მთავარი,სიახლეები

მესხიშვილის თეატრი ქუთაისში მოსკოვის თეატრს მასპინძლობს – აქტივისტები აქციას გეგმავენ

19.10.2019
მესხიშვილის თეატრი ქუთაისში მოსკოვის თეატრს მასპინძლობს –  აქტივისტები აქციას გეგმავენ

დღეს, 19 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრი მოსკოვის თეატრს „ნიკიტკის კარიბჭეს“  მასპინძლობს. აფიშის მიხედვით თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს –  „არ დამივიწყო“  19 ოქტომბერს, ხოლო „ჩვენი ეზოს  სიმღერები“ 20 ოქტომბერს.

დაგეგმილი გასტროლის შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციას, პროტესტი მოჰყვა ქუთაისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტებში.  მოქალაქეები, ამბობენ რომ დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის თეატრის მსახიობებმა ქუთაისში სპექტაკლი ითამაშონ.

თავად მესხიშვილის თეატრის მენეჯმენტი, მოსკოვის თეატრის გასტროლში პრობლემას ვერ ხედავს.

სულხან გოგოლაშვილი, ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორი, ამბობს რომ მოსკოვის თატრი ქუთაისში მემორანდუმის ფარგლებში მოიწვიეს. ამ მემორანდუმში სხვა დამეგობრებული თეატრებიც შედიან.

„ხდება კულტურული გაცვლა თეატრებს შორის. არანაირი სახელმწიფო სტრუქტურები ჩარეული არაა.  გასაგებია მათი პროტესტი [მოქალაქეების]. მეც ვთვლი რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მე არ ვიღებ ოკუპანტ რუსეთს თეატრში. მე ვიღებ კულტურულ რუსეთს. რომელსაც მემგონია ჩვენ არ ვებრძვით, ისევე როგორც არ ვებრძვით სპორტულ რუსეთს, ისევე როგორც არ ვებრძვით ტურისტულ რუსეთს. რატომ დადის მაშინ რეზო გაბრიაძე მოსკოვში და რატომ ატარებს სპექტაკლებს, რატომ მღერის ნინო ქათამაძე, რატომ ვყიდით ღვინოს რუსეთში, მაშინ თუკი ესეთი პროტესტია?“ – სვამს კითხვებს სულხან გოგოლაშვილი „ბათუმელების“ კითხვების პასუხად.

გოგოლაშვილის თქმით, მოსკოვის თეატრის ქუთაისში გასტროლი სახალხო დიპლომატიაა.

„ეს სახალხო დიპლომატიაა და პირიქით ხელს შეუწყობს ძალიან  ბევრი პრობლემის მოგვარებას.  მაშინ გავიდეთ მოედანზე, დავანთოთ ცეცხლი, დავწვათ ჩეხოვი, დოსტოევსკი, გოგოლი, გრიბოედოვი და ა.შ. მაშინ ვინ ვიქნებით მსოფლიოს თვალში, ჩვენ თუ კულტურულ რუსეთს დავუწყეთ ბრძოლა? მე ნამდვილად  ვიცი რომ ეს თეატრი არ არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი, ამიტომაც ვმეგობრობ. ამ თეატრმა 2008 წლის შემდეგ დადგა ქართული სპექტაკლი „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელიც ჩამოტანილი ჰქონდა ქუთაისის თეატრში 2017 წელს. მე არ ვთვლი რომ ეს თეატრი რუსული პოლიტიკის გამტარებელია,“ – ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილის თქმით, მოსკოვის თეატრის გასტროლს არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია არ აფინანსებს და ისინი თავიანთი ხარჯით ჩამოდიან.

აქცია მოსკოვის თეატრ „ნიკიტკის კარიბჭეს“  ქუთაისში დაგეგმილი გასტროლის გასაპროტესტებლად მესხიშვილის თეატრის წინ დღეს, 19 ოქტომბერს, 19 საათზეა დაგეგმილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2724559620901026&set=a.199815820042098&type=3&theater

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: