ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩებს შორის მდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „კორეან ელექტრონიქსი“ ელექტრონული/სახიფათო ნარჩენების დასაწყობება-დამუშავებას გეგმავს.
საუბარია საწარმოზე, რომლის მაქსიმალური წარმადობა იქნება 2 600 ტონა ელექტრონული ნარჩენი წელიწადში.
დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება სკოპინგის პროცედურის გავლას. სკოპინგის დასკვნით კი, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს, განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ის] ანგარიშის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი თუ შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის ანგარიში კომპანიას სააგენტოში უკვე წარდგენილი აქვს.
„წინამდებარე პროექტი წარმოადგენს ბათუმში შპს „კორეან ელექტრონიქსის“ სახიფათო ნარჩენების [ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები] წინასწარ დამუშავების და წელიწადში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობის სკოპინგის ანგარიშს…
პროექტი მოიცავს ელექტრონული ნარჩენების შეგროვებას, უსაფრთხო ტრანსპორტირებას, დროებით განთავსებასა და წინასწარ დამუშავებას/დაშლას, შემდგომში მათი აღდგენა-რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით. ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვება მოხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით“ – წერს კომპანია სკოპონგის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, „მიმდინარე გათვლებით, ერთდროულად დასაწყობებული ნარჩენების რაოდენობა 1 წლის განმავლობაში არ აღემატება 500 ტონას. თუმცა კომპანიას გააჩნია სრული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური რესურსი, რომ აღდგენის მიზნით დაასაწყობოს 2 600 ტონამდე ნარჩენი“.
კომპანია ასევე წერს, რომ „ისეთი მოწყობილობების დაშლისას, რომლებიც შეიცავს ან არსებობს რისკი, რომ შეიცავდეს მაცივარ აგენტებს [ე.წ. ფრეონს – მაცივრები, კონდიციონერები, სითბოს ტუმბოები], დაშლას და ფრეონის ამოღებას განახორციელებს მხოლოდ სერტიფიცირებული [ლიცენზირებული] ტექნიკოსი. ამოღებული მაცივარ აგენტები შემდგომ მართვამდე განთავსდება იზოლირებულად, ჰერმეტულად და დალუქულ სპეციალურ რეზერვუარებსა თუ ბალონებში“.

„კორეან ელექტრონიქსის“ ტერიტორია ბათუმში
19 147 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ნარჩენების განთავსება იგეგმება, შპს „კორეან ელექტრონიქსმა“ 2025 წელს აუქციონის გზით 13 615 326 ლარად შეისყიდა „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანიისგან, შპს „ჯიარ ქონების მართვისგან“.
„კორეან ელექტრონიქსი“ 2017 წელსაა თბილისში რეგისტრირებული და მისი 100% წილის მფლობელია გიორგი ქიძინიძე.
„კორეან ელექტრონიქსის“ მიერ შეძენილი ნაკვეთის მომიჯნავედ „საქართველოს რკინიგზა“ [მისი შვილობილი კომპანია] კიდევ რამდენიმე ნაკვეთს ყიდდა აუქციონზე. ეს ნაკვეთები „ოცნების“ შემწირველების ახალდაფუძნებულმა კომპანიამ „ბათუმი ლენდმარკმა“ იყიდა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით ეს ნაკვეთები ჯერ ისევ „ჯიარ ქონების მართვის“ საკუთრებაშია, თუმცა მომავალ მესაკუთრედ „ბათუმი ლენდმარკია“ მითითებული.
კიდევ ერთი დეტალი სკოპინგის ანგარიშიდან:
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ალტერნატივების შესახებ.
„შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განხილული იქნა დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობის ალტერნატიული ვარიანტები, ხოლო სხვადასხვა კრიტერიუმების ანალიზის საფუძველზე, შეირჩა ყველაზე ოპტიმალური I ალტერნატიული ვარიანტი“ – წერია ანგარიშში.
პირველი ალტერნატიული ვარიანტი ზემოთ აღნიშნული ტერიტორიაა, რომელიც „კორეან ელექტრონიქსმა“ აუქციონის გზით შეიძინა, მეორე ალტერნატიული ვარიანტად კი მითითებულია ტერიტორია, სადაც ბათუმის ყინულის არენაა განთავსებული – ლადო ასათიანის ქ. N 27. ეს ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

ამონარიდი სკოპინგის ანგარიშიდან
„პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ I ალტერნატიული ვარიანტი მოშორებულია საცხოვრებელ ზონას და აქ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე საქმიანობის განხორციელების ეტაპზე ზემოქმედება მინიმალურია, ხოლო რაც შეეხება II ალტერნატივას, ტერიტორია მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ ზონაში, რაც მაღალი რისკის მატარებელია, როგორც უსაფრთხოების ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით.
ამასთანავე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ I ალტერნატიული ტერიტორია კომპანიის საკუთრებაშია და დამატებით ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული არ არის, აგრეთვე მინიმიზირებულია სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზე ზემოქმედება. აგრეთვე ტერიტორიის სიახლოვეს ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის საწარმოები. შესაბამისად არსებული გარემო ადაპტირებულია საწარმოო საქმიანობისთვის.“ – წერს „კორეან ელექტრონიქსი“.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „კორეან ელექტრონიქსს“ იმის გასარკვევად, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის ყინულის არენის ტერიტორია სკოპინგის ანგარიშში, თუმცა კომპანიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ამ შემთხვევაში შესაძლოა მისამართი შეცდომით იყოს მითითებული“.
„საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია განპირობებულია საბაზრო მოთხოვნილების ზრდით. აღსანიშნავია, რომ გრანულების წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული არასახიფათო პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების პროცესს. ნარჩენების არასწორი მართვა დიდ პრობლემებს ქმნის, როგორც ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში… პროექტს არ გააჩნია მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე… პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნარჩენების გადამუშავების პროცესში“ – წერს კომპანია.
ნარჩენების სახეობები და კატეგორიები, რომლებსაც საწარმო მიიღებს:
- თბოგამცვლელი ტექნიკა: მაცივრები, საყინულეები, ცივი პროდუქციის ავტომატური დისპენსერები, კონდიციონერები, დეჰუმიდიფიკატორები, სითბოს ტუმბოები, ზეთის რადიატორები და სხვა ტემპერატურული მიმოცვლის აღჭურვილობა.
- ეკრანების მონიტორები: 100 სმ²-ზე მეტი ფართობის ეკრანის შემცველი ტექნიკა ეკრანები, ტელევიზორები, LCD ფოტოჩარჩოები, მონიტორები, ლეპტოპები, ნოუთბუქები.
- ნათურები: ფლუორესცენციული სწორი და კომპაქტური ნათურები, მაღალი ინტენსივობის განმუხტვის ნათურები [ნატრიუმის, მეტალჰალოგენური], შუქდიოდები.
- მსხვილი ტექნიკა: სარეცხი მანქანები, საშრობები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ღუმელები, IT და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები, სამედიცინო და მონიტორინგის აპარატურა, ფოტოვოლტაიკური [მზის] პანელები და სხვა.
- მცირე ზომის ტექნიკა: მტვერსასრუტები, მიკროტალღური ღუმელები, უთოები, ტოსტერები, ჩაიდნები, საათები, ელექტრო საპარსები, კალკულატორები, ვიდეოკამერები, მცირე სამედიცინო და მონიტორინგის ინსტრუმენტები.
- მცირე ზომის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები: მობილური ტელეფონები, GPS, ჯიბის კალკულატორები, როუტერები, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შენიშვნები წარუდგინონ სააგენტოს 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 21 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილია სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაც:
- საჯარო განხილვა: 2026 წლის 21 სექტემბერი, 16:00 საათი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა [მის: ლ. ასათიანის ქუჩა N25].
- წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები კი შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].
„დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის და საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.






