მთავარი,სიახლეები

საკრებულოს წევრის უცენზურო ტექსტი რ2-ის ჟურნალისტებზე, წაშლილი ბოდიში და სხვა სკანდალი 

21.08.2019 • 2185
საკრებულოს წევრის უცენზურო ტექსტი რ2-ის ჟურნალისტებზე, წაშლილი ბოდიში და სხვა სკანდალი 

ირაკლი პატარიძე ბათუმის საკრებულოს წევრია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“. იგი ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, თუმცა მედიაში მისი სახელი და გვარი განათლებისა და კულტურის საკითხებთან კავშირში არ ხვდება.

„წადით ახლა და გვარამიას მო…ეთ“, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს არჩეული დეპუტატი რუსთავი 2-დან ჟურნალისტების წასვლას ფეისბუქზე.

მოგვიანებით პატარიძემ ფეისბუქზე თავისი ნაწერი წაშალა, ბოდიში მოიხადა და უცენზურო კომენტარი აღელვებით ახსნა, რამდენიმე საათის შემდეგ კი საბოდიშო სტატუსიც წაშალა.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირაკლი პატარიძე მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. წელს, აპრილში, გამართულ საკრებულოს სხდომაზე მან ტერენტი გრანელი ისე მოიხსენია, როგორც პროზაიკოსი. პატარიძეს ოპოზიციამ შეახსენა, რომ ტერენტი გრანელი პოეტი იყო, შეპასუხება კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

იმავე დღეს ირაკლი პატარიძემ ტერენტი გრანელს ბოდიში მოუხადა და „ხიდან-ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტიო“ – დასძინა, სავარაუდოდ, იმის დამადასტურებლად, რომ ნამდვილად იცოდა ტერენტი გრანელის პოეზია.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/392044078260565/

ირაკლი პატარიძე ბათუმის საკრებულოს წევრად არჩევამდე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში 2014 წლიდან. პატარიძე გასულ წელს 50-პროცენტიან წილებს ფლობდა კომპანიებში „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE. ამ კომპანიებთან ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვის ხელშეკრულებას მერიას დაქვემდებარებული უწყებები აფორმებდნენ და პატარიძე ბათუმის ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებდა და მოგებასაც.

„ირღვევა კანონი რამენაირად? პრობლემას რატომ უნდა ვხედავდე. რა მნიშვნელობა აქვს, მე მუნიციპალიტეტში ვმუშაობ თუ არა,“ – ასეთი იყო საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის რეაქცია, როცა მას „ბათუმელებმა“ ჰკითხა: ხედავდა თუ არა ინტერესთა კონფლიქტს, როცა მის ბიზნესკომპანიასთან მერიის ორგანიზაციები პირდაპირ შესყიდვებს აფორმებდნენ.

წელს უკვე კომპანიაში წილებს პატარიძე ოფიციალურად აღარ ფლობს, „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE-ის ასპროცენტიანი წილების მფლობელი გოჩა აბუსელიძეა.

ბათუმის მერიაში მუშაობს ირაკლი პატარიძის ცოლი, ფიქრია პატარიძეც, რომელიც ბათუმის მერის წარმომადგენლის თანაშემწეა თამარის დასახლებაში და ასევე, არის  ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიის წევრი. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალში“ კი მუშაობს ირაკლი პატარიძის მამა, ბადრი პატარიძე, „ბათუმის წყლის“ ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: