამ რადგან ეს ინტერნეტში იდო… „ბათუმელების“ რომ იყო, ეს არ შეგვიმჩნევია, თორემ მაგას არ დავუშვებდით ნამდვილად“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ელენე მეძმარიაშვილმა.

იმავე სახელმძღვანელოში, თუმცა მეორე ნაწილში, კიდევ ერთი შეცდომაა. კერძოდ, წერია, რომ ენგურჰესი სვანეთში მდებარეობს, სამეგრელოს ნაცვლად.

ამავე თემაზე: 

მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფაზე

„ბათუმელების“ სტატიას – „რა შეეშალა პრემიერ ბახტაძეს – ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფა არ დასტურდება“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა.

გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელშიც თავმოყრილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T).

საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალურად არის განმარტებული აღნიშნული პროექტის შინაარსი და მათ შორის საინვესტიციო გეგმის მნიშვნელობა.

კერძოდ, ინფორმაციაში, რომელიც გავრცელდა უწყების მიერ აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში 12.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

იქვე განმარტებულია, რომ აღნიშნული ფინანსური რესურსი დაიხარჯება, როგორც ევროკავშირის, ასევე მისი საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის საერთაშორისო საინვესტიცო ინსტიტუტების და თავად პარტნიორი ქვეყნების მხრიდნაც. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად იყო ხაზგასმული, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა გახლავთ მნიშვნელოვანი ბერკეტი და გზავნილი, იმისთვის, რომ მასში წარმოდგენილ პროექტებში, ევროკავშირის და მისი საფინანსო ინსტიტუტების გარდა, დამატებით მოზიდულ იქნას ინვესტიციები.

დავაზუსტებთ, რომ საინვესტიციო გეგმით საქართველოში იდენტიფიცირებულია 18 პრიორიტეტული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 3.4 მილიარდ ევროს შეადგენს, შესაბამისად გათვალისიწნებულია, რომ მოცემულ პროექტებში დაიხარჯება სწორედ დასახელებული ოდენობის ინვესტცია, მათ შორის ბუნებრივია, ევროკავშირის მხრიდანაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნული საინვესტიციო გეგმის დამტკიცების შეფსებისას, საჭიროდ აღარ ჩათვალა დამატებითი განმარტებები, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ევროკავშირს წინა დღეს გავრცელებული ჰქონდა ამომწურავი ინფორმცია გეგმის შესახებ“.

მთავარი ფოტო: საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდიდან

როდის დადგამენ ახალ მოსაცდელებს

ბათუმში, ხუთ ქუჩაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე არსებული მოსაცდელები აიღეს. კომპანიაში, რომელიც ქალაქის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ახალი მოსაცდელების დამონტაჟებაზეა პასუხისმგებელი, განაცხადეს, რომ სამონტაჟო სამუშაოებს დღეიდან, 22 იანვრიდან დაიწყებენ და 10-15 დღეში დაასრულებენ.

„დამოკიდებული ვართ, რა თქმა უნდა, ამინდზე. ახალი მოსაცდელები იქნება ჯიხურების ანუ სავაჭრო დანიშნულების გარეშე და იმ დიზაინის, რაც ბოლო პერიოდში დავდგით ქალაქში. თუმცა იქნება გაცილებით დიდი ზომის. ის მოსაცდელები, რაც ავიღეთ, ამორტიზებულია და მათი სხვა ადგილებზე დადგმა არ იგეგმება,“ – გვითხრეს კომპანია „ალმაში“. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს გაჩერებებზე მოსაცდელი კონსტრუქციების მონტაჟს.

კომპანიის განცხადებით, ბათუმში, გოგებაშვილის, რუსთაველის, ხიმშიაშვილის, გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე სულ 50 ძველი მოსაცდელი ჩანაცვლდება ახლით.

რაც შეეხება ადგილებს, სადაც არის გაჩერება, თუმცა არ არის მოსაცდელი, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ იგეგმება 20 ასეთ ადგილზე მოსაცდელის დადგმა. „ალმაში“ კი გვითხრეს, რომ კონკრეტულად სად დაიდგმება მოსაცდელი, ამ ეტაპზე არ იციან: „ველოდებით წერილს მერიიდან. როგორც ვიცით, იმ ნაკვეთების რეგისტრაცია მიმდინარეობს, სადაც კონსტრუქციები უნდა დაიდგას“.

ბათუმში, გოგებაშვილის, რუსთაველის, ხიმშიშვილის, გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე, დაახლოებით ამ მოსაცდელის მსგავსი, მაგრამ უფრო დიდი ზომის ახალი მოსაცდელები უნდა დაამონტაჟონ

აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან მრავალწლოვანი ხე გადააქვთ, რომელიც რამდენიმე დღეა რკინიგზასთან, ბობოყვათის რეზიდენციის მოპირდაპირედ დგას. ხე სოფელ შეკვეთილში, იმ ტერიტორიაზე გადააქვთ, სადაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ამ პარკისთვის ათეულობით სხვადასხვა სახეობის მრავალწლოვანი ხე გაიტანეს აჭარიდან.

ხეს, რომელიც ახლა რეზიდენციასთანაა, ბობოყვათის პლაჟიდან შეკვეთილში ზღვით გადაიტანენ. პლაჟამდე მისასვლელი გზა რკინაბეტონის ფილებით უკვე მოწყობილია. მოწყობილია რკინიგზაზე გადასასვლელიც. ამ გზით არაერთი ხე გადაიტანეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად 5 მრავალწლოვანი ხე 2018 წლის ადრე გაზაფხულზე ამოთხარეს. ეს ხეები ამ დრომდე არ გაუტანიათ. როგორც მაშინ ითქვა, ხეები გზის სივიწროვის გამო ვერ გაჰქონდათ. ზაფხულის განმავლობაში კუსტარულად მოწყობილი სარწყავი სისტემით გადასატანად გამზადებულ ხეებს ყოველდღიურად რწყავდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ერთი ხე ხმება.

აჭარის გზების დეპარტამენტმა ალამბარი-ზენითის მიმართულებით გზის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო, რაც მაშინ ოპოზიციამ გააპროტესტა და პროკურატურასაც მიმართეს.

აჭარიდან მრავალწლოვანი ხეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, ზღვისპირას, იმ ტერიტორიაზე გადააქვთ, რომელიც შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია. ამ ტერიტორიაზე მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და დღეს უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

კომპანია „ურეკი რეზიდენსი“ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს 4 მილიონ ლარად მიჰყიდა. ბერა ივანიშვილი დღეს „ურეკი რეზიდენსის“ ერთადერთი მფლობელია.

მრავალწლოვანი ხე ბობოყვათის რეზიდენციასთან / ხე შეკვეთილში გადააქვთ / 22.01.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

დაზიანებული სატელეფონო ჯიხური რუსთაველის ქუჩაზე

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი წითელი სატელეფონო ჯიხური დააზიანეს – მოგლეჯილია ტელეფონის ყურმილი და ჩამსხვრეულია მინები. ლონდონისთვის დამახასიათებელი ამ ჯიხურის დადგმაში 2014 წელს მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში.

სატელეფონო ჯიხურის მოვლა-პატრონობა ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ევალება. როგორც სამსახურის უფროსი, სულხან ევგენიძე ამბობს, ჯიხურს უახლოეს დღეებში მოაწესრიგებენ.

“ვიცით ამ ფაქტის შესახებ, ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ერთ-ერთ კომპანიასთან, გავალთ ადგილზე, ზომებს აიღებენ და შეიცვლება მინები უახლოეს დღეებში. შიგნით აპარატიც  მოუგლეჯიათ. გადამრევს ეს ხალხი – სამჯერაა ეს ტელეფონის აპარატი გამოცვლილი,” – ამბობს სულხან ევგენიძე.

ლონდონისათვის დამახასიათებელი სატელეფონო წითელი ჯიხური რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერში 2014 წელს დაიდგა. ჯიხური ბრიტანეთის საელჩოს საჩუქარია ბათუმისათვის. ბრიტანეთის საელჩოს პრესსამსახურის განმარტებით, რკინის ჯიხური ორიგინალია და იგი რამდენიმე ტონას იწონის.

დაზიანებული სატელეფონო ჯიხური
დაზიანებული სატელეფონო ჯიხური

 

 

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 იანვრის 21 საათიდან 23 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის პირველ ნახევარში ზოგან იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს. დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა 

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, დიდი ოდენობით – 4 110 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 12 000 ლარს აღემატება.

სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ყოველი დღე 300 ათასზე მეტ წიგნთან ერთად – ქალები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ძნელად იპოვით თანამშრომელს, რომელსაც 10 წელზე ნაკლები მუშაობის სტაჟი აქვს. ბიბლიოთეკარები ბიბლიოთეკაში 20-30 და ზოგიც 40 წელზე მეტია რაც მუშაობენ.

კითხვაზე – რატომ ამდენი წელი ერთ სამსახურში, ყველას პასუხი ერთმანეთს ჰგავს – წიგნის და მკითხველის სიყვარული.

„30 წელია ბიბლიოთეკარი ვარ. თავიდან, როცა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა, ძალიან გამიხარდა. ვფიქრობდი, დავჯდები და ვიკითხავ, მეტი საქმე რა მექნება-მეთქი. მერე რომ მოვედი აქ ვნახე, რომ მკითხველის თვალისთვის დაუნახავი ბევრი სამუშაოა. თუმცა კითხვის დროსაც ვპოულობთ,“ – ამბობს  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ძირითადი წიგნსაცავის განყოფილების უფროსი ნინო ვაშაყმაძე.

ქალები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან | Women from Library

44 წელია, რაც ბიბლიოთეკაში მუშაობს მანანა ბოლქვაძე.

„საჯარო ბიბლიოთეკა სამსახურზე მეტია ჩემთვის, მეორე ოჯახია. სანამ აქ მოვიდოდი, მანამდე დედაჩემი მუშაობდა. ჯერ ვიყავი მკითხველი და მერე ვიქეცი ბიბლიოთეკის სტაჟიან თანამშრომლად. ყველა პროფესიას აქვს თავისი სირთულე, თავისი დადებითი და უარყოფითი. ბიბლიოთეკარობა ისეთი პროფესიაა, რომელიც ჩაგეჭიდება და იმის შემდეგ აღარ გინდა სხვაგან გაიხედო. იმიტომ, რომ იმას, რასაც სხვები აკეთებენ სამსახურის შემდეგ, ჩვენ ვაკეთებთ სამსახურში.

ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო მკითხველის მადლობაა,“ – ამბობს მანანა ბოლქვაძე.

მანანა ბოლქვაძე

44 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა განყოფილებაში იმუშავა, ახლა სამხარეთმცოდნეო ბიბლიოგრაფიული განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარია.

„18 წელია ბიბლიოთეკაში ვმუშაობ. ეს სამსახური ჩემთვის ბევრს ნიშნავს – ბევრნაირ მკითხველთან გვიწევს ურთიერთობა, მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდებთან, რომლებიც ხშირად მოდიან რჩევებისთვის, თუ რა წაიკითხონ. ძალიან კარგი მკითხველები გვყავს, მიხარია მათთან ურთიერთობა,“ – ამბობს ნაირა მენაფირე, აბონემენტის განყოფილების უფროსი.

ნაირა მენაფირე

თამთა ჭყონია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2006 წლიდან მუშაობს. ფონდების დაკომპლექტების, კლასიფიკაციის და კატალოგების ორგანიზების განყოფილებაში, მთავარი ბიბლიოთეკარია.

„ყოველთვის მიყვარდა წიგნების კითხვა და მომწონდა ბიბლიოთეკის გარემო. განათლებაც ამ მიმართულებით მივიღე. საბიბლიოთეკო დავამთავრე. სასწავლებელი დავასრულე თუ არა დავიწყე მუშაობა. იმის შემდეგ არც მიფიქრია, რომ სხვა რამე ვაკეთო. ბიბლიოთეკაში შემოსული წიგნი, პირველად ჩვენს განყოფილებაში ხვდება, აქ მუშავდება და შემდეგ გადაეცემა სხვადასხვა განყოფილებას,“ – ამბობს თამთა.

თამთა ჭყონია

წიგნმა მკითხველისთვის განკუთვნილ თარომდე რომ მიაღწიოს, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურის გავლა უწევს. წიგნი, რომელიც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში შევა, აუცილებლად მოხვდება რუსუდან ყაჭეიშვილის ხელში.

„მე ვარ კლასიფიკატორი. კლასიფიკაცია ითვალისწინებს წიგნებზე შიფრის დასმას და განყოფილების მიხედვით დანაწილებას. ყველას შესაბამისი განყოფილების შიფრს ვუსვამთ. ყველა წიგნს უნდა მოუნახო თავისი ადგილი,“ – ამბობს მთავარი ბიბლიოთეკარი რუსუდან ყაჭეიშვილი.

რუსუდან ყაჭეიშვილი

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ძირითად წიგნსაცავში ქართულ და რუსულ ენაზე გამოცემული 125 ათასზე მეტი წიგნია. აქედან 2500 წიგნი დაცულია იშვიათ გამოცემათა ფონდში. აქ ნახავთ 1797 წელს გამოცემულ საქრისტიანოს მოძღვრებას, 1850 წლით დათარიღებულ ფრიდრიხ შილერის ნაწარმოებების საიუბილეო გამოცემას, მე-19 საუკუნის მიწურულს გამოცემულ ივანე მაჩაბლის ნათარგმნ შექსპირის „ჰამლეტს“, ძმები თავართქილაძეების მიერ 1899 წელს ბათუმში დაბეჭდილ „ვეფხისტყაოსანს“ და სხვა იშვიათ გამოცემებს.

ბიბლიოთეკაში 2018 წელს 7 ათასზე მეტი მკითხველი დარეგისტრირდა. მკითხველის ბარათის აღება და გაწევრიანება 3 ლარი ღირს, პენსიონერებისათვის და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კი უფასოა. ოქტომბრის შემდეგ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი დირექტორი ჰყავს. მწერალი და ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემიის 2016 წლის ნომინანტი ინგა გოგიბერიძე, ახლა საჯარო ბიბლიოთეკაში ცდილობს სიახლეების შეტანას.

ამბობს, რომ ახლა მისი მთავარი მიზანი “მკითხველის წრის გაფართოება და ახალი მკითხველის მოზიდვა“.

მუშაობა უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლომდე მკითხველს ბიბლიოთეკის სარდაფში წიგნის მუზეუმში სტუმრობა შეეძლება.

ინგა გოგიბერიძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდში 565 140 ერთეულია დაცული. მათ შორის: 373 362 ცალი წიგნია, 155 834 ცალი ჟურნალი, 30 740 ცალი გაზეთი და 3 900 კომპლექტი, 74 ცალი აუდიო წიგნი, 953 ცალი აუდიო-ვიდეო მასალა, 167 ფოტო და 35 რუკა.

რამდენჯერ დაჰპირდა სამინისტრო მასწავლებლებს ხელფასის გაზრდას – ბოლო წლის ქრონოლოგია

სკოლის მასწავლებლების ხელფასის 2019 წლიდან გაზრდის  შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა პირველად 2018 წლის ივლისში, პარლამენტში განაცხადა. მაშინ ის მინისტრობის კანდიდატი იყო.

მიხეილ ბატიაშვილმა მაშინ თქვა, რომ დეტალებს ვერ დააზუსტებდა, თუმცა აღნიშნა, რომ „ამ მიმართულებით მუშაობა მიდის“, გადაიხედება სისტემა ფიქსირებული და საათობრივი ბალანსის დაცვით.

გასული წლის 14 სექტემბერს იგივე ტექსტი გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და 2019 წლისთვის პედაგოგებს ხელფასის გაზრდას ისიც დაჰპირდა. იყალთოს სამონასტრო კომპელექსში, განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაციაზე პრემიერმა თქვა, რომ 10 ათასი მასწავლებელი გაზრდილ ხელფასს მიიღებდა 2019 წელს. ეტაპობრივად კი, პედაგოგის ხელფასი 2022 წლამდე სამჯერ გაიზრდებოდა.

როგორ? – დეტალებზე არც პრემიერს უსაუბრია. 2018 წლის სექტემბერში უკვე მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისევ ახსენა ხელფასების გაზრდა და თქვა, რომ სკოლების ბიუჯეტი 0.9 მილიონი ლარით გაიზრდებოდა, რაც ხელფასების ზრდაზეც უნდა ასახულიყო.

ხელფასების ზრდაზე 8 ნოემბერს ისევ გაიმეორა ბატიაშვილმა. „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებლის საბაზო ხელფასი 2019 წელს? – მინისტრმა ამჯერად თქვა, რომ დეტალები საზოგადოებისთვის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ გახდებოდა ცნობილი.

11 ნოემბერს კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ  ბიუჯეტის პროექტით „2019 წელს პედაგოგების ხელფასების მატება, გარდა იმისა, ვინც უფრო მაღალ კატეგორიაში გადავა, დაგეგმილი არ არის“.

დეკემბერში „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს ოფიციალურად მისწერა წერილი, სადაც ითხოვდა, ბიუჯეტის პროექტიდან იმ მუხლის დასახელებას, რითაც მასწავლებლების ხელფასების ზრდა იყო 2019 წლისთვის განსაზღვრული. სამინისტრომ ინფორმაცია არ მოგვწოდა.

2019 წლის 18 იანვარს განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების პრეზენტაციაზე პედაგოგების ხელფასების გაზრდაზე ისევ ისაუბრა. მან ამჯერად  თქვა, რომ ხელფასებთან დაკავშირებით ინფორმაცია სექტემბერში გახდება ცნობილი.

რატომ არ გაიზარდა მასწავლებლების ხელფასი 2019 წლის იანვრიდან? რა იქნება სექტემბერში და ხელფასების გაზრდის საკითხი ხომ არ იქნება გამოყენებული წინასაარჩევნო პიარად 2020 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებზე?

ამ კითხვით საქართველოს განათლების სამინისტროს „ბათუმელებმა“ დღეს მიმართა. სამინისტროში არც ამ კითხვას უპასუხა.

ხელფასების გაზრდაზე საუბრობდა განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც,  გასული წლის აპრილში. ის, რომ 2018 წელს პედაგოგებს არ გაუზარდეს ხელფასები მაშინდელმა მინისტრმა იმით ახსნა, რომ „ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი იყო“.

რა შეეშალა პრემიერ ბახტაძეს – ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფა არ დასტურდება

„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. არადა, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ამ თანხის გამოყოფისთვის იმავე ბრიფინგზე მადლობაც გადაუხადა.

საქართველოს პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „აღნიშნული თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს“.

ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თითქოს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 3,4 მილიარდი ევროთი უნდა დაფინანსდეს, მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამაც“ გამოაქვეყნეს თავიანთ ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე. ამ პროექტების ჩამონათვალშია „ბათუმის გზაგამტარი – 115 მლნ ევრო“.

„ბათუმელები“ სწორედ იმის გარკვევას შეეცადა, თუ რომელ გზაგამტარზეა საუბარი, ვინაიდან ბათუმის შემოვლით გზას უკვე აშენებენ [მახინჯაურის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე] და მას ევროკავშირი არ აფინანსებს, ხოლო მდინარე ჭოროხიდან სარფამდე ახალი გზის მშენებლობის დეტალური პროექტი ჯერ არ არის, თუმცა ამ მონაკვეთსაც სულ სხვა დონორი ჰყავს.

ის, რომ ბათუმის შემოვლითი და ჭოროხი-სარფის გზებს ევროკავშირი არ აფინანსებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც დაგვიდასტურეს.

დეპარტამენტში ვერაფერი გვითხრეს თითქოსდა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 115 მილიონი ევროს შესახებ: „ჩვენთან რაც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, ეს არის პროექტები: „სამტრედია-გრიგოლეთი“, „გრიგოლეთი- ქობულეთი“ და რიკოთის მესამე მონაკვეთი.  ეს ზუსტად ვიცით. ბათუმის შემოვლითი გზა აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შენდება, ხოლო ჭოროხი-სარფის მონაკვეთში გზას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ჭოროხი-სარფის მონაკვეთის დეტალური პროექტირება ჯერ არ დაწყებულა“.

მაშინ, რაზე დაყრდნობით განაცხადა მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის მიერ 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფაზე? – 2019 წლის 15 იანვარს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელსაც ახლავს რუკები, მათ შორის საქართველოს რუკაც, რომელზეც დატანილია მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია და ამ პროექტების სავარაუდო ღირებულება.

პრიორიტეტული პროექტები საქართველოში / წყარო: ინდიკატური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) თანაინვესტირების სამოქმედო გეგმა

პროექტები ემთხვევა იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა და რომლებიც, მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირისგან გამოყოფილი 3,4 მილიარდი ევროთი უნდა დაფინანსდეს, რაც არ არის სწორი.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე მითითებულია პროექტები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს საქართველოში ან დაგეგმილია, თანაც ყველა პროექტზე მითითებულია სავარაუდო ღირებულება და ის, თუ ვინ აფინანსებს ამა თუ იმ პროექტს. ანუ, ეს მხოლოდ საინვესტიციო გეგმაა [სხვადასხვა ინვესტორის მითითებით] და არა ის დოკუმენტი, რომ ევროკავშირმა აღნიშნული პროექტები უშუალოდ და მთლიანად დააფინანსა.

რუკაზე გარკვევითაა მითითებული ბათუმის ასაქცევი-სარფის [თურქეთის საზღვარი] გზის მონაკვეთი და იქვე მითითებულია, რომ ეს პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, 115 მილიონი ევრო ღირს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

რატომ გაავრცელა მთავრობამ ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა საქართველოს 3,4 მილიარდი ევრო გამოუყო? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება პრემიერის პრესსამსახურში ვცადეთ, თუმცა ვერ დავუკავშირდით. კითხვით მივმართეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერც სამინისტროსგან მივიღეთ.

ამავე დროს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში თავის ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც არაფერია ნათქვამი საქართველოსთვის თანხის გამოყოფაზე.

„პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (EaP) წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო კავშირების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულის მიზნით ევროკომისიამ და მსოფლიო ბანკმა შეიმუშავეს ინდიკატური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) თანაინვესტირების სამოქმედო გეგმა, რომელიც განკუთვნილია სომხეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, ბელორუსისთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის…“ – აღნიშნულია ამ ინფორმაციაში, სადაც მოყვანილია ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განმარტებაც, რომ ეს „გეგმა დაეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სტრატეგიული ინვესტიციების პრიორიტეტების განსაზღვრაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართებაში, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის დასრულებას“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, სადაც გვითხრეს, რომ ევროკავშირის ელჩი ამჟამად ბრიუსელშია და აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი:

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია:

„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელიც ევროკომისიის მიერ გამოქვყნებული რუკის იდენტურია:

ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე, დღეს 21 იანვარს, გარდაცვლილი იპოვეს.

„პირველადი ინფორმაციით დასტურდება, რომ დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურის ტერიტორიაზე ზღვაში იპოვეს. ექსპერტიზა ტარდება და დანარჩენ დეტალებს არკვევენ,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში.

23 წლის დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს, 7 იანვარს გაუჩინარდა.

დავით რაზმაძის ოჯახი გორში ცხოვრობს, თუმცა, როგორც სააგენტოში გვითხრეს, იგი ბათუმში გაიზარდა.

დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, დაბომბვისას გადაღებული ცნობილი ფოტოს გმირი იყო. ფოტოზე ის გარდაცვლილ ძმას დასტიროდა. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს კარალეთში, დევნილთა დასახლებაში გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად.

2008 წლის აგვისტოს ომი. ფოტო: Reuters

 

ხანძარი ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდასახოში, თამაზ ნათიძის სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობა დაიწვა. როგორც სოფელში მერის წარმომადგენელმა ვაჟა თავართქილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ხანძარი სათავსოში გაჩნდა. 

„ბოსელი მთლიანად დაიწვა. ასევე, შინაური ცხოველების საკვები და სამეურნეო ინვენტარი, რომელიც ოჯახს ბოსლის ქვეშ ჰქონდა განთავსებული“.

სოფელ გუდასახოში სათავსო და შინაური ცხოველების საკვები დაიწვა.

ვაჟა თავართქილაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არ დაშავებულან შინაური ცხოველები, „არც სახლში მცხოვრებლებს ემუქრებათ საფრთხე. სახანძრო სამსახურმა დროულად მიიღო ზომები და საცხოვრებელ სახლზე ცეცხლი არ გადასულა,“ – ამბობს ვაჟა თავართქილაძე.

ხანძარი დღეს, დაახლოებით 13:30 საათზე გაჩნდა.

ხანძარი ხულოში

რატომ გაათავისუფლეს პირველი სკოლის დირექტორი – სასამართლო განხილვა

“ახლაც არიან პირველ სკოლასთან გარემოვაჭრეები… თქვენ არ შეგინიშნავთ?” – ჩაეძია განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, მადონა ტაბატაძეს იურისტი ანა ბერძენიშვილი.

“არ ვიცი. მე როგორც ვიცი, არ არის გარევაჭრობა,” – უპასუხა შეკითხვას სამინისტროს წარმომადგენელმა.

“მერე აღარ შესულხართ ინსპექტირებაზე ამ სკოლაში?” – დაინტერესდა მოსამართლე.

“არა. ჩვენ მხოლოდ საჩივრების შემთხვევაში შევდივართ,” – დასძინა მადონა ტაბატაძემ.

“ბათუმის პირველი სკოლის დირექტორის საქმეზე” დღეს, 21 იანვარს, მოწმეების ჩვენებები მოისმინა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. მოწმე მადონა ტაბატაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სამინისტრომ სასამართლოს წარმოუდგინა. მადონა ტაბატაძემ აუდიტისა და ინსპექტირების დასკვნა მოამზადა, რის საფუძველზეც პირველი სკოლის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას, აჭარის განათლების სამინისტრომ 2017 წლის ივნისში მიმართა. მიმართვის საფუძველი აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნები იყო, რის მიხედვითაც პირველ საჯარო სკოლაში გარკვეული ადმინისტრაციული დარღვევები გამოიკვეთა. სკოლის სამეურვეო საბჭო არ დაეთანხმა აუდიტის დასკვნას, მედეა გვენეტაძეს კვლავ გამოუცხადა ნდობა და თანამდებობაზე დატოვა. ამის მიუხედავად, აჭარის განათლების სამინისტრომ მაინც მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავას დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. მედეა გვენეტაძე პირველი საჯარო სკოლის არჩეული დირექტორი იყო. მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წელს ეწურებოდა.

გარევაჭრობასთან დაკავშირებით მადონა ტაბატაძემ ასევე განმარტა, რომ ინსპექტირების დროს სკოლის შესასვლელთან მოძრავი სავაჭრო დახლები შენიშნა, სადაც “საეჭვო პროდუქტი” იყიდებოდა და “არსებობდა მოწამვლის საფრთხე”.

“რა უნდა გაეკეთებინა სკოლის დირექტორს, გარევაჭრობა იქ რომ აღარ ყოფილიყო?”- იკითხა მედეა გვენეტაძის ინტერესების კიდევ ერთმა დამცველმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტმა, ნინო სიორიძემ. ეს ორგანიზაცია გათავისუფლებული სკოლის დირექტორის ინტერესებს იცავს სასამართლოში.

“არ იყო განხორციელებული ღონისძიებები მის ასალაგმად,” – თქვა მადონა ტაბატაძემ.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მოსამართლეს ასევე მოუყვა, როგორ აგვიანებდნენ სკოლაში მოსწავლეები და როგორ იპოვა სკოლის ერთ პატარა ოთახში რამდენიმე უფროსკლასელი მასწავლებელთან ერთად.

“თქვეს, რომ იქ იყო ლაბორატორია, მაგრამ იქ მხოლოდ მაგიდა და სკამები იყო… დირექტორმაც გვითხრა, ბევრჯერ ვუთხარი პედაგოგებს, ასე სკოლის პრესტიჟი დაეცემა, ნუ ამზადებთ მოსწავლეებს სკოლაში, მაგრამ მაინც ხდებაო… პედკოლექტივს შევხვდით და თქვეს პედაგოგებმა, არ ვიცოდით, თუ ეს არ შეიძლებოდა სკოლის შენობაშიო. განვუმარტეთ, რომ ამას შესაბამისი კანონიერი საფუძველი სჭირდება და შესაძლებელი იყო მომზადებულიყო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურების სერვისი,” – აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა, მადონა ტაბატაძემ.

“რატომ მიეცით რეკომენდაცია? თქვენ ხომ თქვით მოსწავლეების დაგვიანებასთან მიმართებით, რომ რეკომენდაციის უფლება არ გქონდათ? ვერ გვითხარით კონკრეტულად, რა უნდა ექნა დირექტორს. მან წარმოგიდგინათ საყვედურების ამსახველი დოკუმენტები, სხვა რა უნდა ექნა?” – ჰკითხა მოწმეს ანა ბერძენიშვილმა.

“თქვენ მოწმეს სუბიექტური მოსაზრების გაჟღერებას სთხოვთ. მოწმემ თქვა, რომ კანონი განუმარტა პედკოლექტივს და რეკომენდაცია არ მიუცია…” – ჩაერთო დიალოგში მოსამართლე.

“მოსამართლესთან პაექრობა თუ მომიწევდა, არ მეგონა,” – თქვა ანა ბერძენიშვილმა.

“ნუ შემოდიხართ მერე პაექრობაში,” – მოკლედ მიუგო იურისტის რეპლიკას მოსამართლემ.

მოწმე მადონა ტაბატაძემ ასევე ისაუბრა საბუღალტრო ხასიათის დარღვევებზე, მაგალითად, მედეა გვენეტაძის დირექტორობის დროს განათლების სამინისტროდან პირველკლასელებისთვის საჩუქრად გამოგზავნილი კომპიუტერები სკოლის ბალანსზე ფორმდებოდა.

“გასაგებია, რომ შესაძლოა ეს იყო ბუღალტრული საქმისწარმოების წესის დარღვევა, მაგრამ ამით ფინანსურად რა ზიანი მიადგა სკოლას?” – იკითხა მოსამართლემ.

“ეს კომპიუტერები შემდეგ აღმოჩნდა საინვენტარიზაციო მასალებში… ეს იყო საჩუქარი, საერთოდ არ უნდა გაფორმებულიყო ბალანსზე,” – განმარტა მადონა ტაბატაძემ.

აუდიტისა და ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, სკოლაში ასევე იყო გაფორმებული რამდენიმე პირი, როგორც დასაქმებული, თუმცა ისინი სკოლაში არ მუშაობდნენ. ამას სკოლის ყოფილი დირექტორი, მედეა გვენეტაძე კატეგორიულად უარყოფს.

“ეს ადამიანები – დამლაგებელი და დარაჯი მუშაობდნენ სკოლაში,” – ირწმუნება ის.

“ვიცით, რომ თქვენ დაგკითხეს პროკურატურაშიც… როგორ მიდის ეს პროცესი?” – ჰკითხა  ასევე მოწმის სახით დაბარებულ პირველი სკოლის ყოფილ ბუღალტერს, მაია ხელაძეს იურისტმა ნინო სიორიძემ.

“არა, დამკითხეს მხოლოდ,” – თქვა მოწმემ, რომელიც სკოლაში ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ეს არ გაუსაჩივრებია.

“ხელფასის გაცემის სამართლებრივი საფუძველი რა გქონდათ?” – ჰკითხა სკოლის ყოფილ ბუღალტერს სამინისტროს ინტერესების დამცველმა, მარეხი მაღრაძემ.

“ბრძანება არსებობდა ყველა შემთხვევაში” – თქვა მაია ხელაძემ.

“ახორციელებდით ბაზრის კვლევას შესყიდვების დროს?” – ისევ იკითხა სამინისტროს ინტერესების დამცველმა.

“თავიდან არა, მაგრამ შემდეგ, როცა მივიღეთ მითითება, ვახდენდით ბაზრის კვლევას…” – დასძინა მოწმემ.

მოწმეების დაკითხვა სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. შემდეგი ეტაპი მხარეთა პაექრობაა, რომლის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მედეა გვენეტაძე სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ახლა ნატო მგელაძეა. ის სასამართლო პროცესებს ესწრება, როგორც მესამე პირი. ნატო მგელაძეს მოწმეებისთვის კითხვები არ დაუსვამს.

 

ბერიკა შუკაკიძე: სკოლა გადაწყვეტს, თუ რა პროფესიული განვითარება სჭირდება პედაგოგს

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას სახელი შეეცვლება და ახლა უკვე „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ დაერქმევა. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „ახალი დღე“ განაცხადა.

შუკაკიძის თქმით, ცვლილებების შედეგად გაუქმდა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი. პედაგოგი მას სურვილის მიხედვით შეავსებს, მაგრამ აღარ იქნება სავალდებულო.

როგორც ბერიკა შუკაკიძე ამბობს,  მასწავლებლის პროფესიული განვითარების დღეს მოქმედი სქემა ძალაში იქნება 2019 წელსაც. შესაბამისად, პედაგოგს, რომელსაც სტატუსის ამაღლება ამ სქემით გათვალისწინებული კრედიტქულების დაგროვებით ჰქონდა გადაწყვეტილი, შეუძლია ეს მოდელი გამოიყენოს.

მოუწევს თუ არა პედაგოგს ერთხელ მიღებული სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნვა? – ბერიკა შუკაკიძე  ამბობს: „არ შეიძლება მასწავლებლის პროფესიული განვითარება შეჩერდეს, ეს იმდენად ცვალებადი სფეროა. პედაგოგი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და  ეცნობოდეს სიახლეებს.

ეს პროცესი რომ არ შეჩერდეს, ჩვენ ვიფიქრეთ ასეთი რამ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კრედიტქულები დაგროვილი იმისთვის, რომ სტატუსი შეიცვალონ, ჩვენ მათ საშუალებას მივცემთ, პროფესიული განვითარების გზით შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი“.

ბერიკა შუკაკიძის თქმით, იმ მასწავლებლებთან დაკავშირებით, რომლებმაც ვერ დააგროვეს კრედიტების საკმარისი რაოდენობა, სკოლა გადაწყვეტს, რა მიმართულების პროფესიული განვითარება სჭირდებათ მათ.

„თუ მასწავლებელს აქვს კლასის მართვაში პრობლემა და უნდა გახდეს უკეთესი, სკოლა ან ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს მისთვის ტრენინგსერვისს. თუ პედაგოგი გაივლის ამას დადებითად, ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეინარჩუნოს სტატუსი“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, სქემაში დაგეგმილი ყველა სიახლის შესახებ ცენტრი პრეზენტაციას პირველ თებერვალს გამართავს.

წელს ბათუმში 4 ათასამდე მარადმწვანე ხე-მცენარეს დარგავენ

ბათუმის მერიის  გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ქალაქის შემოსასვლელში, ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, 38 ძირი გიგანტური ტუია და 36 ძირი ირმის რქა დარგო. სამსახურის ცნობით, მსგავსი აქცია ქალაქში ყოველკვირეულად გაიმართება, ჯამში კი, 2019 წლის ბოლომდე ბათუმში 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.

ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების“ სამსახურის ცნობით, წელს აქცენტი მარადმწვანე ხე-მცენარეებზე გაკეთდება. მცენარეების შესაძენად ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება.

ფოტო: მწვანე ბათუმი

სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრიდან „პანფარმას“ ჰეპარინ ნატრიუმი გამოითხოვა

წამლის სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა რამდენიმე სერიის სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტი, მათ შორის ერთი – ჰეპარინ ნატრიუმი პანფარმა 25 000 ს.ე./5 მლ (5 000 ს.ე./მლ) 5მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი, რომლის ვარგისიანობის ვადა 2020 წლის პირველ იანვრამდე იყო.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან მედიკამენტი შესაძლოა კონტამინაციის, დაბინძურების გამო იქნა გამოთხოვილი.

„ჰეპარინ ნატრიუმი პანფარმა 25 000 ს.ე./5 მლ (5 000 ს.ე./მლ) 5მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი ფლაკონი №10“ სერია: 50207; ვარგისობის ვადა: 01.2020წ. მწარმოებელი „Rotexmedica GmbH Arzneimittelwerk“ გერმანია. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი „PANPHARMA S.A.“ საფრანგეთი –  ზემოაღნიშნული, 50207 სერიის მქონე ფარმაცევტული პროდუქტი ექვემდებარება საქართველოს ბაზრიდან გამოთხოვას“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტში

დღეს, 21 იანვარს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Donald Cook-ი შემოვიდა.

Donald Cook-ი (DDG 75) სარაკეტო გამანადგურებელია, რომლის ეკიპაჟში 306 მეზღვაურია. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი Donald Cook-ი ბათუმის ნავსადგურში 2007 წელს იმყოფებოდა.

ხომალდი Donald Cook-ი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. Donald Cook-ის კაპიტანი მეთიუ პაუელია.

ამერიკული ხომალდი ბათუმის ნავსადგურში რამდენიმე დღე დარჩება.

ფოტო: აჭარის მთავრობა
ფოტო: აჭარის მთავრობა

ქართველი მეზღვაური ლიბიაში გემიდან ღამით გაუჩინარდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 

ლიბიაში ქართველ მეზღვაურს ეძებენ. დავით რაზმაძე 7 იანვარს გაუჩინარდა, თუმცა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამის შესახებ 16 იანვარს შეატყობინეს.

დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობს სიტუაციის გარკვევას, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“, – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან.

დავით რაზმაძის ოჯახი გორში ცხოვრობს, თუმცა, როგორც სააგენტოში გვითხრეს, თავად ბათუმში გაიზარდა. დავით რაზმაძე 23 წლისაა. ის გემზე სამუშაოდ პირველად 3 თვის წინ წასულა.

 

გოდერძი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა – 3,8 მილიონი ლარი ხულოში გზის სარეაბილიტაციოდ

ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა“ დარჩენილი მონაკვეთის  რეაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი [მეორე ეტაპის] სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა გამოაცხადა.

დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 864 870 ლარია.

სამუშაოს შესრულების ვადაა 120 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2019 წლის 20 მაისისა. თუმცა, ხელსაყრელი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია სამუშაოები დაიწყოს 2019 წლის 20 მაისამდე პერიოდშიც.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 2 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვალს დასრულდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილას გზის [კმ0+000-კმ3+250 მონაკვეთზე] რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა, რისთვისაც 2 549 987 ლარი დაიხარჯა.

ამ თემაზე:

რა იგეგმება მწვანე ტბასთან და მთა ღომაზე

 

მთავარი ფოტო: მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში / ფოტო არქივიდან

ნეფერტარის “ბედუინი” – სათავგადასავლო წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

ბათუმში, მაღაზია “სანტა ესპერანსაში”  ქართველი ავტორის, ნეფერტარის (ნინო ჭიპაშვილი) პირველი წიგნის, “ბედუინის” პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია. თავიდან ის ჩაფიქრებული იყო როგორც ლიტერატურული თამაში, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში  ერთ-ერთ ქართულ ლიტერატურულ პორტალზე ქვეყნდებოდა.

სათავგადასავლო რომანი უდაბნოში დაკარგული ახალგაზრდა ქართველი ქალის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც თავს ათასი ფათერაკი გადახდება. საჰარაში, საფარიტურზე წასული ქალი, აღმოაჩენს რომ ტური ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. გაიქცევა და  უდაბნოში დაიკარგება.  მოგვიანებით კი ბედუინს შეხვდება, რომელიც მას უდაბნოსგან თავის დაღწევაში ეხმარება.

წიგნის ავტორის თქმით,  ნაწარმოების ინსპირაცია ეგვიპტეში მოგზაურობა გახდა, რომლის დროსაც მწერალს ერთი ღამის გატარება უდაბნოში, მარტოს მოუწია.

“ბედუინი” სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.

„ანტიქიმიური კარავი“ ევროპის მოედანზე ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე, პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს, 20 იანვარს, კარავი გაშალეს.

„ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო ამ პროტესტის. ჩვენ დღის ბოლომდე მოვიფიქრებთ, რას გავაკეთებთ, რა ფორმა მიეცემა პროტესტს,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალეკო თევზაძემ.

კარავში, აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალი ტერმინალის მშენებლობის საწინააღმდეგო ხელმოწერები შეგროვდება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ხელმოწერებს აჭარის მთავრობას გადაუგზავნიან: „შესაძლოა პეტიციის სახე მივცეთ, ამასთან, თუ საჭირო გახდა შიმშილობასაც დავიწყებთ“.

„კარავი იქნება აქ მანამ, ვიდრე არ მივიღებთ პირობას, რომ ახალი ტერმინალი არ აშენდება,“ – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

„ეს იყო კლოუნადა“ – ამ სიტყვებით დაიწყო საპროტესტო აქცია ბათუმში ახალი ტერმინალის წინააღმდეგ დღეს, 20 იანვარს. აქციის ორგანიზატორებმა ასე უმაღლესი საბჭოს წევრის, ლადო მგალობლიშვილის ქმედება შეაფასეს, რომელმაც გუშინ, „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში კარბამიდი შეჭამა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ.

——–

ვრცლად, ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.

აქციის მონაწილეები ბათუმში, ევროპის მოედანზე / 20.01.2019
აქციის მონაწილეებმა ბათუმში, ევროპის მოედანზე „ანტიქიმიური კარავი“ გაშალეს / 20.01.2019

 

აქციის მონაწილეებმა ბათუმში, ევროპის მოედანზე „ანტიქიმიური კარავი“ გაშალეს / 20.01.2019

 

რატომ ვერ გაგრძელდა მახინჯაურის გვირაბთან მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობა

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობაზე 2018 წლის ოქტომბერში გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მისცა და ხელახალი ტენდერი 2019 წლის 18 იანვარს გამოაცხადა.

ახალ ტენდერში მოსაბრუნებელი კვანძის ასაშენებლად გათვალისწინებული სავარაუდო თანხის ოდენობა – 4 485 415 ლარი – არ შეცვლილა. თუმცა, როგორც კომისიის ოქმშია აღნიშნული, შეიცვალა გარკვეული მოთხოვნები პრეტენდენტთა გამოცდილებასთან და მათ ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ასევე დაზუსტდა სხვა მოთხოვნები.

ამჯერად წინადადებების მიღება 2019 წლის 21 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება. მშენებლობის ვადები არ შეცვლილა – მოსაბრუნებელი კვანძი ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში უნდა აშენდეს.

მოსაბრუნებელი გზა მახინჯაურის მხრიდან გვირაბის თავზე გადაივლის, თუმცა 2018 წელს ტენდერი ისე გამოაცხადეს, რომ სახელმწიფოს კერძო მესაკუთრეებისგან ის ნაკვეთები არ ჰქონდა გამოსყიდული, სადაც ამ გზამ უნდა გაიაროს.

აღნიშნული გზა გადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 7910 კვ/მ და კერძო საკუთრებაში არსებულ 2620 კვ/მ  მიწის ნაკვეთებზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ კერძო ნაკვეთებს  8-10 მესაკუთრე ჰყავს.

მოსაბრუნებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და იმავე წელს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები დაიწყეს, თუმცა დროულად ვერც გეოლოგიური დასკვნა დაიდო, ვერც პროექტი და არც ის თანხა აღმოჩნდა საკმარისი, რაც კვანძის ასაშენებლად გათვალეს.

გზის გარკვეული ნაწილის მშენებლობაზე და შესაბამის კვლევა-პროექტირებაზე დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარი უკვე დახარჯა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „გზამ“ შეასრულა [„გზა“ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერშიც მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ მასაც დისკვალიფიკაცია მისცა].

ვრცლად ამ თემაზე:

ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს [ფოტოამბავი]

ავტოტრანსპორტის მოსატრიალებელი კვანძი გვირაბთან მახინჯაურის მხარეს გაკეთდება. „მახინჯაურიდან გასული ავტომანქანა, საჭიროების შემთხვევაში, გვირაბის მისასვლელიდან უკან დაბრუნებას ამ კვანძის საშუალებით შეძლებს. ეს კვანძი უფრო ქალაქში მოძრაობისთვისაა გათვლილი“ – ამბობენ დეპარტამენტში.

 

მთავარი ფოტო: ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი. ადგილი, სადაც მოსაბრუნებელი კვანძი უნდა აშენდეს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აქციის მონაწილეებმა პორტთან ქუჩა გადაკეტეს, კარავი ევროპის მოედანზე გაიშლება

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლისკენ მიდიან.

აქციაზე იმყოფებიან პოლიციელებიც. მათ აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ, როცა მსვლელობის გამო ქუჩის ერთ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა შეწყდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც გაიმართება, რომლის შემდეგაც „ანტიქიმიური კარავი“ გაიშლება ევროპის მოედანზე. კარავში ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებს შეაგროვებენ.

აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს, ისინი აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლებენ / 20.01.2019
აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს, ისინი აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლებენ / 20.01.2019

 

აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს, ისინი აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლებენ / 20.01.2019

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება, მიმდინარე წლის 14 იანვარს გააკეთა. თორინკე რიჟვაძის განმარტებას გაეცანით აქ:

მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ხელშეკრულება 1 კაცის პროტესტის ფონზე გაფორმდა

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან [ფოტო]

„ეს იყო კლოუნადა“ – ამ სიტყვებით დაიწყო საპროტესტო აქცია ახალი ტერმინალის წინააღმდეგ დღეს, 20 იანვარს. აქციის ორგანიზატორებმა ასე უმაღლესი საბჭოს წევრის, ლადო მგალობლიშვილის ქმედება შეაფასეს, რომელმაც გუშინ, „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში კარბამიდი შეჭამა. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, დეპუტატი უპასუხისმგებლოა.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და თქვეს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება, თუკი ტერმინალის მოწყობას მაინც დაიწყებენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალი ტერმინალით გადაზიდავენ არა მხოლოდ კარბამიდს, რომელიც უსაფრთხოა, არამედ სხვა ქიმიურ ნივთიერებებსაც, რომლებიც ფეთქებადსაშიშია.

„ბათუმი გაქრება ტურისტული ობიექტების რუკიდან… ეს კი არა, შესაძლოა საერთოდ დაბად იქცეს. ასეთი რამ მომხდარა კიდეც,“ – მიმართა აქციის მონაწილეებს ალეკო თევზაძემ.

კიდევ ერთი აქცენტი, რაც დღევანდელი აქციის ორგანიზატორების მიერ გაჟღერდა, პროტესტის პოლიტიკისგან დამოუკიდებლობაა.

„ჩვენ არავის დაკვეთას არ ვასრულებთ,“ – ირწმუნებიან აქციის ორგანიზატორები.

იმავეს ამბობენ აქციაზე მყოფი მოქალაქეებიც. მათ გვითხრეს, რომ არ სჯერათ ვერსიის, რომლის მიხედვითაც ტერმინალით ქიმიური ნივთიერების გადატანა საფრთხეს არ შეიცავს.

საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019
ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან / 20.01.2019

 


ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.

ვრცლად ამ თემაზე:

ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები

 

ბათუმში სამი მარკეტის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

ყაჩაღობის ფაქტზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 22 წლის ე.კ. დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში სამი სუპერმარკეტი დააყაჩაღა.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ე.კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. ამოღებულია დანა ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ჭაობის დასახლებაში 19 ქუჩის შესაკეთებლად 8 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი

ჰ. აბაშიძის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, აჭარისწყლის შესახვევი, ბაგრატიონის ჩიხი, გონიოს, თ. გორგილაძის, ლადო ასათიანის ჩიხი, ლუკა ასათიანის შესახვევი, მ. ვარშანიძის შესახვევი, პ. მელიქიშვილის ჩიხი, ლ. გელაძის, პ. მელიქიშვილის მე-2 შესახვევი, ნ. გვარიშვილის, ს. ხიმშიაშვილის ქუჩის N109-113, ურეხის ქუჩა, ურეხის ჩიხი, დ. თავდადებულის შესახვევი, მ. ვარშანიძის 1-ლი შესახვევი – ეს ბათუმის იმ ქუჩების ჩამონათვალია, რომელთა რეაბილიტაციის დაწყებას და კეთილმოწყობას ქალაქის მერია 2019 წელში გეგმავს.

შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიის ა[ა]იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 385 492 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს შეწყდება. ტენდერი აუქციონის გარეშე ტარდება.

პირობის თანახმად, სამუშაოების სრული შესრულება უნდა განხორციელდეს 450 კალენდარული დღის განმავლობაში, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან.

თუ რა მოცულობის სამუშაოები უნდა ჩატარდეს აღნიშნულ ქუჩებსა თუ ცალკეულ მონაკვეთებში, მოცემულია ტენდერის ტექნიკურ პირობებში.

სატენდერო პირობებში ასევე აღნიშნულია:

  • „თითოეულ ობიექტზე სამუშაოები უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველის მხრიდან მიიღებს წერილობით შეტყობინებას სამუშაოების დაწყების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი და სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადა კონკრეტულ ქუჩაზე ან მონაკვეთზე;
  • ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს უნდა შეეძლოს სამუშაოების დაწყება ერთდროულად მინიმუმ ორ და მაქსიმუმ სამ ობიექტზე შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან;
  • შემსრულებელს საკუთარი სურვილის შესაბამისად შეუძლია სამუშაოების წარმოება ერთდროულად სამზე მეტ ობიექტზე, ანუ სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაქვემდებარებულ ობიექტებზე სამუშაოების დაწყების მაქსიმუმის ციფრი შემსრულებელი ორგანიზაციის მხრიდან შეზღუდული არ არის“.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან; საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში კი მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

– – – – – –

„ჭაობის დასახლებაში“ კიდევ ერთი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში 6 471 900 ლარია გათვალისწინებული.

ამ თემაზე: 6,4 მილიონი ლარი ბათუმში გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მოსაწესრიგებლად – ტენდერი

ამავე დასახლებაში სხვა, 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ 2018 წლის ივლისშიც გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი, მელიქიშვილის I შესახვევი, ოსტროვის I შესახვევი, სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი, ჩოლოყაშვილის II შესახვევი. სამუშაოები იმ მიზეზის გამო ვერ დაიწყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეს ტენდერი შეაჩერა.

ამ თემაზე: ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა

 

მთავარი ფოტო: ჰ. აბაშიძის ქუჩა ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ირანის სამი მოქალაქე დააკავეს.

1996 წელს დაბადებულ ს.ჰ.-ს, 2000 წელს დაბადებულ მ.გ.-ს და 1981 წელს დაბადებულ მ.ს.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: მორფინის და კოდეინის მარილის შემცველი ნივთიერება, 60 აბი „სუბოქსინი“, ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი, 1,38 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ (მარილი) ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ – აცხადებს შსს.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარაში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21, 22 და 23 იანვარს ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

უნალექო ამინდი შენარჩუნდება ბათუმსა და რეგიონის მაღალმთიანეთში დღეს, 20 იანვარს.

20 იანვრის 21 საათიდან 21 იანვრის 21 საათამდე კი აჭარის ზღვისპირა ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 0-5, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში კი, ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.

რაც შეეხება ზღვის პროგნოზს – იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10დმ. [2-3 ბალი], ზღვის წყლის ტემპერატურა 8.2 გრადუსი.

სად შეიძლება წითელას აცრის ჩატარება აჭარაში, მათ შორის უქმე დღეებშიც – აცრა უფასოა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისთვის წითელას მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა  დაავადების პრევენციის მიზნით სამედიცინო დაწესებულებები უქმე დღეებშიც მუშაობენ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა და ვირუსისგან ერთადერთი თავდაცვა არის ვაქცინაცია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმებს, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკი ბავშვებში ტარდება აცრის სტატუსის გათვალისწინებით, ხოლო 15 წლის ზემოთ სტატუსის მიუხედავად, ვაქცინაცია ნებისმიერი ასაკის პირისათვის უფასოა.

წითელას საწინააღმდეგო აცრას ექვემდებარებიან რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები – სამედიცინო პერსონალი, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი და იმუნიტეტის არმქონე  პირები.

აჭარაში აცრის ჩატარება, მათ შორის შაბათ-კვირის ჩათვლით, შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: 

ბათუმში:

[checklist]

  • შპს “ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა”, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
  • შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”, მის: ბარათაშვილის ქ. N30
  • სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსი – ბათუმის პოლიკლინიკა”, მის: ს. ხიმშიაშვილის ქუჩა N 20.

[/checklist]

ხელვაჩაურში:

[checklist]

  • შპს “ხელვაჩაურის სამედიცინო ცეტრი”, მის: ფრ. ხალვაშის გამზირი, მე–7 შესახვევი, N3

[/checklist]

ქობულეთში:

[checklist]

  • შპს “კორპორაცია ევექსი-ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო”, მის: ქ. ქობულეთი, მ.აბაშიძის ქ. N18

[/checklist]

ქედაში:

[checklist]

  • შპს “კორპორაცია ევექსი – ქედის სამედიცინო ცენტრი”, მის: დაბა ქედა, რუსთაველის ქ. N14

[/checklist]

შუახევში:

[checklist]

  • შპს “კორპორაცია ევექსი – შუახევის სამედიცინო ცენტრი”, მის: დაბა შუახევი, რუსთაველის ქ. N32

[/checklist]

ხულოში

[checklist]

  • შპს “კორპორაცია ევექსი – ხულოს სამედიცინო ცენტრი”, მის: დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. N3

[/checklist]

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით (გადამდებლობით). კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური [არავეზიკულური] გამონაყრით და სიმპტომებით ზედა სასუნთქი გზების მხრივ (ხველება, რინიტი ან კონიუნქტივიტი) და სერიოზულ გართულებებს იწვევს. ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი“.

ამ თემაზე:

მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ წითელას საწინააღმდეგო აცრა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 

დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა პირდაპირ ეთერში სასუქი კარბამიდი შეჭამა

აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა, როგორც თავად ირწმუნება, ქიმიური ნივთიერება კარბამიდი შეჭამა. ლადო მგალობლიშვილმა ეს იმის საილუსტრაციოდ გააკეთა, რომ ამ ნივთიერების გადატანა იგეგმება ბათუმის ახალი ტერმინალიდან და ის უსაფრთხოა. გარკვეული ჯგუფი ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას აფასებს, როგორც „ბათუმზე ქიმიურ შეტევას“ და, შესაბამისად, ახალ მშენებლობას აპროტესტებს. ლადო მგალობლიშვილს პირდაპირ ეთერში ოპონირებას უწევდა ალექსანდრე თევზაძე, რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ლადო მგალობლიშვილის აზრით, ეს საპროტესტო აქციები დაფინანსებულია და რუსული პროპაგანდის ნაწილია: „მე სასუქი ახლა მაქვს თან წამოღებული, რასაც უწოდებენ მკვლელს. ეს შეუძლია სტუმარმა [ალექსანდრე თევზაძემ] წაიღოს და არის თუ არა ეგრეთ წოდებული კარბამიდი შეამოწმოს ლაბორატორიაში… ვითომ აი ეს სასუქი ხალხს კლავს, ამის გადაზიდვა ხალხს კლავს. აი, თქვენს თვალწინ… არის თუ არა ეგრეთ წოდებული კარბამიდი, აი ახლა ვიღებ და გადავყლაპე“.

ნივთიერების გადაყლაპვის შემდეგ, ლადო მგალობლიშვილმა ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უწოდა მატყუარები და ისინი გააკრიტიკა: „ეს არის ირიბად რუსული პროპაგანდა, დაფინანსებული კამპანია.. აი, ეს არის ზუსტად ის ნივთიერება, რისი ტერმინალიც ბათუმში უნდა აშენდეს და რაც უნდა გადაიზიდოს და რაც მე პირდაპირ ეთერში შევჭამე. აი, ამის გადაზიდვაზეა მხოლოდ საუბარი და არანაირ სხვა რამეზე. დანარჩენი არის საკითხის ულტრირება, არის ტყუილი. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც არის დაფინანსებული. ორგანიზატორს მე, პირადად, ვთხოვ დაასახელოს ის ფინანსები, რითაც ესენი ამ კამპანიას ახორციელებენ ბათუმში, ბანერებს აკრავენ, სივრცეებს ქირაობენ და საიდან მოდის ეს ფული დაასახელონ. ეს არის საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი. ქვეყანა ამით მიიღებს 25 მილიონ შემოსავალს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება ეკონომიკის განვითარებას… იძულებული გავხდი და ეს გავაკეთე, რადგან არ შეიძლება ამით ხალხის დაშინება, არ შეიძლება შვილების მომავალზე ხალხის დაშანტაჟება“.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით ახალი ტერმინალიდან კარბამიდის გარდა სხვა ნივთიერებების გადაზიდვაც იგეგმება. სპეციალისტების განმარტებით, ეს ნივთიერებები სოფლის მეურნეობაში ახლაც გამოიყენება.

როგორც დაანონსებულია, ახალი ტერმინალის მშენებლობას ბათუმში აქციით ხვალ გააპროტესტებენ.

ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.

რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები

 

ზოგჯერ გამვლელი გვლანძღავს, დავყრი და უნდა დაგავო, აბა რისთვის ხართო – მეეზოვის შრომა

დილით ექვსზე უკვე სამსახურში უნდა იყვნენ, უნიფორმა ეცვათ და ქარბუქში, თავსხმასა თუ სიცხეში ქალაქს უნდა ასუფთავებდნენ. მეეზოვეებისთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს. ქუჩები ნებისმიერ დროს უნდა კრიალებდეს. დილით, როცა შენ 9 საათზე გამოდიხარ სახლიდან და დაგვილი ქუჩის გავლით სამსახურისკენ მიიჩქარი, მათ საქმე დამთავრებული აქვთ.

როგორც მეეზოვეები ამბობენ, ხიდან ჩამოცვენილი გამხმარი ტოტებისა და წიწვების დაგვა ყოველდღიურად ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ძალიან ხშირად ხვდებათ ტროტუარებსა და გაზონებზე დაყრილი სიგარეტის ნამწვები, თუნუქის, მინის ბოთლები და ცელოფნის პარკები, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრა 80-დან 1000 ლარამდე ჯარიმდება.

67 წლის მეეზოვე, დანიელ კახიძე ფიქრობს, რომ ეს კანონი ბათუმში კარგად ვერ მოქმედებს, რადგან რეალობა ხშირად აჩვენებს, რომ გამვლელები ჯარიმის არსებობის მიუხედავად ნარჩენების, განსაკუთრებით კი სიგარეტის ნამწვების ქუჩაში დაყრას არ ერიდებიან.

„ხანდახან მითხოვია ქუჩაში გამვლელისთვის, ახალდაგვილია, არ დააგდო -მეთქი, მაგრამ აბა თქვენ რისთვის ხართო, გავულანძღივარ. არ ვუსმენ, არც ვბრაზდები, ჩემს საქმეს ვაკეთებ.

სადაც ტაქსები დგანან იქ მეტი ნაგავი გროვდება, სიგარეტის ნამწვებს, ბოთლებს ხშირად ადგილზევე ტოვებენ. ნარჩენებს ხანდახან პირდაპირ მანქანიდანაც ისვრიან, არადა ეს დაყრილი თეთრი „ბიჩოკები“ ხომ იცით რა საშინლადაც ჩანს.

იმედია, გამოსწორდება ხალხი. ბევრ ტურისტს უთქვამს ჩემთვის, რომ ბათუმი მაინც სუფთა ქალაქია ჩვენი წყალობით, ეს მახარებს.

დილით 6-დან 9 საათამდე ვმუშაობთ, მერე ვისვენებთ და 2-დან 6-მდე ისევ გამოვდივართ. დასასუფთავებელ უბანს თვეში ერთხელ გვიცვლიან. ყოვედღიურად გორგილაძის ქუჩას ვგვი.

მეეზოვეები, რომ არ ვიყოთ სამ დღეში ქალაქში ვეღარ გაივლით, ისეთი ამბავი იქნება”, – ამბობს 67 წლის დანიელ კახიძე.

ნათელა გუჯაბიძე 55 წლისაა, მთელი მისი ოჯახი დასუფთავების სამსახურში მუშაობს. თვითონ და მისი ქმარი მეეზოვეები არიან, შვილი კი ნაგვის მანქანაზე მუშაობს. ამბობს, რომ ყველაზე რთული ქარიშხალში მუშაობაა, როცა დაგვილი ნაგავი ეფანტება და თავიდან აგროვებს. ამ დროს დამატებით  უწევს მუშაობა საქმის დასასრულებლად.

ნათელა გუჯაბიძე, მეეზოვე

„კარგ ამინდში მუშაობას რა უნდა, ადვილია. ზოგი უფრთხილდება ჩვენს შრომას, ზოგი არა. უცხოელები უფრო ერიდებიან ნარჩენების ქუჩაში დაყრას ჩვენებთან შედარებით.

ტურისტებს ურნით რომ დავუნახივარ, დიდ მანძილზე დამდევნებიან, რომ ნარჩენი ამ ურნაში ჩაეყარათ.

მეეზოვეებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. ადრე დამლაგებლებს, დამსუფთავებლებს სხვანაირად  გვიყურებდნენ. ახლა ხშირად მადლობას გვიხდიან ქალაქზე ზრუნვისთვის. ვის არ ესიამოვნება. მსიამოვნებს.

ორ ცვლაში ვმუშაობ და 560 ლარია ჩემი ხელფასი. ისე, გვეუბნებიან, მოიმატებს ხელფასიო. ცხოვრებისთვის ბევრია საჭირო, თან ყველაფერი გაძვირდა. რას ვიზამთ, რაც არის ეს არის”, – გვეუბნება ნათელა გუჯაბიძე.

ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე, ვისაც ბათუმის ქუჩაში შევხვდით, 38 წლის მერაბ შევარდნაძეა. მერაბი ხუთი წლის წინ ჩამოვიდა ქობულეთიდან ბათუმში საცხოვრებლად და მას შემდეგ ქალაქის ქუჩებს ასუფთავებს.

„დილით ბულვარს ვალაგებ, საღამოს გორგილაძის ქუჩის ნაწილს. 560 ლარი მაქვს ხელფასი, დამატებით პრემიებსაც ვიღებთ წელიწადში ოთხჯერ. პრემია ხელფასის ოდენობისაა.

ცუდია, როცა ქუჩაში ნაგავს ყრიან, მაგრამ ყოველთვის მოქალაქეებს ვერ დაადანაშაულებ, ზოგან ყუთები არაა და ადამიანს ძალიანაც რომ უნდოდეს ვერ იპოვის, სად ჩააგდოს ნარჩენი. ბულვარში ნინოშვილის მიმდებარე ტერიტორიასაც ვასუფთავებ. ბულვარის იქეთ, ადმინსტრაციასთან ახლომახოლო მხოლოდ ერთი ნაგვის ურნა დგას, შესაბამისად, ქუჩაში ყოველთვის მეტი ნარჩენი მხვდება დაყრილი“.

ბათუმის ქუჩებს ყოველდღიურად სამასამდე მეეზოვე გვის. მათი უმრავლესობა შუახნის ან ასაკოვანია.

მთავარი ფოტო: ნათელა გუჯაბიძე

ბათუმის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ბათუმის აეროპორტი“ და  „თბილისის აეროპორტი“ – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერაყისა და ბანგლადეშის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ აეროპორტებში, მიმდინარე წლის 15-17 იანვარს, სულ 37 აბი და 100 კაფსულა ამოიღეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში NGO-ებიდან ორი ახალი წევრი შევა

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციების ორი წარმომადგენლის შესარჩევად განაცხადების მიღება დაიწყო. განცხადებების წარდგენის შემდეგ, თვის ბოლოს, მესამე სექტორი საჯარო სხდომაზე შეარჩევს დავების საბჭოს წევრებს. განცხადებების მიღება 25 იანვრამდეა შესაძლებელი.

შესყიდვების სააგენტო ორგანიზებას უწევს ნებისმიერი საჯარო დაწესებულების საბიუჯეტო შესყიდვას. დავების განხილვის საბჭო კი საჩივრებს განიხილავს, რომლის ავტორი შესაძლებელია იყოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე, მიმწოდებელი კომპანია.

საბჭოს წევრს სამართლის ან ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს და არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე შემსყიდველ ან მიმწოდებელ ორგანიზაციას. ის არ უნდა წარმოადგენდეს ამ ორგანიზაციებს და არც მათი საკონსულტაციო მომსახურებით უნდა იყოს დაკავებული.

„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ საბჭოს წევრების ვაკანტური ადგილების დაკავება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების წესით. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატების განაცხადთა მიღების შემდგომ ჩატარდება არჩევნები. არჩევნები იმართება საჯაროდ. საბჭოს წევრთა არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც ამ მიზნით წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია. ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ერთ წარმომადგენელს. ხმის მისაცემად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი/მოწმობა. არჩევნების დანიშვნის დრო და ადგილი არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს დამატებით ეცნობებათ,“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე.

დავების საბჭოს წევრის საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

„ამ პოზიციის ანაზღაურების გარეშე არსებობა ამცირებს ხარისხობრივ მაჩვენებელს, რადგან საქმე მოცულობითი და დატვირთულია. შესაბამისად, დატვირთული საქმიანობიდან გამომდინარე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ უხელფასოდ მუშაობა არის იმ რეზულტატის მიღების შესაძლებლობის მომტანი, რის გამოც გაითვალისწინა კანონმდებელმა თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტა დავების საბჭოში,“ – მიიჩნევს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი.

გიორგი ხიმშიაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ დავების საბჭოს ფორმირების პროცესში პარლამენტი უნდა იყოს ჩართული:

„მაღალია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკურ ინტერესებთან აფილირებული არასამთავრობოს წარმომადგენელი შეიძლება მოხვდეს საბჭოში. ეს რისკები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

ვფიქრობ, საპარლამენტო რგოლის შემოტანა უმჯობესია, რაც გაზრდის საბჭოს ლეგიტიმაციის ხარისხს. ზოგადად, დავების საბჭოს სრული შემადგენლობას უნდა აკომპლექტებდეს პარლამენტი, რადგან სწორედ დავების საბჭოა ის უწყება, რომელიც კონტროლს უწევს ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვას“.

კომპანიის დირექტორი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე: „არ ვიცი, ვისი დაკვეთაა ეს“

„მამუკა ხაზარაძესთან ერთ კომპანიაში ვართ პარტნიორები, მაგრამ მე ძალიან აპოლიტიკური ვარ და ახლა ამაზე საუბარი არ მინდა…“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ზარიძემ, კომპანია Wondernet Express-ის დირექტორმა. ეს კომპანია ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას გეგმავს, რასაც საზოგადოების ერთი ჯგუფი აპროტესტებს. გუშინ, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიას გიორგი ზარიძეც ესწრებოდა.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, გიორგი ზარიძე ასევე სააქციო საზოგადოება „ვანდერნეთ ლოჯისთიქის“ დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამ საბჭოს თავმჯდომარეა დიმიტრი აბდუშელიშვილი, მისი მოადგილე – ალიშერ იკრამოვი. სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი  მამუკა ხაზარაძეა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი. უშუალოდ „ვანდერნეთ ლოჯისთიქის“ დამფუძნებლები კი არიან კომპანიები: „ვანდერნეთ ექსპრესი“, „თიბისიეიჩ ანაკლია“, ასევე, აშშ-ში რეგისტრირებული „კონტი ინტერნეიშენალი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმშიც“ შედის.

ხომ არ უკავშირდება ახალი ტერმინალის წინააღმდეგ არსებული პროტესტი „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას? – ვკითხეთ გიორგი ზარიძეს.

„არ ვიცი, ვისი დაკვეთაა ეს. ისეთი სტატიები გამოვიდა, რომ ლამის ნატო-ს ტერმინალი შენდება და მალე წყალქვეშა ნავების მოწყობასაც დაგვაბრალებენ… მარტო ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ, დავხარჯეთ 100 მილიონი იმიტომ, რომ ვიჯდეთ ბომბზე?“ – გვითხრა გიორგი ზარიძემ. მას მამუკა ხაზარაძის შესახებ კითხვა გავუმეორეთ, თუმცა კითხვას ისევ არ უპასუხა. საუბრის შეწყვეტის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და ინტერვიუს დღეისთვის დაგვპირდა.

დღეს, 19 იანვარს, გიორგი ზარიძემ ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა. „ვფიქრობ, ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი,“ – მოგვწერა მან. გიორგი ზარიძემ, ასევე, შემოგვთავაზა ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხოს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისის ბანკის” საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებულ კამპანიას კი გაეცანით აქ.


ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.

ვრცლად ამ თემაზე:

ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

Exit mobile version