მთავარი,სიახლეები

რატომ არ შემოდიან ბათუმში საკრუიზო ლაინერები? – საზღვაო შრომის ბაზრის კვლევა

18.10.2019 • 2601
რატომ არ შემოდიან ბათუმში საკრუიზო ლაინერები? – საზღვაო შრომის ბაზრის კვლევა

“ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა არ არის მიმზიდველი ფართომასშტაბიანი საკრუიზო ლაინერებისთვის… 2016 წლიდან არც ერთი საკრუიზო ლაინერი არ შემოსულა ბათუმში,” – აღნიშნულია კვლევაში, რომლის მიზანიც საზღვაო შრომის ბაზრის შესწავლა იყო. კვლევა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთით.

კვლევის ფარგლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი გამოკითხეს, მათ შორის, საერთაშორისო საკრუინგო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლები, მეზღვაურები და კაპიტნები.

კვლევაში ცალკე თავი ეთმობა საკრუინგო საქმიანობას.

“გამოჩნდა, რომ საკრუინგო დასაქმების სფერო არ არის რეგულირებული სახელმწიფოს მიერ, რაც საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის ერთ–ერთი მთავარი სტანდარტია. საქართველო არ არის საზღვაო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის სრულფასოვანი წევრი. მაგალითად, არ არის მიერთებული ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონვენციას, როგორიცაა საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენცია (MLC),” – აღნიშნა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა კვლევის შედეგების პრეზენტაციის დროს, რომელიც დღეს, 18 ოქტომბერს, სასტუმრო “ადმირალში” გაიმართა.

კვლევის მიხედვით, ზოგადად მსოფლიოში საკრუიზო ტურიზმის ხარჯთეფექტურობა შემცირდა. სფერო სულ უფრო მეტად ხდება ფინანსურად დატვირთული, რის გამოც დღის წესრიგში დგას იაფი რესურსის მოზიდვის აუცილებლობა. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდებს მეზღვაურის პროფესიის მიმართ დაბალი მოტივაცია აქვთ.

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, საკრუიზო მიმართულებით საქართველოს გააქტიურება უმუშევრობის დონეს შეამცირებს და ამ რეალობას დროულად უნდა “გავუსწოროთ თვალი”.

“ჩვენ არ ვიყენებთ ამ პოტენციალს. საკრუიზო გემებზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1000-1500 ამერიკული დოლარია… ლეგალური დასაქმება შეამცირებს არალეგალურ შრომით მიგრაციას.

ქართველი მეზღვაურების შემთხვევაში, პრობლემად რჩება პრაქტიკის გავლა, ინგლისური ენის სწავლება უმაღლეს საზღვაო და პროფესიულ სასწავლებლებში,” – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

კვლევის თანახმად, დღემდე არ განხორციელებულა ბათუმის პორტის სარეკონსტრუქციო პროექტი (ნავმისადგომის 340 მეტრამდე გაფართოება და მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა), რისი ვალდებულებაც საქართველომ ამერიკულ საკრუიზო კომპანია “Royal Caribbean”-თან 2012 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით იკისრა.

“ამის გამო ბათუმის პორტში 2016 წლიდან არცერთი საკრუიზო ლაინერი არ შემოსულა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა რეგიონის/ქვეყნის ეკონომიკა,” – ვკითხულობთ კვლევაში.

საკრუიზო ლაინერებისთვის არის თუ არა დაგეგმილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა? – ვკითხეთ საზღვაო სააგენტოს წარმომადგენელს, ნინო ორაგველიძეს, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა. მან გვიპასუხა, რომ პორტი კერძო კომპანიისთვის აქვს გადაცემული სახელმწიფოს და სააგენტო ამ კუთხით ინფორმაციას არ ფლობს.

რაც შეეხება საერთაშორისო კანონმდებლობასთან თანხვედრას, ნინო ორაგველიძემ გვითხრა, რომ “მეზღვაურთა შრომის კონვენციის” პროცესი უკვე დაწყებულია და საქართველო 2020 წელს გახდება ამ კონვენციის წევრი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: