მთავარი,სიახლეები

რატომ არ ხედავს მთავრობა ბავშვებს, რომლებიც ბაღში ვერ დადიან

21.10.2019 • 2121
რატომ არ ხედავს მთავრობა ბავშვებს, რომლებიც ბაღში ვერ დადიან

„ეს არ არის ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა, როცა 4 წლის ბავშვს 4 კილომეტრის გავლა უწევს ბაღში მისასვლელად. დარღვეულია ბავშვის უფლებები, რაც კანონით არის განმტკიცებული და ბავშვთა უფლებების კონვენციითაც,“ – მიიჩნევს გაეროს ბავშვთა ფონდის – UNICEF-ის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ანა ჯანელიძე შემთხვევას, როცა ბავშვები მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის არქონის გამო ბაღებში ან საერთოდ ვერ დადიან, ან ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

4 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ ხულოში, სოფელ მთისუბანში მცხოვრებ ნუგოს და ლიზასაც.

გრძელი გზა საბავშვო ბაღამდე

სოფელ მთისუბანში სულ რამდენი ბავშვი ცხოვრობს ბაღის ასაკის. მათგან საბავშვო ბაღში სამი დადის, ორი ბავშვი კი, როგორც სოფელში ამბობენ, უარს აცხადებს ბაღში წასვლაზე. ბავშვებს ყოველ დღეს 4 კილომეტრის გავლა უწევთ ბაღამდე და უკან – სახლისკენ. ზამთარში კი, დიდთოვლობის გამო ბავშვები ბაღში საერთოდ ვერ დაჰყავთ.?:ეთერ თურაძე

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on შაბათი, 19 ოქტომბერი, 2019

რას სთავაზობს ადგილობრივი მთავრობა იმ ბავშვებს, რომლებიც კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლებით ვერ სარგებლობენ? რამდენია ასეთი ბავშვი და რამდენ სოფელში ემსახურება საბავშვო ბაღებს ტრანსპორტი? – ამ კითხვებით დღეს, 21 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს მიმართა. აღმოჩნდა, რომ აჭარაში არ გვაქვს სოფელი, სადაც საბავშვო ბაღს ტრანსპორტი ემსახურება. ყველგან გვიპასუხეს ერთი და იგივე: „საკითხის შესწავლა დაწყებულია“.

„თვითმმართველობას მაგის რესურსი არ აქვს, ეს ძვირი დაგვიჯდება,“ – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის სამდივნოში. ეს ის მუნიციპალიტეტია, სადაც განსაკუთრებით დიდია ეს პრობლემა – თოვლით დაფარული გზების გავლა მცირეწლოვან ბავშვებს არ შეუძლიათ იმის მიუხედავად, დღეში რამდენი კილომეტრის გავლა უწევთ შემოდგომაზე. ხულოს მერიაში ვერ გვითხრეს, რამდენია ეს ხარჯი, რაც მუნიციპალიტეტმა ვერ მოიძია. ხულოს 83 სოფელში ამჟამად სულ 20 ბაღია. სამდივნოში დასძინეს, რომ მალე სამი ახალი ბაღი გაიხსნება.

მცირეწლოვანი ბავშვების ტრანსპორტირებისთვის ფული ვერც შუახევის მუნიციპალიტეტმა გამონახა.

„ჩვენ უკვე ვსწავლობთ ამ საკითხს, უნდა შევიმუშავოთ მოდელი. თავდაპირველად, სავარაუდოდ ნიგაზეულის და ფურტიოს თემებში დაინიშნება ტრანსპორტი. ეს ის თემებია, სადაც ოჯახები დიდი მანძილით არიან დაშორებული საბავშვო ბაღებს. ვერ გეტყვით, ეს რა დაჯდება, ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის,“ – გვითხრა შუახევის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, იამზე ფუტკარაძემ.

შუახევში ამჟამად 11 საბავშვო ბაღია, 9 ალტერნატიული ჯგუფი და ორიც ახალი ბაღი იხსნება. პრესცენტრის მონაცემებით, დამატებით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საჭიროება არ არსებობს.

„არსად არ ემსახურება საბავშვო ბაღებს ტრანსპორტი. ჯერჯერობით ასეა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქედის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, აიშე თებიძემ. ქედაში, ჯამში, 64 სოფელში მცხოვრები ბავშვები 15 საბავშვო ბაღში დადიან. აიშე თებიძის თქმით, ამ თემაზე უმსჯელიათ, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„იყო წინადადება, რომ იმ ტრანსპორტს გადაეყვანა ბავშვები, რომლითაც საჯარო სკოლის მოსწავლეები გადაადგილდებიან, მაგრამ საბავშვო ბაღის აღსაზრდელს მშობელი მარტო ვერ გაუშვებს, ასევე მცირეწლოვანს სჭირდება სხვა აღჭურვილობა ტრანსპორტში. ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინება გვინდა,“ – აღნიშნა აიშე თებიძემ „ბათუმელებთან“.

„ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი 5 მიმართულებაზე… დეტალებს ახლა ვერ გეტყვით,“ – ამბობს ხელვაჩაურის მერიის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, არჩილ მხეიძე. ხელვაჩაურში სულ 18 ბაღია. არჩილის თქმით, ყველა სოფელში არ არის საჭირო ტრანსპორტი ბავშვებისთვის.

საკითხს სწავლობენ ქობულეთშიც. „დავალება“ ქობულეთის მერს უშუალოდ თორნიკე რიჟვაძისგან მიუღია, როცა ის 2019 წლის სექტემბერში ქობულეთში, სოფელ წყავროკაში, საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს დაესწრო და ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, რომ ბავშვის ბაღში მიყვანას ტრანსპორტის არქონის გამო ვერ შეძლებდა.

„სულ 29 ბაღია… ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა, კონკრეტულად რომელ სოფლებს სჭირდებათ ტრანსპორტი და როგორი იქნება ხარჯი, გადაწყვეტილება მიღებული არ არის,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.

რატომ არის შეუძლებელი საბავშვო ბაღის ბავშვებს მოემსახუროს ის ტრანსპორტი, რომელიც საჯარო სკოლების მოსწავლეებს ემსახურება? – კითხვის პასუხად აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრში ოფიციალურ ნაწილზე გააკეთეს აქცენტი: „სკოლები სამინისტროს ექვემდებარებიან, ბაღები – მუნიციპალიტეტებს.“

სამინისტროში გვითხრეს ისიც, რომ ამ პრობლემაზე მათთვის მუნიციპალიტეტებს არ მიუმართავთ.

„სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა კანონით: 2-5 წლის ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს სკოლამდელი განათლება… არ არის პასუხი ის, რომ საკმარისი ხარჯი არ არსებობს,“ – აღნიშნავს „გაეროს ბავშვთა ფონდის“ სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ანა ჯანელიძე. იგი მიიჩნევს, რომ ამ ასაკის ბავშვთა ტრანსპორტირების დროს უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოების საკითხი, რადგან ბევრ სოფელში შიდასასოფლო გზა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია.

გარდა ამისა, ანა ჯანელიძე ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „ალტერნატიულ ჯგუფებზე“, რომელიც სხვადასხვა სოფელში, მათ შორის, აჭარაში პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით წლების წინ შეიქმნა. საუბარია საჯარო სკოლის, ან სოფლის ცენტრში მდებარე რომელიმე თავისუფალ შენობაში მოწყობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე, სადაც ბავშვებთან მხოლოდ რამდენიმე საათით მუშაობენ აღმზრდელები. ამ ტიპის დაწესებულებაში არ არის კვების ბლოკი.

„კანონმდებლობა ხელს არ უწყობს ალტერნატიული სკოლამდელი განათლების სერვისების განვითარებას, ზღუდავს მას, რადგან კანონის მიხედვით, განისაზღვრა ცხრასაათიანი სამუშაო ღ საჯარო საბავშვო ბაღებში… კანონპროექტის განხილვის დროს ჩვენი ინიციატივა იყო ის, რომ ყოფილიყო ბაღი რამდენიმე საათითაც. რეალურად, ეს ძალიან კარგი საშუალება იყო იმ სოფლებისთვის, სადაც ბავშვების რაოდენობა ძალიან მცირეა. კიდევ ერთი ალტერნატივაა, მაგალითად, იმ სოფლებში, სადაც სულ ორი-სამი ბავშვია, ოჯახებში აღმზრდელის ვიზიტი კვირაში ორჯერ. ამ დროს თამაშით ბავშვი სწავლობს მარტივ უნარებს: მოსმენას, კონფლიქტის მართვას, წესების დაცვას და ასე შემდეგ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანა ჯანელიძემ. იგი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ მთავრობას შეუძლია პრობლემის გადაჭრა, თუკი რომელიმე ამ ალტერნატივას მიმართავს.

UNICEF-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აჭარის რეგიონი ბოლოდან მეორე ადგილზე მოხვდა, სადაც ბავშვები საბავშვო ბაღებში ვერ დადიან. აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები ბავშვების 54,8 პროცენტი [2-დან 5 წლამდე] საბავშვო ბაღში ვერ დადის. სულ ბოლო ადგილზე კი ქვემო ქართლია, სადაც გაცილებით მეტი ბავშვი ვერ დადის ბაღში, ვიდრე სხვა რეგიონებში.

ქვეყნის მასშტაბით კი, ამ ასაკის ბავშვების 30,5 პროცენტი ვერ დადის საბავშვო ბაღში.

„გარდა ამისა, გამოჩნდა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მხოლოდ 40 პროცენტი დადის საბავშვო ბაღში… ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას აჩენს სოციალური უთანასწორობის კუთხით. სხვადასხვა კვლევით ჩანს, რომ თუკი ბავშვი შედის სკოლის პირველ კლასში და მას არ აქვს შესაბამისი უნარები გამომუშავებული, სკოლებში სათანადოდ არ ხდება ამ უნარების განვითარება და უთანასწორობა ამ ბავშვებს და შედარებით პრივილეგირებულ თანატოლებს შორის წლებთან ერთად კიდევ უფრო იზრდება, მასწავლებელებს ხშირად არ აქვთ ეს უნარი, რომ განსხვავევებები ბავშვებს შორის დაძლიონ. შემდეგ კი, ყოველწლიურად ეს ნაპრალი იზრდება,“ – გვითხრა ანა ჯანელიძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: