„მკაფიოა განსხვავებული სტანდარტები, როცა არსებობს პოლიტიკური დაინტერესება,“ – გვითხრა ადვოკატმა ია თოდუამ. იგი ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილის, დარიკო ჩიტაძის ინტერესებს იცავს.
დარიკო ჩიტაძესა და მარიამ ქაჯაიას ბათუმში, პროევროპულ აქციაზე 2026 წლის 31 აგვისტოს თავს დაესხნენ – მათზე ფიზიკურად იძალადეს. აგრესიის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს, თუმცა შსს ამ შემთხვევაზე არ რეაგირებს.
შსს-მ რეაგირება მოახდინა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე. ის „ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებს და მას „იმედის“ თანამშრომლებზე მუქარას ედავებიან… ამ დროს, მაგალითად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ ძალადობით მუქარა, თანაც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, პროკურატურამ ასევე რეაგირების გარეშე დატოვა.
რატომ არ დააკავეთ ადამიანი, რომელიც ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს 31 აგვისტოს თავს დაესხა? – ეს შეკითხვა დღეს, 4 სექტემბერს უპასუხოდ დატოვეს შს სამინისტროში.
რა ირკვევა ბათუმის პროევროპულ აქციაზე მომხდარი ძალადობის შემთხვევაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ადვოკატ ია თოდუას ესაუბრა.
- ქალბატონო ია, თქვენი ინფორმაციით, რატომ არ დააკავეს ის ადამიანები, რომლებმაც ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებზე 31 აგვისტოს ფიზიკურად იძალადეს?
სამწუხაროდ, გამოძიება არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარიკო ჩიტაძე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანეს, მას ვიზუალურადაც აღენიშნებოდა დაზიანება – სახეზე ნაკაწრისებრი კვალი. ამის შემდეგ რას აკეთებს საგამოძიებო ორგანო, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, ვინაიდან ამ ეტაპამდე ჯერ კიდევ დაზარალებულის სტატუსი არ გვაქვს.
ვიდრე დაზარალებულის სტატუსი არ გვექნება, ფიზიკურად ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.
ასე რომ, ფაქტობრივად ჯერჯერობით ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. პასუხი გვაქვს მხოლოდ ის, რომ როგორც კი იქნება სიახლე, გვაცნობებენ, მაგრამ ჩვენი პრაქტიკით ვიცით: ასეთი ტიპის საქმეებზე გამოძიება ჭიანურდება და არაეფექტურია. სამწუხაროდ, აქაც იგივე მოლოდინი გვაქვს.
რეალურად უკვე არის იმის საფუძველი, რომ დაზარალებულად იყოს ცნობილი, როგორც დარიკო ჩიტაძე, ასევე მარიამ ქაჯაია. რატომ არ ანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს – ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს.
- დარიკო ჩიტაძეს ხელი ჩაარტყეს, მარიამ ქაჯაიას კი – ქოლგა?
ქოლგაც ჩაარტყეს და ხელზეც ხელის მოჭერით მას დაზიანება მიაყენეს, როგორც თვითონ განმარტავს, მას ანჯღრევდა, ასე ვთქვათ, თავდამსხმელი, უყვიროდა და საბოლოოდ ქოლგა ჩაარტყა.
- დაინტერესდა თუ არა გამოძიება ვიდეოჩანაწერებით, სადაც ასახულია, როგორ ემუქრებიან და შეურაცხყოფენ აქციის მონაწილეებს?
ჩვენ გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია ამ ვიდეოჩანაწერებზე, ეს მტკიცებულება არის შენახული და მზად ვართ, როგორც კი გამოძიება შესაბამისი სასამართლო განჩინებით მოგვმართავს, მივაწოდოთ და გავუზიაროთ ეს ვიდეომტკიცებულება. ეს ვიდეოჩანაწერები ცალსახად ადასტურებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
ჯერჯერობით ჩვენამდე განჩინებით არ მოუმართავთ.

ია თოდუა
თავად ფაქტი და ის პირვანდელი ვიდეომტკიცებულებები, რაც თუნდაც სოციალური ქსელით გაჟღერდა, სხვა ნებისმიერი მიუკერძოებელი სისხლის სამართლის საქმის შემთხვევაში უკვე ბრალის საფუძველი იქნებოდა. პრაქტიკაში ბევრ შემთხვევაში ვიდეომტკიცებულება არც კი არსებობს, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და კონფლიქტის არსებობა საკმარისია, რომ ბრალი წარუდგინონ პირს სსკ-ის 126-ე მუხლით [ძალადობა].
- გამოკითხეს მაინც ეს ორი თავდამსხმელი?
დიახ, ეს ორი ქალბატონი გამოკითხეს. ჩვენ როცა მივედით საგამოძიებო ორგანოში, ისინი უკვე იყვნენ შიგნით და როცა გამოვიდნენ, ჩვენ მერე შევედით. რაღაც ცინიკური ჟესტიკულაცია ჰქონდათ, ვიდეოს გადაღებასაც ცდილობდა ერთ-ერთი, თუმცა მალევე დატოვეს ტერიტორია, რადგან პოლიციის თანამშრომლებიც გამოვიდნენ და შემდეგ მოერიდნენ.
- რას ნიშნავს ეს ამბავი, როცა მოძალადე იდენტიფიცირებულია და ამაზე გამოძიება რეაგირებას საერთოდ არ ახდენს, ამავდროულად კი, დღეს, „ოცნების“ ხელისუფლებასთან კრიტიკულ დამოკიდებულებაში მყოფი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვეს? მას „იმედის“ თანამშრომლებზე მუქარას ედავებიან.
მკაფიოა განსხვავებული სტანდარტები, როცა არსებობს პოლიტიკური დაინტერესება.
კიდევ ერთ პარალელს გავავლებ 2026 წლის 28 მაისის შემთხვევასთან დაკავშირებით – უნივერსიტეტის წინ ახალგაზრდა აქტივისტებს პროფესორი თავს დაესხა და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც არსებობს. სამ თვეზე მეტი გავიდა და იმ საქმეშიც არავითარი შედეგი არ არის – ბრალი არ წარუდგენიათ.
გეტყვით იმასაც, რომ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების საპატიმრო ფორმით იშვიათად შედის საერთოდ პროკურატურა, იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი ტიპის დანაშაული, სადაც ხშირად გამოიყენება პატიმრობა, მით უმეტეს, თუ პირი ნასამართლევი არ არის და თუ მისგან მაღალი საფრთხე არ მოდის.
სამწუხაროა, რომ როგორც კი არის დაინტერესება სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომის – პატიმრობის გამოყენება ხდება.
მეორე მხრივ კი, თუკი ოპოზიციურად, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ მოხდება თავდასხმა – ამ საქმეებში ფაქტობრივად მტკიცებულებები იმთავითვე სახეზეა და სოციალური ქსელითაც გავრცელებულია – იმასაც კი ვერ აღწევენ დაზარალებული ადამიანები, რომ დაზარალებულის სტატუსი მიიღონ და რაღაც შემაკავებელი არსებობდეს.
ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავდასხმა დაუსჯელი დარჩება. ფაქტია, რომ ერთი დაუსჯელი დარჩა, მეორეც. ეს უკვე განგრძობითი ხასიათის მქონე მიდგომაა.
- მაგალითად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ორჯერ დაემუქრნენ, მათ შორის, წელს აპრილში და ამის პირდაპირი მტკიცებულება არსებობს – ვიდეოჩანაწერი. ამ შემთხვევაშიც არავინ დაუკავებიათ…
დიახ, ამას ვამბობ ზუსტად, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კანონი ყველას მიმართ უნდა იყოს თანასწორი. დღეს რთული სათქმელია, რომ კანონი ყველას მიმართ არის თანასწორი.
ამ ვითარებაში, იგივე 28 მაისის საქმეში, როცა აქტივისტებს პროფესორი თავს დაესხა, აქტივისტებს აქვთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო არ იცავს და არ აქვს არანაირი აზრი საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვას.
მინიმუმ 10 განცხადებით მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს და პასუხიც კი არ მიგვიღია.
ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება საკუთარი უფლებების დაცვაზე თვითონ დაიწყოს ზრუნვა. ჩვენ უკვე ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ.






