კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება

08.03.2018 • 10116
„რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება

კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილიდან ახალ ეტაპზე გადავა. მშენებლები მის მოზაიკით მოპირკეთებას დაიწყებენ. თუმცა, სანამ „რვაფეხაზე“ სამუშაოები დასრულდება, სპეციალისტები ამბობენ, რომ მთელი რიგი შეცდომებია დაშვებული, რაც „რვაფეხას“ თავდაპირველი სახით აღდგენას გამორიცხავს.

მხატვარ-მონუმენტალისტი თემურ მჟავანაძე, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში „რვაფეხას“ მოზაიკით მოპირკეთებაზე იმუშავა ამბობს, რომ დღეს ნაწყენი და გაბრაზებულია.

„ეს არ არის რესტავრაცია, რაც აქ ხდება. ეს არის „რვაფეხას“ თავიდან გაკეთება ცხონებული გიორგი ჩახავას ესკიზის მიხედვით,“ – ამბობს თემურ მჟავანაძე და ამის დასაბუთებას ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს. მისი თქმით, ახალ „რვაფეხაზე“ დაკარგულია მთავარი ეფექტი – წყალი, რომელიც ფიგურებიდან გადმოდიოდა და მოზაიკას ესხმებოდა.

„ტექნოლოგია იყო ასეთი – ფიგურის შიგნით გადიოდია მილი, ადიოდა ფიგურაში, მილზე დამაგრებული იყო მფრქვევანა, ავზი გვქონდა, საიდანაც  წყალი მიეწოდებოდა და ფიგურები ტუჩებიდან აფრქვევდნენ წყლის მტვერს, რომელიც გაუმჭვირვალე მინაზე ისხმებოდა. ამას ჰქონდა საოცარი ეფექტი. ცისარტყელას ღრუბელი იქმნებოდა და ათასფერად ელვარებდა. მთელი მსოფლიო მოიარა თავის დროზე „რვაფეხას“ სურათებმა. ახლა რა ქნეს? ამოლესეს ფიგურები ისე, რომ შეუძლებელი იქნება  წყალი გადმოიფრქვას.  თვითონ ნაგებობა გადალესილია სარკესავით, ისე, რომ რა ტექნოლოგიით დააკრავენ ზედ სმალტას, არ ვიცი,“ – ამბობს თემურ მჟავანაძე.

მხატვარ-მონუმენტალისტი თემურ-მჟავანაძე “რვაფეხას” ძველ ფოტოზე ეძებს იმ ფიგურებს, რომლებიდანაც წყალი გადმოდიოდა

„რვაფეხას“ რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს. თემურ მჟავანაძე ამბობს, მას შემდეგ რაც ნახა, რომ არასწორად ხდებოდა რეაბილიტაცია, შეხვდა ფონდის წარმომადგენლებს და შესთავაზა კონსულტაციების გაწევა. თუმცა მას არ მოუსმინეს.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, ვის ევალება მშენებლობაზე ზედამხედველობა და ვინ ადევნებს თვალყურს მიმდინარეობს თუ არა „რვაფეხას“ რესტავრაცია წესების დაცვით.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ „რვაფეხას“ რესტავრაციაზე ზედამხედველობა სააგენტოს არ ეხება, რადგან ნაგებობა ძეგლი არაა და ის ბათუმის მერიის პრეროგატივაა.

„რვაფეხას“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. მერიაში ამბობენ, რომ ობიექტზე მეორე კლასის სანებართვო მოწმობაა გაცემული.

„კაპიტალურ რემონტზეა საუბარი. საზედამხედველო ფუნქციები ამ შემთხვევაში, როგორც ასეთი, რემონტს არც სჭირდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ირაკლი ქოიავამ.

მისივე განმარტებით, მერიის ზედამხედველობის სამსახური თავისი ინიციატივით „რვაფეხას“ რეკონსტრუქციის სამუშაოებს არ შეამოწმებს, თუ მესაკუთრე, აჭარის მთავრობა არ დაავალებს ამას.

„თუ პირვანდელი სახით არ აღდგება და ამ შემთხვევაში დამკვეთი – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მოგვმართავს, ზედამხედველობის სამსახური მაშინ განახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, რასაც პროექტთან შესაბამისობა ჰქვია. სხვა შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულება არსად არ იკვეთება. იმის გამო, რომ სამშენებლო ეტაპები, რომელიც დასტურდება ზედამხედველობის სამსახურის მიერ, არ არის გაწერილი სანებართვო მოწმობაში და არც ბრძანებაში,“ – ამბობს ქოიავა.

რას ფიქრობენ ამ საკითხზე აჭარის მთავრობაში „ბათუმელებისთვის“ უცნობია. იქედან გამომდინარე, რომ დღეს, 8 მარტს, დასვენების დღეა, მთავრობას არ დავკავშირებივართ.

„ბათუმელები“ ორი დღის მანძილზე  ცდილობდა მხატვარ-რესტავრატორ ილია ფესვიანიძესთან დაკავშირებას, რომელმაც მოზაიკით მოპირკეთების სამუშაოები უნდა შეასრულოს. ილია ფესვიანიძე “რვაფეხას” რესტავრაციაზე შვილთან ერთად მუშაობს. ლადო ფესვიანიძემ ჩვენს ზარებს უპასუხა, თუმცა მამის საკონტაქტო არ მოგვცა და არც თვითონ ისურვა კითხვებზე პასუხის გაცემა.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

„თავდაპირველად არმატურით გაკეთებულია კარკასი. ეს ძალიან ძნელი სამუშაოა. ადგილზე ხელით იღუნებოდა არმატურა, იღებდა რთულ ფორმებს და შემდეგ შედუღდებოდა. კარკასის დამთავრების შემდეგ მას გადაეკრა ლითონის ბადე. კედლები გარედან და შიგნიდან შეილესა. ცალკე მინდა გითხრათ მოპირკეთების შესახებ. ჯგუფმა შეიმუშავა თხევადი მინისაგან დამზადებული მოსაპირკეთებელი ფილების ახალი ტექნოლოგია, რომელშიც პატენტიც აქვთ აღებული. ფილები დაამზადეს პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის ) ექსპერიმენტულ ქარხანაში და იქედან ჩამოიტანეს. საქართველოში მსგავსი ქარხანა არ იყო. მას სმალტას უწოდებდნენ. მშენებლობის ყველა პროცესს ადგილზე უშუალოდ ესწრებოდა შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრი. ადგილზე მიმდინარეობდა ფორმების ძიება და კამათი. ბატონი გიორგი ჩახავა თავისი ხელით აძლევდა ფორმებს არმატურის მასალას,“ – ნათქვამია ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით ჩატარდა.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/121383/

დღესდღეობით ასე გამოიყურება “რვაფეხა”.  

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: