დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა.
საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ.
კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში მათ ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი. ქალი ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
კიდევ 5 პირს ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი – თამარ მიქელაძე. ის ერთ-ერთი ბრალდებულის დედაა და შარაბიძეების დასახლებაში ცხოვრობს. ქალის თქმით, მას შარაბიძეებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა. ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ.
დღევანდელ პროცესზე რამდენიმე გამომძიებელი დაკითხეს, რომლებმაც ისაუბრეს ბრალდებულებისთვის ბრალის წარდგენაზე, ჩატარებულ ჩხრეკაზე და სხვა პროცედურებზე. ამ პროცედურების მოსაწყენ აღწერას ადვოკატების შეკითხვებიც არ მოჰყვა.
2 გამომძიებლის ჩვენების მოსმენის შემდეგ, ბრალდებულების ზოგიერთი ადვოკატი პროკურორს დაეთანხმა რამდენიმე მტკიცებულება უდავოდ მიეჩნია: ასეთ დროს უდავოდ მიჩნეული მოწმე აღარ იკითხება, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე ადვოკატმა მოწმე სამართალდამცველების ჩვენებები სადავოდ მიიჩნია, მათ სასამართლოში მაინც დაკითხავენ.
„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ საქმეში ჯერ კიდევ მოწმეების სახით პოლიციელებს და გამომძიებლებს ჰკითხავენ.
პროკურატურის ძირითადი მტკიცებულება ამ საქმეში ფარული სატელეფონო ჩანაწერებია, რომლის გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე ცენტრალური საკითხი აღმოჩნდა. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის. უცნობია, რა დრო დასჭირდება ამას.
პროკურორმა თემურ გურამიშვილმა დღევანდელ სხდომაზე შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, „დროის დაზოგვის მიზნით“ ჩანაწერების ასლებს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენამდე მოუსმინონ, შემდეგ კი, გაეცნობიან ექსპერტიზის დასკვნასაც.
„არ უნდა დაერთოს“ – მიმართა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ადვოკატმა ზაზა პაპიძემ, როცა საქმის პროკურორმა არსებითი განხილვის პროცესზე ახალი დოკუმენტებით მოვიდა და განაცხადა, ეს აქამდე საქმეში არსებული ფაილების ასლია, საქმეს დავურთოთო.
„ავთენტურობა რას ნიშნავს?“ – ფეხზე წამოდგა ადვოკატი ზაზა პაპიძე. – „ეჭვი ჩნდება, რა გადაწერეს, რა გადმოწერეს. გთხოვთ, დაუშვებლად ცნოთ,“ – აღნიშნა ზაზა პაპიძემ.
„ასლები ხომ ისედაც არის ამ ჩანაწერების საქმეში, ვერ გავიგე, ეს რატომ წარმოადგინეთ?“ – ე.წ. ფლეშკებზე მიუთითა პროკურორს ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ.
საბოლოოდ, მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია გაიზიარა: „გასაგებია ბრალდების პოზიცია, რომ დრო დაგვეზოგა და დაგვეწყო მოსმენა, მაგრამ მხოლოდ მოსმენა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერებში ვინ საუბრობს… შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებ,“ – განაცხადა მოსამართლემ.
„წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე საქმეს დართული ჰქონდა ეს მასალები, იგივე მტკიცებულების დართვა „ფლეშკის“ სახით ჩემთვის გაუგებარია. არ ვიცით, რა არის ამ ჩანაწერებში: იქნებ მეტია, იქნებ – ნაკლებია, იქნებ სულ სხვა მტკიცებულებაა?“ – გვითხრა ადვოკატმა მზია ზოიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
მზია ზოიძე ამ საქმეში ძმები ჭ.-ების ინტერესებს იცავს. პროკურატურის ვერსიით, ავარიის დროს ახლა უკვე ბრალდებულად მიჩნეულმა პირმა დააზიანა სხვა პირის ავტომანქანა, რომლის შეკეთებასაც დათანხმდა და ეს პირობა შეასრულა კიდეც.
თუმცა დაზარალებულს ახალი ავტომანქანა მოუთხოვია. ადვოკატ მზია ზოიძის თქმით, პირმა – ვისი ავტომანქანაც ბრალდებულმა გაარემონტა – შეხვედრა სთხოვა.
„მაგრამ ეს პირი არ დახვდა ადგილზე და ვიღაცის ტელეფონით დაალაპარაკა ასლან ქობულაძე, რომელმაც ახალი ავტომანქანა მოსთხოვა… ეს საუბარი ჭ.-ის ტელეფონით არ ყოფილა, ვიღაცამ ტელეფონი შეუტრიალა და დაალაპარაკა…
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძმები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათ არავისთვის არ მიუმართავთ… ამან არ იცოდა, რომ ის, ვისაც ავტომანქანას უკეთებდა, „ქურდულ სამყაროსთან“ მიდიოდა, რომ უნდა გაერჩიათ საქმე და ასე შემდეგ,“ – გვიყვება ადვოკატი მზია ზოიძე.
გამოძიების ვერსიით კი, ძმებმა ბრალდებულებმა თავად მიმართეს „ქურდულ სამყაროს“: ახალ ავტომანქანას ითხოვენ უსამართლოდო.
„გამოძიების ვერსიით, თითქოს მიმართა „მამულოს“, თუმცა ერთი სატელეფონო ზარიც კი არაა განხორციელებული, არც კი შეხვედრია მას…
ჩანაწერებში მხოლოდ ის ისმის, რომ ბრალდებული ესაუბრება ს.-ს [ვისი ავტომანქანაც ავარიის დროს დაზიანდა] და უხსნის, ეს ნაწილი გავაკეთეთ ავტომანქანის, ახლა შემდეგი ნაწილი და ასე შემდეგ. შენ თუ ახალი ავტომანქანა გინდა, გაყიდე და თუ საჭირო იქნება, თანხას დაგიმატებო.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ამ ძმების „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს,“ – ამბობს ადვოკატი მზია ზოიძე.
პროკურატურა ძმებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდა: ერთ ძმას „ქურდულ სამყაროზე“ მიმართვისთვის 6 თვე რეალური სასჯელით, მეორე ძმას „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობისთვის – წელიწად-ნახევარი, თუმცა ადვოკატის თქმით, ძმებმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვეს – თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
ამ საქმეში პროკურატურამ აქტიურად სცადა ბრალდებულებთან საპროცესოს გაფორმება, თუმცა იმ 30 ბრალდებულიდან, ვისი საქმეც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორ სხვადასხვა მოსამართლესთან განიხილება, საპროცესოს მხოლოდ ერთი ბრალდებული დათანხმდა.
ადვოკატების ნაწილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უდანაშაულობის მიუხედავად, ზოგიერთი ბრალდებული თანახმაა ბრალდება აღიაროს და საპროცესო გააფორმოს – ოღონდ ბრალდებულების ერთიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში.
„მაღალია მაინც გამამტყუნებელი განაჩენის მიღების რისკი, ამიტომაც არიან თანახმა საპროცესოზე, მაგრამ ჯერჯერობით არა,“ – გვითხრეს ადვოკატებმა.
„ვალის მოთხოვნა როდის აქეთ გახდა დანაშაული?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. იგი ამ საქმეში ირაკლი ბ.-ს ინტერესებს იცავს. მას „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება გამოძიება.
„მას ჰქონდა ასაღები ვალი და ამას ადასტურებს ის პირი, ვისაც თანხა უნდა მიეცა,“ – გვიყვება ზაზა პაპიძე, – „საუბარია 500 ლარზე. მათ ჰქონდათ ერთობლივი საქმიანობა და ეს დავალიანება დადასტურებულია.
ჩანაწერებს სასამართლო პროცესზეც მოისმენთ და ნახავთ. იქ ისმის მხოლოდ ეს: „თანხა მოიტანე“, „როდის მოიტან? გელოდები“… ჩანაწერში არ ისმის და არც სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება იძულება, ან რაიმე სხვა ქმედება, რამაც შეიძლება მიუთითოს „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე. ბრალდების მხარის წარმოდგენაა მხოლოდ ის, რომ ბრალდებული „ქურდული სამყაროს“ წევრია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს,“ – გვიყვება ადვოკატი.
ადვოკატ ზაზა პაპიძესაც ვკითხეთ: რატომ მოუნდა სინამდვილეში პროკურორს სატელეფონო ჩანაწერების გამოკვლევა ექსპერტიზის დასკვნამდე?
„ექსპერტიზა არის ფილტრი: სად ისმის კონკრეტული პირის ხმა, სად – არ დასტურდება. თუ პროკურორის შუამდგომლობას დავეთანხმებოდით, მისი მითითებით და ფაქტობრივად, მისი ინტერპრეტაციით მოვისმენდით ამ ფარულ ჩანაწერებს, რომ აი, აქ ესა და ეს ბრალდებული ლაპარაკობს, ამას ამბობს.
ამასთან, პროკურორი ცდილობს დროის მოგებას. ჩანაწერები ძალიან ბევრია, 9-თვიანი ვადა კი, შეიძლება მალე გავიდეს,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

ზაზა პაპიძე
ამ თემაზე:
„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?






