ბათუმში მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა უაქციზო სიგარეტით მოვაჭრე კაცი

4 სექტემბერს, გვიან ღამით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ანზორ დ. – ს, ხოლო მის ცოლს – გირაო.

ცოლ-ქმარი 2 დღის წინ “ბათუმი პლაზასთან” დააკავეს უაქციზო სიგარეტით ვაჭრობისთვის. დაკავებიდან მალევე ქალი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცოლ-ქმრის დაკავებამდე პლაზასთან ფინანსური პოლიცია გამოჩნდა: უაქციზო სიგარეტები უნდა ამოვიღოო. მოთხოვნას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროს ანზორ დ. ცუდად გახდა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ანზორ დ. სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

“ბავშვობიდან სტკივა ფეხები, სიარული უჭირს და მაინც მუშაობს… მანამდე “კაჭკაზე” მუშაობდა და ტვირთს ატარებდა,”- გვითხრეს სასამართლოს შესასვლელთან თავმოყრილმა ბრალდებულების ახლობლებმა.

აღკვეთი ღონისძიების საქმის განხილვას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაახლოებით საღამოს 9 საათზე დაიწყო.

პროკურატურის ვერსიით, უაქციზო სიგარეტები წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანიდან ამოიღეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 6800 ლარია.

“სოციალურად დაუცველები ვართ, ბათუმში, ნაქირავებში ვცხოვრობთ, ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს,”- გვითხრა პროცესის დაწყებამდე ბრალდებულმა დალი კ.-მ. მისივე თქმით, მის ქმარს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვთ.

პროკურორმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ აქამდე პასუხისგებაში იყო მიცემული ორივე ბრალდებული: ანზორ დ. გირაოთი იყო გათავისუფლებული, დალი კ.-ს კი, წინა შემთხვევაში საპროცესო გაუფორმეს.

პროკურორ ლევან მურვანიძის თქმით, ბრალდებულებმა თანმხლებ პირებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე ჩხრეკის ჩასატერებლად მივიდა.

“როგორ შემოდის ამდენი სიგარეტი უაქციზოდ საზღვარზე? მათი მაფიაა და იმიტომ,”- გვითხრეს ბრალდებულების ახლობლებმა, ვიდრე პროცესი დაიწყებოდა და ქალი ბრალდებული ადვოკატის გვერდით დაიკავებდა ადგილს.

მალევე, კაცი ბრალდებული დასვეს გისოსებით გამოყოფილ ადგილზე.

“არცერთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ ამბობს, საიდან შემოიტანეს სიგარეტი,”- მიმართა მოსამართლეს პროკურორმა. მან ქალი ბრალდებულოსთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა, კაცისთვის – პატიმრობა.

“საზღვრიდან რომ გადმოხვალ, იქ არის დაყრილი ეს სიგარეტები. რატომ გადმოდის, საიდან გადმოდის? თქვენ რატომღაც თვალს ხუჭავთ”,- პროკურორს მიმართა ადვოკატმა მურმქნ ქამადაძემ.

“თქვენგან არ უნდა ვიღებდე შენიშვნას,”- ადვოკატი შეაჩერა პროკურორმა და ადვოკატიც ოჯახურ მდგომარეპბის აღწერაზე გადაერთო:

“ისინი არ უარყოფენ იმას, რომ უაქციზო სიგარეტებით ვაჭრობენ… არ არის სხვა შემოსავლის წყარო და ამიტომ ვაჭრობენ, ბავშვებს რჩენა უნდათ. მათი შემოსავალი არის მხოლოდ ვაჭრობა, მაგრამ გპირდებით, რომ უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას მართლაც შეეშვებიან.

სად უნდა ნახოს დალი კ.-მ 20 ათასი ლარი, რასაც პროკურორი ითხოვს?”- ისევ პროკურორს მიუბრუნდა ადვოკატი.

პროკურორს რეპლიკა აღარ ჰქონია.

ადვოკატმა რამდენიმე დოკუმენტი მიაწოდა მოსამართლეს, თუმცა ამ დოკუმენტებით, როგორც ამას მოსამართლემ გაუსვა ხაზი, არ დგინდება, რომ ანზორ დ.-ს რაიმე შეზღუდული შესაძლებლობა აქვს.

“იმპლანტი აქვს ჩადგმული ფეხში და ისევ სჭირდება ახალი იმპლანტაცია,”- თქვა ადვოკატმა მურმან ქ.-მ.

“გთხოვთ, გაითვალისწინეთ ჩემი მდგომარეობა,”- მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ანზორ დ.-მ.

“აღარ განმეორდება ასეთი რამ”- თქვა ბრალდებულმა დალი კ.-მ.

მოსამართლემ დალი კ.-ს გირაოს სახით 5 ათასი ლარი განუსაზღვრა. პროკურორი ქალი ბრალდებულისთვის 20 ათასი ლარი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

——-

2 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ბათუმში დააკავეს ერთი ადამიანი, რომელიც მათი განცხადებით „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე უაქციზო სიგარეტს ყიდდა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა. ეს მუხლი სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ თემაზე:

„ბათუმი პლაზასთან“, დაპირისპირების შემდეგ, სიგარეტებით მოვაჭრე კაცი დააკავეს – საგამოძიებო

როგორ შეიძლება იმოქმედოს ბინების გაქირავება-გაყიდვის ფასებზე რუსეთიდან მიგრაციის ახალმა ტალღამ

რუსეთში სავარაუდო მობილიზაციის შიშმა მიგრაციის ახალი ტალღის მოლოდინი გააჩინა. არაერთი რუსული და საერთაშორისო მედიაგამოცემა წერს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთში, შესაძლოა, მობილიზაცია გამოცხადდეს.

ამ ვარაუდს აძლიერებს ისიც, რომ რუსული ბანკებიდან მოქალაქეებმა მილიარდობით რუბლის გატანა დაიწყეს. დამოუკიდებელი რუსული მედიაგამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რუსეთში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, “სბერის” ფინანსურმა დირექტორმა, ტარას სკვორსოვმა 2026 წლის აგვისტოს ბანკებისთვის ყველაზე ცუდი თვე უწოდა ბოლო 6 წლის განმავლობაში.

თუ მობილიზაცია მართლა გამოცხადდება, წინა შემთხვევების მსგავსად, ლოგიკურია, რომ მოქალაქეთა ნაწილი ამჯერადაც ეცდება რუსეთის დატოვებას ფრონტზე წასვლისგან თავის ასარიდებლად. ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს დიდი არჩევანი არ აქვთ. იმ ქვეყნებს შორის, სადაც მათ სწრაფად და შედარებით მარტივად შეუძლიათ წასვლა, საქართველოცაა.

როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე რუსეთიდან სავარაუდო მიგრაციის ახალმა ტალღამ? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე „თიბისი კაპიტალის“ უფროს ვიცე-პრეზიდენტს, ირინა კვახაძეს ესაუბრა.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და ოდნავ მოგვიანებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსული ათობით ათასი ადამიანის საცხოვრებელზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გააძვირა ბინების ფასი – როგორც ქირის, ისე ყიდვის შემთხვევაში.

რა მდგომარეობა გვაქვს ახლა?

„თიბისი კაპიტალის“ უფროს ვიცე-პრეზიდენტის, ირინა კვახაძის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მობილიზაციის რისკის გამო რუსეთიდან გაზრდილ ინტერესს გვაჩვენებს. მისი თქმით, თუ ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მომდევნო კვირების განმავლობაში გვექნება.

ირინა კვახაძის ინფორმაციით, 2026 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობა უძრავი ქონების სექტორში. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები მეტ ბინას ყიდულობენ, ან ქირაობენ.

“თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2026 წელს, ყოველთვიურად იზრდება უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი თბილისსა და ბათუმში. თუმცა, ირინა კვახაძის თქმით, ამ დრომდე არსებული მონაცემები არ მიუთითებს, რომ სტატისტიკა უშუალოდ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე იზრდება.

„ზოგადად, იანვრიდან მოყოლებული გაყიდვები არის ძალიან გაზრდილი. ამას ჩვენ არ ვუკავშირებთ რუსეთში მობილიზაციასთან დაკავშირებულ რაიმე ფაქტორებს. ვუკავშირებთ უფრო გააქტიურებული უძრავი ქონების ბაზარს, სადაც ძლიერია ადგილობრივი მოთხოვნაც და საერთაშორისოც. საერთაშორისოში არ ვგულისხმობ სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ევროპას.

ჩვენი უძრავი ქონების კომპანიები განვითარდნენ. განავითარეს გაყიდვები. საქართველოს გარეთაც სხვადასხვა კომპანიასთან აქვთ ურთიერთობა და აი, ეს ყველაფერი განაპირობებს ბაზარზე არსებულ ვითარებას. კომპანიები ძალიან კარგად ზრუნავენ თავიანთ გაყიდვებზე.

ამ 7 თვეში [იანვარი-ივლისი], წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით არის გაყიდვები გაზრდილი. ანუ, საკმაოდ გაიზარდა ბაზარი. ზრდას დაახლოებით იგივე რიტმი აქვს, რაც 2022 წელს ამ მიგრანტების შემოდინებამ გამოიწვია. ეს ხდება არა მარტო საერთაშორისო მყიდველების ხარჯზე, ადგილობრივი ბაზარიც აქტიურია”, – ამბობს „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ვიცე-პრეზიდენტი „ბათუმელებთან“. 

იგი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვარაუდი გამართლდა და რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, მიგრაციის მასშტაბზე იმოქმედებს ისიც, რამდენად შეძლებენ ადამიანები ქვეყნის დატოვებას.

„რუსეთიდან რამდენად მარტივად გავლენ მოქალაქეები? ომის პირველ თვეებში რუსეთიც, ალბათ, ნაკლებად იყო მზად, რომ შეეზღუდა მოქალაქეების გასვლა ქვეყნიდან”, – ამბობს ირინა კვახაძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო კვირებში საქართველოში ბევრი ადამიანი შემოვა რუსეთიდან?

უძრავი ქონების ბაზარზე გავლენის განსასაზღვრად საჭიროა შეგვეძლოს მიგრაციის მასშტაბის განსაზღვრა. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 10 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 405 552 ადამიანი შემოვიდა. მათი ნაწილი საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში წავიდა, ნაწილი დროებით დარჩა, ნაწილი – უფრო დიდხანს. შედარებით შემცირებული სტატისტიკით, თუმცა ყოველთვიურად რუსეთიდან ათობით ათასი მოქალაქის საქართველოში შემოსვლის ტენდენცია შემდეგ წლებშიც გაგრძელდა.

ამავე თემაზე: რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში 

ირინა კვახაძემ გაგვაცნო „თიბისი კაპიტალის” მონაცემები, იმ პერიოდში უძრავ ქონებაზე მოთხოვნისა და ფასის ზრდის შესახებ.

„2022 წელს [2021 წელთან შედარებით], რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა. 2023-ში 5%-ით შემცირდა, 2024-ში კი 2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება გაყიდვის ფასს, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16%-ით, 2023-ში – 24%-ით. რენტა გაიზარდა ძალიან – კვადრატული მეტრის ფასი 9 დოლარიდან 13,2 დოლარამდე ავიდა იმ პერიოდში. ოღონდ ფასის ზრდა არ იყო გამოწვეული მხოლოდ მიგრანტების შექმნილი მოთხოვნით. იყო იმის გამოც, რომ მაშინ ლარი გამყარდა. ესეც იყო ომის ეფექტი.

ახლაც, თუ ბევრმა დატოვა რუსეთი და მათი ნაწილი შემოვიდა საქართველოში, ეს, რა თქმა უნდა, აისახება პირველ რიგში გაქირავების ფასზე, 2-3 თვეში კი წამოეწევა გაყიდვების ფასის ზრდაც.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიგრანტების ტალღა დიდი იქნება, შეიძლება ისე ძლიერად არ იმოქმედოს, როგორც იმოქმედა 2022 წელს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოში გაზრდილია უძრავი ქონების მიწოდება. 2022 წლის შემდეგ საქართველოში ბევრი ახალი ბინა გაჩნდა ბაზარზე”, – ამბობს ირინა კვახაძე.

რა შეიძლება ვურჩიოთ ადამიანებს, ვინც უახლოეს პერიოდში გეგმავს ბინის ყიდვას ან გაყიდვას?

ირინა კვახაძე ამბობს, რომ მთავარია ადამიანი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებამდე.

„როდესაც ადამიანი აკეთებს ინვესტიციას, უნდა განსაზღვროს, რა უჯდება და რა მოგებას მოუტანს ის. ასევე, უნდა გაითვალისწინოს ყოველგვარი რისკი. თუ ამ რისკების გათვალისწინებით მართლდება ინვესტიცია, მაშინ შეუძლია თამამად გადაწყვიტოს. ჩემი რჩევა იქნება, მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები”, – ამბობს “თიბისი კაპიტალის” უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

„ბათუმელები“ ესაუბრა უძრავი ქონების რამდენიმე აგენტსაც, რომლებიც ბათუმის ბაზარზე მუშაობენ. მათ ინტერვიუზე უარი გვითხრეს, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ რუსეთიდან შემოსული ადამიანები მათთან ფიზიკურად აღარ მიდიან.

უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ბათუმში ბევრი რუსი ბროკერი და რუსული კომპანია გამოჩნდა, რომლებიც სთავაზობენ სერვისებს რუსეთიდან ჩამოსულ და ზოგადად, რუსულენოვან მომხმარებლებს. სწორედ მათ აქვთ მეტი კონტაქტი რუსეთში, იყენებენ პოპულარულ რუსულენოვან ვებგვერდებს, ტელეგრამ-არხებს და სხვა საშუალებებს საქართველოს ბაზრის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და უძრავი ქონების გასაყიდად.

უძრავი ქონების აგენტები, რომლებიც წლებია ბათუმში მუშაობენ, წუხან, რომ ამ ტენდენციის გამო მათთან ნაკლები მომხმარებელი მიდის.

იმის შესახებ, თუ როგორ ჰყიდიან რუსეთის მოქალაქეები ქონებას საქართველოდან, „ბათუმელები“ აქამდეც გიყვებოდათ. რუსეთის მოქალაქეებს გაყიდვების არაერთი სააგენტო აქვთ ბათუმში, თბილისში და ამაზე ინფორმაცია უხვად მოიპოვება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე.

ამავე თემაზე: 

„გადმოდით, ბათუმში სახლი გელოდებათ“ – როგორ ყიდიან რუსები ქონებას საქართველოდან 

ქართველი მოსამართლეები მონაწილეობენ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში – ევროსასამართლოს ექს-მოსამართლე

„ავტოკრატიული რეჟიმები არ არსებობენ სასამართლოს დახმარების გარეშე. რაც არ უნდა უგულებელყოფილი იყოს კანონი, მას სჭირდება ფორმალურად აღსრულება და ეს ფორმალური აღმსრულებლები არიან მოსამართლეები,“ – მიიჩნევს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც კონკრეტული მაგალითებით ვესაუბრეთ: სადამდე მივიდა სასამართლო საქართველოში, რომელიც უკვე პლაკატზე ასო „ყ“-ს დაწერის გამო ადამიანებს აპატიმრებს?

ამავდროულად, მოსამართლეები გადაწყვეტილებებში მიუთითებენ ევროსასამართლოს პრაქტიკას:

„როდესაც, მაგალითად, „ვახო სანაიას საქმეზე“ მიღებულ დადგენილებას ვკითხულობდი, მქონდა განცდა, რომ მისი დასაბუთების ნაწილი ვიღაცამ დაწერა და მერე დაუგზავნა მოსამართლეებს, რომლებიც მსგავს საქმეებზე იღებენ გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, ცენტრალიზებულად არის გადაწყვეტილი ასეთი საქმეების განმხილველი მოსამართლეების სია, რომ ვინმემ შემთხვევით „თვითნებობა“ არ გამოიჩინოს…

დისკურსს, რომ ეს პროტესტი მიემართება არადემოკრატიულ მმართველობას, აი, ამას არ აღიარებენ ქართველი მოსამართლეები, მაგრამ მოსამართლე ვერ ეტყვის ამას „ოცნებას“ – ისინი თავად მონაწილეობენ ამ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში,“ – მიიჩნევს ნონა წოწორია.

რა შეიძლება იყოს შემდეგ ეტაპი? – „ბათუმელებმა“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ნონა, სასამართლო საქართველოში უკვე მივიდა იქამდე, რომ დააპატიმრეს აქციის მონაწილე პლაკატზე წარწერისთვისბიძინა არაა, არის?“ – ეს ამბავი არაა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების ევროპული სტანდარტთან მკაფიო დაპირისპირების მაგალითი. რა არის?

ეს არის თანმიმდევრული და ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმისა, რასაც ჰქვია სიტყვის თავისუფლების და განსაკუთრებით პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამას ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვხედავთ. ამიტომაც, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მე პირადად არავითარი, გაკვირვება არ მქონია – ლოგიკური გაგრძელება იყო მთელი იმ პროცესის, რაც წლებია მიმდინარეობს, რაც სისტემური მიდგომა იყო ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების მიმართ.

ეს ხდებოდა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე აღსრულების დონეზე, ანუ სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოების მხრიდან. ამ პროცესის მთელი თაიგული შეიკრა. ამის თავი და თავი არის ის არადემოკრატიული მმართველობა, რომელიც ქვეყანაში განმტკიცდა.

არადემოკრატიული, ავტოკრატიული რეჟიმები არ არსებობენ სასამართლოს დახმარების გარეშე. რაც არ უნდა უგულებელყოფილი იყოს კანონი, მას სჭირდება ფორმალურად აღსრულება და ეს ფორმალური აღმსრულებლები არიან მოსამართლეები.

დღევანდელ რეალობაში არ არსებობს არცერთი ადგილი, სადაც ადამიანი შეიძლება იყოს დაცული სახელმწიფოს წინაშე – ადამიანს მუდმივად თვითნებობასთან უწევს შეჯახება.

  • მოსამართლის მხრიდანაც თვითნებობასთან გვაქვს საქმე, როცა ის პლაკატზე დაწერილი ასო“- გამო მოქალაქეს აპატიმრებს? მოსამართლეს პროცესზე უთქვამს, „მთლიან კონტექსტშიდავინახე შეურაცხყოფაო…  

ჩვენი სასამართლოები ძალიან დახელოვნებულები არიან იმაში, რომ გამოიყენონ ევროსასამართლოს სტანდარტები თვითნებურად, ანუ გადაატრიალონ და რაღაც სტანდარტი ისე გამოიყენონ, როგორც მათ კონკრეტულ სიტუაციაში ესადაგებათ.

ზუსტად კონტექსტზე მინდოდა მეთქვა, რომ კონტექსტის მნიშვნელობა იციან ქართველმა მოსამართლეებმა, მაგრამ ისინი არასდროს კონტექსტს არ იყენებენ. მე, მაგალითად, გავეცანი რამდენიმე გვერდის გამოკლებით, „ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ დადგენილებას [საქმე, სადაც ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო დააპატიმრეს]. ამ საქმეში ევროსასამართლოს პრაქტიკაზე მითითება ძალიან თვალსაჩინოა.

  • თქვენთვის რას აჩვენებს მოსამართლის ამგვარი პოზიციონირება, როცა ის ფეისბუქპოსტის გამო ჟურნალისტს აპატიმრებს და თან ევროსასამართლოს პრაქტიკას მიუთითებს

ძალიან სწორადაც მიუთითებს, სხვათა შორის. სტანდარტების დონეზე ისინი ამ ყველაფერს სწორად აკეთებენ, მაგრამ მოსამართლე ერთი სიტყვითაც კონკრეტული საქმის კონტექსტს, ანუ პოლიტიკურ გარემოს არ ახსენებს (მაგ. რეპრესიული კანონები, დემოკრატიის უკუსვლა, ჟურნალისტების დევნა, ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა).

„ვახო სანაიას საქმეზე“ მიღებულ დადგენილებაში ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს არის მოსამართლე, რომელიც მოქმედებს იდეალურ სამყაროში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია და მართლაც ისეთი სიტყვები შეიძლება მოსაწონი არ იყოს და კონტექსტს მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ეს ადამიანები ხომ ამ სიტყვებს იყენებენ არსებული რეპრესიებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად? სწორედ ამ კონტექსტს არ განიხილავს მოსამართლე.

არ მგონია, ნორმალური დემოკრატია რომ არსებობდეს, ვახო სანაია, მაგალითად, ამ სიტყვას გამოიყენებდა. არც ის ადამიანი არ დადგებოდა პლაკატით, რაც არ უნდა ილაპარაკოს მოსამართლემ იმაზე, რომ კონტექსტით შეურაცხმყოფელი სიტყვა იგულისხმებოდა.

სხვათა შორის, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ევროსასამართლო გადაწყვეტილებით ფერაძის საქმესთან [პლაკატი „პანორამა არა *ლე] დაკავშირებით, დაეთანხმა შიდა სასამართლოებს და თქვა, რომ კონტექსტურად საქართველოში შეიძლება შეურაცხყოფად აღიქმებოდეს ეს კონკრეტული სიტყვა (*ლე“), მაგრამ ასეთი ვულგარული გამონათქვამიც კი, იმსახურებენ დაცვას, თუ ის წარმოადგენს სტილისტური გამოხატვის ფორმას და ემსახურება საზოგადოებრივი  ინტერესის მქონე პოლიტიკურ დისკუსიას.

ამ დისკურსს, რომ ეს პროტესტი მიემართება არადემოკრატიულ მმართველობას, აი, ამას არ აღიარებენ ქართველი მოსამართლეები, მაგრამ მოსამართლე ვერ ეტყვის ამას „ოცნებას“ – ისინი თავად მონაწილეობენ ამ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში. ძნელია არადემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დისკუსიის წარმოდგენა.

უცხო თვალისთვის გადაწყვეტილებაში ევროსასამართლოს სტანდარტის მითითებამ შესაძლოა იმოქმედოს, რომ აი, ეს დასაბუთებაა. ასევე, ეს გადაწყვეტილებები თუ გასაჩივრდება ევროსასამართლოში, იქაც შეიძლება თავგზა დაუბნიოს ზოგიერთ მოსამართლეს, რადგან სწორედ კონტექსტი არ არის აღწერილი.

„ვახო სანაიას საქმეში“ ძალიან სამწუხაროა ის, რომ ვახოს პოზიცია საერთოდ არ არის აღწერილი – მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც, პრაქტიკულად მოსამართლე დარჩა თავის მოედანზე – რაც უნდოდა და რაც ეადვილებოდა, ის ჩაწერა გადაწყვეტილებაში. ამდენად, მოსამართლეს მანიპულაციურად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების მეტი შანსი მიეცა.

დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ვახო პოლიტიკურ თემატიკას აშუქებს. ვახოს პოზიციის დაფიქსირება იმ კუთხით, თუ რატომ აკეთებს ამას, რა არის ეს პროტესტი, მოსამართლეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა და გაუჭირდებოდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების მხოლოდ პრინციპების აღწერის ფორმით გამოყენება.

„ვახო სანაიას საქმეში“ ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა პატიმრობის ვადის გამოყენება, რომელსაც სიტყვის თავისუფლების საქმეებში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ევროსასამართლო ამბობს, რომ გასაგებია, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, ის შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვებს, მათ შორის, დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ როდესაც საუბარია სანქციებზე და განსაკუთრებით მძიმე სანქციებზე პატიმრობის სახით, ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზულად დასაბუთებული.

მიუხედავად იმისა, რომ ვახო სანაიას მიმართ არის ადმინისტრაციული კოდექსი გამოყენებული, ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად თავისი სიმძიმით ეს 14 დღე არის სისხლისსამართლებრივი სანქცია. ამიტომ აქ მოსამართლეს სერიოზული მსჯელობა სჭირდებოდა. მან ახსენა ევროსასამართლოს სტანდარტები სასჯელის დასაბუთებისას, თუმცა ის სათანადოდ არ გამოუყენებია.

კერძოდ, მოსამართლე ერთ ძალიან მძიმე  წინადადებას ამბობს, რომ „პატიმრობის გამოყენება განპირობებულია არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის პოლიტიკური შეხედულებებით, ხელისუფლების კრიტიკით ან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობით, არამედ მისი განმეორებითი სამართალდარღვევითი ქცევით…“ ეს არის კონტექსტისა და საქმის გარემოებების სრული უგულებელყოფა. ასეთ დროს კი, ჩალის ფასი აქვს ევროსასამართლოს სტანდარტის მითითებას.

შედარებისთვის, ფერაძის საქმეში პლაკატისთვის „პანორამა არა *ლე“ სასამართლომ გამოიყენა ჯარიმა 100 ლარი, ახლა 14-დღიანი პატიმრობა. აქ ჩანს, სადამდე მივიდა სასამართლო.

  • რა სახის პრაქტიკა აქვს ვულგარული გამონათქვამების გამოყენების კუთხით ევროსასამართლოს? აქამდე მისაღები აღმოჩნდა ვინმეს დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო

ერთი საქმე მახსენდება – მატასარუ მოლდოვის წინააღმდეგ, რომელიც დააკავეს ერთ-ერთ საქმეზე და გახდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ობიექტი. ამის შემდეგ მან დაიწყო პროტესტის გამოხატვა სამართალდამცავი ორგანოებში კორუფციის წინააღმდეგ.

ერთ-ერთი პროტესტის დროს მან გენიტალიების ფიტულები გამოჭრა, ზედ დააკრა კონკრეტული თანამდებობის პირების სახეები და პროკურატურის კიბეებზე გამოფინა. ამ ადამიანს ორი წელი მიუსაჯეს, თუმცა პირობით შეუცვალეს და ერთი დღეც არ გაუტარებია პატიმრობაში. ევროსასამართლომ თქვა, რომ სანქცია არის ძალიან მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს სასჯელი არ მოუხდია ციხეში.

ერთ-ერთი ავსტრიული საქმეა, რომელიც ეხებოდა სექსუალური სცენების ამსახველი ნახატის გამოფენას, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსების სახეები იყო გამოსახული. ამ შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება იყო ის, რომ საგამოფენო დარბაზს აუკრძალეს სურათის გამოფენა, რაც სასამართლოს მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად შეფასდა.

  • რა აჩვენა თქვენთვისმზია ამაღლობელის საქმემ“ – „იქმნება აღქმა, რომ ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს“. ეს მოსამართლე ნინო სახელაშვილის შესახებ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა თქვა და მიუთითა იმაზე, რომ მოსამართლემ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები.

„მზია ამაღლობელის საქმე“ არის ძალიან მასშტაბური. მე არ მინახავს გადაწყვეტილებები, მაგრამ სრულად ვენდობი მაია მწარიაშვილის ამ შეფასებას. ამას მოსამართლეები აკეთებენ იმ შემთხვევაში, როდესაც უჭირთ არგუმენტების დაწერა. ეს ყველაზე აპრობირებული მეთოდია, რომ მთავარი არგუმენტები არ ასახო, მხარის პოზიცია არ დააფიქსირო და პასუხის გაცემის ვალდებულება აიცილო.

ეს არის მოსამართლის უმწეობის მანიშნებელი. ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან მოსამართლე, მართალია, არ არის ვალდებული, რომ ყველა არგუმენტს გასცეს პასუხი, მაგრამ მნიშვნელოვან არგუმენტებს, რომელსაც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა უპასუხოს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება დასაბუთებულობის სტანდარტს აკმაყოფილებდეს.

„მზია ამაღლობელის საქმე“ თავიდანვე იყო აშკარად პოლიტიკური. უდავოა, რომ ქალბატონი მზია ისჯება თავისი პროფესიული საქმიანობის გამო, მისი პრინციპების გამო, იმის გამო, რომ არ ნებდება. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი რეჟიმები მომართული არიან იქითკენ, რომ ადამიანი მორალურად გაანადგურონ – ავტორიტეტული ადამიანების არსებობა რეჟიმისთვის ყველაზე საშიშია. ამიტომაც, იბრძვიან მათი განადგურებისთვის.

ამიტომაც, იმეორებენ: აღიაროს, მოინანიოს. იციან, რომ როგორც კი, მზია ამას გააკეთებს, ის იქნება მორალურად, პირველ რიგში, საკუთარ თავთან განადგურებული. საზოგადოებრივი ავტორიტეტების განადგურება არის ხელისუფლების ამოცანა.

იმ რეალობაში, რა რეალობაშიც საქართველოა, არავინ არ გრძნობს თავს დაცულად, პირველ რიგში, ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი ხალხი, ის პოლიციელები, რომლებიც თანამდებობებზე არიან და „მზია ამაღლობელის საქმეში“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

სამწუხაროა, რომ ისინი დაჰყვნენ ხელისუფლების ნებას, თუმცა მათ ამაზე ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღეს და საკუთარ ქმედებაზე ადრე თუ გვიან პასუხს აგებენ. ადამიანები იმიტომ ვართ, რომ როდესაც რაღაცას გვთხოვენ ან მოითხოვენ ჩვენგან ისეთს, რომელიც ღირსებას ეწინააღმდეგება, უარი უნდა თქვა მის აღსრულებაზე.

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ქალბატონის მზიას მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ, როგორც მინიმუმ, არსებობს შეთანხმება, რომ ქალი ლოყაზე ხელის გაწნისთვის ციხეში არ უნდა გაუშვა. არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც წარმოუდგენელი საქციელია, რომ ამისთვის ადამიანის მიმართ 2-წლიანი პატიმრობა გამოიყენო.

  • ქართველი ემიგრანტების სარჩელები შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ 2024 წლის არჩევნების შემდეგსადაც საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზეოცნებამჯამურად 13 % აიღოსაარჩევნო უფლება შეუზღუდეს. ემიგრანტებს არ აქვთ იმედი, რომ ამ დავას მოიგებენ. თქვენი აზრით, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ სარჩელს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის?

თქვენ რომ მკითხეთ, ამან გამახსენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არსებობს ამ ქვეყანაში. ცხადია, ეს სასამართლო არ ასრულებს თავის როლს, რომ დაიცვას კონსტიტუცია და დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არ უნდა გვქონდეს, არის პროცედურული წესები, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, ამ უნდობლობის პირობებში მაინც უნდა შევასრულოთ.

საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საჭირო არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი მექანიზმის ამოწურვა ევროსასამართლოსთვის მისამართად. შესაძლოა, სტრატეგიულად ასე ჩათვალეს საჭიროდ ემიგრანტების ადვოკატებმა, რომ ჯერ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეს.

  • რუსულ კანონზე2 წელია საკონსტიტუციოს საქმის განხილვაც კი არ დაუწყია, ამავე საქმეზე კი, უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით… 

ეს აჩვენებს, რამდენად არაეფექტური ინსტიტუტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული სიტუაცია. რეჟიმს ჰგონია, რომ ვიღაცამ რამე არ იცის, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუციები კარგად მიუთითებს ქართული რეალობის შესახებ საფუძვლიან ცოდნას. ბოლო ხანებში ევროპარლამენტისგან გვესმის მკაფიო გზავნილები: დაანებეთ თავი ორმაგ თამაშებს.

ჩვენც, ემიგრანტებმა, შესანიშნავად ვიცით, საქართველოში რა ხდება. არ არის საჭირო საქართველოში ცხოვრება, რომ ზუსტად გვესმოდეს, რა კატასტროფაშიც ვართ.

  • რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი? „ბიძინა იღებს გადაწყვეტილებებს და კლანი მართავს სასამართლოს“ – ასეთია სისტემაში მომუშავე ადვოკატების შთაბეჭდილება.

ცხადია, კლანი მართავს და ამაზე დიდი ხანია არის საუბარი. მე, როდესაც, მაგალითად, „ვახო სანაიას საქმეზე“ მიღებულ დადგენილებას ვკითხულობდი, მქონდა განცდა, რომ მისი დასაბუთების ნაწილი ვიღაცამ დაწერა და მერე დაუგზავნა მოსამართლეებს, რომლებიც მსგავს საქმეებზე იღებენ გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, ცენტრალიზებულად არის გადაწყვეტილი ასეთი საქმეების განმხილველი მოსამართლეების სია, რომ ვინმემ შემთხვევით „თვითნებობა“ არ გამოიჩინოს.

შემდეგი ეტაპი არ ვიცი – ჯერჯერობით დახვრეტაზე არ გადასულან. სავარაუდოდ, კანონების კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებენ წინააღმდეგობის დასაძლევად. ეს მათ არსენალშია. მოსამართლეები კი, უსიტყვოდ იმოქმედებენ.

  • მაგრამ არსებობენ გამონაკლისები, მაგალითად, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, ვერ გავასამართლებ ადამიანებსოცნების რეპრესიული კანონებითო და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თქვენი აზრით, რა დატვირთვა აქვს თუნდაც ერთი მოსამართლის პროტესტს

ზოგადად, პროტესტი იწყება ერთი ადამიანით, ამიტომაც, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შემთხვევა ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ გაბედულმა ორმა-სამმა მოსამართლემ სიტუაცია შეიძლება შეცვალოს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სასამართლოების მთავარი ამოცანაა ზუსტად პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მიიღონ სწორი და თამამი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, თუ პირადად რა ტიპის უსიამოვნება შეიძლება მოჰყვეს ამას მოსამართლისთვის.

  • რატომ არ უჩნდებათ წინააღმდეგობის სურვილი სხვა მოსამართლეებს, მით უმეტეს, უვადოდ დანიშნულებს

პირობითობაა საქართველოში უვადობა. თითქოს ეს არის გარანტია, მაგრამ არაფერი ვიცით ამ ადამიანების თავს რა ხდება. სავარაუდოდ, ისინი კორუფციაში არიან ჩათრეულები. შეიძლება, მოწყვლადი არიან ოჯახის მხრიდან. სხვა შემთხვევაში მე ვერ წარმომიდგენია, ადამიანი თავისი ნებით მონაწილეობდეს ქვეყანაში ავტოკრატიის და დიქტატურის შექმნაში.

მეორე მსოფლიო ომამდე და მის პერიოდში მოსამართლეები მონაწილეობდნენ რეპრესიებში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რა მოხდებოდა მომავალში მაშინ ამის ცოდნა შეიძლება ნაკლები იყო და ჩაყვნენ ამ პროცესს. ახლა მოსამართლეებმა ყველაფერი იციან, ანუ საჯაროა ყველაფერი და მათი მონაწილეობა ამ პროცესში არის ნებაყოფლობითი. რაც არ უნდა იყოს, არის საკითხები, რომელიც არ უნდა დათმო.

შეუდარებლად მეტი ღირებულება არის ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ვიდრე პირადი კეთილდღეობა ან ის, თუ რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო მოსამართლის შესახებ მასზე ზეწოლისთვის.

ერთი მოსამართლის ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო ბიძგის მიმცემი სხვებისთვის. სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. არ ვიცი, ამ მხრივ რამდენად შეიძლება იმედიანი ვიყოთ.

  • გუშინ, მაგალითად, ვესწრებოდითქურდულ სამყაროზემორიგ პროცესს: წელს, ერთერთი სპეცოპერაციით მარტო ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს. შსს ვერსიით, ადამიანები ხშირად პრობლემის მოგვარებას ცდილობენ არა სასამართლოშისადაც ზოგჯერ წლები სჭირდება საქმის განხილვასარამედ მიმართავენქურდულ სამყაროს“. ამ კუთხით მაჩვენებლების გაზრდა რაზე მიუთითებს თქვენთვის

ეს არის იმის ინდიკატორი, რომ სისტემა, რაზეც სახელმწიფო უნდა იდგეს, სრულიად მოშლილია. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება, „ქურდული სამყარო“ არაფერს წყვეტს. ეს არის დაბრუნება წარსულში, სადაც ჩვენ უკვე ვიყავით. მაშინ, როდესაც სასამართლო არ არსებობდა, „ქურდული სამყაროს“ გადაწყვეტილებები აღსრულების უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებები.

არ ვიცნობ ამ საქმეს და ვერ ვიტყვი, 72 ადამიანს რამდენად სწორად აქვთ წარდგენილი ბრალდება ამ მუხლით. „ქურდული სამყარო“ მოქმედებს მაშინ, როდესაც ის შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებთან. ჩვენ წლების განმავლობაში გვესმის, როგორ ეხმარება „ქურდული სამყარო“ ხელისუფლებას, მათ შორის, საარჩევნო კამპანიების დროს. ამიტომ, როდესაც „ქურდულ სამყაროს“ ხელისუფლება იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, მერე „ქურდული სამყაროს“ გააქტიურება გასაკვირი არ არის. ეს არის კიბო, როგორც კორუფცია, რომელიც ედება და კლავს საზოგადოების სხეულს.

სხვათა შორის, მე ვიყავი მოსამართლე, როცა ევროსასამართლომ მიიღო ცნობილი გადაწყვეტილება „აშლარბას საქმეში“, სადაც „ქურდული სამყაროს“ შესახებ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა ევროპული კონვენციის შესაბამისად იქნა ცნობილი.

ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ ვისარგებლეთ მაფიასთან დაკავშირებული იტალიური სასამართლო პრაქტიკით, ასევე იყო პარალელები რიკოს კანონმდებლობასთან [აშშ-ის ფედერალური კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლას]. მაგრამ ბრძოლა ნამდვილი არ არის, თუ ის სისტემურად არ ეხება ამ პრობლემას: ერთი მხრივ, შენ სარგებლობდე ამით და, მეორე მხრივ, ებრძოდე – არ გამოვა. პოლიტიკური ნება ამ სენთან ბრძოლის უნდა იყოს აშკარა და უპირობო.

  • ბოლოს მოლდოვას შესახებ მინდა გკითხოთ, სადაც თქვენ იყავით ჩართული .. ვეტინგის პროცესში. საქართველომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარი თქვა. რა შედეგი დადო მოლდოვამ

მე ვმონაწილეობდი წინასწარი ვეტინგის სისტემაში, რომელიც ეხებოდა მოსამართლეების და პროკურორების თვითმმართველო ორგანოების წევრების შერჩევას, ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და პროკურატურის საბჭო რომ წარმოვიდგინოთ საქართველოში. ეს ორგანოები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, მოსამართლეების ვაკანტური თანამდებობების შესავსებად. ჩვენ შევარჩიეთ საბჭოების წევრები და ეს ორგანოები გახდა ქმედუნარიანი.

მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა მოლდოვაში არ არსებობდა, რადგან სასამართლო ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას.

წინასწარი ვეტინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვა წინ წასულიყო. მე მოხარული ვარ, რომ ამაში წვლილი შევიტანეთ. ამ პროცესის მართვამ დამანახა ის, რომ თუ, მაგალითად, ჩვენს პირველ გადაწყვეტილებებზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო წარმოუდგენელი თვითნებობა, ჩვენს მეორე გადაწყვეტილებებზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – მოსამართლეების უკვე ახალი შემადგენლობით – იყო ფენომენალური. რადიკალური ცვლილება მოხდა გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხში.

ეს პროცესი რთული და წინააღმდეგობებით სავსეა. მაგალითად, მოლდოვაში პროტესტის ნიშნად გადადგა უზენაესი სასამართლოს მთელი შემადგენლობა. მათი გათვლა იყო ის, რომ ჩაშლიდნენ წინასწარი ვეტინგის პროცესს, მაგრამ არ გამოვიდა ისე, როგორც ფიქრობდნენ – ახალი კანონი მიიღო პარლამენტმა და დროებით გაამწესეს მოსამართლეები ქვედა ინსტანციიდან ვაკანსიების შესავსებად.

ჩვენმა კომისიამ საქმიანობა დაასრულა და დანარჩენი ორი კომისია მოქმედი მოსამართლეების და პროკურორების ვეტინგს ახორციელებს. ბოლო სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცი.

  • მოლდოვას შემთხვევამ აჩვენა, რომ მთავარი პოლიტიკური ნებაა? ჩვენთანაც შესაძლოა მალევე მოხერხდეს ამ სისტემის გაჯანსაღება

დიახ, მთავარია პოლიტიკური ნება. არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხავერდოვნად მიდის მოლდოვაში, რადგან ეს ძალიან რთული პროცესია და დროს მოითხოვს. საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა იყო იქ მნიშვნელოვანი: მე, მაგალითად, საერთოდ არ ვიცნობდი არც ერთ ადამიანს, ვის ვეტინგსაც ვაკეთებდით და ჩემთვის მათი წარსული, ოჯახური კავშირები არაფერს ნიშნავდა.

ჩემთვის მთავარი იყო ამ პროცესში კანონის დაცვა, ევროსასამართლოს პრაქტიკის გამოყენება და არავისთვის არ ვიტყოდი, რომ, მაგალითად, შავი თეთრია ან თეთრი – შავია. ჩემი ავტორიტეტი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მას არაფერზე არ გავცვლიდი. ასევე იყვნენ ჩემი სხვა კოლეგებიც. კრიტიკა იყო ჩვენს მიმართ, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებოდით მას. მაინც ისე ვაკეთებდით, როგორც ვთვლიდით, რომ იყო სწორი.

ვეტინგი არ არის ია-ვარდებით მოფენილი პროცესი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. დავინახეთ კიდეც, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის. ცხადია, მოლდოვას არ ექნებოდა წინსვლა ინტეგრაციის გზაზე, რომ არ ყოფილიყო შესამჩნევი წინსვლა მართლმსაჯულების სისტემაში. საბოლოო ჯამში, რეფორმირებული სამართალდამცავი ორგანოები და, პირველ რიგში, სასამართლო სისტემა არის საზოგადოების კეთილდღეობის გარანტი. ეს არის მთავარი.

ქონება 1 ლარად ეკლესიას და 5 მილიონი საპატრიარქოს ორგანიზაციებს – კობახიძის განკარგულებები

ირაკლი კობახიძემ 18-დან 31 აგვისტოს ჩათვლით რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელთა თანახმადაც ეკლესიას ქონება და ფული გადასცა.

კერძოდ, 18 აგვისტოს გამოცემული განკარგულების თანახმად, კობახიძემ აბაშაში, სოფელ კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული 384 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადასცა ეკლესიას.

იმავე დღეს გამოცემული კიდევ ერთი განკარგულებით ირაკლი კობახიძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ნაბაკევში, 3 739 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადასცა საკუთრებაში ეკლესიას.

21 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით კი დაბა სურამში მდებარე კოლეჯ „ქართლს“ უფლება მისცა კუთვნილი ქონება, აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ ათხოვოს საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლას. განისაზღვრა დროც – სამუშაო დღეებში სკოლას 08:00-დან 14:15 საათამდე შეუძლია შენობით სარგებლობა.

25 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 42 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თბილისში, სიმონ კანდელაკის ქუჩაზე, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.

ასევე, 31 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით, 5 მილიონი ლარით დააფინანსეს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი დაწესებულება.

განკარგულების დანართის თანახმად, 5 მილიონი ლარი გადანაწილდება საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 42 სასწავლებელზე. თითოეული დაწესებულება თანაბრად მიიღებს 40 ათას ლარს.

მე-10 კლასელებს მომავალ წელს არჩევანის გაკეთება მოუწევთ – „რეპეტიტორიუმი“ ან მე-12 კლასიც

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება.

მოსწავლეებს, რომლებიც წელს მე-10 კლასში სწავლობენ, მომავალი, 2027 სასწავლო წლიდან უკვე მოუწევთ არჩევანის გაკეთება – ისწავლონ ე.წ. „რეპეტიტორიუმში“ და სკოლა 11-წლიანი განათლების ატესტატით დაასრულონ, თუ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.

როგორც ბათუმის რესურსცენტრში გვეუბნებიან, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმაზე, რამდენი მოსწავლე აპირებს, მაგალითად, ბათუმში 11-წლიანი განათლების მიღებას და რამდენი აპირებს სწავლის გაგრძელებას მე-12 კლასში.

„წელს ვინც მე-11 და მე-12 კლასში სწავლობს, ისინი დაასრულებენ სკოლას ჩვეულებრივად, მაგრამ მათ, ვინც წელს მე-10 კლასში არიან, მომავალ წელს მოუწევთ არჩევანის გაკეთება. უნდა აიღონ ატესტატი და გავიდნენ სკოლიდან, ან, თუ მე-12 კლასში უნდათ სწავლის გაგრძელება, მაშინ გააგრძელებენ სწავლას“, – გვეუბნება რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე.

2028 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებს უკვე ორი გამოშვება ეყოლებათ, რადგან სკოლას, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასელები ერთდროულად დაასრულებენ.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ბათუმში აქციის მონაწილეებზე 5 დღის წინ იძალადეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ – ინტერვიუ

„მკაფიოა განსხვავებული სტანდარტები, როცა არსებობს პოლიტიკური დაინტერესება,“ – გვითხრა ადვოკატმა ია თოდუამ. იგი ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილის, დარიკო ჩიტაძის ინტერესებს იცავს. 

დარიკო ჩიტაძესა და მარიამ ქაჯაია ბათუმში, პროევროპულ აქციაზე 2026 წლის 31 აგვისტოს თავს დაესხნენ – მათზე ფიზიკურად იძალადეს. აგრესიის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს, თუმცა შსს ამ შემთხვევაზე არ რეაგირებს.

შსს-მ რეაგირება მოახდინა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე. ის „ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებს და მას „იმედის“ თანამშრომლებზე მუქარას ედავებიან… ამ დროს, მაგალითად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ ძალადობით მუქარა, თანაც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, პროკურატურამ ასევე რეაგირების გარეშე დატოვა.

რატომ არ დააკავეთ ადამიანი, რომელიც ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს 31 აგვისტოს თავს დაესხა? – ეს შეკითხვა დღეს, 4 სექტემბერს უპასუხოდ დატოვეს შს სამინისტროში.

რა ირკვევა ბათუმის პროევროპულ აქციაზე მომხდარი ძალადობის შემთხვევაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ადვოკატ ია თოდუას ესაუბრა.

  • ქალბატონო ია, თქვენი ინფორმაციით, რატომ არ დააკავეს ის ადამიანები, რომლებმაც ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებზე 31 აგვისტოს ფიზიკურად იძალადეს? 

სამწუხაროდ, გამოძიება არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარიკო ჩიტაძე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანეს, მას ვიზუალურადაც აღენიშნებოდა დაზიანება – სახეზე ნაკაწრისებრი კვალი. ამის შემდეგ რას აკეთებს საგამოძიებო ორგანო, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, ვინაიდან ამ ეტაპამდე ჯერ კიდევ დაზარალებულის სტატუსი არ გვაქვს. 

ვიდრე დაზარალებულის სტატუსი არ გვექნება, ფიზიკურად ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

ასე რომ, ფაქტობრივად ჯერჯერობით ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. პასუხი გვაქვს მხოლოდ ის, რომ როგორც კი იქნება სიახლე, გვაცნობებენ, მაგრამ ჩვენი პრაქტიკით ვიცით: ასეთი ტიპის საქმეებზე გამოძიება ჭიანურდება და არაეფექტურია. სამწუხაროდ, აქაც იგივე მოლოდინი გვაქვს.

რეალურად უკვე არის იმის საფუძველი, რომ დაზარალებულად იყოს ცნობილი, როგორც დარიკო ჩიტაძე, ასევე მარიამ ქაჯაია. რატომ არ ანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს – ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს.

  • დარიკო ჩიტაძეს ხელი ჩაარტყეს, მარიამ ქაჯაიას კი – ქოლგა? 

ქოლგაც ჩაარტყეს და ხელზეც ხელის მოჭერით მას დაზიანება მიაყენეს, როგორც თვითონ განმარტავს, მას ანჯღრევდა, ასე ვთქვათ, თავდამსხმელი, უყვიროდა და საბოლოოდ ქოლგა ჩაარტყა.

  • დაინტერესდა თუ არა გამოძიება ვიდეოჩანაწერებით, სადაც ასახულია, როგორ ემუქრებიან და შეურაცხყოფენ აქციის მონაწილეებს? 

ჩვენ გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია ამ ვიდეოჩანაწერებზე, ეს მტკიცებულება არის შენახული და მზად ვართ, როგორც კი გამოძიება შესაბამისი სასამართლო განჩინებით მოგვმართავს, მივაწოდოთ და გავუზიაროთ ეს ვიდეომტკიცებულება. ეს ვიდეოჩანაწერები ცალსახად ადასტურებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტს. 

ჯერჯერობით ჩვენამდე განჩინებით არ მოუმართავთ. 

ია თოდუა

თავად ფაქტი და ის პირვანდელი ვიდეომტკიცებულებები, რაც თუნდაც სოციალური ქსელით გაჟღერდა, სხვა ნებისმიერი მიუკერძოებელი სისხლის სამართლის საქმის შემთხვევაში უკვე ბრალის საფუძველი იქნებოდა. პრაქტიკაში ბევრ შემთხვევაში ვიდეომტკიცებულება არც კი არსებობს, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და კონფლიქტის არსებობა საკმარისია, რომ ბრალი წარუდგინონ პირს სსკ-ის 126-ე მუხლით [ძალადობა]. 

  • გამოკითხეს მაინც ეს ორი თავდამსხმელი? 

დიახ, ეს ორი ქალბატონი გამოკითხეს. ჩვენ როცა მივედით საგამოძიებო ორგანოში, ისინი უკვე იყვნენ შიგნით და როცა გამოვიდნენ, ჩვენ მერე შევედით. რაღაც ცინიკური ჟესტიკულაცია ჰქონდათ, ვიდეოს გადაღებასაც ცდილობდა ერთ-ერთი, თუმცა მალევე დატოვეს ტერიტორია, რადგან პოლიციის თანამშრომლებიც გამოვიდნენ და შემდეგ მოერიდნენ. 

  • რას ნიშნავს ეს ამბავი, როცა მოძალადე იდენტიფიცირებულია და ამაზე გამოძიება რეაგირებას საერთოდ არ ახდენს, ამავდროულად კი, დღეს, „ოცნების“ ხელისუფლებასთან კრიტიკულ დამოკიდებულებაში მყოფი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვეს? მას „იმედის“ თანამშრომლებზე მუქარას ედავებიან.

მკაფიოა განსხვავებული სტანდარტები, როცა არსებობს პოლიტიკური დაინტერესება.

კიდევ ერთ პარალელს გავავლებ 2026 წლის 28 მაისის შემთხვევასთან დაკავშირებით – უნივერსიტეტის წინ ახალგაზრდა აქტივისტებს პროფესორი თავს დაესხა და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც არსებობს. სამ თვეზე მეტი გავიდა და იმ საქმეშიც არავითარი შედეგი არ არის – ბრალი არ წარუდგენიათ. 

გეტყვით იმასაც, რომ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების საპატიმრო ფორმით იშვიათად შედის საერთოდ პროკურატურა, იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი ტიპის დანაშაული, სადაც ხშირად გამოიყენება პატიმრობა, მით უმეტეს, თუ პირი ნასამართლევი არ არის და თუ მისგან მაღალი საფრთხე არ მოდის.

სამწუხაროა, რომ როგორც კი არის დაინტერესება სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომის – პატიმრობის გამოყენება ხდება.

მეორე მხრივ კი, თუკი ოპოზიციურად, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ მოხდება თავდასხმა – ამ საქმეებში ფაქტობრივად მტკიცებულებები იმთავითვე სახეზეა და სოციალური ქსელითაც გავრცელებულია – იმასაც კი ვერ აღწევენ დაზარალებული ადამიანები, რომ დაზარალებულის სტატუსი მიიღონ და რაღაც შემაკავებელი არსებობდეს.

ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავდასხმა დაუსჯელი დარჩება. ფაქტია, რომ ერთი დაუსჯელი დარჩა, მეორეც. ეს უკვე განგრძობითი ხასიათის მქონე მიდგომაა. 

  • მაგალითად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ორჯერ დაემუქრნენ, მათ შორის, წელს აპრილში და ამის პირდაპირი მტკიცებულება არსებობს – ვიდეოჩანაწერი. ამ შემთხვევაშიც არავინ დაუკავებიათ… 

დიახ, ამას ვამბობ ზუსტად, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კანონი ყველას მიმართ უნდა იყოს თანასწორი. დღეს რთული სათქმელია, რომ კანონი ყველას მიმართ არის თანასწორი.

ამ ვითარებაში, იგივე 28 მაისის საქმეში, როცა აქტივისტებს პროფესორი თავს დაესხა, აქტივისტებს აქვთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო არ იცავს და არ აქვს არანაირი აზრი საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვას.

მინიმუმ 10 განცხადებით მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს და პასუხიც კი არ მიგვიღია.

ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება საკუთარი უფლებების დაცვაზე თვითონ დაიწყოს ზრუნვა. ჩვენ უკვე ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ.

აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები

დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გასულ დღეებში კვლავ გამწვავდა, რასაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე მერყეობის მორიგი ზრდა მოჰყვა. როგორც თიბისი კაპიტალის წინა განახლებაში იყო მითითებული, ესკალაციის ძირითადი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის კონტექსტში ინფლაციაზე მოდის და არა ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მხრივ, ყურადსაღებია, რომ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა სამი სექტემბრისთვის 97 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ივლისის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, განვითარებულ ეკონომიკებში მკვეთრად გაიზარდა განსაკუთრებით გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები, რასაც ნავთობის გაძვირებით გამოწვეული ინფლაციური რისკები და ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინები განაპირობებს. ეს მიუთითებს, რომ არსებული შოკი ბაზრების მხრიდან უკვე ნაკლებად აღიქმება მოკლევადიანად, რაც, თავის მხრივ, ე.წ. მეორე რიგის ეფექტების რისკს ზრდის.

ამ ფონზე, წინასწარი შეფასებით, ივლისში წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 8.0% შეადგინა, რაც მცირედით მაღალია, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის 7.4%-იანი საბაზო სცენარი მოიაზრებს. იანვარ-ივლისში საშუალო ზრდა 7.9% იყო. ამავე დროს, მთლიანი და არარეზიდენტთა უნაღდო ხარჯები – რომლებიც, შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება – აგვისტოში კვლავ აჩქარებულია, განსაკუთრებით არარეზიდენტების შემთხვევაში, რაც თანხვედრაშია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკასთანაც.

თავის მხრივ, აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა. ფასები მეტად გაიზარდა თვიურ ჭრილში, დიდწილად ბენზინისა და დიზელის ხარჯზე, რომელთა კონტრიბუციაც სეზონურად შესწორებულ თვიურ ინფლაციაში (0.4%, გაწლიურებული 5.0%) თითქმის 50% იყო. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განახლების ფონზე, საწვავი, რომელიც ივლისის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, გაძვირებას განაგრძობს. რაც შეეხება წლიური ინფლაციის კომპონენტებს, ჯამური მაჩვენებლის თითქმის ნახევარი ხუთ პროდუქტზე მოდის – ბენზინზე, ელექტროენერგიის ტარიფზე, ძროხის ხორცზე, პურსა და დიზელზე.

ნავთობის ფასის პარალელურად, ივლისში, ორთვიანი კლების შემდეგ, გაიზარდა სურსათის გლობალური ფასებიც. ჯერჯერობით, აღნიშნული დინამიკა სრულ თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის საბაზო სცენართან, რომელიც დეკემბრისთვის წლიურ ინფლაციას 6%-იან ნიშნულზე მოიაზრებს. მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ინფლაცია მცირედით შემცირდება, მათ შორის პურის ფასთან დაკავშირებული საბაზო ეფექტის შედეგად, დეკემბერში კი საბაზო ეფექტი უკვე საპირისპირო მიმართულებით იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ საბაზო სცენარი წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს. იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს. მეორე მხრივ, თუ ბირჟებზე ფასები მკვეთრად შემცირდა – ივნისის მსგავსად – შემცირდება ინფლაციური ზეწოლაც.

ამასთან, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარად 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე დატოვება რჩება, თუმცა პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო ძლიერია. საბაზო სცენარი წლის დარჩენილ პერიოდში მნიშვნელოვან დიზინფლაციას არ ითვალისწინებს, უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა კი ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს. ერთი მხრივ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინფლაციის ზრდას დიდწილად რამდენიმე პროდუქტი განაპირობებს, უფრო ხისტი მაჩვენებლები  კი მეტწილად ზომიერი წნეხის არსებობაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, გლობალურად იზრდება ე.წ. მეორე რიგის ეფექტების რისკი, ეს ფაქტორი კი მაისში სებ-მა პოლიტიკის გამკაცრების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაასახელა. როგორც თიბისი კაპიტალი ივლისის მიმოხილვაში მიუთითებდა, საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციური წნეხის გაძლიერების შემთხვევაში, გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა. მიმდინარე ესკალაცია, შესაძლოა, სწორედ ასეთი შემთხვევა იყოს. თუმცა, არსებული გაურკვევლობის პირობებში, რთულია შეფასება, თუ რა საბოლოო ნიშნულზე ჩამოყალიბდება სასაქონლო პროდუქციის ფასები, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ამ ეტაპზე პროცესებზე შემდგომი დაკვირვება გაგრძელდება.

აგრეთვე, ივლისში დამატებით გაიზარდა უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებები. 2025 წელს დაფიქსირებული 30.1%-დან, მიმდინარე წლის 7 თვეში სავაჭრო დეფიციტი მშპ-ის 26.4%-მდე შემცირდა, რასაც მკვეთრად გაზრდილი სასაქონლო ექსპორტი და იმპორტის კვლავ ზომიერი დინამიკა განაპირობებდა. მეორე კვარტალში, თიბისი კაპიტალის შეფასებით, კიდევ უფრო გაუმჯობესდა სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეინვესტიციების გამორიცხვით, რომელმაც 2026 წლის პირველ კვარტალში პროფიციტი დააფიქსირა, დადებითი დინამიკა კი მესამე კვარტალშიც გრძელდება. ამ ფონზე, ჩვენი შეფასებით, ლარი ჯერ კიდევ წონასწორულ ნიშნულზე სუსტი რჩება – როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ჭრილში. ამ ეტაპზე, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვაშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.

ძლიერი შემოდინებების პარალელურად, მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები გაგრძელდება. სებ-ის მონაცემებით, ივლისის ბოლოს საერთაშორისო რეზერვები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეზერვების შესაბამისობის ნორმის (ARA) 118.7%-ს შეადგენდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივლისში სავალუტო შესყიდვებმა 488 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, წლის პირველ შვიდ თვეში კი შესყიდვები 2.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. რეზერვების დაგროვება, სხვა ფაქტორებთან ერთად, S&P-ის მიერ 7 აგვისტოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გადახედვის ერთ-ერთი საფუძველი იყო. სააგენტოს შეფასებით, საგარეო ბუფერების შემდგომი გაძლიერება სამომავლოდ, შესაძლოა, რეიტინგის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს. ამ ფონზე, სებ-მა აგვისტოში ლარის ლიკვიდობის შემცირების ინსტრუმენტები აამოქმედა, როგორებიცაა სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელის გაყიდვა და სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება. თავის მხრივ, საყურადღებოა, რომ აღნიშნული ქაღალდების ნაწილი არარეზიდენტებმა შეიძინეს, რის შედეგადაც არარეზიდენტების წილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა, აშშ-ში ობლიგაციების მზარდი შემოსავლიანობის მიუხედავად.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007690-macro-update-georgia

რა სამუშაოები მიმდინარეობს ბაგრატიონის 131-ში – მოსახლეობის პროტესტის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა ბათუმში, ბაგრატიონის 131-ში მიმდინარე მშენებლობა. შესაბამის დადგენილება 2026 წლის პირველ სექტემბერს გამოიცა.

მოსახლეობა, რომელიც მშენებარე კორპუსის მოსაზღვრედ ცხოვრობს, ამბობს, რომ კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მითითებას არ ითვალისწინებს, და სამუშაოებს მაინც აგრძელებს. თუმცა თავად კომპანიაში ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ “ასრულებენ მხოლოდ იმ სამუშაოებს, რისი გამოსწორებაც მუნიციპალურმა ინსპექციამ დაავალათ”.

  • რა ხდება

ბაგრატიონის 131-ში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსს კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონი“ აშენებს.

მშენებარე კორპუსი ბაგრატიონის 129ა-ში არსებულ მრავალსართულიან კორპუსს ესაზღვრება, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.

ერთ-ერთი ბოლო საპროტესტო აქცია ბაგრატიონის 129ა-ს მცხოვრებლებმა 2 სექტემბერს გამართეს და მშენებლებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს.

საქმე ისაა, რომ ახალი კორპუსის საძირკვლის სამუშაოების დროს ჩაინგრა უკვე აშენებული კორპუსის ეზო.

ბაგრატიონის 129ა-ში მცხოვრებლები შიშობენ, რომ მათი ცხოვრება იქ უსაფრთხო აღარაა.

ადგილობრივების თქმით, მათ არაერთგზის გამოიძახეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, 2 სექტემბერს კი მიიღეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო.

„საქმისწარმოების პროცესში, 2026 წლის 01 სექტემბერს „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოიცა დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ელლე ბაი ბაგრატიონის“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების თაობაზე.

აღნიშნული დადგენილებით „ელლე ბაი ბაგრატიონი“ დავალდებულდა შეეჩერებინა ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა #131-ში მიწის ნაკვეთზე სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა“, – ნათქვამია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის, დავით მჭედლიძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში.

ბაგრატიონის 129ა-ში მცხოვრებთა თქმით, ამ დადგენილების მიუხედავად, დღეს, 3 და 4 სექტემბერს „ელლე ბაი ბაგრატიონი“ ჩვეულ რიტმში აგრძელებდა მუშაობას.

„ბოლო ორი დღე შეუსვენებლივ მუშაობდნენ. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მშენებლობა. მუნიციპალურში ვრეკავთ და არ გვპასუხობს“, – მოგვწერა ბაგრატიონის 129ა-ში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონს“ და ჰკითხა, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობდა მაშინ, როცა არსებობს მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ.

„ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ რა დადგენილებაც გამოსცა და რისი გამოსწორებისკენაც მიგვითითა, ამჟამად მიმდინარეობს სწორედ ამ დადგენილების შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები.

მარტივად – მუნიციპალურმა რა მოთხოვნებიც წამოგვიყენა, ეგ რომ შევასრულოთ, ამისათვის შესაბამისი სამუშაოებია ჩასატარებელი.

ეს სამუშაოები კანონის ფარგლებშია, ყველაფერს ვაკეთებთ და მუნიციპალურიც საქმის კურსშია. მოდიან, აკვირდებიან სამუშაო პროცესს, თუ რა კეთდება და როგორ.

ასურათებენ, ვიდეოებს იღებენ, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ეს და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ შევასრულოთ მათი მოთხოვნა,“ – ასე განმარტავს „ელლე ბაი ბაგრატიონის“ წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ბაგრატიონის 131-ში ამჟამად.

“ბათუმელებმა” კითხვით მიმართა ბათუმის მერიასაც.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ობიექტზე დაზიანებული ღობის აღდგენა მიმდინარეობს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა

ბათუმში ელექტრონული და სახიფათო ნარჩენების დამუშავების საწარმოს გახსნა იგეგმება

ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩებს შორის მდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „კორეან ელექტრონიქსი“ ელექტრონული/სახიფათო ნარჩენების დასაწყობება-დამუშავებას გეგმავს.

საუბარია საწარმოზე, რომლის მაქსიმალური წარმადობა იქნება 2 600 ტონა ელექტრონული ნარჩენი წელიწადში.

დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება სკოპინგის პროცედურის გავლას. სკოპინგის დასკვნით კი, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს, განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ის] ანგარიშის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი თუ შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის ანგარიში კომპანიას სააგენტოში უკვე წარდგენილი აქვს.

„წინამდებარე პროექტი წარმოადგენს ბათუმში შპს „კორეან ელექტრონიქსის“ სახიფათო ნარჩენების [ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები] წინასწარ დამუშავების და წელიწადში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობის სკოპინგის ანგარიშს…

პროექტი მოიცავს ელექტრონული ნარჩენების შეგროვებას, უსაფრთხო ტრანსპორტირებას, დროებით განთავსებასა და წინასწარ დამუშავებას/დაშლას, შემდგომში მათი აღდგენა-რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით. ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვება მოხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით“ – წერს კომპანია სკოპონგის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „მიმდინარე გათვლებით, ერთდროულად დასაწყობებული ნარჩენების რაოდენობა 1 წლის განმავლობაში არ აღემატება 500 ტონას. თუმცა კომპანიას გააჩნია სრული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური რესურსი, რომ აღდგენის მიზნით დაასაწყობოს 2 600 ტონამდე ნარჩენი“.

კომპანია ასევე წერს, რომ „ისეთი მოწყობილობების დაშლისას, რომლებიც შეიცავს ან არსებობს რისკი, რომ შეიცავდეს მაცივარ აგენტებს [ე.წ. ფრეონს – მაცივრები, კონდიციონერები, სითბოს ტუმბოები], დაშლას და ფრეონის ამოღებას განახორციელებს მხოლოდ სერტიფიცირებული [ლიცენზირებული] ტექნიკოსი. ამოღებული მაცივარ აგენტები შემდგომ მართვამდე განთავსდება იზოლირებულად, ჰერმეტულად და დალუქულ სპეციალურ რეზერვუარებსა თუ ბალონებში“.

„კორეან ელექტრონიქსის“ ტერიტორია ბათუმში

19 147 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ნარჩენების განთავსება იგეგმება, შპს „კორეან ელექტრონიქსმა“ 2025 წელს აუქციონის გზით 13 615 326 ლარად შეისყიდა „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანიისგან, შპს „ჯიარ ქონების მართვისგან“.

„კორეან ელექტრონიქსი“ 2017 წელსაა თბილისში რეგისტრირებული და მისი 100% წილის მფლობელია გიორგი ქიძინიძე.

„კორეან ელექტრონიქსის“ მიერ შეძენილი ნაკვეთის მომიჯნავედ „საქართველოს რკინიგზა“ [მისი შვილობილი კომპანია] კიდევ რამდენიმე ნაკვეთს ყიდდა აუქციონზე. ეს ნაკვეთები „ოცნების“ შემწირველების ახალდაფუძნებულმა კომპანიამ „ბათუმი ლენდმარკმა“ იყიდა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით ეს ნაკვეთები ჯერ ისევ „ჯიარ ქონების მართვის“ საკუთრებაშია, თუმცა მომავალ მესაკუთრედ „ბათუმი ლენდმარკია“ მითითებული.

კიდევ ერთი დეტალი სკოპინგის ანგარიშიდან:

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ალტერნატივების შესახებ.

„შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განხილული იქნა დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობის ალტერნატიული ვარიანტები, ხოლო სხვადასხვა კრიტერიუმების ანალიზის საფუძველზე, შეირჩა ყველაზე ოპტიმალური I ალტერნატიული ვარიანტი“ – წერია ანგარიშში.

პირველი ალტერნატიული ვარიანტი ზემოთ აღნიშნული ტერიტორიაა, რომელიც „კორეან ელექტრონიქსმა“ აუქციონის გზით შეიძინა, მეორე ალტერნატიული ვარიანტად კი მითითებულია ტერიტორია, სადაც ბათუმის ყინულის არენაა განთავსებული – ლადო ასათიანის ქ. N 27. ეს ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

ამონარიდი სკოპინგის ანგარიშიდან

„პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ I ალტერნატიული ვარიანტი მოშორებულია საცხოვრებელ ზონას და აქ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე საქმიანობის განხორციელების ეტაპზე ზემოქმედება მინიმალურია, ხოლო რაც შეეხება II ალტერნატივას, ტერიტორია მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ ზონაში, რაც მაღალი რისკის მატარებელია, როგორც უსაფრთხოების ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით.

ამასთანავე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ I ალტერნატიული ტერიტორია კომპანიის საკუთრებაშია და დამატებით ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული არ არის, აგრეთვე მინიმიზირებულია სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზე ზემოქმედება. აგრეთვე ტერიტორიის სიახლოვეს ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის საწარმოები. შესაბამისად არსებული გარემო ადაპტირებულია საწარმოო საქმიანობისთვის.“ – წერს „კორეან ელექტრონიქსი“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „კორეან ელექტრონიქსს“ იმის გასარკვევად, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის ყინულის არენის ტერიტორია სკოპინგის ანგარიშში, თუმცა კომპანიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ამ შემთხვევაში შესაძლოა მისამართი შეცდომით იყოს მითითებული“.

„საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია განპირობებულია საბაზრო მოთხოვნილების ზრდით. აღსანიშნავია, რომ გრანულების წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული არასახიფათო პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების პროცესს. ნარჩენების არასწორი მართვა დიდ პრობლემებს ქმნის, როგორც ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში… პროექტს არ გააჩნია მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე… პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნარჩენების გადამუშავების პროცესში“ – წერს კომპანია.

ნარჩენების სახეობები და კატეგორიები, რომლებსაც საწარმო მიიღებს:

  • თბოგამცვლელი ტექნიკა: მაცივრები, საყინულეები, ცივი პროდუქციის ავტომატური დისპენსერები, კონდიციონერები, დეჰუმიდიფიკატორები, სითბოს ტუმბოები, ზეთის რადიატორები და სხვა ტემპერატურული მიმოცვლის აღჭურვილობა.
  • ეკრანების მონიტორები: 100 სმ²-ზე მეტი ფართობის ეკრანის შემცველი ტექნიკა ეკრანები, ტელევიზორები, LCD ფოტოჩარჩოები, მონიტორები, ლეპტოპები, ნოუთბუქები.
  • ნათურები: ფლუორესცენციული სწორი და კომპაქტური ნათურები, მაღალი ინტენსივობის განმუხტვის ნათურები [ნატრიუმის, მეტალჰალოგენური], შუქდიოდები.
  • მსხვილი ტექნიკა: სარეცხი მანქანები, საშრობები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ღუმელები, IT და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები, სამედიცინო და მონიტორინგის აპარატურა, ფოტოვოლტაიკური [მზის] პანელები და სხვა.
  • მცირე ზომის ტექნიკა: მტვერსასრუტები, მიკროტალღური ღუმელები, უთოები, ტოსტერები, ჩაიდნები, საათები, ელექტრო საპარსები, კალკულატორები, ვიდეოკამერები, მცირე სამედიცინო და მონიტორინგის ინსტრუმენტები.
  • მცირე ზომის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები: მობილური ტელეფონები, GPS, ჯიბის კალკულატორები, როუტერები, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შენიშვნები წარუდგინონ სააგენტოს 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 21 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილია სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაც:

  • საჯარო განხილვა: 2026 წლის 21 სექტემბერი, 16:00 საათი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა [მის: ლ. ასათიანის ქუჩა N25].
  • წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები კი შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].

„დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის და საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

წელს ბსუ-ში 2013 სტუდენტი ჩაირიცხა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, წელს, ეროვნული გამოცდებით, ბსუ-ში, 2013 სტუდენტი ჩაირიცხა.

„შარშანდელთან შედარებით წელს 150 სტუდენტით მეტი ჩაირიცხა [შესაბამისად, 2163 სტუდენტი] და ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან უკვე დაანონსდა მეორადი ჩარიცხვებიც“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბსუ-ში.

მათივე ინფორმაციით, ბსუ-ში ამ დროისთვის 7000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ბსუ-ს ინფორმაციით, წელს მოთხოვნადი მიმართულებებია:

  • ინგლისური ფილოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალმცოდნეობა
  • ქართული ფილოლოგია
  • სტომატოლოგია
  • საჯარო მმართველობა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • ფილოსოფია
  • მედიცინა
  • ტექნოლოგიური

ნაკლებად მოთხოვნადი მიმართულებებია:

  • აგრარული
  • ფარმაცია
  • ელექტრონიკა და ტელეკომუნიკაცია
  • ნავთობისა და გაზის ინჟინერია

„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს აეკრძალათ უცხოელი სტუდენტების მიღება. თუმცა, როგორც ბსუ-ში გვითხრეს, მათ არც უცხოელი სტუდენტების მიღებაზე შეჰქმნიათ წელს პრობლემა.

„ბსუ ყოველწლიურად 150-200-მდე უცხოელ სტუდენტს იღებს“, – გვაცნობეს უნივერსიტეტიდან.

სასწავლო პროცესი ბსუ-ში 28 სექტემბერს განახლდება.

ბათუმში ავტომანქანა სქროლს დაეჯახა – დაშავდა მამა-შვილი

დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

მსუბუქი ავტომობილი მამა-შვილს დაეჯახა, რომლებიც სქროლით გადაადგილდებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.

რატომ არ დააკავეს, ვინც გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს ელიზბარაშვილი

მუქარის მუხლით დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილი დაპატიმრებულია, მაშინ, როცა, მაგალითად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე მუქარის ფაქტები პროკურატურამ რეაგირების გარეშე დატოვა.

თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა დამცველია. ელიზბარაშვილის თქმით, მას პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, დაგვემუქრაო და თამაზ ელიზბარაშვილი მალევე დააკავეს.

გელა მთივლიშვილი კი „მთის ამბების“ ჟურნალისტია. ის არაერთხელ გახდა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის და მუქარის ობიექტი. მაგალითად, გელა მთივლიშვილს დაემუქრნენ 2026 წლის პირველ აპრილს, როცა იგი დუშეთში, სოფელ წკერეთში იღებდა ვიდეოს. რუსეთისკენ მიმავალი გზის მშენებლობამ სასაფლაო წალეკა. ოთხი ადამიანის ნეშტს ტალახსა და ნაყარ მიწაში ბულდოზერებით ეძებდნენ.

გამოძიება პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით დაიწყო ძალადობის მუქარით [სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილი]. ეს მუხლი უფრო მძიმეა, ვიდრე მუქარა და სასჯელის სახით ჯარიმას, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დრომდე ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ.

გელა მთივლიშვილს დაემუქრნენ 2023 წელსაც „თავს მოგაჭრითო“. საგამოძიებო ფილმის მიხედვით, 2020 წელს ჭიათურაში, სოფელ დარკვეთში 30 წლის კაცი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის მიერ გზის პირას დატოვებულ, წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. მაშინ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობის მუქარით.

მუქარის მუხლით დაკავებული ცხოველთა დამცველის, თამაზ ელიზბარაშვილის სასამართლო სხდომა დღეს, 4 სექტემბერს გაიმართება. გელა მთიშვილის საქმე კი, ისევ თაროზეა შემოდებული.

„ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას პროკურატურის პრესცენტრიდან, რატომ არ დააკავეს ის, ვინც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს თამაზ ელიზბარაშვილი?

  • რას ედავებიან თამაზ ელიზბარაშვილს? – საქმეში 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს 

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება უკვე წარუდგინა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა დღეს, 4 სექტემბერს გაიმართება.

გამოძიების მიხედვით, 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან გაკეთებულ განცხადებაში ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში სულ 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მათ დაემუქრა ცხოველთა დამცველი და ეს მუქარა რეალურად აღიქვეს.

ბრალდების მხარე დაძაბულობისა და შესაძლო კონფლიქტის მიზეზად თამაზ ელიზბარაშვილის მიერ წარსულში სოციალურ ქსელში გამოხატულ აქტივობას ასახელებს. დაცვის მხარე კი, ხაზს უსვამს, რომ ბრალის დადგენილებაში არ ფიქსირდება დაზარალებულებთან რაიმე სახის პირადი კონფლიქტის არსებობა.

„ბატონი თამაზი ბრალს არ ეთანხმება და მისი ვერსია მომხდართან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებულია. ინციდენტის დროს მან საკუთარი ცოლ-შვილი მომავალ დაძაბულობას აარიდა და სახლში დატოვა, რის შემდეგაც დაბრუნდა, რომ თუ რაიმე შეკითხვები ჰქონდათ მისთვის, დაესვათ, ვინაიდან სხვა დროსაც არ მომხდარიყო რაიმე სახის დაძაბულობა. იქ აღარავინ დახვდა,“ – აცხადებს ადვოკატი.

გამოძიება ასევე საუბრობს ცეცხლსასროლ იარაღზე, რასაც თავად ბრალდებული უარყოფს. ადვოკატის განმარტებით, ამ ეტაპზე იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით ბრალი წარდგენილი არ არის. ერთადერთი იარაღი, რომელიც ელიზბარაშვილის საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკისას იქნა ამოღებული, კანონიერად არის რეგისტრირებული მის სახელზე და ამჟამად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს წინაშე ბრალდებულის ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით წარდგეს, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტად გირაოს გამოყენება შესთავაზოს.

პროკურატურის ვერსიით, „სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა, გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.

დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით.

დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა და „დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში“.

თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა ელიზბარაშვილის მანქანის და სახლის ჩხრეკა ორი მუხლის საფუძველზე (მუქარა, სისხლის სამართლის 151-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების (სისხლის სამართლის 236-ე მუხლი).

„უცხოელებს ადვოკატად გაეცნო და 58 000 ლარი მიისაკუთრა“ – თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც შს სამინისტრო წერს, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და აღნიშნული თანხა თაღლითურად მიისაკუთრა.

დაზარალებულთა მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შემდგომ, ბრალდებულმა დაამზადა საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი და აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით შეეცადა დაზარალებულთა დარწმუნებას, თითქოს მათთვის კუთვნილი თანხა უკან ჰქონდა დაბრუნებული“ – წერს შსს.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

________________

კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში „გამჭვირვალობა“ დაიცავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პოლიტიკური პატიმრის, საბა სხვიტარიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს.

ამის შესახებ დღეს, 4 სექტემბერს განაცხადა ორგანიზაციამ. მათი ინფორმაციით, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში, უკვე გაგზავნილია.

„გამჭვირვალობა საქართველო“ ამ საჩივრით ითხოვს, რომ სასამართლომ დარღვეულად ცნოს საბა სხვიტარიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ორგანიზაციის აზრით, სახელმწიფომ პოლიტიკური მიზნით განახორციელა, რის გამოც იგი ასევე გახდა მე-6 მუხლთან ერთობლიობაში კონვენციის მე-18 მუხლის („უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“) დარღვევის მსხვერპლიც.

საბა სხვიტარიძის საქმის შესწავლაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ორი შეფასება მოამზადა ბლოგზე, რომლებიც გამოქვეყნდა გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასების ეტაპებზე.

„საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელი მოწმეების ცრუ ჩვენებებსა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის უხეში დარღვევის შედეგად მოპოვებულ არასარწმუნო მტკიცებულებებს, უგულებელყო რა, ამასთანავე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გამამართლებელი მტკიცებულებები.

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ხარვეზები, ერთობლიობაში, სერიოზულ ეჭვებს აჩენს საბა სხვიტარიძის მიმართ ჩატარებულ სისხლის სამართლის საქმისწარმოების სამართლიანობასთან და შიდა სასამართლოების მიერ მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის არგუმენტების სათანადოდ შეფასებასთან დაკავშირებით.

დაკავებისას და პოლიციის შენობაში მიყვანისას საბა სხვიტარიძე პოლიციელთა მხრიდან ასევე დაექვემდებარა ძალადობრივ ქმედებებს. მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას საბა სხვიტარიძე ცალკე საჩივრით გაასაჩივრებს“-წერს „გამჭვირვალობა“.

საბა სხვიტარიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 2025 წლის 3 სექტემბერს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რატომ არ არის პლაჟი ახალ ბულვართან – ზღვის ხელოვნურ კვებას აჭარის ბიუჯეტიდან აღარ დააფინანსებენ

ბათუმში აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად ფული აჭარის ბიუჯეტიდან არც წელს დაიხარჯება. არადა, ზღვის ხელოვნური კვებისთვის, ანუ სანაპირო ზოლში ხრეშის შესატანად, 2025 წელს 2 მილიონი ლარი იყო ბიუჯეტში გაწერილი, 2026 წელს კი – 2,6 მილიონი ლარი.

ბათუმი, სანაპირო ზოლი პლაჟის გარეშე, სადაც ნაპირის დასაცავად ჩაწყობილ ლოდებს ზღვა შლის / 3.09.2026

მეტიც, სანაპიროზე წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეში უკვე შეტანილიც უნდა ყოფილიყო, რისთვისაც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტენდერიც ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის იანვარში დასრულდა, თუმცა, სამმართველომ ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზე, მარტის თვეში საერთოდ შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს ის, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში, ვიზუალური დათვალიერებით, საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა.

ვრცლად ამ თემაზე: ჭოროხის კარიერზე საკმარისი ხრეში არ აღმოჩნდა ბულვარის პლაჟისთვის – გარემოს დაცვა

ტენდერის შეწყვეტიდან 5 თვე გავიდა, თუმცა სამმართველოს ხელახალი ტენდერი აღარ გამოუცხადებია.

„ბათუმელები“ დაინტერესდა როდის იგეგმება ახალი ტენდერის გამოცხადება.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელსაც ექვემდებარება ზემოთ აღნიშნული სამმართველო, გვითხრეს, რომ ზღვის ხელოვნური კვების პროგრამას ისინი აღარ განახორციელებენ და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგვამისამართეს. სხვა დეტალების დასაზუსტებლად კი ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

ბათუმი, სანაპირო ზოლი პლაჟის გარეშე, სადაც ნაპირის დასაცავად ჩაწყობილ ლოდებს ზღვა შლის / 3.09.2026

„შესაბამისი სამსახურის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოქტომბრის თვეში გამოაცხადებს ტენდერს“ – მოგვწერეს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 2026 წლის 3 სექტემბერს.

რატომ დააკისრეს გზების დეპარტამენტს ახალ ბულვართან ზღვის ხელოვნური კვების სამუშაოების შესრულება? რა თანხაა საამისოდ გათვალისწინებული? რომელი პროექტის მიხედვით განხორციელდება სამუშაოები? რა რაოდენობის ხრეშს შეიტანენ და როდის? ასევე რა ადგილიდან მოხდება ხრეშის ამოღება სანაპიროზე შესატანად? – ამ კითხვებზე პასუხების მიღება „ბათუმელებმა“ სცადა, თუმცა პასუხები, სავარაუდოდ, მინიმუმ ტენდერის გამოცხადებამდე არ გვექნება.

ვიდრე ახალ ტენდერს ახალი უწყება გამოაცხადებს, აჭარის ბიუჯეტში ჯერ კვლავ რჩება პროგრამა – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“, რომლის მიზანიც შავი ზღვის ბათუმის სანაპირო ზოლის შენარჩუნებაა.

შესაბამისად, ამ სამუშაოებისთვის აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში დღევანდელი მდგომარეობით კვლავ გაწერილია 2 650 000 ლარი. ანუ, ბიუჯეტში ცვლილება ჯერ-ჯერობით არ შეუტანიათ.

მეორე წელია ამ პროგრამაში მოსალოდნელი შედეგიცაა ჩაწერილი: „შენარჩუნებული პლაჟის სიგანე – საშუალოდ 50 მეტრამდე“. თუმცა, დღეს, მდინარე მეჯინისწყლის შესართავიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე 1,3 კილომეტრიან სანაპირო ზოლში არა თუ 50 მეტრი, არამედ 1 მეტრი სიფართის პლაჟიც კი არ არის.

ბათუმი / 3.09.2026

ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე სანაპიროს დასაცავად თავის დროზე სპეციალური ნაგებობა ლოდებით ააგეს, რაშიც 52,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ყოველწლიურად, ზღვის ხელოვნური კვება იყო საჭირო პლაჟის მოწყობა-შენარჩუნებისთვის.

საჭირო რაოდენობის ხრეშის შეუტანლობის გამო აქ არსებული პლაჟის ვიწრო ზოლი ზღვამ კვლავ წარეცხა. ტალღები, პარალელურად, ნაპირდამცავ ლოდებსაც ისევ შლის. მიუხედავად ამისა ადამიანები აქ მაინც ბანაობენ.

ადგილი აეროპორტის ასაფრენ ზოლთან, საიდანაც სანაპიროზე ხრეში უნდა შეეტანათ /. 3.09.2026

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა „ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) პროექტი“, რომელიც სამმართველომ 2022 წლის 10 მაისს ჩაიბარა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით:

„ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“. 

ბათუმის სანაპიროს პრობლემებს რაც შეეხება, ამაზე „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი უმთავრეს პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებს:

ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა.

თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა; ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში და ასევე, ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება; შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა.

შეწყდა პლაჟის ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება;

ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] კი ბათუმის კონცხთან ზღვაში იკარგება.

ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 5 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დღის პირველ ნახევარში ელჭექის ხასიათის წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
    ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 17  – 22 გრადუსი სითბო
    ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 6-7 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. მომდევნო 2 დღეს აჭარაში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 493 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 325 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 272 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 49 162 ერთეული [+77]
  • MLRS – 2 088 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 604 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 441 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 355 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 497 911 ერთეული [+1 890]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 489 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 143 642 ერთეული [+492]
  • სპეცტექნიკა – 4 636 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 070 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ომი რუსეთში, სახლში ბრუნდება“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში 5 ადამიანი დაშავდა ზღვაში კატერების შეჯახების შედეგად

ხუთი ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში ორი კატერის შეჯახების შედეგად.

შემთხვევა დღეს, 3 სექტემბერს, საღამოს, ალი და ნინოს მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მოხდა.

შეჯახების შედეგად ორივე კატერზე მსხდომი მოქალაქეები ზღვაში ჩაცვივდნენ.

ინფორმაცია კატერების შეჯახების შესახებ თავდაპირველად “აჭარა თაიმსმა” გაავრცელა.

დაშავებულებს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა გაუწიეს და კლინიკებში გადაიყვანეს.

როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, არცერთ დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლით დაიწყო – წყლის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

„პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული სისტემას უბრუნდება“ – კახა კოჟორიძე

„წიხლებით გამიგდო ხუთმა პოლიციელმა. ადვოკატს წიხლებით ურტყამდნენ, ასეთი რამ სად გაგონილა! ესენი პოლიციელები არიან თუ კრიმინალები?“ – ამბობს ადვოკატი ია სირანაშვილი. ის ამბობს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის სახლში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ თუ სიტყვიერ ძალადობაზე საუბრობენ მოქალაქეები.

რატომ გადაიქცნენ პოლიციელები მოძალადეებად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ადვოკატ კახა კოჟორიძეს ესაუბრა.

  • ბატონო კახა, თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა ის, რომ დღეს მოქალაქეებისთვის პოლიცია არა ადამიანის უფლებების, კანონის დამცველია, არამედ მოძალადე, რომლისგან ელიან საფრთხეს?

სამწუხარო ის არის, რომ პოლიციაში რა პრობლემებიც არსებობდა, ის რჩება სისტემურ პრობლემებად.

მახსოვს, ხელისუფლება რომ შეიცვალა 2012 წელს, მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვიყავი და მალევე, დეკემბერში ამირჩიეს თავმჯდომარედ. არაერთი განცხადება მაქვს გაკეთებული იმ პერიოდში მსგავსი ფაქტების გამო, როცა პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევები იყო მოქალაქეებზე.

მთავარი მიზეზი, რის გამოც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, იყო ძალადობრივი სისტემა და ახლაც იგივე ფაქტებს აქვს ადგილი.

ბუნებრივია, ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც ჩვენ იგივე საქმეს ვაგრძელებდით და მსგავს შემთხვევებზე როცა ვსაუბრობდით, არსებული ხელისუფლება არ იღებდა ამ კრიტიკას. ჩვენ ვამბობდით, რომ კრიტიკის მიზანი იყო არა ახალი პოლიტიკური ძალა დისკრედიტაცია, არამედ „მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპი, რომ დაენახათ ეს სისტემური პრობლემები და ჰქონოდათ სწორი მიდგომა, რადგან თუ ზედა რგოლებიდან არ იქნებოდა სწორი გზავნილები, ისე არაფერი შეიცვლებოდა ქვედა რგოლებშიც.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გაცხადებულ პოლიტიკურ დონეზე ჰქონდათ ცვლილებების სურვილი, მოქალაქეები მაინც საუბრობდნენ ძალადობის ფაქტებზე.

ბოლოს მოვედით იმ ფაქტებამდე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რაც მოვისმინეთ თუნდაც ადვოკატის მხრიდან, რომ მასზე იძალადეს და ასე შემდეგ.

ამ ძალადობების მიზეზი, ვფიქრობ არის დაუსჯელობის განცდა. ადამიანების საუბრობენ მათზე ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ ამ ფაქტებზე არ იწყება გამოძიება დამნაშავის გამოსავლენად.

პოლიციის შენობაში არის ვიდეოთვალები და ფაქტების დადასტურება შეუძლიათ. არიან მოწმეებიც. არ გამოძიება არის პოლიციელისთვის გზავნილი – „სისტემა არის თქვენ მხარეს“.

გახსოვთ, ალბათ, გორში მოქალაქის ცემის კადრები რომ გავრცელდა. ამ შემთხვევაშიც თანამდებობის პირები იმაზე კი არ წუხდნენ, რომ ძალადობა მოხდა, არამედ იმაზე, ამ კადრებს ჩვენი დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენო.

მთავარი საწუხარი უნდა იყოს ის, რომ ასეთი რამ ხდება პოლიციაში.

  • თქვენი შეფასებით, სისტემა მათ მხარესაა და აქვთ დაუსჯელობის განცდა. მაგრამ თავად ამ პოლიციელებს რა აიძულებთ, რომ ადამიანი დახურულ კარს მიღმა სცემონ, ურტყან ფეხები და შეურაცხყოფა მიაყენონ. ესეც ბრძანებაა?

ეს უფრო ფსიქოლოგიური ამბავია და მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. ზოგიერთი პოლიციელი შეიძლება მოიქცეს ასე, ვიღაც ასე არ მოიქცევა.

მე ისეთი პოლიციელებიც ვიცი, რომლებსაც არავინ უცემიათ და ეს ადამიანებიც იმ სისტემაში მუშაობენ. აღზრდის ბრალიც არის ალბათ და ბევრი სხვა ფაქტორიც შეიძლება მუშაობდეს.

  • იქნებ პოლიტიკაა ასეთი, რომ დააშინონ დაკავებული, ზეგავლენა მოახდინონ ამ ფორმით მასზე?

არ ვიცი ასეთი ბრძანება არსებობს თუ არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთი იურისტის განცდა ასეთია, რომ აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ ჰქონდათ მწვანე ანთებული. იძალადეს მათზე და შემდეგ არც გამოიძიეს ეს ფაქტები.

ათეულობით ასეთი შემთხვევა იყო, თუმცა რაღაც ერთ საქმეზე მისცეს ვიღაც პასუხისგებაში და ისიც – საჩვენებლად.

სისტემური დანაშაულის გამოსაჩენად ზოგჯერ ერთი ფაქტიც კი საკმარისია, როცა ცალსახად დანაშაულზეა საუბარი და ამაზე სისტემა არ რეაგირებს. რიგითი გამომძიებელი იმ შემთხვევაში არის დაინტერესებული, თუ ეტყვიან -„გამოიძიე“, მაგრამ თუ ზემდგომი პირისგან მოდის მესიჯი – „არ გამოიძიო“, არ გამოიძიებს.

ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, რომ რიგითი გამომძიებელი სისტემას აღუდგეს წინ. ასე არ ხდება, სამწუხაროდ.

სამართალდამცავ ორგანოებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში საზოგადოება რომ დაეხმაროს, მაგალითად, მიაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავეების შესახებ, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა ამ უწყებების მიმართ. ეს ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა და კვლევები არსებობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების გამართული მუშაობის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი არის ის, რომ ენდობოდეს საზოგადოება.

თუ მოქალაქე ხედავს, რომ პოლიციელის მხრიდან ჩადენილი დანაშაული დაუსჯელია, ის უსამართლოდ მიიჩნევს სისტემას, პოლიციელს მიიჩნევს უსამართლოდ და ნორმალურ ადამიანს აღარ სურს უსამართლო სისტემასთან თანამშრომლობა.

საზოგადოებრივი თანამშრომლობის გარეშე კი სისტემა ეფექტური ვერ იქნება.

  • სააკაშვილის ხელისუფლება ბევრს მუშაობდა იმაზე, რომ მაგალითად პატრულის მიმართ ნდობა ყოფილიყო მაღალი და არაერთი ადამიანისგან მსმენია კიდეც, რომ მაშინ ბევრად დაცულად გრძნობდნენ ისინი თავს, ვიდე დღეს, თუნდაც ქუჩაში. თუ დღეს, მოქალაქეს პატრულის ეშინია და საფრთხეს უფრო ხედავს მისგან, ვიდრე კანონის დამცველს. ეს რას ნიშნავს?

მე არ ვფიქრობ, რომ ვინც ამ სისტემაში მუშაობს, ყველა კრიმინალია და ყველა ცუდად იქცევა.

ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობს ამ სისტემაში. მაგრამ ასმა პოლიციელმა რომ თავისი საქმე კარგად გააკეთოს, შეიძლება ორი არასწორად მოიქცეს და ეს გახდება განსჯის საგანი.

თუ რომელიმე პოლიციელი თავის საქმეს კარგად აკეთებს, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მათი პროფესიული ვალდებულებაა, მაგრამ მეორე მხრივ, თუ რომელიმე პოლიციელი მოქალაქეს სცემს, ფეხებს ურტყამს და ისინი ამას დამალავენ, იმ ასი პოლიციელის კარგად გაკეთებული საქმეც აღარ გამოჩნდება.

თუ პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულები არ იქნება გამოძიებული, საზოგადოების ნდობა ვერ ექნებათ. პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის არგამოძიება არის პრობლემა.

საიაში მუშაობის დროს, ჩემი ინიციატივით ჩავატარეთ კვლევა და გვინდოდა შემოგვეღო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც არ იქნებოდა პროკურატურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან კონტროლირებადი და პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებდა.

ამაზე ვიმუშავეთ სახალხო დამცველთან ერთად და საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ ხელისუფლებამ რაღაცები გაიაზრა, გადადგა ნაბიჯები და მიიღეს კიდეც კანონი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნაზე. სამწუხაროდ, ეს კარგი ინიციატივაც აღმოჩნდა მკვდრადშობილი იმ კუთხით, რომ ისევ ხელისუფლება აკონტროლებს ამ უწყებას.

  • როგორც ვიცით, პროკურატურას დაუქვემდებარეს ეს უწყება, არა?

დიახ. ამ ორგანომ ვერ მიიღო ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ. იმიტომ კი არა, რომ კანონი ვერ დაწერეს, არა, პოლიტიკური ნება არ არსებობდა, რომ ასეთი ტიპის საქმეები ყოფილიყო დამოუკიდებლად, პროფესიულად გამოძიებული.

  • საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესებზე ბევრი პოლიციელი ვნახეთ, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ. ასევე, ხშირი იყო დაკავებები „პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობის“ მუხლით და აქაც, როგორც მოქალაქეები და მათი ადვოკატები აცხადებდნენ, ცრუ ჩვენებების საფუძველზე ხდებოდა მათი დაკავება. ეს არის მიზეზი, რომ პოლიციელი დღეს ცრუმოწმესთან ან პოტენციურ მოძალადესთან არის გაიგივებული?

რასაკვირველია. ცრუ მოწმეებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ნამდვილად. მე, პირადად, ვიყავი არაერთ საქმეზე ადვოკატი, სადაც პოლიციელები ცალსახად ცრუ ჩვენებას აძლევდნენ, ცალსახად დანაშაულს ჩადიოდნენ და ეს რეაგირების გარეშე რჩებოდა.

ერთი საქმე მახსოვს, სადაც პოლიციელმა სასამართლო დარბაზში მისცა ცრუ ჩვენება. ამბობდა, რომ ფაქტის დროს ის იმყოფებოდა, მაგრამ სასამართლო დარბაზში მისმა მეზობელმა იცნო და თქვა, რომ, უბრალოდ, ვერ იქნებოდა ის იმ დროს იქ.

ასეთი ბევრი შემთხვევა იყო და ამის შესახებ იციან ჟურნალისტებმა და საზოგადოებამაც. იმან, რაც, მაგალითად, მზია ამაღლობელთან მიმართებაში გააკეთეს, ვფიქრობ, პოლიციელის იმიჯს ძალიან მძიმედ დაარტყა.

პოლიციაში დასაქმებული არაერთი ადამიანი ვიცი, ვისთვისაც მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა მზიას საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ბედავენ ეს ადამიანები საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებას, რადგან იციან, რომ სისტემა გაწირავთ. მათ არ აქვთ დაცულობის განცდა.

ერთი მხრივ, პოლიციელი, რომელიც დანაშაულს ჩადის, დაუსჯელია, მეორე მხრივ კი, დაუცველად გრძნობს ის თავს, ვისთვისაც ეს მიუღებელია.

  • ის, რომ ამ ქვეყანაში არც მოქალაქეა დაცული და არც სამართალდამცავი, „ოცნების“ გამიზნული პოლიტიკის შედეგია?

რასაკვირველია, ყველაფრის თავი და თავი არის ამ პოლიტიკის შედეგი. თუმცა იმის თქმა, რომ რა ვქნათ ახლა, ასეთი სისტემა და ყველას შეუძლია თავისი ცუდი საქციელის გამართლება, ასე არ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც რიგით მოქალაქეზე, ასევე რიგით პოლიციელზეა პასუხისმგებლობა.

თუნდაც იმავე არჩევნების საკითხს შევეხოთ, ბევრი ამბობს – „რა მექნა, აბა ვინ შემომეხაზა“, „სოციალურს შემიწყვეტენ“, „სამსახურიდან გამათავისუფლებენ“ და ასე შემდეგ. მაგრამ უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რომ თუ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ვიქნებით შეშინებულები, მოსყიდულები და ჩვენს სათქმელს ვერ ვიტყვით, მაშინ შანსი იმისა, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს, უბრალოდ არ არსებობს.

თუ უკეთესობა გვინდა, ეს უკეთესობა მხოლოდ პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, საზოგადოების პასუხისმგებლობაა საჭირო. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს თავზე უნდა ვაგოთ პასუხი. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნებაც გადამწყვეტია.

  • ხელისუფლება მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების დამცველია, მაგრამ ახალისებს და ვერ ხედავს სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ქალებზე. ეს არის რუსული გავლენების შედეგი, როცა არ ინდობს სისტემა არავის, თუ რატომ იცვალეს ასე სახე?

ია სირანაშვილის შემთხვევაზე მე ვერ ვისაუბრებ, როგორც მომხდარ ფაქტზე, მან ისაუბრა ძალადობაზე და ეს გამოსაძიებელი ამბავია, თუმცა მე პირადად დავწერე, რომ ის, რაც ადვოკატმა თქვა, ცალსახად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და გამოძიება უნდა დაწყებულიყო.

თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთ ფაქტებზე, რაც ხელის გულზე დევს. თუნდაც იგივე მზია ამაღლობელის საქმეზე, ხომ?!

თუ ტრადიციებზე საუბრობენ, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში და ლიტერატურაში ერთი პერსონაჟიც კი, რომელიც ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა მაგალითად დგებუაძე.

არც თქმულება ან ზღაპარი მახსენდება, არც რომელიმე კუთხის წეს-ჩვეულება, სადაც კაცები ასე იქცევიან. მე ასეთი ქართული ტრადიცია და კულტურა არ ვიცი. თვითონ თუ აქვთ სხვანაირად ნასწავლი ან წაკითხული სადმე, გვითხრან სად გაიგონეს. ამ ფსევდოღირებულებებს არაფერი აქვთ საერთო ქართულ ტრადიციულ ღირებულებებთან.

ჩემთვის, როგორც იურისტისა და მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია ის პრობლემა, რასაც დღეს ვხედავთ. რუსეთიდან მოდის ეს თუ საიდან, მე ეს არ ვიცი, მაგრამ საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის.

ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ძალიან ცალსახა პოზიცია, რომ პოლიციელის მხრიდან მოქალაქეების ცემისა და მათზე ძალადობის ფაქტებს, არანაირი გამართლება არ აქვს.

პოლიციელი, რომელიც ასე იქცევა, არა მხოლოდ ჩადის დანაშაულს, არამედ აზიანებს სამართალდამცავი სისტემის იმიჯს, რაც ისევ პოლიციას უბრუნდება ბუმერანგივით – უკარგავს თითოეულ პოლიციელს ნდობას და ზოგადად, ინსტიტუტს აზიანებს.

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული პირების საქმე – სასამართლო განხილვა განახლდა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა.

საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს. 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ.

კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში მათ ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი. ქალი ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

კიდევ 5 პირს ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი თამარ მიქელაძე. ის ერთ-ერთი ბრალდებულის დედაა და შარაბიძეების დასახლებაში ცხოვრობს. ქალის თქმით, მას შარაბიძეებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა. ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ.

დღევანდელ პროცესზე რამდენიმე გამომძიებელი დაკითხეს, რომლებმაც ისაუბრეს ბრალდებულებისთვის ბრალის წარდგენაზე, ჩატარებულ ჩხრეკაზე და სხვა პროცედურებზე. ამ პროცედურების მოსაწყენ აღწერას ადვოკატების შეკითხვებიც არ მოჰყვა.

2 გამომძიებლის ჩვენების მოსმენის შემდეგ, ბრალდებულების ზოგიერთი ადვოკატი პროკურორს დაეთანხმა რამდენიმე მტკიცებულება უდავოდ მიეჩნია: ასეთ დროს უდავოდ მიჩნეული მოწმე აღარ იკითხება, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე ადვოკატმა მოწმე სამართალდამცველების ჩვენებები სადავოდ მიიჩნია, მათ სასამართლოში მაინც დაკითხავენ.

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ საქმეში ჯერ კიდევ მოწმეების სახით პოლიციელებს და გამომძიებლებს ჰკითხავენ.

პროკურატურის ძირითადი მტკიცებულება ამ საქმეში ფარული სატელეფონო ჩანაწერებია, რომლის გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე ცენტრალური საკითხი აღმოჩნდა. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის. უცნობია, რა დრო დასჭირდება ამას.

პროკურორმა თემურ გურამიშვილმა დღევანდელ სხდომაზე შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, „დროის დაზოგვის მიზნით“ ჩანაწერების ასლებს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენამდე მოუსმინონ, შემდეგ კი, გაეცნობიან ექსპერტიზის დასკვნასაც.

„არ უნდა დაერთოს“ – მიმართა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ადვოკატმა ზაზა პაპიძემ, როცა საქმის პროკურორმა არსებითი განხილვის პროცესზე ახალი დოკუმენტებით მოვიდა და განაცხადა, ეს აქამდე საქმეში არსებული ფაილების ასლია, საქმეს დავურთოთო.

„ავთენტურობა რას ნიშნავს?“ – ფეხზე წამოდგა ადვოკატი ზაზა პაპიძე. – „ეჭვი ჩნდება, რა გადაწერეს, რა გადმოწერეს. გთხოვთ, დაუშვებლად ცნოთ,“ – აღნიშნა ზაზა პაპიძემ.

„ასლები ხომ ისედაც არის ამ ჩანაწერების საქმეში, ვერ გავიგე, ეს რატომ წარმოადგინეთ?“ – ე.წ. ფლეშკებზე მიუთითა პროკურორს ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ.

საბოლოოდ, მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია გაიზიარა: „გასაგებია ბრალდების პოზიცია, რომ დრო დაგვეზოგა და დაგვეწყო მოსმენა, მაგრამ მხოლოდ მოსმენა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერებში ვინ საუბრობს… შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებ,“ – განაცხადა მოსამართლემ.

„წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე საქმეს დართული ჰქონდა ეს მასალები, იგივე მტკიცებულების დართვა „ფლეშკის“ სახით ჩემთვის გაუგებარია. არ ვიცით, რა არის ამ ჩანაწერებში: იქნებ მეტია, იქნებ – ნაკლებია, იქნებ სულ სხვა მტკიცებულებაა?“ – გვითხრა ადვოკატმა მზია ზოიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

მზია ზოიძე ამ საქმეში ძმები ჭ.-ების ინტერესებს იცავს. პროკურატურის ვერსიით, ავარიის დროს ახლა უკვე ბრალდებულად მიჩნეულმა პირმა დააზიანა სხვა პირის ავტომანქანა, რომლის შეკეთებასაც დათანხმდა და ეს პირობა შეასრულა კიდეც.

თუმცა დაზარალებულს ახალი ავტომანქანა მოუთხოვია. ადვოკატ მზია ზოიძის თქმით, პირმა – ვისი ავტომანქანაც ბრალდებულმა გაარემონტა – შეხვედრა სთხოვა.

„მაგრამ ეს პირი არ დახვდა ადგილზე და ვიღაცის ტელეფონით დაალაპარაკა ასლან ქობულაძე, რომელმაც ახალი ავტომანქანა მოსთხოვა… ეს საუბარი ჭ.-ის ტელეფონით არ ყოფილა, ვიღაცამ ტელეფონი შეუტრიალა და დაალაპარაკა…

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძმები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათ არავისთვის არ მიუმართავთ… ამან არ იცოდა, რომ ის, ვისაც ავტომანქანას უკეთებდა, „ქურდულ სამყაროსთან“ მიდიოდა, რომ უნდა გაერჩიათ საქმე და ასე შემდეგ,“ – გვიყვება ადვოკატი მზია ზოიძე.

გამოძიების ვერსიით კი, ძმებმა ბრალდებულებმა თავად მიმართეს „ქურდულ სამყაროს“: ახალ ავტომანქანას ითხოვენ უსამართლოდო.

„გამოძიების ვერსიით, თითქოს მიმართა „მამულოს“, თუმცა ერთი სატელეფონო ზარიც კი არაა განხორციელებული, არც კი შეხვედრია მას…

ჩანაწერებში მხოლოდ ის ისმის, რომ ბრალდებული ესაუბრება ს.-ს [ვისი ავტომანქანაც ავარიის დროს დაზიანდა] და უხსნის, ეს ნაწილი გავაკეთეთ ავტომანქანის, ახლა შემდეგი ნაწილი და ასე შემდეგ. შენ თუ ახალი ავტომანქანა გინდა, გაყიდე და თუ საჭირო იქნება, თანხას დაგიმატებო.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ამ ძმების „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს,“ – ამბობს ადვოკატი მზია ზოიძე.

პროკურატურა ძმებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდა: ერთ ძმას „ქურდულ სამყაროზე“ მიმართვისთვის 6 თვე რეალური სასჯელით, მეორე ძმას „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობისთვის – წელიწად-ნახევარი, თუმცა ადვოკატის თქმით, ძმებმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვეს – თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

ამ საქმეში პროკურატურამ აქტიურად სცადა ბრალდებულებთან საპროცესოს გაფორმება, თუმცა იმ 30 ბრალდებულიდან, ვისი საქმეც  ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორ სხვადასხვა მოსამართლესთან განიხილება, საპროცესოს მხოლოდ ერთი ბრალდებული დათანხმდა.

ადვოკატების ნაწილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უდანაშაულობის მიუხედავად, ზოგიერთი ბრალდებული თანახმაა ბრალდება აღიაროს და საპროცესო გააფორმოს – ოღონდ ბრალდებულების ერთიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში.

„მაღალია მაინც გამამტყუნებელი განაჩენის მიღების რისკი, ამიტომაც არიან თანახმა საპროცესოზე, მაგრამ ჯერჯერობით არა,“ – გვითხრეს ადვოკატებმა.

„ვალის მოთხოვნა როდის აქეთ გახდა დანაშაული?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. იგი ამ საქმეში ირაკლი ბ.-ს ინტერესებს იცავს. მას „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება გამოძიება.

„მას ჰქონდა ასაღები ვალი და ამას ადასტურებს ის პირი, ვისაც თანხა უნდა მიეცა,“ – გვიყვება ზაზა პაპიძე, – „საუბარია 500 ლარზე. მათ ჰქონდათ ერთობლივი საქმიანობა და ეს დავალიანება დადასტურებულია.

ჩანაწერებს სასამართლო პროცესზეც მოისმენთ და ნახავთ. იქ ისმის მხოლოდ ეს: „თანხა მოიტანე“, „როდის მოიტან? გელოდები“… ჩანაწერში არ ისმის და არც სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება იძულება, ან რაიმე სხვა ქმედება, რამაც შეიძლება მიუთითოს „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე. ბრალდების მხარის წარმოდგენაა მხოლოდ ის, რომ ბრალდებული „ქურდული სამყაროს“ წევრია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს,“ – გვიყვება ადვოკატი.

ადვოკატ ზაზა პაპიძესაც ვკითხეთ: რატომ მოუნდა სინამდვილეში პროკურორს სატელეფონო ჩანაწერების გამოკვლევა ექსპერტიზის დასკვნამდე?

„ექსპერტიზა არის ფილტრი: სად ისმის კონკრეტული პირის ხმა, სად – არ დასტურდება. თუ პროკურორის შუამდგომლობას დავეთანხმებოდით, მისი მითითებით და ფაქტობრივად, მისი ინტერპრეტაციით მოვისმენდით ამ ფარულ ჩანაწერებს, რომ აი, აქ ესა და ეს ბრალდებული ლაპარაკობს, ამას ამბობს.

ამასთან, პროკურორი ცდილობს დროის მოგებას. ჩანაწერები ძალიან ბევრია, 9-თვიანი ვადა კი, შეიძლება მალე გავიდეს,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

ზაზა პაპიძე

ამ თემაზე:

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

კობახიძის სიძე, მინისტრი დავით ფაცაცია 6 წელია საქორწინო საჩუქრად ფულს იღებს

ირაკლი კობახიძის დის ქმარი, დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მინისტრის პოსტს იკავებს.

დავით ფაცაცია 2017 წლამდე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებში მუშაობდა. მისი ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ის საჯარო სექტორში 2019 წელს დასაქმდა. სწორედ ამ წელს, 2019 წლის 22 ივნისს დაქორწინდა ის ირაკლი კობახიძის დაზე, ქეთევან კობახიძეზე.

აფხაზეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური სივის მიხედვით, დავით ფაცაცია 2001-2004 წლებში იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის განათლებისა და განვითარების აკადემიის (AED) პროგრამა – „ახალგაზრდა ლიდერები მშვიდობისა და განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“, ტრენერ-კოორდინატორი.

2005 წელს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, პროგრამა – ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP Georgia), კონფლიქტების ჯგუფის ხელმძღვანელი.

2006 წელს დააფუძნა საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „AIESEC Georgia“ და მისი ვიცე – პრეზიდენტი გახდა.

2005-2009 წლებში იყო ფონდი „აფხაზეთის მომავალი“, პროექტების მენეჯერი, ხოლო 2011-2017 წლებში იყო შპს – „ავიატორის“ კომერციული დირექტორი.

დავით ფაცაცია პროფესიით ეკონომისტია. ის აფხაზეთიდან დევნილია, 1983 წელს  სოხუმში დაიბადა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობაში კი 2019 წელს მივიდა. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ხოლო პარალელურად 2022 წლიდან არის თსუ-ს მოწვეული ლექტორი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

  • რა წერია დეკლარაციაში

დავით ფაცაციას ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, მას არ აქვს სახლი ან რაიმე ქონება. ერთადერთი, რაც ბოლო 7 წლის მანძილზე შევსებული დეკლარაციებიდან ჩანს, მას 2019 წელს საქორწინო საჩუქარი მიუღია, რომელიც 7 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება.

დავით ფაცაცია დეკლარაციას 2019 წლიდან ავსებს, როგორც აფხაზეთის ა/რ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრს.

2019 წლის დეკლარაციაში წერია, რომ დავით ფაცაციამ საქორწინო საჩუქრის სახით მიიღო 54 ათასი ლარი და 14 500 დოლარი.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, მას დეკლარაციის შევსების მომენტში სხვა ქონება არ აქვს. დეკლარაციაში მითითებულია მხოლოდ ის ქონება, რომელიც მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ საჩუქრის სახით მიიღო. კერძოდ, 2013 წელს, ქეთევან კობახიძეს მშობლებისგან, თამარ ზაალიშვილისგან და გიორგი კობახიძისგან საჩუქრად მიუღია წყნეთში მდებარე 567 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2016 წელს საჩუქრად მიღებული აქვს ავტოფარეხი და ბინა.

სხვა ქონება დავით ფაცაციას დეკლარაციაში ასახული არაა.

2019 წელს დავით ფაცაციამ, როგორც მინისტრმა, ხელფასის სახით, 14 750 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ 2 685 ლარი.

2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დავით ფაცაცია უკვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი ხდება.

დეკლარაციაში ისევ ჩანს, ქეთევან კობახიძის საჩუქრები – მიწის ნაკვეთი, ბინა და ავტოფარეხი.

ხოლო ნაღდი ფულის გრაფაში წერია, რომ დავით ფაცაცია ფლობდა 54 000 ლარს და 14 000 დოლარს, რომელიც მიღებული ჰქონდა საქორწინო საჩუქრის სახით.

2020 წელს დავით ფაცაციამ, როგორც მინისტრმა, ხელფასის სახით, 28 461 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიაში პედაგოგად მუშაობდა, 2 716 ლარი.

2021 წელს დავით ფაცაციამ დეკლარაცია შეავსო, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა. ის ამ თანამდებობას დღემდე იკავებს.

დეკლარაციაში მინისტრს ისევ თავისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონება აქვს მითითებული. თუმცა დეკლარაციიდან ქრება 2013 წელს ნაჩუქარი 567 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი წყნეთში და ჩნდება 2019 წელს ნაჩუქარი 2 270 კვ. მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, იგივე მისამართზე.

ქეთი კობახიძეს ეს მიწის ნაკვეთი მშობლებმა აჩუქეს – გიორგი კობახიძემ და თამარ ზაალიშვილმა.

დეკლარაციაში არ არის განმარტება, ვინაიდან მიწის ნაკვეთი 2019 წელს აჩუქეს ქეთევან კობახიძეს, რატომ არ აისახა ის 2020 წლის დეკლარაციაში, ან რა ბედი ეწია 2013 წელს ნაჩუქარ მიწის ნაკვეთს.

2021 წლის დეკლარაციაში დავით ფაცაციამ მიუთითა, რომ საქორწინო საჩუქრის სახით მიიღო 69 ათასი ლარი და 17 000 დოლარი.

დეკლარაციაში ამ თანხის ირგვლის რაიმე სხვა განმარტება მოცემული არაა.

2021 წლის დეკლარაციაში ხელფასის გარდა მოცემულია ქეთევან კობახიძის მიერ მიღებული შემოსავალი 2500 დოლარის ოდენობით, რომელიც მან ნახატის რეალიზაციიდან მიიღო.

2021 წელს დავით ფაცაციამ, ხელფასის სახით, 40 882 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ 1 863 ლარი.

2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ ისევ მიუთითა, რომ მიიღო საქორწინო საჩუქარი 69 ათასი ლარი და 21 000 დოლარი.

სხვა ქონება ან შემოსავალი, მითითებული არაა.

დეკლარაციის მიხედვით დავით ფაცაცია ყოველ წელს იღებს საქორწინო საჩუქარს თანხის სახით

2022 წელს დავით ფაცაციამ, როგორც მინისტრმა, ხელფასის სახით, 55 186 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ 2 195 ლარი. გარდა ამისა, ამ წელს დავით ფაცაცია თსუ-ს მიწვეული ლექტორი გახდა და ხელფასის სახით 361 ლარი აიღო.

2023 წლის დეკლარაციაში დავით ფაცაციას ქონებრივი მდგომარეობა უცვლელია – ერთადერთ ქონებად ისევ მისი მეუღლის, ქეთევან კობახიძის მიერ საჩუქრად მიღებული ბინა და მიწის ნაკვეთი აქვს მითითებული.

2023 წლის დეკლარაციაში დავით ფაცაცია უთითებს, რომ მისმა მეუღლემ ბინის გაქირავებიდან შემოსავლის სახით 5 400 დოლარი მიიღო.

ხოლო ნაღდი ფულის გრაფაში ისევ მითითებული აქვს რომ 2023 წელს საქორწინო საჩუქარი მიიღო – 79 000 ლარი და 26 000 დოლარი.

2023 წელს დავით ფაცაციამ, როგორც მინისტრმა, ხელფასის სახით, 60 705 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ 4 186 ლარი.

დავით ფაცაციას თსუ-ში ჩატარებული ლექციების გამო, ხელფასის სახით, 1 809 ლარი დაერიცხა.

2024 წლის დეკლარაციაში დავით ფაცაციას აღარ უჩანს მშობლების მიერ მეუღლისთვის ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი. უცნობია რა ბედი ეწია ამ მიწის ნაკვეთს, რადგან დეკლარაციაში არსადაა აღნიშნული, გაყიდვის ან გაჩუქების შესახებ რაიმე ინფორმაცია.

2024 წელსაც, წინა წლების მსგავსად, დავით ფაცაციამ საქორწინო საჩუქარი მიიღო – 91 000 ლარი და 29 000 დოლარი.

დავით ფაცაციას მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ ბინის გაქირავების შედეგად, შემოსავლის სახით, 10 200 დოლარი მიიღო. ხოლო ნახატების გაყიდვის შედეგად 8 400 ლარი.

2024 წელს დავით ფაცაციამ, როგორც მინისტრმა, ხელფასის სახით, 66 725 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ 4 186 ლარი.

დავით ფაცაციას თსუ-ში ჩატარებული ლექციებისთვის ხელფასის სახით 1 085 ლარი დაერიცხა.

2025 წლის დეკლარაციაშიც, წინა წლების მსგავსად, დავით ფაცაცია მხოლოდ მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას უთითებს – ბინას და ავტოფარეხს. ასევე, წინა წლების მსგავსად, დავით ფაცაციამ 2025 წელსაც მიიღო საქორწინო საჩუქარი. ამჯერად 105 ათასი ლარი და 34 000 დოლარი.

მისმა მეუღლემ ბინის გაქირავებიდან 10 800 დოლარი მიიღო შემოსავლის სახით, ხოლო თავად დავით ფაცაციამ ორი სამომხმარებლო სესხი აიღო თიბისი ბანკში. ერთი სესხი 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე 30 500 ლარის ოდენობით.

ორივე სესხის გადასახადმა 2025 წელს 11 108 ლარი შეადგინა. 2025 წელს დავით ფაცაციამ ასევე გადაიხადა შვილის, გიორგი ფაცაციას საბავშვო ბაღის გადასახადი – 7 700 ლარი.

„ბათუმელებმა“ სცადა კომენტარის მიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრისგან, რას ნიშნავს მის დეკლარაციაში ასახული საქორწინო საჩუქარი და რის საფუძველზე იზრდება ეს თანხა? დავით ფაცაციამ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.

თუ დავით ფაცაცია განმარტების გაკეთებას მოისურვებს – როგორ იღებდა ბოლო 6 წლის განმავლობაში საქორწინო საჩუქარს, ამ განმარტებას აქვე შემოგთავაზებთ.

შენიშვნა: დავით ფაცაციას დეკლარაცია თავდაპირველად ბლოგერმა სალომე არაბულმა შეისწავლა და ამ თემაზე ვიდეოც ჩაწერა.

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ 50 საერთაშორისო პილოტს უმასპინძლა

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს უმასპინძლა. ექსპედიციის მონაწილეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან საქართველოში კაჭრეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

ბათუმში ვიზიტის ფარგლებში პილოტები „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ პროექტის მასშტაბს, უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, მიმდინარე სამშენებლო პროგრესს, განვითარების ხედვასა და სამომავლო გეგმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტში გათვალისწინებულ საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის განვითარებაც მომავალში კუნძულზე კერძო ავიაციის ფრენების მიღების შესაძლებლობას შექმნის. პროექტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საჰაერო კავშირების გაძლიერება – როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ადგილობრივ კურორტებს შორის, ისე საერთაშორისო მიმართულებებთან.

კუნძულზე პილოტებს „ამბასადორი ჯგუფის“ დამფუძნებელი თორნიკე ქებურია მიესალმა, რომელმაც „ამბასადორი აილენდ ბათუმზე“ საჰაერო ხომალდით დაშვებაც განახორციელა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ექსპედიციის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი.

„კერძო ავიაციის პილოტთა ექსპედიცია საქართველოში 2026“, 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, მარშრუტით ლუქსემბურგი – საქართველო – ლუქსემბურგი, ხორციელდება. ექსპედიცია 4 000-ზე მეტ საზღვაო მილს მოიცავს და მასში 26 საჰაერო ხომალდი მონაწილეობს. პილოტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან არიან, მათ შორის ლუქსემბურგიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ინიციატივას კოორდინაციას უწევს ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი, ხოლო მხარდამჭერები არიან ლუქსემბურგის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Luxembourg), თურქეთის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Türkiye) და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო საკონსულო.

„ბათუმის ექსპედიციის მარშრუტში ჩართვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კარიბჭეა მსოფლიოსთან. „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ასახავს იმ ამბიციას, რომელსაც დღეს საქართველოში ვხედავთ- შეიქმნას ახალი მიმართულებები და ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორებს მოიზიდავს და ქვეყანას ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს. საქართველოს კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ამ შესაძლებლობის წარმოჩენაა“, – აღნიშნა პიტერ სოდერმანსმა, ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულმა და ექსპედიციის კოორდინატორმა.

აღნიშნული საერთაშორისო საავიაციო ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 17 000 წევრს აერთიანებს, რაც ბათუმისა და აჭარის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და რეგიონის კერძო ავიაციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ თავისი საერთაშორისო ხედვითა და მასშტაბით საქართველოს მსოფლიოსთან კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს. ისეთი ინიციატივები, როგორიც კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ბათუმისა და მთლიანად საქართველოს მიმართ საერთაშორისო აუდიტორიის მზარდ ინტერესს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ იყოს პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში ახალ ადამიანებს, ახალ შესაძლებლობებსა და საერთაშორისო კავშირებს მოიზიდავს“, – აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.

ბათუმში ვიზიტის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება. ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო საავიაციო ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის საერთაშორისო ზოგადი ავიაციის რუკაზე პოზიციების გაძლიერებას.

6 მილიონი ლარია გამოყოფილი ბათუმში სანაპირო დაცვის ახალი ოფისის ასაშენებლად

ბათუმში, თამარის [ბენზეს] დასახლებაში, ზღვასთან ახლოს, სანაპირო დაცვის მე-2 სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაა დაგეგმილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღvრო პოლიციამ 5 997 196 ლარით გამოაცხადა.

საპროექტო ტერიტორიის ფართობი 2 855 კვადრატული მეტრია და ის ბათუმში, ზღვიდან 50 მეტრში, თამარ მეფის გამზირი 43-ის მიმდებარედაა. აქ სანაპირო დაცვის სამსახური რამდენიმე წელია რაც განთავსებულია. ზღვაში კი მოწყობილია ხელოვნური ყურე და ნავმისადგომი [აშენებულია ტალღამრეკლი კედელი ნაპირის დასაცავად].

ბათუმი, ბენზე-ბარცხანის სანაპირო ზოლი, სადაც სანაპირო დაცვის ნავსაყუდელი აშენდა, შემდეგ კი ხელოვნური ნახევარკუნძულები [რომელთა მიმდებარედ ახლა ხელოვნური კუნძული შენდება] 2009-2026 [აპრილი] წლების ფოტოები სატელიტიდან. წითელი წერტილით აღნიშნულია სანაპირო დაცვის ოფისის ტერიტორია.
ტენდერის მიხედვით, სანაპირო დაცვის ბათუმის განყოფილების ადმინისტრაციული შენობა სამსართულიანი იქნება.

ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც შენობა უნდა ააშენონ. პროექტი შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვა“ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2026 წლის 28 აპრილს გასცა.

სანაპირო დაცვის ბათუმის განყოფილების ადმინისტრაციული შენობა / ესკიზები პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 21 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბერს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შესაბამისი წერილობითი დავალების მიცემიდან 550 დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს.

ბათუმი, სანაპირო დაცვის ადმინისტრაციული შენობის საპროექტო ტერიტორია [აღნიშნულია წითელი წერტილით]
თავის დროზე ამ ადგილზე „ტალღამრეკლის მოწყობის და სანაპიროზე კენჭნაროვანი მასალის შემოტანა-დატერასების ღონისძიებებმა, სანაპიროს გამორეცხვა მკვეთრად შეაჩერეს“, – წერია გეოლოგიურ დასკვნაში. შესაბამისად, ამავე დასკვნის მიხედვით, „საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით, მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორია იმყოფება დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“.

სანაპირო დაცვის ნავსაყუდელი ბათუმში / ფოტო გეოლოგიური დასკვნიდან

 

 

ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას 14 სექტემბერს განაახლებენ

ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბაღების გაერთიანებას და ჰკითხა, რამდენი ბავშვი დარეგისტრირდა წელს საბავშვო ბაღებში და რამდენი ბავშვის მიღება ვერ შეძლო გაერთიანებამ ადგილების დეფიციტის გამო.

როგორც გაერთიანებაში გვიპასუხეს, ჯერ მონაცემები არ აქვთ დამუშავებული და 10 სექტემბრისთვის ეცოდინებათ, რამდენი ახალი აღსაზრდელი ჩაირიცხება საჯარო ბაღებში. უწყებაში არც ის გვითხრეს, მთლიანობაში რამდენი ბავშვი ირიცხება ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში.

 

მოსკოვის აეროპორტები ზედიზედ მეორე ღამეა დახურულია ზელენსკის მუქარის შემდეგ – მედია

რუსეთში, მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებმა ზედიზედ მეორე ღამეა შეაჩერეს ოპერირება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიერ სამოქალაქო ავიაციისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის სახიფათოობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ – წერს გამოცემა moscow times.

მედიის ცნობით, ზელენსკის განცხადების პირველსავე ღამეს მოსკოვის სამმა აეროპორტმა შეაჩერა ოპერირება, შერემეტიევოში 21 რეისი გაუქმდა და 235 გადაიდო, ხოლო ვნუკოვოში 22 რეისი გაუქმდა და 94 გადაიდო.

„როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მოსკოვის რეგიონის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ცა სახიფათო ხდება სამოქალაქო ავიაციისთვის და ამის შესახებ გააფრთხილა ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ დღეს, 2 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ოფიციალურად აცნობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), გაეროს საავიაციო სააგენტოს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციას გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევის ამ განცხადებას „სახელმწიფო ტერორიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა, ხოლო „როსავიაციამ“ პირობა დადო, რომ მიიღებს დამატებით ზომებს რუსეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

_______________________

ფოტო: moscow times

ოზურგეთში მანქანების გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გურიაში ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში, სხვადასხვა დროს, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით ორი ავტომობილის კარი გააღო, თანხა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს აცხადებს, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

„დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თაღლითობის, სხეულის დაზიანებისა და მუქარისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი აჭარაში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.

პროკურატურა „საეჭვო“ თვითმკვლელობებზე, რაზეც ღარიბაშვილი მეხუთე წერილში საუბრობს

დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 განცხადებაში ნათქვამ „საეჭვო“ თვითმკვლელობაზე, რაც„კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

პროკურატურა თავის განცხადებაში წერს: „2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“.

პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მე-5 წერილში წერდა: „პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 492 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 320. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 324 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 264 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 49 085 ერთეული [+69]
  • MLRS – 2 085 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 600 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 441 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 355 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 496 021 ერთეული [+1 875]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 476 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 143 150 ერთეული [+435]
  • სპეცტექნიკა – 4 628 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 070 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ომი რუსეთში, სახლში ბრუნდება“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„დაური იყო ხიდი ჩვენს შორის, რომელიც მეორედ დაგვინგრიეს“ – თბილისში დაურ ბუავა დაკრძალეს

2 სექტემბერს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა. მის დაკრძალვას, ოჯახის წევრების გარდა, მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.

დაკრძალვას ესწრებოდა 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, 20 წლის კაპრალის, სერგო გოროზიას დედა, მზია გოროზია, რომელიც დაკრძალვაზე შვილის ფოტოთი მივიდა და თქვა, რომ დაური იყო ხიდი, რომელიც მეორედ დაანგრიეს.

„ჩემი შვილი, სერგო გოროზია, აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი. 4 წლამდე იქ იყო, მამა მოუკლეს. შევიდა შეიარაღებულ ძალებში 2008 წელს.

ყველაფერი კარგად ვიცი, სოხუმში ვცხოვრობდით. ჩემი ქმარი არ ომობდა, ჩემმა ქმარმა მითხრა- „ვინ მყავს აქ მოსაკლავი“, ამ ხალხში გავიზარდე, მე აქ ვერავის მოვკლავ, ვინ უნდა მოვკლა აქ?

სამაგიეროდ ის თვითონ მოკლეს, სახლი წაგვართვეს.

2008 წელი მოვიდა. დედა, აფხაზეთს მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთო, აი, ეს იმ მამის შვილია, რომელიც აღმერთებდა სოხუმს, აღმერთებდა აფხაზებს, ყველა ერს სოხუმში, იმიტომ, რომ სოხუმი მრავალეროვანი ქალაქია.

ჩემი შვილი აქ, მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული, ძმათა სასაფლაოზე. მეორეს მხრივ, მიხარია, რომ ახლოსაა, მასთან რომ მივალ, აქაც მოვალ.

მე ვიტირებ თქვენთვისაც.

ერთსაც ვიტყვი. ჩვენი მზე იყო დაური. ჩვენი „ამრა“ [მზე აფხაზურად]. ხიდი ჩვენს შორის, რომელიც მეორედ დაგვინგრიეს.

მთელი საქართველო ტირის. ყველა ნორმალური აფხაზი დღეს ტირის. ყველა, ვინც აზროვნებს. ოსები ტირიან.

ვისარგებლებ შემთხვევით და თანავუგრძნობ აფხაზ დედებს, ოს დედებს. ეს არასწორი ომები იყო ხალხნო. ამ მზესავით ბიჭს არავის მოუკლავს. მას ეკუთვნის ღირსეული პატივი და სახელი“ – თქვა მზია გოროზიამ.

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 28 აგვისტოს თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დაურ ბუავა 26 წლის იყო, როდესაც 2021 წელს აფხაზეთიდან თბილისში ჩამოვიდა. მისი ვიდეოები ძირითადად ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობას, ომს, მშვიდობასა და აფხაზეთის მომავალს ეხებოდა. მას ტიკოკზე ათიათასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი აფხაზი ახალგაზრდა, ადევნებდა თვალს.

ამავე თემაზე: 

ვინ იყო დაურ ბუავა, რომელიც აფხაზეთში „მოღალატედ“ გამოაცხადეს

 

„ომი რუსეთში, სახლში ბრუნდება“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ დღეს, 2 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ოფიციალურად აცნობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), გაეროს საავიაციო სააგენტოს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციას გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო.

„უკრაინამ ოფიციალურად აცნობა ICAO-ს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო არ არის გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი აარიდონ მას [რუსეთის საჰაერო სივრცეს].

რუსეთი განზრახ უგულებელყოფს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად არსებულ საფრთხეებს, რამაც უკვე გამოიწვია რამდენიმე ინციდენტი ბოლო წლებში.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რუსეთის საჰაერო სივრცე სულ უფრო სახიფათო ხდება.

ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა, ვაცნობოთ ICAO-ს, ყველა ავიაკომპანიას და მთავრობებს სიფრთხილისკენ – მაშინაც კი, თუ რუსეთი უარს იტყვის მათი ინფორმირების ვალდებულების შესრულებაზე. ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები.

ომი რუსეთში, სახლში ბრუნდება. უკრაინა ახორციელებს თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად“ – წერს სიბიჰა X-ზე.

1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ გააფრთხილა ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს.

„ჩანთა წაართვეს, ტელეფონები, ფული“ – შსს ვერსიით, ბათუმში კაცი გაძარცვეს დღისით და ჯგუფურად

„ხუთივეს დაკავება უკანონოა, მოსამართლის განჩინების გარეშე დააკავეს,“ – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ საქმეზე, რომელიც ბათუმში მომხდარ ძარცვას ეხება, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის ეს განცხადება არ შეიმჩნია.

ეს ამბავი 2026 წლის 8 ივლისს, საღამოს რვის ნახევარზე მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ჯავახიშვილის და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში ფეხით მიმავალ კაცს 5 პირი თავს დაესხა, სცემა და ჩანთა წაართვა. ჩანთაში კაცს 3 მობილური ტელეფონი, 500 ლარი, 8 მეხსიერების ბარათი და სხვა პირადი ნივთები ჰქონია. დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. დაზარალებულს მსუბუქი ხასიათის დაზიანებები დაუდასტურდა.

დღეს, 2 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ძარცვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ხუთივე ბრალდებული მოსამართლე ლევან ყოლბაიმ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღესვე მოსამართლემ მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად, მაგრამ სადავოდ მიიჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ამ საქმეზე მოწმეთა ჩვენებებს მოუსმენს.

საქმეში მთავარი მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერია, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, ჩანაწერი არ ასახავს ძარცვის ფაქტს და ჩანაწერში ძარცვის ფაქტის შემდეგი ეპიზოდია.

„ვიდეოში ჩანს, რომ მან ჩაიდინა ის ქმედება, რასაც ჩვენ პროკურატურა გვედავება? რა ჩანს იქ?“ – სხდომაზე მოსამართლეს მიმართა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.

„არაფერიც არ ჩანს იქ, მე საუკეთესო პროგრამაში ვნახე ეს ვიდეო, სქესსაც ვერ გაიგებთ, ისეთი ჩანაწერია,“ – პროკურორს გადახედა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. მისი ვერსიით, ბრალდებულები შესაძლოა შემთხვევით გამოჩნდნენ კადრში იმ დროს, როცა ისინი რეალურ დამნაშავეებს მისდევდნენ.

ხუთი ბრალდებულიდან სამი ჯავახიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს – ძარცვის ადგილთან ახლოს. ისინი ერთმანეთის მეზობლები და მეგობრები არიან.

„დუმილის უფლებას ვიყენებ“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა გიორგი ქ.-მ.-მ, მანამდე მას მოსამართლემ ბრალდება გააცნო და უთხრა ისიც, რომ მისთვის წარდგენილი მუხლი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ანალოგიურია ჩვენი პოზიცია, დუმილის უფლებას ვიყენებთ,“ – გაიმეორეს სხვა ბრალდებულებმაც, როცა მოსამართლე ბრალდებასთან დაკავშირებით მათი პოზიციით დაინტერესდა.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ ევროსასამართლოში, გაიგეთ ახლა ჩემი პოზიცია?“ – პროკურორს მიუბრუნდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

„იქნებ შენიშვნა მისცეთ,“ – პროკურორმა დავით აკოპიანმა მოსამართლეს მიმართა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ადვოკატის ეს პოზიცია ბრალდებულთან შეთანხმებული არ იყო: საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ დაწყებულია მოლაპარაკება. საპროცესო კი ბრალდების აღიარების გარეშე არ ფორმდება.

„გთხოვთ, მშვიდად,“ – ადვოკატს მიმართა მოსამართლემ.

„ზარალი 1300 ლარია და დაზარალებული ითხოვს 30 ათას დოლარს“, – აღნიშნა ადვოკატმა ადილარ წირღვავამ. საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა, დაზარალებული იყოს თანახმა, ბრალდებულებს საპროცესო გაუფორმდეთ.

„მატყუარა ნარკორეალიზატორია, ამოიღეთ მიმოწერები და ნახეთ,“ – ხმამაღლა წამოიძახა ისევ ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ დაზარალებულად მიჩნეული კაცის შესახებ. სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა „ბათუმელებთან“ გასაუბრების დროს დაადასტურა, რომ ამ კუთხით მოკვლევა მართლაც მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე, მათ შორის იმაზე, თუ რატომ დააკავეს ბრალდებულები, მაგალითად, მოსამართლის განჩინების გარეშე, პროკურორმა ამ ეტაპზე კომენტარი არ მოგვცა: არსებითი განხილვის ეტაპზე გამოჩნდება, რაც არის სიმართლეო.

„სხვა პირდაპირი მტკიცებულება, სად აქვს პროკურორს?“ – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი შეფასებით, სადავო ვიდეო ჩანაწერის გარდა, პირდაპირი მტკიცებულება პროკურატურას ამ საქმეში არ წარმოუდგენია.

„პრაქტიკა დაადგინა, მათ შორის, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, არ იკვეთება განზრახვა და სახეზე გვაქვს თვითნებობა… მას დღეს ნიშნავენ უზენაეს სასამართლოში,“ – აღნიშნა დავით ჯაფარიძემ.

„განსხვავებულია პრაქტიკა,“ – ჩაილაპარაკა პროკურორმა.

„მიწვევს პროკურორი“, – ბრალდებულების ახლობლებით გადავსებულ დარბაზს გამოხედა ადვოკატმა და დასძინა: „დაზარალებული ამბობს, მე არ მაქვს პრეტენზია, ჩემს ცოლს აქვსო, რა გავიგო ახლა?“

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიცია როგორც კი დაუკავშირდა, ტაქსი გამოიძახა და მივიდა პირველ განყოფილებაში, შემდეგ 3 საათი ელოდა, როდის გამოკითხავდნენ… პოლიციელების ჩვენებები უკვე საქმეშია, მეტი რა უნდა გაანადგურონ? ამ ახალგაზრდებს მთელი ცხოვრება წინ აქვთ, დაეკარგებათ სამართლიანობის განცდა,“ – ბრალდებულის მიმალვის საფრთხე გამორიცხა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ, როცა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა.

ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ ვიდეოჩანაწერზე ექსპერტიზა ჩატარდა. ამ გზით დადასტურდებოდა, ნამდვილად ჩანან თუ არა კადრში ის პირები, რომლებიც ახლა ბრალდებულები არიან.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

9 ტყვია ესროლა და 5 მოხვდა – ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმე

დღეს, 2 სექტემბერს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა დავით ბ. და გიორგი შ. მათ პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას [სსკ-ის 19, 109] ედავება, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას [სსკ-ის 236-ე მუხლი].

საუბარია 2026 წლის 22 ივლისს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე: ქუჩაში მყოფ 31 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 9-ჯერ ესროლეს. დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი კლინიკიდან უკვე გაწერეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ საქმეზე პროკურატურამ ორი პირი დააკავა, მათ შორის, ერთი 17 წლისაა.

„ზდაროვა,“ – მხიარული სახით და ხელის აწევით მიესალმა დარბაზში მსხდომ ახლობლებს არასრულწლოვანი ბრალდებული, რომელიც დარბაზში შემოყვანისთანავე ადვოკატ თემურ ქავშბაიას და მისი კანონიერი წარმომადგენლის – მამის გვერდით დასვეს.

მეორე ბრალდებული – დავით ბ. 22 წლისაა. ის მანდატურებმა გისოსებით გამოყოფილ სივრცეში შეიყვანეს. ბრალდებულმა დარბაზს მშვიდად მოავლო თვალი და ბრალდებულის სკამზე არ ჩამოჯდა.

ამ დროს დარბაზში დაგვიანებით შემოვიდა პროკურორი ირაკლი დონდოლაძე. იგი არასრუწლოვნის პირისპირ დაჯდა.

„სხდომას დახურულად ვაცხადებ“, – ხმამაღლა თქვა მალევე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა და იქვე არასრულწლოვანთა კოდექსის მუხლები დაასახელა, რატომაც დახურა სხდომა.

ბრალდებულების ახლობლები უკმაყოფილო შეძახილებით ტოვებენ დარბაზს.

შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა

საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულს 9 ტყვია ესროლეს და აქედან 5 ტყვია მოხვდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 2 ტყვია ახლაც დაზარალებულის სხეულშია.

მნიშვნელოვანი გარემოება ამ საქმეში ისაა, რომ ბრალდებულები და დაზარალებული ერთმანეთს არ იცნობდნენ. ბრალდებულები კი ერთმანეთთან მეგობრობდნენ. უცნობია, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მოტივი.

გამოძიება ამ საქმეზე ელოდება სხვადასხვა ექსპერტიზის შედეგს, მათ შორის, ტრასოლოგიურ ექსპერტიზას.

გამოძიების ვერსიით, 17 წლის ბრალდებულმა მოტოციკლით მიიყვანა ფიროსმანის ქუჩაზე დავით ბ. არასრუწლოვანს თან არც იარაღი ჰქონია და არც გაუსროლია. გამოძიებამ ორივე ბრალდებულს ერთი და იგივე მუხლებით წარუდგინა ბრალდება.

ორივე ბრალდებული მკვლელობის მცდელობის დღეს, 22 ივლისს შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არასრუწლოვანი ბრალდებული 29 ივლისს რუსთავში დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებული, რომელიც იძებნებოდა, 5 აგვისტოს სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონში დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეს არსებითად განიხილავენ.

____

ამ თემაზე:

დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოტოციკლეტით მიიყვანა კაცი, მან კი სხვას ესროლა

 

„ბათუმი პლაზასთან“, დაპირისპირების შემდეგ, სიგარეტებით მოვაჭრე კაცი დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბათუმში დააკავეს ერთი ადამიანი, რომელიც მათი განცხადებით „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე უაქციზო სიგარეტს ყიდდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი თამბაქოს ნაწარმს ავტომანქანებში მალავდა და მის საცალო რეალიზაციას ქალაქ ბათუმში, „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა.

ჩატარებული ჩხრეკისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 5 000 ლარს აღემატება.

ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მეორე საქმეზე არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ბრალდებულისა და სხვა პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტს, რა დროსაც მათ თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“- წერს საგამოძიებო.

მათი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კაცი, რომელიც საგამოძიებო სამსახურის ინფორაციით დაკავებულია, „ბათუმი პლაზასთან“ შეუძლოდ გახდა. პლაზასთან მყოფმა მოქალაქეებმა მისი დაცვა სცადეს რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ვიდეო:

How Do People Fund an Opposition Politician — A Woman Politician Without an Office or a Party

„It will be deposited into your account with every paycheck. Though even the smallest gift is rich when given with love..,“ a citizen wrote in her message to the independent opposition politician Teona Chalidze.

The „small amount“ that a citizen gave to an opposition politician is 5 Lari.

For six months, politician Teona Chalidze has been asking the public to fund her work. During this time, she has managed to gain 50-55 regular supporters.

The smallest contribution made by citizens to fund her activities is 2 Lari, and the largest amount is 250 Lari.

In total, she saves 1,500 Lari a month – this is not enough for all the activities she pursues during the month, however she says she tries to „make her budget stretch“.

At the end of each month, she presents a detailed report to her audience, supporters, and all interested citizens, describing what she did during the month and how she spent the money donated to her by citizens.

38-year-old Teona Chalidze has two children, one in public preschool and one in public school. It is worth noting that both of her children attend a state school.

She has been involved in activism since the age of 17. She was involved in party activities for almost 10 years. She was a member of the „Strategy Azghmashenebeli“ political party.

„I have gone through every level in party politics,“ says Teona Chalidze.

„I have been a field coordinator and a head of election campaigns. In 2021, I was a majoritarian candidate in Isani. The 2,778 people who went to the polls that year voted for Teona Chalidze as their district representative.“

„Throughout my career, I have never singled out ordinary citizens on political grounds – anyone who has the ambition to hold a responsible position in the country, or to lead any institution, must be in the service of the people. Therefore, a ruler must be a ruler for everyone,“- this is the young female politician’s vision.

Theona Chalidze left party politics a year and a half ago and began working independently. She thought long and hard about how to finance her own work, as he did not want to go into forced immigration or take up a completely different profession to make a living.

Teona Chalidze

She believes that it is impossible to do other things while making policy, because something always gets sacrificed.

“If a politician is focused on another task from morning until evening, doing other work, she physically has no time left to do politics, to stand by people, to go to the regions, to hold a rally at the prison, to walk around with the parents of prisoners, and to be engaged in such activism. Therefore I did everything in my power to dedicate all my time, energy, resources, and experience 24/7 to the work that is organic to me, that I love, and where I feel I am doing very valuable work.

„So I came up with this idea – something that’s less popular in Georgia, but by the way, is much more established in Europe – and I started collecting donations, the so-called fundraising,“ says Teona Chalidze.

Teona Chalidze positions herself as an independent, opposition politician who is focused on social problems and human rights issues.

My supporters are mainly socially vulnerable individuals, pensioners, and people on middle and lower incomes. I work with those whose voices are the least heard.

„I work on solving the problems of the most oppressed people in this country. I try to use my resources to give voice to the problems of these very people,“- says Theona.

The independent politician has no office. She works wherever she can find a workspace. She doesn’t like travelling by tube because her phone has no signal.

„I prefer to travel by bus all the time, because I often work while on the bus. I always have my laptop with me; I work on the go, reply to messages, write various texts, plan different activities and I also prepare the brochures, needed for these activities, myself,“- says Teona.

Theona Chalaidze, together with the parents of political prisoners, has travelled to around 40 cities in the last year : they were in the markets, bus stations and streets of these cities – distributing special newspapers that told the stories of the political prisoners and, in this way, informed citizens about the injustice that had befallen them.

Through our march, the voices of political prisoners reached at least 100,000 people. We were distributing the newspaper “Voice of Freedom from Prison”, which four women politicians and I had put together: Tea Metreveli, Barbare Gimelli -Sulashvili, and Ana Gogoladze.

„I was responsible for organising the regional trips. It became a large-scale campaign. We’re going to continue it again,“ – says Teona Chalidze.

According to Teona Chalidze, she toured 40 cities in Georgia with the families of prisoners of conscience.

Theona Chalidze focuses her work on social themes and social policy.

According to her, there is now no room left for cooperation with the so-called authorities.

The government is exploiting the problem of poverty to make citizens even more vulnerable or to force those who can afford to do so to leave the country.

The only solution is to maintain as close a communication as possible with each individual. Despite this nihilism and despair, we must convince these people that it is precisely their single voice that is decisive.

They think that, in the end, everything will be decided as someone wants; that their single vote doesn’t matter; that, for them, it makes no difference who is in power… So, if we can change these attitudes, the votes of these very people will be decisive in the next election.

The lost trust between politicians, politics, and ordinary people must be rebuilt. Everyone has a role to play in this process. ‘I see these changes as one big puzzle, and one piece of this puzzle could be all of us,’ says Teona Chalidze.

ბათუმის მერია ტროტუარებიდან უნებართვო კომერციულ აპარატებს იღებს

დღეს 2 სექტემბერს, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქის ტერიტორიიდან, კომერციული მიზნით ტროტუარებზე განთავსებული აპარატების დემონტაჟი დაიწყო.

ინსპექციის ცნობით, აპარატები ტროტუარებზე უნებართვოდ იყო განთავსებული.

„აღნიშნული სამუშაოები, კანონის მოთხოვნების აღსრულებას, საზოგადოებრივი სივრცეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქალაქის იერსახის შენარჩუნებას ისახავს მიზნად“ – წერს მუნიციპალური ინსპექცია.

მათი განცხადებით, უნებართვო კონსტრუქციებისა და ობიექტების დემონტაჟი ტურისტული სეზონის განმავლობაში მიმდინარეობს.

__________________

ფოტო: მუნიციპალური ინსპექცია

Exit mobile version