სიახლეები

„რვაფეხა ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია“

14.02.2015 • 3977
„რვაფეხა ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია“

ირინე გივიაშვილი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

ირინე გივიაშვილი

როდესაც „რვაფეხას“ საფრთხე შეექმნა, ვიფიქრე, რომ ეს ინფორმაციის არარსებობითაც იყო გამოწვეული, ამიტომ პირველი რიგის საქმედ სტატიების ისეთ მედიუმში განთავსება გადავწყვიტე, რომელზეც ყველაზე ხშირი და დიდია წვდომა. ვიკიპედიაზე სტატიები სამ ენაზე გამოვაქვეყნე, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. რუსულენოვანმა რედაქტორმა სტატიას რედაქტირება გაუკეთა და ის პასაჟი მოაჭრა, სადაც “რვაფეხას” დასავლურ კულტურუასთან მიმართებაში განვიხილავდი.

დიახ, დასავლურ კულტურასთან მიმართებაში. “რვაფეხა” მართალია საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებით ანტისაბჭოური ხელოვნებაა, მეტიც ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიურობით, არააგრესულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით. გარდა ამისა, არქიტექტორ გიორგი ჩახავას კონსტრუქცია იმ დროის პროგრესული მიღწევების ნიმუშია. თავს აღარ შეგაწყენთ გამეორებით და გთხოვთ მხოლოდ ინტერნეტ საძიებელში ჩაწეროთ “კაფე ფანტაზია” და ვიკიპედიის სტატიას თვალი გადაავლოთ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ კონსტურქცია სერიოზულად დაზიანებულია. როდესაც ადამიანი ჯანმრთელობას უჩივის და გამოკვლევების ჩატარების შედეგად იღებს ინფორმაციას, რომ ის ავადაა, რას აკეთებს შემდეგს? სამკურნალოდ მიდის თუ სასაკლაოზე? ძალიან უხეში შედარება მომყავს, მაგრამ ასეა “რვაფეხას” და სხვა ისტორიული და კულტურული ძეგლების შემთხვევაშიც. თუ ის დაზიანებულია, მაშინ კი არ უნდა დაინგრეს, არამედ უნდა შეკეთდეს! ბარსელონაში, გუელის პარკში გაუდის ხვლიკის მოზაიკური ქანდაკება, რომლის პირდაპირი პარალელია ბათუმის “რვაფეხაც”, ვანდალებმა დააზიანეს. ქართველი ექსპერტები რომ მიგვევლინებინა, აუცილებლად დაასკვნიდნენ, რომ ძეგლი დაზიანებული იყო და მართლებიც იქნებოდნენ, მაგრამ ესპანელებს თავში არ მოუვიდოდათ აზრი, რომ ხვლიკი საერთოდ მოენგრიათ. პირიქით, მას ადეკვატური რესტავრაცია ჩაუტარეს და დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს.

რაც შეეხება “რვაფეხას” პრობლემას, მე მესმის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ და ვერ მოეთხოვება ნამდვილი ხელოვნების შეცნობა და შეფასება, რაც სამწუხაროა. მეორეს მხრივ, ძალიან კარგია, რომ ბათუმს ბათუმელები უდგას სათავეში, ვისთვისაც ცნობილია ის ტრადიციები და ფასეულობები, რაც ქალაქს და მხარეს გააჩნია. აკი თქვა კიდეც ბატონმა ხაბაძემ, რომ “რვაფეხა” ქალაქის სიმბოლოაო. დიახ, ქალაქის სიმბოლოც საკმარისია იმისათვის, რომ მეტ ყურადღებას და შესაბამის აღიარებასა და დაცვას იმსახურებდეს.

მინდა ღიად მივმართო კულტურის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს, პირად კონტროლზე აიყვანოს “რვაფეხასათვის” ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი და ბატონ ნიკა ანთიძეს კიდევ ერთხელ ვთხოვო, დროულად უზრუნველყოს კომპეტენტური კომისიის მოწვევა და სტატუსის მინიჭებისათვის განხილვის დანიშვნა.

Hilton-ს კი მინდა ვუთხრა, რომ აუზი ყველა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აქვს, აუზი ქალაქის სიმბოლოსა და გამორჩეული ხელოვნების ნიმუშის გვერდით კი ძალიან დიდი იშვიათობაა. Hilton Batumi-სთვის ეს პრივილეგიაა, რომელიც მან უნდა გამოიყენოს, თორემ ჩაიკარგება ათას სტანდარტულ სასტუმროთა მწკრივში. ისედაც მისი არქიტექტურა დიდად არაფრით გამოირჩევა, ფერად-ფერადი მინის აივნები ფასადებზე კი “რვაფეხას” ფერად მოზაიკებთან შეხამებულად შეიძლება ჩაითვალოს.

ასევე მინდა ვთხოვო ინვესტორ მხარეს, სწორად შეაფასოთ მოცემულობა და ნუ დაურღვევთ ქალაქს ბალანსს. “რვაფეხას” გარკვეული მეხსიერება ახასიათებს და მასთან თამაში სახიფათოც ყოფილა თურმე…

ისიც ფაქტია, რომ დღეს საოცარი ამნეზია გვჭრის და ხშირ შემთხვევაში საოცარ გულმავიწყობას ვამჟღავნებთ საკუთარი წარულისა და კულტურის მიმართ, სამწუხაროდ, ეს ბათუმის მაგალითზეც აშკარად ჩანს. იმედი მაქვს, რომ “რვაფეხა” გარღვევა იქნება და მისი შენარჩუნება ბათუმის მოქალაქეების, მისი მესვეურებისა და ქალაქის ინვესტორების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება. მე კი სიამოვნებით გავაგრძლებ წერას ბათუმის ჭრელ ისტორიასა და საინტერესო კულტურულ მემკვიდრეობაზე, კვლავაც სიამოვნებით გავუწევ რეკლამირებას მის ტურისტულ პოტენციალს, გაცოცხლებულ ძველ კაფე “ფანტაზიას” და მის მომიჯნავე სასტუმრო Hilton-ს.

__________________________________

ნაწყვეტი ირინე გივიაშვილის ინტერვიუდან. ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ “ბათუმელების” 16 თებერვლის ნომერში დაიბეჭდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: