ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„ოაზისი“ სანაპიროსთან, სახელმწიფო მიწაზე პროექტს უკანონოდ ახორციელებს

21.10.2019 • 2480
„ოაზისი“ სანაპიროსთან, სახელმწიფო მიწაზე პროექტს უკანონოდ ახორციელებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ჩაქვში, უშუალოდ პლაჟის გასწვრივ მდებარე 12 598 კვ/მ მიწა, პირდაპირი წესით საკუთრებაში 263 046 ლარად [1 კვ/მ-ს 20 ლარად და 88 თეთრად] უნდა გადასცეს – ამ ტერიტორიაზე 350 ათასი ლარის, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 15 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით.

ეს ინვესტიცია, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, კომპანიამ 2022 წლამდე უნდა განახორციელოს, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ტერიტორიაზე „ოაზისს“ თავის პროექტის განხორციელება დაწყებული და გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებული აქვს.

ტერიტორია [წითელ ხაზში], რომელიც „ოაზისს“ ნორმატიულ ფასად უნდა გადასცენ. google-ს რუკის მიხედვით ჩანს, რომ ამ ტერიტორიაზე გარკვეული სამუშაოები „ოაზისს“ უკვე ჩატარებული აქვს, გარკვეული კონსტრუქციებიც დამონტაჯებულია და ის „დრიმლენდ ოაზისის“ პროექტის შემადგენელი ნაწილია.

გამოდის, რომ სამუშაოები „ოაზისმა“ ფაქტობრივად უკანონოდ შეასრულა სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას არ ეკუთვნის და აჭარის მთავრობა ამ მიწას საკუთრებაში კომპანიას ახლა უფორმებს.

გაცემული იყო თუ არა გასასხვისებელ ტერიტორიაზე სამუშაოების/მშენებლობის ნებართვა და რა ინვესტიციაზეა საუბარი? – „ბათუმელები“ ქობულეთის მერიას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე სამუშაოებზე თუ მშენებლობაზე ნებართვა მუნიციპალიტეტს არ გაუცია და არც ზედამხედველობის სამსახურს დაუჯარიმებია ვინმე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ქობულეთის მერიაში გადაგვამისამართეს, სადაც ქობულეთის მერის მოადგილემ, დავით ვერულიძემ გვითხრა:

„ამ ტერიტორიაზე, რომელიც გადავეცით აჭარის მთავრობას „ოაზისზე“ გადასაცემად, კომპანიას აქვს გარკვეული სამუშაოები შესრულებული, თუმცა ეს არის ლანდშაფტური სამუშაოები, ასე ვთქვათ, გალამაზება ტერიტორიის. იქ რაიმე შენობა-ნაგებობა, ისეთი, რომ რეაგირება გვქონოდა, არ დგას და არც აშენდება. მიმდებარედ მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება და მას სჭირდება ხელშეწყობა. მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო მუნიციპალიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში. სწორედ კომპანიის შემოთავაზება იყო, რომ ის დამატებით 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ძირითად პროექტში, ხოლო 350 ათასი ლარის ინვესტიციას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საკუთრებაში გადავცემდით. ამ ნაკვეთებზე ძირითადად მსუბუქი კონსტრუქციები იქნება, მაგალითად კაფე-ბარები და სხვა“.

აღნიშნული ტერიტორია, შემდგომში მისი პრივატიზების პირობით, აჭარის მთავრობას ქობულეთის საკრებულომ 2019 წლის მარტის განკარგულებით გადასცა. ტერიტორია ამავე წლის აპრილიდან უკვე აჭარის საკუთრებაშია.

ქობულეთის საკრებულომ კი დღეს, 21 ოქტომბერს, თანხმობა განაცხადა, ტერიტორია [ორი ნაკვეთი] პირდაპირი განკარგვის წესით, ნორმატიულ ფასად, საკუთრებაში გადაეცეს სწორედ „დრიმლენდ ოაზისს“ და საკრებულოს მარტის განკარგულებაში 1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასიც დააკონკრეტა – 20,88 ლარი.

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ამ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად თავად ითხოვდა. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში ამ ნაკვეთებს შპს „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცემენ.

დოკუმენტებში მაშინ აღნიშნული იყო, რომ „დრიმლენდ ოაზისს“ ზემოთ აღნიშნული ნაკვეთები უკვე მიმდინარე საინვესტიციო პროექტის [მრავალფუნქციური კომპლექსის] წარმატებით განხორციელებისთვის სჭირდებოდა.

ამ პროექტის განხორციელება კი აქ კომპანიამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მაშინდელი ინფორმაციით, 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.

ტერიტორია, რომელიც „ოაზისს“ პირდაპირი წესით უნდა გადასცენ, უშუალოდ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთსა და პლაჟს შორის მდებარეობს. ეს პლაჟიც „დრიმლენდ ოაზისზეა“ გადაცემული.

სასტუმრო „ოაზისის“ მოპირდაპირედ მდებარე 12 320 კვ/მ ფართობის პლაჟი, 2019 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ შპს „დრიმლენდ ოაზისს“ 10-წლიანი იჯარით გადასცა.

ამ თემაზე ვრცლად:

პროტესტის მიუხედავად, საკრებულომ ჩაქვის პლაჟი „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: