ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ მე-11 კლასში რეპეტიტორიუმს აანონსებს – „ისწავლიან იმ საგნებს, რაც უნდა ჩააბარონ“

02.12.2025 •
„ოცნება“ მე-11 კლასში რეპეტიტორიუმს აანონსებს – „ისწავლიან იმ საგნებს, რაც უნდა ჩააბარონ“

დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის კონცეფცია წარმოადგინა.

მისი თქმით, სასწავლო საფეხური საჯარო სკოლებში 11-წლიანი სწავლებით განისაზღვრება და მე-11 კლასი პროფილური გახდება.

„ეს მოემსახურება იმ მიზანს, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადებასთან დაკავშირებული, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.

ამ კუთხით, მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი, ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური ერთწლიანი სასწავლო პროგრამა და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა“- თქვა მიქანაძემ.

ასევე, მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება სკოლაში:

„დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 3 თვის განმავლობაში შერჩევითი პროცედურების გავლით შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები და დაინერგოს ერთი სტანდარტით – 1 სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში“.

გივი მიქანაძე შეეხო არაფორმალური განათლების საკითხსაც. მისი თქმით, ამ კომპონენტს უნდა მიეცეს უფრო მეტი დატვირთვა და ჩართული უნდა იყოს საპატრიარქო:

„წელს დაწყებული პროექტი საპატრიარქოსთან, რომელიც ღირებულებით განათლებას ეხება და 50 სკოლაში ეს უკვე შევიტანეთ და ვაპირებთ ამ მიმართულების გაფართოებას. სადაც ბავშვებს ასწავლიან სამშობლოს სიყვარულს და ცხოვრებისეულ ფასეულობებს“ – თქვა მან.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შს და თავდაცვის სამინისტროებს ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებიც „ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.  ჯარის ბანაკის სახით, რომელიც ერთ-ერთი პროექტია და მოსწავლეებს ყოველკვირეულ რეჟიმში სხვადასხვა საჯარისო ბაზებში სტუმრობის შესაძლებლობა აქვთ და ისინი ეცნობიან მხედრულ სულისკვეთებას“.

მისი თქმით, წელს 150 სკოლაში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაიწყეს ჯარის გაკვეთილები, სადაც „მხედრულ სულისკვეთებას, პატრიოტულ მოტივებზე დამოკიდებულ პროგრამებს ასწავლიან და ისტორიებს ჩვენი გმირების შესახებ. ეს მიმართულება კიდევ უფრო განსავითარებელია. ჩამოსაყალიბებელია კლუბები, სექციები, რომელიც ღირებულებით კომპონენტზე იქნება აგებული“ – განაცხადა „ოცნების“ განათლების მინისტრმა.

გივი მიქანაძის თქმით, ასევე აპირებენ, სასწავლო პროცესში აუკრძალონ ბავშვებს მობილური ტელეფონის გამოყენება.

„შემუშავდება შესაბამისი წესი და დაცული იქნება ბალანსი, რომ ბავშვს მშობელთან კომუნიკაციის საშუალება არ დაერღვეს“ – ამბობს მიქანაძე.

___________

ამ თემაზე:

სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება, მე-12 კლასი მსურველებისთვის გაიხსნება – მიქანაძე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: