მთავარი,სიახლეები

ესმა გუმბერიძის მოსაზრება გაეროს ასამბლეის სხდომის შემდეგ

18.10.2019 • 2129
ესმა გუმბერიძის მოსაზრება გაეროს ასამბლეის სხდომის შემდეგ

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი

_______________________________

რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი გაეროდან, სადაც ვესწრებოდი გენერალური ასამბლეის მე-3 კომიტეტის სხდომებს. გენერალური ასამბლეა გაეროს ერთ-ერთი წამყვანი მმართველი ორგანოა. პარლამენტს ჰგავს. სწორედ გენასამბლეაზე იკრიბებიან სახელმწიფოების წარმომადგენლები სხვადასხვა საკითხის განსახილველად. გაერო ხომ მსოფლიო პოლიციელი კი არაა, არამედ შეკრების ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც სხვაგან არ საუბრობენ და რომელთაც ხშირად დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენათა განსახილველად.

სახელმწიფო მეთაურების კვირეულის გარდა, სადაც პრეზიდენტები და   პრემიერ-მინისტრები გამოდიან და რომელიც ყველაზე ცნობადი მოვლენაა გენასამბლეის კუთხით, ასამბლეის ფარგლებში იმართება რამდენიმე თემატური კომიტეტის სხდომაც. მაგალითად მე-3  კომიტეტი პასუხისმგებელია ინკლუზიაზე და ადამიანის უფლებებზე. ის ორი თვის განმავლობაში იმუშავებს და მის ფარგლებში, გაეროსთან მუდმივი წარმომადგენლების/ელჩებისა თუ მისიებში მომუშავე დიპლომატების მონაწილეობით, შემუშავდება რეზოლუციები, მათ შორის ახალგაზრდების შესახებ რეზოლუციაც.

ახალგაზრდობის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც აქვთ საკმარისი დაფინანსება, ასევე შეუძლიათ დარჩენა რამდენიმე კვირით და რეზოლუციების შემუშავებაში მონაწილეობა სახელმწიფოების მისიებთან შეთანხმებით. მე-3 კომიტეტს აქვს ამ ორი თვისთვის დღის წესრიგი, სადაც რამდენიმე საკითხია გათვალისწინებული.

ახალგაზრდობის წარმომადგენლები, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან სოციალური განვითარების საკითხზე. სხვათა შორის, ახალგაზრდობის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისაუბრონ არამხოლოდ ახალგაზრდობასთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ყველაფერ იმაზე, რაც მათ აწუხებთ. თუნდაც ქალთა ან ასაკოვან ადამიანთა უფლებებზე. ახალგაზრდებისთვის ხომ ეს საკითხებიც მნიშვნელოვანია.

ამ კომიტეტის სხდომაზე არამხოლოდ ახალგაზრდობის წარმომადგენლები, არამედ კარიერული დიპლომატებიც გამოდიან სიტყვით. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ქვეყანას არ ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. მაგალითად, რუსეთს არ ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ამიტომ, როდესაც საქართველოს და უკრაინის ახალგაზრდობის წარმომადგენელთა გამოსვლებს გამოეხმაურნენ, კომენტარი ჩვენს ნათქვამზე რუსმა დიპლომატებმა გააკეთეს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საინტერესო იყო იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მოსმენა, სადაც ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები ხდება. ადამიანების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, წამება… რომ ვუსმენდი, ისე აქებდნენ თავიანთ ხელისუფლებას, რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ კეთილდღეობის სახელმწიფოებს აშენებენ, მართლა სამოთხე დედამიწაზე მოგეჩვენებოდა. არადა, უფლებადამცველებისგან მაქვს მოსმენილი იქ არსებული საშინელი სიტუაციის შესახებ.

ახალგაზრდობის წარმომადგენელთა უმრავლესობა ევროპიდანაა. კარიერული დიპლომატებისთვის ეს საკომიტეტო მოსმენები/სხდომები ყოველდღიურობაა. ისინი წერენ კომენტარებს და სხდომაზე კითხულობენ, დროში რომ ჩაეტიონ. თუმცა ზოგს მაინც არ ჰყოფნის გამოყოფილი 5 წუთი და მიკროფონს უთიშავენ.

სახელმწიფოთა ჯგუფების სახელით თუ კეთდება განცხადება (მაგალითად: ევროკავშირის, აფრიკის კონტინენტის) ამგვარი განცხადებებისთვის 12 წუთია გამოყოფილი. ეს ავტომატურად ხდება. მიკროფონის არგათიშვა იქნებოდა სახელმწიფოთა შორის თანასწორობის პრინციპის დარღვევა. წარმოიდგინეთ, 1 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაეტია 5 წუთში, მეორე 20 წუთს თუ ილაპარაკებს და დაიკავებს ტრიბუნას, უკვე უსამართლობა იქნება. ელექტრონულ ტაბლოზე ჩანს, დრო რამდენი დაგრჩა, თუმცა რადგანაც უსინათლო ვარ, ვერ დავინახავდი.

საინტერესოა, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა, როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა, ასევე დიპლომატებმა, ისაუბრეს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ ინკლუზიაზე.

როდესაც საჯარო გამოსვლაში სხვა ქვეყანას უარყოფითად ახსენებ, იმ ქვეყანას აქვს პასუხის გაცემის უფლება. ამიტომ რუსეთმა ჩემი და უკრაინის წარმომადგენლების გამოსვლას რომ უპასუხა, გასაკვირი არაა და მზადაც ვიყავით ამისთვის. არც მინერვიულია დიდად, რუსეთის პასუხი რომ მოვისმინე. პირადად არ მიმიღია, ვგრძნობდი, რომ ჩემ უკან მთელი ქვეყანა იდგა და ზურგს მიმაგრებდა იმაში, რასაც ვამბობდი.

სხვა დღეს, მე კი აღარ შევსწრებივარ, მაგრამ ახალგაზრდობის სხვა  წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი შეპასუხება  მოხდა კორეასა და იაპონიას შორის, თუმცა ზოგჯერ არც პასუხობენ. მაგალითად, კუბის წარმომადგენელმა აშშ-ს რომ დააბრალა მის სუვერენიტეტში ჩარევა USAID-ის მეშვეობით, აფინანსებინებს რა ისეთ პროექტებს, რომლებიც კუბის ხელისუფლებას აკრიტიკებენ, შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა. მეორე დღეს კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო დამნაშავეობასთან ბრძოლის საკითხზე რომ ისაუბრა უკრაინის წარმომადგენელმა და რუსეთის აგრესიას დაუკავშირა კრიმინალის ზრდა, მას რუსეთმა აღარ უპასუხა.

ჩემმა გამოსვლამ სხვა ქვეყნების ახალგაზრდობის წარმომადგენლებიც დააინტერესა. განსაკუთრებით გამიხარდა, ინდონეზიელი რომ მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემ მიერ მოყოლილმა გალელი გოგოს ისტორიამ შეძრა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ინდონეზია საქართველოსგან გეოგრაფიულადაც ძალიან შორსაა და არც იმდენი ინფორმაცია აქვთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ ჩემი ისტორია გასაგები აღმოჩნდა.

საკომიტეტო მოსმენების გარდა, რომლებიც ვიდეოზე იწერება, ახალგაზრდობის წარმომადგენლები ზოგჯერ  მართავენ ღონისძიებებს. მაგალითად, ირლანდიის მისიაში ირლანდიის ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა გააკეთეს მრგვალი მაგიდა ახალგაზრდების ღირსეული დასაქმების თემაზე. მეც, რა თქმა უნდა, დავესწარი რამდენიმე ასეთ ღონისძიებას. ჩემი აზრიც დავაფიქსირე, დისკუსიებში ჩავერთე.

საინტერესოა სხვა ქვეყნების მისიებში მისვლა. ეს ცოტათი იმას გავს, ვინმესთან სახლში რომ მიდიხარ და აკვირდები: ამას დიდი სახლი აქვს, ამას ბევრი თანამშრომელი ჰყავს, ამას -ნაკლები.

დიპლომატობა რომ „ფულში ხრჩობას“ ნიშნავს, მითია. ჩვენი დიპლომატები ერთოთახიან ბინებშიც ცხოვრობენ და მანქანებით საცობებშიც ხვდებიან. ძალიან ძნელია, ქართული ბიუჯეტით ამერიკისთვის შესაფერისი ანაზღაურების გადახდა და იქაური ცხოვრების უზრუნველყოფა. ყველა განხილვაზე დასასწრებადაც კი არ გვყავს დიპლომატების საკმარისი რაოდენობა.

ხშირად ისიც ჰგონიათ, რომ ახალგაზრდობის წარმომადგენლობა ფუფუნებას ნიშნავს. ჩემი პროგრამის ბიუჯეტი ამერიკაში ორივე ვიზიტისთვის და საქართველოში რეგიონული ტურის ჩასატარებლად ჯამში არის 17 ათასი ლარი. ამ პირობებში სასტუმრო მხოლოდ 3 ღამით ავიღე. კიდევ 2 დღით გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომელმა მიმასპინძლა გულუხვად, დანარჩენი 3 ღამე კი ჩემს ნაცნობებთან გავატარე. ღონისძიებებზე ძირითადად მისიის თანამშრომლებს ანდაც სტაჟიორებს დავყავდი. ორიოდე ღონისძიებაზე სხვა ახალგაზრდობის წარმომადგენლებსაც გავყევი.

სასტუმროს გარეშე მინდოდა, ვფიქრობდი ნაცნობებთან გავჩერებულიყავი, თუმცა ჩემი ნაცნობები შორს ცხოვრობენ გაეროდან. ნიუ-იორკული საცობების პირობებში კი მოხალისეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ ვეტარებინე იმ სიშორიდან, ვერ გამოვიდოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: