სიახლეები

კომპანიამ, რომელიც სასტუმროს აშენებს, ტროტუარი უნებართვოდ მოშალა [ფოტო]

18.10.2019 • 1402
კომპანიამ, რომელიც სასტუმროს აშენებს, ტროტუარი უნებართვოდ მოშალა [ფოტო]

ანწუხელიძის ქუჩაზე, #14-თან, ფეხით გადაადგილებისას პირდაპირ მანქანების სავალ ნაწილზე მოგიწევთ გადასვლა, რადგან მშენებელმა კომპანიამ ტროტუარი მოშალა. მოშლილი ტროტუარის გაგრძელება კი, დაახლოებით 300 მეტრზე,  კომპანიას სამშენებლო ღობით აქვს შემოფარგლული. ამ ადგილზე შპს „ედ კაპიტალი“ ხუთსართულიან სასტუმროს აშენებს.

კომპანიას უკვე დაწყებული აქვს საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები. მშენებლობა პირდაპირ ტროტუარის გასწვრივ მიმდინარეობს, ამიტომაც კომპანიას სამშენებლო ღობის გასაკეთებლად, ასევე, სამშენებლო ტერიტორიასთან მისადგომად, მეტი სივრცე არ აქვს.

უცნობია, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში  ნებართვის გაცემისას ეს გაითვალისწინეს თუ არა.

გარდა ამისა, არსებობს იმ საკანალიზაციო გაყვანილობის დაზიანების საფრთხეც, რომლის მოწყობისთვისაც ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დაიხარჯა, რადგან მუშები პირდაპირ საკანალიზაციო მილზე გადაადგილდებიან.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

კიდევ ერთი საკითხი, რითაც ეს მშენებლობა ინტერესს იწვევს, მშენებლობის ფართობი და  დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბია. სამშენებლო მოედანზე მყოფი კომპანიის დირექტორი ედიშერ კაკაბაძე გვარწმუნებს, რომ მშენებლობას 1000 კვადრატულ მეტრზე აწარმოებს, რეესტრში გადამოწმებით კი ჩანს, რომ ამ მისამართზე „ედ კაპიტალი“ მხოლოდ 367 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს  ფლობს. შესაბამისად, საინტერესოა აკმაყოფილებს თუ არა კომპანია სამშენებლო რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნებს, თუნდაც მხოლოდ პარკინგთან დაკავშირებით.

ახალი რეგულაციით მშენებელი ვალდებულია ყოველ 120 კვადრატულ მეტრზე 1 საპარკინგე ადგილი ჰქონდეს.

კომპანიის დირექტორი ედიშერ კაკაბაძე გვარწმუნებს, რომ სასტუმროს ამანქანის გასაჩერებელი ხუთი ან ექვსი ადგილი ექნება.

ბათუმის მერიაშიც გვიპასუხეს, რომ ამ მშენებლობაზე ყველაფერი სტანდარტებს შეესაბამება: „პროექტში დაცულია ყველაფერი და შეთანხმებული გვაქვს“.

პროექტის რენდერის მიხედვით კი, რომელიც ადგილზე არ არის გამოფენილი ყველას დასანახად [ამას კანონი ითვალისწინებს] და სამშენებლო ღობეზეა მიდგმული, ხუთსართულიანი შენობის პირველი სართული შედარებით მაღალჭერიანი იქნება, სადაც კომერციულ ფართობებს მოაწყობენ.

რაც შეეხება უნებართვოდ ტროტუარის მოშლის საკითხს, ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიას გააფრთხილეს და დაავალდებულეს, რომ ტროტუარი აღადგინოს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: