ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა ცვლილების შეტანას გეგმავს საკრებულო „დინამო ბათუმის“ გასხვისების დოკუმენტში

22.08.2019
რა ცვლილების შეტანას გეგმავს საკრებულო „დინამო ბათუმის“ გასხვისების დოკუმენტში

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან ითხოვს შპს „დინამო ბათუმის“ კუთვნილი ქონება სარგებლობაში გადასცენ არა შპს Lamini-G-ს, არამედ შპს „ლამინი“-ს. შესაბამის დოკუმენტებში ცვლილების შეტანის საკითხი ბათუმის საკრებულომ დღეს, 22 აგვისტოს, სხდომაზე უნდა განიხილოს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან საკრებულოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ Lamini-G და „ლამინი“, ორივე არის „ლამინი ჯგუფის“ წევრი კომპანია, თავდაპირველად „დინამოს“ წილების სარგებლობაში მიღებაზე განცხადება Lamini-G-მ წარადგინა და საკრებულომაც მიიღო გადაწყვეტილება წილებისა და ქონების ამ კომპანიაზე გადაცემის შესახებ.

„ლამინი ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, სპეციალურად დაფუძნდა „ლამინი“ „დინამოს“ ქონების განკარგვის პროცესში მონაწილეობის მიზნით“ – აღნიშნულია სამინისტროს წერილში.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ლამინი“ 2018 წლის 16 მაისს დარეგისტრირდა. საკრებულომ კი „დინამო ბათუმის“ 100% წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას Lamini-G-სთვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით, 2019 წლის 24 მაისს გადასცა.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ლამინი“-ს მესაკუთრე და დირექტორი არჩილ ბერიძეა, შპს Lamini-G-ს მესაკუთრე კი – ქეთინო ბერიძე, ხოლო დირექტორი – არჩილ ბერიძე.

„დინამო ბათუმის“ წილი და ქონება ჯერ გასხვისებული არ არის და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რჩება შპს Lamini-G-ზე 49 წლით გადაცემისა და სხვა პირობებით.

აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოსგან იმ ტერიტორიის ნაწილსაც ითხოვს, რომელიც შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია. საუბარია ანგისაში [საწვრთნელ ბაზასთან] მდებარე 14 013 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე.

ამ თემაზე ვრცლად:

აჭარის მთავრობა „დინამო ბათუმს“ ასხვისებს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: