კვირის ამბები

აჭარის მთავრობა „სამხედრო ბინებს“ დააკანონებს

15.03.2014 • 2103
აჭარის მთავრობა „სამხედრო ბინებს“ დააკანონებს

ბატონო დავით, უფრო მარტივად რომ აუხსნათ მოსახლეობას, რომელ ფართობებზეა საუბარი?

საუბარია სასაზღვრო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ადრე არსებულ ბინებზე, რომლებიც დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ირიცხება. უფრო გასაგები რომ გახდეს, მაგალითად, ავიღოთ ვინმე პეტროვი, რომელიც მსახურობდა რუსის ჯარში საქართველოს ტერიტორიაზე. მასზე გაცემული იყო ორდერი და ის ცხოვრობდა სახელმწიფოს კუთვნილ ბინაში. შემდგომში მან ეს ორდერი დაუტოვა საქართველოს მოქალაქეს გარკვეული თანხის ფასად და დაბრუნდა რუსეთში. მყიდველი ამ ბინას ვერ იკანონებს, გამომდინარე იქედან, რომ ორდერი სხვაზეა გაცემული. მხარეებმა დაარქვეს ამ ყველაფერს ნასყიდობა, მაგრამ ეს რეალურად ნასყიდობა არ იყო, რადგან ფორმის დაუცველად იყო დადებული.

ბათუმში სად გვაქვს ასეთი ბინები?

ბათუმში ამ ტიპის ბინები არის სვიშევსკის ქუჩაზე, მელიქიშვილის, ლერმონტოვის, აღმაშენებლის, ხიმშიაშვილის ქუჩებზე, ასევე არის ურეხში თეოდორე მღვდლის ქუჩაზე, გონიოში ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე… ეს არის ე.წ. გოროდოკის დასახლებები. გვაქვს ასევე ხელვაჩაურისა და შუახევისა ტერიტორიებზე, შედარებით მცირე რაოდენობაა ხულოს მუნიციპალიტეტში.

როდის დაიწყო კომისიამ მუშაობა და უკვე მოგმართათ თუ არა ვინმემ ფართობის დაკანონების მოთხოვნით?

ეს კომისია 2013 წლის 14 ნოემბერს შეიქმნა. ამ დროისთვის კომისიამ უკვე შეისწავლა და დაახარისხა ხუთასამდე განცხადება. გამოიკვეთა განმცხადებლების სამი კატეგორია. ყოფილი სამხედრო პირების ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს ნებით შესახლდნენ ამ ფართობებში და სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგ, წესით, მათ უნდა დაეტოვებინათ ეს ფართობები, მაგრამ აგრძელებდნენ ცხოვრებას. სახელმწიფომ ვერ გამოასახლა იმიტომ, რომ თავის დროზე სახელმწიფოს ნებით იყვნენ შესული, მაგრამ ვერც უკანონებდნენ. დაკანონებას ხელს უშლიდა, პირველ რიგში, შესაბამისი ნების არ არსებობა. მეორე იყო ის, რომ თვითონ ის უწყებები, რომლებსაც ეკუთვნოდათ თავის დროზე, არ იძლეოდნენ მათი დაკანონების თანხმობას. მათ ეს ფართობები მოქმედი სამხედრო მოსამსახურისთვის სჭირდებოდათ.

 ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებელთაგან ვინც მოგმართავთ, ყველას აქვს შანსი დაიკანონოს ფართობი, თუ რაიმე კრიტერიუმები არსებობს?

რაც შეეხება კრიტერიუმებს, პირველი ისაა, რომ ფართობი უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება, პირი უნდა წარმოადგენდეს მართლზომიერ მოსარგებლეს, ანუ სახელმწიფოს თანხმობით უნდა იყოს შესული და უნდა გააჩნდეს სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ თავის დროზე ამ პირის ფართობში შესვლა იყო სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ნება და არა თვითნებობა. იმ შემთხვევაში, თუ ფართობი თვითმმართველობის საკუთრებაშია, კომისია შეისწავლის და გასცემს რეკომენდაციას ფართობის დაკანონების თაობაზე. შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარე გადასცემს ამ ბინებს მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად.

და ვინც თქვენ მიერ ჩამოთვლილ დოკუმენტებს ვერ წარმოადგენს ან თვითნებურად შესახლდა, მათ რა ბედი ელით?

ამ ეტაპზე კომისია შეისწავლის მხოლოდ იმ პირების განცხადებებს, რომლებმაც სახელმწიფოს თანხმობით დაიკავეს აღნიშნული ბინები. შევისწავლით მათ საქმეებსაც, რომლებსაც კანონიერად აქვთ ბინები დაკავებული, მაგრამ დოკუმენტები არ გააჩნიათ. რაც შეეხება ყოფილ სამხედრო ბინებში თვითნებურად შესახლებულებს, მათ საკითხზე კომისია ვერ იმსჯელებს. ასევე მინდა გთხოვოთ გააჟღეროთ ისიც, რომ კომისიის მუშაობა არ ეხება ე.წ. ოცნების ქალაქს და ასევე ბოლო დროს სხვადასხვა შენობაში უკანონოდ შესახლებულ ოჯახებს.

როდემდე იღებთ განცხადებებს კომისიაში?

17 მარტამდე მივიღებთ განცხადებებს, შემდეგ კი დავიბარებთ ამ მოქალაქეებს და გავმართავთ ზეპირ მოსმენას. მარტში დასრულდება ადმინისტრაციული წარმოება და დამტკიცდება შესაბამისი აქტი, კომისიის მუშაობის ვადა კი იწურება 2014 წლის 14 ნოემბერს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ეს ვადა გაგრძელდეს კიდეც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: