მთავარი,სიახლეები

„ისინი არ იმსახურებენ საკრებულოში ყოფნას“ – საიას თავმჯდომარე რივიერას გეგმის დამტკიცებაზე 

23.08.2019 • 1964
„ისინი არ იმსახურებენ საკრებულოში ყოფნას“ – საიას თავმჯდომარე რივიერას გეგმის დამტკიცებაზე 

ბათუმის საკრებულოს სხდომის შემდეგ, სადაც შპს „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს, პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს მათაც, ვინც აქამდე პროექტის საწინააღმდეგო აქციებში არ მონაწილეობდნენ. სოციალურ ქსელშიც ბევრმა უწოდა ამ გადაწყვეტილებას „დანაშაული“ და „სამარცხვინო“. თავიანთ პოზიციას იცავენ მომხრეებიც, თუმცა ამ დღის შემდეგ გამოჩნდა, რომ 5 თაუერის მშენებლობას ბათუმის კონცხზე  გაცილებით მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება, ვიდრე ეს ამ დრომდე ჩანდა.

ჩვენ დავამტკიცებთ გეგმას და დანარჩენი მერიამ გადაწყვიტოს – დაახლოებით ასე განმარტა საკრებულოს უმრავლესობამ თავისი პოზიცია საკითხის კენჭისყრამდე. რას ნიშნავს ეს პასუხი? –  რამდენად აქვთ  საკრებულოს წევრებს  გააზრებული, საკუთარი ამომრჩევლის პროტესტის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა შემდგომ პროცესებზე; რა გვაჩვენა ამ დამოკიდებულებამ?  – „ბათუმელების“ კითხვებს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე პასუხობს.

  • სულხან, როგორ შეაფასებთ საკრებულოს გადაწყვეტილებას იმ ფონზე, როცა უმრავლესობაში  ერთი კრიტიკული პოზიციაც კი არ დაფიქსირებულა პროექტთან მიმართებაში?

საქართველოში, ზოგადად, საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ორგანოებს ორი დიდი გამოწვევა აქვთ, სხვა გამოწვევების პარალელურად. ერთია პოლიტიკური დაკვეთისაგან დისტანცირება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. მეორე ეს არის ფული, როდესაც გავლენიანი ჯგუფი, ეს იქნება ბიზნესი თუ სხვა, ცდილობს ამ ფულის გამოყენებით ან ცოტა სხვა საშუალებების ჩართვითა და მანიპულაციებით სასურველი შედეგის მიღებას. მე მგონია, რომ ერთიც სახეზე იყო და მეორეც, როცა საკრებულო ამ გადაწყვეტილებას იღებდა.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს არ ეკადრება. არც ერთი ადამიანი, რომელმაც გუშინ, 22 აგვისტოს, არასათანადო და არასრული დოკუმენტების პირობებში მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, არ იმსახურებს იყოს საკრებულოს წევრი.

ყველამ ერთად ვნახეთ რა ხდება ისეთი თვითმმართველი ქალაქის შემთხვევაში, როგორიც ბათუმია, მარტივად შეიძლება წარმოვიდგინოთ რა ხდება სხვა საკრებულოებში, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და დაკვეთების შესრულება. არასრული დოკუმენტების ფონზე, როდესაც არსებობს ლეგიტიმური კითხვები და ამ კითხვებზე არ არის არგუმენტირებული პასუხები, ამ ფონზე საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საკრებულოში არის შემთხვევით მოხვედრილი ხალხი. ეს არის პარტიულ ერთგულებაზე და არა ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანების ერთობა, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს, რა იქნება ხვალ და ზეგ.

როდესაც საუბარია იმაზე, რომ 1999 წელს ამ ტერიტორიაზე არსებულ კანიონთან დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრი სიგანის პლაჟი მოწყდა და ზღვაში ჩავარდა და ამის შემდეგ მაინც იღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც არა აქვს არანაირი გამართლება – საუბარი ზედმეტია. იმის თქმა, რომ ახლა ჩვენ მხოლოდ ამ დოკუმენტს ვამტკიცებთ და დანარჩენი კარგად მერიამ შეისწავლოს… მერია არაფრის გამკეთებელი არ არის, სინამდვილეში, მერიაც და საკრებულოც ერთია.

მერია ისეთივე უსუსური და უპასუხისმგებლო იქნება ამ პროცესში, როგორც  საკრებულო იყო.

მე მგონია, რომ ეს ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, საერთოდ არ უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები. ეს არის ნამდვილად სირცხვილი ქალაქის ისტორიაში, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს თვითმმართველობის და იმ ქალაქის ისტორიაში, რომელიც გამოცხადდა თვითმმართველ ქალაქად დიდი ხნის წინ.

მაშინ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს [ხმოსნებმა], რომ ქალაქი განაშენიანებულიყო როგორც წესი და რიგია. სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული გუშინ არ მომხდარა, ეს იყო მორიგი დემონსტრირება იმისა, რაც ხდება ამ ქვეყანაში. რომ საკრებულო და თვითმმართველობები არ მართავენ ქალაქებს, მათ მართავენ კონკრეტული პირები, კონკრეტული ადამიანები და გავლენიანი ჯგუფები. რაც ყველაზე ცუდი და შემაწუხებელია – ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს შეასრულონ პოლიტიკური დაკვეთა, როდესაც ეს ეხება კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს.

  • გუშინ პროტესტი დააფიქსირეს ადამიანებმა, რომლებიც მანამდე არ მონაწილეობდნენ აქციებში. აღმოჩნდა, რომ გაცილებით ბევრს აქვს კითხვები ამ პროექტის შესახებ. დაგეგმილი პროექტის მასშტაბები მოულოდნელი იყო იმ სპეციალისტებისთვისაც კი, რომლებმაც კომპანიის დაკვეთით კვლევები ჩაატარეს. ამ ვითარებაში საკრებულომ თავისი  გადაწყვეტილებით რა გვაჩვენა?  

გვაჩვენა, რომ ისინი არ მიიჩნევენ  თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე, ამომრჩევლის წინაშე, მათ არ ენაღვლებათ და არ აინტერესებთ რას ფიქრობენ მოქალაქეები. რეალურად, როდესაც მიდგება საქმე მშენებლობაზე, საზოგადოება უნდა იყოს ბევრად უფრო მეტი, რომ მათ არ მისცენ ამის საშუალება. გვაქვს ამ ქვეყანაში მაგალითები, როდესაც საჯარო სივრცეების შენარჩუნებისთვის საზოგადოებამ წარმატებას მიაღწია და ამის მორიგი დემონსტრირება უნდა იყოს ეს. სინამდვილეში, ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ერთ მათგანს საკრებულოს არჩევნები არ მოუგია.

ამომრჩეველს, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ხმა იმიტომ არ მიუცია, რომ რომელიმე მათგანი იყო კარგი კანდიდატი. ხმა მისცა იმიტომ, რომ პარტიულ ერთგულებაზე იყო საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში კლასიკური პარტიები არ არსებობენ. არსებობენ პიროვნებები და პიროვნებებზე მიბმული მთელი არმია, რომელიც ჩვეულებრივი მასაა და არაფერი განსაკუთრებული. ამიტომაც ისინი ვერ აღიქვამენ თავს ანგარიშვალდებულად ამ ადამიანების მიმართ.

ერთ ადამიანსაც კი რომ ეთქვა გუშინ, რას აკეთებთ, ვიდრე ყველა დოკუმენტი არ იქნება, ნუ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებასო… რაზეც უამრავი ადამიანი ამბობს, რომ არასრული დოკუმენტის პირობებში წარსული გამოცდილების პირობებში, ეს საფრთხის შემცველია, მაშინ ნორმალური და წესიერი საკრებულოს წევრი ამ გადაწყვეტილებას არ დაუჭერდა მხარს. მაგრამ ისინი არ მიიჩნევენ, რომ ვინმეს მიმართ ანგარიშვალდებულები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე.

  • ცენტრალური სტრუქტურების პასუხისმგებლობაზეც მინდა გკითხო, როცა  კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ეკონომიკის, ასევე ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებში იყო გადაგზავნილი, ყველა სტრუქტურამ მწვანე შუქი აუნთო პროექტს. საზოგადოება საუბრობდა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის აუცილებლობაზე, თუმცა მათ არავინ მოუსმინა.

ვთქვათ ისიც, რომ ცენტრალური სტრუქტურები არაფრით არ არის უკეთესი, ვიდრე ბათუმის საკრებულო. როცა ვლაპარაკობთ, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრობლემა არსებობს საქართველოში, სწორედ ამის დემონსტრირებაა, რომ რეალურად დამოუკიდებლობის პრობლემა აქვს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში არსებულ სტრუქტურებს.

ამიტომაც არ მიკვირს, რასაც ვხედავთ ამ პროცესში. მით უმეტეს არ მიკვირს, როცა ვიცით, რომ პროექტს ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. ეს ვიცით და ყველა სტრუქტურა არის მოწყვლადი ასეთ დროს.

არ შეუძლიათ, ეს აღემატება მათ ძალებს, რომ ვინმემ რამე თქვას, რომ თუკი ერთი კონკრეტული შემთხვევა არსებობს და შეიძლება რაღაც პრობლემა გაჩნდეს, ამის გამო, რადგან ამხელა დაკვეთაზეა საუბარი, ამის გამო ჩვენ უნდა ვთქვათ უარი. მე ყველას გავახსენებ პანორამა თბილისის პროექტს, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ამბობდა, რომ ეს მისი პირადი ახირება იყო, რომ ეს პროექტი აშენებულიყო. ჩვენ გვქონდა მაშინ სარჩელი სასამართლოში და ძალიან კარგად გვახსოვს, რა როლს ასრულებს ამ პროცესში მათ შორის სასამართლო.

როდესაც ლაპარაკია პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრობლემაზე, პოლიტიკურ დაკვეთაზე, ეს ეხება როგორც საკანონმდებლო ხელისუფლებას, პარლამენტს, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას,  ეხება სასამართლოს, ეხება თვითმმართველობებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია ასეთ დროს. ამიტომაც არაფერი განსაკუთრებული აქ არ მომხდარა. შესაძლოა ძალიან კარგადაც იციან, რომ ეს პროექტი შეიცავს საფრთხეებს, თუმცა მათთვის ახლა ეს არ არის მთავარი, მათთვის მთავარია, რა არის დაკვეთა და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან მათ იციან, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება ისინი აღარ იყვნენ იმ ადგილებზე, სადაც მუშაობენ. ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დასაქმებულების ადგილზე ყოფნა –  ეს რომ  იყოს სინამდვილეში მიბმული კანონის უზენაესობასთან, მაშინ ის არ იქნება, რაც ახლა ხდება.

  • თუ კონცხზე მართლაც დადგა სავალალო შედეგი, პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება?

პასუხისმგებლობას რომ გრძნობდეს რომელიმე უწყება, მაშინ ბევრად უფრო გონივრულად მოიქცეოდნენ. კომპანია გეუბნება, ათი ჰექტარი რადგან არ არის, ამიტომ არ ვაკეთებ გეზეშეს, ამის ვალდებულება არ მაქვსო. პასუხისმგებლიანი კომპანია 3-4 ჰექტარზეც გააკეთებდა ამას, თუკი კითხვები გაჩნდებოდა. მგონია, რომ სხვა ტიპის გარანტიები აქვთ, რომ ეს არ მოხდება. იმდენად დიდ ფულზეა აქ ლაპარაკი, რომ ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც კი არ მაქვს მოლოდინი, რომ ასეთი რამის გამო ვინმე აგებს პასუხს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს ამ ქვეყანაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: