მთავარი,სიახლეები

ყოფილი სასტუმრო „ფრანციას“ ბინადარი: მერე ნუ ნანობთ, უწინ რა ლამაზი ბათუმი გვქონიაო

21.10.2019 • 3142
ყოფილი სასტუმრო „ფრანციას“ ბინადარი: მერე ნუ ნანობთ, უწინ რა ლამაზი ბათუმი გვქონიაო

„ამ კიბეს როცა ჩავივლი, ის მდოგვისფერი ნახატები მენატრება, ამ კედლებზე რომ ეხატა და გადაღებეს… ამ სახლს არავის დავანგრევინებ, სიკვდილამდე ამ კედლებში ვიცოცხლებ, ვიცი,“ – ამას ბათუმის ერთ-ერთ უძველეს სახლში მცხოვრები ნონა ანანიძე ამბობს. სამსართულიანი სახლი ყოფილი სასტუმრო „ფრანციაა“, რომელიც ზუსტად 135 წლის წინ, 1884 წელს, გახსნეს ბათუმში. მაშინ ზვიად გამსახურდიას ქუჩას, სადაც ახლა ეს სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც ლამაზი სახლი დგას, მიხეილის ქუჩა ერქვა.

სახლი ზვიად გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში, ყოფილი სასტუმრო „ფრანცია“

„პირველ-ხარისხოვანი სასტუმრო მიხეილის ქუჩაზე ბახმეტიევის სახლებში. 28 მშვენივრად მორთული ოთახი, სუფთა სასადილოთი, სადაც მზადდება ყოველგვარი ადგილობრივი და ევროპიული საჭმელები, მოსამსახურენი საოცარნი, ცქვიტნი და ზრდილობიანნი, თარჯიმანი ევროპიული და აზიური ენებისა,“ – ეს მე-19 საუკუნის ბოლოს გამოცემულ ღია ბარათში წერია, რომელიც კარლო კახიანის სტამბაში დაუბეჭდავთ. საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის ინფორმაციით, რომელმაც ეს ისტორიული ბარათი მოიპოვა, კარლო კახიანი იმავდროულად ამ სასტუმროს მფლობელი ყოფილა.

ნონა ანანიძეც ამ ისტორიულ სახლში დაბადებულა 1962 წელს. მაშინ სახლში შემორჩენილი ყოფილა სასტუმროს ხალიჩები, ბუხრები, ნახატები კედლებზე, საჯინიბო და თამბაქოს პირველი მაღაზიაც ბათუმში, რომელიც სასტუმროს პირველ სართულზე გაუხსნიათ ასევე მე-19 საუკუნის ბოლოს.

„აქ ასეთი დერეფანი კი არ იყო, ახლა რომ ცალ-ცალკე უნდა იარო, ფართო იყო, სუფრები იშლებოდა, მახსოვს… ხალხი ქეიფობდა და ჩვენ გვერდით ვთამაშობდით,“ – მიყვება ნონა ანანიძე და მეორე სართულის ვიწრო, ჩაბნელებულ დერეფანს მივუყვებით. იგი საკუთარი ბინის კარს აღებს და მანიშნებს, ეს გადაიღეთ, ძველიაო, არავის უხლია ხელიო.

აქ მცხოვრები ადამიანების თქმით, ეს კარი იღებოდა სასტუმრო „ფრანციის“ სასტუმრო ოთახშიც.

„კარები შემორჩა ძველი, სახელურებიც არ გამოგვიცვლია…“ – ამბობს და ისევ ბავშვური სიხარულით განაგრძობს მოყოლას, როგორ დგამდა კონცერტებსაც ფართო აივანზე, გვერდით გასაძრომი რომ  ჰქონდა რკინის ხვეულ კიბესთან. კიბე, თურმე, საჯინიბოსთან ჩადიოდა. „იქ ვიმალებოდი ბაღნობაში, კუკუ-დამალობანას რომ ვთამაშობდით,“ – დასძენს ღიმილით.

როდის გადაღებეს კედლები? – ამ კითხვაზე ნონა სევდიანდება და პაუზის შემდეგ განაგრძობს:

ნონა ანანიძე

„მახსოვს, მეორე კლასში ვიყავი, როცა მოვედი და ღებავდნენ ყველაფერს… ღებავდნენ ნახატებს, რომლებზეც ბავშვები ხშირად ვმარჩიელობდით, რა ჩანდა იქ. დედამ მითხრა, კარგია, რომ ღებავენ, სარემონტოა სახლიო, რა ვიცი… მერიის სამსახურებიდან იყვნენ. ასეთი იყო გადაწყვეტილება, ვინ რას გაბედავდა და იტყოდა,“ – მიყვება ის.

საცხოვრებელი ბინა ყოფილ სასტუმრო „ფრანციაში“ ნონას მამას მიუღია, როგორც დასაქმებულს გასული საუკუნის 50-იან წლებში. უცნობია, რატომ მიიღო საბჭოთა ხელისუფლებამ სასტუმროს საცხოვრებელ სახლად გადაკეთების გადაწყვეტილება, ან რატომ წაშალეს ყველა კვალი, რაც სასტუმრო „ფრანციას“ გაახსენებდა ადამიანებს, ამ შენობის შიგნით რომ შეასახლეს, ან დანარჩენებს.

ნონა ანანიძეს 20 წელი მკერავად უმუშავია. ახლა ძირითადად სახლში კერავს. ფართო მისაღების ერთ კუთხეში ახლაც ძველი „ზინგერის“ საკერავი მანქანა უდგას, მეორე კუთხეში – თანამედროვე. მიყვება, რომ „ზინგერს“ არ ეკარება, რადგან ძველისძველია და მას ისე უყურებს, როგორც ისტორიას. ნონა აქ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.

სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სამივე სართულზე 32 ოჯახი ცხოვრობს.

ნონა კატეგორიული წინააღმდეგია ძველი სახლისთვის სტატუსის შეცვლის, დანგრევის და მის ნაცვლად ახლის აშენების. ამბობს, რომ არც იმ შეკრებებს ესწრება, სადაც მსგავსი თემები განიხილება. უბრალოდ, მისმა მეზობლებმა იციან, რომ ნონა სახლს არ ყიდის.

„სხვებისთვისაც მითქვამს, ნუ დაანგრევთ ამ ძველს სახლს-მეთქი… მერე ფოტოებს უყურებენ და დარდობენ, დედა, უწინ რა ლამაზი ყოფილა ეს ჩვენი ბათუმიო. თანამშრომლებთან ერთად ვიყავი ერთხელ მისული მერიაში საქმეზე და კედელზე ჩემი სასტუმრო „დე ფრანსის“ სურათი არ დამხვდა? ვიკივლე სიხარულისგან. ლამაზი თუ არ არის, რატომ უკიდიათ კედელზე?“ – კითხულობს ნონა და კიდევ ერთ სიძველეს მაჩვენებს – კედლის ძველ ხალიჩას.

„ქალის მოტაცების სცენაა ეს… დედაჩემს გამოატანეს მზითევში. დედაჩემი კომახიძის ქალი იყო და ტრაბიზონში ცხოვრობდა. იქედან უსახსოვრეს ხალიჩა… კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ სასტუმროს ნახატებს მახსენებს,“ – ამბობს და მთხოვს, ისევ დერეფანში გავყვე. აქ ბევრგანაა ჩამოყრილი ბათქაში, დაზიანებულია შიდასაკომუნიკაციო სისტემა, სიბნელეა.

„ამაში გვჭირდება ჩვენ დახმარება, ეს მოგვიწესრიგონ. ამ სახლს ისე არაფერი მოუვა, ქვითაა ნაშენი,“ – ამაყად ამბობს ნონა და კიბის მოსახვევთან ჩერდება, იქ, სადაც ბავშვობაში დიდ აივანზე სათამაშოდ გადიოდა. აივანზე გასასვლელი და აივანიც ამოშენებულია – იქ უკვე სხვა ცხოვრობს.

დამშვიდობებამდე ქალბატონ ნონას ვეკითხები, რას ფიქრობს ქალაქზე, რომელსაც ახალი შენობები ცვლის. ის მოკლედ და მკაფიოდ მპასუხობს:

„რაღა ვთქვა? ქალაქმა პუნქტუალურობა დაკარგა…“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: