მთავარი,სიახლეები

მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ წითელას საწინააღმდეგო აცრა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 

17.01.2019
მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ წითელას საწინააღმდეგო აცრა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართონ ოჯახის ექიმებს – ამის შესახებ დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში  წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაცია  ფიქსირდება:

„ქვეყნის მასშტაბით ზედამხედველობა დამყარებული იყო წითელას 2 278 საეჭვო შემთხვევაზე, მათ შორის აჭარის რეგიონში 322 შემთხვევაზე.  დაავადებიანობის მაღალი მაჩვენებლები განსაკუთრებით აჭარაში დარეგისტრირდა 2018 წლის იანვარ-მაისის პერიოდში. მიმდინარე თვეში აღირიცხა დაავადების ორი საეჭვო შემთხვევა.“

სამინისტროს  განმარტებით, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდება აცრის სტატუსის გათვალისწინებით, ხოლო 15 წლის ზემოთ – სტატუსის მიუხედავად. ვაქცინაცია ნებისმიერი ასაკის პირისთვის უფასოა.

წითელას საწინააღმდეგო აცრას ექვემდებარებიან რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები – სამედიცინო პერსონალი, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი და იმუნიტეტის არმქონე პირები.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი გადამდებლობით.

კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით,  გამონაყრით და სიმპტომებით ზედა სასუნთქი გზების მხრივ [ხველება, რინიტი ან კონიუნქტივიტი] და სერიოზულ გართულებებს იწვევს. ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ვაქცინაცია ჩაუტარდათ ერთი წლის ბავშვების 95%-ს და 5 წლის ბავშვების 91%-ს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.