კვირის ამბები

“დრიმლენდ ოაზისი” – ინვესტიცია ევროპიდან

03.10.2014 • 5208
“დრიმლენდ ოაზისი” – ინვესტიცია  ევროპიდან

 

 

 

რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ აჭარაში 105-მილიონიანი ავსტრიული ინვესტიციის შემოსვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მთავრობის ინფორმაციით, “ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში”. პროექტის ფინანსური მენეჯერის თამარ სურგულაძის ინფორმაციით კი, 105 მილიონზე ვერ დავკონკრეტდებით: “რადგან ეს უკვე მოთხოვნაზე და გაყიდვაზეა დამოკიდებული”.

 

ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, “პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, სასტუმრო “ოაზისის” ძველი შენობა მოდერნიზებულია, დაიწყო აპარტოტელების მშენებლობა. შემდეგი ეტაპის დასაწყებად კი მნიშვნელოვანია მოთხოვნა. როგორი იქნება მოთხოვნა, ეს მომავალში გამოჩნდება.” 
ინვესტორი სასტუმრო “ოაზისის” მოდერნიზაციასა და თანამდეროვე აპარტოტელის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსში 21 ახალი საცხოვრებელი სახლი, 330 სასტუმროს ნომერი და 680 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელია (აპარტოტელი) გათვალისწინებული.

პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.

“ნამდვილად საამაყოა, რომ ამ თანამედროვე, ძალიან პერსპექტიული, აპარტოტელის ტიპის პროექტის განხორციელების ადგილად ავსტრიელმა ინვესტორებმა სწორედ საქართველოს კურორტი შეარჩიეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი სერიოზული პროექტების განხორციელებისთვის”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ახალი აპარტოტელის მშენებლობა ჩაქვში უკვე დაწყებულია. მშენებლობას ავსტრიაში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგის” დაკვეთით მისივე შვილობილი კომპანია `საქტურ კურორტი” ახორციელებს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, “საქტურ კურორტი” 2007 წელსაა დაფუძნებული. ეს კომპანია საქართველოში სწორედ “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგს” დაუფუძნებია თავის პარტნიორებთან ერთად. დღეის მდგომარეობით კომპანიის 58,4%-იან წილს კვლავაც “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” ფლობს. კომპანიის 33,3%-ს კი ფლობს ასევე ავსტრიული კომპანია `ალბერეტა”, რომელიც ვენაშია რეგისტრირებული, ხოლო 8,3%-ს მფლობელი საქართველოს მოქალაქე ნათია ბუკიაა.

2010 წლის დოკუმენტების მიხედვით კი “საქტურ კურორტს” “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგთან” ერთად შპს “მგ კომპანია” ფლობდა. 2013 წლიდან მგ კომპანი გადის ბიზნესიდან, მრავალმილიონიანი კაპიტალის მქონე კომპანიის წილები ასე ნაწილდება:

“ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” კომპანიის 58,4%-ის მფლობელად რჩება, 33,3%-ის მფლობელი ავსტრიული კომპანია “ალბერეტა” ფიქსირდება, ამ კომპანიამ “მგ კომპანიისგან” 33,3%-იანი 1000 ევროდ, ხოლო კომპანიის 8,4%-იანი წილი ნათია ბუკიამ “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი”-სგან 5 000 ევროდ შეისყიდა.

რეესტრის მონაცემებით, “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” საქართველოში პირველად 2007 წელს გამოჩნდა. სწორედ მაშინ დააფუძნა მან საქართველოში დეველოპერული კომპანია `საქტურ კურორტი”. 

კომპანიის 2013 წლით დათარიღებული წესდების მიხედვით, კომპანიის “საქტურ კურორტის” კაპიტალი 21 800 000 დოლარს შეადგენდა.
ამჯერად ავსტრიული საინვესტიციო კომპანია `ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი~ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტის `”დრიმლენდ ოაზისის” განხორციელებას გეგმავს. პროექტის ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოგების თვალსაზრისით ვითარება შეიცვალა, სწორედ ამიტომ საინვესტიციო კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში უფრო ფართომასშტაბიანი პროექტი განახორციელოს.
პროექტი “დრიმლენდ ოაზისი”, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც “საოცნებო მიწა” ევროპული სტანდარტების კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი 80 000 კვ.მ-ზე 21 შენობას მოიცავს, რომელშიც 320 სასტუმროს ნომერი და 680 აპარტამენტი განთავსდება. პროექტი 5 წლის მანძილზე, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ის 2019 წლის ბოლოს დასრულდება. `დრიმლენდ ოაზისი” “საქტურ კურორტის” არქიტექტორებმა ბულგარელ კოლეგებთან ერთად დააპროექტეს.

პროექტის სამშენებლო გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ლარი უნდა შევიდეს, მშენებლობაზე 300-მდე მოხელე დასაქმდება და კომპლექსის სტაფს 240 მუდმივი წევრი დაემატება.

პროექტი სამი ღია და დახურული საცურაო აუზის, სპა და სარეაბილიტაციო ცენტრის, ღია და დახურული ფიტნესცენტრების, ბავშვების გასართობი ცენტრების, სკვერების, ევროპული და ქართული რესტორნების, ბუნგალოების, სავაჭრო ცენტრის, დახურული მულტიფუნქციური გასართობი ცენტრის, ფეხბურთისა და საჩოგბურთო მოედნების, ხელოვნური ტბის მოწყობას და ასევე ღამის კლუბის განთავსებას ითვალისწინებს.

პროექტის გაყიდვების მენეჯერის, თამარ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიას პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინების 10%-ი გაყიდული აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: