მთავარი,სიახლეები

ლიზა და ნუგო – ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღამდე 4 კილომეტრს გადიან ფეხით [ვიდეო]

19.10.2019 • 2211
ლიზა და ნუგო – ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღამდე 4 კილომეტრს გადიან ფეხით [ვიდეო]

სოფელ მთისუბანში სულ რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს ბაღის ასაკის. მათგან საბავშვო ბაღში სამი დადის, ორი ბავშვი კი, როგორც სოფელში ამბობენ, უარს აცხადებს ბაღში წასვლაზე. ბავშვებს ყოველდღე 4 კილომეტრის გავლა უწევთ ბაღამდე და უკან – სახლისკენ. ზამთარში კი, დიდთოვლობის გამო,  ბავშვები ბაღში საერთოდ ვერ დადიან.

მთისუბანი ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ნანა შაინიძე ერთ-ერთი მათგანია. ნანას ორი შვილი ჰყავს – უფროსი გოგონა უკვე სკოლაში დადის, 4 წლის ნუგო კი ბაღში, მეზობელ სოფელში. ნანა ამბობს, რომ მის შვილს ძალიან უჭირს შორ მანძილზე ფეხით სიარული, ამიტომ დედას ის ხშირად ხელში აყვანილი მიჰყავს. ბიჭს განსაკუთრებით უკანა გზაზე – ციცაბო აღმართში უჭირს ასვლა.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/535617713868229/

ნანას თავის შვილთან ერთად ბაღში ზოგჯერ მეზობლის 5 წლის გოგონა – ლიზაც მიჰყავს. ზოგჯერ კი ამ გზას ბავშვები ლიზას მამასთან ერთად გადიან. ასე მონაცვლეობით ცდილობენ მშობლები საბავშვო ბაღამდე გზის სირთულის დაძლევას.

ბავშვების მშობლები ფიქრობენ, რომ ბაღის გარეშე პატარები სათანადო განათლებას ვერ მიიღებენ, ამიტომ თავს არ ზოგავენ, რომ პატარებს სკოლამდელი განათლების შესაძლებლობა არ წაართვან.

პატარების მშობლები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, ასევე აჭარის მთავრობას სთხოვენ, რომ გამონახონ რესურსი, რათა ბავშვების ბაღში ტრანსპორტირებისთვის მიკროავტობუსი გამოყონ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: