ანდრია პირველწოდებულის 4 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას იმ ბინების საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, რომლებშიც, მათი განცხადებით, 35 წელზე მეტია ცხოვრობენ.
ათი ოჯახი გონიოს ციხის მიმდებარედ, ძველ სამხედრო ბინებში ცხოვრობს. მოქალაქეებმა დღეს, 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს.
„ადრე აქ იყო სამხედრო ბინები და ჩვენი ოჯახები ცხოვრობდა. თუმცა წლები გავიდა და ბინები საკუთრებაში ვერ გავიფორმეთ. რადგან ბინები საკუთრებაში არ გვაქვს, ვერ ვაგვარებთ კომუნალურ საკითხებს.
ზამთარი მოდის, ბინაში კი არ გვაქვს ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, სახურავი შესაკეთებელია. ბავშვები გვყავს, “- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლეილა შაქარაძე.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ყოველი არჩევნების წინ ხელისუფლების წარმომადგენლები ბინების საკუთრებაში გადაცემას ჰპირდებიან, თუმცა საბოლოოდ მაინც უარს იღებენ.
„სამმა ოჯახმა მოახერხა ბინების გაფორმება, არ ვიცი როგორ, ჩვენ კი უარს გვეუბნებიან,“ – ამბობს შაქარაძე. მისი თქმით, კორპუსების წინ პატარა მიწის ნაკვეთებიც აქვთ, სადაც ბოსტნეული მოჰყავთ.
აქციის მონაწილეებთან იმყოფება ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული მოქალაქეები არ არიან ბინებში უკანონოდ შესახლებულები.
„ადრე, როცა აქ რუსული სამხედრო ბაზა არსებობდა, აქ მსახურობდნენ ეს ადამიანები. შემდეგ, როცა დაიშალა რუსული ბაზა, დაექვემდებარენ საქართველოს თავდაცვას, თუმცა მოქალაქეებს ბინები მაინც არ გაუფორმეს. ამ დროისთვის ეს ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.“
აჭარის ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენს საინვესტიციო ტერიტორიას, რომლის განვითარების კონცეფციაც სამინისტრომ მოამზადა.
„თვითნებურად ქონების დაკავების საკითხების შემსწავლელი კომისია იმჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას წერილობით ეცნობება,“ – გვითხრეს სამინისტროში.
თუმცა, 2014 წელს, აჭარის მთავრობას კომისია ჰქონდა შექმნილი, რომლის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით გაბაიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ყოფილ სამხედრო დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ.
„აჭარის სამთავრობო კომისიამ უკვე განსაზღვრა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც პირველ და მეორე ეტაპზე „დასაკმაყოფილებელთა“ განცხადებებს გადაარჩევენ“-აცხადებდა 2014 წელს გაბაიძე.
ამავე თემაზე: