ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

„სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80% -ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას – უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.

თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს – აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს – ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

____________

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მედეა ვასაძე წერს, რომ 30 000 დოლარი შესთავაზეს და სუს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მედეა ვასაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მას პროვოკაციაში ადანაშაულებს. მედეა ვასაძე წერს, რომ დღეს, 23 აგვისტოს, მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს სამსახურის სანაცვლოდ.

„მან შემოსვლისთანავე დააზუსტა ვიყავი თუ არა მარტო, მოკითხვის შემდეგ კი მითხრა, რომ ბოლო ოცი წელი ცხოვრობდა რუსეთში, იყო ერთი თვის დაბრუნებული, ეძებდა სამსახურს, მზად იყო თანხის (30 000 დოლარის) გადასახდელად, რომლის ნაწილიც თან ჰქონდა და დამისახელა რამდენიმე თანამდებობა, აგრეთვე თანახმა იყო იმაზეც, რასაც შევთავაზებდი. ჩემი პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ თუ რაიმე შემეძლო, ამის გარეშეც დავეხმარებოდი, ამ შინაარსის თხოვნას კი კატეგორიულად არ ვღებულობდი. ბატონო გომელაურო, შეწყვიტეთ ეს მაპროვოცირებელი, დაგეგმილი, მართვადი ქმედებები, რომელიც ერთხელ უკვე,”მოსინჯული” გაქვთ მურმან დუმბაძესთან მიმართებაში (2015 წელს), რაზედაც მიმართული გვაქვს პროკურატურისათვის და მეხუთე წელია, მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციის მომწყობი თქვენი აგენტი უკანვე “ჩაგაბარეთ”, გამოძიება ადგილიდან დაძრულიც კი არ არის“ – წერს მედეა ვასაძე. 

 

0:4 დინამო ბათუმმა სიონი დაამარცხა

0:4 ამ ანგარიშით დამთავრდა ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩი დინამო ბათუმსა და “სიონს” შორის.

პირველი გოლი თამაშში 50-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა “სიონის”  კარში. მეორე  გოლი 71-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა. მერე გოლიდან მალევე, 79-ე წუთზე მესამე გოლი ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანა.

თამაშის მიწურულს, 84-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულად და ტაბლოზე ანგარიში 0:4 დაფიქსირდა.

დღევანდელი მოგებით დინამო ბათუმს აქვს 49 ქულა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

„ისინი არ იმსახურებენ საკრებულოში ყოფნას“ – საიას თავმჯდომარე რივიერას გეგმის დამტკიცებაზე 

ბათუმის საკრებულოს სხდომის შემდეგ, სადაც შპს „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს, პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს მათაც, ვინც აქამდე პროექტის საწინააღმდეგო აქციებში არ მონაწილეობდნენ. სოციალურ ქსელშიც ბევრმა უწოდა ამ გადაწყვეტილებას „დანაშაული“ და „სამარცხვინო“. თავიანთ პოზიციას იცავენ მომხრეებიც, თუმცა ამ დღის შემდეგ გამოჩნდა, რომ 5 თაუერის მშენებლობას ბათუმის კონცხზე  გაცილებით მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება, ვიდრე ეს ამ დრომდე ჩანდა.

ჩვენ დავამტკიცებთ გეგმას და დანარჩენი მერიამ გადაწყვიტოს – დაახლოებით ასე განმარტა საკრებულოს უმრავლესობამ თავისი პოზიცია საკითხის კენჭისყრამდე. რას ნიშნავს ეს პასუხი? –  რამდენად აქვთ  საკრებულოს წევრებს  გააზრებული, საკუთარი ამომრჩევლის პროტესტის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა შემდგომ პროცესებზე; რა გვაჩვენა ამ დამოკიდებულებამ?  – „ბათუმელების“ კითხვებს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე პასუხობს.

  • სულხან, როგორ შეაფასებთ საკრებულოს გადაწყვეტილებას იმ ფონზე, როცა უმრავლესობაში  ერთი კრიტიკული პოზიციაც კი არ დაფიქსირებულა პროექტთან მიმართებაში?

საქართველოში, ზოგადად, საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ორგანოებს ორი დიდი გამოწვევა აქვთ, სხვა გამოწვევების პარალელურად. ერთია პოლიტიკური დაკვეთისაგან დისტანცირება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. მეორე ეს არის ფული, როდესაც გავლენიანი ჯგუფი, ეს იქნება ბიზნესი თუ სხვა, ცდილობს ამ ფულის გამოყენებით ან ცოტა სხვა საშუალებების ჩართვითა და მანიპულაციებით სასურველი შედეგის მიღებას. მე მგონია, რომ ერთიც სახეზე იყო და მეორეც, როცა საკრებულო ამ გადაწყვეტილებას იღებდა.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს არ ეკადრება. არც ერთი ადამიანი, რომელმაც გუშინ, 22 აგვისტოს, არასათანადო და არასრული დოკუმენტების პირობებში მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, არ იმსახურებს იყოს საკრებულოს წევრი.

ყველამ ერთად ვნახეთ რა ხდება ისეთი თვითმმართველი ქალაქის შემთხვევაში, როგორიც ბათუმია, მარტივად შეიძლება წარმოვიდგინოთ რა ხდება სხვა საკრებულოებში, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და დაკვეთების შესრულება. არასრული დოკუმენტების ფონზე, როდესაც არსებობს ლეგიტიმური კითხვები და ამ კითხვებზე არ არის არგუმენტირებული პასუხები, ამ ფონზე საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საკრებულოში არის შემთხვევით მოხვედრილი ხალხი. ეს არის პარტიულ ერთგულებაზე და არა ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანების ერთობა, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს, რა იქნება ხვალ და ზეგ.

როდესაც საუბარია იმაზე, რომ 1999 წელს ამ ტერიტორიაზე არსებულ კანიონთან დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრი სიგანის პლაჟი მოწყდა და ზღვაში ჩავარდა და ამის შემდეგ მაინც იღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც არა აქვს არანაირი გამართლება – საუბარი ზედმეტია. იმის თქმა, რომ ახლა ჩვენ მხოლოდ ამ დოკუმენტს ვამტკიცებთ და დანარჩენი კარგად მერიამ შეისწავლოს… მერია არაფრის გამკეთებელი არ არის, სინამდვილეში, მერიაც და საკრებულოც ერთია.

მერია ისეთივე უსუსური და უპასუხისმგებლო იქნება ამ პროცესში, როგორც  საკრებულო იყო.

მე მგონია, რომ ეს ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, საერთოდ არ უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები. ეს არის ნამდვილად სირცხვილი ქალაქის ისტორიაში, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს თვითმმართველობის და იმ ქალაქის ისტორიაში, რომელიც გამოცხადდა თვითმმართველ ქალაქად დიდი ხნის წინ.

მაშინ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს [ხმოსნებმა], რომ ქალაქი განაშენიანებულიყო როგორც წესი და რიგია. სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული გუშინ არ მომხდარა, ეს იყო მორიგი დემონსტრირება იმისა, რაც ხდება ამ ქვეყანაში. რომ საკრებულო და თვითმმართველობები არ მართავენ ქალაქებს, მათ მართავენ კონკრეტული პირები, კონკრეტული ადამიანები და გავლენიანი ჯგუფები. რაც ყველაზე ცუდი და შემაწუხებელია – ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს შეასრულონ პოლიტიკური დაკვეთა, როდესაც ეს ეხება კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს.

  • გუშინ პროტესტი დააფიქსირეს ადამიანებმა, რომლებიც მანამდე არ მონაწილეობდნენ აქციებში. აღმოჩნდა, რომ გაცილებით ბევრს აქვს კითხვები ამ პროექტის შესახებ. დაგეგმილი პროექტის მასშტაბები მოულოდნელი იყო იმ სპეციალისტებისთვისაც კი, რომლებმაც კომპანიის დაკვეთით კვლევები ჩაატარეს. ამ ვითარებაში საკრებულომ თავისი  გადაწყვეტილებით რა გვაჩვენა?  

გვაჩვენა, რომ ისინი არ მიიჩნევენ  თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე, ამომრჩევლის წინაშე, მათ არ ენაღვლებათ და არ აინტერესებთ რას ფიქრობენ მოქალაქეები. რეალურად, როდესაც მიდგება საქმე მშენებლობაზე, საზოგადოება უნდა იყოს ბევრად უფრო მეტი, რომ მათ არ მისცენ ამის საშუალება. გვაქვს ამ ქვეყანაში მაგალითები, როდესაც საჯარო სივრცეების შენარჩუნებისთვის საზოგადოებამ წარმატებას მიაღწია და ამის მორიგი დემონსტრირება უნდა იყოს ეს. სინამდვილეში, ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ერთ მათგანს საკრებულოს არჩევნები არ მოუგია.

ამომრჩეველს, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ხმა იმიტომ არ მიუცია, რომ რომელიმე მათგანი იყო კარგი კანდიდატი. ხმა მისცა იმიტომ, რომ პარტიულ ერთგულებაზე იყო საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში კლასიკური პარტიები არ არსებობენ. არსებობენ პიროვნებები და პიროვნებებზე მიბმული მთელი არმია, რომელიც ჩვეულებრივი მასაა და არაფერი განსაკუთრებული. ამიტომაც ისინი ვერ აღიქვამენ თავს ანგარიშვალდებულად ამ ადამიანების მიმართ.

ერთ ადამიანსაც კი რომ ეთქვა გუშინ, რას აკეთებთ, ვიდრე ყველა დოკუმენტი არ იქნება, ნუ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებასო… რაზეც უამრავი ადამიანი ამბობს, რომ არასრული დოკუმენტის პირობებში წარსული გამოცდილების პირობებში, ეს საფრთხის შემცველია, მაშინ ნორმალური და წესიერი საკრებულოს წევრი ამ გადაწყვეტილებას არ დაუჭერდა მხარს. მაგრამ ისინი არ მიიჩნევენ, რომ ვინმეს მიმართ ანგარიშვალდებულები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე.

  • ცენტრალური სტრუქტურების პასუხისმგებლობაზეც მინდა გკითხო, როცა  კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ეკონომიკის, ასევე ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებში იყო გადაგზავნილი, ყველა სტრუქტურამ მწვანე შუქი აუნთო პროექტს. საზოგადოება საუბრობდა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის აუცილებლობაზე, თუმცა მათ არავინ მოუსმინა.

ვთქვათ ისიც, რომ ცენტრალური სტრუქტურები არაფრით არ არის უკეთესი, ვიდრე ბათუმის საკრებულო. როცა ვლაპარაკობთ, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრობლემა არსებობს საქართველოში, სწორედ ამის დემონსტრირებაა, რომ რეალურად დამოუკიდებლობის პრობლემა აქვს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში არსებულ სტრუქტურებს.

ამიტომაც არ მიკვირს, რასაც ვხედავთ ამ პროცესში. მით უმეტეს არ მიკვირს, როცა ვიცით, რომ პროექტს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. ეს ვიცით და ყველა სტრუქტურა არის მოწყვლადი ასეთ დროს.

არ შეუძლიათ, ეს აღემატება მათ ძალებს, რომ ვინმემ რამე თქვას, რომ თუკი ერთი კონკრეტული შემთხვევა არსებობს და შეიძლება რაღაც პრობლემა გაჩნდეს, ამის გამო, რადგან ამხელა დაკვეთაზეა საუბარი, ამის გამო ჩვენ უნდა ვთქვათ უარი. მე ყველას გავახსენებ პანორამა თბილისის პროექტს, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ამბობდა, რომ ეს მისი პირადი ახირება იყო, რომ ეს პროექტი აშენებულიყო. ჩვენ გვქონდა მაშინ სარჩელი სასამართლოში და ძალიან კარგად გვახსოვს, რა როლს ასრულებს ამ პროცესში მათ შორის სასამართლო.

როდესაც ლაპარაკია პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრობლემაზე, პოლიტიკურ დაკვეთაზე, ეს ეხება როგორც საკანონმდებლო ხელისუფლებას, პარლამენტს, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას,  ეხება სასამართლოს, ეხება თვითმმართველობებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია ასეთ დროს. ამიტომაც არაფერი განსაკუთრებული აქ არ მომხდარა. შესაძლოა ძალიან კარგადაც იციან, რომ ეს პროექტი შეიცავს საფრთხეებს, თუმცა მათთვის ახლა ეს არ არის მთავარი, მათთვის მთავარია, რა არის დაკვეთა და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან მათ იციან, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება ისინი აღარ იყვნენ იმ ადგილებზე, სადაც მუშაობენ. ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დასაქმებულების ადგილზე ყოფნა –  ეს რომ  იყოს სინამდვილეში მიბმული კანონის უზენაესობასთან, მაშინ ის არ იქნება, რაც ახლა ხდება.

  • თუ კონცხზე მართლაც დადგა სავალალო შედეგი, პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება?

პასუხისმგებლობას რომ გრძნობდეს რომელიმე უწყება, მაშინ ბევრად უფრო გონივრულად მოიქცეოდნენ. კომპანია გეუბნება, ათი ჰექტარი რადგან არ არის, ამიტომ არ ვაკეთებ გეზეშეს, ამის ვალდებულება არ მაქვსო. პასუხისმგებლიანი კომპანია 3-4 ჰექტარზეც გააკეთებდა ამას, თუკი კითხვები გაჩნდებოდა. მგონია, რომ სხვა ტიპის გარანტიები აქვთ, რომ ეს არ მოხდება. იმდენად დიდ ფულზეა აქ ლაპარაკი, რომ ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც კი არ მაქვს მოლოდინი, რომ ასეთი რამის გამო ვინმე აგებს პასუხს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს ამ ქვეყანაში.

ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა აქციის მონაწილე ქალებმა ოთხჯერ სცადეს

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა რამდენიმე წუთით მოახერხეს. სიტუაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბადრაგმა 4 ბრალდებული სასამართლო შენობიდან გამოიყვანა. დაკავებულების ახლობლები სწორედ მათ პატიმრობას აპროტესტებენ დღეს დილიდან სასამართლოსთან და მათ უკანონო პატიმრებს უწოდებენ.

პოლიციელები ცდილობდნენ ბრალდებულების ახლობლებისთვის ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის საშუალება არ მიეცათ, მაგრამ აქციის მონაწილე კაცებთან საუბრის დროს ქალებმა ქუჩის გადაკეტვა რამდენიმე წუთით მაინც მოახერხეს.

პოლიცია ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე მყისიერად რეაგირებს, მაგრამ ახლა უკვე ცალკეული ქალები გადიან ბათუმის ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე და ცდილობენ ტრანსპორტის მოძრაობა ამ გზით შეაფერხონ.

აქციის მონაწილეები მსვლელობის დროს სკანდირებენ: „თავისუფლება უდანაშაულო ბიჭებს!“

ერთ-ერთი დაკავებულის დედა//რესპუბლიკურის ეზოში ჩხუბის საქმე

საქმე იმაშია, რომ 2 მარტს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება “ჯგუფურ ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით”  ედავება.

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთი პირი, რომელსაც, პოლიციის ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, გირაოთი გაათავისუფლეს. მეორე ბრალდებული, რომელმაც დანით დაჭრა ადამიანები, პოლიციამ ვერ დააკავა. შესაბამისად, პატიმრობაში მხოლოდ ის პირები რჩებიან, რომლებმაც „ხელით იჩხუბეს“.

აქციის მონაწილეებს პოლიცია ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს/რესპუბლიკურის ეზოში ჩხუბის საქმე

ჭარნალსა და ზედა ჭარნალში სოფლის ცენტრები მოეწყობა

სოფელ ზედა ჭარნალში აქტიურად მიმდინარეობს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები. ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაგებულია ბეტონის საფარი.

პროექტი ითვალისწინებს არსებული მინისტადიონის რეაბილიტაციას, ზედა ჭარნალის არასრულ საჯარო სკოლასთან ფერდსამაგრი კედლისა და მოაჯირის გაკეთებას და გასართობი მინიატრაქციონის მოწყობას.

ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიცვლება ღობე და დამონტაჟდება სასმელი წყლის შადრევანი (ნიჟარა).

პროექტის ღირებულება 155 069 ლარია. სამუშაოებს კომპანია “სტანდარტ მეტრ ჯგუფი” ასრულებს.

სოფელ ჭარნალში კი მინისტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ბეტონის საფარით მოწყობა. სკვერში დამონტაჟდება მოსასვენებელი ფანჩატური,  გასართობი მინიატრაქციონები და ტრენაჟორები.

პროექტის ღირებულება 105 549 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,ნიკ მშენი” აწარმოებს.

სასამართლოსთან ბრალდებულების ახლობლებმა ვაჟა-ფშაველა გადაკეტეს [ვიდეო]

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ოთხი ბრალდებულის ახლობლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩა გადაკეტეს. ისინი ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ, რის უფლებასაც  მათ პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის ამ ფორმას ყურადღების მისაქცევად მიმართეს. მათ მიაჩნიათ, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში 2 მარტს მომხდარი ინციდენტის საქმეს.

2 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება.

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთი პირი, რომელსაც, პოლიციის ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, გირაოთი გაათავისუფლეს. მეორე ბრალდებული, რომელმაც დანით დაჭრა ადამიანები, პოლიციამ ვერ დააკავა. შესაბამისად, პატიმრობაში მხოლოდ ის პირები რჩებიან, რომლებმაც „ხელით იჩხუბეს“.

„მამაჩემს ორი შვილი ჰყავს უკანონოდ ციხეში. ივანიშვილმაც და პრეზიდენტმაც ეს იცოდეთ“, – აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი.

პოლიციელები უხსნიან აქციის მონაწილეებს, რომ ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობას არ მისცემენ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ხულიგნობის მუხლით დაკავებულ ოთხ პირს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

ამავე თემაზე:

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

“ბათუმის ფოტოდღეები” – აგვისტოს ბოლოს ბათუმში ფოტოფესტივალი გაიმართება

30 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით ბათუმი ფოტოფესტივალს  – „ბათუმის ფოტოდღეები” – უმასპინძლებს.

„ბათუმის ფოტოდღეების“ მთავარი გამოფენის თემაა Mirror Land – „სარკისებრი სამყარო“, რომელიც იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება და რისი გამომწვევიც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებია ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო.

მთავარი გამოფენა 30 აგვისტოს, 18 საათზე, სასტუმრო „გალოგრეში“  გაიხსნება. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კონკურსის წესით შერჩეული 31 არტისტის ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან.

„გამოფენა მიზნად ისახავს ასახოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ხელოვანების პირადი გამოცდილება, მათ ქვეყნებში არსებული პრობლემები და დაუკავშიროს ეს ფოტოდღეების მთავარ კონცეფციას – წარმოაჩინოს უსამართლო და ყალბი რეალობა, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, გვაჩვენოს ის მნიშვნელოვანი ისტორიები, რომლებიც ჩაგვაფიქრებს, თუ რატომ ვართ აქ ან რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო უკეთესი გახდეს. დაგვანახოს, ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა – ვიცხოვროთ ანარეკლში თუ რეალობაში,” –  ნათქვამია „ბათუმის ფოტოდღეების” ოფიციალურ რელიზში.

ასევე, 30 აგვისტოს, 13 საათზე, „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ გაიხსნება ფოტოლაბი, სადაც წინასწარ შერჩეული მონაწილეები თავიანთ მენტორებს  შეხვდებიან და პროექტებს წარადგენენ.

31 აგვისტოს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ორ საინტერესო გამოფენას – დორიან ტეტის „ვიზიტს“ და ლაშა (Fox) ცერცვაძის „გიორგის“ უმასპინძლებს.

„ბათუმის ფოტოდღეების“ ფინალური გამოფენის – იუსუკე ჰაშიდას „კორეა/საზღვარი“- გახსნას პირველ სექტემბერს, 18 საათზე, კაფე K2 უმასპინძლებს.

ფესტივალის მიმდინარეობისას, „თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველდღიურად, 20 საათიდან, გაიმართება ღამის ჩვენებები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები.

გარემოს ეროვნული სააგენტო: სიცხის ფონზე ტყეში ხანძრის გაჩენის რისკი იზრდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს.

სააგენტო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაციას სააგენტო გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის [WMO]-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

__________

ფოტოზე: ხანძარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახაურში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

NAEC: 648 აბიტურიენტს ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა

დღეს, 23 აგვისტოს, ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წელს შევიდა 3000-მდე სააპელაციო განაცხადი, სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს.

აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge-სა და www.naec.ge-ზე შეუძლიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული ქულებიც.

ცენტრის ცნობით, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ნახვა აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შეუძლიათ.

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.

აბიტურიენტმა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოს, რომ:

[checklist]

  • იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საკონკურსო ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული სიის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ.
  • იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

[/checklist]

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

________

ფოტოზე: ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან – „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბის საქმე

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში მომხდარ ჩხუბში მონაწილე ოთხი პირის სასამართლო პროცესი იმართება.

სასამართლოს შენობის წინ დაკავებულთა ახლობლები შეიკრიბნენ და სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს.

“ეს ბიჭები არიან უდანაშაულონი. შიშველი ხელებით იყვნენ. არაფერი ისეთი არ ჩაუდენით, რომ ციხეში იჯდნენ, ” – ამბობს ერთ-ერთი განსასჯელის დედა ლიანა ტაკიძე.

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
საპროტესტო აქცია სასამართლოსთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბი 2 მარტს მოხდა. ჩხუბის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა, ხუთს კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიადგა. ჩხუბი ერთ-ერთი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. ჩხუბის დროს გამოიყენეს ცივი იარაღი, ერთ პირს კი ასევე ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

ამჟამად განსასჯელის სკამზე ზის ოთხი პირი, რომლებიც, მათი ახლობლების მტკიცებით, ჩხუბში “შიშველი ხელებით” მონაწილეობდნენ. პირი, რომელსაც იარაღი ჰქონდა პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა.

საქმის განხილვა სასამართლოში 26 აგვისტოს განახლდება.

ამავე თემაზე:

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქალი და კაცი დაჭრეს

“ბახმაროს თასი 2019”-ის გამარჯვებული მხედარი საბა ეხვაია გახდა

19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“  თაოსნობით „ბახმაროს თასი 2019“ – ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები იღებდნენ.

“ბახმაროს თასი 2019”

ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდი ყოველწლიურად იზრდება.

წელს 4 გარბენის ფარგლებში წყაროს წყალი ბახმაროს მიერ დაწესებული 15 000 ლარის საპრიზო ფონდის მოსაპოვებლად გაიმართა შეჯიბრი.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებს მონაწილეობას.

კურორტ ბახმაროს პოპულარიზების მიზნით წელს კომპანია სს “წყალი მარგებელი”-ს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დოღს ღონისძიების ფორმა მიეცა.

გამარჯვებულები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლინდნენ:

გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი), რომელიც 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა.

მეორე გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც მოიგო.

დაჯილდოება

ზუგდიდის საცხენოსნო კლუბრებასცხენოსანმა საბა ეხვაიამბახმაროს თასი 2019-შიგრანპრი მიიღო. კლუბის ცხენმალიმონამ” 4 800 მეტრიანი გარბენში გაიმარჯვა. მხედარი 2 500 ლარით და ლეპტოპით დაჯილდოვდა.

2 400 მეტრიან გარბენში კლუბის კიდევ ერთმა ცხენმაბლექ დაიმონდმაპირველი ადგილი მოიპოვა. ამ შემთხვევაშიც მხედარი საბა ეხვაია იყო და მან პრიზის სახით 1 000 ლარი მიიღო.

დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი გადაეცა.

კომპანია „გალფმა“ ოთხივე გამარჯვებულს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

“ბახმაროს თასი 2019”

წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი, რომლებიც გამარჯვებულებს სოლიდურ ფულად პრიზებს გადასცემენ.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებსა და არაჩვეულებრივ ბუნებას გაეცნენ.

წითელი ალმები პლაჟზე – შავ ზღვაზე შტორმია, შესვლა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 23 აგვისტოს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება.

ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ.

მას შემდეგ, რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება თეთრი ალმები.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 21 საათიდან  24  აგვისტოს  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25- 30 გრადუსი
  • ღამით: 18- 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი 
  • ღამით: 8-13 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 25-26 აგვისტოს, მოსალოდნელია წვიმა.

___________________________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ბათუმის წყალი: ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდებათ

შპს „ბათუმის წყლის“  ინფორმაციით, დღეს,  ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს  წყალმომარაგება შეუწყდებათ.  შეფერხების მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

შეფერხება დილის 10:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება.

„ბათუმის წყლის“ ცხელი ხაზი: 0422 24 22 22  1152

 

 

შსს: ბათუმში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა ორჯერ განახორციელეს.

პოლიციამ მის მიერ უკანონოდ გაყიდული 7 აბი „სუბოქსინი“ და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა 1000 ლარის ოდენობით, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

„ყავის სმა ბათუმი რივიერას წინააღმდეგ“ – სამოქალაქო აქტივისტების აქცია

ავტორი: მარიამ მუთიძე

დღეს ბათუმელი აქტივისტები ქალაქის ერთ-ერთ ძველ კაფეში შეიკრიბნენ და გამართეს აქცია „ყავის სმა რივიერას წინააღმდეგ“. საზოგადოება „ბათომის“ წევრს, შოთა გუჯაბიძეს, ჰქონდა „ლაივი“ „საზოგადოება ბათომის“ ფეისბუქგვერდზე.

მოქალაქეებმა გააკეთეს კომენტარები დღეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს, 22 აგვისტოს ბათუმის საკრებულოში პროექტ „ბათუმი რივიერას“ განხილვა ხმაურის ფონზე ჩაიარა. საკრებულომ დადგენილება მიიღო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ. რასაც მოჰყვა პროტესტი.

„ყავის სმა რივიერას წინააღმდეგ“ ირმა ქობულაძის ინიციატივით გაიმართა:

„ეს კაფე არის ბუდე ძველი ბათუმის. ყავა არის დამაკავშირებელი ბათუმელების. რივიერას იმიტომ ვიცავ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ქვესკნელში ჩავარდეს.“

ზაალ ლუხუტაშვილი:

როცა ქალაქში რაიმე ტიპის მშენებლობას ახორციელებ, მით უმეტეს ასეთი მასშტაბის, კვლევა უნდა გქონდეს ხელთ.

რივიერას ტერიტორიაზე ზედაპირული დაძაბულობა საკმაოდ კრიტიკულ სიტუაციაშია. რამდენადაც ეკოლოგმა,  გოჩა გოგუაძემ მითხრა გაეროს კვლევის  მიხედვით.

ასტამურ ჯიხაშვილი

სხდომა დაიწყო სადღეგრძელოთი, როცა ვუსმენდი ამ ყველაფერს, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. თავჩაღუნული იღებდნენ წევრები გადაწყვეტილებას.  ქალაქს არ ეტყობა, რომ ვინმე ფიქრობდეს გლობალურად, როგორ განვითარდეს ქალაქი.

ფატმა ლორთქიფანიძე:

ბათუმის მოსახლეობის უმრავლესობა ვინც გაერკვა რივიერას სიტუაციაში, ყველას აქვს საოცრად უარყოფითი დამოკიდებულება. მას შემდეგ, რაც გავიგეთ რა ტიპის მშენებლობას აპირებდნენ,  მოსახლეობა აღშფოთდა. ის, რა დოკუმენტაციაც წარმოადგინა “სილქ როუდ ჯგუფმა” არის არაადეკვატური. გვეშინია, რომ როცა დაიწყება მშენებლობა, ზღვა გადმოვა. რადგან ადამიანებს თავისი კანონები აქვს, ბუნებას კი თავისი.

ზეინაბ დიასამიძე:

სიტყვით გამოსვლისას ნამდვილად ვღელავდი, რადგან მებრალებოდნენ ეს ადამიანები იმ განაჩენისთვის, რაც მე მათთვის უნდა მეთქვა. მაგრამ ეს არ იყო დაუმსახურებელი. ვიძლევი სიტყვას, რომ აღარ ავღელდები, რადგან იმისთვის, რისთვისაც ისინი ქალაქს იმეტებენ, ადამიანებს იმეტებენ, ამისათვის ისინი აღარ დამენანებიან. შემდეგი ჩემი გამოსვლა იქნება ძალიან კატეგორიული ყოველგვარი ღელვის გარეშე. ბათუმი არ დაინგრევა, რივიერას ისინი ვერ ჩააბეტონებენ.

ხელვაჩაურის გზაზე ელექტროსადენს ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 22 აგვისტოს, ხელვაჩაურის გზაზე ელექტროსადენს გაუჩნდა ცეცხლი.

„ავარიულად გაუჩნდა სადენს ცეცხლი. ამ დროისათვის მიმდებარე ტერიტორიაზე ასამდე აბონენტს არა აქვს დენი, სწრაფი რეაგირების ტექნიკური ჯგუფი გასულია სამუშაოდ და უმოკლეს დროში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება,“ – გვითრეს კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიაში“.

 

ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

სს „საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა რეალობად იქცა და აზერბაიჯანული ASCO -ს ჩართულობით,  ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება.

2019 წლის 20 აგვისტოს, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი  დავით ფერაძე, ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი  ქვეყნებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე   გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში  ბათუმისა და ფოთის პორტებიდან რუმინეთის პორტ კონსტანცას მიმართულებით და პირიქით    რეგულარული საზღვაო-საკონტენიერო ხაზი იფუნქციონირებს. 

შეხვედრის მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმდნენ პროექტის ტექნიკურ და კომერციულ ასპექტებზე, რის საფუძველზეც შემუშავდა მომავალი საზღვაო-საკონტეინერო ხაზის,  ბათუმი-კონსტანცა-ბათუმი კონტეინერების ტრანსპორტირების ტარიფები, ასევე გადაწყდა ოპერაციის დაწყების თარიღი.

მხარეთა შეთანხმების შესაბამისად,  საქართველოს გავლით, კერძოდ საქართველოს რკინიგზით  ევროპა-ჩინეთი-ევროპის და ევროპა-ცენტრალური აზია-ევროპის სატრანზიტო ტვირთები გადაიზიდება. 

ახალი საკონტეინერო მარშრუტის მეშვეობით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, საზღვაო და სარკინიგზო მულტიმოდალური გადაზიდვების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს როგორც „საქართველოს რკინიგზის“, ასევე ქვეყნის პორტების განვითარებას.

 პროექტის განხორციელების შედეგად,  საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზით დაკავშირება ტვირთის ადგილამდე ჩატანის დროსაც შეამცირებს და ერთი მიმართულებით მარშრუტი 5 დღეში განხორციელდება, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტრანსკასპიური საერთაშორისო  სატრანსპორტო მარშრუტის მიმზიდველობას.

გეგმის მიხედვით, საკონტეინერო გემები რეისებს ყოველ 10 დღეში შეასრულებს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამე ცდაზეც ვერ აირჩიეს

დღეს, 22 აგვისტოს, უკვე მესამედ ჩაიშალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხმები ისევ გაიყო და კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა.

დღეს მრჩეველთა საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა გიორგი ირემაძე, ხოლო საბჭოს წევრმა, ბეჟან გობაძემ, სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად პირველი კონკურსი 31 მაისს გაიმართა, დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა საბჭოს ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. კონკურსი ჩაიშალა მეორედაც, 10 ივლისს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ამ დრომდე ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.

აჭარა TV-ის დირექტორის არჩევნებზე კოხრეიძემ 2 ხმა მიიღო – გაიმართება ხელმეორე კენჭისყრა

დღეს, 22 აგვისტოს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებზე დირექტორობის კანდიდატმა გიორგი კოხრეიძემ ორი ხმა მიიღო, ერთი ხმა კი – თინათინ ცისკარაძემ. გიორგი კოხრეიძეს გამარჯვებისთვის სამი ხმა სჭირდებოდა.

საბჭოზე შესვენება გამოცხადდა და განმეორებითი კენჭისყრა დღესვე, ნახევარ საათში გაიმართება.

დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებში საბჭოს სამი წევრი მონაწილეობს. სხდომას არ ესწრება გიორგი ირემაძე, ხოლო საბჭოს წევრმა ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას არ მიიღებს ტელევიზიის დირექტორის არჩევნებში.

გიორგი კოხრეიძე მესამედ მონაწილეობს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსში. აქამდე მას არც ერთი ხმა არ მიუღია მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან.

განახლებული ინფორმაცია: 

აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამე ცდაზეც ვერ აირჩიეს

დეისაძისა და Vinda Folio-ს ტურნე საფრანგეთში – ფრანგული ლეიბლი მათ ალბომს უშვებს

ერეკლე დეისაძე და თემო ეზუგბაია – Eko & Vinda Folio 2019 წლის პირველ დეკემბერს პარიზში კონცერტს გამართავენ. ეს მუსიკოსების პირველი ტურნე იქნება საფრანგეთში, სადაც შეასრულებენ სიმღერებს მათი პირველი ერთობლივი ალბომიდან – „თერაპია“ / Therapy. ალბომში ათი კომპოზიციაა შესული და ყველა მათგანი ქართულ ენაზეა.

Eko & Vinda Folio-ს საფრანგეთის კონცერტების აფიშას გამოცემა, Le parisiene-ი აქვეყნებს.

კონცერტზე ასევე დაუკრავს პოპულარული რუსული პანკ-როკ ჯგუფი Motorama, რომელიც, ძირითადად, ინგლისურად მღერის.

Eko & Vinda Folio-ს ალბომი „თერაპია“ ცნობილ ფრანგულ ლეიბლზე, Talitres-ზე, წელს, სექტემბერში გამოვა. ჯგუფის კონცერტები ტურნეს ფარგლებში საფრანგეთის ოთხ ქალაქში: პარიზში, ლიონში, ტურკუინსა და ნანტში ჩატარდება ნოემბერ-დეკემბერში.

როგორც თემო ეზუგბაია, იგივე  Vinda Folio ამბობს, ტექსტსა და მუსიკაზე ის და ერეკლე ერთად მუშაობდნენ. თავიდან მათი პრინციპი პერიოდული შეკრებები, ერთ სიმღერაზე მუშაობა და ინტერნეტში გამოქვეყნება იყო. 2016 წელს მათ სინგლი – ,,შენ ანათებ“ ჩაწერეს. ჯგუფ Motoramaს ფრონტმენმა სინგლი ფრანგული ლეიბლის, Talitres-ის წარმომადგენლებს მოასმენინა. მალე  ეკოს და ვინდას ფრანგულმა ლეიბლმა კონტრაქტიც გაუფორმა.

„აღმოჩნდა, რომ ჩემი საყვარელი ბენდების ხმისჩამწერმა ლეიბლმა გაგვიფორმა კონტრაქტი, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, 2016 წლის მერე 3 წლით გამოვიკეტეთ და 10 სიმღერა ჩავწერეთ. ჩემი და ეკოს მთავარი პრინციპი გულწრფელობაა, რასაც ვაკეთებთ, ნამდვილი უნდა იყოს. რაზეც ვმღერით, მართლა გვეხება. ბუნებრივი და ორგანული ჩვენთვის ქართულ ენაზე სიმღერაა. ფრანგები, როგორც თავად ამბობენ, ჩვენი ეგზოტიკური ჟღერადობით მოიხიბლნენ,“ – ამბობს  Vinda Folio.

ერეკლე დეისაძისთვისაც ქართულ ენაზე სიმღერაა მნიშვნელოვანი, რადგან, როგორც თავად ამბობს, ენის მსახურად აღიქვამს საკუთარ თავს და ყველაზე ნამდვილად ქართულ ენაზე გამოსდის თვითგამოხატვა.

„სასიამოვნო ამბავია ფრანგული ტურნე, მაგრამ ამაზე არ შევჩერდებით, ჩემი მიზნები შორსმიმავალია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,” – ამბობს ერეკლე.

„თერაპია“ რომანტიკული და საკუთარ თავში ჩაღრმავებული სიმღერებისგან შედგება. ეკო და ვინდა ფოლიო ჯადოსნური ტექსტებით სამყაროს პოეტურობას გვაგრძნობინებს. ეს სიმღერები საკუთარ თავში მოგზაურობაა. მათი მუსიკა დრიმ პოპის, პოსტ-პანკის და საცეკვაო რიტმების ნაზავია, ხანდახან ბნელი და ცივი, მაგრამ ძალიან ემოციური,“ – წერია ფრანგულ მუსიკალურ ლეიბლზე  Talitres – რომელზეც Eko & Vinda Folio-ს  ალბომი ,,თერაპია“ / Therapy  20 სექტემბერს გამოვა.

ურეკში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

ურეკში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა “ბათუმელებს” მოქალაქემ მოაწოდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარატმენტის ინფორმაციით,  მათი თანამშრომლები უკვე გასულები არიან შემთხვევის ადგილას. მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გახდა დელფინის სიკვდილის მიზეზი.

“გასულ წლებთან შედარებით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში გამორიყვის ნაკლები ფაქტია დაფიქსირებული. გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის  სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან  ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს, “- განგვიმარტეს სააგენტოში.

შავი ზღვის სანაპირო  ზოლში  ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს. მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარატმენტის სპეცილისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, რათა ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში  იყოს დრული რეაგიერება  და გამორიყვის კონკრეტულ ადგილს ჩაუტარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას,  მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს.  მსგავსი ფაქტების დაფიქსიერების შემთხვევაში კი  დარეკონ ცხელ ხაზზე 153.

“ოცნების” დეპუტატს სუსი 51 380 აშშ დოლარის ქრთამის მოთხოვნას ედავება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და მოქალაქე ზაზა თ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ., ნათესავთან – ზაზა თ-სთან  შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, ჯამბულ თ-ს უნდა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში, 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000 აშშ დოლარი,” –  წერია სუსის განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და  აღების ფაქტზე მიმდინარეობს,  საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით  11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ამავე თემაზე:

დააკავეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“

„ბათომი“ საკრებულოს გადაწყვეტილებას რივიერას გენგეგმის დამტკიცებაზე, სასამართლოში გაასაჩივრებს

„ვიცი, რომ მე თქვენ გადაწყვეტილებას ვერ შეგაცვლევინებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწერება ოქმში და ჩვენ დაგვჭირდება ეს მომავალში სამართლებრივი დავისას“, – ასე დაასრულა დღეს საზოგადოება „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლა.

„ბათომი“ და რივიერას პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, როგორც საკრებულოს, ისე მერიის გადაწყვეტილებებს შპს „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით, სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ბევრი დარღვევაა და ჩვენ ამ საკითხებს გავივლით იურისტებთან ერთად, შემდეგ კი, მივმართავთ სასამართლოს“, – გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.

დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის საკრებულომ, მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა შპს „რივიერას“ მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. 

შოთა გუჯაბიძის გამოსვლამდე საკრებულოს წევრებს „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმაც მიმართა. მან ისაუბრა პროექტის მდგრადობასთან დაკავშირებით უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე და ეკოლოგიურ საკითხებზე პროექტთან მიმართებაში. საკრებულოს წევრებს ნინო ინაიშვილმა უთხრა, რომ მომავალში მათ ამ გადაწყვეტილებისთვის პასუხს მოსთხოვდნენ.

მოქალაქეები, რომლებიც „რივიერას“ პროექტს ეწინააღმდეგებიან, დღეს საკრებულოს გადაწყვეტილებას  შეხვდნენ სტვენითა და შეძახილებით: „კომკავშირი“, „ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭო“ „ბაბუ-ბაბუ“, „მონებო“.

– – – – –

ცოტა ხნის წინ „რივიერასთან“ დაკავშირებულ საკითხზე სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციამაც [საია] მიმართა. საია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც საკრებულომ მერიის წარდგენით მოიწონა და შეითანხმა შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ბათუმში დამცავი ზონების დადგენას ითვალისწინებდა. საიას პრეტენზია დამცავი ზონების დადგენას არ უკავშირდება – საქმე იმაშია, რომ მერიამ დოკუმენტის დასამტკიცებლად წარდგენამდე, კვლევით დადგენილი საზღვრები შეცვალა.

საია სასამართლოში მოითხოვს ბათუმის საკრებულომ ბათილად ცნოს #33 დადგენილება, რომლითაც „გეოგრაფიკის“ მომზადებული, მაგრამ მერიის მიერ შეცვლილი დოკუმენტი მოიწონა და დაამტკიცოს დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.

მთავარი ფოტო: „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე [მარჯვნივ] და ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი

„რივიერას“ გეგმა 19/2 წინააღმდეგ დამტკიცეს – მხარდამჭერების სახელობითი სია

დააკავეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს.

როგორც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, დაკავების მიზეზი ზუსტად უცნობია.

“ჯერ არაფერი არ ვიცით ჩვენც. 24 საათში გვეცოდინება. ამბობენ, რაღაც მიწის საკითხზეო, მაგრამ დეტალები არ ვიცი ზუსტად.  ამბობენ, რომ ქრთამის აღების ფაქტზეა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს,” – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

ჯამბულ თავართქილაძე  ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია პარტია  “ქართული ოცნებიდან”.

დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველად TV 25-მა გაავრცელა.

საკრებულოს წევრი: ამაზე მეტი დემოკრატია ოდესმე ყოფილა? ზედმეტი დემოკრატიაცაა ალბათ

ნატალია ზოიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი: 

„დემოკრატია, როგორიც დღესაა საქართველოში, ოდესმე ყოფილა? უბრალოდ მაინტერესებს, საზოგადოებას მივმართავ. ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება, აზრის გამოთქმის თავისუფლება, არავინ არ იდევნება განსხვავებული აზრისთვის და ამაზე მეტი დემოკრატია… მე თუ მკითხავ, ზედმეტი დემოკრატიაცაა ალბათ, რადგან ამდენი სხვანაირი შეფასებები იწყება“.

_________

წყარო: აჭარის ტელევიზია

„რივიერას“ გეგმა 19/2 წინააღმდეგ დამტკიცეს – მხარდამჭერების სახელობითი სია

დღეს ბათუმის საკრებულომ, მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა შპს „რივიერას“ მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ასევე დამოუკიდებელმა წევრმა რაულ თავართქილაძემ და არჩილ მამულაძემ – „პატრიოტთა ალიანსიდან“. წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ორი წევრი – ნოდარ დუმბაძე და გელა დეკანაძე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“.

გადაწყვეტილება 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

საკითხს მხარი დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ. მან თქვა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ბათუმელების  დასაქმებას.

საკითხს მხარი დაუჭირეს ასევე თავმჯდომარის მოადგილეებმა –  თამაზ სალუქვაძემ და ლაშა სირაბიძემ.  პროექტის სასარგებლოდ ხელი აწია ასევე „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ. მან თქვა, რომ ეს მხოლოდ გენგეგმაა და პროექტის მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხები მერიამ უნდა განიხილოს მას შემდეგ, რაც კომპანია მას სამშენებლო პროექტით მიმართავს.

პროექტს მხარი დაუჭირეს, ასევე, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თემურ კახიძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა მგელაძემ, საფინანსო ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ნაკაიძემ. კენჭისყრამდე ზურაბ ნაკაიძემ  განაცხადა, რომ მოუწოდებს მერიას, დეტალურად გაიაროს ის საკითხები, რის გამოც მოქალაქეები პროექტს ეწინააღმდეგებიან.

საკითხს მხარი დაუჭირეს, ასევე, საკრებულოს წევრებმა: ელგუჯა ანდრიაძემ, ირაკლი თოფურიძემ, ნერიმან ცინცაძემ, ნატალია ძიძიგურმა, მიხეილ ართმელაძემ, ბესარიონ გოგოტიშვილმა, ანზორ დევაძემ, დავით მახარაძემ და თამაზ დევაძემ. სხდომას არ ესწრებოდნენ: დიმიტრი ჭეიშვილი და ომარ მახარაძე უმრავლესობიდან, მირდატ ქამადაძე და  ლევან ანთაძე ოპოზიციიდან.

მოქალაქეები საკრებულოში საკრებულოს წევრებს მოუწოდებდნენ არ დაეჭირათ მხარი „რივიერას“ გეგმისთვის, მაგრამ მათ არ მოუსმინეს.

დღეს, 22 აგვისტოს, ცხარე დებატების შემდეგ, ბათუმის საკრებულომ შპს „რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ამის შემდეგ კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიაში კონკრეტული შენობის პროექტი უნდა წარადგინოს. როგორც უკვე ცნობილია, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბათუმი რივიერა“ ხუთი თაუერის მშენებლობას და ხელოვნური ლაგუნას მოწყობას გეგმავს.

„რივიერას“ ტერიტორიაზე მშენებლობას მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან, პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ისინი მოითხოვენ, რომ შესაბამისი მშენებლობის ნებართვა მერიამ არ გასცეს. მოქალაქეებმა ოფიციალური წერილითაც მიმართეს მერს, ამ წერილს ხელს 650 ადამიანი აწერს.

„რივიერას“ ტერიტორიაზე მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებსა და საზოგადოება „ბათომს“ ორი ძირითადი არგუმენტი აქვს, ეს არის ტერიტორიის მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და ასევე კონცხის მდგრადობა. საქმე იმაშია, რომ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია, კომპანია კი ამტკიცებს, რომ ხელში უჭირავს კვალიფიციური კომპანიების დასკვნები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ.

პოლემიკა გამოიწვია იმანაც, რომ კომპანია არ ამზადებს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს. როგორც განმარტეს, კანონი შესაბამის დოკუმენტს ითხოვს მხოლოდ მაშინ, თუ სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორია 10 ჰექტარზე მეტია. „ბათუმი რივიერა“ 6+2 ჰექტარზე აპირებს პროექტის განხორციელებას.

სპეციალისტების განცხადებით, ტერიტორია სპეციფიკურია იმ თვალსაზრისით, რომ კონცხთან ახლოს კანიონია, რომელთანაც მდინარე ჭოროხიდან შემოტანილი ნატანი გროვდება. ამ ნატანის ოდენობა კი, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს ათ წელზე მეტია არ შეუსწავლიათ.

1999 წელს კანიონთან დაახლოებით 200 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანის პლაჟი მოწყდა და ზღვაში ჩავარდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ კანიონთან არსებული ვითარება არავის შეუსწავლია. მოქალაქეები შიშობენ, რომ კონცხზე „ბათუმი რივიერას“ მიერ დაგეგმილი პროექტი კანიონით გამოწვეულ რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

პროექტს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქეები, რომლებიც კონცხზე მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან მართული.

წინააღმდეგობისა და ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, დღეს „ბათუმი რივიერას“ გეგმას მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულოს 17-მა წევრმა ქართული ოცნებიდან:

  • სულიკო თებიძე – საკრებულოს თავმჯდომარე
  • თამაზ სალუქვაძე – თავმჯდომარის მოადგილე
  • ლაშა სირაბიძე – თავმჯდომარის მოადგილე
  • ნატალია ზოიძე
  • თემურ კახიძე
  • ირაკლი პატარიძე
  • გოჩა მგელაძე
  • ზურაბ ნაკაიძე
  • ელგუჯა ანდრიაძე
  • ირაკლი თოფურიძე
  • ნერიმან ცინცაძე
  • ნატალია ძიძიგური
  • მიხეილ ართმელაძე
  • ბესარიონ გოგოტიშვილი
  • ანზორ დევაძე
  • დავით მახარაძე
  • თამაზ დევაძე

ამავე თემაზე: საკრებულოს სხდომა – ვიდეო

ვინ გადაარჩინა ბათუმის „რვაფეხა“

21 აგვისტოს ბათუმში განახლებული კაფე „ფანტაზია“, რომელსაც ბათუმში ძირითადად „რვაფეხას“ უწოდებენ, საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის მერთან და აჭარის მთავრობასთან ერთად. „რვაფეხას“ გახსნას არ ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ბათუმის „რვაფეხა“ დანგრევას გადაარჩინეს.

რომ არა ბათუმელი აქტივისტების, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობა და აქციების სერია, „რვაფეხას“ 2014 წელს დაანგრევდნენ და ამ ადგილას სასტუმრო „ჰილტონი“ ორ საცურაო აუზს ააშენებდა.

კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“, ბათუმის ბულვარში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

2012 წელს კაფე „რვაფეხა“ უკვე გაჩანაგებული და ფაქტობრივად, საზოგადოებრივ საპირფარეშოდ ქცეული იყო. მისი განახლების გეგმა არსებობდა, თუმცა გეგმა მხოლოდ იდეის დონეზე რჩებოდა.

2014 წელს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „რვაფეხას“ დანგრევა ემუქრებოდა, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა აქციები დაანონსეს. „ბათუმელების“ არქივში ამ აქციების შესახებ არაერთი მასალა იძებნება.

„ბოლო პერიოდში გვესმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაფე “ფანტაზია” არ ექვემდებარება აღდგენას, რეაბილიტაციასა თუ რემონტს. ადგილობრივი ხელისუფლების ორაზროვანი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ძეგლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან. ამავდროულად ფარული თუ ნახევრად ღია მოლაპარაკებები კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ, რომ რვაფეხას მიმართ მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია მიმდინარეობს. ბათუმელებო და არა მხოლოდ, გთხოვთ მობრძანდეთ შაბათს 14:00 საათზე, კაფე “ფანტაზია” დასაცავად“, – ეს განცხადება „რვაფეხას“ დამცველებმა 2014 წლის 3 დეკემბერს გაავრცელეს ფეისბუქზე.

იმავე შაბათს ბათუმში, „რვაფეხასთან“ აქცია გაიმართა მოთხოვნით – ბათუმმა შეინარჩუნოს კაფე „რვაფეხა“, რომელიც წლების განმავლობაში იყო ქალაქის სავიზიტო ბარათი და მიენიჭოს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ აქციას მაშინ ბათუმის მერი და უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა.

აქციის პარალელურად ფეისბუქში აქტივისტებმა დაიწყეს სხვადასხვა კამპანია „რვაფეხას“ დასაცავად.  ბათუმელები ფეისბუქში ტვირთავდნენ „რვაფეხასთან“ დაკავშირებულ მოგონებებს, ფოტოებს და მოქალაქეებს „რვაფეხას“ დაცვისაკენ  მოუწოდებდნენ. „ბათუმელებში“ მაშინ გამოქვეყნდა ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილის წერილი – „რვაფეხა ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია“ვიკიპედიაზე გამოჩნდა ინფორმაცია ბათუმის „რვაფეხას“ შესახებ, შეიქმნა ფეისბუქგვერდი კაფე ფანტაზია.
რვაფეხა, 2014 წლის აპრილი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, ბათუმელებს სურდათ „რვაფეხას“ შენარჩუნება, აჭარის მთავრობა, რომლის ბალანსზეც იყო შენობა, ორჭოფობდა. აჭარის მთავრობის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მაშინ განაცხადა, რომ მისი აზრით, „რვაფეხა“ ძეგლი არ იყო და იგი აღდგენას არ ექვემდებარებოდა.  

2015 წლის თებერვალში „რვაფეხას“ საკითხზე აჭარის მთავრობა საზოგადოება „ბათომის“ წევრებს და აქტივისტებს შეხვდა, თუმცა „რვაფეხას“ გადარჩენის საკითხი დროში გაიწელა, შენობას ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს და მხოლოდ 2016 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და „რვაფეხას“ სავარაუდოდ ფონდი „ქართუ“ აღადგენდა.

„რვაფეხას“ აღდგენა 2017 წელს დაიწყო. 2018 წელს აჭარის ბიუჯეტიდან „რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად 197 606 ლარი დაიხარჯა. მოკლე ხანში ცნობილი გახდა ისიც, რომ „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგებოდა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მხატვარ-მონუმენტალისტმა თემურ მჟავანაძემ უთხრა, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში „რვაფეხას“ მოზაიკით მოპირკეთებაზე იმუშავა.

საბოლოოდ, გუშინ, 2019 წლის 21 აგვისტოს, ბათუმის „რვაფეხა“ საზეიმოდ გახსნა მთავრობამ. აქტივისტები, რომლებიც მის გადასარჩენად იბრძოდნენ, გახსნაზე არ მიუწვევიათ. მათი ნაწილი დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის საკრებულოში ესწრებოდნენ სხდომას, ისინი ამჯერად ბათუმის „რივიერას“ გადასარჩენად იბრძვიან.
რა ფუნქცია ექნება ბათუმის „რვაფეხას“, ჯერჯერობით უცნობია, იგი კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, თუმცა ხარაჩოები მოხსნილია, „რვაფეხა“ ბათუმის ბულვარში დაბრუნდა.
განახლებული „რვაფეხა“. ფოტო: აჭარის მთავრობა

„1000 ბათუმელი დასაქმდება“ – საკრებულოს თავმჯდომარე რივიერას გეგმის დამტკიცებაზე

„1000 ბათუმელი დასაქმდება“, – ასე დაიწყო ჟურნალისტებთან თავისი მოკლე კომენტარი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. სულიკო თებიძე აცხადებს, რომ „რივიერას“ პროექტი საფრთხეს არ წარმოადგენს ბათუმისთვის.

„მე გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, დასკვნას, იკვეთება, რომ იქ ის რისკები არ არის მოსალოდნელი, რასაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი აცხადებს“, – თქვა სულიკო თებიძემ.

საკრებულომ დღეს დაამტკიცა „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა.

ეს კომპანია ბათუმის კონცხზე 5 კოშკის აშენებას გეგმავს.

პროექტს ფინანსურად უზრუნველყოფს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი.

 

 

საკრებულომ რივიერას გეგმა დაამტკიცა – ბათუმის საკრებულოს დარბაზის შესასვლელში პოლიცია დგას

ამ წუთებში [12:00]  ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელში პოლიცია დგას. სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღშფოთებული მოქალაქე იძულების ფორმით გამოიყვანა.

„იცოდეთ, რაზე აწერთ ხელს. ყველა მოკვდებით“, „ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭოა ეს“, „კომკავშირული სხდომა დამთავრებულია“, „გვერდში დაგვიდექით“, „პარტიული მონობა“,  – ამ და სხვა სიტყვებით მოქალაქეები საკრებულოს წევრებს მიმართავდნენ. ბათუმის საკრებულომ დღეს  დაამტკიცა შპს ,,რივიერა ბათუმის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა.

„ბათუმს სხვა პოზიცია აქვს, საკრებულოს – სხვა, საკრებულო ბათუმის ოპოზიციაშია. ისინი მხოლოდ ვერტიკალს ემორჩილებიან. დაამტკიცეს, რომ მონები არიან“, – მოქალაქეების პროტესტი გრძელდება.

მოქალაქეების პროტესტის აღსაკვეთად პოლიციის დარბაზში შემოსვლა საკრებულოს წევრმა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ მოითხოვა.

ბათუმის მერიის შენობაში აღშფოთებული მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტს რადიკალური ფორმებით გააგრძელებენ და რივიერაზე მშენებლობას ხელს შეუშლიან.

____

პროექტს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქეები, რომლებიც კონცხზე მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან მართული.

1999 წელს კანიონთან, სადაც 5 კოშკის აშენება იგეგმება, დაახლოებით 200 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანის პლაჟი მოწყდა და ზღვაში ჩავარდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ კანიონთან არსებული ვითარება არავის შეუსწავლია. მოქალაქეები შიშობენ, რომ კონცხზე „ბათუმი რივიერას“ მიერ დაგეგმილი პროექტი კანიონთან რისკებს კიდევ უფრო გაზრდის.

 

რუსთავი 2 აჭარის რეგიონის ჟურნალისტმაც დატოვა

„რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლის პროცესი გრძელდება. დღეს არხი დატოვა თეა ვაშალომიძემ, რომელიც რუსთავი 2-ისთვის 14 წლის განმავლობაში მუშაობდა აჭარის რეგიონიდან.

“მეგობრებო, დროა საჯაროდ გავახმოვანო ჩემი პოზიციაც, რომელიც ჩემი მეგობრებისთვის ცნობილია უკვე რამდენიმე დღეა. რა თქმა უნდა, ვდგავარ იქ, სადაც ჩემი გუნდია და რომელ გუნდთან ერთადაც გავატარე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ვარ ამაყი, რომ ბოლო 14 წლის აჭარის ისტორიის დაწერაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი,”  – წერს თეა ვაშალომიძე ფეისბუქზე.

რუსთავი 2-დან ჟურნალისტების წასვლის შეუქცევადი პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 აგვისტოს რ2-ის დირექტორმა პაატა სალიამ არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია. იმავე დღესვე არხიდან წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა და პაატა იაკობაშვილმა.

21 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვება კურიერი ეთერში არ გავიდა. არხის დატოვება დაიწყეს ჟურნალისტებმა. ვინ დატოვა რუსთავი 2,  სრული სია ნახეთ აქ.

რა ცვლილების შეტანას გეგმავს საკრებულო „დინამო ბათუმის“ გასხვისების დოკუმენტში

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ითხოვს შპს „დინამო ბათუმის“ კუთვნილი ქონება სარგებლობაში გადასცენ არა შპს Lamini-G-ს, არამედ შპს „ლამინი“-ს. შესაბამის დოკუმენტებში ცვლილების შეტანის საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს, 22 აგვისტოს, სხდომაზე უნდა განიხილოს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან საკრებულოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ Lamini-G და „ლამინი“, ორივე არის „ლამინი ჯგუფის“ წევრი კომპანია, თავდაპირველად „დინამოს“ წილების სარგებლობაში მიღებაზე განცხადება Lamini-G-მ წარადგინა და საკრებულომაც მიიღო გადაწყვეტილება წილებისა და ქონების ამ კომპანიაზე გადაცემის შესახებ.

„ლამინი ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, სპეციალურად დაფუძნდა „ლამინი“ „დინამოს“ ქონების განკარგვის პროცესში მონაწილეობის მიზნით“ – აღნიშნულია სამინისტროს წერილში.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ლამინი“ 2018 წლის 16 მაისს დარეგისტრირდა. საკრებულომ კი „დინამო ბათუმის“ 100% წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას Lamini-G-სთვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით, 2019 წლის 24 მაისს გადასცა.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ლამინი“-ს მესაკუთრე და დირექტორი არჩილ ბერიძეა, შპს Lamini-G-ს მესაკუთრე კი – ქეთინო ბერიძე, ხოლო დირექტორი – არჩილ ბერიძე.

„დინამო ბათუმის“ წილი და ქონება ჯერ გასხვისებული არ არის და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რჩება შპს Lamini-G-ზე 49 წლით გადაცემისა და სხვა პირობებით.

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან იმ ტერიტორიის ნაწილსაც ითხოვს, რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია. საუბარია ანგისაში [საწვრთნელ ბაზასთან] მდებარე 14 013 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე.

ამ თემაზე ვრცლად:

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

 

ბატონო პრემიერო, ეს არის ჩვენი ბოლო მომართვა – აქტივისტები რივიერას დასაცავად

საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

მოგმართავთ ისევ „რივიერა ბათუმის“ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს დასაბუთებული არგუმენტები პროექტის მიზანშეწონილობას და რისკებთან დაკავშირებით და, სამწუხაროდ, ვერცერთი სახელმწიფო ორგანოდან ადეკვატური გამოხმაურება ვერ მივიღეთ ამ არგუმენტებსა და შეთავაზებებზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის 14/08/2019 წლის წერილში, რომლის ადრესატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა, ნათქვამია, რომ ბათუმის მერიას აცნობა სამინისტროს პოზიცია „ბათუმი რივიერას” პროექტის გარემოსდაცვითი შეფასების დაქვემდებარებაზე. კერძოდ, სამინისტროს პოზიციაა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლას.

სამწუხაროდ, სამინისტრო  თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერის წერილში [N25.14101/28.06/2019]  ხაზგასმულია, რომ „წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საპროექტო ობიექტით იცვლება სანაპირო ზოლი, ხდება ლაგუნის შემოჭრა სახმელეთო ნაკვეთზე, რაც გავლენას ახდენს სანაპირო ზოლზე“.

კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება ბათუმის კონცხზე, სადაც სანაპირო ზოლის სტაბილურობის პრობლემა მწვავედ დგას.  ამას ადასტურებს, ამ საკითხის გადასაწყვეტად სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკისგან.

სამინისტროს უნდა მიეთითებინა მერიისა და პროექტის განმახორციელებლისთვის, რომ მსგავს შემთხვევებში გარემოზე ზემოქმედების შეფასება  მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა რისკფაქტორი, რამაც შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს გარემოსა და ადამიანების უსაფრთხოებაზე. ამის სანაცვლოდ, სამინისტრომ ან თავის არაკომპეტენტურობით ან გამიზნულად აირჩია ესარგებლა საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის ნაკლოვანებით, რომლის თანახმადაც, სტრატეგიული გარემოზე ზემოქმედების შეფასება ვრცელდება მხოლოდ ნორმატიულ აქტებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილების ღონისძიებების დაგეგმვისა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. სამინისტროს არ შეუსწავლია  დეტალური პროექტი და მის  განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები, კონტექსტი,  დარგის სპეციალისტებისა და ასეულობით მოქალაქის პოზიცია, ყველა შესაძლო რისკფაქტორი და არ დაუდია ზუსტი მითითებები შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად.

სამინისტროს, „რივიერა ბათუმსა” და ბათუმის მერიას შორის წარმოებული კორესპონდენცია  ვერ ჩაითვლება  იმის საკმარის გარანტიად, რომ პროექტი უსაფრთხოა.

ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეასრულოს კანონმდებლობით აღებული ვალდებულებები და:

  1. მოსთხოვოს შპს ბათუმი რივიერას მმართველობას განაშენიანების სრულფასოვანი დოკუმენტაცია;
  2. ვინაიდან წარმოდგენილი პროექტი თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას, მათ შორის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ცვლილებას, დაიწყოს სრულფასოვანი გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების შეფასების (გსზშ) პროცედურა, შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანგარიშის მომზადება. ამ ანგარიშში აუცილებლად უნდა შევიდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპები და აზიის განვითარების ბანკის მიერ წამოწყებული პროექტის პრინციპები და ძირითადი მიმართულებები.
  3. ხოლო წარმოდგენილი გსზშ-ს ანგარიშის შეფასებისთვის სახელმწიფომ მოიწვიოს გამოცდილი და სპეციფიკურად ამ პროფილის მქონე დამოუკიდებელი უცხოური კომპანია.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეს არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, ბოლო მიმართვა ამგვარი ოფიციალური სახით საქართველოს ხელისუფლებისადმი. თუ ამჯერადაც ვერ მივიღებთ ადეკვატურ რეაგირებას მთავრობისგან, იძულებულები ვიქნებით, გავაგრძელოთ საჯარო პროტესტი და მივმართოთ სასამართლოს – ჩვენი კანონიერი უფლებები უსაფრთხო გარემოსთან, ეკოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით, ამ გზით დავიცვათ.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავანადგუროთ ჩვენი ქალაქების ლანდშაფტი, გარემო და კულტურული მემკვიდრეობა!

 

 

ელექტრომობილების გაქირავების სერვისი ბათუმში რუსული კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფით

ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა გახდა შესაძლებელი. კომპანია „აიქარის“ ოფიციალურ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.

„თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მსგავსი სერვისი ხდება უფრო და უფრო პოპულარული. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმშიც იწყებს “აიქარი” ფუნქციონირებას.

მომავალი წლიდან ქუთაისში გაიხსნება ახალი ქარხანა და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეძლებს ელექტრომობილების წარმოებას. მისი ნაწილი გავა ევროკავშირში ექსპორტის  სახით და ეს არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების ვექტორი, რომელზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი,“ – თქვა მამუკა ბახტაძემ.

“აიქარი” მობილური აპლიკაციის მეშვეობით ელექტრომობილების გაქირავების კომპანიაა. აქამდე ის მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებდა, დღეიდან, 22 აგვისტოდან კი ბათუმშიც დაიწყებს მუშაობას. მობილური აპლიკაცია, რომლითაც მოქალაქეებმა ავტომანქანები უნდა გამოიძახონ, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის ბაზას ქმნის.

კომპანია „აიქარის“ მეწილეებს შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან და პროგრამული უზრუნველყოფაც რუსული კომპანიის შესრულებულია.

„აიქარის“  შესაძლო კავშირები რუსეთთან

aiCar-ის საიტზე ვკითხულობთ, რომ ელექტრომანქანის ქირაობა მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ჯავშნის ღირებულება კი წუთში 0.08₾ იქნება. ამავე საიტზე აღნიშნულია, რომ აპლიკაციის საავტორო უფლებები ეკუთვნის და, შესაბამისად, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს “ქართლიქართან“.

ხელშეკრულების მიხედვით, სერვისის მომხმარებელი “მეიჯარეს აძლევს სრულ და შეუზღუდავ უფლებას, ხელშეკრულების ვადაში ნებისმიერ დროს შეინახოს, ჩაიწეროს, დაამუშაოს და გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია და მესამე პირებს, შემდგომი დამუშავების ან/და გამოყენების უფლებით, გადასცეს ასეთი ინფორმაცია”.

კომპანია კი “პერსონალურ ინფორმაციად განმარტავს შემდეგს: “მომხმარებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის და არა მხოლოდ პირდაპირი ან ირიბი საიდენტიფიკაციო მონაცემი, საიდენტიფიკა%

საკრებულოს წევრის უცენზურო ტექსტი რ2-ის ჟურნალისტებზე, წაშლილი ბოდიში და სხვა სკანდალი 

ირაკლი პატარიძე ბათუმის საკრებულოს წევრია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“. იგი ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, თუმცა მედიაში მისი სახელი და გვარი განათლებისა და კულტურის საკითხებთან კავშირში არ ხვდება.

„წადით ახლა და გვარამიას მო…ეთ“, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს არჩეული დეპუტატი რუსთავი 2-დან ჟურნალისტების წასვლას ფეისბუქზე.

მოგვიანებით პატარიძემ ფეისბუქზე თავისი ნაწერი წაშალა, ბოდიში მოიხადა და უცენზურო კომენტარი აღელვებით ახსნა, რამდენიმე საათის შემდეგ კი საბოდიშო სტატუსიც წაშალა.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირაკლი პატარიძე მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. წელს, აპრილში, გამართულ საკრებულოს სხდომაზე მან ტერენტი გრანელი ისე მოიხსენია, როგორც პროზაიკოსი. პატარიძეს ოპოზიციამ შეახსენა, რომ ტერენტი გრანელი პოეტი იყო, შეპასუხება კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

იმავე დღეს ირაკლი პატარიძემ ტერენტი გრანელს ბოდიში მოუხადა და „ხიდან-ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტიო“ – დასძინა, სავარაუდოდ, იმის დამადასტურებლად, რომ ნამდვილად იცოდა ტერენტი გრანელის პოეზია.

ირაკლი პატარიძე ბათუმის საკრებულოს წევრად არჩევამდე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში 2014 წლიდან. პატარიძე გასულ წელს 50-პროცენტიან წილებს ფლობდა კომპანიებში „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE. ამ კომპანიებთან ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვის ხელშეკრულებას მერიას დაქვემდებარებული უწყებები აფორმებდნენ და პატარიძე ბათუმის ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებდა და მოგებასაც.

„ირღვევა კანონი რამენაირად? პრობლემას რატომ უნდა ვხედავდე. რა მნიშვნელობა აქვს, მე მუნიციპალიტეტში ვმუშაობ თუ არა,“ – ასეთი იყო საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის რეაქცია, როცა მას „ბათუმელებმა“ ჰკითხა: ხედავდა თუ არა ინტერესთა კონფლიქტს, როცა მის ბიზნესკომპანიასთან მერიის ორგანიზაციები პირდაპირ შესყიდვებს აფორმებდნენ.

წელს უკვე კომპანიაში წილებს პატარიძე ოფიციალურად აღარ ფლობს, „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE-ის ასპროცენტიანი წილების მფლობელი გოჩა აბუსელიძეა.

ბათუმის მერიაში მუშაობს ირაკლი პატარიძის ცოლი, ფიქრია პატარიძეც, რომელიც ბათუმის მერის წარმომადგენლის თანაშემწეა თამარის დასახლებაში და ასევე, არის  ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიის წევრი. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალში“ კი მუშაობს ირაკლი პატარიძის მამა, ბადრი პატარიძე, „ბათუმის წყლის“ ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

Exit mobile version