„ვიცი, რომ მე თქვენ გადაწყვეტილებას ვერ შეგაცვლევინებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწერება ოქმში და ჩვენ დაგვჭირდება ეს მომავალში სამართლებრივი დავისას“, – ასე დაასრულა დღეს საზოგადოება „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლა.
„ბათომი“ და რივიერას პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, როგორც საკრებულოს, ისე მერიის გადაწყვეტილებებს შპს „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით, სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ბევრი დარღვევაა და ჩვენ ამ საკითხებს გავივლით იურისტებთან ერთად, შემდეგ კი, მივმართავთ სასამართლოს“, – გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.
დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის საკრებულომ, მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა შპს „რივიერას“ მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას.
შოთა გუჯაბიძის გამოსვლამდე საკრებულოს წევრებს „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმაც მიმართა. მან ისაუბრა პროექტის მდგრადობასთან დაკავშირებით უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე და ეკოლოგიურ საკითხებზე პროექტთან მიმართებაში. საკრებულოს წევრებს ნინო ინაიშვილმა უთხრა, რომ მომავალში მათ ამ გადაწყვეტილებისთვის პასუხს მოსთხოვდნენ.
მოქალაქეები, რომლებიც „რივიერას“ პროექტს ეწინააღმდეგებიან, დღეს საკრებულოს გადაწყვეტილებას შეხვდნენ სტვენითა და შეძახილებით: „კომკავშირი“, „ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭო“ „ბაბუ-ბაბუ“, „მონებო“.
– – – – –
ცოტა ხნის წინ „რივიერასთან“ დაკავშირებულ საკითხზე სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციამაც [საია] მიმართა. საია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც საკრებულომ მერიის წარდგენით მოიწონა და შეითანხმა შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ბათუმში დამცავი ზონების დადგენას ითვალისწინებდა. საიას პრეტენზია დამცავი ზონების დადგენას არ უკავშირდება – საქმე იმაშია, რომ მერიამ დოკუმენტის დასამტკიცებლად წარდგენამდე, კვლევით დადგენილი საზღვრები შეცვალა.
საია სასამართლოში მოითხოვს ბათუმის საკრებულომ ბათილად ცნოს #33 დადგენილება, რომლითაც „გეოგრაფიკის“ მომზადებული, მაგრამ მერიის მიერ შეცვლილი დოკუმენტი მოიწონა და დაამტკიცოს დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.
მთავარი ფოტო: „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე [მარჯვნივ] და ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი
„რივიერას“ გეგმა 19/2 წინააღმდეგ დამტკიცეს – მხარდამჭერების სახელობითი სია