მთავარი,სიახლეები

„ყავის სმა ბათუმი რივიერას წინააღმდეგ“ – სამოქალაქო აქტივისტების აქცია

22.08.2019 • 2648
„ყავის სმა ბათუმი რივიერას წინააღმდეგ“ – სამოქალაქო აქტივისტების აქცია

ავტორი: მარიამ მუთიძე

დღეს ბათუმელი აქტივისტები ქალაქის ერთ-ერთ ძველ კაფეში შეიკრიბნენ და გამართეს აქცია „ყავის სმა რივიერას წინააღმდეგ“. საზოგადოება „ბათომის“ წევრს, შოთა გუჯაბიძეს, ჰქონდა „ლაივი“ „საზოგადოება ბათომის“ ფეისბუქგვერდზე.

მოქალაქეებმა გააკეთეს კომენტარები დღეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს, 22 აგვისტოს ბათუმის საკრებულოში პროექტ „ბათუმი რივიერას“ განხილვა ხმაურის ფონზე ჩაიარა. საკრებულომ დადგენილება მიიღო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ. რასაც მოჰყვა პროტესტი.

„ყავის სმა რივიერას წინააღმდეგ“ ირმა ქობულაძის ინიციატივით გაიმართა:

„ეს კაფე არის ბუდე ძველი ბათუმის. ყავა არის დამაკავშირებელი ბათუმელების. რივიერას იმიტომ ვიცავ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ქვესკნელში ჩავარდეს.“

ზაალ ლუხუტაშვილი:

როცა ქალაქში რაიმე ტიპის მშენებლობას ახორციელებ, მით უმეტეს ასეთი მასშტაბის, კვლევა უნდა გქონდეს ხელთ.

რივიერას ტერიტორიაზე ზედაპირული დაძაბულობა საკმაოდ კრიტიკულ სიტუაციაშია. რამდენადაც ეკოლოგმა,  გოჩა გოგუაძემ მითხრა გაეროს კვლევის  მიხედვით.

ასტამურ ჯიხაშვილი

სხდომა დაიწყო სადღეგრძელოთი, როცა ვუსმენდი ამ ყველაფერს, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. თავჩაღუნული იღებდნენ წევრები გადაწყვეტილებას.  ქალაქს არ ეტყობა, რომ ვინმე ფიქრობდეს გლობალურად, როგორ განვითარდეს ქალაქი.

ფატმა ლორთქიფანიძე:

ბათუმის მოსახლეობის უმრავლესობა ვინც გაერკვა რივიერას სიტუაციაში, ყველას აქვს საოცრად უარყოფითი დამოკიდებულება. მას შემდეგ, რაც გავიგეთ რა ტიპის მშენებლობას აპირებდნენ,  მოსახლეობა აღშფოთდა. ის, რა დოკუმენტაციაც წარმოადგინა “სილქ როუდ ჯგუფმა” არის არაადეკვატური. გვეშინია, რომ როცა დაიწყება მშენებლობა, ზღვა გადმოვა. რადგან ადამიანებს თავისი კანონები აქვს, ბუნებას კი თავისი.

ზეინაბ დიასამიძე:

სიტყვით გამოსვლისას ნამდვილად ვღელავდი, რადგან მებრალებოდნენ ეს ადამიანები იმ განაჩენისთვის, რაც მე მათთვის უნდა მეთქვა. მაგრამ ეს არ იყო დაუმსახურებელი. ვიძლევი სიტყვას, რომ აღარ ავღელდები, რადგან იმისთვის, რისთვისაც ისინი ქალაქს იმეტებენ, ადამიანებს იმეტებენ, ამისათვის ისინი აღარ დამენანებიან. შემდეგი ჩემი გამოსვლა იქნება ძალიან კატეგორიული ყოველგვარი ღელვის გარეშე. ბათუმი არ დაინგრევა, რივიერას ისინი ვერ ჩააბეტონებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: