1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის

„იაფი სახლის“ მშენებლობის საწყის ეტაპზე ბათუმის ბიუჯეტს, ოფიციალური მონაცემებით, 1 644 341 ლარის ზიანი მიადგა. ქალაქის მერია ამ თანხის ანაზღაურებას სასამართლოში „ბაზისბანკისგან“ ითხოვს.

„იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“  2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 430 342 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. შესაბამის ტენდერში წარდგენილი საბანკო გარანტია ფორმალურად ავიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. გარანტორი კი ბრიტანული კომპანია POINT BANK Ltd-ი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 2 აპრილსაა ჩანიშნული, თუმცა ამავე სხდომაზე ბათუმის მერიამ დამატებითი ვადის დაწესება უნდა მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებების წარსადგენად. მტკიცებულებების მოსაპოვებლად კი ბათუმის მერიას დამატებით 2 500 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი [დაახლოებით 10 ათასი ლარი] დასჭირდება, შპს „ფლექსიჯობსთან“ შესაბამისი ხელშეკრულების ტენდერის გარეშე გასაფორმებლად.

„ფლექსიჯობსთან“ ამავე თანხაზე [მაშინ – დაახლოებით 10 489 ლარი] იურიდიული მომსახურების მიზნით ხელშეკრულება მერიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ადრეც, 2017 წელსაც გააფორმა.

ეს ხელშეკრულება ბათუმის მერიის ინფორმაციით: „მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, თუ რამდენად პერსპექტიული იქნებოდა POINT BANK-ის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების დაწყება დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ უნდა გადამოწმებულიყო ინფორმაცია რამდენად ასრულებდა აღნიშნული ბანკი თავის ვალდებულებებს, გააჩნდა თუ არა ქონება და საწესდებო კაპიტალი იმისათვის, რომ მომხდარიყო საბანკო გარანტიების ფარგლებში გადასახდელი თანხების ამოღება. „ფლექსიჯობსიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი, ჩვენთვის მოულოდნელად დადგინდა, რომ POINT BANK არ წარმოადგენდა ისეთ სუბიექტს, რომელიც უფლებამოსილი იყო გაეცა საბანკო გარანტია [ მეტიც, არ წარმოადგენდა არც საბანკო დაწესებულებას და არც სხვა საფინანსო ინსტიტუტს].“

სწორედ ამის შემდეგ შეიტანა მერიამ სარჩელი სასამართლოში „ბაზისბანკის“ წინააღმდეგ. თუმცა, როგორც ბათუმის მერიის მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული: „ამ საქმეზე, ჩვენთვის მოულოდნელად, სს „ბაზისბანკმა“ წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ შპს „ფლექსიჯობსის“ მიერ მერიისთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს მათ სუბიექტურ შეხედულებას და აღნიშნულით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ POINT BANK-ი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ სუბიექტს, გაეცა საბანკო გარანტიები [ანუ სს „ბაზისბანკისათვის“ არა თუ გარანტიების ავიზირებისას, არამედ დღესაც უცნობია, წარმოადგენდა და წარმოადგენს თუ არა „პოინტ ბანკი“ საბანკო დაწესებულებას ან ისეთ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, გაეცა საბანკო გარანტია“.

მერიის მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ განაცხადში აღნიშნულია, რომ „ფლექსიჯობსთან“ ამჯერად ხელშეკრულება სწორედ მტკიცებულებების მოსაპოვებლად უნდა გაფორმდეს.

„საქმე ეხება დიდი ბრიტანეთის შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების წარმოებას შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რომ „პოინტ ბანკი“ არ წარმოადგენს არც საბანკო დაწესებულებას და არც სხვა რაიმე საფინანსო ინსტიტუტს. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების მოპოვების მიზნით, სათანადო ღონისძიებების განხორციელება აუცილებლად მოითხოვს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობისა და ენის ცოდნას, ასევე, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო და სასამართლო დაწესებულებებთან ურთიერთობის პრაქტიკულ გამოცდილებას. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მერიასა და შპს „ფლექსიჯობს“ შორის არსებობს საქმიანი გამოცდილება და ამასთან, აღნიშნული კომპანია უკვე იცნობს საქმეს,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მტკიცებულებების მოსაპოვებლად კი საჭიროა:

[checklist]

  • შესაბამისი კონსულტაციების წარმოება დიდი ბრიტანეთის ცენტრალურ ბანკთან და საფინანსო ზედამხედველთან „პოინტ ბანკის“ თაობაზე ოფიციალური მასალების მისაღებად; დიდი ბრიტანეთის საფინანსო ზედამხედველისაგან ოფიციალური ცნობის მოძიება იმის თაობაზე, რომ „პოინტ ბანკი“ არ არის რეგისტრირებული როგორც რაიმე საფინანსო ინსტიტუტი;
  • დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკიდან ოფიციალური ცნობის მოძიება იმის თაობაზე, რომ „პოინტ ბანკი“ არ არის რეგისტრირებული როგორც ბანკი; დედანი დოკუმენტების [ინგლისურ ენაზე] ქ. ბათუმის მერიაში გადაგზავნა დაზღვეული ფოსტის მეშვეობით;
  • „აპოსტილის შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის გათვალისწინებული წესების თანახმად, მოპოვებული დედანი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში;
  • ოფიციალური თარგმანისა და დამოწმების გაფორმება მოპოვებულ დოკუმენტებზე.

[/checklist]

ამ ყველაფრისთვის „ფლექსიჯობსთან“ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სავარაუდო ღირებულებით – 2500 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი.

ბათუმის მერიის მიერ „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის საკითხი სახელმწიფო აუდიტის მასალებშიც მოხვდა.

„მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“, – აღნიშნული იყო აუდიტის ანგარიშში.

დეტალურად ამ თემაზე:

დაკარგული 1,4 მილიონი – „იაფი სახლის“ პროექტში გარანტორ ბანკს შემოსავლები არ ჰქონდა 

„იაფი სახლის“ აუდიტის მასალები მთავარ პროკურატურაშიცაა გადაგზავნილი. 

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ქალაქის მერიამ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა მეორედ დაიწყო. ორი კორპუსის მშენებლობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი ასრულებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე გააფორმა.

დამატებით კიდევ ორი „იაფი სახლის“ მშენებლობაზე მერიამ ცალკე ტენდერი 2,4-მილიონი ლარით გამოაცხადა. ამ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“-თან ხელშეკრულება 2 317 747 ლარზე 2019 წლის 22 მარტს გაფორმდა. 

პირველმა არხმა საშობაო წირვის უნებართვო ტრანსლირებისთვის აჭარის ტელევიზიას უჩივლა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ადმინისტრაციული გაფრთხილება მისცა საზოგადოებრივი მაუწყებლის [პირველი არხი] პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაციის განთავსებისთვის.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პირველმა არხმა მიმართა განცხადებით, რომლის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ 2019 წლის 6 და 7 იანვარს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, ნებართვის გარეშე საკუთარ ეთერში განათავსა პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია და ისე შეცვალა კადრი, რომ დაიკარგა პირველი არხის ლოგო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გაცხადებას ხელს პირველი არხის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე აწერს.

ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის თანახმად, საშობაო ლიტურგიის ტრანსლირებას სჭირდებოდა შესაბამისი ნებართვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“.

21 თებერვალს გამართულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილებოდა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ საშობაო ლიტურგიის ტრანსლირებისას არ დარღვეულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. აჭარის ტელევიზიის მიერ, ტრადიციულად განხორციელდა საშობაო ლიტურგიის ტრანსლირება, რა დროსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოყენებული იყო ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიგნალი.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენლის განმარტებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსებული საშობაო ლიტურგიიდან ჩართვა, თუმცა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“  წინა წლებში აღნიშნულთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება არ ჰქონია.

ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ასევე ახორციელებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ გადაცემ(ებ)ის გადაცემას საკუთარ ეთერში წინასწარი ნებართვის გარეშე, რაზეც არასდროს ტელევიზიას პრეტენზია არ განუცხადებია, ვინაიდან ორივე არხი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქმე ეხება საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას, რომლის გადაღება/პირდაპირ ეთერში ტრანსლირება არ წარმოადგენს რომელიმე არხის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ უფლებას.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში აღნიშნულია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, ამიტომაც მაუწყებელს  უნდა დაეკისროს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

საბოლოოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

„პირველმა არხმა“ საშობაო წირვის უნებართვო ტრანსლირებისათვის „პალიტრა TV“-საც უჩივლა, რომელსაც კომისიამ ასევე გაფრთხილება მისცა.

პოლიცია ნერწყვის ტესტერით დაადგენს, არის თუ არა მძღოლი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ

პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

შს სამინისტროს ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„შერატონში“ პოლიცია ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდა – გამოძიება ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო

31 მარტს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სამართალდამცავები ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. ზარი იმის შესახებ, რომ სასტუმროს კაზინოში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, 112-ზე შევიდა, რასაც კაზინოში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოჰყვა.

ასაფეთქებელი ნივთიერება სამართალდამცავებმა ადგილზე ვერ აღმოაჩინეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 331 მუხლით მიმდინარეობს – ცრუ შეტყობინება ტერორიზმის შესახებ.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ შეუშვეს – ბსუ-ში უარყოფენ

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად არ შეუშვეს. დაახლოებით ერთი საათის წინ ფეისბუკ ლაივში ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო, ამბობდა, რომ მას უნივერსიტეტში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

„ბათუმში ვარ ჩამოსული, აუდიტორიას რა გვიღებენ, რომ ლექცია ჩავუტარო ახალგაზრდებს, პოლიტიკოსების შემოსვლა არ შეიძლებაო. სასაცილოა, მაგრამ ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირია. ახალგაზრდები უნდა დაიცვან პოლიტიკისგან თუ რაღაცისგან.

სინამდვილეში პოლიტიკა რა არის, გარეთ რომ გამოდიხარ ხომ უნდა იცხოვრო რეალურ ცხოვრებაში და ეს რეალური ცხოვრება პოლიტიკით წარიმართება. როგორ შეიძლება გამზადებდნენ ამ ცხოვრებისთვის და თან არ გასწავლიდნენ მთავარ რაღაცას, რომ გარეთ რაც ხდება, რომ პოლიტიკა არის ყველაფერი, რაშიც თქვენ ცხოვრობთ“, – ეუბნება ის უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს.

„ბათუმელები“ ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს დაუკავშირდა და ჰკითხა, ნამდვილად არ შეუშვეს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად და რატომ?

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძის ლექციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინფორმირებული არ ყოფილა.

„დაცვამ დამირეკა, მე გადავამოწმე ინფორმაცია და ჩვენთან არანაირი მოთხოვნა, მომართვა ლექციის ჩატარებასთან დაკავშირებით არ შემოსულა, არც „გირჩის“ მხრიდან და არც ბაჩო ფარტენაძის მხრიდან. არანაირი ღონისძიებების სიაში არ ყოფილან. მათ არ მოუთხოვიათ აუდიტორიის გამოყოფა. როგორც ვიცი, ზურაბ ჯაფარიძე იყო უნივერსიტეტში და შეეძლო რომელიმე აუდიტორიაში შესულიყო.

რამდენიმე აუდიტორია არის ღია, საკონფერენციო და სააქტო დარბაზი იკეტება მხოლოდ, სადაც ტექნიკაა.  აუდიტორიები არის ღია და შეუძლიათ იქ ჩაატარონ“, – ამბობს ხალვაში.

მერაბ ხალვაშის თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს ლექციის ჩატარება შესთავაზეს კიდეც აუდიტორიაში, მაგრამ უარი თქვა. „დაცვა მითხრა, არ შევიდა, აქ მირჩევნიაო, ასე უთქვამს“, – ამბობს რექტორი.

 

 

 

როცა ქართულის შესასწავლად კილომეტრებს გადიხარ

ქართული ენის კარგად ცოდნა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინტეგრაციის გზაზე გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. როგორ დგამენ ამ ნაბიჯებს ისინი, რა გარემოებებს მიჰყავთ ენის ცოდნის აუცილებლობამდე და როგორია იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც შეძლო და ქართული ენა ზედმიწევნით კარგად ისწავლა.

აინურ ახმედოვა, აიდან იუსუბოვა და ოქტაი ქაზუმოვი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები არიან. ქართულად კარგად საუბრობენ, თუმცა სამივე მათგანმა ენა ნელ-ნელა ისწავლა – საკუთარ თემში პრაქტიკის კარგი საშუალება არც ერთ მათგანს არ ჰქონდა.

18 წლის აინურ ახმედოვა მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში ცხოვრობს, ქართული ენის კურსებზე სოფლიდან მარნეულში კვირაში სამჯერ დადის. გაკვეთილები ორსაათიანია. სამარშრუტო ტაქსები სოფლიდან მარნეულამდე შუადღის 12 საათის შემდეგ აღარ მოძრაობს, ამიტომ აინურს თავის შვიდ კლასელთან ერთად მარნეულიდან სახლამდე დაბრუნება ტაქსით უწევს, სახლამდე გზას ტაქსით ნახევარი საათი სჭირდება. ქართულს ფილმებით, მოსასმენი საშუალებებით სწავლობს. 

აინურ ახმედოვა

„ჩემმა მშობლებმა აზერბაიჯანში სწავლა არჩიეს, ახლა ახალგაზრდები ასე არ ფიქრობენ. განათლება, ვფიქრობ, უმთავრესი რამაა, მე, ჩემი კლასელები, მეგობრები არსად ვაპირებთ წასვლას, დარეგისტრირებული ვართ მისაღებ გამოცდებზე და საქართველოში გავაგრძელებთ სწავლას. ჩვენი თაობის უპირატესობა მეტი გახსნილობა და შესაძლებლობებია. მინდა, ჩვენი შრომით და გონიერებით გავაძლიეროთ საქართველო. განვითარებულ სახელმწიფოს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები სჭირდება,“ – ამბობს აინურ ახმედოვა.

აინური ფიქრობს, რომ სასურველი იქნებოდა სოფლის სკოლაში ქართულად მოსაუბრე მეტი მასწავლებელი იყოს, რითაც ენის პრაქტიკის უკეთესი შესაძლებლობა ექნებოდა. მის სკოლაში ქართულის, როგორც უცხო ენის, ერთი გაკვეთილი ტარდება დღეში.

აინურს საბოლოოდ მარნეულში ცხოვრება სურს. ამბობს, რომ აქ პროფესიონალი ექიმების დეფიციტია და აპირებს სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძოს. საქართველოს ყველა კუთხეშია ნამყოფი და თითქმის ყველა ქალაქი უნახავს, გარდა ბათუმისა. 

აიდან იუსობოვა ნათესავებს შორის პირველი იყო, ვინც ქვეყნის დატოვებას ქართულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება არჩია. ახლა მისი დაც და ბიძაშვილიც საქართველოში აგრძელებენ სწავლას.

აიდანმა სკოლა გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოში დაამთავრა. როგორც ამბობს, სკოლის დამთავრების შემდეგ ქართული ძალიან ცუდად იცოდა. სკოლის გაკვეთილები ენის სასწავლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მან ქართული ენის რეპეტიტორთან დაიწყო სიარული.

აიდან იუსუბოვა

„ენის სწავლა ხანგრძლივი და შრომატევადი საქმე იყო. თუ საქართველოში აპირებ ცხოვრებას და ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, ენა უნდა იცოდე. ეს არის პირველი ნაბიჯი ინტეგრაციისკენ. ამიტომ ქართული ენის სწავლება სკოლებში უნდა გაძლიერდეს. უმაღლესი სასწავლებლები აზერბაიჯანულ ენაზე საქართველოში არ არის და თუ ეს ასეა, არალოგიკურია, რომ სკოლებში აზერბაიჯანულად ვასწავლიდეთ და ქართულის სწავლებას ეთმობოდეს დღეში მხოლოდ ერთი გაკვეთილი. ვიყავი სკოლასთან დაკავშირებულ გარკვეულ კვლევებში ჩართული და ჩვენს ამ დამოკიდებულებას საქართველოს აზერბაიჯანულ სოფლებში დიდი აგრესია და პროტესტი მოჰყვა.

ჩემი და, მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს და ძალიან უჭირს. ენას უფრო ეუფლება, ვიდრე პროფესიას, უკეთესი იქნებოდა, სკოლაშივე ჰქონოდა ქართული ენის კარგად სწავლის შესაძლებლობა,“ – ამბობს აიდანი. ის ახლა 28 წლისაა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა დაამთავრა და ,,აიფაქტთან“ თანამშრომლობს, ქართულ ენაზე წერს.

აიდანისგან გასხვავებით 33 წლის ოქტაი ქაზუმოვმა ენა სწორედ სკოლაში ისწავლა კარგად. იმდენად კარგად, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტზე ჩააბარა. თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა ათი წლიდან მისი ოცნება იყო.

„ქართულ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემს სოფელში (მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირში) აზერბაიჯანელებთან ერთად ქართველებიც ცხოვრობენ, ოღონდ მოშორებით. პირველად ენის ცოდნის აუცილებლობა სტადიონზე ვიგრძენი, როცა ოთხი წლისამ აღმოვაჩინე, რომ იქ შეკრებილი ბავშვებისა და უფროსების ენა არ მესმოდა. მქონდა განცდა, რომ ქართულს ვერასდროს ვისწავლიდი. ბაღს ვერ ვიტანდი, იქ ქართულად საუბრობდნენ და მე, ვინც სახლში ყველასთვის სამაგალითო და მოტიკტიკე ბავშვი ვიყავი, ბაღში ვდუმდი. ეს ჩემთვის ტრაგედია იყო. ბაღიდან ორად-ორი სიტყვა ვისწავლე: „არა“ და „არაფერი“.

ოქტაი ქაზუმოვი

დაწყებით კლასებში ქართული ენის სწავლა ოქტაის ძალიან გაუჭირდა, რადგან შინ აზერბაიჯანულად საუბრობდნენ და მისი სააზროვნო ენაც აზერბაიჯანული იყო, თუმცა მისმა მშობლებმა ქართული იცოდნენ და გაკვეთილების მომზადებაშიც ეხმარებოდნენ.

პირველი წიგნი, რაც ქართულად წაიკითხა, „ტომ სოიერი“ იყო. აღმოაჩინა, რომ ბევრად უფრო საინტერესო ტექსტების კითხვა შეეძლო თავად, ვიდრე სკოლაში ასწავლიდნენ.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი არ მესმოდა, მაგრამ რასაც ვერ ვიგებდი, ვინიშნავდი და მამას ვეკითხებოდი, ქართული ნელ-ნელა ჩემს სააზროვნო ენად იქცა, თუმცა აზერბაიჯანული ზედმიწევნით კარგად ვიცი, ეს ჩემი შრომის შედეგია. ვკითხულობ, ვწერ, სინქრონულ თარგმანებს ვაკეთებ და ა.შ.

მეათე კლასიდან სკოლაში ქართული ლიტერატურის ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, ხშირად განვიხილავდით ლიტერატურულ ტექსტებს, ვკამათობდით, ვმსჯელობდით. ეს პერიოდი ძალიან დამეხმარა და მომამზადა უნივერსიტეტის წლებისთვის,“ – ამბობს ოქტაი ქაზუმოვი.

ოქტაი ახლა თავად თარგმნის იმ სასწავლო და მეთოდოლოგიურ წიგნებს ქართულიდან აზერბაიჯანულად, რითაც აზერბაიჯანელი ბავშვები სწავლობენ.

გამოცემული აქვს აზერბაიჯანული პოეზიის ქართულენოვანი და ქართული პოეზიის აზერბაიჯანული თარგმანები. მათ შორისაა: ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, შოთა ნიშნიანიძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ტერენტი გრანელის, შოთა იათაშვილისა და სხვა ქართველი ავტორების თარგმანები აზერბაიჯანულ ენაზე. არის ავტორი პუბლიცისტური კრებულის „129 გვერდი ლიტერატურაზე“.

ალიანს სიტი – ახალი ტრენდი დეველოპმენტში

„ალიანს ჯგუფი“, ლიდერი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში, ბათუმში ახალ უპრეცედენტო ენერგოეფექტურ პროექტს განავითარებს. პრემიუმკლასის ბრენდული საერთაშორისო სასტუმროებისა და აპარტოტელების შემდეგ, კომპანია აჭარის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრს და A კლასის საოფისე ფართობებს ააშენებს.

„ალიანს სიტის“ მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტის განვითარება 20 ათას კვ.მ-ზე იგეგმება, ტერიტორიაზე, სადაც დღეს ე.წ „ლუჟკოვის სახლი“ მდებარეობს, სახლი, რომელიც ორი ათეული წელია მიტოვებულია, ზიანს აყენებს ქალაქის იერსახესა და ეკოლოგიას. 13-სართულიანი უსახური შენობის ნაცვლად „ალიანს ჯგუფი“ 5-სართულიან რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას განავითარებს, რაც ჰაერის ნაკადისთვის 2.5-ჯერ ნაკლებ წინაღობას ნიშნავს. ენერგოეფექტურ კომპლექსში გამოყენებული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ენერგიის მოხმარებას, შესაბამისად, შემცირდება ნახშირორჟანგის  (CO2) გამოყოფა და გარემოში შენარჩუნდება სუფთა ჰაერი. ჯამში, „ალიანს სითი“ დაზოგავს დაახლოებით 60% ენერგიას, რაც წლის განმავლობაში დაახლოებით 6500 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგის გამოყოფის ტოლფასია. ამ რაოდენობის ნახშირორჟანგის კომპენსაციისთვის საჭიროა 32 000 ხე.

„ალიანს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტი ბათუმში
„ალიანს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტი ბათუმში

ენერგოეფექტური მშენებლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტურისტულად აქტიურ ქალაქებში, სადაც მუდმივად ახალი დასასვენებელი კომპლექსები შენდება და სწორედ ასეთია ბათუმი. გასული საუკუნის ბოლოს აშენებული „ლუჟკოვის სახლი“ კი არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც თანამედროვე ბათუმს აქვს, შავიზღვისპირეთის საერთაშორისო კურორტს, ქალაქს, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 180 ათასია და 2 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს.

„ე.წ ლუჟკოვის სახლის პროექტი მაშინ დაიგეგმა, როცა ბათუმს არ ჰქონდა განვითარების ის დინამიკა, რაც 21-ე საუკუნეში აქვს. თანამედროვე საზღვაო ქალაქებისა და კურორტების გლობალური ტენდენცია კი არის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, სასტუმროების, გასართობი და დასასვენებელი კომპლექსების განლაგება პირველ ზოლში და არა საცხოვრებელი სახლების,” – აღნიშნავს აკაკი სონგულია, „ალიანს ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.

„ალიანს სითი“ ენერგოეფექტური საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური კომპლექსის განვითარებაში, რომელიც ბათუმისთვის სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას, მასშტაბურ სავაჭრო ცენტრს და A კლასის საოფისე ფართობებს, ასევე, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მოიცავს, დეველოპერი 350 მილიონ ლარს დახარჯავს.

„ალიანს ჯგუფის“ განხორციელებული პროექტი ბათუმში ბათუმში
„ალიანს ჯგუფის“ განხორციელებული პროექტი ბათუმში

„ალიანს სითის“ სრულიად შეცვლის და ახალ სტანდარტებს დანერგავს ბათუმის კომერციულ და საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე, ისევე როგორც „ალიანს ჯგუფის“ პრემიუმკლასის აპარტოტელებმა შემოიტანეს თამაშის ახალი წესები ადგილობრივ ბაზარზე და შედეგად ბათუმი ზღვისპირეთის საერთაშორისო კურორტად გარდაიქმნა,” – აცხადებს სონგულია.

“ალიანს სიტი და მასთან დაკავშირებული ე.წ. მინიქალაქის ინფრასტრუქტურა ქალაქის მაცხოვრებლებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების მომსახურებას შესთავაზებს ერთ სივრცეში, იქნება ეს სავაჭრო, საოფისე თუ სასტუმრო მიმართულებით. “ალიანს სიტის” პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2023 წლისთვის, თბილისის მსგავსად ბათუმსაც ექნება თავისი საერთაშორისო დონის სავაჭრო ცენტრი ბრენდული მაღაზიებით.

პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე სამუშაოების მიმდინარეობისას 1000-ზე მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმება მოხდება. ასევე აღსანიშნავია „ალიანს სიტის“ თანამედროვე ბიზნეს კლასის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბათუმელებისთვის მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

„ალიანს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტი თბილისში
„ალიანს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტი თბილისში

„ალიანს ჯგუფის“ შესახებ

„ალიანს ჯგუფი“ პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა,  რომელმაც ბათუმში თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა 2005 წელს; პირველია, რომელმაც სასტუმრო-აპარტამენტის კონცეფცია დანერგა 2008-ში; და პირველი, რომელმაც საცხოვრებელი შენობები საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან დააკავშირა 2015-ში. აჭარის რეგიონში კომპანიას $200 მილიონზე მეტი აქვს დაბანდებული მსხვილმასშტაბიან, უკვე დასრულებულ პროექტებში. დამატებით $390 მილიონის ინვესტირება ხორციელდება მიმდინარე პროექტებში, რომლებიც მულტიფუნქციურ კომპლექსთა ფრანშიზებს მოიცავს, მათი განვითარება კი, თავის მხრივ, ხდება ისეთ განთქმულ საერთაშორისო სასტუმრო ქსელებთან პარტნიორობით, როგორებიცაა: Marriott International-ი და Wyndham Hotel Group-ი.

„ალიანს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტი გოდერძიზე
„ალიანს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტი გოდერძიზე

ბათუმში რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია დადგა

ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარი რკინის კონსტრუქციით მთლიანად აითვისა. ბათუმის მერიამ ძველ ბათუმში, მათ შორის ამ ქუჩაზეც, ერთი თვის წინ რეიდი ჩაატარა და კაფე-ბარების მეპატრონეებს სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ასევე, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდებიც აალაგებინა.

ერთი თვის წინ, როცა მერიამ ქუთაისის ქუჩაზე არსებულ დაწესებულებების წინ გამოტანილი სკამები აალაგებინა, კაფე-ბარების მფლობელი მეწარმეები აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერია ყველა მეწარმეს თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ნებართვა მარტის თვის ბოლომდე ჰქონდათ, მაგრამ მერიამ მაინც აალაგებინა სკამები.

ახლა ქუთაისის ქუჩაზე თუ გაივლით, დაინახვათ, რომ რესტორან „მიუნჰენს“, ობიექტის წინ, ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია აქვს დადგმული. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მალე სკამებსა და მაგიდებსაც განთავსებენ. შესაბამისად, აქ ფეხით მოსიარულეებისთვის სივრცე შეიზღუდება.

ჰქონდა თუ არა ნებართვა ტროტუარის ათვისებაზე „მიუნჰენს“ და რა ზომების გატარებას აპირებს მერია? ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელები“ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე ამბობს, რომ „მიუნჰენმა“ რკინის კონსტრუქციის დადგმაზე ნებართვა გასულ წელს მიიღო მერიისგან.

ქუთაისის ქუჩაზე რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარი რკინის კონსტრუქციით მთლიანად აითვისა.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

რესტორნის მენეჯერმა ლანა მურვანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რკინის კონსტრუქციის დადგმაზე ნებართვა მერიისგან როდის მიიღეს არ ახსოვს. „შარშან იყო თუ 2019-ში არ ვიცი, აღარ მახსოვს“-გვეუბნება ის.

„ჩვენ არ ვაპირებთ ტროტუარის მთლიანად გადაკეტვას, ნაწილში დაიდგმება მაგიდები და ფეხით მოსიარულეებისთვისაც უკეთესი იქნება, რადგან წვიმისგან დაიცავს“, – გვითხრა მენეჯერმა.

 

ამავე თემაზე:

ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს 

ბათუმში ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

ამ წუთებში [15:30] ბათუმში, „ვარდების სკვერში“, იმ მოქალაქეების საპროტესტო აქცია იმართება, რომლებიც ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან.

ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების განმარტებების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი ქიმიური ტერმინალის ფუნქციონირებაში საფრთხეებს ხედავს. მათი აზრით, ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გადაზიდვაც დახურული წესით უნდა მოხდეს, მაინც გამოიწვევს ჯანრთელობისთვის საშიში გარემოს შექმნას ქალაქის მცხოვრებლებისთვის.

საპროტესტო აქცია ვარდების სკვერში ქიმიური ტერმინალის წინააღმდეგ.

„ჩვენთვის ის განმარტებები, რაც მთავრობამ გააკეთა, საკმარისი არ არის. ჩვენ მათ არ ვენდობით. ამბობენ, რომ კარბამიდს შემოვიტანთ მხოლოდო, მაგრამ ეს არის მულტიმოდალური ტერმინალი და შემდეგ მოხდება სხვა ქიმიური ნივთიერებების შემოტანაც, რაც ჯანმრთელობისთვის მავნეა“, – ამბობს აქციის მონაწილე ელენე სურგულაძე.

კიდევ ერთი მონაწილე ზაალ ლუხუტაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი ქიმიური ტერმინალია სახიფათო. „ეგვიპტეში, ჩინეთშიც აფეთქდა მსგავსი ქიმიური ტერმინალები. ის, რომ კარბამიდი საშიში არ არის, ზღაპარია და არ გვჯერა“.

კიდევ ერთი მონაწილე გელა გორგაძე, რომელიც ამბობს, რომ აქციის გამო სოფელ ჭარნალიდან ჩამოვიდა, წინააღმდეგია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის.

ქიმიური ტერმინალის საწინააღმდეგო აქცია ვარდების სკვერში.
ფოტო: ლელა დუმბაძის

„ტერმინალი გამოიწვევს ჯათნმრელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს… ელემენტარულ პრობლემებს ვერ აგვარებენ და ეს ტერმინალიც არის საშიშროების შემცველი“,- ამბობს გელა გორგაძე.

ბათუმში ახალი ქიმიური ტერმინალის მშენებელობას აჭარის მთავრობასა და ამერიკულ  კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის 14 იანვარს მოეწერა ხელი. ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ნივთიერება კარბამიდი, რომელიც უნდა გადაზიდონ ახალი ტერმინალის გავლით, პირდაპირ ეთერში შეჭამა იმის სადემონსტრაციოდ, რომ აღნიშნული ნივთიერება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ქიმიური ტერმინალის საწინააღმდეგო აქცია ვარდების სკვერში.
ფოტო: ლელა დუმბაძის

უნიკალური ნივთების ახალი სიცოცხლე

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმში აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური მასალაა დაცული. აქ ნივთები ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით თარიღდება. ესაა ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი, სამკაულები და სხვა. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. არქეოლოგები ამ ნივთებს მიწას აცლიან, ხოლო რესტავრატორები ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ.

26 წლის მერი ყულეჯიშვილი რესტავრატორია. იგი ყვება, რომ ისტორია და ძველი ამბები ბავშვობიდანვე იტაცებდა.  სულ ორი წელია, რაც ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მუშაობს, სამსახურის დაწყების თარიღი ზუსტად ახსოვს – 2016 წლის 15 დეკემბერი.

„სტუდენტი ვიყავი მაშინ, მაგისტრატურაში არქეოლოგიას ვსწავლობდი. პროფესიით რესტავრატორი არ ვარ, მაგრამ მეტ-ნაკლებად ახლოს არის არქეოლოგიასთან. პრაქტიკა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიაში გავიარე. გარკვეული პრაქტიკა დავაგროვე აქაც, ვმონაწილეობდი ექსპედიციებში და ეს ყველაფერი დამეხმარა ამ მიმართულებით განვითარებაში“, – გვიამბობს მერი.

იგი არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუზეუმში შესული ნივთების რესტავრაციას აკეთებს. ძირითადად ეს არის კერამიკის რესტავრაცია. პერიოდულად სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება უშუალოდ არქეოლოგიური გათხრების  დროსაც უწევს.

„ყველაზე საინტერესო სამუშაო იყო ქვევრი, რომელიც მოცულობით დიდია და მისი დამოუკიდებლად რესტავრირება ძალიან გაჭირდებოდა. ეს იყო 2017 წელს ჩაისუბანში, სადაც არქეოლოგიური გათხრების დროს მარანი აღმოაჩინეს. ამოღებული ქვევრები გაირეცხა, შემდეგ მუზეუმში მოვიტანეთ და აქ ვიმუშავეთ,“ – ყვება მერი.

რესტავრაციის დროს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას მოითხოვს, რომ უძველეს ნივთს ახალი სიცოცხლე რაც შეიძლება ზუსტად შესძინო. პროცესი ხანგრძლივია, თუმცა საინტერესო. „როცა იმ პერიოდის მასალას აღადგენ, წარმოიდგენ ხელოსანს, რომელიც ამ ნივთს აკეთებდა, წარმოიდგენ, როგორ მუშაობდა და როცა ნატეხების გაერთიანებით ნივთს აძლევ პირვანდელ სახეს, ამ შეგრძნებას ვერაფერი შეედრება“, – ამბობს მერი.

მერი ყულეჯიშვილი - რესტავრატორი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ოქროს საგანძურის გამოფენაზე წარმოდგენილი ზოგიერთი ნიმუშის მსგავსი და მინანქრით შესრულებული თანამედროვე სამკაულების შეძენაცაა შესაძლებელი. ამ სამკაულებზე ილია ჩაკვეტაძე მუშაობს. ის იუველირია. პროფესიით მხატვარმა ხელსაქმედ ოქრომჭედლობა შეისწავლა და უკვე 7-8 წელია არქეოლოგიური მუზეუმისთვისაც მუშაობს.

„ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, ზუსტი ასლის გაკეთებაა. ზომა, წონა, ფორმა… ყველაფერი დასაცავია. ერთი-ერთში ძალიან რთულია განმეორება, მაგრამ ძალიან ვცდილობ”, – ამბობს ის. – „სულ სხვა ტექნოლოგია იყო მაშინ მუშაობის, ვიდრე დღეს. მაგალითად, შედუღების ტექნოლოგია, რომელიც დაკარგულია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც იკვლევენ და მუშაობენ ამ თემაზე”.

ყველაზე მნიშვნელოვანი ასლი, რაც ილიას შეუქმნია, ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი საყურეებია: „სულ პატარ-პატარა ბურთებით არის გაკეთებული, „ცვარი“ ჰქვია, ძველი ტექნოლოგიით დამზადებული საყურეებია. ორიგინალი თბილისშია. მისი მსგავსი გავაკეთე, ძალიან რთული იყო. დაახლოებით ერთი კვირა ვმუშაობდი მასზე”, – ამბობს ის.

ილია ჩაკვეტაძე - იუველირი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

 

„ვახტანგ ბერიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ – გამოძიება ხულოს მერის წინააღმდეგ

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები მადონა სოლომონიძე პროკურატურისგან პასუხს ითხოვს. საქმე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ბერიძეს ეხება, რომელიც წინა წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი იყო. მოქალაქე ირწმუნება, რომ 2016 წლის 8 მაისს, ხულოში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავების დროს, ვახტანგ ბერიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

„ეს იყო აქცია არა ჰესების წინააღმდეგ, არამედ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ჩემი სახლიც დაიბზარა მაშინ გვირაბის გაყვანის შედეგად“, – გვიყვება მადონა სოლომონიძე. – „საპროტესტო აქციაზე გავედით ხალხი და მე დამაკავეს, ხმაურობდიო. აბა, ხმა თუ არ ამოიღე აქციაზე, იდგები და იქნები, ვინ მოგაქცევს ყურადღებას… მე ვეგონე მაგათ აქციის მომწყობი. სინამდვილეში მე არ ვიყავი. რომ ვყოფილიყავი, არც უარვყოფდი.

დამაკავა ვახტანგ ბერიძემ და კიდევ რამდენიმე პოლიციელი იყო იქ. ვახტანგ ბერიძე მაშინ ხულოს პოლიციის უფროსი იყო. ხელზე და ფეხზე ისე მომკიდეს ხელი, რომ სისხლჩაქცევები მქონდა, ძალით ჩამსვეს მანქანაში. მერე წამიყვანეს და მანქანაში დამტოვეს. იქედან გადმოსვლის უფლება არ მქონდა. ნახევარი საათი ასე ვიჯექი. მერე გენინსპექციაში დავრეკე და წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ჩვენების მიცემის შემდეგ ექსპერტიზაც მოვითხოვე და ჩამიტარდა.

ვიცი, რომ ექსპერტიზის პასუხებიც არსებობს, ის პროკურატურაში გამომძიებელ გიორგი კვარაკვახიძეს აქვს და გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სამი წლის გასვლის მიუხედავად, არაფერი გამოუძიებიათ. აჭარის მთავარ პროკურორ ნათია სონღულაშვილსაც მივწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება და რამის გარკვის ნაცვლად პირიქით, ვახტანგ ბერიძე დააწინაურეს – ხულოს მერის მოვალეობას ახლა ის ასრულებს. ჩემთვის ბოდიშიც არ მოუხდია ვინმეს. ახლა იმიტომ ვსაუბრობ ამ თემაზე, რომ ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა,“ – გვითხრა მადონა სოლომონიძემ.

რა გაარკვია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ? – ამ უწყების პრესცენტრში ზეპირ განმარტებაზე უარი გვითხრეს და ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგვთხოვეს.

რატომ არ დასრულდა ამ დრომდე გამოძიება ან რა გაირკვა გამოძიების შედეგად? – კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არც პროკურატურისგან მიგვიღია.

რა არის ცნობილი თავად ვახტანგ ბერიძისთვის, რომელიც 2019 წლის მაისის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატია ხულოს მერობის პოსტზე და ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს?

„მაგ საკითხზე მე ბევრს არ ვისაუბრებ. მიმართეთ გენინსპექციას და პროკურატურას, მე არ ვარ საქმის კურსში. ვიცი, რომ მოქალაქემ მიმართა ინსპექციას; ვიცი, რომ დაიწყო გამოძიება, მაგრამ დეტალები არ ვიცი… “ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ. მან არც ის გვითხრა, გამოკითხეს თუ არა ამ საქმეზე.

ვახტანგ ბერიძემ სატელეფონო გასაუბრების დროს ჩვენი ყურადღების გადატანა სცადა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპროტესტო აქციაზე მადონა სოლომიძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დადასტურდა. ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს შევახსენეთ, რომ მოქალაქის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა არ გამორიცხავდა პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას.

2016 წლის 8 მაისის საპროტესტო აქციაზე მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს იმავე წლის 19 მაისს მიუღია გადაწყვეტილება. მოსამართლე ლეილა გურგუჩიანმა სამართალდამრღვევად ცნო მადონა სოლომონიძე, თუმცა იგი პასუხისგებლობისგან გაათავისუფლა.

„ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო იგი გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა,“ – აღნიშნავს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში.

მოქალაქის დაკავების დროს გაფორმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, პოლიცია მადონა სოლომონიძის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

„მაბრალებდნენ ვითომ ვიხულიგნე. სინამდვილეში, პროცესზე წარმოვადგინეთ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ არაფერს ვაშავებ,“ – განმარტავს მადონა სოლომონიძე.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პოლიციამ ადეკვატურად ვერ შეაფასა მოქალაქის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმე?

„ჩვენ რას ვითხოვდით ერთია, მთავარია, სასამართლომ დაადგინა სამართალდარღვევა. მეტს ვერ გიპასუხებთ,“ – დაგვემშვიდობა ვახტანგ ბერიძე.

მთავარი ფოტო: ვახტანგ ბერიძე. ფოტო გამოქვეყნებულია ხულოს მუნიციპალიტეტის FB გვერდზე

 

 

 

აჭარაში ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა ამოქმედდა

დღეს, 30 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, იუნისეფმა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის ახალი სისტემის პროექტი წარმოადგინა. პროექტი საპილოტეა და ის პირველად აჭარაში ხორციელდება.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე  „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო 650 ახალშობილი ბავშვის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება და გადამზადდა 120 მედპერსონალი, რომელიც პროექტშია ჩართული. ექიმებისთვის შეძენილია 170 პლანშეტი, სადაც ახალი სისტემაა ჩატვირთული.

„ბავშვის ადრეული განვითარების სისტემა აქამდე არ არსებობდა,  ეს სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოშლილია, მაშინ როცა ბავშვის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პირველი ხუთი წელია, რადგან ბავშვის ტვინის 80 პროცენტი სწორედ ამ პერიოდში ვითარდება და ეს არის ფუნდამენტი, რომელსაც ბავშვის შემდგომი განვითარება ეფუძნება,“- გვეუბნება მაია ქურციკიძე.

მისი თქმით, თუკი პრობლემა ამ პერიოდში იჩენს თავს და არ მოხდება მისი დროული მოგვარება, შემდეგ წლებში მისი გამოსწორება თითქმის ვერ ხერხდება.

ბავშვის ადრეულ განვითარებაზე ზრუნვის მონიტორინის სისტემის პრეზენტაცია „რედისონში“.

„შეიქმნა ელექტრონული მოდული, როგორც ბავშვის ზრდისა და განვითარების, ასევე, დაბადების რეესტრი, სადაც აღირიცხება ყველა ახალდაბადებული ბავშვის შესახებ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გადაეცემა ბავშვის ზრდისა და განვითარების მოდულს, რის საფუძველზეც პირველადი ჯანდაცვის რგოლი იწყებს ბავშვის აღრიცხვას და მას განვითარებაზე ზედამხედველობას.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმი აღჭურვილია პლანშეტით, სადაც ჩატვირთულია ბავშვის განვითარების მოდულები და როცა ის მიდის ოჯახში, ამონიტორინგებს ზომას, წონას, კვებას, დედის ჯანმრთელობას, კონსულტაციას უწევს დედას და ოჯახს. გარდა ამისა, თუკი რაიმე პრობლემას ან დარღვევას შეამჩნევს ბავშვის განვითარებაში, ხდება დაუყოვნებლივ რეაგირება,“-ამბობს, მაია ქურციკიძე.

თუ ოჯახი სოციალურად შეჭირვებულია, ასევე, მის შესახებ ინფორმაციას გადაამისამართებენ სოციალურ სამსახურში.

„ჩვენ ისევ ცარიელი ხელებით ვრჩებით“ – სოცმუშაკების გაფიცვის მეხუთე დღე ბათუმში

სოცმუშაკები ბათუმის „ვარდების სკვერში“ დღეს, 29 მარტს, ისევ შეიკრიბნენ. პარალელურად საპროტესტო აქცია თბილისში, კანცელარიის შენობასთან იმართება. სოცმუშაკები მოთხოვნების სრულად შესრულებას ითხოვენ.

„კატეგორიულად უარს ამბობენ ამ წელიწადში ხელფასის მატებაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენი ანაზღაურება ხელზე 625 ლარია. ასევე, ვითხოვთ წერილობით დადასტურებას იმ დაპირებების, რაც მინისტრმა გააჟღერა,“ – ამბობს ბათუმელი სოცმუშაკი, ხატია მახარაშვილი.

სოცმუშაკების თქმით, ისევ პრობლემაა სერვისები – სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მათ ისევ „შიშველი ხელებით“ მოუწევთ მისვლა. ამის საილუსტრაციოდ გაფიცულები პლაკატებთან ერთად შიშველ ხელებს აჩვენებენ.

ამ ეტაპზე სოცმუშაკების მოთხოვნებიდან რამდენიმე დაკმაყოფილდა. მათ შორის, ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

„ასევე ჩვენი ვალდებულება აღარ იქნება რამდენიმე პროგრამაში მუშაობა, მაგალითად, შშმ ბავშვების დღის ცენტრებში განთავსება… მოთხოვნებს შორის გვქონდა ისიც, რომ ერთდროულად ძალიან ბევრი მიმართულებით გვიწევდა მუშაობა,“ – გვითხრა სოცმუშაკმა, ნინო ტყეშელაშვილმა.

სოცმუშაკების თქმით, გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნებს სრულად არ გაიზიარებს ჯანდაცვის სამინისტრო.

 

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/352470/

რეფერალურთან განახლდა 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების საპროტესტო აქცია

“შემდეგი შეიძლება შენ იყო,” “უსამართლობაზე თვალის დახუჭვა უსამართლობის მხარდაჭერაა,” “ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს,” – ეს ტრანსპარანტები ბათუმში 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გამოფინეს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა გამოძიების დროულად დასრულება, ასევე, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა მოითხოვეს.

„ამ დრომდე გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად არ მიუჩნევიათ. ჩვენ ვერ ვიღებთ ინფორმაციას ვის კითხავენ, რა გააკეთეს, რა დადგინდა ექსპერტიზით,” – ამბობს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობელი, ტარიელ ქათამაძე.

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 21 მარტს ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა.

გარდაცვლილის ახლობლებმა აქამდეც გამართეს რამდენიმე საპროტესტო აქცია რეფერალურ საავადმყოფოსთან.

მათ საპასუხოდ აქცია გამართეს ბათუმში მოქმედი სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა და განაცხადეს, რომ მათი უფლებები ირღვევა.

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

ამ თემაზე:

ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა – გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა აქცია შეწყვიტეს

ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე საკრებულოს ტოვებს. საკრებულოს წევრის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით უკვე მიმართა.

თუ რატომ ტოვებს საკრებულოს, ამის შესახებ ირაკლი მიქელაძემ პოსტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. საკრებულოს დატოვების მიზეზად ის ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქ. ბათუმის საკრებულო. სამწუხაროდ, მინიმუმ 1 წელი კვლავ ვერ შევძლებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან განხორციელებას, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ჯერ ჩემს ქალიშვილს სჭირდება მამა და მამის დახმარება – სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ვფიქრობ, ადვილი იქნება ჩემი გაგება. ბევრი ყოყმანისა და წინააღმდეგობის (გუნდის წევრების/მეგობრების) მიუხედავად, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე – ზოგადი ინტერესებიდან გამომდინარე.

ზოგადი ინტერესი კი ერთია – ყველა რგოლის ეფექტური მუშაობა, ქვეყნის სწრაფი და ეფექტური განვითარებისათვის. შევეცდები, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო პირადი განვითარებისათვის, განათლებისათვის, გამოცდილებისათვის და რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე ჩემს ქალაქში,“ – წერს ირაკლი მიქელაძე ფეისბუქზე.

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2016 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს. ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, 2017 წელს იგი საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა. 

„სილქ როუდ ჯგუფის“ ბრიფინგი ძველი ბათუმის დამცველების ბრიფინგის საპასუხოდ

დღეს, 29 მარტს, „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ, ბრიფინგი გამართა. იგი საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ბათუმისა“ და საზოგადოება „ბათომის“ მიერ დღეს გავრცელებულ ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაცია და მან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მედიას ამ თემაზე დისკუსიის გამართვა შესთავაზა.

„ბათუმი რივიერას“ დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი „რივიერას“ ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონაში მოექცევა, მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი კანონის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს ისტორიული დაცვის ზონა და ეს პროექტი აღარ აშენდება. რომც ჰქონდეს დღეს ამ ტერიტორიას ისტორიული დაცვის ზონის სტატუსი, პროექტი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, არ ეწინააღმდეგება კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

კანონში წერია, რომ ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მშენებლობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა შეესაბამება საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. ისტორიულად არ ნიშნავს პრეისტორიულ, დინოზავრების ხანას. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო განაშენიანებული, აქ იყო გემთსარემონტო ქარხანა და ბარაკები, შემდეგ დაანგრიეს ეს ყველაფერი და ამ ტერიტორიის ირგვლივ აშენდა „პორტა ბათუმი“, ყოფილი უნივერსიტეტის შენობა, სხვა მაღლივი შენობები… განაშენიანების მასშტაბი, რაც აქ გვაქვს, უკვე არის საკმაოდ მაღალი. ჩვენს ტერიტორიაზე არაფერი არ დგას, კანონს ჩვენ არ ვარღვევთ,“ – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მან ხაზგასმით თქვა, რომ სხვა კომპანიებისგან გასხვავებით, „სილქ როუდ ჯგუფი“ არ ითხოვს K2 კოეფიციენტის მომატებას და ზონის სტატუსის ცვლილებას.

კითხვას, როგორია კომპანიის პოზიცია, უნდა შედიოდეს თუ არა რივიერას ტერიტორია ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში, გიორგი კაპანაძემ უპასუხა, რომ მას არ მიაჩნია, რომ ეს ტერიტორია უნდა შედიოდეს ამ ზონაში. „მაგრამ თუ სპეციალისტებს სხვაგვარად მიჩნიათ, კი ბატონო. ამ შემთხვევაშიც არ ვარღვევთ ჩვენ კანონს და გვაქვს იმ მშენებლობის განხორციელების უფლება, რომელიც წარმოვადგინეთ,“ – დასძინა მან.

გიორგი კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ კომპანია არ განიხილავს სხვა, ალტერნატიულ ვარიანტს, ცვლილებებს პროექტში ან პროექტის სხვა ადგილას განხორციელებას.

„ჩვენ რომ ვიყოთ ათი წლის წინანდელ ბათუმში, ეს პროექტი სხვაგვარი იქნებოდა, ამის დასტურია სასტუმრო „რედისონი“. მაშინაც შეგვეძლო აგვეშენებინა „პორტა ბათუმის“ ხელა, რა გვიშლიდა ხელს, მაგრამ მაშინდელი ბათუმი სხვანაირი იყო და ჩვენი ქმედება იყო ადეკვატური. დღეს რეალობა შეცვლილია, თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ დღეს ბათუმი არის დაბალი განაშენიანების ქალაქი,“ – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

„სილქ როუდ ჯგუფს“ ბათუმის მერიაში უკვე წარდგენილი აქვს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, თუმცა კომპანიას მერიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ არ იცის, რა არის ამის მიზეზი.

„ოფიციალურად წერილი არაერთხელ გავგზავნე და პასუხი არ მიმიღია. ვითხოვთ [გრგ] გადაიგზავნოს საკრებულოში, რატომ ჩერდება ეს პროცესი, არ ვიცი. გვინდა მივიღოთ პასუხი, ვინ სად რა თქვა, მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ. მინდა ვიცოდე უწყების ოფიციალური პოზიცია… მე მინდა დისკუსია გაიმართოს, თუ კი ვინმე დასაბუთებულ არგუმენტს გვეტყვის, მაშინ ჩვენ გავითვალისწინებთ,“ – განაცხადა მან.

კითხვას, ვისგან ელის არგუმენტებს, გიორგი კაპანაძემ უპასუხა, რომ პროფესიონალებისგან: „ურბანისტები და არქიტექტორები. მე არ ვამბობ, რომ ჩემ მიერ მოყვანილი ექსპერტები უნდა განიხილავდნენ ამას. აი, არსებობს არქიტექტორთა კავშირი…“

მან ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიის შესასწავლად 2018 წელს “სილქ როუდ ჯგუფმა” აჭარის არქეოლოგიის ინსტიტუტთან ხელშეკრულება გააფორმა და ჩატარდა სამუშაოები, რომლის შედეგადაც ისტორიული შენობის კვალი არ აღმოჩნდა.

„სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ე.წ. რივიერა, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში უნდა მოექცეს – ეს რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ საბჭოს ეკუთვნის, რომელმაც ზონები უნდა დაამტკიცოს. უკვე დამტკიცებულ ზონაში კი დასაშვებია მხოლოდ იმ მასშტაბის მშენებლობები, რომელთა არსებობაც იქ ისტორიულად დადასტურებულია. შესაბამისად, უფრო მასშტაბურ პროექტებზე ზონის საზღვრებში ბათუმის მერია ნებართვას ვეღარ გასცემს.

დღეს საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომმა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართეს. ძველი ბათუმის დამცველები მოითხოვენ ბათუმის მერმა დაუყონებლივ გააგზავნოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების  დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.

„დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომი“ თითქმის წელია აქტიურად ვითხოვთ რივიერას ტერიტორია მოექცეს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში, რომელიც სპეციალისტების კვლევითაა დადგენილი. ჯერჯერობით სახეზეა მხოლოდ ზეპირი განცხადებები, რომ „სილქ როუდ ჯგუფის“ დაანონსებული ცათამბჯენები „სავარაუდოდ“ ვერ აშენდება“ – აღნიშნულია ღია წერილში.

 

ქალაქი ქალაქში – თევზის სამყარო „მელკიმორიაზე”

ბათუმშიც, ისევე როგორც სხვა ზღვისპირა ქალაქებში, როცა ადგილობრივი გემოების აღმოჩენაზე ფიქრობ, ზღვის პროდუქტები გახსენდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ქალაქში თევზის ბევრი რესტორანია, სადაც მხოლოდ ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნებაა. თუ სტამბოლში ბოსფორის სანაპიროზე გალათას ხიდთან გისეირნიათ, აუცილებლად მოგხვდებოდათ თვალში სანაპიროზე გამწკრივებული უამრავი ღია კაფე, სადაც იქვე წვავენ ახალდაჭერილ თევზს. ასეთი კაფე და რესტორანი სტამბოლში უამრავია, თევზი იქ ბათუმისგან განსხვავებით ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტია და კვირაში ერთხელ რესტორანში გრილზე შემწვარი ორაგულის მირთმევა საშუალოსტატისტიკური სტამბოლელისთვის ერთგვარი ჩვევაც კია.

უცნაურია, მაგრამ ზღვისპირა ბათუმში ასე არ არის.

თუმცა ზღვის პროდუქტების მოყვარულებმა ბათუმში იციან სადაც უნდა მიაშურონ: „მელკიმორიას“ უბანში, თევზის ბაზრობაზე. აქ ახლა გაზაფხულზე 15-მდე სახეობის თევზი იყიდება – როგორც შავ ზღვაში დაჭერილი, ასევე აუზის თევზები. ყველაზე ძვირად ბათუმის თევზის ბაზრობაზე შავი ზღვის კამბალა ფასობს – კილოგრამის ფასი 60 ლარია, შავ ზუთხს 30 ლარად იყიდით. ყველაზე იაფი ბაზარზე ამჯერად საშუალო ზომის ბარაბულია – 8 ლარი ღირს, მოზრდილები კი 15 ლარი.

[toggle title=”თევზის ფასები ბაზრობაზე (2019 წლის მარტის მონაცემებით)“]

ზუთხი – 30 ლ.

კამბალა – 60 ლ.

პატარა ბარაბული 8 ლ.

დიდი ბარაბული – 15 ლ.

დორადო – 22 ლ.

მოლუსკები – 10 ლ.

ზღვის ორაგული – 22 ლ.

აუზის ორაგული – 15 ლ.

სტავრიდა – 10 ლ .

კალმახი – 12 ლ.

მერლანგი – 8 ლ.

სარგანი – 30 ლ.

კიბორჩხალა – თითო ცალი 1 ლ.

კრევეტები – თითო ცალი 3 ლ.

[/toggle]                                            

შავი ზღვის კამბალა ბათუმის თევზის ბაზრობაზე

ბაზრობა დიდი არ არის, მაგრამ თავისი შემოგარენით პატარა ქალაქს მოგაგონებთ: თევზის გამყიდველებით, თევზის მრეცხავებითა და მწმენდავებით, ბაზრობის უკან, სანაპიროზე განლაგებული მეთევზეების ფარდულებით და ახლომახლო თევზის კაფეებით.

75 წლის ნათელა მარკოიძემ 20 წლის წინ დაიწყო თევზის გაყიდვა. მისი ქმარ-შვილი მეთევზეები არიან. დილით ბადეებს კიდებენ ზღვაში, მეორე დღეს უკან თევზით ბრუნდებიან. ნათელა ამ თევზს რეცხავს და დახლებზე მწყობრ მწკრივებად ალაგებს.

გარეცხე, გაყიდე, შეალაგე, გამოალაგე, გაავლე – რთულია აქ მუშაობა. მთელი ოჯახი ამ შრომაში ვართ ჩართული“, – ამბობს ნათელა მარკოიძე.

ნათელა მარკოიძე, მოვაჭრე თევზის ბაზრობიდან

ეთერ მაჭუტაძეც თევზით ვაჭრობს, 26 წელია ბაზრობაზე მუშაობს. გვეუბნება, რომ ბათუმელების საყვარელი თევზი სტავრიდაა, რომელიც დიდი ზომით არ გამოირჩევა, მაგრამ ქორჭილასებრთა ჯიშის ეს თევზი უგემრიელესია. როგორც ეთერი გვიხსნის, არსებობს მუდმივი და  სეზონური თევზის ჯიშები: „ლიფორი, მაგალითად, მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბრის თევზია, მერე აღარ არის, ახალდაჭერილი სკუმბრია მხოლოდ ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში გვაქვს. კეფალს, სტავრიდას და ბარაბულს კი ბათუმის თევზის ბაზრობაზე ყოველთვის ნახავთ, მთელი წელი იჭერენ“.

ეთერ მაჭუტაძე

იშვიათად ნახავთ, რომ თევზი ამ ბაზრობიდან მყიდველმა გაუსუფთავებლად წაიღოს. კილო თევზის გაწმენდა 1 ლარი ღირს. ბაზრობას 7 – 10 თევზის გამსუფთავებელი ემსახურება, თევზის გამყიდველებთან ერთად ისინი აქ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით დილის რვიდან საღამოს 10, 11 საათამდე მუშაობენ.

ნარგიზ ბერიძეც თევზის გამსუფთავებელია, თევზს ზამთარ-ზაფხულ ცივი წყლით რეცხავს და წმენდს, ოდნავ თბილი წყალიც კი თევზის ნაზ ხორცს აზიანებს. ნარგიზ ბერიძე ამბობს, რომ ყველა, ვინც აქ ყიდულობს თევზს, მის ადგილზევე გაწმენდას არჩევს. ასე გროვდება დღის მანძილზე თითო ლარით შეგროვებული მისი შემოსავალი.

ბაზრობაზე ნაყიდ ახალდაჭერილ თევზს ტურისტები და ბათუმელები ხშირად აქვე აწვევინებენ და მიირთმევენ. ბაზრობასთან ახლოს რამდენიმე ასეთი კაფეა, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს ხალხმრავლობაა.

ნარგიზ ბერიძე

„ისრაელიდან ჩამოსულები, იაპონელები, უკრაინელები, გერმანელები და ჩინელები – ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები გვსტუმრობენ, მოაქვთ თევზი და ვუწვავთ, როგორც გაუხარდებათ, ან ჩვენ ვთავაზობთ ჩვენსას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ახალ თევზს“, – ამბობს ,,მელკიმორიას“ თევზის ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული, მზია თავდგირიძე და ძალიან სასარგებლო თევზის წვნიანის, უხას კეთებისას დასაცავ აუცილებელ წესებს გვაცნობს: საუკეთესო უხა დიდი ჯიშის თევზის ასორტისგან გამოდის, ან მხოლოდ ორაგულისგან. თევზი არ უნდა ჩაიშალოს და წვნიანს მწვანილებიდან მხოლოდ ნიახურის რამდენიმე ღერს თუ დავამატებთ. უხასთან ერთად, გემოს გასამრავალფეროვნებლად შეგვიძლია მთლიანი სტაფილო და ცოტა კარტოფილიც მოვხარშოთ.

თევზის პატარა ქალაქში ყველაზე დატვირთული დღე პარასკევია, ამ დროს უამრავი მყიდველი და სტუმარი ირევა თევზის ბაზარში და მის ახლომახლო რესტორნებში.

რა უპირატესობა აქვს აქ ზღვის პროდუქტების დაგემოვნებას? ის, რომ კრევეტებს და შემწვარ თევზს ზღვის პირას მიირთმევთ, მეთევზეების ფარდულებს და ნავებსაც შეავლებთ თვალს და ნახავთ, რომ ბათუმის თევზის ბაზრობა არის ქალაქში – პატარა ქალაქი, რომელიც სულ თევზის სუნითაა გაჟღენთილი, სურნელით, რომელიც ცოტათი მაინც ასდის ხოლმე ყველა ზღვისპირა ქალაქს, სურნელით, რომელიც ზოგს სძულს, ზოგს კი ძალიან უყვარს.

მეთევზე

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, კიდევ ორ ნაკვეთს რიჟვაძის შუამდგომლობით ითხოვს

შპს „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ კიდევ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად ითხოვს. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში ამ ნაკვეთებს შპს „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცემენ.

ოქმში ნათქვამია ასევე, რომ „დრიმლენდ ოაზისს“ ზემოთ აღნიშნული ნაკვეთები უკვე მიმდინარე საინვესტიციო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის სჭირდება.  ქობულეთში, ბათუმის ქუჩაზე, კომპანიას მოქმედი სასტუმრო აქვს.  გარდა ამისა, „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

საკითხი დღეს, 29 მარტს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დადებითად გადაწყვიტეს. გარდა ამისა,  საკრებულოს წევრები დაეთანხმენ „დრიმლენდ ოაზისის“ წინადადებას, რომლის თანახმადაც კომპანიას მიმდინარე სამშენებლო პროექტის გასწვრივ, 12 ჰექტარი ტერიტორია, ჩაქვის ზღვისპირა პლაჟი გადაეცა. ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივები ეწინააღმდეგებოდნენ, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პლაჟი იჯარით გაცემის შემდეგ მათთვის და მათი დამსვენებლებისათვის ჩაიკეტება. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა საკრებულოს ოპოზიციაც, კენჭისყრის შემდეგ მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„დრიმლენდ ოაზისი“ პლაჟზე ითხოვს ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას – მერი თანახმაა

ქობულეთში მიწას ითხოვს საკრებულოს წევრის ძმა, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს

ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდავი ერთ-ერთი კომპანია – შპს „ჯორჯტრანსი“ ქობულეთში, კლდიაშვილის ქუჩაზე, #2 – ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთს  15-წლიანი იჯარით ითხოვს. ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, კომპანია კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ დაურეგისტრირებელ ფართობს – 23 472 კვადრატულ მეტრს ითხოვს. გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, მოთხოვნილი ნაკვეთის გვერდით შპს „ჯორჯტრანსი“ საკუთრებაში ფლობს 4 444 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, სადაც ამ დროისთვის საწარმო აქვს.

კომპანიის დირექტორის, თენგიზ შავიშვილის თქმით, ის ამ ადგილზე სასტუმროს მშენებლობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, სადაც ადგილობრივებს დაასაქმებს, მიმდებარე ტერიტორია კი სასტუმროს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სჭირდება.

ქობულეთის მერიის მიზნობრიობის კომისიის ოქმის მიხედვით, კომისიამ საკითხი განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან კომისიას არ მიუღია ინფორმაცია „მოთხოვნის მიზნობრიობის“ თაობაზე.

ოქმში ასევე ნათქვამია იმის შესახებ, რომ  ქობულეთის გენერალური გეგმის მიხედვით, ტერიტორია მიეკუთვნება საცხოვრებელ „ზონა 3“-ს, რაც მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა. ამიტომაც კომისიას დამატებითი ინფორმაცია სჭირდება ამ ტერიტორიაზე ბიზნესმენის გეგმებთან დაკავშირებით.

შპს „ჯორჯტრანსი“ ერთ-ერთი კომპანიაა მათ შორის, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისგან ხეების გატანაზე შეკვეთა რამდენჯერმე მიიღო. გარდა ამისა, კომპანიის 100 პროცენტის მფლობელი ქობულეთის საკრებულოს წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომრის – ვაჟა შავიშვილის ძმისშვილი, დავით შავიშვილია, ხოლო დირექტორი – თენგიზ შავიშვილი, მისი ძმა.

მთავრობასა და წარმატებულ ბიზნესმენებს შორის კავშირებზე, მაშინ, როცა საქმე უშუალოდ ნათესავებს ეხება, მუდმივად ინტერესდება არასამთავრობო სექტორი. მათივე შეფასებით, ვინ როგორ ახერხებს სასურველ წინადადებაზე დაითანხმოს ხელისუფალი და რამდენად დასაბუთებულია უარი მათთვის, ვინც ამას ვერ ახერხებს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, საკრებულოს წევრს – ვაჟა შავიშვილს ბიზნესმენი ძმის მოთხოვნა – ქობულეთში მიწის ნაკვეთის შპს „ჯორჯტრანსისთვის“ გადაცემაზე, მას, როგორც საკრებულოს თანამდებობის პირს, უხერხულობას არ უქმნის.

„გამოვრიცხავ ჩემს ყოველგვარ გავლენას ამ საქმესთან მიმართებაში. საკრებულო ამ საკითხს არ განიხილავს, გადაწყვეტილებას არ მიიღებენ ჩემი კოლეგები, რადგან ეს საკითხები არ შედის საკრებულოს კომპეტენციაში და არც მერიაა ანგარიშვალდებული იმ ქონებებზე, რომლებიც არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“, – ამბობს ვაჟა შავიშვილი.

მისივე განმარტებით, ძმის კომპანიის ამ მოთხოვნის შესახებ მან „ბათუმელებისგან“ გაიგო და ის, როგორც საკრებულოს თანამდებობის პირი, პროცესზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მოლაპარაკებების გზით იღებენ და არა ქობულეთის მერიაში ან საკრებულოში. ასევე,  თენგიზ შავიშვილი ქონებას პირდაპირი წესით ვერ მიიღებს და აუქციონში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„არის ცენტრალური მთავრობის ქვემდებარე ქონებები, რომელსაც ქონების ეროვნული სააგენტო განკარგავს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე ქონება და მუნიციპალური ქონება. ადგილობრივი აღმასრულებლისგან  მხოლოდ ინფორმაციას ითხოვენ, ხომ არ არის რაიმე შემაფერხებელი გარემოება. თუ ასეთი არ არის და წინადადება ინვესტიციის განხორციელებაზე კონკრეტული ადგილის განვითარებას გულისხმობს, მერია ვალდებულია ამაზე აუცილებლად მისცეს თანხმობა“, – განმარტავს ვაჟა შავიშვილი.

შპს „ჯორჯტრანსის“ დირექტორის, თენგიზ შავიშვილის ინფორმაციით, საინვესტიციო წინადადებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით ორი წლის წინ მიმართა. მისივე ინფორმაციით, მანამდე ეს ნაკვეთი მთავრობას გასაყიდად აუქციონზე ჰქონდა გატანილი, თუმცა აუქციონი არ შედგა. შემდეგ სამინისტროს აუქციონის პირობები შეუცვლია:

„ამჯერად ისევ მივმართე, იქნებ მიიღოთ რაიმე გადაწყვეტილება-მეთქი. მას შემდეგ რვა თვე გავიდა და არც ვიცოდი, თუ იმსჯელეს ამ საკითხზე – თქვენგან გავიგე. გარწმუნებთ, ჩემი ძმის საკრებულოში ყოფნა არასდროს გამომიყენებია.“

 

პროტესტის მიუხედავად, საკრებულომ ჩაქვის პლაჟი „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცა

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ჩაქვის პლაჟი შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ათწლიანი იჯარით გადასცა. საკითხის განხილვას სხდომაზე დღეს მოქალაქეები ესწრებოდნენ. ისინი ითხოვდნენ, საკრებულოს წევრებს გაეთვალისწინებინათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნა და პლაჟი ინვესტორისთვის არ გადაეცათ. მანამდე მათ ამ მოთხოვნით მოსახლეობამ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართა.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემის აუცილებლობა მისი მოვლა-პატრონობის აუცილებლობით ახსნა. მოსახლეობამ დავით მჭედლიშვილს შესთავაზა, რომ მორიგეობას დააწესებდნენ და თავად მოუვლიდნენ პლაჟს, „ოღონდაც ინვესტორს არ გადასცეთ“.

ამ წუთებში მოსახლეობა საკრებულოს შენობის ეზოშია შეკრებილი: „მაინც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ და გვაქვს მოლაპარაკება, თუ როგორ მოვიქცეთ ამის შემდეგ.“

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, ათწლიანი იჯარით ითხოვდა. ამ კომპანიას უკვე ეკუთვნის პლაჟის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პლაჟის კომპანიაზე გადაცემას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, ისინი მიიჩნევენ, რომ პლაჟის ინვესტორზე გადაცემის შემდეგ მათთვის ზღვაზე გასასვლელი  ჩაიკეტება და ისინი ზღვის სეზონზე დამსვენებელს დაკარგავენ.

„დრიმლენდ ოაზისი“ პლაჟზე ითხოვს ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას – მერი თანახმაა

 

„ორბი“ კ2-ის გაზრდას 13,47-მდე ითხოვს – ბათუმის აეროპორტი ამ მასშტაბის მშენებლობას არ ეთანხმება

„ორბი ჯგუფი მილენიუმი“ აჭარის მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლა. კომპანიას 2 152 950 ლარის ჯარიმა ვადების დარღვევის გამო დააკისრეს, თუმცა ამჯერად ეს ვადებიც გადაუვადეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ახალ ბულვართან აუქციონზე ნაყიდ ნაკვეთზე გეგმარება შეცვალა. აქედან გამომდინარე „ორბი“ ბათუმის მერიისგან კ2-ის გაზრდას 3-ის ნაცვლად 13,47-მდე და ახალი პროექტის შეთანხმებას ითხოვს. მთავრობა და მერია კომპანიის წინადადებაზე თანახმაა, თუმცა პროექტის შეთანხმება ბათუმის აეროპორტის გამო ვერ ხერხდება.

„ორბი ჯგუფი მილენიუმის“ ახალი პროექტი შეთანხმებული არ არის და არც კ2 გაზრდილა“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში, თუმცა დეტალური ინფორმაცია მერიისგან ვერ მივიღეთ.

„ბათუმელებმა“ მოიპოვა „ორბი ჯგუფი მილენიუმის“ დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის წერილი, რომლითაც ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რამაზ ბოლქვაძეს მიმართავს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თხოვნით. სამინისტროს ინფორმაციით, ეს მოთხოვნები დღეს, 2019 წლის 29 მარტს, დააკმაყოფილა აჭარის მთავრობამ.

„კომპანიამ წარმოადგინა 200 ათასი ლარის საბანკო გარანტია და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები გადაუვადდა. ასევე, ჯარიმის გადახდისგანაც გათავისუფლდა, ოღონდ ვალდებულების შესრულების პირობით“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

„ორბი ჯგუფი მილენიუმმა“ ახალ ბულვართან 32 249 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონზე, 2016 წლის ზაფხულში, 9 მილიონ 300 ათას ლარად იყიდა. კომპანიის განცხადებით, ეს თანხა სრულად აქვთ გადახდილი. ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი კი 5 მილიონი ლარი იყო.

კომპანიის დირექტორის წერილში აღნიშნულია, რომ მშენებლობა დაიწყეს, მოგვიანებით კი გეგმარება შეცვალეს. თუმცა, ახალი პროექტის შეთანხმება, კ2-ის გაზრდა და ასაშენებელი შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრა ვერ ხერხდება. წერილში აღნიშნულია, რომ ვადების დარღვევა სწორედ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან გადაწვეტილებების ვერმიღებამ გამოიწვია.

ირაკლი კვერღელიძის წერილის მიხედვით, „ორბის“ დაკვეთით, უკრაინის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო პროექტ-ტექნოლოგიური და სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა მოამზადა ტექნოლოგიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც ამ ადგილზე შენობის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 143 მეტრს; კოეფიციენტი ამ ზონაში არის 3-მდე და უნდა გაიზარდოს 13,47-მდე; მერია კი კ2-ს ვერ ზრდის, ვიდრე არ დადგინდება ამ ზოლში ასაშენებელი შენობის მაქსიმალური სიმაღლე.

„ორბი“ „საქაერონავიგაციას“ დაუკავშირდა, რომელმაც აცნობა, რომ ასაშენებელი შენობა არ უნდა აღემატებოდეს 138 მეტრს, თუმცა იმავე წერილით „ორბს“ ისიც ეცნობა, რომ „ასაშენებელი შენობის განლაგება ხვდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებებისგან შემზღუდველ შიდა ჰორიზონტალური ზედაპირის გავრცელების ფარგლებში და მასზე დასაშვები ობიექტის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 50 მეტრს. ამასთან, მშენებლობა უნდა შეთანხმდეს შპს „ბათუმის აეროპორტთან“.

„ორბის“ მიერ აუქციონზე ნაყიდი ნაკვეთი და ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლი

„ორბი“, როგორც ირაკლი კვერღელიძის წერილიდან ჩანს, ვერ ახერხებდა „ბათუმის აეროპორტთან“ მშენებლობის შეთანხმებას. „არაოფიციალურად „ბათუმის აეროპორტის“ პოზიციაა, თავად ჩაატაროს კვლევები აეროდრომის რაიონში მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც შეუთანხმებს „საქაერონავიგაციას“ და „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას დასაშვებ მაქსიმალურ სიმაღლესთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია წერილში.

„ბათუმელები“ შეეცადა ირაკლი კვერღელიძისგან მიეღო ინფორმაცია, დადგინდა თუ არა მათ კუთვნილ ნაკვეთზე ასაშენებელი შენობისთვის დასაშვები მაქსიმალური სიმაღლის ზღვარი. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

2016 წელს ჩატარებული აუქციონის პირობების მიხედვით, „ორბი ჯგუფი მილენიუმს“ არანაკლებ 350-ნომრიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის აუზი [შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით], დახურული ტიპის აუზი, სარეკრიაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები, ავტოსადგომი და სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, [ასევე, დასაშვებია აპარტამენტები] საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების გაფორმებიდან ანუ 2016 წლის ივნისიდან, 48 თვეში – 2020 წლის ივნისამდე უნდა აემოქმედებინა.

ვინაიდან კომპანია ამ პერიოდისთვის ვეს ასრულებდა ვალდებულებას, მას დასრულების დრო აჭარის მთავრობამ 2021 წლის მაისამდე გადაუვადა.

აღნიშნულ პროექტში „ორბმა“ არანაკლებ 40 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, სასტუმრო კომპლექსსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას [გარდა აპარტამენტებისა] პროფილი ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს. ამ პერიოდით ევალება, ასევე, არანაკლებ 300 მოქალაქის დასაქმება, სადაც, დასაქმებულთა არანაკლებ  90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

ამავე თემაზე:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

მეხანძრე-მაშველებს 677 600 ლარის ფეხსაცმელი უყიდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 4 000 წყვილი სპეცფეხსაცმელი იტალიურ კომპანია GRISPORT-ისგან შეიძინა.

აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ახალი სპეცფეხსაცმლის ტექნიკური მონაცემები სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ფეხსაცმელი 3 200 მეხანძრე-მაშველს დაურიგდება.

სპეცფეხსაცმელს ორწლიანი საექსპლუატაციო ვადა აქვს. მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 677 600 ლარი დაიხარჯა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში მეხანძრე-მაშველები ახალ სპეცტანსაცმელსაც  მიიღებენ.

 

მთავარი ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუქგვერდიდან.

პრობლემა არის მხოლოდ ბავშვების დაცვა პორნოგრაფიისგან – გვახარიას ჩვენება სასამართლოში

“თავიდან “გრძნობათა იმპერიის” ჩვენებაც აკრძალეს, თუმცა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ფილმში ნაჩვენებ სექსუალურ აქტებს ჰქონდა სახელოვნებო დანიშნულება. ფილმს მიანიჭეს 16+ კატეგორია და ის დარჩა კინოდარბაზებში…

ამ ბოლოს უხერხულობა ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეექმნა, როცა გასპარ ნოეს “სიყვარული” პორნოგრაფიად მიიჩნიეს და მისი ჩვენება აკრძალეს. არადა, ეს ფილმი ცოტა ხნით ადრე კანის ფესტივალზე აჩვენეს,” – მიმართა მოსამართლეებს კინომცოდნე გოგი გვახარიამ. მან დღეს, 29 მარტს, ჩვენება მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ექსპერტმა.

საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე გიორგი ლოგუას სარჩელს განიხილავს. იგი სადავოდ მიიჩნევს სისხლის სამართლის კონკრეტულ ნორმას, რომელიც პორნოგრაფიის დამზადებას, შენახვას ან გავრცელებას დანაშაულად მიიჩნევს. მოსარჩელის აზრით, ეს ნორმა ბუნდოვანია და არ არსებობს კონკრეტიკა, რა შეიძლება მივიჩნიოთ პორნოგრაფიად.

გოგი გვახარიას აზრით, პორნოგრაფია სისხლის სამართლის წესით დასჯადი საერთოდ არ უნდა იყოს. მისი განმარტებით, ევროპის ქვეყნებში ტელევიზიებსა და საჯარო ადგილებში აკრძალულია მხოლოდ ისეთი ფილმების ჩვენება, სადაც უშუალოდ არის ნაჩვენები სექსუალური აქტი ახლო ხედით და აღგზნებული სასქესო ორგანოები.

“თვითმიზანი არ უნდა იყოს აქტის ჩვენება… ჩემი აზრით, აქ პრობლემა არის მხოლოდ ბავშვების დაცვა პორნოგრაფიისგან. მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით უნდა არსებობდეს ცალკე კანონი,” – აღნიშნა გოგი გვახარიამ.

მოსამართლე ევა გოცირიძემ კინომცოდნეს რამდენიმე ქვეყნის კანონის ჩანაწერი წაუკითხა და იკითხა:

“თქვენი აზრით, საზოგადოებრივი მორალი არის ის ღირებულება, რომელიც სამართლებრივ დაცვას საჭიროებს?”

“საზოგადოების მორალი ძალიან ცუდ ასოციაციას იწვევს ჩემში, ქალბატონო ევა. მე არ გამოვიყენებდი ამ ტერმინს საერთოდ”, – უპასუხა მოსამართლეს გოგი გვახარიამ.

“თქვენ უხამსის გამოყენებასაც ერიდებით… კანონში არის გამოყენებული ეს ტერმინი ხშირად,” – ჩაეკითხა კინომცოდნეს მოსამართლე ევა გოცირიძე.

კითხვის პასუხად გოგი გვახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოიყვანა, სადაც წლების წინ უზენაესმა სასამართლომ “ლოლიტა” ზუსტად “უხამს” და ” საზოგადოების მორალის მავნე” ნაწარმოებად მიიჩნია.

“ეს სუბიექტური შეფასებაა… თავისუფალ ქვეყნებში პორნოგრაფიის გამო არავის სჯიან,” – დასძინა ექსპერტმა.

“მაშინ რა არის პორნოგრაფიის ღირებულება, თუკი მას არ აქვს საგანმანათლებლო, სამედიცონო ან სახელოვნებო დანიშნულება, როგორც ამას კანონი განმარტავს?”- ისევ ჩაეძია გოგი გვახარიას ევა გოცირიძე.

“მას აქვს ის ღირებულება, რომ როცა სრულწლოვანი კაცი ან ქალი რჩება მარტო, შეუძლია ამას უყუროს და მასტურბაციით დაკავდეს. ექიმი მას ეუბნება, რომ ეს მისაღებია, თუკი სექსუალური ცხოვრება არ აქვს… ბოდიშს ვუხდი სასამართლოს, რომ ამის თქმა მომიწია,” – კატეგორიული პასუხი გამოუვიდა გოგი გვახარიას.

მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა არსებობდეს კონკრეტული კრიტერიუმები, რითაც დადგინდება პორნოგრაფიულ ვიდეოს აქვს თუ არა “სამედიცინო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო დანიშნულება”, – ასეა განმარტებული სისხლის სამართლის კოდექსში “პორნოგრაფია”.

“ამისთვის არსებობენ სპეციალისტები, რომ ეს განსაზღვრონ… ყველა ქვეყანაში მსგავს შემთხვევაში მსჯელობს კომისია,” – აღნიშნა კინომცოდნემ.

კოლეგიის თავმჯდომარე, მოსამართლე მერაბ ტურავამ პრაქტიკული შემთხვევა მოიყვანა, როცა შესაძლოა კომისია ვერ შეიკრიბოს და ვერ იმსჯელოს.

“მაგალითად, მე უნივერსიტეტში ვასწავლი. “სტამბულის კონვენციამ” ხელახლა განსაზღვრა კონკრეტული ტერმინები. გაუპატიურებად ითვლება ორალური სქესობრივი კავშირიც. როცა სტუდენტები გუგლავენ ორალურ სექსს, ისეთი ფოტოები და ვიდეოები ამოდის, არ ვიცი, რა ვთქვა… როგორ უნდა დადგინდეს, ეს პორნოგრაფიაა თუ სასწავლო მასალა?” – იკითხა მერაბ ტურავამ.

გოგი გვახარიამ მოსამართლეს ნახევრად ირონიულად უპასუხა, ჩაცინებით.

“სულ იქნება ეს სადავო, ბატონო მერაბ,” – თქვა მან.

შემდეგ დისკუსიაში ისევ მოსამართლე ევა გოცირიძე ჩაერთო:

“არის თუ არა განსხვავებული შეზღუდვები ჰომოსექსუალური, ლესბოსური და ტრადიციული სექსუალური აქტის შესაბამისად? ან, მაგალითად, ჯგუფური სექსის ჩვენება… როცა ძალადობაა ნაჩვენები სექსის დროს”, – ჩამოთვალა მოსამართლემ.

“ძალადობის ბევრი სცენაა პაზოლინის ფილმებში, მაგრამ ის გენიალურია… რას ვიზამთ. გენიალური ნამუშევრის ნახვის დროს ვიღაც კათარზისს განიცდის, ვიღაცას კი მიმბაძველობა უჩნდება. ამის გამო პაზოლინს ხომ არ ავკრძალავთ?” – უპასუხა მოსამართლეს გოგი გვახარიამ.

ევა გოცირიძეს ისევ კითხვა გაუჩნდა: “ყველას ხომ ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს?”

“ხო, მაგრამ ასე შეიძლება პარლამენტის სხდომაზეც ხედავდე ძალადობას. მსმენია მოსაზრება, რომ ეს უფროა პორნოგრაფია, ვიდრე კონკრეტული ვიდეო,” – მიუგო მოსამართლეს გოგი გვახარიამ.

კინომცოდნემ ასევე გაიხსენა ერთ-ერთი ამერიკელი რეჟისორის მეთოდი, რომელმაც სექსუალური აქტის დროს მამაკაცის სასქესო ორგანო ბუტაფორიით ჩაანაცვლა.

“მერე თქვა, ეს სათამაშოაო და გაუვიდა კიდეც. გავიდა ეს ფილმი კინოთეატრებში 12+ კატეგორიით…” – დასძინა გოგი გვახარიამ.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს მოუწევს კანონის დაზუსტება პორნოგრაფიის ნაწილში.

 

 

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი კი 1 100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი კი 4 000-მდე აპლიკანტმა შეავსო.

სოფო გორგოძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება. ვადის ამოწურვის შემდეგ კი მსურველები გამოცდებისთვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

გორგოძემ აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთხელ  განმარტა რეგისტრაციის წესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია აპლიკანტმა გამოიყენოს შენახვის ღილაკი. ამ ღილაკზე დაჭერის გარეშე რეგისტრაცია დასრულებულად არ ითვლება;
• მომხმარებლის სახელში ელფოსტის ნაცვლად უთითებენ სახელსა და გვარს;
• იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო ან სასპორტო პროგრამებზე აბარებენ, ავიწყდებათ შემოქმედებითი ტურის არჩევა;
• პროგრამების კოდებს უთითებენ არასწორად;
• გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ხშირად თანხის გადახდის გარეშე იწყებენ რეგისტრაციას;
• საერთო სამაგისტრო პროგრამაზე შეცდომით ირჩევენ ტესტის ტიპს;
• თანხის გადახდის დროს შეცდომით უთითებენ პირად ნომერს;
• არასწორად რიცხავენ თანხას (მაგ.: ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სხვ.)

სად აშენდება კომაროვის სკოლა და განათლების ახალი ცენტრი ბათუმში – მთავრობის განმარტება

დღეს, 29 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, პრემიერის განცხადება, რომ ბათუმში განათლების ახალი ცენტრი უნდა აშენდეს, გაიმეორა.

მისი თქმით, განათლების ახალი ცენტრი იქნება „ქალაქი ქალაქში“, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაზე იქნება ორიენტირებული.

„იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით,“ – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.

რიჟვაძემ სხდომაზე აჭარის განათლების მინისტრს დაავალა, უახლოეს დღეებში შეარჩიონ შესაბამისი ტერიტორია ქალაქში, სადაც მშენებლობა დაიწყება.

სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა,  განათლების ახალი ცენტრის შესახებ დეტალები „ბათუმელებთან“ დააზუსტა.

მისი თქმით, აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე განიხილეს ოთხი სავარაუდო ადგილი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ახალი ცენტრი უნდა აშენდეს. „ვარიანტები გადაგზავნილი გვაქვს ცენტრალურ სამინისტროში,“ – გვითხრა მან, თუმცა დაახლოებით რამდენ კვადრატულ მეტრზეა საუბარი, მინისტრი არ აზუსტებს.

„ფართობი დიდი იქნება, რადგან აქ უნდა განთავსდეს ფიზიკა-მათემატიკის სკოლა თავისი საერთო საცხოვრებლით, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება, ასევე ტექნოპარკი, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კულტურის მიმართულებით სახელოვნებო სტუდიები და ა.შ“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გადაწყდა ცენტრის მშენებლობა ბათუმის ცენტრალურ ნაწილში და არა, ვთქვათ, ქალაქგარეთ, შამილიშვილი ამბობს, რომ ცენტრი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მინისტრის თქმით, განათლების ახალ ცენტრს ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს, „თუმცა წილში აჭარის მთავრობაც შევა“.

განათლების ახალი ცენტრის მშენებლობის ბიუჯეტს მთავრობა არ ასახელებს. მათი განცხადებით, თანხის ოდენობა პროექტის დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ცენტრის მშენებლობა 2019 წელს უნდა დაიწყოს. მან სხდომაზე ასევე ისაუბრა ბათუმში ახალი უნივერსიტეტის გახსნაზე, თუმცა რა ტიპის უნივერსიტეტის მშენებლობაზეა საუბარი, მთავრობის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს.

რიჟვაძე ამბობს, რომ „შარლატანებს“ ორ წელიწადში 2 მილიარდი ლარის მოზიდვით უპასუხებენ 

დღეს, 29 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთავრობა ორი მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვას აპირებს.

„ბოლო რვა თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და ყოველ მომდევნო თვეში იქნება ამ მუშაობის შედეგი. გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები რეპუტაციულ ინვესტორთა ჯგუფებთან და შემდეგი ორი წლის განმავლობაში უნდა გავაოთხმაგოთ საინვესტიციო პორტფელი აჭარაში და მოვიზიდოთ არანაკლებ ორი მილიარდი ლარი“, – განაცხადა მან.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეს იქნება ძირითადად ევროპული კაპიტალი. „ეს ნიშნავს, რომ გაჩნდება ექვსი ათასი ახალი სამუშაო ადგილი. გვაქვს ზუსტი გეგმა და ხედვა, როგორ უნდა შევძლოთ ინვესტიციების გაოთხმაგება.

ასე, რომ ის შარლატანები (გულისხობს ენმ-ს), რომლებიც აკეთებენ კომენტარებს და ქმნიან გარკვეულ მითებს, რომ თითქოს აჭარა კარგავს მიზიდულობას, ჩვენ ვუპასუხებთ საქმით“, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

მან თქვა, რომ მთავრობა წარმატებით მუშაობს და ამის მაგალითად დაასახელა ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა. ასევე, მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ფონდ ქართუს“ ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაციისთვის.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს: იქ რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს ვინმეს!

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე შპს „დრიმლენდ ოაზისისთვის“ პლაჟის ტერიტორიის გადაცემას მისი მოვლა-განვითარების აუცილებლობით ხსნის. დავით მჭედლიშვილის თქმით, მან არ იცის, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მას შემდეგ, „იქ რომ ვინმეს თმის ღერი ჩამოუვარდეს“. საკრებულოს ოპოზიციამ მას შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, თვითონ მოუაროს და განავითაროს ტერიტორია:

„ვინ დაგიშალათ პლაჟის მოვლა?“

სხდომას ესწრება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი. მან სხდომაზევე შეაფასა დავით მჭედლიშვილის განმარტება და თქვა, რომ მისი გამოსვლით – რომ თუ „დრიმლენდ ოაზისს“ პლაჟს განვითარების მიზნით არ მისცემენ, შესაძლოა იქ ვინმეს, მათ შორის ახალგაზრდებს „რაიმე მოუვიდეთ“, ამით მოსახლეობას აშანტაჟებს.

საკრებულოს სხდომაზე მყოფი მოქალაქეები საკითხის გადადებას არ ეთანხმებიან და ითხოვენ, რომ საკრებულომ ქობულეთის მერიას ჩაქვის პლაჟის ტერიტორიის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემაზე უარი უთხრას.

საკრებულოს წევრები დაინტერესდნენ, თუ კომპანია პლაჟის ტერიტორიას არ ჩაკეტავს, მაშინ რატომ ითხოვს ამ ტერიტორიის იჯარით გადაცემას: „ისედაც მისი პროექტის მიმდებარეა და მოაწესრიგოს, მოწესრიგების წინააღმდეგი ხალხი არ არის.“

დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობს ქობულეთის საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოქალაქეებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი პირები  ჩაქვის პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ იჯარის წესით გადაცემას აპროტესტებენ და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ვერ შეძლო. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციაც.

მთავარი ფოტო: ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით მჭედლიშვილი

„დრიმლენდ ოაზისი“ პლაჟზე ითხოვს ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას – მერი თანახმაა

რა არის პორნოგრაფია – გოგი გვახარია სასამართლოს ექსპერტის სახით ჩვენებას აძლევს 

„დღევანდელი ჩემი გამოსვლა ჩემს სალექციო კურსს ემთხვევა – ცენზურის ისტორია კინოში… თავისუფალ ქვეყნებში არ არის აკრძალული პორნოგრაფია.

1986-87 წლებშიც კომისია შექმნეს, ელდარ შენგელაია დანიშნეს ხელმძღვანელად. მეც ვიყავი იმ კომისიაში. კომისიას უნდა დაედგინა, კონკრეტული ადამიანებისთვის ჩამორთმეული ვიდეო კასეტები იყო თუ არა პორნოგრაფია. ისინი უნდა დაეპატიმრებინათ ამის გამო. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ეს არ იყო პორნოგრაფია და ეს ადამიანები გადარჩნენ…” – ამ ისტორიის მოყოლით დაიწყო ჩვენების მიცემა კინომცოდნე გოგი გვახარიამ. ის დღეს, 29 მარტს, საკონსტიტუციო სასამართლოს „პორნოგრაფიის საქმეზე“ ექსპერტის სახით ჩვენებას აძლევს.

დავის საგანი მარტივია: კანონში მხოლოდ ის უნდა ეწეროს, რომ პორნოგრაფია დასჯადია, თუ უფრო დეტალურად უნდა განიმარტოს, რა არის პორნოგრაფია და რა სახის პორნოგრაფიის გავრცელებაა დასჯადი.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ან მისი შენახვა, გამოყენების ან გავრცელების მიზნით, აკრძალულია“.

სარჩელის ავტორი გიორგი ლოგუაა. ის 2015 წელს დააკავეს იმის გამო, რომ საკუთარ ინტერნეტგვერდზე პორნო ვიდეომასალა განათავსა. მოსარჩელის ინტერესებს გიორგი გოცირიძე იცავს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

 

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეები საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ

ხმაურით მიმდინარეობს ქობულეთის საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოქალაქეებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი პირები  ჩაქვის პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ იჯარის წესით გადაცემას აპროტესტებენ და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ვერ შეძლო. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციაც.

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, ათწლიანი იჯარით ითხოვს. ამ კომპანიას უკვე ეკუთვნის პლაჟის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პლაჟის კომპანიაზე გადაცემას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება: ისინი მიიჩნევენ, რომ პლაჟის ინვესტორზე გადაცემის შემდეგ მათთვის ზღვაზე გასასვლელი  ჩაიკეტება და სეზონზე დამსვენებელს დაკარგავენ.

ადგილობრივები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებისგან ითხოვენ, არ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება ამ საკითხზე. მათივე ინფორმაციით, ისინი ამ მოთხოვნით რამდენჯერმე შეხვდნენ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს და საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის თავმჯდომარეს გიორგი გოგიტიძეს, თუმცა ვერ მიიღეს დაზუსტებული პასუხი, გაითვალისწინებენ თუ არა მათ მოთხოვნას.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

„დრიმლენდ ოაზისი“ პლაჟზე ითხოვს ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას – მერი თანახმაა

როგორ გამოიყურება „თოკების პარკი“ მტირალაზე [ფოტო]

„თოკების პარკი“ მტირალას ეროვნულ პარკში კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168 000 ლარი დაიხარჯა. პარკი 27 მარტს გაიხსნა, თუმცა, სრული დატვირთვით ტურისტულ სეზონზე იმუშავებს. ატრაქციის სიგრძე სულ 209 მეტრია, არის ორი მარშრუტი – ბავშვებისთვის და უფროსებისთვის.

თოკების პარკი მტირალაზე
თოკების პარკი მტირალაზე
თოკების პარკი მტირალაზე
თოკების პარკი მტირალაზე
თოკების პარკი მტირალაზე
თოკების პარკი მტირალაზე

„დაიცავი ბათუმი“: ამ ქალაქს სამშენებლო კომპანიები განაგებენ, თუ  ადგილობრივი მთავრობა?!

დღეს, 29 მარტს, საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომმა“ ბრიფინგი გამართეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართეს ღია წერილით, ბოლო მოეღოს ურბანულ ქაოსს ბათუმში და დამტკიცდეს ისტორიული ბათუმის ზონა.

ძაღლი და ქარავანის რეჟიმიდან ხელისუფლებამ გადაგვიყვანა კორიდას რეჟიმში, ყოველი მხრიდან წითელს გვიფრიალებენ. რისთვისაც ვიბრძვით რივიერაზე, რომ სივრცე ზღვის პირას არ დაიფაროს და ისტორიულ ზონას არ შეეხონ, იგივე პრობლემა გაჩნდა ახლა „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას. ზღვიდან სულ რაღაც ას მეტრში შენდება სამი ცათამბჯენი, ზონას ეცვლება სახელი, კომპანია ითხოვს K2 კოეფიციენტის გაზრდას და მე მაინტერესებს:

ამ ქალაქს სამშენებლო კომპანიები განაგებს თუ  ადგილობრივი მთავრობა და თვითმმართველობა?!

რატომ ემორჩილება თვითმმართველობა მონურად ყველა ბობოლა ინვესტორის მოთხოვნებს და კაპრიზებს?!

სად არის აქ ბათუმის მოქალაქეების ინტერესები დაცული?!

ქალაქი დაემსგავსა არმაგედონის შემდგომ რუინებს და ეკოლოგიური კატასტროფაა, როგორც ექიმი, ვაცხადებ ამას ოფიციალურად. ზონალური საბჭო, რომლის დაშლას და გაუქმებას ვითხოვთ, ეს არის ირონია, გაშვებულია ახლა კვალიფიკაციის ასამაღლებლად რომში, ხელისუფლება ყველა ფეხის ნაბიჯზე ელოდეს უკმაყოფილო ბათუმელების პროტესტს, რადგან ჩვენი ხმა გაგონილი არ არის“, – განაცხადა ზეინაბ დიასამიძემ, „დაიცავი ბათუმის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა, ნინო ინაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ისტორიული ზონირების დოკუმენტის დროულად მიღების აუცილებლობას. მისი თქმით, გაუგებარია, მერიის განმარტება, რომ დოკუმენტში დასაზუსტებელია დეტალები:

„სახელმწიფომ ძალიან დიდი ხარჯი გასწია ამაზე, „გეოგრაფიკმა“ მოამზადა დოკუმენტი, ახლა ამ დოკუმენტის განახლებაზე ლაპარაკი ნიშნავს დროის უსაშველოდ გაწელვას. ისტორიული ბათუმი სადაც იყო, იქ დარჩა, ისტორიას ხომ ვერ შეცვლი?!

მერიას მოვუწოდებთ საკრებულოსთან შეათანხმოს ძველი დოკუმენტი და სასწრაფოდ გააგზავნოს თბილისში, რადგან ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დავიცვათ ისტორიული ბათუმი და ასევე ისტორიული განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონა, რომელიც არის ე.წ. ბუფერი ისტორიულ ზონასა და დანარჩენ ქალაქს შორის. ეს აქამდე უნდა მიეღოთ. წავიკითხე მერის განცხადება და ეს არის გაუგებარი და დაუსაბუთებელი. არგუმენტები, რაც აქვს მერიას, მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და არა იმის დასამტკიცებლად, რომ საჭირო იყო ამ ზონის ამოღება დოკუმენტიდან.

მეტი ლოდინი შეუძლებელია, ბათუმის კულტურული რესურსი თანდათან იწურება. უსასრულოდ გადადებენ და გენერალური გეგმა არ იქნება კიდევ 20 წელი. ზონირება არის ქალაქის მართვის ინსტრუმენტი და ამ ინსტრუმენტს სჭირდება სწორად გამოყენება. როცა ერთ პატარა მონაკვეთზე ზონას უცვლი სტატუსს, [ ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილას კომპანია ითხოვს ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს მერიამ ზონის სტატუსი შეუცვალოს და K2 კოეფიციენტი 15,0-მდე გაზარდოს] ეს არის ნონსენსი“, – განაცხადა ნინო ინაიშვილმა.

 

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს

სარკინიგზო ტრანსპორტის  კოლეჯი აცხადებს საგაზაფხულო მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, სავაგონო მეურნეობა, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა,  რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და სარკინიგზო გადაზიდვები. აღნიშნული 6 პროგრამის შესწავლა კოლეჯში დუალური მეთოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ეს  მეთოდი ითვალისწინებს საქართველს რკინიგზაზე რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებით პრაქტიკული უნარების დაუფლებას.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები  გარანტირებულად დასაქმდებიან საქართველოს რკინიგზაში.

გარდა დუალური პროგრამებისა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი  ახორციელებს მიღებას მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ლოკომოტივის მართვა და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

29 მარტსა და 5 აპრილს  კოლეჯში გაიმართება ღია კარის დღეები, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ  მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროფესიულ და საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის, ჩარიცხვის წესის და სწავლის  შესახებ.

მისამართი: ქ. თბილისი, თემქის მე-11 მიკრო რაიონი მე-3 კვარტალი (თბილისის ზღვის ასასვლელთან).

აშშ-დან „საქართველოს ფოსტით“ გამოგზავნილ ამანათში ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები იყო – შსს

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათშორისი დანაყოფისა და ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 15 მარტს აღნიშნული სქემის ერთ-ერთი მონაწილე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ი.ი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების შემოტანა გადაწყვიტა.

განზრახვის განსახორციელებლად ი.ი.-მ და მისმა თანამზრახველებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადამზიდავი კომპანია შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, ნაცნობის სახელზე საქართველოში გამოაგზავნეს საფოსტო ამანათი, რომელშიც, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, დამალული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები“.

სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული ი.ი. თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

„პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილების 16 კომპლექტი, მათ შორის 7 კომპლექტი არის „გლოკი 19“-ის მოდელის პისტოლეტის, 9 კომპლექტი კი – „გლოკი 17 გან-4“-ის მოდელის პისტოლეტის ნაწილები.

თბილისში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან, სადაც დაკავებული დროებით ცხოვრობდა, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია „გლოკის“ 4 ბუდე, იარაღის ლულის საწმენდი 40 ჯაგრისი, ცეცხლსასროლი იარაღის 8 ტარი და 9 მჭიდი“.

„აგრეთვე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულს თანამზრახველებთან ერთად საქართველოში საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი იარაღის ნაწილების თურქეთში უკანონოდ გადატანა სურდა“.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

„დაიცავი ძველი ბათუმის“ მიმართვა პრემიერს: კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ბათუმის“ წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართავენ და მოითხოვენ, ბათუმის მერმა დაუყონებლივ გააგზავნოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების  დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

„ბატონებო,

თქვენ ჩვენზე უკეთ იცით, რომ ბათუმი რამდენიმე წელია სამშენებლო კოლაფსის ერთგვარი ცენტრია. იმას, რაც ჩვენს ქალაქში ხდება, ვერ ვუწოდებთ არასწორ ურბანულ პოლიტიკას, ეს სრული ქაოსია.

საკმარისია! დასვით წერტილი და ბოლო მოუღეთ ურბანულ ქაოსს, თორემ ამ სფეროში კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას.

„დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომი“ თითქმის წელია აქტიურად ვითხოვთ რივიერას ტერიტორია მოექცეს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში, რომელიც სპეციალისტების კვლევითაა დადგენილი. ჯერჯერობით სახეზეა მხოლოდ ზეპირი განცხადებები, რომ „სილქ როუდ ჯგუფის“ დაანონსებული ცათამბჯენები „სავარაუდოდ“ ვერ აშენდება.

გვაქვს კონკრეტული კითხვა ბათუმის მერთან – რა გიშლის ხელს „ისტორიული ზონის საზღვრების დადგენის შესახებ“ პროექტი იქცეს დოკუმენტად?  ვითხოვთ სასწრაფოდ დამტკიცდეს ზონა! გაიგზავნოს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი დასამტკიცებლად.

აუცილებლად უნდა განვიხილოთ ბოლო დროს ე.წ. ლუჟკოვის სახლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები.  რა საჭიროა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, თუ ინვესტორის მოთხოვნისთანვე საკრებულო და მერია მუდმივად მზადყოფნაში არიან ​შეცვალონ დადგენილი ზონის სტატუსი?

გვაინტერესებს, ამ შემთხვევაში, რა პასუხი გაქვთ სხვა ინვესტორებისთვის, რომელთაც თქვენი პოლიტიკით არათანაბარ გარემოში აყენებთ? ეს არის  სამართლიანი? თუ აშენებს „ალიანსი სითი“, რატომ ვერ ააშენებს სხვა ინვესტორი?

სამწუხაროდ, ეს კითხვა უკვე აქტუალურია და გვეკითხებიან აქტივისტებს. რეალურად კი კითხვის ადრესატები თქვენ ხართ, საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე – რატომ არ მუშაობს ისედაც მყიფე კანონმდებლობა?

„ალიანსს სითი“ მერიისგან ითხოვს, “ლუჟკოვის სახლის” ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით ჩანაცვლდეს. ამ ცვლილებებით კომპანია შეძლებს K2 კოეფიციენტი გაზარდოს და სანაპიროდან 100 მეტრში 44, 45 და 50-სართულიანი შენობები აღმართოს.

ახლად მონიშნულ სამშენებლო მოედნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული კომპანია უკვე ფლობს ერთ აშენებულ ცათამბჯენს, ხოლო მეორეს აშენებს.

ბათუმის მერია გვარწმუნებს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს „ალიანს სითის“ გრგ-ს დოკუმენტს და მერიაში წარადგინოს  მოსაზრება. ჩვენი აზრით, ეს არის ფარსი.

ინვესტორი მიწის ნაკვეთსა და 9-სართულიან სახლში, წინმსწრებად იხდის 29 მილიონ 500 ათას ამერიკულ დოლარს ისე, რომ  დაანონსებული  ცათამბჯენების აშენების გარანტია მიღებული არ აქვს?! ბატონებო, ჩვენ არ ვართ ასეთი გულუბრყვილოები, რომ დავიჯეროთ ეს, არ ვაპირებთ ფასადური დემოკრატიის მონაწილეები გავხდეთ.

ვითხოვთ კანონის აღსრულებას, ჩვენ პატივს ვცემთ კერძო საკუთრების უფლებას, მაგრამ ნაცარს არ შევიყრით თვალებში, როცა ვხედავთ, რომ მილიონერებს, გავლენიან პირებს, ანიჭებთ პრივილეგიას დადგნენ დადგენილ წესებზე მაღლა.

ბატონებო, დღეს კანონი არ მუშაობს, სტრუქტურები არ რეაგირებენ, პროკურატურა სამართალდარღვევას მაშინ ხედავს, როცა პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება. საბოლოოდ ნადგურდება ყველა და ყველაფერი – მოქალაქე, ისტორიული ქალაქი, კერძო საკუთრება, ინვესტორი და შედეგად ვიღებთ რეპუტაციადაკარგულ ინსტიტუტებს.

მოგმართავთ თქვენ, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ნუ წელავთ დროს, ამით ვერ ისარგებლებთ, მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილებები დღეს, შეცვალეთ ურბანული პოლიტიკა  და დაუსვით წერტილი ურბანულ ქაოსს.

საქართველო აგრძელებს საერთაშორისო საზღვაო წესებისა და სტანდარტების დანერგვას

თამარ ბერუჩაშვილი კიტაკ ლიმა
თამარ ბერუჩაშვილი კიტაკ ლიმა

საქართველო შეურთდა საერთაშორისო კონვენციას სატვირთო მარკის შესახებ (LL 1966 და მის 1988 წლის პროტოკოლს, რომელიც საერთაშორისო დონეზე არეგულირებს გემების სპეციალურ მარკირებას  (სატვირთო მარკას). სატვირთო მარკა ასახავს გემის წყალშიგს და გემის შესაძლო დატვირთვის მაქსიმალურად დასაშვებ ლიმიტს. ამ ლიმიტების დადგენით იზღუდება გემის წყალზედა ბორტი და განისაზღვრება გემის ზღვაოსნობაუნარიანობა.

პროტოკოლზე შეერთება სრულად გამომდინარეობდა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებიდან და საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ნაოსნობის უსაფრთხოს შეუწყობს ხელს.

შეერთების სიგელის დეპონირება მოახდინა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ბერუჩაშვილმა, სიგელი ჩაიბარა – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა.

სიგელის დეპონირების ცერემონიას ესწრებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს ალტერნატიული წარმომადგენელი მერი ჩაკვეტაძე.

„ბათუმის წყალი“: ლერმონტოვის ქუჩაზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მილზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, 29 მარტს, 11-დან 18 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ლერმონტოვის ქუჩას N107L-დან N107Z-ს ჩათვლით.

აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222 ან 1152.

Exit mobile version