მთავარი,სიახლეები

“ოცნების” დეპუტატს სუსი 51 380 აშშ დოლარის ქრთამის მოთხოვნას ედავება

22.08.2019 • 2029
“ოცნების” დეპუტატს სუსი 51 380 აშშ დოლარის ქრთამის მოთხოვნას ედავება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და მოქალაქე ზაზა თ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ., ნათესავთან – ზაზა თ-სთან  შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, ჯამბულ თ-ს უნდა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში, 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000 აშშ დოლარი,” –  წერია სუსის განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და  აღების ფაქტზე მიმდინარეობს,  საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით  11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ამავე თემაზე:

დააკავეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“

გადაბეჭდვის წესი