მუქარის მუხლით დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილი დაპატიმრებულია, მაშინ, როცა, მაგალითად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე მუქარის ფაქტები პროკურატურამ რეაგირების გარეშე დატოვა.
თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა დამცველია. ელიზბარაშვილის თქმით, მას პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, დაგვემუქრაო და თამაზ ელიზბარაშვილი მალევე დააკავეს.
გელა მთივლიშვილი კი „მთის ამბების“ ჟურნალისტია. ის არაერთხელ გახდა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის და მუქარის ობიექტი. მაგალითად, გელა მთივლიშვილს დაემუქრნენ 2026 წლის პირველ აპრილს, როცა იგი დუშეთში, სოფელ წკერეთში იღებდა ვიდეოს. რუსეთისკენ მიმავალი გზის მშენებლობამ სასაფლაო წალეკა. ოთხი ადამიანის ნეშტს ტალახსა და ნაყარ მიწაში ბულდოზერებით ეძებდნენ.
გამოძიება პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით დაიწყო ძალადობის მუქარით [სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილი]. ეს მუხლი უფრო მძიმეა, ვიდრე მუქარა და სასჯელის სახით ჯარიმას, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დრომდე ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ.
გელა მთივლიშვილს დაემუქრნენ 2023 წელსაც „თავს მოგაჭრითო“. საგამოძიებო ფილმის მიხედვით, 2020 წელს ჭიათურაში, სოფელ დარკვეთში 30 წლის კაცი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის მიერ გზის პირას დატოვებულ, წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. მაშინ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობის მუქარით.
მუქარის მუხლით დაკავებული ცხოველთა დამცველის, თამაზ ელიზბარაშვილის სასამართლო სხდომა დღეს, 4 სექტემბერს გაიმართება. გელა მთიშვილის საქმე კი, ისევ თაროზეა შემოდებული.
„ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას პროკურატურის პრესცენტრიდან, რატომ არ დააკავეს ის, ვინც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს თამაზ ელიზბარაშვილი?
- რას ედავებიან თამაზ ელიზბარაშვილს? – საქმეში 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება უკვე წარუდგინა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა დღეს, 4 სექტემბერს გაიმართება.
გამოძიების მიხედვით, 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან გაკეთებულ განცხადებაში ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში სულ 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მათ დაემუქრა ცხოველთა დამცველი და ეს მუქარა რეალურად აღიქვეს.
ბრალდების მხარე დაძაბულობისა და შესაძლო კონფლიქტის მიზეზად თამაზ ელიზბარაშვილის მიერ წარსულში სოციალურ ქსელში გამოხატულ აქტივობას ასახელებს. დაცვის მხარე კი, ხაზს უსვამს, რომ ბრალის დადგენილებაში არ ფიქსირდება დაზარალებულებთან რაიმე სახის პირადი კონფლიქტის არსებობა.
„ბატონი თამაზი ბრალს არ ეთანხმება და მისი ვერსია მომხდართან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებულია. ინციდენტის დროს მან საკუთარი ცოლ-შვილი მომავალ დაძაბულობას აარიდა და სახლში დატოვა, რის შემდეგაც დაბრუნდა, რომ თუ რაიმე შეკითხვები ჰქონდათ მისთვის, დაესვათ, ვინაიდან სხვა დროსაც არ მომხდარიყო რაიმე სახის დაძაბულობა. იქ აღარავინ დახვდა,“ – აცხადებს ადვოკატი.
გამოძიება ასევე საუბრობს ცეცხლსასროლ იარაღზე, რასაც თავად ბრალდებული უარყოფს. ადვოკატის განმარტებით, ამ ეტაპზე იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით ბრალი წარდგენილი არ არის. ერთადერთი იარაღი, რომელიც ელიზბარაშვილის საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკისას იქნა ამოღებული, კანონიერად არის რეგისტრირებული მის სახელზე და ამჟამად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს წინაშე ბრალდებულის ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით წარდგეს, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტად გირაოს გამოყენება შესთავაზოს.
პროკურატურის ვერსიით, „სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა, გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.
დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით.
დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა და „დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში“.
თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა ელიზბარაშვილის მანქანის და სახლის ჩხრეკა ორი მუხლის საფუძველზე (მუქარა, სისხლის სამართლის 151-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების (სისხლის სამართლის 236-ე მუხლი).






