მთავარი,სიახლეები

ნავთობი მდინარე ბარცხანაში – ზღვასთან ახლოს

19.10.2019 • 2673
ნავთობი მდინარე ბარცხანაში – ზღვასთან ახლოს

მდინარე ბარცხანაში, შავი ზღვის შესართავთან ახლოს ნავთობის კერა ისევ გაჩნდა. მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული. მდინარის გვერდით მდებარე არხის მთელ სიგრძეზე ნიადაგსა და მცენარეულ საფარზეც ასევე ნავთობპროდუქტებიაა. სპეციალისტები ამბობენ რომ ეს იტორიული დაბინძურების ზონაა.

იმისათვის რომ ნავთობი ზღვაში არ ჩავიდეს, მდინარის კალაპოტში ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო  საშუალებაა, ე.წ. ბონური ზღუდეებია მოწყობილი.

ნავთობით დაბინძურებული მდინარე ბარცხანის სანაპირო ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ეს მოწყობილობები არის იმისათვის რომ ნავთობი არ გავრცელდეს მდინარეში და მდინარიდან არ ჩავიდეს ზღვაში. ის რომ მდინარიდან ზღვაში ჩადის და ზღვა ბინძურდება, ეს ფაქტი არ დაფიქსირებულა,” – უთხრა „ბათუმელებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა ნატო დავითაძემ.

მისივე თქმით, ბონური ზღუდეები მდინარეში ბათუმის „ნავთობტერმინალმა“ ჩააწყო. ადგილი, სადაც მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული, სოწრედ „ნავთობტერმინალს“ ესაზღვრება. თუმცა ტერმინალიც და გარემოსდაცვითი მაკონტროლებელი უწყებაც ამბობს რომ დაბინძურების გამომწვევი ბათუმის „ნავთობტერმინალი“ არაა.

 

ნავთობპროდუქტები მდინარე ბარცხანაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ეს შესაძლოა იყოს ისტორიული დაბინძურება. საბჭოთა კავშირის დროს, აქ იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მილებით უკავშირდებოდა პორტს. სამწუხაროდ არ არსებობს და არცერთ უწყებას არ აქვს რუკა, თუ რა მიწისქვეშა კომუნიკაციები გადის ამ ტერიტორიაზე. ფაქტია, რომ გრუნტიდან ხდება პერიოდულად ნავთობპროდუქტების გამოსვლა. ეს არამარტო წელს, არამედ შარშანაც დაფიქსირდა. იმის წინაც, სულ ფიქსირდება. ეს ადასტურებს იმას, რომ არის კონკრეტულად ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორია და ჩვენ კონკრეტულ სამართალდამრღვევ სუბიექტს ვერ ვადგენთ. შესაბამისად, მასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ღონისძიებასახ ვერ ვატარებთ,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ ნატო დავითაძემ.

ბათუმის „ნავთობტერმინალის“  ეკოლოგიის სამსახურის უფროსი თენგიზ გორდელაძე კატეგორიულად გამორიცხავს რომ მდინარის დაბინძურების მიზეზი შეიძლება ტერმინალი იყოს.

„გარემოს ზედამხედველობის სამსახურსაც არაერთხელ ვესაუბრეთ. არაერთი მოკვლევა ჩავატარეთ. დაბინძურება არ არის ჩვენი ტერიტორიიდან. ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ გარემოსდაცვას. თვეში 200-300 დოლარის მასალას ვხარჯავთ, გარდა იმისა რომ ჩვენი პერსონალი ამაზე მუშაობს. ჩვენ ამას არ ვითვლით, მთავარია ზღვაში არ გავიდეს. მთელი ზაფხული კარგად ვიყავით, მაგრამ ახლა უცებ ისევ გამოჩნდა. ვეძებეთ წყარო და ვერ ვნახეთ. ნავთობტერმინალის ტერიტორიიდან გარეთაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თენგიზ გორდელაძემ.

არხი მდინარე ბარცხანასთან, სადაც ნავთობპროდუქტებით მცენარეული საფარიცაა დაბინძურებული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: