მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ახალ ბულვართან ყიდის მიწას, მერია კი აქ მშენებლობის წინააღმდეგია

20.10.2019 • 2383
სახელმწიფო ახალ ბულვართან ყიდის მიწას, მერია კი აქ მშენებლობის წინააღმდეგია

სახელმწიფო აუქციონზე ყიდის მორიგ მიწის ნაკვეთს, რომლითაც კერძო პირი ამ დრომდე უკანონოდ სარგებლობდა და სარგებლობს. ამჯერად ასეთი ნაკვეთი ბათუმში, ახალ ბულვართან მდებარეობს და მას, აუქციონის პირობის მიხედვით, „პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  გარეშე იყენებს“. შესაბამისი დოკუმენტის გარეშე სახელმწიფო ქონების გამოყენებაზე კი, ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.

აუქციონზე 191 კვ/მ ნაკვეთია გატანილი, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის 63-ში [კაჩინსკების ქუჩის დასაწყისში] მდებარე კერძო ნაკვეთსა და ტროტუარს შორის მდებარეობს. ვინ იყენებს სახელმწიფო ქონებას უკანონოდ, ქონების სააგენტო არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ამ ნაკვეთზე სამშენებლო კომპანიის [არფი ჯგუფის] გაყიდვების ოფისი და კიდევ ერთი ჯიხურია განთავსებული.

„საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება [ჯიხურები, ღობე – ავტ.] არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს,“ – აღნიშნულია აუქციონის პირობაში.

როგორია ბათუმის მერიის მოსაზრება ამ ნაკვეთის პრივატიზებასთან დაკავშირებით? – ბათუმის მერის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ მერია ამ ნაკვეთზე რაიმე მშენებლობის წინააღმდეგია. ამასთან, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ახალი ხედვას“ [არფი ჯგუფი] საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან დამაკავშირებელ გზას და მიწის ამ ნაწილის პრივატიზება მიუღებელია.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი უპირობოდ – ყოველგვარი ფუნქციური დატვირთვისა და აკრძალვის გარეშე გაიტანა ნაკვეთი გასაყიდად და მას 143 000 ლარად [საწყისი ფასი] ყიდის. სააგენტომ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ 32 კვ.მ ფართობი დატვირთა სერვიტუტის უფლებით, „ახალი ხედვას“ სასარგებლოდ.

ბათუმის მერის მიერ აჭარის ფინანსთა
და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილიდან

მერის წერილს თუ დავეყრდნობით, „აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცესთან მისასვლელ გზას“, თუმცა ეს „მისასვლელი გზა“ რომ შემოღობილია და შიგ ჯიხურები დგას, მერიის შესაბამის სამსახურებს ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  გარეშე სახელმწიფო მიწის დაკავება და იქ რაიმე კონსტრუქციის ჩადგმა, მინიმუმ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვითხრეს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ორშაბათს მოგვაწვდიან.

რის საფუძველზე იყენებს აუქციონზე გატანილ ქონებას „არფი ჯგუფი“? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კომპანიაშიც ორშაბათისთვის დაგვპირდნენ.

შერიფ ხიმშიაშვილის 63 ნომერში არსებული ნაკვეთი შპს „ელიტ ჰაუსის“ საკუთრებაშია, მის გვერდით კი შპს „ახალი ხედვა“ მრავალსართულიან კორპუსებს აშენებს. აუქციონზე გატანილ ნაკვეთსაც, დიდი ალბათობით, ან ერთი კომპანია შეიძენს, ან მეორე.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შემოღობილი ტერიტორია, რომელიც აუქციონზე იყიდება

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შემოღობილი ტერიტორია, რომელიც აუქციონზე იყიდება

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე ამ ბოლოს კიდევ ერთი ნაკვეთი გაყიდა, რომელზეც ბიზნესმენი უკანონო მშენებლობას ახორციელებდა. ეს ნაკვეთი აუქციონზე, სწორედ ამ ბიზნესმენის კომპანიამ შეიძინა.

სახელმწიფო საკუთრებაში მიმდინარე უკანონო მშენებლობაზე კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არ არის და რეაგირება ბათუმის მერიამ უნდა მოახდინოს, ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ნაკვეთზე და თუ მშენებლობა ამ ნაკვეთს გასცდა, რეაგირება, პროექტის დარღვევაზე, ხელვაჩაურის მერიამ უნდა მოახდინოს.

საუბარია დიმიტრი ტვილდიანის მიერ სარფში სასტუმრო-კომპლექსს მშენებლობაზე.

ამ თემაზე ვრცლად:

ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: