ბატონო პრემიერო, ეს არის ჩვენი ბოლო მომართვა – აქტივისტები რივიერას დასაცავად


საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

მოგმართავთ ისევ „რივიერა ბათუმის“ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს დასაბუთებული არგუმენტები პროექტის მიზანშეწონილობას და რისკებთან დაკავშირებით და, სამწუხაროდ, ვერცერთი სახელმწიფო ორგანოდან ადეკვატური გამოხმაურება ვერ მივიღეთ ამ არგუმენტებსა და შეთავაზებებზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის 14/08/2019 წლის წერილში, რომლის ადრესატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა, ნათქვამია, რომ ბათუმის მერიას აცნობა სამინისტროს პოზიცია „ბათუმი რივიერას” პროექტის გარემოსდაცვითი შეფასების დაქვემდებარებაზე. კერძოდ, სამინისტროს პოზიციაა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლას.

სამწუხაროდ, სამინისტრო  თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერის წერილში [N25.14101/28.06/2019]  ხაზგასმულია, რომ „წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საპროექტო ობიექტით იცვლება სანაპირო ზოლი, ხდება ლაგუნის შემოჭრა სახმელეთო ნაკვეთზე, რაც გავლენას ახდენს სანაპირო ზოლზე“.

კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება ბათუმის კონცხზე, სადაც სანაპირო ზოლის სტაბილურობის პრობლემა მწვავედ დგას.  ამას ადასტურებს, ამ საკითხის გადასაწყვეტად სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკისგან.

სამინისტროს უნდა მიეთითებინა მერიისა და პროექტის განმახორციელებლისთვის, რომ მსგავს შემთხვევებში გარემოზე ზემოქმედების შეფასება  მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა რისკფაქტორი, რამაც შესაძლებელია ზემოქმედება იქონიოს გარემოსა და ადამიანების უსაფრთხოებაზე. ამის სანაცვლოდ, სამინისტრომ ან თავის არაკომპეტენტურობით ან გამიზნულად აირჩია ესარგებლა საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის ნაკლოვანებით, რომლის თანახმადაც, სტრატეგიული გარემოზე ზემოქმედების შეფასება ვრცელდება მხოლოდ ნორმატიულ აქტებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილების ღონისძიებების დაგეგმვისა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. სამინისტროს არ შეუსწავლია  დეტალური პროექტი და მის  განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები, კონტექსტი,  დარგის სპეციალისტებისა და ასეულობით მოქალაქის პოზიცია, ყველა შესაძლო რისკფაქტორი და არ დაუდია ზუსტი მითითებები შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად.

სამინისტროს, „რივიერა ბათუმსა” და ბათუმის მერიას შორის წარმოებული კორესპონდენცია  ვერ ჩაითვლება  იმის საკმარის გარანტიად, რომ პროექტი უსაფრთხოა.

ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეასრულოს კანონმდებლობით აღებული ვალდებულებები და:

  1. მოსთხოვოს შპს ბათუმი რივიერას მმართველობას განაშენიანების სრულფასოვანი დოკუმენტაცია;
  2. ვინაიდან წარმოდგენილი პროექტი თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას, მათ შორის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ცვლილებას, დაიწყოს სრულფასოვანი გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების შეფასების (გსზშ) პროცედურა, შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანგარიშის მომზადება. ამ ანგარიშში აუცილებლად უნდა შევიდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპები და აზიის განვითარების ბანკის მიერ წამოწყებული პროექტის პრინციპები და ძირითადი მიმართულებები.
  3. ხოლო წარმოდგენილი გსზშ-ს ანგარიშის შეფასებისთვის სახელმწიფომ მოიწვიოს გამოცდილი და სპეციფიკურად ამ პროფილის მქონე დამოუკიდებელი უცხოური კომპანია.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეს არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, ბოლო მიმართვა ამგვარი ოფიციალური სახით საქართველოს ხელისუფლებისადმი. თუ ამჯერადაც ვერ მივიღებთ ადეკვატურ რეაგირებას მთავრობისგან, იძულებულები ვიქნებით, გავაგრძელოთ საჯარო პროტესტი და მივმართოთ სასამართლოს – ჩვენი კანონიერი უფლებები უსაფრთხო გარემოსთან, ეკოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით, ამ გზით დავიცვათ.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავანადგუროთ ჩვენი ქალაქების ლანდშაფტი, გარემო და კულტურული მემკვიდრეობა!

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.