მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ესმა გუმბერიძე გულწრფელობაზე, გრეტაზე და ქართველ ბავშვებზე

19.10.2019 • 2373
ესმა გუმბერიძე გულწრფელობაზე, გრეტაზე და ქართველ ბავშვებზე

ავტორი: ესმა გუმბერიძე

ამ ბოლო დროს გრეტა ტუმბერგის გარშემო უამრავი საუბარია. რომ არაბუნებრივია მისი აქტიურობა, რომ „ერთი დიდი პროექტის ნაწილია“, რომ „გამოიყენეს“, ისარგებლეს. ვიღაცამ მკითხა, მსგავსი მასშტაბური მოძრაობის წამოწყებას ხომ არ გეგმავ თბილისშიო. ყოველივე ამაზე ერთი მარტივი პასუხი მაქვს: ასე ის საუბრობს, ვინც გულწრფელად არ შეწუხებულა არავითარ საზოგადოებრივ პრობლემაზე. იმასაც ვიტყვი, რომ ქართულ და შვედურ საზოგადოებებს შორის უდიდესი სხვაობაა.

წარმოვიდგინოთ გრეტა, 16 წლის აუტიზმის მქონე გოგონა. მან შესანიშნავად იცის ინგლისური ენა. ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავმა სპეციალისტებმა იმუშავეს მასთან, მის განვითარებაზე. საუკეთესო პროფესიონალებმა. არანაირი რესურსი სისტემას არ დაუზოგავს მის მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდისთვის განათლებისა და განვითარების მისაცემად.

ჩვენთან გრეტას თანატოლი ბავშვი, რამდენიმე თვის წინ  მშენებლობაზე დაიღუპა, უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო! ის, სავარაუდოდ, ვერც სკოლაში დადიოდა, რადგან თავისა და ოჯახის სარჩენად თბილისში წამოვიდა. მასზე ვერაფერი გავიგეთ, მის საჭიროებაზე, მისი ხმა ვერ გავიგონეთ, სანამ არ დაიღუპა და მისი არსებობაც მაშინ გავიგეთ, როცა დაგვაკლდა! და რამდენია ასეთი თავის სარჩენად მძიმე სამსახურში გასული ბავშვი, რაც ნორმად მიგვაჩნია და ზოგს უხარია კიდეც.

ერთია, როცა ბავშვი დამოუკიდებლობას ეჩვევა არდადეგებზე ნახევარგანაკვეთზე, კვირაში რამდენიმე საათის მუშაობით და სულ სხვა, როცა სახიფათო სამუშაოზეა დღე და ღამე და სწავლის დრო აღარ აქვს. გურიაში და აჭარაში თურმე უამრავი ბავშვი სეზონურად აცდენს სკოლას და თურქეთში მიდის სამუშაოდ. არებს არ უწერენ – ვითომ პრობლემა არ შევუქმნათო, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები არც აღირიცხება და ბავშვი შეიძლება, ექსპლუატაციის მსხვერპლიც გახდეს. არადა ხომ შეიძლება ისე აღრიცხო, პრობლემა რომ არ შეუქმნა.

გრეტას რომ დავუბრუნდეთ: ბავშვებიც ხშირად წუხდებიან და უჩნდებათ სიკეთის კეთების სურვილი, სხვების თანაგრძნობა. მეც ასე 8 წლის როცა ვიყავი, მეზობლებს ჩუმ-ჩუმად ბრჭყვიალად შეფუთულ საჩუქრებს ვუდებდი. პატარა რაღაცებს, უმნიშვნელოს, თუნდაც კანფეტს, მაგრამ მეგონა, რაღაცას ვაკეთებდი. მინდოდა კია, ვცდილობდი… ბავშვის გარემოცვას აქვს განუზომელი როლი – შეუწყობს ის ბავშვის ამ მისწრაფებებს ხელს, თუ დასცინის, „დაამშვიდებს“, ნუ შეწუხდები შვილო, მაინც ვერაფერს შეცვლი, ჯობია დაისვენე, დაიძინე, ისწავლეო ეტყვის თუ გვერდში დაუდგება და მხარს დაუჭერს?

ბავშვობაში ჩემმა ბებიამ როცა გაიგო, რომ კონცერტის ორგანიზება მინდოდა მეზობელ ბავშვებთან ერთად, გარაჟი დაასუფთავა, საბანი ჩამოკიდა ჭიშკარზე – ვითომ თეატრის ფარდა, ანუ დამეხმარა ჩანაფიქრის განხორციელებაში. ატომური ბომბის არსებობის შესახებაც რომ გავიგე პატარაობაში, ძალიან შემეშინდა ბირთვული ომის, მაგრამ დედაჩემმა დამამშვიდა, ამ ომს იმიტომ არ იწყებს არავინ, რომ იციან, თუ ისვრიან, მათაც ესვრიანო და მეც მიმავიწყდა. მასე მოხდა გრეტას შემთხვევაშიც. ოღონდ მას არ მიავიწყეს, არ ჩაფარცხეს. მისი ღირებულებები დაემთხვა მის გარშემო საზოგადოების დიდი ნაწილის ღირებულებებს. ის გაამართლეს. მისი პროტესტი ლეგიტიმურად და დროულად მიიჩნიეს.

თავდაპირველად ის გულწრფელი იყო და არც მოელოდა ამხელა რეზონანსს. რა თქმა უნდა, ახლა კი ჰყავს კოორდინატორები, დამხმარეები, ორგანიზატორებიც, დიდი რესურსიც (აბა იალქნიანი გემით ამერიკაში წასვლას დიდი ფული სჭირდება, ორგანიზება და ძალისხმევა). ახლა ეხმარებიან კიდეც დაგეგმვაში, ხალხის მობილიზებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულწრფელი არაა. მასე არც მალალას არ ეგონა და არც უნდოდა, მისთვის რომ ესროლათ, მოეკლათ, შემდეგ გადაერჩინათ. ის ანონიმურად წერდა ბლოგებს, უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო. მაგრამ ეს გულწრფელობაა, ყურადღებას რომ იქცევს, თორემ მართლა ძალით რომ დაჯდე თბილისის ცენტრში კანცელარიის წინ, ამხელა რეზონანსს ვერ გამოიწვევ, თუ მართლა არ გჯერა, რისთვისაც ხმას იღებ და იბრძვი. თანაც ასეთი გულწრფელი გამოვლინებების დროს არ ელოდებიან, ისე მოდის ცნობადობა და ისე ხდები რეზონანსული.

_______

ავტორის შესახებ:

ესმა გუმბერიძე არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. ის აქტიისტია, რომელიც წლებია შშმ პირების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: