მთავარი,სიახლეები

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ – 326 მოქალაქის სარჩელის განხილვა დაიწყო

20.06.2017 • 2422
უკანონო მოსმენების წინააღმდეგ – 326 მოქალაქის სარჩელის განხილვა დაიწყო

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ 326 მოქალაქის სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. ამ სხდომაზე პლენუმის 9 მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყება, თუ პირდაპირ გააუქმებს სასამართლო იმ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ფარულ სატელეფონო მოსმენებს არეგულირებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეასრულა პარლამენტმა სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფარულ მიყურადებას არ უნდა ახორციელებდეს ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს და აქვს „პროფესიული ინტერესი“. მოსარჩელეები, ვინც კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში სარჩელს მოაწერეს ხელი, თვლიან, რომ პარლამენტმა ახალი უწყების – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნით პრობლემა უცვლელად დატოვა, რადგან სააგენტოს კონტროლის უფლებამოსილება მხოლოდ სუს-ს აქვს.

„326 კი არა, გაცილებით მეტი მოსარჩელე ეყოლებოდა ამ საქმეს, მარტივი რომ იყოს სარჩელის შედგენა. ახალი კანონი ზრდის მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელყოფის რისკს,“ – მიმართა მოსამართლეებს თამარ კორძაიამ. ის ერთ-ერთი მოსარჩელეა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ. თამარ კორძაიამ ხაზი გაუსვა კონტროლის შემოთავაზებულ მექანიზმს, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და პარლამენტარებისგან დაკომპლექტებულ „ნდობის ჯგუფს“ უკავშირდება.

„ინსპექტორს მხოლოდ ინსპექტირების უფლებამოსილება დაუტოვეს, რაც ბუნებრივია არაა საკმარისი. რაც შეეხება „ნდობის ჯგუფს“ – მხოლოდ ერთ წარმომადგენელს ექნება ამ სააგენტოზე კონტროლის განხორციელების უფლება, მაგრამ მაჩვენეთ პარლამენტის წევრი, რომელსაც შეუძლია ტექნიკურად შეამოწმოს, დააკვირდეს პროცესს და დააფიქსიროს დარღვევა. სპეციალისტის გარეშე ამის გაკონტროლება არის პრაქტიკულად გამორიცხული. ასეთი კონტროლი მხოლოდ ფასადურია. ალბათ, პარლამენტის წევრი მივა სააგენტოში, დაათვალიერებს და წამოვა. ეს ვერაფერს შეცვლის. მე, როგორც ერთ მოქალაქეს მინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

„ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო“ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ფარულ მოსმენაზე, ასეა, მაგრამ სუს-ის უფროსს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, მოსთხოვოს ამ სააგენტოს ხელმძღვანელს ნებისმიერი მასალის წარმოდგენა,“ – თქვა გიორგი გოცირიძემ, მოსარჩელეების ინტერესების დამცველმა. მიიჩნევს, რომ გასული წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მაღალი სტანდარტი დაადგინა და მისი შეცვლა დაუშვებელია. „ჩათვალეთ, რომ ეს არის ამ სასამართლოს პრესტიჟის საქმეც“, – დასძინა გიორგი გოცირიძემ.

მოსარჩელეებს შორისაა სახალხო დამცველიც. მისი ინტერესების დამცველი, მიხეილ შარაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელს „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ“ პლენუმი განიხილავს და არა რომელიმე კოლეგია.

„ეს ორ შემთხვევაში ხდება: როცა პრაქტიკის დაზუსტება ხდება, ან საქმე არის განსაკუთრებული სამართლებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე. ვიმედოვნებთ, რომ მეორესთან გვაქვს საქმე და სასამართლო ისევ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – ამბობს მიხეილ შარაშიძე.

განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. პლენუმი ამჯერად ექსპერტების პოზიციებს მოისმენს.

IMG_20170620_110759

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: