მთავარი,სიახლეები

ქართველი მოსამართლეები მონაწილეობენ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში – ევროსასამართლოს ექს-მოსამართლე

04.09.2026
ქართველი მოსამართლეები მონაწილეობენ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში – ევროსასამართლოს ექს-მოსამართლე

„ავტოკრატიული რეჟიმები არ არსებობენ სასამართლოს დახმარების გარეშე. რაც არ უნდა უგულებელყოფილი იყოს კანონი, მას სჭირდება ფორმალურად აღსრულება და ეს ფორმალური აღმსრულებლები არიან მოსამართლეები,“ – მიიჩნევს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც კონკრეტული მაგალითებით ვესაუბრეთ: სადამდე მივიდა სასამართლო საქართველოში, რომელიც უკვე პლაკატზე ასო „ყ“-ს დაწერის გამო ადამიანებს აპატიმრებს?

ამავდროულად, მოსამართლეები გადაწყვეტილებებში მიუთითებენ ევროსასამართლოს პრაქტიკას:

„როდესაც, მაგალითად, „ვახო სანაიას საქმეზე“ მიღებულ დადგენილებას ვკითხულობდი, მქონდა განცდა, რომ მისი დასაბუთების ნაწილი ვიღაცამ დაწერა და მერე დაუგზავნა მოსამართლეებს, რომლებიც მსგავს საქმეებზე იღებენ გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, ცენტრალიზებულად არის გადაწყვეტილი ასეთი საქმეების განმხილველი მოსამართლეების სია, რომ ვინმემ შემთხვევით „თვითნებობა“ არ გამოიჩინოს…

დისკურსს, რომ ეს პროტესტი მიემართება არადემოკრატიულ მმართველობას, აი, ამას არ აღიარებენ ქართველი მოსამართლეები, მაგრამ მოსამართლე ვერ ეტყვის ამას „ოცნებას“ – ისინი თავად მონაწილეობენ ამ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში,“ – მიიჩნევს ნონა წოწორია.

რა შეიძლება იყოს შემდეგ ეტაპი? – „ბათუმელებმა“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ნონა, სასამართლო საქართველოში უკვე მივიდა იქამდე, რომ დააპატიმრეს აქციის მონაწილე პლაკატზე წარწერისთვისბიძინა არაა, არის?“ – ეს ამბავი არაა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების ევროპული სტანდარტთან მკაფიო დაპირისპირების მაგალითი. რა არის?

ეს არის თანმიმდევრული და ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმისა, რასაც ჰქვია სიტყვის თავისუფლების და განსაკუთრებით პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამას ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვხედავთ. ამიტომაც, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მე პირადად არავითარი, გაკვირვება არ მქონია – ლოგიკური გაგრძელება იყო მთელი იმ პროცესის, რაც წლებია მიმდინარეობს, რაც სისტემური მიდგომა იყო ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების მიმართ.

ეს ხდებოდა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე აღსრულების დონეზე, ანუ სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოების მხრიდან. ამ პროცესის მთელი თაიგული შეიკრა. ამის თავი და თავი არის ის არადემოკრატიული მმართველობა, რომელიც ქვეყანაში განმტკიცდა.

არადემოკრატიული, ავტოკრატიული რეჟიმები არ არსებობენ სასამართლოს დახმარების გარეშე. რაც არ უნდა უგულებელყოფილი იყოს კანონი, მას სჭირდება ფორმალურად აღსრულება და ეს ფორმალური აღმსრულებლები არიან მოსამართლეები.

დღევანდელ რეალობაში არ არსებობს არცერთი ადგილი, სადაც ადამიანი შეიძლება იყოს დაცული სახელმწიფოს წინაშე – ადამიანს მუდმივად თვითნებობასთან უწევს შეჯახება.

  • მოსამართლის მხრიდანაც თვითნებობასთან გვაქვს საქმე, როცა ის პლაკატზე დაწერილი ასო“- გამო მოქალაქეს აპატიმრებს? მოსამართლეს პროცესზე უთქვამს, „მთლიან კონტექსტშიდავინახე შეურაცხყოფაო…  

ჩვენი სასამართლოები ძალიან დახელოვნებულები არიან იმაში, რომ გამოიყენონ ევროსასამართლოს სტანდარტები თვითნებურად, ანუ გადაატრიალონ და რაღაც სტანდარტი ისე გამოიყენონ, როგორც მათ კონკრეტულ სიტუაციაში ესადაგებათ.

ზუსტად კონტექსტზე მინდოდა მეთქვა, რომ კონტექსტის მნიშვნელობა იციან ქართველმა მოსამართლეებმა, მაგრამ ისინი არასდროს კონტექსტს არ იყენებენ. მე, მაგალითად, გავეცანი რამდენიმე გვერდის გამოკლებით, „ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ დადგენილებას [საქმე, სადაც ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო დააპატიმრეს]. ამ საქმეში ევროსასამართლოს პრაქტიკაზე მითითება ძალიან თვალსაჩინოა.

  • თქვენთვის რას აჩვენებს მოსამართლის ამგვარი პოზიციონირება, როცა ის ფეისბუქპოსტის გამო ჟურნალისტს აპატიმრებს და თან ევროსასამართლოს პრაქტიკას მიუთითებს

ძალიან სწორადაც მიუთითებს, სხვათა შორის. სტანდარტების დონეზე ისინი ამ ყველაფერს სწორად აკეთებენ, მაგრამ მოსამართლე ერთი სიტყვითაც კონკრეტული საქმის კონტექსტს, ანუ პოლიტიკურ გარემოს არ ახსენებს (მაგ. რეპრესიული კანონები, დემოკრატიის უკუსვლა, ჟურნალისტების დევნა, ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა).

„ვახო სანაიას საქმეზე“ მიღებულ დადგენილებაში ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს არის მოსამართლე, რომელიც მოქმედებს იდეალურ სამყაროში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია და მართლაც ისეთი სიტყვები შეიძლება მოსაწონი არ იყოს და კონტექსტს მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ეს ადამიანები ხომ ამ სიტყვებს იყენებენ არსებული რეპრესიებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად? სწორედ ამ კონტექსტს არ განიხილავს მოსამართლე.

არ მგონია, ნორმალური დემოკრატია რომ არსებობდეს, ვახო სანაია, მაგალითად, ამ სიტყვას გამოიყენებდა. არც ის ადამიანი არ დადგებოდა პლაკატით, რაც არ უნდა ილაპარაკოს მოსამართლემ იმაზე, რომ კონტექსტით შეურაცხმყოფელი სიტყვა იგულისხმებოდა.

სხვათა შორის, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ევროსასამართლო გადაწყვეტილებით ფერაძის საქმესთან [პლაკატი „პანორამა არა *ლე] დაკავშირებით, დაეთანხმა შიდა სასამართლოებს და თქვა, რომ კონტექსტურად საქართველოში შეიძლება შეურაცხყოფად აღიქმებოდეს ეს კონკრეტული სიტყვა (*ლე“), მაგრამ ასეთი ვულგარული გამონათქვამიც კი, იმსახურებენ დაცვას, თუ ის წარმოადგენს სტილისტური გამოხატვის ფორმას და ემსახურება საზოგადოებრივი  ინტერესის მქონე პოლიტიკურ დისკუსიას.

ამ დისკურსს, რომ ეს პროტესტი მიემართება არადემოკრატიულ მმართველობას, აი, ამას არ აღიარებენ ქართველი მოსამართლეები, მაგრამ მოსამართლე ვერ ეტყვის ამას „ოცნებას“ – ისინი თავად მონაწილეობენ ამ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში. ძნელია არადემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დისკუსიის წარმოდგენა.

უცხო თვალისთვის გადაწყვეტილებაში ევროსასამართლოს სტანდარტის მითითებამ შესაძლოა იმოქმედოს, რომ აი, ეს დასაბუთებაა. ასევე, ეს გადაწყვეტილებები თუ გასაჩივრდება ევროსასამართლოში, იქაც შეიძლება თავგზა დაუბნიოს ზოგიერთ მოსამართლეს, რადგან სწორედ კონტექსტი არ არის აღწერილი.

„ვახო სანაიას საქმეში“ ძალიან სამწუხაროა ის, რომ ვახოს პოზიცია საერთოდ არ არის აღწერილი – მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც, პრაქტიკულად მოსამართლე დარჩა თავის მოედანზე – რაც უნდოდა და რაც ეადვილებოდა, ის ჩაწერა გადაწყვეტილებაში. ამდენად, მოსამართლეს მანიპულაციურად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების მეტი შანსი მიეცა.

დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ვახო პოლიტიკურ თემატიკას აშუქებს. ვახოს პოზიციის დაფიქსირება იმ კუთხით, თუ რატომ აკეთებს ამას, რა არის ეს პროტესტი, მოსამართლეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა და გაუჭირდებოდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების მხოლოდ პრინციპების აღწერის ფორმით გამოყენება.

„ვახო სანაიას საქმეში“ ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა პატიმრობის ვადის გამოყენება, რომელსაც სიტყვის თავისუფლების საქმეებში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ევროსასამართლო ამბობს, რომ გასაგებია, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, ის შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვებს, მათ შორის, დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ როდესაც საუბარია სანქციებზე და განსაკუთრებით მძიმე სანქციებზე პატიმრობის სახით, ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზულად დასაბუთებული.

მიუხედავად იმისა, რომ ვახო სანაიას მიმართ არის ადმინისტრაციული კოდექსი გამოყენებული, ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად თავისი სიმძიმით ეს 14 დღე არის სისხლისსამართლებრივი სანქცია. ამიტომ აქ მოსამართლეს სერიოზული მსჯელობა სჭირდებოდა. მან ახსენა ევროსასამართლოს სტანდარტები სასჯელის დასაბუთებისას, თუმცა ის სათანადოდ არ გამოუყენებია.

კერძოდ, მოსამართლე ერთ ძალიან მძიმე  წინადადებას ამბობს, რომ „პატიმრობის გამოყენება განპირობებულია არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის პოლიტიკური შეხედულებებით, ხელისუფლების კრიტიკით ან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობით, არამედ მისი განმეორებითი სამართალდარღვევითი ქცევით…“ ეს არის კონტექსტისა და საქმის გარემოებების სრული უგულებელყოფა. ასეთ დროს კი, ჩალის ფასი აქვს ევროსასამართლოს სტანდარტის მითითებას.

შედარებისთვის, ფერაძის საქმეში პლაკატისთვის „პანორამა არა *ლე“ სასამართლომ გამოიყენა ჯარიმა 100 ლარი, ახლა 14-დღიანი პატიმრობა. აქ ჩანს, სადამდე მივიდა სასამართლო.

  • რა სახის პრაქტიკა აქვს ვულგარული გამონათქვამების გამოყენების კუთხით ევროსასამართლოს? აქამდე მისაღები აღმოჩნდა ვინმეს დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო

ერთი საქმე მახსენდება – მატასარუ მოლდოვის წინააღმდეგ, რომელიც დააკავეს ერთ-ერთ საქმეზე და გახდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ობიექტი. ამის შემდეგ მან დაიწყო პროტესტის გამოხატვა სამართალდამცავი ორგანოებში კორუფციის წინააღმდეგ.

ერთ-ერთი პროტესტის დროს მან გენიტალიების ფიტულები გამოჭრა, ზედ დააკრა კონკრეტული თანამდებობის პირების სახეები და პროკურატურის კიბეებზე გამოფინა. ამ ადამიანს ორი წელი მიუსაჯეს, თუმცა პირობით შეუცვალეს და ერთი დღეც არ გაუტარებია პატიმრობაში. ევროსასამართლომ თქვა, რომ სანქცია არის ძალიან მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს სასჯელი არ მოუხდია ციხეში.

ერთ-ერთი ავსტრიული საქმეა, რომელიც ეხებოდა სექსუალური სცენების ამსახველი ნახატის გამოფენას, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსების სახეები იყო გამოსახული. ამ შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება იყო ის, რომ საგამოფენო დარბაზს აუკრძალეს სურათის გამოფენა, რაც სასამართლოს მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად შეფასდა.

  • რა აჩვენა თქვენთვისმზია ამაღლობელის საქმემ“ – „იქმნება აღქმა, რომ ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს“. ეს მოსამართლე ნინო სახელაშვილის შესახებ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა თქვა და მიუთითა იმაზე, რომ მოსამართლემ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები.

„მზია ამაღლობელის საქმე“ არის ძალიან მასშტაბური. მე არ მინახავს გადაწყვეტილებები, მაგრამ სრულად ვენდობი მაია მწარიაშვილის ამ შეფასებას. ამას მოსამართლეები აკეთებენ იმ შემთხვევაში, როდესაც უჭირთ არგუმენტების დაწერა. ეს ყველაზე აპრობირებული მეთოდია, რომ მთავარი არგუმენტები არ ასახო, მხარის პოზიცია არ დააფიქსირო და პასუხის გაცემის ვალდებულება აიცილო.

ეს არის მოსამართლის უმწეობის მანიშნებელი. ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან მოსამართლე, მართალია, არ არის ვალდებული, რომ ყველა არგუმენტს გასცეს პასუხი, მაგრამ მნიშვნელოვან არგუმენტებს, რომელსაც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა უპასუხოს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება დასაბუთებულობის სტანდარტს აკმაყოფილებდეს.

„მზია ამაღლობელის საქმე“ თავიდანვე იყო აშკარად პოლიტიკური. უდავოა, რომ ქალბატონი მზია ისჯება თავისი პროფესიული საქმიანობის გამო, მისი პრინციპების გამო, იმის გამო, რომ არ ნებდება. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი რეჟიმები მომართული არიან იქითკენ, რომ ადამიანი მორალურად გაანადგურონ – ავტორიტეტული ადამიანების არსებობა რეჟიმისთვის ყველაზე საშიშია. ამიტომაც, იბრძვიან მათი განადგურებისთვის.

ამიტომაც, იმეორებენ: აღიაროს, მოინანიოს. იციან, რომ როგორც კი, მზია ამას გააკეთებს, ის იქნება მორალურად, პირველ რიგში, საკუთარ თავთან განადგურებული. საზოგადოებრივი ავტორიტეტების განადგურება არის ხელისუფლების ამოცანა.

იმ რეალობაში, რა რეალობაშიც საქართველოა, არავინ არ გრძნობს თავს დაცულად, პირველ რიგში, ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი ხალხი, ის პოლიციელები, რომლებიც თანამდებობებზე არიან და „მზია ამაღლობელის საქმეში“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

სამწუხაროა, რომ ისინი დაჰყვნენ ხელისუფლების ნებას, თუმცა მათ ამაზე ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღეს და საკუთარ ქმედებაზე ადრე თუ გვიან პასუხს აგებენ. ადამიანები იმიტომ ვართ, რომ როდესაც რაღაცას გვთხოვენ ან მოითხოვენ ჩვენგან ისეთს, რომელიც ღირსებას ეწინააღმდეგება, უარი უნდა თქვა მის აღსრულებაზე.

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ქალბატონის მზიას მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ, როგორც მინიმუმ, არსებობს შეთანხმება, რომ ქალი ლოყაზე ხელის გაწნისთვის ციხეში არ უნდა გაუშვა. არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც წარმოუდგენელი საქციელია, რომ ამისთვის ადამიანის მიმართ 2-წლიანი პატიმრობა გამოიყენო.

  • ქართველი ემიგრანტების სარჩელები შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ 2024 წლის არჩევნების შემდეგსადაც საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზეოცნებამჯამურად 13 % აიღოსაარჩევნო უფლება შეუზღუდეს. ემიგრანტებს არ აქვთ იმედი, რომ ამ დავას მოიგებენ. თქვენი აზრით, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ სარჩელს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის?

თქვენ რომ მკითხეთ, ამან გამახსენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არსებობს ამ ქვეყანაში. ცხადია, ეს სასამართლო არ ასრულებს თავის როლს, რომ დაიცვას კონსტიტუცია და დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არ უნდა გვქონდეს, არის პროცედურული წესები, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, ამ უნდობლობის პირობებში მაინც უნდა შევასრულოთ.

საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საჭირო არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი მექანიზმის ამოწურვა ევროსასამართლოსთვის მისამართად. შესაძლოა, სტრატეგიულად ასე ჩათვალეს საჭიროდ ემიგრანტების ადვოკატებმა, რომ ჯერ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეს.

  • რუსულ კანონზე2 წელია საკონსტიტუციოს საქმის განხილვაც კი არ დაუწყია, ამავე საქმეზე კი, უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით… 

ეს აჩვენებს, რამდენად არაეფექტური ინსტიტუტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული სიტუაცია. რეჟიმს ჰგონია, რომ ვიღაცამ რამე არ იცის, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუციები კარგად მიუთითებს ქართული რეალობის შესახებ საფუძვლიან ცოდნას. ბოლო ხანებში ევროპარლამენტისგან გვესმის მკაფიო გზავნილები: დაანებეთ თავი ორმაგ თამაშებს.

ჩვენც, ემიგრანტებმა, შესანიშნავად ვიცით, საქართველოში რა ხდება. არ არის საჭირო საქართველოში ცხოვრება, რომ ზუსტად გვესმოდეს, რა კატასტროფაშიც ვართ.

  • რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი? „ბიძინა იღებს გადაწყვეტილებებს და კლანი მართავს სასამართლოს“ – ასეთია სისტემაში მომუშავე ადვოკატების შთაბეჭდილება.

ცხადია, კლანი მართავს და ამაზე დიდი ხანია არის საუბარი. მე, როდესაც, მაგალითად, „ვახო სანაიას საქმეზე“ მიღებულ დადგენილებას ვკითხულობდი, მქონდა განცდა, რომ მისი დასაბუთების ნაწილი ვიღაცამ დაწერა და მერე დაუგზავნა მოსამართლეებს, რომლებიც მსგავს საქმეებზე იღებენ გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, ცენტრალიზებულად არის გადაწყვეტილი ასეთი საქმეების განმხილველი მოსამართლეების სია, რომ ვინმემ შემთხვევით „თვითნებობა“ არ გამოიჩინოს.

შემდეგი ეტაპი არ ვიცი – ჯერჯერობით დახვრეტაზე არ გადასულან. სავარაუდოდ, კანონების კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებენ წინააღმდეგობის დასაძლევად. ეს მათ არსენალშია. მოსამართლეები კი, უსიტყვოდ იმოქმედებენ.

  • მაგრამ არსებობენ გამონაკლისები, მაგალითად, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, ვერ გავასამართლებ ადამიანებსოცნების რეპრესიული კანონებითო და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თქვენი აზრით, რა დატვირთვა აქვს თუნდაც ერთი მოსამართლის პროტესტს

ზოგადად, პროტესტი იწყება ერთი ადამიანით, ამიტომაც, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შემთხვევა ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ გაბედულმა ორმა-სამმა მოსამართლემ სიტუაცია შეიძლება შეცვალოს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სასამართლოების მთავარი ამოცანაა ზუსტად პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მიიღონ სწორი და თამამი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, თუ პირადად რა ტიპის უსიამოვნება შეიძლება მოჰყვეს ამას მოსამართლისთვის.

  • რატომ არ უჩნდებათ წინააღმდეგობის სურვილი სხვა მოსამართლეებს, მით უმეტეს, უვადოდ დანიშნულებს

პირობითობაა საქართველოში უვადობა. თითქოს ეს არის გარანტია, მაგრამ არაფერი ვიცით ამ ადამიანების თავს რა ხდება. სავარაუდოდ, ისინი კორუფციაში არიან ჩათრეულები. შეიძლება, მოწყვლადი არიან ოჯახის მხრიდან. სხვა შემთხვევაში მე ვერ წარმომიდგენია, ადამიანი თავისი ნებით მონაწილეობდეს ქვეყანაში ავტოკრატიის და დიქტატურის შექმნაში.

მეორე მსოფლიო ომამდე და მის პერიოდში მოსამართლეები მონაწილეობდნენ რეპრესიებში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რა მოხდებოდა მომავალში მაშინ ამის ცოდნა შეიძლება ნაკლები იყო და ჩაყვნენ ამ პროცესს. ახლა მოსამართლეებმა ყველაფერი იციან, ანუ საჯაროა ყველაფერი და მათი მონაწილეობა ამ პროცესში არის ნებაყოფლობითი. რაც არ უნდა იყოს, არის საკითხები, რომელიც არ უნდა დათმო.

შეუდარებლად მეტი ღირებულება არის ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ვიდრე პირადი კეთილდღეობა ან ის, თუ რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო მოსამართლის შესახებ მასზე ზეწოლისთვის.

ერთი მოსამართლის ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო ბიძგის მიმცემი სხვებისთვის. სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. არ ვიცი, ამ მხრივ რამდენად შეიძლება იმედიანი ვიყოთ.

  • გუშინ, მაგალითად, ვესწრებოდითქურდულ სამყაროზემორიგ პროცესს: წელს, ერთერთი სპეცოპერაციით მარტო ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს. შსს ვერსიით, ადამიანები ხშირად პრობლემის მოგვარებას ცდილობენ არა სასამართლოშისადაც ზოგჯერ წლები სჭირდება საქმის განხილვასარამედ მიმართავენქურდულ სამყაროს“. ამ კუთხით მაჩვენებლების გაზრდა რაზე მიუთითებს თქვენთვის

ეს არის იმის ინდიკატორი, რომ სისტემა, რაზეც სახელმწიფო უნდა იდგეს, სრულიად მოშლილია. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება, „ქურდული სამყარო“ არაფერს წყვეტს. ეს არის დაბრუნება წარსულში, სადაც ჩვენ უკვე ვიყავით. მაშინ, როდესაც სასამართლო არ არსებობდა, „ქურდული სამყაროს“ გადაწყვეტილებები აღსრულების უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებები.

არ ვიცნობ ამ საქმეს და ვერ ვიტყვი, 72 ადამიანს რამდენად სწორად აქვთ წარდგენილი ბრალდება ამ მუხლით. „ქურდული სამყარო“ მოქმედებს მაშინ, როდესაც ის შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებთან. ჩვენ წლების განმავლობაში გვესმის, როგორ ეხმარება „ქურდული სამყარო“ ხელისუფლებას, მათ შორის, საარჩევნო კამპანიების დროს. ამიტომ, როდესაც „ქურდულ სამყაროს“ ხელისუფლება იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, მერე „ქურდული სამყაროს“ გააქტიურება გასაკვირი არ არის. ეს არის კიბო, როგორც კორუფცია, რომელიც ედება და კლავს საზოგადოების სხეულს.

სხვათა შორის, მე ვიყავი მოსამართლე, როცა ევროსასამართლომ მიიღო ცნობილი გადაწყვეტილება „აშლარბას საქმეში“, სადაც „ქურდული სამყაროს“ შესახებ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა ევროპული კონვენციის შესაბამისად იქნა ცნობილი.

ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ ვისარგებლეთ მაფიასთან დაკავშირებული იტალიური სასამართლო პრაქტიკით, ასევე იყო პარალელები რიკოს კანონმდებლობასთან [აშშ-ის ფედერალური კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლას]. მაგრამ ბრძოლა ნამდვილი არ არის, თუ ის სისტემურად არ ეხება ამ პრობლემას: ერთი მხრივ, შენ სარგებლობდე ამით და, მეორე მხრივ, ებრძოდე – არ გამოვა. პოლიტიკური ნება ამ სენთან ბრძოლის უნდა იყოს აშკარა და უპირობო.

  • ბოლოს მოლდოვას შესახებ მინდა გკითხოთ, სადაც თქვენ იყავით ჩართული .. ვეტინგის პროცესში. საქართველომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარი თქვა. რა შედეგი დადო მოლდოვამ

მე ვმონაწილეობდი წინასწარი ვეტინგის სისტემაში, რომელიც ეხებოდა მოსამართლეების და პროკურორების თვითმმართველო ორგანოების წევრების შერჩევას, ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და პროკურატურის საბჭო რომ წარმოვიდგინოთ საქართველოში. ეს ორგანოები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, მოსამართლეების ვაკანტური თანამდებობების შესავსებად. ჩვენ შევარჩიეთ საბჭოების წევრები და ეს ორგანოები გახდა ქმედუნარიანი.

მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა მოლდოვაში არ არსებობდა, რადგან სასამართლო ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას.

წინასწარი ვეტინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვა წინ წასულიყო. მე მოხარული ვარ, რომ ამაში წვლილი შევიტანეთ. ამ პროცესის მართვამ დამანახა ის, რომ თუ, მაგალითად, ჩვენს პირველ გადაწყვეტილებებზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო წარმოუდგენელი თვითნებობა, ჩვენს მეორე გადაწყვეტილებებზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – მოსამართლეების უკვე ახალი შემადგენლობით – იყო ფენომენალური. რადიკალური ცვლილება მოხდა გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხში.

ეს პროცესი რთული და წინააღმდეგობებით სავსეა. მაგალითად, მოლდოვაში პროტესტის ნიშნად გადადგა უზენაესი სასამართლოს მთელი შემადგენლობა. მათი გათვლა იყო ის, რომ ჩაშლიდნენ წინასწარი ვეტინგის პროცესს, მაგრამ არ გამოვიდა ისე, როგორც ფიქრობდნენ – ახალი კანონი მიიღო პარლამენტმა და დროებით გაამწესეს მოსამართლეები ქვედა ინსტანციიდან ვაკანსიების შესავსებად.

ჩვენმა კომისიამ საქმიანობა დაასრულა და დანარჩენი ორი კომისია მოქმედი მოსამართლეების და პროკურორების ვეტინგს ახორციელებს. ბოლო სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცი.

  • მოლდოვას შემთხვევამ აჩვენა, რომ მთავარი პოლიტიკური ნებაა? ჩვენთანაც შესაძლოა მალევე მოხერხდეს ამ სისტემის გაჯანსაღება

დიახ, მთავარია პოლიტიკური ნება. არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხავერდოვნად მიდის მოლდოვაში, რადგან ეს ძალიან რთული პროცესია და დროს მოითხოვს. საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა იყო იქ მნიშვნელოვანი: მე, მაგალითად, საერთოდ არ ვიცნობდი არც ერთ ადამიანს, ვის ვეტინგსაც ვაკეთებდით და ჩემთვის მათი წარსული, ოჯახური კავშირები არაფერს ნიშნავდა.

ჩემთვის მთავარი იყო ამ პროცესში კანონის დაცვა, ევროსასამართლოს პრაქტიკის გამოყენება და არავისთვის არ ვიტყოდი, რომ, მაგალითად, შავი თეთრია ან თეთრი – შავია. ჩემი ავტორიტეტი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მას არაფერზე არ გავცვლიდი. ასევე იყვნენ ჩემი სხვა კოლეგებიც. კრიტიკა იყო ჩვენს მიმართ, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებოდით მას. მაინც ისე ვაკეთებდით, როგორც ვთვლიდით, რომ იყო სწორი.

ვეტინგი არ არის ია-ვარდებით მოფენილი პროცესი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. დავინახეთ კიდეც, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის. ცხადია, მოლდოვას არ ექნებოდა წინსვლა ინტეგრაციის გზაზე, რომ არ ყოფილიყო შესამჩნევი წინსვლა მართლმსაჯულების სისტემაში. საბოლოო ჯამში, რეფორმირებული სამართალდამცავი ორგანოები და, პირველ რიგში, სასამართლო სისტემა არის საზოგადოების კეთილდღეობის გარანტი. ეს არის მთავარი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: