რატომ არ ხედავს მთავრობა ბავშვებს, რომლებიც ბაღში ვერ დადიან

„ეს არ არის ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა, როცა 4 წლის ბავშვს 4 კილომეტრის გავლა უწევს ბაღში მისასვლელად. დარღვეულია ბავშვის უფლებები, რაც კანონით არის განმტკიცებული და ბავშვთა უფლებების კონვენციითაც,“ – მიიჩნევს გაეროს ბავშვთა ფონდის – UNICEF-ის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ანა ჯანელიძე შემთხვევას, როცა ბავშვები მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის არქონის გამო ბაღებში ან საერთოდ ვერ დადიან, ან ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

4 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ ხულოში, სოფელ მთისუბანში მცხოვრებ ნუგოს და ლიზასაც.

რას სთავაზობს ადგილობრივი მთავრობა იმ ბავშვებს, რომლებიც კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლებით ვერ სარგებლობენ? რამდენია ასეთი ბავშვი და რამდენ სოფელში ემსახურება საბავშვო ბაღებს ტრანსპორტი? – ამ კითხვებით დღეს, 21 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს მიმართა. აღმოჩნდა, რომ აჭარაში არ გვაქვს სოფელი, სადაც საბავშვო ბაღს ტრანსპორტი ემსახურება. ყველგან გვიპასუხეს ერთი და იგივე: „საკითხის შესწავლა დაწყებულია“.

„თვითმმართველობას მაგის რესურსი არ აქვს, ეს ძვირი დაგვიჯდება,“ – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის სამდივნოში. ეს ის მუნიციპალიტეტია, სადაც განსაკუთრებით დიდია ეს პრობლემა – თოვლით დაფარული გზების გავლა მცირეწლოვან ბავშვებს არ შეუძლიათ იმის მიუხედავად, დღეში რამდენი კილომეტრის გავლა უწევთ შემოდგომაზე. ხულოს მერიაში ვერ გვითხრეს, რამდენია ეს ხარჯი, რაც მუნიციპალიტეტმა ვერ მოიძია. ხულოს 83 სოფელში ამჟამად სულ 20 ბაღია. სამდივნოში დასძინეს, რომ მალე სამი ახალი ბაღი გაიხსნება.

მცირეწლოვანი ბავშვების ტრანსპორტირებისთვის ფული ვერც შუახევის მუნიციპალიტეტმა გამონახა.

„ჩვენ უკვე ვსწავლობთ ამ საკითხს, უნდა შევიმუშავოთ მოდელი. თავდაპირველად, სავარაუდოდ ნიგაზეულის და ფურტიოს თემებში დაინიშნება ტრანსპორტი. ეს ის თემებია, სადაც ოჯახები დიდი მანძილით არიან დაშორებული საბავშვო ბაღებს. ვერ გეტყვით, ეს რა დაჯდება, ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის,“ – გვითხრა შუახევის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, იამზე ფუტკარაძემ.

შუახევში ამჟამად 11 საბავშვო ბაღია, 9 ალტერნატიული ჯგუფი და ორიც ახალი ბაღი იხსნება. პრესცენტრის მონაცემებით, დამატებით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საჭიროება არ არსებობს.

„არსად არ ემსახურება საბავშვო ბაღებს ტრანსპორტი. ჯერჯერობით ასეა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქედის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, აიშე თებიძემ. ქედაში, ჯამში, 64 სოფელში მცხოვრები ბავშვები 15 საბავშვო ბაღში დადიან. აიშე თებიძის თქმით, ამ თემაზე უმსჯელიათ, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„იყო წინადადება, რომ იმ ტრანსპორტს გადაეყვანა ბავშვები, რომლითაც საჯარო სკოლის მოსწავლეები გადაადგილდებიან, მაგრამ საბავშვო ბაღის აღსაზრდელს მშობელი მარტო ვერ გაუშვებს, ასევე მცირეწლოვანს სჭირდება სხვა აღჭურვილობა ტრანსპორტში. ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინება გვინდა,“ – აღნიშნა აიშე თებიძემ „ბათუმელებთან“.

„ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი 5 მიმართულებაზე… დეტალებს ახლა ვერ გეტყვით,“ – ამბობს ხელვაჩაურის მერიის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, არჩილ მხეიძე. ხელვაჩაურში სულ 18 ბაღია. არჩილის თქმით, ყველა სოფელში არ არის საჭირო ტრანსპორტი ბავშვებისთვის.

საკითხს სწავლობენ ქობულეთშიც. „დავალება“ ქობულეთის მერს უშუალოდ თორნიკე რიჟვაძისგან მიუღია, როცა ის 2019 წლის სექტემბერში ქობულეთში, სოფელ წყავროკაში, საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს დაესწრო და ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, რომ ბავშვის ბაღში მიყვანას ტრანსპორტის არქონის გამო ვერ შეძლებდა.

„სულ 29 ბაღია… ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა, კონკრეტულად რომელ სოფლებს სჭირდებათ ტრანსპორტი და როგორი იქნება ხარჯი, გადაწყვეტილება მიღებული არ არის,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.

რატომ არის შეუძლებელი საბავშვო ბაღის ბავშვებს მოემსახუროს ის ტრანსპორტი, რომელიც საჯარო სკოლების მოსწავლეებს ემსახურება? – კითხვის პასუხად აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრში ოფიციალურ ნაწილზე გააკეთეს აქცენტი: „სკოლები სამინისტროს ექვემდებარებიან, ბაღები – მუნიციპალიტეტებს.“

სამინისტროში გვითხრეს ისიც, რომ ამ პრობლემაზე მათთვის მუნიციპალიტეტებს არ მიუმართავთ.

„სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა კანონით: 2-5 წლის ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს სკოლამდელი განათლება… არ არის პასუხი ის, რომ საკმარისი ხარჯი არ არსებობს,“ – აღნიშნავს „გაეროს ბავშვთა ფონდის“ სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ანა ჯანელიძე. იგი მიიჩნევს, რომ ამ ასაკის ბავშვთა ტრანსპორტირების დროს უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოების საკითხი, რადგან ბევრ სოფელში შიდასასოფლო გზა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია.

გარდა ამისა, ანა ჯანელიძე ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „ალტერნატიულ ჯგუფებზე“, რომელიც სხვადასხვა სოფელში, მათ შორის, აჭარაში პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით წლების წინ შეიქმნა. საუბარია საჯარო სკოლის, ან სოფლის ცენტრში მდებარე რომელიმე თავისუფალ შენობაში მოწყობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე, სადაც ბავშვებთან მხოლოდ რამდენიმე საათით მუშაობენ აღმზრდელები. ამ ტიპის დაწესებულებაში არ არის კვების ბლოკი.

„კანონმდებლობა ხელს არ უწყობს ალტერნატიული სკოლამდელი განათლების სერვისების განვითარებას, ზღუდავს მას, რადგან კანონის მიხედვით, განისაზღვრა ცხრასაათიანი სამუშაო ღ საჯარო საბავშვო ბაღებში… კანონპროექტის განხილვის დროს ჩვენი ინიციატივა იყო ის, რომ ყოფილიყო ბაღი რამდენიმე საათითაც. რეალურად, ეს ძალიან კარგი საშუალება იყო იმ სოფლებისთვის, სადაც ბავშვების რაოდენობა ძალიან მცირეა. კიდევ ერთი ალტერნატივაა, მაგალითად, იმ სოფლებში, სადაც სულ ორი-სამი ბავშვია, ოჯახებში აღმზრდელის ვიზიტი კვირაში ორჯერ. ამ დროს თამაშით ბავშვი სწავლობს მარტივ უნარებს: მოსმენას, კონფლიქტის მართვას, წესების დაცვას და ასე შემდეგ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანა ჯანელიძემ. იგი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ მთავრობას შეუძლია პრობლემის გადაჭრა, თუკი რომელიმე ამ ალტერნატივას მიმართავს.

UNICEF-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აჭარის რეგიონი ბოლოდან მეორე ადგილზე მოხვდა, სადაც ბავშვები საბავშვო ბაღებში ვერ დადიან. აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები ბავშვების 54,8 პროცენტი [2-დან 5 წლამდე] საბავშვო ბაღში ვერ დადის. სულ ბოლო ადგილზე კი ქვემო ქართლია, სადაც გაცილებით მეტი ბავშვი ვერ დადის ბაღში, ვიდრე სხვა რეგიონებში.

ქვეყნის მასშტაბით კი, ამ ასაკის ბავშვების 30,5 პროცენტი ვერ დადის საბავშვო ბაღში.

„გარდა ამისა, გამოჩნდა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მხოლოდ 40 პროცენტი დადის საბავშვო ბაღში… ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას აჩენს სოციალური უთანასწორობის კუთხით. სხვადასხვა კვლევით ჩანს, რომ თუკი ბავშვი შედის სკოლის პირველ კლასში და მას არ აქვს შესაბამისი უნარები გამომუშავებული, სკოლებში სათანადოდ არ ხდება ამ უნარების განვითარება და უთანასწორობა ამ ბავშვებს და შედარებით პრივილეგირებულ თანატოლებს შორის წლებთან ერთად კიდევ უფრო იზრდება, მასწავლებელებს ხშირად არ აქვთ ეს უნარი, რომ განსხვავევებები ბავშვებს შორის დაძლიონ. შემდეგ კი, ყოველწლიურად ეს ნაპრალი იზრდება,“ – გვითხრა ანა ჯანელიძემ.

 

„ნობელების ქალაქი“ – უფასო ტური ბათუმში ხვალ გაიმართება

ავტორი: თამარ ორაგველიძე, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი

______________________

დღეს, 21 ოქტომბერს, ალფრედ ნობელის დაბადების დღეა. ამ გვარს ბათუმთან ბევრი რამ აკავშირებს, ამიტომაც ხვალ, დილის 9 საათზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან, ბაქოს ქუჩის N 50-ში, ვიწვევ ნებისმიერ მსურველს უფასო ტურზე – „ნობელების ქალაქი“, რომლის მიმდინარეობისას ვისაუბრებთ ძმები ნობელების მოღვაწეობაზე ბათუმში და ბათუმის ისტორიის  საინტერესო დეტალებზე.

ნობელების სახელს უკავშირდება ბათუმში ნავთობტერმინალის დაარსება, რომელსაც 1883 წლიდან სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და ნავსადგურის დაგეგმარების ვარიანტის შეთავაზება ქალაქის ხელმძღვანელობისთვის. ბათუმი იქცა ევროპის ჭიშკრად შავ ზღვაზე და ნობელების კავშირზე საქართველოსთან დღეს მსოფლიოს ვუყვებით, ვეუბნებით, რომ დღემდე მოქმედ მდგომარეობაშია რეზერვუარები ნობელის შტამპით.

ოქტომბრის დასაწყისში ბათუმში პირველად იყო ჩამოსული ნობელების შთამომავალი, პიტერ ნობელი, რომელიც გაეცნო მისი წინაპრების კვალს ბათუმში. მასთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იყო.

საათნახევრის განმავლობაში ვისეირნებთ „ნობელების ქალაქში“, დავათვალიერებთ იმ ადგილებს, სადაც „ნობელების ქალაქი“ იყო, ვისაუბრებთ ბათუმის ისტორიაზე და წარმოსახვით გავაცოცხლებთ წარსულს. რა თქმა უნდა, „ნობელების ქალაქში“ „მოგზაურობა“ ემოციების გარეშე არ ჩაივლის, ოცდამეერთე საუკუნეში ხომ ყველაზე მეტად ემოცია ფასობს.

გელით ხვალ, „ნობელების ქალაქის“ გასაცნობად.

____________________

ფოტოზე: თამარ ორაგველიძე და პიტერ ნობელი

„ოაზისი“ სანაპიროსთან, სახელმწიფო მიწაზე პროექტს უკანონოდ ახორციელებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ჩაქვში, უშუალოდ პლაჟის გასწვრივ მდებარე 12 598 კვ/მ მიწა, პირდაპირი წესით საკუთრებაში 263 046 ლარად [1 კვ/მ-ს 20 ლარად და 88 თეთრად] უნდა გადასცეს – ამ ტერიტორიაზე 350 ათასი ლარის, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 15 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით.

ეს ინვესტიცია, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, კომპანიამ 2022 წლამდე უნდა განახორციელოს, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ტერიტორიაზე „ოაზისს“ თავის პროექტის განხორციელება დაწყებული და გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებული აქვს.

ტერიტორია [წითელ ხაზში], რომელიც „ოაზისს“ ნორმატიულ ფასად უნდა გადასცენ. google-ს რუკის მიხედვით ჩანს, რომ ამ ტერიტორიაზე გარკვეული სამუშაოები „ოაზისს“ უკვე ჩატარებული აქვს, გარკვეული კონსტრუქციებიც დამონტაჯებულია და ის „დრიმლენდ ოაზისის“ პროექტის შემადგენელი ნაწილია.
გამოდის, რომ სამუშაოები „ოაზისმა“ ფაქტობრივად უკანონოდ შეასრულა სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას არ ეკუთვნის და აჭარის მთავრობა ამ მიწას საკუთრებაში კომპანიას ახლა უფორმებს.

გაცემული იყო თუ არა გასასხვისებელ ტერიტორიაზე სამუშაოების/მშენებლობის ნებართვა და რა ინვესტიციაზეა საუბარი? – „ბათუმელები“ ქობულეთის მერიას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე სამუშაოებზე თუ მშენებლობაზე ნებართვა მუნიციპალიტეტს არ გაუცია და არც ზედამხედველობის სამსახურს დაუჯარიმებია ვინმე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ქობულეთის მერიაში გადაგვამისამართეს, სადაც ქობულეთის მერის მოადგილემ, დავით ვერულიძემ გვითხრა:

„ამ ტერიტორიაზე, რომელიც გადავეცით აჭარის მთავრობას „ოაზისზე“ გადასაცემად, კომპანიას აქვს გარკვეული სამუშაოები შესრულებული, თუმცა ეს არის ლანდშაფტური სამუშაოები, ასე ვთქვათ, გალამაზება ტერიტორიის. იქ რაიმე შენობა-ნაგებობა, ისეთი, რომ რეაგირება გვქონოდა, არ დგას და არც აშენდება. მიმდებარედ მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება და მას სჭირდება ხელშეწყობა. მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო მუნიციპალიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში. სწორედ კომპანიის შემოთავაზება იყო, რომ ის დამატებით 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ძირითად პროექტში, ხოლო 350 ათასი ლარის ინვესტიციას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საკუთრებაში გადავცემდით. ამ ნაკვეთებზე ძირითადად მსუბუქი კონსტრუქციები იქნება, მაგალითად კაფე-ბარები და სხვა“.

აღნიშნული ტერიტორია, შემდგომში მისი პრივატიზების პირობით, აჭარის მთავრობას ქობულეთის საკრებულომ 2019 წლის მარტის განკარგულებით გადასცა. ტერიტორია ამავე წლის აპრილიდან უკვე აჭარის საკუთრებაშია.

ქობულეთის საკრებულომ კი დღეს, 21 ოქტომბერს, თანხმობა განაცხადა, ტერიტორია [ორი ნაკვეთი] პირდაპირი განკარგვის წესით, ნორმატიულ ფასად, საკუთრებაში გადაეცეს სწორედ „დრიმლენდ ოაზისს“ და საკრებულოს მარტის განკარგულებაში 1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასიც დააკონკრეტა – 20,88 ლარი.

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ამ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად თავად ითხოვდა. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში ამ ნაკვეთებს შპს „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცემენ.

დოკუმენტებში მაშინ აღნიშნული იყო, რომ „დრიმლენდ ოაზისს“ ზემოთ აღნიშნული ნაკვეთები უკვე მიმდინარე საინვესტიციო პროექტის [მრავალფუნქციური კომპლექსის] წარმატებით განხორციელებისთვის სჭირდებოდა.

ამ პროექტის განხორციელება კი აქ კომპანიამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მაშინდელი ინფორმაციით, 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.

ტერიტორია, რომელიც „ოაზისს“ პირდაპირი წესით უნდა გადასცენ, უშუალოდ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთსა და პლაჟს შორის მდებარეობს. ეს პლაჟიც „დრიმლენდ ოაზისზეა“ გადაცემული.

სასტუმრო „ოაზისის“ მოპირდაპირედ მდებარე 12 320 კვ/მ ფართობის პლაჟი, 2019 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ შპს „დრიმლენდ ოაზისს“ 10-წლიანი იჯარით გადასცა.

ამ თემაზე ვრცლად:

„დრიმლენდ ოაზისი“ პლაჟზე ითხოვს ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას – მერი თანახმაა

 

 

ყოფილი სასტუმრო „ფრანციას“ ბინადარი: მერე ნუ ნანობთ, უწინ რა ლამაზი ბათუმი გვქონიაო

„ამ კიბეს როცა ჩავივლი, ის მდოგვისფერი ნახატები მენატრება, ამ კედლებზე რომ ეხატა და გადაღებეს… ამ სახლს არავის დავანგრევინებ, სიკვდილამდე ამ კედლებში ვიცოცხლებ, ვიცი,“ – ამას ბათუმის ერთ-ერთ უძველეს სახლში მცხოვრები ნონა ანანიძე ამბობს. სამსართულიანი სახლი ყოფილი სასტუმრო „ფრანციაა“, რომელიც ზუსტად 135 წლის წინ, 1884 წელს, გახსნეს ბათუმში. მაშინ ზვიად გამსახურდიას ქუჩას, სადაც ახლა ეს სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც ლამაზი სახლი დგას, მიხეილის ქუჩა ერქვა.

სახლი ზვიად გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში, ყოფილი სასტუმრო „ფრანცია“

„პირველ-ხარისხოვანი სასტუმრო მიხეილის ქუჩაზე ბახმეტიევის სახლებში. 28 მშვენივრად მორთული ოთახი, სუფთა სასადილოთი, სადაც მზადდება ყოველგვარი ადგილობრივი და ევროპიული საჭმელები, მოსამსახურენი საოცარნი, ცქვიტნი და ზრდილობიანნი, თარჯიმანი ევროპიული და აზიური ენებისა,“ – ეს მე-19 საუკუნის ბოლოს გამოცემულ ღია ბარათში წერია, რომელიც კარლო კახიანის სტამბაში დაუბეჭდავთ. საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის ინფორმაციით, რომელმაც ეს ისტორიული ბარათი მოიპოვა, კარლო კახიანი იმავდროულად ამ სასტუმროს მფლობელი ყოფილა.

ნონა ანანიძეც ამ ისტორიულ სახლში დაბადებულა 1962 წელს. მაშინ სახლში შემორჩენილი ყოფილა სასტუმროს ხალიჩები, ბუხრები, ნახატები კედლებზე, საჯინიბო და თამბაქოს პირველი მაღაზიაც ბათუმში, რომელიც სასტუმროს პირველ სართულზე გაუხსნიათ ასევე მე-19 საუკუნის ბოლოს.

„აქ ასეთი დერეფანი კი არ იყო, ახლა რომ ცალ-ცალკე უნდა იარო, ფართო იყო, სუფრები იშლებოდა, მახსოვს… ხალხი ქეიფობდა და ჩვენ გვერდით ვთამაშობდით,“ – მიყვება ნონა ანანიძე და მეორე სართულის ვიწრო, ჩაბნელებულ დერეფანს მივუყვებით. იგი საკუთარი ბინის კარს აღებს და მანიშნებს, ეს გადაიღეთ, ძველიაო, არავის უხლია ხელიო.

აქ მცხოვრები ადამიანების თქმით, ეს კარი იღებოდა სასტუმრო „ფრანციის“ სასტუმრო ოთახშიც.

„კარები შემორჩა ძველი, სახელურებიც არ გამოგვიცვლია…“ – ამბობს და ისევ ბავშვური სიხარულით განაგრძობს მოყოლას, როგორ დგამდა კონცერტებსაც ფართო აივანზე, გვერდით გასაძრომი რომ  ჰქონდა რკინის ხვეულ კიბესთან. კიბე, თურმე, საჯინიბოსთან ჩადიოდა. „იქ ვიმალებოდი ბაღნობაში, კუკუ-დამალობანას რომ ვთამაშობდით,“ – დასძენს ღიმილით.

როდის გადაღებეს კედლები? – ამ კითხვაზე ნონა სევდიანდება და პაუზის შემდეგ განაგრძობს:

ნონა ანანიძე

„მახსოვს, მეორე კლასში ვიყავი, როცა მოვედი და ღებავდნენ ყველაფერს… ღებავდნენ ნახატებს, რომლებზეც ბავშვები ხშირად ვმარჩიელობდით, რა ჩანდა იქ. დედამ მითხრა, კარგია, რომ ღებავენ, სარემონტოა სახლიო, რა ვიცი… მერიის სამსახურებიდან იყვნენ. ასეთი იყო გადაწყვეტილება, ვინ რას გაბედავდა და იტყოდა,“ – მიყვება ის.

საცხოვრებელი ბინა ყოფილ სასტუმრო „ფრანციაში“ ნონას მამას მიუღია, როგორც დასაქმებულს გასული საუკუნის 50-იან წლებში. უცნობია, რატომ მიიღო საბჭოთა ხელისუფლებამ სასტუმროს საცხოვრებელ სახლად გადაკეთების გადაწყვეტილება, ან რატომ წაშალეს ყველა კვალი, რაც სასტუმრო „ფრანციას“ გაახსენებდა ადამიანებს, ამ შენობის შიგნით რომ შეასახლეს, ან დანარჩენებს.

ნონა ანანიძეს 20 წელი მკერავად უმუშავია. ახლა ძირითადად სახლში კერავს. ფართო მისაღების ერთ კუთხეში ახლაც ძველი „ზინგერის“ საკერავი მანქანა უდგას, მეორე კუთხეში – თანამედროვე. მიყვება, რომ „ზინგერს“ არ ეკარება, რადგან ძველისძველია და მას ისე უყურებს, როგორც ისტორიას. ნონა აქ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.

სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სამივე სართულზე 32 ოჯახი ცხოვრობს.

ნონა კატეგორიული წინააღმდეგია ძველი სახლისთვის სტატუსის შეცვლის, დანგრევის და მის ნაცვლად ახლის აშენების. ამბობს, რომ არც იმ შეკრებებს ესწრება, სადაც მსგავსი თემები განიხილება. უბრალოდ, მისმა მეზობლებმა იციან, რომ ნონა სახლს არ ყიდის.

„სხვებისთვისაც მითქვამს, ნუ დაანგრევთ ამ ძველს სახლს-მეთქი… მერე ფოტოებს უყურებენ და დარდობენ, დედა, უწინ რა ლამაზი ყოფილა ეს ჩვენი ბათუმიო. თანამშრომლებთან ერთად ვიყავი ერთხელ მისული მერიაში საქმეზე და კედელზე ჩემი სასტუმრო „დე ფრანსის“ სურათი არ დამხვდა? ვიკივლე სიხარულისგან. ლამაზი თუ არ არის, რატომ უკიდიათ კედელზე?“ – კითხულობს ნონა და კიდევ ერთ სიძველეს მაჩვენებს – კედლის ძველ ხალიჩას.

„ქალის მოტაცების სცენაა ეს… დედაჩემს გამოატანეს მზითევში. დედაჩემი კომახიძის ქალი იყო და ტრაბიზონში ცხოვრობდა. იქედან უსახსოვრეს ხალიჩა… კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ სასტუმროს ნახატებს მახსენებს,“ – ამბობს და მთხოვს, ისევ დერეფანში გავყვე. აქ ბევრგანაა ჩამოყრილი ბათქაში, დაზიანებულია შიდასაკომუნიკაციო სისტემა, სიბნელეა.

„ამაში გვჭირდება ჩვენ დახმარება, ეს მოგვიწესრიგონ. ამ სახლს ისე არაფერი მოუვა, ქვითაა ნაშენი,“ – ამაყად ამბობს ნონა და კიბის მოსახვევთან ჩერდება, იქ, სადაც ბავშვობაში დიდ აივანზე სათამაშოდ გადიოდა. აივანზე გასასვლელი და აივანიც ამოშენებულია – იქ უკვე სხვა ცხოვრობს.

დამშვიდობებამდე ქალბატონ ნონას ვეკითხები, რას ფიქრობს ქალაქზე, რომელსაც ახალი შენობები ცვლის. ის მოკლედ და მკაფიოდ მპასუხობს:

„რაღა ვთქვა? ქალაქმა პუნქტუალურობა დაკარგა…“

 

„35 წელია აქ ვცხოვრობთ“ – გონიოში ათი ოჯახი ბინების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს

ანდრია პირველწოდებულის 4 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას იმ ბინების საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, რომლებშიც, მათი განცხადებით, 35 წელზე მეტია ცხოვრობენ.

ათი ოჯახი გონიოს ციხის მიმდებარედ,  ძველ სამხედრო ბინებში ცხოვრობს.  მოქალაქეებმა დღეს, 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს.

„ადრე აქ იყო სამხედრო ბინები და ჩვენი ოჯახები ცხოვრობდა. თუმცა წლები გავიდა და ბინები საკუთრებაში ვერ გავიფორმეთ. რადგან ბინები საკუთრებაში არ გვაქვს, ვერ ვაგვარებთ კომუნალურ საკითხებს.

ზამთარი მოდის, ბინაში კი არ გვაქვს ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, სახურავი შესაკეთებელია. ბავშვები გვყავს, “- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლეილა შაქარაძე.

ბინები, რომელთა საკუთრებაში გადაცემასაც ითხოვს მოსახლეობა

მოქალაქეები ამბობენ, რომ ყოველი არჩევნების წინ ხელისუფლების წარმომადგენლები ბინების საკუთრებაში გადაცემას ჰპირდებიან, თუმცა საბოლოოდ მაინც უარს იღებენ.

„სამმა ოჯახმა მოახერხა ბინების გაფორმება, არ ვიცი როგორ, ჩვენ კი უარს გვეუბნებიან,“ – ამბობს შაქარაძე. მისი თქმით, კორპუსების წინ პატარა მიწის ნაკვეთებიც აქვთ, სადაც ბოსტნეული მოჰყავთ.

აქციის მონაწილეებთან იმყოფება ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული მოქალაქეები არ არიან ბინებში უკანონოდ შესახლებულები.

„ადრე, როცა აქ რუსული სამხედრო ბაზა არსებობდა, აქ მსახურობდნენ ეს ადამიანები. შემდეგ, როცა დაიშალა რუსული ბაზა, დაექვემდებარენ საქართველოს თავდაცვას, თუმცა მოქალაქეებს ბინები მაინც არ გაუფორმეს. ამ დროისთვის ეს ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  დაქვემდებარებაშია.“

მოსახლეობას საცხოვრებელი ბინების წინ ბოსტნებიც აქვს მოღობილი.

აჭარის ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენს საინვესტიციო ტერიტორიას, რომლის განვითარების კონცეფციაც სამინისტრომ მოამზადა.

„თვითნებურად ქონების დაკავების საკითხების შემსწავლელი კომისია იმჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას წერილობით ეცნობება,“ – გვითხრეს სამინისტროში.

თუმცა, 2014 წელს, აჭარის მთავრობას კომისია ჰქონდა შექმნილი, რომლის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით გაბაიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ  ყოფილ სამხედრო დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ.

„აჭარის სამთავრობო კომისიამ უკვე განსაზღვრა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც პირველ და მეორე ეტაპზე  „დასაკმაყოფილებელთა“ განცხადებებს გადაარჩევენ“-აცხადებდა 2014 წელს გაბაიძე.

 

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობა „სამხედრო ბინებს“ დააკანონებს

ნოამ ჩომსკი, ბრაიან ენო, დევიდ გრებერი და სხვები თურქეთს ბოიკოტს უცხადებენ

ლინგვისტი ნოამ ჩომსკი, მუსიკოსი ბრაიან ენო და ანთროპოლოგი დევიდ გერბერი შეუერთდნენ ასობით აკადემიკოსსა და არტისტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც კულტურულ და ინტელექტუალურ ბოიკოტს უცხადებენ თურქეთს, მის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებსა და ფესტივალებს თურქეთში და თურქეთს გარეთ.

მიზეზი თურქეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციაა ჩრდილოეთ სირიაში, იგივე როჟავაში, სადაც ქურთი მოსახლეობა ცხოვრობს.

აკადემიკოსები და არტისტები გაერთიანდნენ მოთხოვნით, შეწყდეს ქურთების ეთნიკური ხოცვა როჟავაში.

დევიდ გერბერი:

“როჟავა მსოფლიო მოსახლეობისთვის იმედის სხივია, რომელიც ახლა გენოციდის წინაშე დგას. ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ამ სიტუაციაში ნეიტრალიტეტის დრო არ გვაქვს”

ბოიკოტის მოწოდებისკენ ხელმოწერები საიტზე www.boycott-turkey.net გროვდება და ვრცელდება.

ამის ფონზე, აკადემიკოსები და არტისტები არ არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ თურქეთს. მსოფლიოს მასშტაბით წამოიწყეს მოძრაობები: “არ დაისვენო თურქეთში” , “არ იფრინო თურქული ავიახაზებით”, “ბოიკოტი ბეკოს პროდუქციას” და სხვა.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია კოდური სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“.

წყარო : www.thecanary.co , www.boycott-turkey.net

წაიკითხეთ ასევე:

https://netgazeti.ge/news/397465/

ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვა

ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ხვალ, 22 ოქტომბერს, შემოვა ბათუმის ნავსადგურში. ეს გემის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.

ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.

USS Porter (DDG 78)  Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

USS Porter-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან.

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

ხომალდი USS Porter-ი წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.

______________

ფოტოზე: USS Porter (DDG 78)

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის „m2 უძრავი ქონებისგან“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან – „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა. m2-ის ახალ, თანამედროვე და ინოვაციურ უბანში – „m3 საბურთალო“ ბინის შეძენის შემთხვევაში თიბისი სტატუსის მომხმარებელი 5000 ლარამდე ტექნიკის ვაუჩერს მიღებს საჩუქრად.

ახალი უბანი – m3 საბურთალო, მაცხოვრებლებს სთავაზობს მეტ პირად სივრცეს თავისუფალ, მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოში, სადაც ბინას მთელი უბანი მოჰყვება.

ახალი უბანი აერთიანებს: 14,000 კვ/მ ცენტრალურ პარკს, ველობილიკებს, საპიკნიკე და „ბარბექიუს“ სივრცეს, საერთო სამუშაო სივრცეს, სტუმრების მისაღებ სივრცეს, საბავშვო გასართობ სივრცესა და თანამედროვე სამრეცხაოს.

გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ: https://bit.ly/msaburtalo

დამატებითი ინფორმაციისთვის, თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შეგიძლიათ მიმართოთ პირად ბანკირს ან იპოთეკურ ცენტრს.

შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 31 ოქტომბრამდე.

ანიმაციური ფილმების ფესტივალი “თოფუზი” დაიწყო

დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი თოფუზი იწყება. ფესტივალი სტარტს ხულოში იღებს. ვორქშოფის შემდეგ, 15:00 საათზე, საუკეთესო საბავშვო ფილმს ხულოს კულტურის ცენტრში აჩვენებენ.

ჩვენებები გაიმართება ასევე 22 ოქტომბერს ქედაში, ქედის კულტურის ცენტრში, 23 ოქტომბერს ხელვაჩაურში –  ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, 24-26 ოქტომბერს კი ბათუმში, რამდენიმე ადგილას.

24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმის დრამატულ  თეატრში ფესტივალის ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი, თუმცა ფილმების ჩვენებები დილის ათი საათიდან ბათუმის  თოჯინების თეატრში დაიწყება.

ფილმების ნახვის პარალელურად, ფესტივალის სტუმრებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამებში. დაგეგმილია ვორქშოპები  თემაზე – „ანიმაცია – ურთიერთობის მხატვრული ფორმა“,  მასტერკლასები თემაზე –  „შეხვედრა ავტორებთან“.  ასევე, 25 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკული კუთხე უმასპინძლებს თოქშოუს,  რომლის  მთავარი თემა იქნება ანიმაციური კინოს წარმოებაში არსებული  გამოწვევები.  ასევე დაგეგმილია სემინარი თემაზე “ქართული ანიმაციის პერსპექტივები”.

ფესტივალის გამარჯვებულები  26 ოქტომბერს გახდება ცნობილი, რომლებსაც მთავარი, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიური გამოავლენს.

კონკურსი რამდენიმე  კატეგორიაში მიმდინარეობს:

[checklist]

  • ფილმი უფროსებისათვის
  • ფილმი ბავშვებისთვის
  • ტვ-სერიალი
  • ექპერიმენტული ფილმი
  • დებიუტი
  • სტუდენტური ფილმი
  • ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი

[/checklist]

ფესტივალის პროგრამა:

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ბათუმის მერია.

სტუდენტი შეიძლება მასწავლებლის ასისტენტი გახდეს – ახალი ინიციატივა პარლამენტში

სტუდენტებს, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის ბოლო საფეხურზე სწავლობენ, შესაძლებლობა ექნებათ სკოლაში მასწავლებლის ასისტენტად დაიწყონ მუშაობა. ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტის განათლების კომიტეტი მუშაობს.

როგორც კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობენ და პროექტს ჯერ დასრულებული სახე არ აქვს.

მათი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველებს. მასწავლებლის ასისტენტის მოვალეობები და უფლებები გაწერილი იქნება კანონში.

სტაჟირება ორწლიანი იქნება, თუმცა ანაზღაურების გარეშე.

საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბოლომდე დარეგისტრირდეს.

ყველაზე რეიტინგული ქართული უნივერსიტეტები „ფორბსის“ მიხედვით

ქართულმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით.

გამოცემის ცნობით,  გამოცდებზე დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი საქართველოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტია, რომელმაც წელს 559 სტუდენტი მიიღო.

მეორე პოზიციაზეა  დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი,  რომელმაც წელს 67 სტუდენტი მიიღო.

მესამე პოზიციას კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იკავებს.  უნივერსიტეტმა წელს 430 სტუდენტი მიიღო.

თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტი მეოთხე პოზიციაზეა. შემდეგ მოდის პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, მეექვსე პოზიციაზეა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეშვიდე პოზიციას იკავებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მერვე  ადგილზე კი კავკასიის უნივერსიტეტია.

მეცხრე პოზიციაზეა „ჯიპა“ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, მეათეზე კი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეთორმეტე ადგილს იკავებს.

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი რეიტინგში 22-ე ადგილზეა,  საზღვაო აკადემია კი – 23-ე ადგილზე.

რეიტინგების სიაში ცალკეა დაჯგუფებული ის სასწავლებლები, სადაც 50-ზე ნაკლები სტუდენტი მიიღეს. ამ სასწავლებლებს შორის ყველაზე რეიტინგულია „ბაუ ინთერნეიშენალი“, რომელმაც წელს მხოლოდ ოთხი სტუდენტი მიიღო.

წელს ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებელში 28.7 ათასი  აბიტურიენტი ჩაირიცხა.

„ფორბსის“ ინფორმაციით, ჩარიცხულთა საშუალო ქულები გამოანგარიშებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით.

რას ითხოვს მოსახლეობა ახალშენსა და სარფში – სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები გრძელდება 

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გრძელდება. ამჯერად შეხვედრები ახალშენისა და სარფის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გაიმართა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ, აჭარის არ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლის 24-საათიან რეჟიმში მიწოდება რჩება. ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს, ასევე, შიდა სასოფლო გზებისა და გარე განათების მოწყობა.

სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.

 

ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი – ყველაზე მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად

ფინკა ბანკის ახალი უნიკალური პროდუქტი საკრედიტო ლიმიტი რამდენიმე თვეა დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე და მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

რა არის უნიკალური ამ პროდუქტში და რატომ უნდა ისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით? – საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნობრიობით შეიძლება გამოიყენოთ.

ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის დროს ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე, რაც ძალიან მოსახერხებელია: ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდით, მიუხედავად ათვისებული თანხისა.

შესაბამისად, თუ გსურთ გქონდეთ თანხა, რომელსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზნობრიობითა და სიხშირით გამოიყენებთ, ისარგებლეთ ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით. ხარჯავთ მეტს და ყოველ თვე აბრუნებთ ნაკლებს – გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და აისრულეთ სურვილები.

საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი. უზრუნველყოფა არ მოითხოვება, რაც პროდუქტს კიდევ უფრო მოქნილს და მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.

საკრედიტო ლიმიტის მინიმალური მოცულობა 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური – 4000 ლარია. ანგარიშზე წინასწარ დამტკიცებულ თანხას ფინკა ბანკის ბარათების მეშვეობით ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში მარტივად გამოიყენებთ ან ბანკომატიდან გამოიტანთ. საკრედიტო ლიმიტის ასაღებად მიმართეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი ვებ გვერდზე www.FINCA.ge ან დაგვირეკეთ *4949

ოქტომბერში თბილი ამინდი შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 21 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 22 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20-25 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 5-10 დმ  – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 23-24 ოქტომბერს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დინამო ბათუმმა გორის დილასთან ფრედ 0:0 ითამაშა

დღეს, 20 ოქტომბერს, გამართული ეროვნული ლიგის 31-ე მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის ფრედ დამთავრდა.

ეს უკვე მეორე თამაშია, რომელიც ბათუმის „დინამომ“ ფრედ დაამთავრა. წინა თამაში თბილისის „დინამოსთან“ ასევე ფრედ, 1:1 დასრულდა.

31 თამაშის შედეგით, ბათუმის „დინამო“ 63 ქულით ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში  პირველ ადგილზეა და გათამაშების ლიდერია. მას 62 ქულით თბილისის „დინამო“ მოსდევს, რომელმაც  გუშინ, 19 ოქტომბერს, „ლოკომოტივთან“ 0:1 წააგო.

 

ხანძარი ხულოში – სოფელ ძირკვაძეებში სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ძირკვაძეებში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც “ბათუმელებს” სოფელ ძირკვაძეებში მერის წარმომადგენელმა, ვაჟა თავართქილაძემ უთხრა, სახლი მიტოვებული იყო.

“ცეცხლი სადღაც ექვსი საათისკენ განჩდა. წლების მანძილზე მიტოვებული იყო ეს სახლი, მეპატრონეები საგარეჯოში ცხოვრობენ და ძალიან იშვიათად ჩამოდიან სოფელში. ვვარაუდობთ, რომ ელექტროგაყვანილობისგან გაჩნდა ცეცხლი,” – უთხრა “ბათუმელებს” ვაჟა თავართქილაძემ.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურმა  შეძლო. სახლი მთლიანად დაიწვა, თუმცა გვერდით მდგარ სხვა სახლებს, არ გადადებია.

ხანძარი სოფელ ძირკვაძეებში. ფოტო მოგვაწოდა ვაჟა თავართქილაძემ

 

 

“განდაგანას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ცეკვა “განდაგანას”  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაადასტურეს.

„განდაგანა“ სატრფიალო ცეკვაა.  ცეკვაში ქალის პარტია განი-გან სრულდება. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება. აჭარულ ცეკვაში მხარისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრების ელემენტებია გადმოცემული. სხვადასხვა ანსამბლი ცეკვას სხვადასხვაგვარად ასრულებს. ორიგინალ ვერსიაში კი აჭარულის ცეკვას ქალი იწყებს.

ხორუმის და განდაგანას ისტორია

სახელმწიფო ახალ ბულვართან ყიდის მიწას, მერია კი აქ მშენებლობის წინააღმდეგია

სახელმწიფო აუქციონზე ყიდის მორიგ მიწის ნაკვეთს, რომლითაც კერძო პირი ამ დრომდე უკანონოდ სარგებლობდა და სარგებლობს. ამჯერად ასეთი ნაკვეთი ბათუმში, ახალ ბულვართან მდებარეობს და მას, აუქციონის პირობის მიხედვით, „პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  გარეშე იყენებს“. შესაბამისი დოკუმენტის გარეშე სახელმწიფო ქონების გამოყენებაზე კი, ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.

აუქციონზე 191 კვ/მ ნაკვეთია გატანილი, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის 63-ში [კაჩინსკების ქუჩის დასაწყისში] მდებარე კერძო ნაკვეთსა და ტროტუარს შორის მდებარეობს. ვინ იყენებს სახელმწიფო ქონებას უკანონოდ, ქონების სააგენტო არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ამ ნაკვეთზე სამშენებლო კომპანიის [არფი ჯგუფის] გაყიდვების ოფისი და კიდევ ერთი ჯიხურია განთავსებული.

„საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება [ჯიხურები, ღობე – ავტ.] არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს,“ – აღნიშნულია აუქციონის პირობაში.

როგორია ბათუმის მერიის მოსაზრება ამ ნაკვეთის პრივატიზებასთან დაკავშირებით? – ბათუმის მერის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ მერია ამ ნაკვეთზე რაიმე მშენებლობის წინააღმდეგია. ამასთან, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ახალი ხედვას“ [არფი ჯგუფი] საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან დამაკავშირებელ გზას და მიწის ამ ნაწილის პრივატიზება მიუღებელია.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი უპირობოდ – ყოველგვარი ფუნქციური დატვირთვისა და აკრძალვის გარეშე გაიტანა ნაკვეთი გასაყიდად და მას 143 000 ლარად [საწყისი ფასი] ყიდის. სააგენტომ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ 32 კვ.მ ფართობი დატვირთა სერვიტუტის უფლებით, „ახალი ხედვას“ სასარგებლოდ.

ბათუმის მერის მიერ აჭარის ფინანსთა
და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილიდან

მერის წერილს თუ დავეყრდნობით, „აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცესთან მისასვლელ გზას“, თუმცა ეს „მისასვლელი გზა“ რომ შემოღობილია და შიგ ჯიხურები დგას, მერიის შესაბამის სამსახურებს ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  გარეშე სახელმწიფო მიწის დაკავება და იქ რაიმე კონსტრუქციის ჩადგმა, მინიმუმ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვითხრეს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ორშაბათს მოგვაწვდიან.

რის საფუძველზე იყენებს აუქციონზე გატანილ ქონებას „არფი ჯგუფი“? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კომპანიაშიც ორშაბათისთვის დაგვპირდნენ.

შერიფ ხიმშიაშვილის 63 ნომერში არსებული ნაკვეთი შპს „ელიტ ჰაუსის“ საკუთრებაშია, მის გვერდით კი შპს „ახალი ხედვა“ მრავალსართულიან კორპუსებს აშენებს. აუქციონზე გატანილ ნაკვეთსაც, დიდი ალბათობით, ან ერთი კომპანია შეიძენს, ან მეორე.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შემოღობილი ტერიტორია, რომელიც აუქციონზე იყიდება
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შემოღობილი ტერიტორია, რომელიც აუქციონზე იყიდება

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე ამ ბოლოს კიდევ ერთი ნაკვეთი გაყიდა, რომელზეც ბიზნესმენი უკანონო მშენებლობას ახორციელებდა. ეს ნაკვეთი აუქციონზე, სწორედ ამ ბიზნესმენის კომპანიამ შეიძინა.

სახელმწიფო საკუთრებაში მიმდინარე უკანონო მშენებლობაზე კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არ არის და რეაგირება ბათუმის მერიამ უნდა მოახდინოს, ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ნაკვეთზე და თუ მშენებლობა ამ ნაკვეთს გასცდა, რეაგირება, პროექტის დარღვევაზე, ხელვაჩაურის მერიამ უნდა მოახდინოს.

საუბარია დიმიტრი ტვილდიანის მიერ სარფში სასტუმრო-კომპლექსს მშენებლობაზე.

ამ თემაზე ვრცლად:

ექიმი, რომელიც სასტუმროს უკანონოდ აშენებს, 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვა მისცეს

ლიზა და ნუგო – ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღამდე 4 კილომეტრს გადიან ფეხით [ვიდეო]

სოფელ მთისუბანში სულ რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს ბაღის ასაკის. მათგან საბავშვო ბაღში სამი დადის, ორი ბავშვი კი, როგორც სოფელში ამბობენ, უარს აცხადებს ბაღში წასვლაზე. ბავშვებს ყოველდღე 4 კილომეტრის გავლა უწევთ ბაღამდე და უკან – სახლისკენ. ზამთარში კი, დიდთოვლობის გამო,  ბავშვები ბაღში საერთოდ ვერ დადიან.

მთისუბანი ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ნანა შაინიძე ერთ-ერთი მათგანია. ნანას ორი შვილი ჰყავს – უფროსი გოგონა უკვე სკოლაში დადის, 4 წლის ნუგო კი ბაღში, მეზობელ სოფელში. ნანა ამბობს, რომ მის შვილს ძალიან უჭირს შორ მანძილზე ფეხით სიარული, ამიტომ დედას ის ხშირად ხელში აყვანილი მიჰყავს. ბიჭს განსაკუთრებით უკანა გზაზე – ციცაბო აღმართში უჭირს ასვლა.

ნანას თავის შვილთან ერთად ბაღში ზოგჯერ მეზობლის 5 წლის გოგონა – ლიზაც მიჰყავს. ზოგჯერ კი ამ გზას ბავშვები ლიზას მამასთან ერთად გადიან. ასე მონაცვლეობით ცდილობენ მშობლები საბავშვო ბაღამდე გზის სირთულის დაძლევას.

ბავშვების მშობლები ფიქრობენ, რომ ბაღის გარეშე პატარები სათანადო განათლებას ვერ მიიღებენ, ამიტომ თავს არ ზოგავენ, რომ პატარებს სკოლამდელი განათლების შესაძლებლობა არ წაართვან.

პატარების მშობლები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, ასევე აჭარის მთავრობას სთხოვენ, რომ გამონახონ რესურსი, რათა ბავშვების ბაღში ტრანსპორტირებისთვის მიკროავტობუსი გამოყონ.

 

ესმა გუმბერიძე გულწრფელობაზე, გრეტაზე და ქართველ ბავშვებზე

ავტორი: ესმა გუმბერიძე

ამ ბოლო დროს გრეტა ტუმბერგის გარშემო უამრავი საუბარია. რომ არაბუნებრივია მისი აქტიურობა, რომ „ერთი დიდი პროექტის ნაწილია“, რომ „გამოიყენეს“, ისარგებლეს. ვიღაცამ მკითხა, მსგავსი მასშტაბური მოძრაობის წამოწყებას ხომ არ გეგმავ თბილისშიო. ყოველივე ამაზე ერთი მარტივი პასუხი მაქვს: ასე ის საუბრობს, ვინც გულწრფელად არ შეწუხებულა არავითარ საზოგადოებრივ პრობლემაზე. იმასაც ვიტყვი, რომ ქართულ და შვედურ საზოგადოებებს შორის უდიდესი სხვაობაა.

წარმოვიდგინოთ გრეტა, 16 წლის აუტიზმის მქონე გოგონა. მან შესანიშნავად იცის ინგლისური ენა. ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავმა სპეციალისტებმა იმუშავეს მასთან, მის განვითარებაზე. საუკეთესო პროფესიონალებმა. არანაირი რესურსი სისტემას არ დაუზოგავს მის მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდისთვის განათლებისა და განვითარების მისაცემად.

ჩვენთან გრეტას თანატოლი ბავშვი, რამდენიმე თვის წინ  მშენებლობაზე დაიღუპა, უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო! ის, სავარაუდოდ, ვერც სკოლაში დადიოდა, რადგან თავისა და ოჯახის სარჩენად თბილისში წამოვიდა. მასზე ვერაფერი გავიგეთ, მის საჭიროებაზე, მისი ხმა ვერ გავიგონეთ, სანამ არ დაიღუპა და მისი არსებობაც მაშინ გავიგეთ, როცა დაგვაკლდა! და რამდენია ასეთი თავის სარჩენად მძიმე სამსახურში გასული ბავშვი, რაც ნორმად მიგვაჩნია და ზოგს უხარია კიდეც.

ერთია, როცა ბავშვი დამოუკიდებლობას ეჩვევა არდადეგებზე ნახევარგანაკვეთზე, კვირაში რამდენიმე საათის მუშაობით და სულ სხვა, როცა სახიფათო სამუშაოზეა დღე და ღამე და სწავლის დრო აღარ აქვს. გურიაში და აჭარაში თურმე უამრავი ბავშვი სეზონურად აცდენს სკოლას და თურქეთში მიდის სამუშაოდ. არებს არ უწერენ – ვითომ პრობლემა არ შევუქმნათო, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები არც აღირიცხება და ბავშვი შეიძლება, ექსპლუატაციის მსხვერპლიც გახდეს. არადა ხომ შეიძლება ისე აღრიცხო, პრობლემა რომ არ შეუქმნა.

გრეტას რომ დავუბრუნდეთ: ბავშვებიც ხშირად წუხდებიან და უჩნდებათ სიკეთის კეთების სურვილი, სხვების თანაგრძნობა. მეც ასე 8 წლის როცა ვიყავი, მეზობლებს ჩუმ-ჩუმად ბრჭყვიალად შეფუთულ საჩუქრებს ვუდებდი. პატარა რაღაცებს, უმნიშვნელოს, თუნდაც კანფეტს, მაგრამ მეგონა, რაღაცას ვაკეთებდი. მინდოდა კია, ვცდილობდი… ბავშვის გარემოცვას აქვს განუზომელი როლი – შეუწყობს ის ბავშვის ამ მისწრაფებებს ხელს, თუ დასცინის, „დაამშვიდებს“, ნუ შეწუხდები შვილო, მაინც ვერაფერს შეცვლი, ჯობია დაისვენე, დაიძინე, ისწავლეო ეტყვის თუ გვერდში დაუდგება და მხარს დაუჭერს?

ბავშვობაში ჩემმა ბებიამ როცა გაიგო, რომ კონცერტის ორგანიზება მინდოდა მეზობელ ბავშვებთან ერთად, გარაჟი დაასუფთავა, საბანი ჩამოკიდა ჭიშკარზე – ვითომ თეატრის ფარდა, ანუ დამეხმარა ჩანაფიქრის განხორციელებაში. ატომური ბომბის არსებობის შესახებაც რომ გავიგე პატარაობაში, ძალიან შემეშინდა ბირთვული ომის, მაგრამ დედაჩემმა დამამშვიდა, ამ ომს იმიტომ არ იწყებს არავინ, რომ იციან, თუ ისვრიან, მათაც ესვრიანო და მეც მიმავიწყდა. მასე მოხდა გრეტას შემთხვევაშიც. ოღონდ მას არ მიავიწყეს, არ ჩაფარცხეს. მისი ღირებულებები დაემთხვა მის გარშემო საზოგადოების დიდი ნაწილის ღირებულებებს. ის გაამართლეს. მისი პროტესტი ლეგიტიმურად და დროულად მიიჩნიეს.

თავდაპირველად ის გულწრფელი იყო და არც მოელოდა ამხელა რეზონანსს. რა თქმა უნდა, ახლა კი ჰყავს კოორდინატორები, დამხმარეები, ორგანიზატორებიც, დიდი რესურსიც (აბა იალქნიანი გემით ამერიკაში წასვლას დიდი ფული სჭირდება, ორგანიზება და ძალისხმევა). ახლა ეხმარებიან კიდეც დაგეგმვაში, ხალხის მობილიზებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულწრფელი არაა. მასე არც მალალას არ ეგონა და არც უნდოდა, მისთვის რომ ესროლათ, მოეკლათ, შემდეგ გადაერჩინათ. ის ანონიმურად წერდა ბლოგებს, უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო. მაგრამ ეს გულწრფელობაა, ყურადღებას რომ იქცევს, თორემ მართლა ძალით რომ დაჯდე თბილისის ცენტრში კანცელარიის წინ, ამხელა რეზონანსს ვერ გამოიწვევ, თუ მართლა არ გჯერა, რისთვისაც ხმას იღებ და იბრძვი. თანაც ასეთი გულწრფელი გამოვლინებების დროს არ ელოდებიან, ისე მოდის ცნობადობა და ისე ხდები რეზონანსული.

_______

ავტორის შესახებ:

ესმა გუმბერიძე არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. ის აქტიისტია, რომელიც წლებია შშმ პირების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

მესხიშვილის თეატრი ქუთაისში მოსკოვის თეატრს მასპინძლობს – აქტივისტები აქციას გეგმავენ

დღეს, 19 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრი მოსკოვის თეატრს „ნიკიტკის კარიბჭეს“  მასპინძლობს. აფიშის მიხედვით თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს –  „არ დამივიწყო“  19 ოქტომბერს, ხოლო „ჩვენი ეზოს  სიმღერები“ 20 ოქტომბერს.

დაგეგმილი გასტროლის შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციას, პროტესტი მოჰყვა ქუთაისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტებში.  მოქალაქეები, ამბობენ რომ დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის თეატრის მსახიობებმა ქუთაისში სპექტაკლი ითამაშონ.

თავად მესხიშვილის თეატრის მენეჯმენტი, მოსკოვის თეატრის გასტროლში პრობლემას ვერ ხედავს.

სულხან გოგოლაშვილი, ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორი, ამბობს რომ მოსკოვის თატრი ქუთაისში მემორანდუმის ფარგლებში მოიწვიეს. ამ მემორანდუმში სხვა დამეგობრებული თეატრებიც შედიან.

„ხდება კულტურული გაცვლა თეატრებს შორის. არანაირი სახელმწიფო სტრუქტურები ჩარეული არაა.  გასაგებია მათი პროტესტი [მოქალაქეების]. მეც ვთვლი რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მე არ ვიღებ ოკუპანტ რუსეთს თეატრში. მე ვიღებ კულტურულ რუსეთს. რომელსაც მემგონია ჩვენ არ ვებრძვით, ისევე როგორც არ ვებრძვით სპორტულ რუსეთს, ისევე როგორც არ ვებრძვით ტურისტულ რუსეთს. რატომ დადის მაშინ რეზო გაბრიაძე მოსკოვში და რატომ ატარებს სპექტაკლებს, რატომ მღერის ნინო ქათამაძე, რატომ ვყიდით ღვინოს რუსეთში, მაშინ თუკი ესეთი პროტესტია?“ – სვამს კითხვებს სულხან გოგოლაშვილი „ბათუმელების“ კითხვების პასუხად.

გოგოლაშვილის თქმით, მოსკოვის თეატრის ქუთაისში გასტროლი სახალხო დიპლომატიაა.

„ეს სახალხო დიპლომატიაა და პირიქით ხელს შეუწყობს ძალიან  ბევრი პრობლემის მოგვარებას.  მაშინ გავიდეთ მოედანზე, დავანთოთ ცეცხლი, დავწვათ ჩეხოვი, დოსტოევსკი, გოგოლი, გრიბოედოვი და ა.შ. მაშინ ვინ ვიქნებით მსოფლიოს თვალში, ჩვენ თუ კულტურულ რუსეთს დავუწყეთ ბრძოლა? მე ნამდვილად  ვიცი რომ ეს თეატრი არ არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი, ამიტომაც ვმეგობრობ. ამ თეატრმა 2008 წლის შემდეგ დადგა ქართული სპექტაკლი „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელიც ჩამოტანილი ჰქონდა ქუთაისის თეატრში 2017 წელს. მე არ ვთვლი რომ ეს თეატრი რუსული პოლიტიკის გამტარებელია,“ – ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილის თქმით, მოსკოვის თეატრის გასტროლს არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია არ აფინანსებს და ისინი თავიანთი ხარჯით ჩამოდიან.

აქცია მოსკოვის თეატრ „ნიკიტკის კარიბჭეს“  ქუთაისში დაგეგმილი გასტროლის გასაპროტესტებლად მესხიშვილის თეატრის წინ დღეს, 19 ოქტომბერს, 19 საათზეა დაგეგმილი.

ნავთობი მდინარე ბარცხანაში – ზღვასთან ახლოს

მდინარე ბარცხანაში, შავი ზღვის შესართავთან ახლოს ნავთობის კერა ისევ გაჩნდა. მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული. მდინარის გვერდით მდებარე არხის მთელ სიგრძეზე ნიადაგსა და მცენარეულ საფარზეც ასევე ნავთობპროდუქტებიაა. სპეციალისტები ამბობენ რომ ეს იტორიული დაბინძურების ზონაა.

იმისათვის რომ ნავთობი ზღვაში არ ჩავიდეს, მდინარის კალაპოტში ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო  საშუალებაა, ე.წ. ბონური ზღუდეებია მოწყობილი.

ნავთობით დაბინძურებული მდინარე ბარცხანის სანაპირო ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ეს მოწყობილობები არის იმისათვის რომ ნავთობი არ გავრცელდეს მდინარეში და მდინარიდან არ ჩავიდეს ზღვაში. ის რომ მდინარიდან ზღვაში ჩადის და ზღვა ბინძურდება, ეს ფაქტი არ დაფიქსირებულა,” – უთხრა „ბათუმელებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა ნატო დავითაძემ.

მისივე თქმით, ბონური ზღუდეები მდინარეში ბათუმის „ნავთობტერმინალმა“ ჩააწყო. ადგილი, სადაც მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული, სოწრედ „ნავთობტერმინალს“ ესაზღვრება. თუმცა ტერმინალიც და გარემოსდაცვითი მაკონტროლებელი უწყებაც ამბობს რომ დაბინძურების გამომწვევი ბათუმის „ნავთობტერმინალი“ არაა.

 

ნავთობპროდუქტები მდინარე ბარცხანაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ეს შესაძლოა იყოს ისტორიული დაბინძურება. საბჭოთა კავშირის დროს, აქ იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მილებით უკავშირდებოდა პორტს. სამწუხაროდ არ არსებობს და არცერთ უწყებას არ აქვს რუკა, თუ რა მიწისქვეშა კომუნიკაციები გადის ამ ტერიტორიაზე. ფაქტია, რომ გრუნტიდან ხდება პერიოდულად ნავთობპროდუქტების გამოსვლა. ეს არამარტო წელს, არამედ შარშანაც დაფიქსირდა. იმის წინაც, სულ ფიქსირდება. ეს ადასტურებს იმას, რომ არის კონკრეტულად ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორია და ჩვენ კონკრეტულ სამართალდამრღვევ სუბიექტს ვერ ვადგენთ. შესაბამისად, მასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ღონისძიებასახ ვერ ვატარებთ,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ ნატო დავითაძემ.

ბათუმის „ნავთობტერმინალის“  ეკოლოგიის სამსახურის უფროსი თენგიზ გორდელაძე კატეგორიულად გამორიცხავს რომ მდინარის დაბინძურების მიზეზი შეიძლება ტერმინალი იყოს.

„გარემოს ზედამხედველობის სამსახურსაც არაერთხელ ვესაუბრეთ. არაერთი მოკვლევა ჩავატარეთ. დაბინძურება არ არის ჩვენი ტერიტორიიდან. ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ გარემოსდაცვას. თვეში 200-300 დოლარის მასალას ვხარჯავთ, გარდა იმისა რომ ჩვენი პერსონალი ამაზე მუშაობს. ჩვენ ამას არ ვითვლით, მთავარია ზღვაში არ გავიდეს. მთელი ზაფხული კარგად ვიყავით, მაგრამ ახლა უცებ ისევ გამოჩნდა. ვეძებეთ წყარო და ვერ ვნახეთ. ნავთობტერმინალის ტერიტორიიდან გარეთაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თენგიზ გორდელაძემ.

არხი მდინარე ბარცხანასთან, სადაც ნავთობპროდუქტებით მცენარეული საფარიცაა დაბინძურებული

კომპანიამ, რომელიც სასტუმროს აშენებს, ტროტუარი უნებართვოდ მოშალა [ფოტო]

ანწუხელიძის ქუჩაზე, #14-თან, ფეხით გადაადგილებისას პირდაპირ მანქანების სავალ ნაწილზე მოგიწევთ გადასვლა, რადგან მშენებელმა კომპანიამ ტროტუარი მოშალა. მოშლილი ტროტუარის გაგრძელება კი, დაახლოებით 300 მეტრზე,  კომპანიას სამშენებლო ღობით აქვს შემოფარგლული. ამ ადგილზე შპს „ედ კაპიტალი“ ხუთსართულიან სასტუმროს აშენებს.

კომპანიას უკვე დაწყებული აქვს საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები. მშენებლობა პირდაპირ ტროტუარის გასწვრივ მიმდინარეობს, ამიტომაც კომპანიას სამშენებლო ღობის გასაკეთებლად, ასევე, სამშენებლო ტერიტორიასთან მისადგომად, მეტი სივრცე არ აქვს.

უცნობია, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში  ნებართვის გაცემისას ეს გაითვალისწინეს თუ არა.

გარდა ამისა, არსებობს იმ საკანალიზაციო გაყვანილობის დაზიანების საფრთხეც, რომლის მოწყობისთვისაც ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დაიხარჯა, რადგან მუშები პირდაპირ საკანალიზაციო მილზე გადაადგილდებიან.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

კიდევ ერთი საკითხი, რითაც ეს მშენებლობა ინტერესს იწვევს, მშენებლობის ფართობი და  დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბია. სამშენებლო მოედანზე მყოფი კომპანიის დირექტორი ედიშერ კაკაბაძე გვარწმუნებს, რომ მშენებლობას 1000 კვადრატულ მეტრზე აწარმოებს, რეესტრში გადამოწმებით კი ჩანს, რომ ამ მისამართზე „ედ კაპიტალი“ მხოლოდ 367 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს  ფლობს. შესაბამისად, საინტერესოა აკმაყოფილებს თუ არა კომპანია სამშენებლო რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნებს, თუნდაც მხოლოდ პარკინგთან დაკავშირებით.

ახალი რეგულაციით მშენებელი ვალდებულია ყოველ 120 კვადრატულ მეტრზე 1 საპარკინგე ადგილი ჰქონდეს.

კომპანიის დირექტორი ედიშერ კაკაბაძე გვარწმუნებს, რომ სასტუმროს ამანქანის გასაჩერებელი ხუთი ან ექვსი ადგილი ექნება.

ბათუმის მერიაშიც გვიპასუხეს, რომ ამ მშენებლობაზე ყველაფერი სტანდარტებს შეესაბამება: „პროექტში დაცულია ყველაფერი და შეთანხმებული გვაქვს“.

პროექტის რენდერის მიხედვით კი, რომელიც ადგილზე არ არის გამოფენილი ყველას დასანახად [ამას კანონი ითვალისწინებს] და სამშენებლო ღობეზეა მიდგმული, ხუთსართულიანი შენობის პირველი სართული შედარებით მაღალჭერიანი იქნება, სადაც კომერციულ ფართობებს მოაწყობენ.

რაც შეეხება უნებართვოდ ტროტუარის მოშლის საკითხს, ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიას გააფრთხილეს და დაავალდებულეს, რომ ტროტუარი აღადგინოს.

 

 

ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძიუდოში – მან ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ ახალკაცმა ახალგაზრდებს შორის 81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით

27 ოქტომბერს ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში  კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობენ შემსრულებლები:  სოპრანო – ნინო ლეჟავა, (იტალია) და ზურაბ ზურაბიშვილი – ტენორი (გერმანია).

სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს იტალიელი ალბერტო ვერონეზი.

კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები, ინგა ჯახუტაშვილი (სოპრანო) და სულხან ჯაიანი (ბანი), სიმფონიური ორკესტრი და კაპელა.

______________________

მთავარ ფოტოზე: ნინო ლეჟავა, სოპრანო

რატომ არ შემოდიან ბათუმში საკრუიზო ლაინერები? – საზღვაო შრომის ბაზრის კვლევა

“ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა არ არის მიმზიდველი ფართომასშტაბიანი საკრუიზო ლაინერებისთვის… 2016 წლიდან არც ერთი საკრუიზო ლაინერი არ შემოსულა ბათუმში,” – აღნიშნულია კვლევაში, რომლის მიზანიც საზღვაო შრომის ბაზრის შესწავლა იყო. კვლევა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთით.

კვლევის ფარგლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი გამოკითხეს, მათ შორის, საერთაშორისო საკრუინგო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლები, მეზღვაურები და კაპიტნები.

კვლევაში ცალკე თავი ეთმობა საკრუინგო საქმიანობას.

“გამოჩნდა, რომ საკრუინგო დასაქმების სფერო არ არის რეგულირებული სახელმწიფოს მიერ, რაც საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის ერთ–ერთი მთავარი სტანდარტია. საქართველო არ არის საზღვაო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის სრულფასოვანი წევრი. მაგალითად, არ არის მიერთებული ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონვენციას, როგორიცაა საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენცია (MLC),” – აღნიშნა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა კვლევის შედეგების პრეზენტაციის დროს, რომელიც დღეს, 18 ოქტომბერს, სასტუმრო “ადმირალში” გაიმართა.

კვლევის მიხედვით, ზოგადად მსოფლიოში საკრუიზო ტურიზმის ხარჯთეფექტურობა შემცირდა. სფერო სულ უფრო მეტად ხდება ფინანსურად დატვირთული, რის გამოც დღის წესრიგში დგას იაფი რესურსის მოზიდვის აუცილებლობა. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდებს მეზღვაურის პროფესიის მიმართ დაბალი მოტივაცია აქვთ.

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, საკრუიზო მიმართულებით საქართველოს გააქტიურება უმუშევრობის დონეს შეამცირებს და ამ რეალობას დროულად უნდა “გავუსწოროთ თვალი”.

“ჩვენ არ ვიყენებთ ამ პოტენციალს. საკრუიზო გემებზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1000-1500 ამერიკული დოლარია… ლეგალური დასაქმება შეამცირებს არალეგალურ შრომით მიგრაციას.

ქართველი მეზღვაურების შემთხვევაში, პრობლემად რჩება პრაქტიკის გავლა, ინგლისური ენის სწავლება უმაღლეს საზღვაო და პროფესიულ სასწავლებლებში,” – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

კვლევის თანახმად, დღემდე არ განხორციელებულა ბათუმის პორტის სარეკონსტრუქციო პროექტი (ნავმისადგომის 340 მეტრამდე გაფართოება და მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა), რისი ვალდებულებაც საქართველომ ამერიკულ საკრუიზო კომპანია “Royal Caribbean”-თან 2012 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით იკისრა.

“ამის გამო ბათუმის პორტში 2016 წლიდან არცერთი საკრუიზო ლაინერი არ შემოსულა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა რეგიონის/ქვეყნის ეკონომიკა,” – ვკითხულობთ კვლევაში.

საკრუიზო ლაინერებისთვის არის თუ არა დაგეგმილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა? – ვკითხეთ საზღვაო სააგენტოს წარმომადგენელს, ნინო ორაგველიძეს, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა. მან გვიპასუხა, რომ პორტი კერძო კომპანიისთვის აქვს გადაცემული სახელმწიფოს და სააგენტო ამ კუთხით ინფორმაციას არ ფლობს.

რაც შეეხება საერთაშორისო კანონმდებლობასთან თანხვედრას, ნინო ორაგველიძემ გვითხრა, რომ “მეზღვაურთა შრომის კონვენციის” პროცესი უკვე დაწყებულია და საქართველო 2020 წელს გახდება ამ კონვენციის წევრი.

 

ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს ” საქართველოს რკინიგზა” დააკავშირებს

საქართველოს რკინიგზისინიციატივა საქართველოუკრაინის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემის მიმოსვლის შესახებ განხორციელდა

აღნიშნული მარშრუტით პირველი საკონტეინერო გემი დღეს, 18 ოქტომბერს შემოვიდა ფოთის პორტში და იგი მიმოსვლას ყოველკვირეულად განახორციელებს. აღნიშნულით შესაძლებელი გახდა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების შემცირებულ დროში და მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფებით სარკინიგზო გადაზიდვა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით.

ორი ქვეყნის პორტს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, ხელს შეუწყობს, საქართველოს სარკინიგზო დერეფანზე მოთხოვნის ზრდას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას

საქართველოსა და უკრაინას შორის ახლად დანიშნული საკონტეინერო გემი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტვირთბრუნვის ზრდას და შუა დერეფნის განვითარებას, ასევე ბლოკმატარებლების მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას. მინიმალურ დროსა და ხელსაყრელი ტარიფებით მოხდება ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთების გადმორთვა მოცემულ მარშრუტზე, რაც თავის მხრივ გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლს და ხელს შეუწყობს რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ამასთან, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სახმელეთო საზღვარი, საშუალება მიეცათ ერთმანეთს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლით დაუკავშირდნენ.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო კომპანია MAERSK-ის მხარდაჭერამ.

15 ქართველი ავტორი, რომლებსაც უცხო ენებზე თარგმნიან

ანა კორძაია სამადაშვილის „ზინკა ადამიანი“, ირაკლი კაკაბაძის „გამოსვლის წიგნი“, გიორგი კეკელიძის  ,,თომას ზღაპრები“ და ოთარ ჭილაძის – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ – ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც 5 უცხოური გამომცემლობა სხვადასხვა ენაზე თარგმნის და გამოსცემს.

ქართველი ავტორების წიგნები შეარჩიეს პროგრამის ფარგლებში „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“. პროგრამა განკუთვნილია უცხოელი გამომცემლებისთვის, რომლებსაც ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა სურთ.

„ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ – ასე ჰქვია უცხოელი გამომცემლებისთვის განკუთვნილ მთარგმნელობით პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ენაზე სათარგმნად და გამოსაცემად 15 ქართველი ავტორი შეირჩა.

მთარგმნელობითი პროგრამის 2019 წლის მესამე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ  დაფინანსდება შემდეგი წიგნების უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა:

 

[checklist]
  • გერმანია
[/checklist]

 

ანა კორძაია-სამადაშვილი ,,ზინკა ადამიანი” – გამომცემლობა Frankfurter Verlagsanstalt

 

შორენა ლებანიძე ,,ეს მე ვარ – ფიროსმანი” – გამომცემლობა J & D Dagyeli Verlag

 

დანიელ ჭონქაძე – „სურამის ციხე“ – გამომცემლობა Arco Verlag

მიხეილ ჯავახიშვილი – „ჯაყოს ხიზნები“ – გამომცემლობა Arco Verlag

 

[checklist]
  • საფრანგეთი
[/checklist]

 

გიორგი კეკელიძე – „თომას ზღაპრები“ – გამომცემლობა Meduza

 

დავით კლდიაშვილი – „უბედურება“ – გამომცემლობა l’Espace d’un instant (Maison d’Europe et d’Orient)

 

 

[checklist]
  • თურქეთი
[/checklist]

 

ირაკლი კაკაბაძე – „გამოსვლის წიგნი“ – გამომცემლობა Dante Publishing

[checklist]
  • ეგვიპტე
[/checklist]

 

ოთარ ჭილაძე – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ – გამომცემლობა Al Kotob Khan Publishing & Distribution

 

[checklist]
  • იტალია
[/checklist]

ქართული და იტალიური პოეზიის კრებული – გამომცემლობა La Vita Felice – Tempo Libro

მთარგმნელობითი პროექტის ფარგლებში გამოიცემა იტალიურ ენაზე პოეტური კრებულიც, რომელშიც შემდეგი ქართველი და იტალიელი პოეტების ლექსები შევა: მანონ ბულისკერი, ელა გოჩიაშვილი, ეთერ თათარაიძე, მაია სარიშვილი, ეკა ქევანიშვილი, მარიამ წიკლაური, კატო ჯავახიშვილი, ანტონელა ანედა, მარია პია კუინტავალა, ნოემი დე ლისი, რიტა პაცილიო, ანიტა პისკაცი, როსარია ლო რუსო და ფრანჩესკა სერანოლი.

„ადგილობრივები არ გვყავს?“ – დეპუტატი „ჩამოსულების“ აჭარაში დასაქმებაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყების აჭარის ტელევიზიასა და რადიოში „ჩამოსული“ ადამიანი მაღალ თანამდებობებს არ უნდა იკავებდეს. ეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „სათქმელში“ განაცხადა.

„მე კიდე მაინტერესებს, რატომ უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის იდეოლოგი თემურ ქორიძე, რატომ უნდა ღებულობდეს 3 ათას ლარს ხელფასს, ადგილობრივი არ გვყავს? დავიჯერო ასეთი უვიცები არიან ადგილობრივები?“ – იკითხა მერაბ ბლადაძემ. ის გადაცემაში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს არჩევნებზე სასაუბროდ იყო მიწვეული.

დეპუტატი გულისხმობდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, რომელიც აჭარის ტელევიზიაში კონსულტანტად მუშაობს და მისი ხელფასი 3 ათასი ლარი არ არის.

„ცოტა სეპარატისტული მიდგომა ხომ არ არის?“ – ჰკითხა გადაცემის წამყვანმა ირინა ყურუამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს.

სეპარატისტული რა შუაშია? – ისევ იკითხა ბლადაძემ.

თუ ადამიანი პროფესიონალია…. თქვენ  თბილისში არ უნდა გქონდეთ მუშაობის უფლება?  – ჰკითხა მას წამყვანმა.

„როგორ არ უნდა მქონდეს, მაგრამ სულ შეიძლება ყველაზე კარგი ადგილი… აჭარაში არ არის ადამიანები?“ –  იკითხა ისევ მერაბ ბლადაძემ.

„თუ კარგი სპეციალისტი ვარ, ვიყო მოწვეული სპეციალისტი, ეს დანაშაულია? – ჰკითხა წამყვანმა დეპუტატს.

ჯერ ეს ერთი თემურ ქორიძე არის მხარე… – განაგრძო  მერაბ ბლადაძემ.

„თემურ ქორიძე არა, ზვიად ქორიძეს გულისხმობთ. ბატონო მერაბ, მგონი არ არის სწორი განცხადება, მით უმეტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ამის უფლებას ვერ მოგცემთ, რომ კუთხურობის მიხედვით დაყოთ ადამიანები,“ –  უთხრა ირინა ყურუამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს.

„ჩემი აზრით, ეს არის სამარცხვინო განცხადება, რომელიც არ შეეფერება უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსს. ამ ტიპის განცხადებები გვქონდა 90-იანებში, როდესაც ძალიან არეული და რთული სიტუაცია იყო ქვეყანაში. დღეს, როდესაც 2019 წლის ბოლოს იმავეს ვისმენთ, შემაშფოთებელიც არის და ძალიან სამწუხაროც,“ – ასე აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გამონათქვამს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

სულხან სალაძის თქმით, არც რაიმე კანონი, არც საქართველოს კონსტიტუცია არ მიჯნავს და ჰყოფს ადამიანებს მათი წარმომავლობის მიხედვით.

„კანონში არსად არ წერია და დიდი იმედი  მაქვს, არც დაიწერება არასდროს, რომ ადამიანები გეოგრაფიული ან სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება შეიზღუდონ. რომ თუ ერთ ადგილას დაიბადებიან, ვერ იმუშავებენ სხვა ადგილას.

არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ის ადამიანი, ვინც ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ ალბათ მის პარტიაშიც, რომელ პარტიასაც ის წარმოადგენს, ცოტა მეტი ყურადღება უნდა ჰქონდეთ და მეტი მგრძნობელობა ასეთი განცხადებების მიმართ. არ ვიცი, პარტია რა განცხადებას გააკეთებს – გაემიჯნება თუ არ გაემიჯნება, ასეთი განცხადებები არის კუთხურ-შოვინისტური, რომლებსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში,“ – ამბობს სულხან სალაძე.

მთავარი ფოტო: მერაბ ბლადაძე

ესმა გუმბერიძის მოსაზრება გაეროს ასამბლეის სხდომის შემდეგ

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი

_______________________________

რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი გაეროდან, სადაც ვესწრებოდი გენერალური ასამბლეის მე-3 კომიტეტის სხდომებს. გენერალური ასამბლეა გაეროს ერთ-ერთი წამყვანი მმართველი ორგანოა. პარლამენტს ჰგავს. სწორედ გენასამბლეაზე იკრიბებიან სახელმწიფოების წარმომადგენლები სხვადასხვა საკითხის განსახილველად. გაერო ხომ მსოფლიო პოლიციელი კი არაა, არამედ შეკრების ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც სხვაგან არ საუბრობენ და რომელთაც ხშირად დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენათა განსახილველად.

სახელმწიფო მეთაურების კვირეულის გარდა, სადაც პრეზიდენტები და   პრემიერ-მინისტრები გამოდიან და რომელიც ყველაზე ცნობადი მოვლენაა გენასამბლეის კუთხით, ასამბლეის ფარგლებში იმართება რამდენიმე თემატური კომიტეტის სხდომაც. მაგალითად მე-3  კომიტეტი პასუხისმგებელია ინკლუზიაზე და ადამიანის უფლებებზე. ის ორი თვის განმავლობაში იმუშავებს და მის ფარგლებში, გაეროსთან მუდმივი წარმომადგენლების/ელჩებისა თუ მისიებში მომუშავე დიპლომატების მონაწილეობით, შემუშავდება რეზოლუციები, მათ შორის ახალგაზრდების შესახებ რეზოლუციაც.

ახალგაზრდობის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც აქვთ საკმარისი დაფინანსება, ასევე შეუძლიათ დარჩენა რამდენიმე კვირით და რეზოლუციების შემუშავებაში მონაწილეობა სახელმწიფოების მისიებთან შეთანხმებით. მე-3 კომიტეტს აქვს ამ ორი თვისთვის დღის წესრიგი, სადაც რამდენიმე საკითხია გათვალისწინებული.

ახალგაზრდობის წარმომადგენლები, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან სოციალური განვითარების საკითხზე. სხვათა შორის, ახალგაზრდობის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისაუბრონ არამხოლოდ ახალგაზრდობასთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ყველაფერ იმაზე, რაც მათ აწუხებთ. თუნდაც ქალთა ან ასაკოვან ადამიანთა უფლებებზე. ახალგაზრდებისთვის ხომ ეს საკითხებიც მნიშვნელოვანია.

ამ კომიტეტის სხდომაზე არამხოლოდ ახალგაზრდობის წარმომადგენლები, არამედ კარიერული დიპლომატებიც გამოდიან სიტყვით. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ქვეყანას არ ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. მაგალითად, რუსეთს არ ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ამიტომ, როდესაც საქართველოს და უკრაინის ახალგაზრდობის წარმომადგენელთა გამოსვლებს გამოეხმაურნენ, კომენტარი ჩვენს ნათქვამზე რუსმა დიპლომატებმა გააკეთეს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საინტერესო იყო იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მოსმენა, სადაც ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები ხდება. ადამიანების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, წამება… რომ ვუსმენდი, ისე აქებდნენ თავიანთ ხელისუფლებას, რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ კეთილდღეობის სახელმწიფოებს აშენებენ, მართლა სამოთხე დედამიწაზე მოგეჩვენებოდა. არადა, უფლებადამცველებისგან მაქვს მოსმენილი იქ არსებული საშინელი სიტუაციის შესახებ.

ახალგაზრდობის წარმომადგენელთა უმრავლესობა ევროპიდანაა. კარიერული დიპლომატებისთვის ეს საკომიტეტო მოსმენები/სხდომები ყოველდღიურობაა. ისინი წერენ კომენტარებს და სხდომაზე კითხულობენ, დროში რომ ჩაეტიონ. თუმცა ზოგს მაინც არ ჰყოფნის გამოყოფილი 5 წუთი და მიკროფონს უთიშავენ.

სახელმწიფოთა ჯგუფების სახელით თუ კეთდება განცხადება (მაგალითად: ევროკავშირის, აფრიკის კონტინენტის) ამგვარი განცხადებებისთვის 12 წუთია გამოყოფილი. ეს ავტომატურად ხდება. მიკროფონის არგათიშვა იქნებოდა სახელმწიფოთა შორის თანასწორობის პრინციპის დარღვევა. წარმოიდგინეთ, 1 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაეტია 5 წუთში, მეორე 20 წუთს თუ ილაპარაკებს და დაიკავებს ტრიბუნას, უკვე უსამართლობა იქნება. ელექტრონულ ტაბლოზე ჩანს, დრო რამდენი დაგრჩა, თუმცა რადგანაც უსინათლო ვარ, ვერ დავინახავდი.

საინტერესოა, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა, როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა, ასევე დიპლომატებმა, ისაუბრეს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ ინკლუზიაზე.

როდესაც საჯარო გამოსვლაში სხვა ქვეყანას უარყოფითად ახსენებ, იმ ქვეყანას აქვს პასუხის გაცემის უფლება. ამიტომ რუსეთმა ჩემი და უკრაინის წარმომადგენლების გამოსვლას რომ უპასუხა, გასაკვირი არაა და მზადაც ვიყავით ამისთვის. არც მინერვიულია დიდად, რუსეთის პასუხი რომ მოვისმინე. პირადად არ მიმიღია, ვგრძნობდი, რომ ჩემ უკან მთელი ქვეყანა იდგა და ზურგს მიმაგრებდა იმაში, რასაც ვამბობდი.

სხვა დღეს, მე კი აღარ შევსწრებივარ, მაგრამ ახალგაზრდობის სხვა  წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი შეპასუხება  მოხდა კორეასა და იაპონიას შორის, თუმცა ზოგჯერ არც პასუხობენ. მაგალითად, კუბის წარმომადგენელმა აშშ-ს რომ დააბრალა მის სუვერენიტეტში ჩარევა USAID-ის მეშვეობით, აფინანსებინებს რა ისეთ პროექტებს, რომლებიც კუბის ხელისუფლებას აკრიტიკებენ, შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა. მეორე დღეს კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო დამნაშავეობასთან ბრძოლის საკითხზე რომ ისაუბრა უკრაინის წარმომადგენელმა და რუსეთის აგრესიას დაუკავშირა კრიმინალის ზრდა, მას რუსეთმა აღარ უპასუხა.

ჩემმა გამოსვლამ სხვა ქვეყნების ახალგაზრდობის წარმომადგენლებიც დააინტერესა. განსაკუთრებით გამიხარდა, ინდონეზიელი რომ მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემ მიერ მოყოლილმა გალელი გოგოს ისტორიამ შეძრა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ინდონეზია საქართველოსგან გეოგრაფიულადაც ძალიან შორსაა და არც იმდენი ინფორმაცია აქვთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ ჩემი ისტორია გასაგები აღმოჩნდა.

საკომიტეტო მოსმენების გარდა, რომლებიც ვიდეოზე იწერება, ახალგაზრდობის წარმომადგენლები ზოგჯერ  მართავენ ღონისძიებებს. მაგალითად, ირლანდიის მისიაში ირლანდიის ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა გააკეთეს მრგვალი მაგიდა ახალგაზრდების ღირსეული დასაქმების თემაზე. მეც, რა თქმა უნდა, დავესწარი რამდენიმე ასეთ ღონისძიებას. ჩემი აზრიც დავაფიქსირე, დისკუსიებში ჩავერთე.

საინტერესოა სხვა ქვეყნების მისიებში მისვლა. ეს ცოტათი იმას გავს, ვინმესთან სახლში რომ მიდიხარ და აკვირდები: ამას დიდი სახლი აქვს, ამას ბევრი თანამშრომელი ჰყავს, ამას -ნაკლები.

დიპლომატობა რომ „ფულში ხრჩობას“ ნიშნავს, მითია. ჩვენი დიპლომატები ერთოთახიან ბინებშიც ცხოვრობენ და მანქანებით საცობებშიც ხვდებიან. ძალიან ძნელია, ქართული ბიუჯეტით ამერიკისთვის შესაფერისი ანაზღაურების გადახდა და იქაური ცხოვრების უზრუნველყოფა. ყველა განხილვაზე დასასწრებადაც კი არ გვყავს დიპლომატების საკმარისი რაოდენობა.

ხშირად ისიც ჰგონიათ, რომ ახალგაზრდობის წარმომადგენლობა ფუფუნებას ნიშნავს. ჩემი პროგრამის ბიუჯეტი ამერიკაში ორივე ვიზიტისთვის და საქართველოში რეგიონული ტურის ჩასატარებლად ჯამში არის 17 ათასი ლარი. ამ პირობებში სასტუმრო მხოლოდ 3 ღამით ავიღე. კიდევ 2 დღით გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომელმა მიმასპინძლა გულუხვად, დანარჩენი 3 ღამე კი ჩემს ნაცნობებთან გავატარე. ღონისძიებებზე ძირითადად მისიის თანამშრომლებს ანდაც სტაჟიორებს დავყავდი. ორიოდე ღონისძიებაზე სხვა ახალგაზრდობის წარმომადგენლებსაც გავყევი.

სასტუმროს გარეშე მინდოდა, ვფიქრობდი ნაცნობებთან გავჩერებულიყავი, თუმცა ჩემი ნაცნობები შორს ცხოვრობენ გაეროდან. ნიუ-იორკული საცობების პირობებში კი მოხალისეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ ვეტარებინე იმ სიშორიდან, ვერ გამოვიდოდა.

რამდენი პოლიციელი გაათავისუფლეს შსს-ს გენინსპექციის მოკვლევის შემდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგად ბოლო სამ წელში 484 პოლიციელი გაუშვიათ სამსახურიდან. დისციპლინური სახდელის ყველაზე მკაცრი ზომა 2018 წელს 151 შემთხვევაში გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2017 წელს – 175, 2016 წელს – 158. 2019 წლის მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს.

დისციპლინური სახდელებიდან 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ ყველაზე ხშირად შენიშვნა გამოუყენებია – 665 შემთხვევა, საყვედური – 342 შემთხვევა, სასტიკი საყვედური – 384 შემთხვევა.

ბოლო სამი წლის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ადმინისტრაციული სახდელებიდან ყველაზე ხშირად შინაგან საქმეთა სამინისტრო სასტიკ საყვედურს იყენებდა – 891 შემთხვევა [შენიშვნა – 480]. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, პოლიციელების წინააღმდეგ ყველაზე ხშირად შენიშვნა გამოიყენა.

ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხეს“ დგამს

ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში, ტბასთან, მინიმუმ 4 მეტრი სიმაღლის, მონუმენტური „ნატვრის ხის“ დადგმას აპირებს. ნურის ტბასთან „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კონკურსი უკვე გამოაცხადა.

საკონკურსო პირობის მიხედვით, „ნატვრის ხე“ უნდა იყოს მონუმენტური სახის, ლითონის კონსტრუქციის, ხოლო კვარცხლბეკი [თუ მსგავსი მოისაზრება] შესაძლებელია იყოს გრანიტის ან სხვა მასალისაგან დამზადებული.

„ნატვრის ხის“ სიმაღლე [კვარცხლბეკის ჩათვლით] არ უნდა იყოს 4 მეტრზე ნაკლები.

„ნატვრის ხე“ პარკში, ნურის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნდა იყოს სანახაობრივი, ღამით განათებული მასზე შებმული ფერადი ნათურებით და ბათუმის სიმბოლოებით, ღამე-ფერადი ნათურების ეფექტით, დღისით-ბათუმის სიმბოლოებით. ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, მასშტაბის თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს განთავსების ადგილის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობებს; ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა – თავისუფალი.“ – აღნიშნულია საკონკურსო პირობაში.

„ნატვრის ხის“ ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს. უშუალოდ საკონკურსო თანხა კი, 5 ათასი ლარია. კონკურსში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ნოემბერს დაიწყება და 6 ნოემბერს შეწყდება. ესკიზური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 დღეში უნდა მომზადდეს.

________________________________

მთავარი ფოტო: ნურიგელის ტბა ბათუმის ცენტრალურ პარკში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში რჩება

ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკა „მედინაში“ რჩება. ნეიროქირურგის, გიორგი ვალიშვილის თქმით, მას ოპერაცია გუშინ ღამით ჩაუტარდა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომაროება სტაბილურია. დაშავებულს თავის ძვლების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 17 ოქტომბერს, მეჯინისწყლის დასახლებაში მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭი „მედინაში“ გადაიყვანეს, ცოლ-ქმარი კი, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

ჰოსპიტლის პრესცენტრში დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებულებს მცირე დაზიანებები ჰქონდათ და ისინი ღამით კლინიკიდან წავიდნენ.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22-27 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15-20 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 5-10 დმ  – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 20 ოქტომბერს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შემდეგ ორ დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

შსს: მშობლებმა თავი შეიკავეთ ბავშვისთვის შეუსაბამო ქცევის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისგან

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია 7 წლის ბავშვის ასაკთან შეუსაბამო ცეკვა. ეს შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრებისა და ქეის-კონფერენციის მიზეზი გახდა.

ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.

მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინსივრცეში.

მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს პრესრელიზში.

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა ბათუმში, მეჯინისწყალზე

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სამი დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მძიმე დაზიანებებით “მედინაში” გადაიყვანეს, ერთი კაცი და ერთი ქალი კი – ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომანქანა ფიგურირებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

 

Exit mobile version