ბათუმის პორტში შემოტანილ გაყინულ ქათამში სალმონელა აღმოჩნდა – 23 ტონა ხორცი გაანადგურეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში [23 380კგ.] სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ამავე თემაზე:

„ბიუ-ბიუს ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა“- სურსათის უვნებლობის სააგენტო

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის უცხოური გემი დააჯარიმეს

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურთან ახლოს ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაუშვა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანი ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარით დააჯარიმა, რასაც დაემატა 5306,40 ლარი – გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

 

წყლის მიწოდება ბათუმში 8 ნოემბერს ღამით ოთხ ქუჩაზე შეწყდება – „ბათუმის წყალი“

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 8 ნოემბრის საღამოს 12 საათიდან 9 ნოემბრის დილის 8 საათამდე, ბათუმში წყლის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

ინასარიძის ქუჩა,
ფიროსმანის ქუჩა,
შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა,
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა.

კომპანიის განცხადებით, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“ .

კომპანიამ ანალოგიური შინაარსის განცხადება 5 ნოემბერსაც გაავრცელა, თუმცა ზოგიერთ აბონენტს წყალი მიეწოდებოდა. მაშინ დაზიანება გენერალ ასლან აბაშიძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაში იყო. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დაზიანება კვლავ აღნიშნული ადგილის მიმდებარედაა.

მთავარი ფოტო: წყალმომარაგების დაზიანებული მილი ა. აბაშიძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაში / 6.11.2019 / ფოტო: „ბათუმის წყალი“

დედამ, რომელმაც შვილი ცემაში დაადანაშაულა, სასამართლოში დუმილი არჩია

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა გიორგი ს.-ს, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედებოდა ბრალად. პროკურატურის ვერსიით, გიორგიმ ორჯერ სცემა საკუთარ დედას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დედას ხელი მკერდში ჩაარტყა, მეორეჯერ კი – სახეში გაარტყა. მსჯავრდებულის ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს.

გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოსამართლეს იმ მარტივი მიზეზით მოუხდა, რომ საქმეში ოჯახში ძალადობაზე პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა – დედამ კი სასამართლოში დუმილი არჩია.

„გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს გ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი (ოჯახში ძალადობა) დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ამავე საქმეში გამოძიება ბრალდებულს სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა. საუბარია სახლის კარის და იქვე მდებარე მაღაზიის ვიტრაჟის სანადირო თოფის გასროლით ჩამსხვრევაზე. ამ ნაწილში ბრალდებულს ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ის ამ დანაშაულის ჩადენამდე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ მოსამართლემ მას 3 ათასი ლარის გადახდაც დააკისრა.

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც 23 წლის მუშა, ანრი მახარობლიძე დღეს, 7 ნოემბერს, დაიღუპა? – სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე სხვადასხვა ვერსია აქვთ. კომპანია „გიგეროს“ დამფუძნებელმა, გია დოლიძემ კი გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ჯერ ვერ უპასუხებს, რადგან გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა.

„ჩვენი ინფორმაციით, ამწეზე იყო ორი მუშა და ბაგირი გაწყდა. საბედნიეროდ ერთი მუშა გადარჩა… აქ მშენებლობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობდა ხელახლა გადაღებვა,“- გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ. მისი განმარტებით, მერიას არ ევალებოდა ამწეს ტექნიკური გამართულობისა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოს კონტროლი იმის მიუხედავად, რომ ეს სახლი ჯერ მერიისთვის ჩაბარებული არ არის.

განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაში: „პირველადი ინფორმაციით, ხარაჩოს ბაგირია გაწყვეტილი… ჩვენი ინსპექტორები უკვე შევიდნენ ობიექტზე და დაიწყო მოკვლევის პროცედურები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია მიქაიამ, შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექციის უფროსმა შრომის ინსპექტორმა.

შრომის ინსპექციაში ასევე გვითხრეს, რომ ეს სამშენებლო ობიექტი ინსპექციას შემოწმებული არ ჰქონდა.

ამ უწყებების გარდა სამშენებლო სამუშაოებზე გარკვეულ შემთხვევებში კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი უწყება ახორციელებს, თუმცა აქ თქვეს, რომ მათ უფლებამოსილებას სცდება მსგავსი შემთხვევების კონტროლი.

ამ ეტაპზე უცნობია, ასევე, მუშაობდა თუ არა ამ ობიექტზე უსაფრთხოების ინსპექტორი, რომლის ყოლაც კანონში ბოლოს შესული ცვლილებების მიხედვით სავალდებულოა.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული პირის ბრალეულობა,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე. იურისტი განმარტავს, რომ არ არსებობს კონკრეტული სახელმწიფო უწყება, რომელიც ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომები შეამოწმოს. პაატა დიასამიძის აზრით, სახელმწიფო ვალდებულია, პრევენციული ღონისძიებები გაამკაცროს.

„სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების შემოწმებას, რადგან იქ მომეტებული საფრთხე არსებობს. თანაც, შემოწმება უნდა ხდებოდეს ისე, რომ დამსაქმებელმა წინასწარ არ იცოდეს ამის შესახებ. ყველა ზომა უნდა მიიღოს სახელმწიფომ, რომ დაცული იყოს ადამიანების სიცოცხლე… თუკი კონკრეტული სახელმწიფო ორგანო შეამოწმებს ობიექტს და შემდეგ აღმოჩნდება ის, რომ უსაფრთხოების ზომები იქ დაცული არ იყო, შესაძლოა, გულგრილი დამოკიდებულების გამო, ამ მოხელეს მიედავოს გამოძიება,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

21 ნოემბრიდან იკრძალება დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება და რეალიზაცია

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2019 წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება.

აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში.  აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.

დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე – 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას [საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა].

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება, რომლითაც გაფართოვდა აქციზის გადამხდელ პირთა წრე.

კერძოდ, დაემატა ის პირი, რომელიც ახორციელებს მის მიერ იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 (თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები), 2403 11 000 00 (ყალიონით მოსაწევი თამბაქო) 2403 19 000 00 (დანარჩენი) და 2403 91 000 00 (ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო) კოდებში მითითებული საქონლის  მიწოდებას.

თამბაქოს ნაწარმს დაემატა თამბაქოს ნედლეული/თამბაქოს ნარჩენები და „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქო, რომლის მიწოდებაც როგორც იმპორტიორის, ასევე, ადგილობრივი მწარმოებლის მიერ წარმოადგენს აქციზით დასაბეგრ ოპერაციას.

უფრო დაწვრილებით ნახეთ ბმულზე.

ამავე თემაზე:

მწეველები ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თუთუნზე გადადიან – რატომ არის თუთუნი იაფი 

უნებართვო მშენებლობა ძეგლში – გამოკითხვა პოლიციაში გაგრძელდა

„მეგონა, პრობლემა არ იქნებოდა, რადგან ფასადს არ ვეხებით და მხოლოდ შიდა სამუშაოებს ვაწარმოებთ“, – ასე აუხსნა მშენებლობის დიზაინერმა თეა გასვიანმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ძეგლზე უნებართვო სამუშაოების წარმოება.

„ვთქვათ, გეგონათ. მას შემდეგ, რაც გაფრთხილება მოგეცით და დაგაჯარიმეთ, რატომ არ გაჩერდით, ხომ აღარ გეგონათ უკვე. პრინციპი გაქვთ, რომ სააგენტოს მოთხოვნას არ უნდა დაემორჩილოთ?“- ისევ ჰკითხა მას ოლეგ ბოლქვაძემ, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ. თეამ თქვა, რომ „მძიმე საქმე გააჩერეს“. ოლეგ ბოლქვაძემ კი განმარტა, რომ „სახურავის გამოღება და იატაკის მოჭრა მსუბუქ სამუშაოებად ვერ ჩაითვლება“.

თეა ამბობს იმასაც, რომ დრო აღარ ჰქონდათ: „ამდენი პროცედურის დრო სადაა, ჩვენ ვამაგრებთ და ვასწორებთ – შეიძლება ჩავარდეს, თქვენ გინდათ ქაღალდები და ბიუროკრატია, მეც ვიცავ, მხატვარი ვარ.“

რამდენიმეწუთიანი ახსნა-განმარტებების შემდეგ, ბათუმში, მემედ აბაშიძის #23-ში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პოლიცია გამოიძახა. მიზეზი ძეგლზე უნებართვო სამუშაოებია. სააგენტოს განმარტებით, მოქალაქე, რომელიც ორჯერ გააფრთხილეს და დააჯარიმეს, სამუშაოებს ისევ აგრძელებს.

შენობაში გადაკეთებული და გალესილია კედლები. თეა ამბობს, რომ ის, რაც უნიკალური და ძველია, არ მოუშლიათ და შეფუთეს. გარდა ამისა,  მისივე თქმით, სახლის ქვეშ აღმოაჩინეს უნიკალური სარდაფი, რომლის შესახებაც არ იცოდნენ. სარდაფის კედლები წითელი აგურითაა ნაშენი, ხოლო იატაკზე ძველი უნიკალური ფილებია. თეას თქმით, აპირებენ შეინარჩუნონ ეს სარდაფი, როგორც სიძველე.

ოლეგ ბოლქვაძემ კიდევ ერთხელ აუხსნა მშენებლობის ხელმძღვანელს, რომ სიძველის  შენარჩუნების, მისი რესტავრირების სურვილის შემთხვევაშიც აუცილებელია დოკუმენტების მომზადება და სააგენტოს ძეგლების საბჭოსთვის წარდგენა:

„გვეჩქარება, რომ ვიცხოვროთო, რომ ამბობთ ჩვენ კარგად ვიცით, ეს მესაკუთრის ერთადერთი საცხოვრებელი არ არის და წვიმა არ გაწვიმთ თავზე“.

სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევის შესახებ სასამართლოს მიმართეს და სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან, სხდომის ჩანიშვნა კი გაურკვეველი დროით გადაიდო. ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი იცავს, ამ კანონით ძეგლზე უნებართვო სამუშაოები ისჯება. ამ მიმართულებით კონტროლი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივაა.

ადგილზე მოსული პოლიცია დაინტერესდა სააგენტოს პრეტენზიებით და მესაკუთრესაც მოუსმინა, პოლიციელებმა დაათვალიერეს სახლი და მიმდინარე  სადავო სამუშაოებიც. შემდეგ კი სახლის ერთ-ერთ მესაკუთრეს, ციალა ბეჟანიძეს და სააგენტოს წარმომადგენელს გიორგი გოგოლიშვილს პოლიციის მესამე განყოფილებაში გადასვლა სთხოვეს: „ადგილზე გავარკვევთ ყველაფერს“. თუმცა ციალა ბეჟანიძემ კატეგორიული უარი თქვა. მან ჩვენთან ისაუბრა იმაზეც, რომ მისი ვარაუდით, სააგენტო პიროვნულად ებრძვის.

„მეზობლები აკეთებენ და მხოლოდ მე რატომ მეუბნებიან უარს, იქ ვერ ხედავენ? – როგორ გამოვიყენოთ, ეს სახლები ძველია და ანტისანიტარიაა. თუ არ უნდათ, რომ გავარემონტოთ, მაშინ შეისყიდონ და გაუკეთონ კონსერვაცია“, – გვითხრა მან.

გვაჩვენეს ფოტო, რომელიც მშენებლების თქმით, ასახავს სახლის მდგომარეობას სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე

ციალა ბეჟანიძეს ვკითხეთ, რატომ არ სურს სახლი სააგენტოს რეკომენდაციის მიხედვით, კანონის დაცვით გაარემონტოს. მან აგვიხსნა, რომ სხვა მისამართზე სააგენტოს მიმართა და უარი უთხრეს. სააგენტო კი ამბობს, რომ მან სხვა მისამართზეც უნებართვოდ დააშენა მანსარდი.

ეს სახლი მემედ აბაშიძის ქუჩაზე XIX საუკუნის დასასრულს აშენებული სამსართულიანი სახლის გაგრძელებაა [ყოფილი მასწავლებელთა სახლი ბათუმში]. სპეციალისტების შეფასებით, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა მდებარეობს ორი ქუჩის გადაკვეთაზე და ევროპის მოედანთან კავშირი სავსებით შეესაბამება მის საზოგადოებრივ დანიშნულებას და უზრუნველყოფს შენობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობებს:

„დომინანტობის შეფასებისას, მიუხედავად მიმდებარე შენობებთან მასშტაბის რიგითობისა, კუთხის მდებარეობა, არქიტექტურა და ფუნქცია ძეგლს ანიჭებს დომინანტობის გარკვეულ ნიშანს“.

მარწყვისა და ჟოლოს მეურნეობა ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასასაქმებლად

კენკროვანების მეურნეობა, სადაც ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები საქმდებიან

,,გაუმართლა ჩემს ქმარს, რომ ხელოსნობა იცის, რემონტის გაკეთება შეუძლია. როცა რემონტი სჭირდება ვინმეს, ნასამართლობის ცნობას არ სთხოვენ. ეს საქმე რომ არა, ვერსად იმუშავებდა,“ – ამბობს ნინო (სახელი შეცვლილია). ნინოს მეუღლე ყოფილი პატიმარია და მუშაობის დაწყების ყოველი მცდელობისას, ყველა ტიპის სამსახურში, როგორც ნინო ამბობს, ნასამართლობის ცნობას სთხოვდნენ. მართალია, ნინოს მეუღლე ახლა მუშაობს, თუმცა მისი ხელფასი არასტაბილურია და დამოკიდებულია რემონტის შეკვეთაზე, რაც ყოფილ პატიმარს ხან აქვს, ხან – არა. ნინოს და მის მეუღლეს პირველკლასელი შვილი ჰყავთ. ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუშაობა ნინოსაც დაეწყო.

ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს, ნინომ მეგობრისგან გაიგო, რომ ქუთაისთან ახლოს, გეგუთში სოციალური საწარმო ,,აგამა“ გაიხსნა, სასათბურე მეურნეობა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა კენკრა: მარწყვი და ჟოლო მოჰყავთ. ნინო ყოველ მეორე დღეს მარწყვსა და ჟოლოს რგავს, უვლის, მერე კრეფს და კომპოტებს, ჯემებს, მურაბებს ამზადებს. სათბურში კენკრა მთელი წელი მოდის.

სასათბურე მეურნეობა და საწარმო ,,აგამა“ „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაძლიერდა და გაფართოვდა. ნინოც სწორედ ამ ნიშნით დასაქმდა. მისი ანაზღაურება ყოველ სამუშაო დღეს 20 – 25 ლარია – გამომუშავების მიხედვით.

საწარმოში ამჯერად 6 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ზოგი ყოფილი პატიმარია.

დასაქმება ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, საწარმოს გაძლიერების იდეაც ,,დემოკრატიის ინსტიტუტში“ ამიტომ გაუჩნდათ. ცოტა ხნის წინ ასევე ყოფილი პატიმრების დასაქმების ხელშესაწყობად ქუთაისშიც გაიხსნა სოციალური საწარმო, სადაც გათბობა-გაგრილების სისტემების მომსახურების სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს, ეს საწარმოც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მოეწყო.

გარდა დასაქმების ხელშეწყობისა, პროექტი მიზნად ისახავს ბენეფიციართა სამედიცინო, იურიდიულ მხარდაჭერას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით გადამზადეას, ტრენინგ-სემინარებს და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.


ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა მიზნად ისახავს:

  •   ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
    • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

თვალის დაავადება კერატოკონუსზე ბათუმში 10 ნოემბერს უფასო სკრინინგი ჩატარდება

10 ნოემბერს ბათუმში, თვალის კლინიკა „ოკულუს მედში“, 18-40 წლის ასაკის მოსახლეობას ჩაუტარდება თვალის დაავადება კერატოკონუსის უფასო  სკრინინგი. კლინიკა ამ აქციით ეხმიანება კერატოკონუსის საერთაშორისო დღეს, რომელიც 10 ნოემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ჰუმანიტარული ღონისძიებებით, აქციებით და ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიით.

მიიჩნევა, რომ შავიზღვისპირეთი ამ დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია.

მოსახლეობის უფასო სკრინინგს „ოკულუს მედში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი, მერაბ დვალი უხელმძღვანელებს. სწორედ მას დავუსვით ამ დაავადების შესახებ რამდენიმე კითხვა.

  • ბატონო მერაბ, რა არის კერატოკონუსი და რა სიმპტომებით მიმდინარეობს ეს ავადება?

კერატოკონუსი არის თვალის წინა, გამჭირვალე, სფერული და ოპტიკურად ყველაზე ძლიერი გარდატეხის მქონე ნაწილის – რქოვანა გარსის ორმხრივი და პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება, არათანაბრად გამოიზნიქება წინ და კონუსისებრ პროფილს იღებს.

რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ და გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდ მხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება.

კერატოკონუსისთვის დამახასიათებელია:

[checklist]

  • მხედველობის სიმახვილის შედარებით სწრაფი დაქვეითება
  • სათვალის ან კონტაქტური ლინზის ხშირი შეცვლა
  • ცრუ ახლომხედველობის ან/და ასტიგმატიზმის განვითარება, რომელთა კორექციაც ძნელად ხერხდება სათვალით ან რბილი კონტაქტური ლინზით
  • სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა
  • სინათლის წყაროს ფონზე „შარავანდედისა“ და „ანარეკლის“ არსებობა
  • მშრალი თვალისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობა

[/checklist]

კერაკოტონუსი

 

  • სკრინინგისას შერჩეულია ასაკობრივი ჯგუფი, 18-40 წლამდე, რატომ მოხდა ასე გამოყოფა, დაავადება ძირითადად ამ ასაკში გვხვდება, თუ სხვა მიზეზია?

კერატოკონუსი უმეტესად 15-17 წლის ასაკში იწყება და, როგორც წესი, 30-35 წლამდე პროგრესირებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების პროგრესირება 40 წლის ასაკამდეც აღინიშნება.

  • როგორია ამ დაავადების გავრცელების მაჩვენებელი აჭარაში და მთელს საქართველოში

კერატოკონუსის საერთაშორისო ფონდის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით დაავადება 1000-დან 3-5 ადამიანში გვხვდება. საქართველოში ამ დაავადების ენდემურ კერად შავიზღვისპირეთის რეგიონი მიიჩნევა.

  • რატომ მიიჩნევა ამ დაავადების გავრცელების კერად შავიზღვისპირეთი, თუ არის ცნობილი ამ მიზეზის შესახებ

ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ისეთი გარემო რისკ-ფაქტორები, როგორიც არის ნოტიო ჰავა და შედარებით მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კერატოკონუსის განვითარებაში.

  • როგორ მკურნალობენ კერატოკონუსს?

კერატოკონუსის მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების პროგრესირების შეჩერებას და ის მხოლოდ ქირურგიულია. დაავადების I-II სტადიებზე მიზანშეწონილია რქოვანას „ქროს-ლიქინგი“ (რქოვანას ქსოვილებზე ულტრაიისფერი ლაზერული სხივით ზემოქმედება),  II-III  სტადიებზე  – რქოვანას სისქეში რკალების იმპლანტაცია, ხოლო IV სტადიაზე –  შორსწასულ შემთხვევაში, როდესაც თხელი (400 მიკრონზე ნაკლები სისქის) რქოვანას გამო ზემოთ აღნიშნული მეთოდები არ გამოიყენება, რჩება ერთადერთი გზა – რქოვანას შრეობრივი ან გამჭოლი გადანერგვა.

ყველა ზემოთ ნახსენები ოპერაცია კეთდება ამბულატორიულ პირობებში, უმეტეს შემთხვევაში, ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა, რის შედეგად პაციენტი განაგრძობს ჩვეულ ყოველდღიურ საქმიანობას.

რაც შეეხება მკურნალობის საფასურს, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, დაავადების სხვადასხვა სტადიაზე გამოიყენება მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, მათი ღირებულება შესაბამისად განსხვავდება.

კერატოკონუსის ადრეული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია მისი პროგრესირების შესაჩერებლად და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ამრიგად, თუ მხედველობის დაქვეითების მიზეზი კერატოკონუსია, სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ თქვენი თვალის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ მკურნალ ექიმთან და/ან ქირურგთან ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის შერჩევის თაობაზე.

თვალის კლინიკა „ოკულუს მედში“ უფასო სკრინინგის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე: 577-355-080. მისამართი: ბათუმი, 9 მარტის 10, თვალის კლინიკა „ოკულუს მედი“

____________

ფოტოზე: მერაბ დვალი. ფოტო: geodoc.ge

ქვეყანაში დასაბრუნებელი მოწმობის ასაღებად პოლიციისთვის მიმართვა საჭირო არ არის – სააგენტო

ახალი წესი, რომელიც ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქეს ავალდებულებს პოლიციას მიმართოს და შემდეგ მოითხოვოს ახალი დოკუმენტი, არ ვრცელდება საქართველოში დასაბრუნებელ დროებით მოწმობაზე.

„თუ დასაბრუნებელ მოწმობაზე გააკეთებს განცხადებას და არ მოითხოვს პასპორტის შეცვლას, იქ ეს პროცედურები [პოლიციისთვის მიმართვა] საერთოდ არაა რელევანტური და  საერთოდ არ უქმნის არავის პრობლემას,“ – უთხრა „ბათუმელებს“  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ზურაბ სანიკიძემ.

„ბათუმელები“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბიომეტრიული პასპორტის აღების წესის შეცვლამ ემიგრანტების დაბნეულობა გამოიწვია.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა, რომელსაც მოქალაქეები ხშირად მოიხსენიებენ როგორც „თეთრ პასპორტს“, არის უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტი. ამ დოკუმენტს ხშირად იყენებენ ის ადამიანები, ვინც საზღვარგარეთ წლების მანძილზე არალეგალურად ცხოვრობენდა სამშობლოში დაბრუნება დეპორტის გარეშე სურთ.

ბიომეტრული პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში 1-ელი ნოემბრიდან თითოეული მოქალაქე ვალდებულია ჯერ პოლიციას მიმართოს, შემდეგ კი იუსტიციის სახლს ახალი პასპორტის მისაღებად.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ზურაბ სანიკიძე ამბობს, რომ ცვლილების მიზანი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებაა.

„სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა ასეთი ფაქტები – მოქალაქეები მომართავდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საკონსულოებს თითქოსდა მათ დაკარგეს პასპორტი. სინამდვილეში მათ არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდათ დაკარგული და შემდგომ იმ ვითომ დაკარგული დოკუმენტებით გადიოდნენ როგორც საქართველოდან, ასევე, გადაადგილდებოდნენ შენგენის ზონაში.

ეს არის მიუღებელი პრინციპი ქვეყნის მთავარი მონაპოვარის, ვიზალიბერალიზაციის ჭრილში. მთავარი არსი ამ ყველაფრის ის არის, რომ ერთ ფიზიკურ პირს ჰქონდეს ერთი სამგზავრო დოკუმენტი, ერთი პასპორტი. ეს იყო საფუძველი, რამაც განაპირობა ის, რომ საჭირო გახდა შესაბამისი ღონისძიების გატარება,“ –  ამბობს ზურაბ სანიკიძე „ბათუმელებთან“.

მისივე თქმით, ცვლილებას ორი მიზანი აქვს, ერთი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება და მეორე, დაკარგული ან გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

„მოქალაქე რომ დაკარგავს პასპორტს ან მოპარავენ, თუ საქართველოშია, მიმართავს აქაურ სამართალდამცავ სტრუქტურას და შემდგომ ჩვენ [სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს], თუ უცხოეთშია, ჯერ სამართალდამცავ სტრუქტურებს და შემდგომ ჩვენს საკონსულოებს და საელჩოებს. ახალი პასპორტის ასაღებად უნდა წარადგინონ პოლიციისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი,“ – ამბობს ზურაბ სანიკიძე.

ბათუმის კაზინოებს 2018 წელს 1,1 მილიონი კლიენტი ჰყავდა – 81% უცხოელი იყო

2018 წელს ბათუმში მოქმედ 10 სამორინეში ვიზიტორთა რაოდენობამ 1,1 მილიონი ფიზიკური პირი შეადგინა, რომელთა 81 პროცენტი უცხოელი იყო. საქართველოს მთავრობის ანგარიშის მიხედვით, კაზინოების კლიენტების უმეტესობა მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან, თუმცა კაზინოების ნაწილი ასევე აწყობს სპეციალურ „სათამაშო ტურებს“ და სხვადასხვა ქვეყნიდან [მაგალითად, ისრაელი, ჩინეთი, ინდოეთი] შეძლებულ მოთამაშეებს მასპინძლობს.

საქართველოში მოქმედი 20 კაზინოდან ნახევარი სწორედ ბათუმშია განლაგებული. მომდევნო ორ წელში კი აჭარაში კიდევ 7 კაზინო უნდა გაიხსნას.

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ „სერიოზულ გამოწვევად რჩება სათამაშო ბიზნესზე არაეფექტური ზედამხედველობა… მიწის სამორინეები [ჩვეულებრივი, არაონლაინ კაზინოები – ავტ.] განსაკუთრებით მოწყვლადია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ხარჯვის მიმართ, რადგან მათი შესაბამისობის კონტროლის სისტემები სუსტია“.

სხვადასხვა სფეროში თუ ფულის გათეთრების რისკები შეფასდა როგორც დაბალი, საშუალო ან საშუალო-დაბალი, ქვეყნის მასშტაბით სათამაშო ბიზნესი ერთადერთი სფეროა, სადაც ეს რისკი საშუალო-მაღალია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა ონლაინსამორინეებში ანონიმურობის და ანგარიშების არამიზნობრივი გამოყენების შეზღუდვის მიზნით… სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რისკი შეფასდა როგორც საშუალო-მაღალი“, – აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.

საქართველოში სამორინეს გახსნისთვის ნებართვის მიღებაა საჭირო, თუმცა ინტერნეტსივრცეში აზარტული თამაშების მოსაწყობად ლიცენზია არ გაიცემა. სამორინეს მოწყობის ნებართვა მის მფლობელს აძლევს როგორც კაზინოს, ასევე ინტერნეტსივრცეში აზარტული თამაშების მოწყობის უფლებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ კაზინოს კლიენტები ძირითადად უცხოელები არიან, ონლაინკაზინოსა და სხვა ინტერნტთამაშების მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა კი – საქართველოს მოქალაქეები.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, კაზინოებიდან საეჭვო ტრანზაქციებზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურში [ფმს] შეტყობინებები არ იგზავნება: „კაზინოებში ტრანზაქციების აბსოლუტური უმეტესობა ნაღდი ფულით ხორციელდება, ხოლო მაღალი რისკის კლიენტების განსაზღვრა და მათი ფულადი სახსრების წარმოშობის წყაროების დადგენა არ ხდება“.

კანონით, ანგარიშვალდებული პირები [მათ შორის კაზინოები] ვალდებულნი არიან შეატყობინონ ფმს-ს საეჭვო ტრანზაქციების შესახებ. მთავრობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2018 წლებში ასეთი შეტყობინება ფმს-ში კაზინოებიდან საერთოდ არ შესულა, მაშინ როცა კომერციული ბანკებიდან ამავე პერიოდში შევიდა 3 831 შეტყობინება [ამ შეტყობინებებიდან გამოძიების ორგანოებში გადაიგზავნა 588 საქმე, აქედან 64 საქმე ტერორიზმის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით, საიდანაც სუს-მა მხოლოდ 6-ზე დაიწყო გამოძიება].

საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ კაზინოები კლიენტებს ასევე სთავაზობენ ვალუტის გადაცვლის მომსახურებას. „სათამაშო ჟეტონები, მოგების მაღალი ალბათობის მქონე [მაგ. ბაკარა] და ე.წ. P2P [მაგალითად, პოკერი] თამაშები შეიძლება გამოყენებულ იქნას უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მისაცემად“.

„ტრანზაქციების მონიტორინგი მხოლოდ სამორინეში თაღლითობის პრევენციის მიზნით ხორციელდება. თუმცა მოგების სერტიფიკატი არ გაიცემა, რაც მოწყვლადობის დონეს ამცირებს. მიწის სამორინეები ნაკლებად მიმზიდველია უკანონო შემოსავლის შენახვის ან გადაადგილების თვალსაზრისით. მოგებული თანხის კლიენტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა არ ხდება. მხოლოდ ერთი სამორინე სთავაზობს კლიენტებს ნაღდი ფულის შენახვის მომსახურებას“, – აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში.

რაც შეეხება ონლაინკაზინოებს, ისინი კლიენტებს [რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან] მრავალფეროვან აზარტულ თამაშებს სთავაზობენ.

წლების განმავლობაში ონლაინკაზინოებს ჰყავდა არასათანადოდ ვერიფიცირებული კლიენტები და სწრაფი გადახდის აპარატებით ხდებოდა მათ ანგარიშებზე ნაღდი ფულის ანონიმურად შეტანა. ამასთან, თამაშის გარეშე შეიძლებოდა ფულის ანგარიშზე შენახვა ან სხვა მომხმარებლისთვის გადარიცხვა. შედეგად, ონლაინსამორინეს ანგარიშებზე კიბერდანაშაულის გზით მოპოვებული თანხების ჩარიცხვის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ახალი კანონმდებლობით კი, მხოლოდ ვერიფიცირებულ კლიენტს შეუძლია ონლაინსამორინეს ანგარიშის გახსნა. ფმს-ის და შემოსავლების სამსახურის ძალისხმევით, ონლაინსამორინეებმა დაიწყეს საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენა, – აცხადებს მთავრობა.

მთავრობის ინფორმაციით, კაზინოებისგან და ონლაინკაზინოებისგან განსხვავებით სათამაშო ბიზნესის სხვა ოპერატორების წილი მთლიან ინდუსტრიაში შედარებით მცირეა, თუმცა მათი მომხმარებლებიც უმეტესწილად არიან საქართველოს მოქალაქეები.

„სათამაშო აპარატების სალონებში და ტოტალიზატორებში, რომელთა ოპერირება სამორინეების მიერ არ ხორციელდება, შესაბამისობის კონტროლის სისტემები თითქმის არ არსებობს. სათამაშო აპარატებზე შეიძლება დიდი ოდენობით ნაღდი ფულით ანონიმურად თამაში. ამასთან, მოთამაშეს შეუძლია, თამაშის გარეშე, მოგების სახით გაანაღდოს მის მიერვე დადებული თანხა. სალონების ნაწილი აგრეთვე გასცემს ბილეთებს, რომელთა სათამაშოდ გამოყენება ან განაღდება შეუძლიათ მესამე პირებსაც. ტოტალიზატორში შესაძლებელია მოგების მაღალი ალბათობის მქონე ან ურთიერთსაპირისპირო ფსონების დადება. აღნიშნული პროდუქტები მოწყვლადია უკანონო შემოსავლის წარმოშობის წყაროს შენიღბვის და მისთვის კანონიერი სახის მიცემის თვალსაზრისით“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამორინეს დირექტორი ან მფლობელი ვერ გახდება [იქნება] პირი, რომელიც ნასამართლევია ეკონომიკური საქმიანობის სფეროში ჩადენილი ან სხვა მძიმე დანაშაულისთვის. თუმცა „სამორინეების ბენეფიციარი მესაკუთრეების [არაპირდაპირი, საბოლოო მფლობელის – ავტ.] დადგენა, მათი რეპუტაციის შემოწმება და ქონების წარმოშობის წყაროს განსაზღვრა არ ხდება“.

2014-2018 წლებში ნებართვის გარეშე აზარტული თამაშების მოწყობის 45 სავარაუდო ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 86 პირი მიეცა პასუხისგებაში.

უცხოური ონლაინსამორინეების მიერ საქართველოში მომსახურების შეთავაზებებზე მონიტორინგი კი საერთოდ არ ხდება.

„გამოწვევად რჩება არასაფინანსო სექტორში, განსაკუთრებით სათამაშო ბიზნესში ანგარიშვალდებულ პირებზე ზედამხედველობა. სამორინეების შემოწმება ზოგადი სანებართვო პირობების ფარგლებში ხორციელდება და, ძირითადად, შესაბამისობის კონტროლის პოლიტიკის არსებობით შემოიფარგლება. პრიორიტეტული ამოცანაა სათამაშო ბიზნესზე რისკზე დამყარებული ზედამხედველობის დანერგვა და სამორინეების მფლობელთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის სათანადო კრიტერიუმების განსაზღვრა“.

მთავრობის განკარგულებით, 2020 წლისთვის დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილების პროექტის შემუშავება, რომლითაც განისაზღვრება აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელი პირის, ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის და მათი ქონების კანონიერი წარმომავლობის დადგენის მოთხოვნა.

მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოში მზარდია ინტერნეტთაღლითობის ფაქტების რაოდენობა, „ინტერნეტთაღლითობის ტრანსნაციონალური ხასიათი კი ართულებს დამნაშავეთა იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების შეგროვებას“.

საქართველოში კიბერდანაშაულებების გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ჩარიცხვა კი ზოგჯერ საბანკო ან ონლაინსამორინეს ანგარიშზე ხდებოდა.

საქართველოში უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულები მოიცავს ე.წ.:

[checklist]

  • სპამს – მასობრივად გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში მითითებული ინტერნეტბმულის ან თანდართული დოკუმენტის გახსნა, რაც იწვევს კომპიუტერული სისტემის დაიფინცირებას ზიანის მომტანი პროგრამით [malware];
  • ჰაკინგს – მაგალითად, ონლაინსამორინეს ანგარიშებზე, სწრაფი გადახდის აპარატების სისტემაში ან ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმაზე უკანონო შეღწევა;
  • ფიშინგს – რეალურთან მიმსგავსებულ ყალბ ვებგვერდზე მსხვერპლის შეტყუება და პირადი მონაცემების ხელში ჩაგდებით, მის კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა;
  • ქარდინგს – საგადახდო ბარათის კლონირება ან ბარათის მონაცემების სხვაგვარად ხელში ჩაგდება.

[/checklist]

მთავრობა ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ სათამაშო ბიზნესი ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორად ჩამოყალიბდა: „ამ ბიზნესიდან შემოსავალმა მაგალითად, 2016 წელს, 5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 130-პროცენტიანი ზრდაა. დღეს საქართველოში 20 მიწის და 6 ონლაინ კაზინოა“.

სათამაშო ბიზნესის ზრდას საქართველოში ძირითადად განაპირობებს ის, რომ რეგიონის ქვეყნებში აზარტული თამაშები აკრძალულია, ან შეზღუდულია, ხოლო საქართველოში მათ მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა.

ამასთან, საქართველოს ზოგიერთ ნაწილში [მაგალითად, ბათუმში] სათამაშო ბიზნესის ოპერატორები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, რაც, მთავრობის განმარტებით, „მიზნად ისახავს ტურიზმში ინვესტიციების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას“.

ქვეყანაში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადაჭრისთვის სახელმწიფოსგან აქტიური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ხელმისაწვდომი კვლევების თანახმად, საქართველოში, აზარტულ თამაშებში მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ჩართულობა საგანგაშოდ მაღალია.

ამ თემაზე:

ცოლ-ქმარმა ამერიკიდან ბათუმში კაზინოს უჩივლა: ძაღლებივით გამოგვყარეს

რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს

 

დაიღუპა 23 წლის მუშა, ის მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა

მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 23 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში, ბესიკის და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე დღეს, 7 ნოემბერს მოხდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში გვითხრეს, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო.

დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ არ იცის რა მოხდა და ახლა მიდის ობიექტზე შემთხვევის დეტალების გასარკვევად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებლის ყოფილი მრჩეველი დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი, ბეჟან გობაძე, უმაღლესი საბჭოს საკონკურსო კომისიას სასამართლოში უჩივის. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს, 7 ნოემბერს მიმართა.

დავის საგანი უმაღლესი საბჭოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებაა, რის მიხედვითაც ბეჟან გობაძე გასაუბრებიდან მეორე ეტაპზე არ გადაიყვანეს. ბეჟან გობაძეს ისევ სურდა მრჩეველთა საბჭოს წევრობა, მაგრამ საკონკურსო კომისიამ იგი დეპუტატებს აღარ წარუდგინა.

„კომისიის წევრების არაერთი საჯარო გამოსვლა იყო, რომ თითქოს მე ვარ აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ასლან ლორთქიფანიძემ თქვა ის, რომ მალე მე პარტიულ სიაშიც ვიქნები. მოთხოვნა არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა მთლიანად კომისიის მიმართ და ვთხოვ, სიმბოლურად თითო ლარის გადახდას კომისიის თითოეულ წევრს,“ – გვითხრა ბეჟან გობაძემ.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს 3 წევრი 25 ოქტომბერს შეარჩია. ბორდის კიდევ ერთი წევრის შესარჩევად კონკურსი დამატებით 6 ნოემბერს გამოცხადდა. საია-ს შეფასებით, უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭოს კანდიდატების შერჩევა კანონდარღვევით განახორციელა.

 

 

თიბისი ანაგთან თანამშრომლობას დეველოპმენტის მიმართულებით აგრძელებს

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. Park Home „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ყველაზე დიდი საკუთარი 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცით ვაკეში. კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგს და ლობის კონსიერჟის მომსახურებით.

„ანაგი დეველოპმენტის“ პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით,  რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტადარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს.

2019 წლის ნოემბერში, თიბისის იპოთეკურ ცენტრსა და „ანაგი დეველოპმენტს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც ახალ საცხოვრებელ კომპლექსში თიბისის მომხმარებლებისთვის ბინის შეძენას გამარტივებული პროცესით გულისხმობს.


კომპანია „ანაგი“ 30 წლის წინ დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი. „ანაგის“ და თიბისის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 11-მდე ერთობლივი პროექტი. ბანკისთვის სამშენებლო სექტორი ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თიბისის ჯამური ინვესტიცია როგორც სამშენებლო ასევე დეველოპერულ სექტორში ბოლო ერთი წლის მანძილზე 132 მილიონ ლარს აჭარბებს.

ყოფილი მინისტრი ბატიაშვილი: ვაპირებ, დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას

განათლების ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 7 ნოემბერს, თანამდებობის დატოვების შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა პოზიციაზე და სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა მიანიშნა, რომ ის განათლების სფეროში რჩება.

„ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ვაფასებ მის მხარდაჭერას.

ვგეგმავ, ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან დიდად ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას,“-განაცხადა ბატიაშვილმა.

მას ბრიფინგის დროს არ დაუკონკრეტებია, რომელ ორგანიზაციებთან აპირებს თანამშრომლობას.

მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება პირველად გიორგი გახარიამ გააჟღერა მთავრობის სხდომაზე. ამ დროისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს განათლების მინისტრის პოსტს.

ამავე თემაზე:

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

 

პრემიერი: სოფლად მიწის რეგისტრაციის პროგრამა გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა უახლოესი სამი წლის განმავლობაში სოფლად მიწის რეგისტრაციის პრობლემის გადაჭრას გეგმავს, მისი თქმით, ინიციატივა უკვე დამუშავებულია და ამ მიმართულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

პრემიერის თქმით, ამ საკითხს მოსახლეობა ყველაზე მწვავედ აყენებდა მთავრობის წევრებთან, მათი რეგიონებში სტუმრობის დროს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს, 7 ნოემბერს, ისაუბრა.

„ …იუსტიციის სამინისტრომ დაამუშავა საკითხი და დღეს ჩვენ განვიხილავთ მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების თაობაზე საკითხს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს  უახლოესი სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის სრულად მოგვარებას, რაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ სოფლად მიწას.

მეორე მხრივ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, რამეთუ მიწა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი რესურსი… ჩვენ უახლოესი სამი წლის განმავლობაში საბოლოოდ ამ საკითხს გადავწყვეტთ.“ – განაცხადა პრემიერმა.

სპორადული რეგისტრაცია  გულისხმობს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე  დაინტერესებული პირის მიერ განცხადებისა დ წარდგენილი  სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ასევე  რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას  კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.

სახელმწიფო პროექტით მიწაზე საკუთრების რეგისტრაციის წესი 2020 წლის იანვრამდე იმოქმედებს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მინისტრმა თანამდებობა პირადი განაცხადების საფუძველზე დატოვა.

„პირველ რიგში, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ მიხეილს გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის რასაც ჰქვია განათლების სისტემური რეფორმა და იმ მიღწევებისთვის, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით,“-განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

გახარიამ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა მოითხოვს უფრო სწრაფ და ხარისხიან განვითარებას, რასაც მთავრობამ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს.

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.

ვიცი, ეს ხალხი როგორი დათრგუნულიცაა – ფიზიკოსი, რომელიც ყოფილ პატიმრებს ასაქმებს

,,ფუტკრები მყავდა, ათი სკა. ვმეგობრობდით მე და ეს ფუტკრები. მერე დამიჭირეს. ციხიდან რომ გამოვედი, აღარ დამხვდნენ, გაფრენილან. იყო სოფლის მეურნეობის პროგრამა, დავწერე პროექტი და არ დამიფინანსეს.

დაპატიმრებამდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილური ოპერატორის დასავლეთ საქართველოს მიმართულების ენერგეტიკული სამსახურის მენეჯერი ვიყავი. დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აჭარაშიც, ანძების თითქმის 90 % ჩემი გაკეთებულია. გათავისუფლების შემდეგ ნასამართლობის გამო კომპანიაში ჩემ დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. სისხლი ჩავაქციე ამ სამსახურში.

მერე დავიწყე ვაკანსიების ძებნა, სადაც მივდიოდი, ყველგან ნასამართლობის ცნობას მთხოვდნენ, არსად მეკითხებოდნენ რა ვიცოდი, რა განათლება მქონდა, რა შემეძლო. ყოფილ პატიმარს საქართველოში დამსაქმებლები გიყურებენ როგორც კაციჭამიას“, – გვიყვება 54 წლის ყოფილი პატიმარი, რომელმაც ციხეში 2015-2016 წლები გაატარა. რესპონდენტის სახელსა და გვარს მისივე სურვილით არ ვასაჯაროებთ.

გამოყენებითი ფიზიკის სპეციალისტია და აქვს მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილება. მოსკოვში წლების განმავლობაში „სიმენსის“ წარმომადგენლობაში მუშაობდა, ცხოვრობდა ფიზიკოსთა ქალაქ დუგანში, სადაც სხვადასხვა კვლევაში იყო ჩართული და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქუთაისის ავტოქარხანაში მუშაობდა.

მიუხედავად პროფესიონალიზმისა და სამუშაო გამოცდილებისა, პირობითად დავითი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ვერ დასაქმდა. შემდეგ ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ შესახებ გაიგო. გათბობა-გაგრილების სისტემების საკუთარი ოფისის იდეა გაუჩნდა, ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ხელსაწყოების შეძენაში დაეხმარნენ.

მერე ამ იდეით ბევრი დაინტერესდა, დავითმა 2019 წლის გაზაფხულზე პროექტი დაწერა, ამავე წლის ოქტომბერში იდეა რეალურ საქმედ იქცა და ახლა ქუთაისში მდებარე გათბობა-გაგრილების სისტემების სოციალურ საწარმოში ოთხი ყოფილი პატიმარია დასაქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდათ.

დავითის სოციალური საამქროს იდეა ,,დემოკრატიის ინსტიტუტმა” დააფინანსა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს” „დემოკრატიის ინსტიტუტი“ თითქმის ორი წელია ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში.

როგორც დავითი გვეუბნება, ქუთაისში გათბობა-გაგრილების სისტემების მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალი და მზარდია, რადგან სპეციალისტი ქალაქში ცოტაა.

ყოფილი პატიმარი ,,ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი საწარმო ახლა ჩეხურ კომპანიასთან ერთად მუშაობს მზის პანელების პროექტზე და როცა ეს იდეაც საქმედ იქცევა, მეტ მსურველს დაასაქმებენ.

დავითს სურს გამოყენებითი ფიზიკა, რაც პრაქტიკულ საქმიანობასა და დასაქმებაში გამოადგებათ, ახალგაზრდებს, ყოფილ პატიმრებს ასწავლოს:

„ყოფილ პატიმრებს ან მათი ოჯახის წევრებს განსაკუთრებით ახალგაზრდებს შევასწავლიდი საქმეს, ინჟინერი აღარაა ამ ქვეყანაში და აღარც ამ საქმის შესწავლის მსურველი. შემიძლია ჩავატარო ლექციები და, რაც ვიცი, ვასწავლო თეორიულად და პრაქტიკულად. ეს იმისთვის, რომ ციხიდან გამოსულ კაცს ჰქონდეს სამუშაო, არ ჰქონდეს საფიქრალი, რომ  ნასამართლობის გამო უსამსახუროდ დარჩება. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ის დათრგუნულობა, რასაც ეს ხალხი განიცდის.

გათავისუფლდებიან და არ აქვთ საქმე, არ იციან რა აკეთონ, რაც მათ ისევ დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. ამ ფენომენს შველა სჭირდება. აქ ვართ და ხელგაშლილი ველით ყველას, ვისაც სწავლა უნდა“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ბათუმის „აპოლოში“ დარჩენილია 4 ბილეთი

ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ ამ დროისთვის [20:00] დარჩენილია მხოლოდ ოთხი ბილეთი პარასკევ-შაბათ-კვირას დაგეგმილ კინოჩვენებებზე. ფილმს პირველად პარასკევს აჩვენებენ ბათუმისა და თბილისის კინოთეატრებში. თბილისის კინოთეატრებში ამ ფილმზე ბილეთები უკვე გაყიდულია.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

6 ოჯახი და 1 სველი წერტილი – სახლი ბათუმის ცენტრში, სადაც 5 მცირეწლოვანი ცხოვრობს

ექვსი წლის დათა ბათუმის ცენტრში, ზუბალაშვილის #28-ში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ცუდი ამინდის დროს დათას სახლში წვიმს, კარგ ამინდში კი სველი ავეჯი და ნივთები შრობას იწყებს და ისედაც დანესტილ, დაძველებულ კედლებში ამ დროს ნესტის სუნი გაუსაძლისი ხდება.

უჭირთ ფანჯრის გაღებაც, რადგან დაძველებული და მორყეულია. დაძველებულია იატაკიც, რამდენიმე ადგილზე ამომტვრეულია.

ლია გოგიბერიძე

 

დათას ბებია, ლია გოგიბერიძე, დახმარების მისაღებად სოციალური სააგენტოს შესაბამის ბაზაშიც დარეგისტრირდა, თუმცა უშედეგოდ. უარი უთხრეს. ეჭვობს, რომ ხელი სარეცხი მანქანამ შეუშალა: „სარეცხი მანქანა გაქვსო და დახმარება არ მომცეს.“

ამის შემდეგ მან დახმარების სათხოვნელად მერიასაც მიმართა, სახურავისა და იატაკის შეკეთება სთხოვა, თუმცა ამჯერადაც უარი მიიღო. ოფიციალური წერილით მას მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა უპასუხა. ამ წერილში მას განუმარტეს, რომ სამმართველოს პროგრამით, სველი წერტილის მოწყობა, ჭერისა და იატაკის რეაბილიტაცია გათვალისწინებული არ არის. წერილს ხელს სამმართველოს დირექტორი სულხან ევგენიძე აწერს.

დათა და ბებია მარტო ცხოვრობენ, მათი სახლი ორი ოთახისა და შესასვლელი პატარა აივნისგან შედგება, სამზარეულოც მცირე ზომისაა. საძინებელი კი, რომელიც მისაღების ფუნქციასაც ითავსებს, საერთოდ უფანჯროა. დათას მშობლები დაშორდნენ, დედამ სამსახური ბათუმში ვერ იშოვა და სვანეთში გადავიდა: „იქ გამოჩნდა სამსახური და დავთანხმდით, რა გვექნა“, – ყვება ლია გოგიბერიძე. მისივე თქმით, დათას მამა შვილის მიმართ ყურადღებას არ იჩენს და მას არც მატერიალურად ეხმარება.

ლია დახმარებას ისევ მერიისგან ითხოვს.

ექვსი წლის დათას ბებია ლაშა კომახიძეს – „თუნდაც მეორადი ფანჯრებით დამეხმარეთ“

დათას ბებია პენსიონერია. მისი თქმით, ათეული წლების განმავლობაში ბავშვთა საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა, ახლა პენსიონერია და შვილიშვილს უვლის.

სახლის პირველ სართულზე 90 წლის მარტოხელა ქალი გუგული ბაღათურია ცხოვრობს. მასთან პერიოდულად ძმისშვილები მოდიან და საჭმელს უმზადებენ. კედლები მის ოთახშიც სველია, ამორტიზებული ადგილები ხალიჩებით აქვს დაფარული.

გუგული ბაღათურიას გვერდით კი ასეთივე ოთახში, ასეთივე სველ კედლებში ოთხი არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად.

ავტომობილებში მოწყობილ სამალავებში მებაჟეებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და თუქეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული პარფიუმერული და ელექტრო საქონელი აღმოაჩინეს.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  212 471.04 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1-6 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტებიც აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 36 020 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

„სგპ „წითელი ხიდი“ მომხდარი ფაქტების გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

„ბიუ-ბიუს ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა“- სურსათის უვნებლობის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა. სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ, რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“.

„სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება ბიზნესოპერატორთან (თბილისი, ბელიაშვილის ქ.N25). ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება:

  •  უკრაინული ქათმის ბარკალი;
  •  „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი);
  •  „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული.

სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი, წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა“-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისრტრიბუტორი შპს „სანი“).

„ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში -„ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“,რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი.

შემოწმდა ის მარკეტიც (თბილისი, გლდანი I მიკრორაიონი, მე-2 კორპ.), სადაც ზემოთაღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000 ლარით დაჯარიმდა.

 სააგენტომ, ბოლო ეტაპზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან , ოთხ მათგანში, სალმონელა გამოვლინდა“.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.

რას ნიშნავს იყო სრულფასოვანი ქალი საქართველოში

ქალი აუცილებლად უნდა „ჩაბარდეს პატრონს“, ანუ დაქორწინდეს – ეს შეხედულება საქართველოში, ნებისმიერ ურბანულ სივრცეში, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მყარად ფეხმოკიდებული ფასეულობაა. რამდენად რთულია შედგე როგორც სრულფასოვანი ქალი „პატრონის“ გარეშე? – ფემინისტი ქალების თქმით, ეს რთული მაგრამ შესაძლებელია.

„ვერ გათხოვდი?“ „გაუთხოვარი უნდა დარჩე?“ „სხვებზე ნაკლები რითი ხარ, რატომ არ უნდა გათხოვდე?“ – ეს კითხვები მოქალაქე ნინო ბერაძეს არაერთხელ მოუსმენია. ის არ არის გამონაკლისი ქალი, ვისაც დაუქორწინებლობის გამო „პასუხს სთხოვენ“. მან გადაწყვიტა, დღეს ამ ემოციებზე ღიად ისაუბროს.

კითხვა „რატომ არ თხოვდები?“ რომ ბევრს აღიზიანებს, ამას „ბათუმელების“ გამოკითხვაც აჩვენებს. ტესტს ასეთი სათაური ჰქონდა – „კითხვა, რომელსაც ვერ იტანთ“ და შეკითხვა „გა-თხოვებაზე“ მეორე ადგილზე გავიდა. გენდერის სპეციალისტების რჩევების მიუხედავად, სიტყვას – „გათხოვება“ და ამ სიტყვისგან ნაწარმოებ სხვა სიტყვებს – „განათხოვარი“, „გაუთხოვარი“ ისევ ხშირად ვიყენებთ. ეს ტერმინი გვხდება სკოლის სახელმძღვანელოშიც, მაგალითად, სამოქალაქო განათლების წიგნში ნახავთ ტესტს ამ სათაურით: „გათხოვებას ისურვებდი…“ „ცოლის თხოვას ისურვებდი…“

ტერმინი „გათხოვება“ პრობლემურია იმ მარტივი მიზეზის გამო, რაც ამ სიტყვის ფუძეში ჩანს – „თხოვება“. „ამ სიტყვიდან ჩანს დამოკიდებულება, რომ ქალი სუბიექტი კი არ არის, არამედ ობიექტია, ნივთი, რომელსაც ისე მოექცევი, როგორც თავად გადაწყვეტ,“ – მიიჩნევენ გენდერის სპეციალისტები.

რას განიცდიან ქალები? – „კეთილგანწყობილი აგრესია“ 

„მე კეთილგანწყობილი აგრესია დავარქვი ამ შეკითხვებს, რაც „გათხოვებასთან“ დაკავშირებით არსებობს“, – გვიყვება ნინო ბერაძე და იხსენებს, რომ წლების წინ მტკივნეულად აღიქვამდა საზოგადოების დამოკიდებულებას. ნინო ბერაძე ფრანგული ენის და ლიტერატურის მასწავლებელია. ის იყო ბათუმის საკრებულოს წევრიც პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“.

„თითქოს შენზე ზრუნავენ ადამიანები და არ ფიქრობენ, რომ ეს არის აგრესია და შეურაცხყოფა, როცა შენ რეალურად არ გიტოვებენ არჩევანს. გეუბნებიან სერიოზულად, ხანაც – ხუმრობით, რომ „პატრონი“ საჭიროა. განუგეშებენ კიდეც, „არასდროს არ არის გვიანო“. შეიძლება ყველა მიღწევა და წარმატება გადახაზონ, თუკი შენ არ ხარ დედა. საზოგადოებას არ სჯერა, რომ შესაძლოა არ დაოჯახდე და იყო ბედნიერი, რომ ეს შენი არჩევანია… მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიყვარული და თავისუფალი არჩევანი იყო ყველაზე ფასეული. ასე მოვდივარ დღემდე.

ნინო ბერაძე

საქართველოში არის ძირითადად დედის კულტი და არა ქალის. ცოლშიც ხედავენ დედას, მზრუნველს, რომელმაც უნდა მოუაროს კაცს… ვფიქრობ, რომ ერთგვარი გამოსავალია ეკონომიკური სიძლიერე.  თუკი ქალი ეკონომიკურად დამოუკიდებელი იქნება, მას ექნება არჩევნის საშუალება და ასე იოლი „ნადავლი“ აღარ იქნება,“ – ამბობს ნინო ბერაძე.

რამდენად შეიცვალა წლების განმავლობაში კითხვები „გათხოვების“ კუთხით და შეიცვალა თუ არა პასუხი? – ნინო ბერაძე პირადი გამოცდილებით გვიყვება, რომ გენდერის კუთხით გარკვეული აქტივობების მიუხედავად, კითხვებსა და რეპლიკებში არაფერი შეცვლილა, თუმცა შეიცვალა ქალების დამოკიდებულება, რომლებმაც თავისუფლების დაცვა გადაწყვიტეს.

„წინათ თუ მოკრძალებული ღიმილით ვპასუხობდი კითხვას: „რატომ არ თხოვდები?“, ახლა კატეგორიულად ვპასუხობ: „ეს თქვენი საქმე არ არის“, „ეს ჩემი არჩევანია“, – ამბობს ნინო ბერაძე.

„გათხოვდა“, ანუ ერთი ხელიდან მეორეში გადავიდა

„რა თქმა უნდა, სიტყვები: „გათხოვება“, „ითხოვა“, „განათხოვარი“ და ასე შემდეგ, არის ერთ-ერთი გაუცნობიერებელი ფაქტორი, რომ კაცმა ქალი აღიქვას, როგორც ობიექტი, როგორც ნივთი. ამ კუთხით კვლევები არავის ჩაუტარებია და არავინ იცის, რა გავლენას ახდენს ჩვენს ცნობიერებაზე მსგავსი ტერმინები, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და მნიშვნელობა განგვსაზღვრავს. „გათხოვდა“ უკვე ნიშნავს იმას, რომ კულტურულად ქალის როლი განსაზღვრულია, ეს აყალიბებს მოლოდინს და მოთხოვნას ქალის მიმართ, რომელიც თავად არ განსაზღვრავს საკუთარ ბედს…“ – ეს ეთუნა ნოღაიდლის მოსაზრებაა, იგი გენდერის კვლევის მაგისტრია და ქალთა უფლებადამცველი. სამაგისტრო ნაშრომში იგი იმ სიტყვებზე მუშაობდა, რომელიც ქორწინებასთან დაკავშირებით გვაქვს და ასევე ქალის სტატუსს ასახავს.

„ქართული ენა ჩვენ ვერ გვთავაზობს სტატუსის აღმნიშვნელ სიტყვას, რომელიც ზრდასრულ ადამიანს ქორწინების მიღმა განსაზღვრავს, მაგალითად, ინგლისურ ენაში ვხვდებით სტატუსს „Single“, რომლის ქართული შესატყვისიც ჩვენ არ გვაქვს… [ეს სიტყვა გამოიყენება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება].

ეთუნა ნოღაიდელი

კიდევ უფრო რთულადაა საქმე, როცა საკითხი ქალს ეხება, მაგალითად, „მარტოხელა“. ეს სიტყვა მიგვანიშნებს, რომ რეალურად ორი ხელი გვაქვს და ერთი გვაკლია, ანუ არასრულფასოვნები ვართ. ან კიდევ: მამაკაცზე ვერ ვიტყვით, რომ დანაქორწინებია ან დანაოჯახებია, ქალზე კი ამბობენ: „განათხოვარია“. სიტყვა „თხოვება“ უკვე სხვა პოზიციაში აყენებს ქალს, ის არის ნივთი, რომელიც ერთი ხელიდან მეორეში გადადის, ითხოვე და მერე შეიძლება უკან დააბრუნო,“ – აღნიშნა ეთუნა ნოღადელმა „ბათუმელებთან“.

უნდა გამოვიყენოთ თუ არა სიტყვა „გათხოვება“?  

„ლინგვისტური თვალსაზრისით შესაძლოა ასე ჩანდეს, მარტივად, რომ „გათხოვდა“ და იგივდება ნივთთან, მაგრამ კონტექსტი დღეს სხვა არის: ქორწინება დღესაც უფრო სოციალური აქტია, ვიდრე ინდივიდუალური, ხოლო დაქორწინება დაკავშირებულია რაღაცის ურთიერთგაცვლის პროცესთან, რომელშიც ორივე მხარე იღებს სარგებელს,“ – ამბობს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორი, დიმიტრი ჩუბინიძე. იგი ერთ-ერთ კვლევაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებით.

„გამოჩნდა, რომ ფორმალური მოცემულობისგან განსხვავებით, ძირითადად ოჯახებში ქალები იღებენ გადაწყვეტილებას, ქალი განაგებს ყველაფერს…  შესაბამისად, ქალისა და მამაკაცის როლიც წინასწარ მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია,“, – უთხრა დიმიტრი ჩუბინიძემ „ბათუმელებს“.

„რა თქმა უნდა, მარტო სიტყვასთან ბრძოლით ვერაფერს შევცვლით… მე არ მიკვლევია ანთროპოლოგიურად ამ სიტყვის წარმომავლობა, არა მგონია, ეს ვინმეს ჰქონდეს ნაკვლევი, მაგრამ ეს სათავეს იღებს ქალის სტატუსის ნაკლებობაში, რაც არსებობდა წლების წინ, როცა ქალი იყო მამის საკუთრება და ხდებოდა ქმრის საკუთრება,“ – მიიჩნევს გენდერის სპეციალისტი ეთუნა ნოღაიდელი.

„გათხოვებიდან“ გენდერული კვოტირების უარყოფამდე 

2014 წელს, როცა ბათუმის საკრებულოში ახალი მოწვევა შეიკრიბა, ნინო ბერაძე, რომელსაც ხშირად ეკითხებიან, თუ რატომ არ გათხოვდა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. რამდენიმე დღეში კომისიის თავმჯდომარეები შეკრებილან. „შეკრებას“ მხოლოდ ნინო ბერაძე არ დასწრებია – მას ამ შეხვედრის შესახებ არც კი უთხრეს, რადგან დანარჩენი კომისიების კაცმა თავმჯდომარეებმა იმ დღეს ავტომანქანები გადაინაწილეს.

„გავაპროტესტე, მაგრამ ვერაფერი მითხრეს. მერე ირაკლი ჭეიშვილმა, მაშინ ის იყო თავმჯდომარე, გამომიყო მანქანა, რომლითაც ვერ ივლიდი, იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო… არ მინდოდა ამის გახსენება, რადგან მეტყოდნენ: „ა, შენ მანქანას ითხოვ?“… შემიმჩნევია ასევე საკრებულოს სხდომებზე ნატალია ზოიძისთვის განსაკუთრებით უთქვამთ: „მოკლედ, მოკლედ თქვით“. ესეც სტერეოტიპია – „ქალებს ბევრი ლაპარაკი უყვართ“… – ასე იხსენებს საკრებულოში მუშაობის პერიოდს ნინო ბერაძე.

ნინო ბერაძე პარადოქსულად მიიჩნევს მოცემულობას, როცა კვლევების მიხედვით, საზოგადოებას ქალების პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა სურს, არჩევნების დროს კი, ქალ კანდიდატებს მხარს არ უჭერენ.

„არჩევნების დროს სხვა ფაქტორები აქტიურდება, სხვა მექანიზმები ირთვება. კაცები, რომლებიც მანამდე ლოიალურები ჩანან, ამბობენ, რომ თავად ქალებმა უნდა ვიბრძოლოთ… ჩვენ ძალიან ნელი და მძიმე ნაბიჯებით მივდივართ წინ,“ – დასძინა ნინო ბერაძემ.

„ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენთან საზოგადოებრივი პროგრესი წინ უსწრებს სახელისუფლებო პროგრესს. NDI-ს კვლევის მიხედვით, 60 პროცენტი ითხოვს გენდერულ კვოტირებას,“ – აცხადებს „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი თამარ კორძაია. იგი წინა მოწვევის პარლამენტის წევრია. თამარ კორძაიას თქმით, არც წინა და არც ახალი მოწვევის ზოგიერთ პარლამენტარს სრულად არ ესმის გენდერული კვოტირების არსი. იურისტი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ კვოტირება ქალისა და მამაკაცის თანაბრობას კი არ ითვალისწინებს, არამედ ქალის და მამაკაცის განსხვავებული შეხედულებების შეჯერების შესაძლებლობას.

თამარ კორძაია

„პარლამენტში მსხდომმა ადამიანებმა კი არ უნდა გაუთანაბრონ ქალი და კაცი ერთმანეთს, არამედ მათ უნდა გააცნობიერონ ის, რომ განსხვავებული აზროვნება აქვთ ქალს და კაცს, ამიტომაც არის მეტი ქალის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანი. ქალს აქვს განსხვავებული ხედვები და ამ ხედვების შეჯერება უნდა ხდებოდეს. როცა ხედვების შეჯერება ხდება, მაშინ არის პროგრესი სახეზე. ამას თუ გავიაზრებთ, მერე აღარ მოვისმენთ ისეთ არაკომპეტენტურ პოზიციებს, როგორიც არის, მაგალითად: „უტვინო ქალების დაწინაურება მოხდება“. ვითომ ახლა კაცები წყვეტენ ვარსკვლავებს,“ – ამბობს თამარ კორძაია.

ყოფილი პარლამენტარი ამჩნევს ტენდენციასაც – პარლამენტი უკვე იღებს იმ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ქალებს უკავშირდება, მაგრამ ამ სამართლებრივ აქტებში ქალი ყოველთვის „მსხვერპლია“.

„მაგალითად, კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ, აქაც ქალი დაცვის ობიექტია. პარლამენტი აღიარებს ქალს, როგორც მსხვერპლს და მზად არის, დაიცვას იგი, მაგრამ როგორც კი საკითხი მიდის რეალურ თანასწორობამდე, ამას უკვე აღარ აღიარებს,“ – გვითხრა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია ხაზს უსვამს იმასაც, რომ „გენდერული კვოტირება“ დროებითი ღონისძიება უნდა იყოს. პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ პოლიტიკოსებს კვოტირება არ სურთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალებმა შესაძლოა მათი ადგილები დაიკავონ.

თამარ კორძაია: „2011 წლიდან არსებობს ფინანასური წახალისება იმ პარტიებისთვის, რომლებიც კვიოტირების გარკვეულ პრინციპს დაიცავენ, მაგრამ ეს არ მუშაობს. ფინანსებზე მეტად ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი საკუთარი ადგილია. ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა თანაპარტიელმა შესაძლოა დაიკავოს მისი ადგილი მარტივად, თუკი გენდერული კვოტირება იქნება“.

პარლამენტში ამ დროისთვის 150 დეპუტატიდან 24 ქალია. რაც შეეხება მთავრობას – 11 მინისტრიდან 5 ქალია.

____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სტენდები განთავსდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დღეს, 6 ნოემბერს, ოთხ მისამართზე ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სტენდები განათავსეს. სტენდების საჯარო პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (USAID / CENN WMTR II)[ რომელსაც ახორციელბს CENN] კოორდინატორი აჭარის რეგიონში – კახაბერ გუჩმანიძე, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად. 

კახაბერ გუჩმანიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ CENN-ი აჭარის რეგიონის მასშტაბით მუშაობს და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონის მდგრად განვითარებას.

მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ განაცხადა, რომ დიდია USAID – ის მისიის როლი რეგიონის განვითარების საქმეში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია CENN- ი ამ კუთხით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას. მერმა ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, ასევე ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტში სეპარაციის პრაქტიკის დანერგვის კუთხით გასატარებელ და დაგეგმილ ღონისძიებებს. 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ – სულხან მოწყობილმა კი ისაუბრა სამომავლო მხარდაჭერასა და თანადგომაზე, რომელიც უკვე განხორციელდა.
სულხან მოწყობილმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო  მზადაა მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს და ხელი შეუწყოს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას რეგიონში.

პროექტის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში  ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით მუნიციპალიტეტეს გადასცეს და განათავსეს სეპარაციის 4 ერთეული სტენდი. განთავსების ადგილი შერჩეულ იქნა მერიასთან კოორდინაციით.

ხულოს მუნიციპალური დარბაზის რემონტისთვის ბიუჯეტიდან 224 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალური დარბაზის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 224 ათას 547 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება.

ტენდერის მიხედვით უნდა გარემონტდეს სააქტო დარბაზი და გადასასვლელი, რომლითაც დარბაზი ხულოს მერიის შენობას უკავშირდება.

პროექტით სააქტო დარბაზი, არსებული ფანჯრებისა და კარების ღიობების განლაგების გათვალისწინებით იყოფა ორ ნაწილად, რომლის ერთ მხარეს უნდა მოეწყოს საკონფერენციო დარბაზი (მთელ სიმაღლეზე), ხოლო მეორე მხარეს ორ სართულზე განთავსდება სამუშაო კაბინეტები… საკონფერენციო დარბაზისა და სამუშაო კაბინეტებისათვის მოეწყობა დამოუკიდებელი შესასვლელები;

გათვალისწინებულია არსებული მეტალოპლასტმასის ფანჯრის ბლოკების გადაკეთება და არსებულ ყრუ კედლებში ახალი სათავსოების ბუნებრივი განათებისათვის ფანჯრის ღიობების გაჭრა; პირველი სართულის იატაკები იქნება ლამინირებული პარკეტი; მეორე სართულის იატაკები – ლამინირებული პარკეტი ხის ფიცარზე; გარემონტდება და მოპირკეთდება კიბის უჯრედი და ფოიე.

გადასასვლელში მოეწყობა ერთი მცირე ზომის სამუშაო ოთახი; გადასასვლელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კი დაგეგმილია პანდუსი შშმ პირთათვის.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს.

ხულოს მუნიციპალური დარბაზის არსებული სიტუაცია და ფასადი [მთავარი ფოტო] / ფოტოები პროექტიდან

ბათუმის ბულვარი გარემოს დაცვის მიმართულებით კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება

ბათუმის ბულვარი აგრძელებს გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობას.

საზოგადოებაში ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლების მიზნით ბათუმის ბულვარსა და „ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციას“ (WISTA GEORGIA) შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი ითვალისწინებს EMBLAS PLUS-ის მხარდაჭერით და  ევროკავშირის დაფინანსებით საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ და ასოციაცია WISTA Georgia-ს პრეზიდენტმა ლალი ხვედელიძემ.

ირაკლი ჯინჭარაძე და ლალი ხვედელიძე

ბათუმის ბულვარის დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარი აქტიურად ერთვება გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ღონისძიებებსა და პროექტებში. „ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბათუმის ბულვარის ორგანიზებით არაერთი საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება ჩატარდა. სულ ახლახან ბათუმის ბულვარი გახდა მსოფლიოს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ფონდის ოფიციალური წევრი-პარტნიორი, დაწყებულია პროგრამა „ლურჯ დროშაზე“ მუშაობა, რომელიც ბათუმის სანაპიროზე მაღალი სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა ნიშნულის მოპოვებას ისახავს მიზნად. დღევანდელი მემორანდუმიც არის ერთგვარი გაგრძელება ჩვენ მიერ დასახული პრიორიტეტების, ამიტომაც დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ WISTA Georgia-ს მიერ შემოთავაზებულ პროექტში და მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ ყველა აქტივობაში,“- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, როგორიცაა: საქართველოს სანაპირო ზოლის ზოგიერთი ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდა, ასევე, შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებით სემინარების ჩატარება.

როგორც ასოციაცია WISTA Georgia-ს წარმომადგენლები აცხადებენ, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სრულიად მარტივად – სმარტფონებში შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით, საქართველოს სანაპირო ზოლზე აღმოჩენილი ნარჩენების იდენტიფიცირება. აღნიშნული აპლიკაციით მოპოვებული ინფორმაციის შედეგად მომზადდება შესაბამისი ანგარიში, რაც სამომავლოდ გაამარტივებს სანაპირო ზოლზე ზიანის მომტანი ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.

როდის მიიღებენ პარკინსონით დაავადებულები საჭირო მედიკამენტებს? – მინისტრის პასუხი

„ტენდერი გამოცხადებულია და მიმდინარეობს კონსულტაციები ფარმამომწოდებლებთან. ეს ნაკლი, რომელიც იყო ახალი პროგრამიდან გამოწვეული, იქნება აღმოფხვრილი,“ – გვითხრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ მედიკამენტ „ნაკომის“ შეძენის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

ეს მედიკამენტი პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ და მას პროგრამის ფარგლებში იღებდნენ. უკვე მესამე თვეა აჭარაში ეს მედიკამენტი აღარ გაიცემა.

რა იყო „ნაკლი“? – ჩვენ ამის დაზუსტებაც ვთხოვეთ მინისტრს, რაზეც მინისტრმა გვიპასუხა:

„ეს კონკრეტიკა, მე მგონი, არ არის თქვენთვის საინტერესო… იყო გარკვეული პრობლემატიკა, არ იყო გაწერილი ყველაფერი იმ კუთხით, რომელიც არ გამოიწვევდა ამ ხარვეზს,“ – გვიპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა.

რამ გამოიწვია პროგრამის ფარგლებში გასაცემი მედიკამენტ „ნაკომის“ დეფიციტი, ამას „ბათუმელები“ წინა თვეში არკვევდა.

შესყიდვების სააგენტომ 2019 წლის 25 ოქტომბერს ოფიციალურად მოგვწერა, რომ „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კიდევ გეგმავს კარბიდოპა/ლევოდოპას [„ნაკომი“]განმეორებით შესყიდვას კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიკამენტის შესყიდვის მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა“.

შესყიდვების პორტალის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის „ნაკომის“ შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებული არ არის.

აჭარის მაუწყებლის მე-5 მრჩევლის ასარჩევად უმაღლესმა საბჭომ ხელახალი კონკურსი გამოაცხადა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 6 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრის შერჩევაზე კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა. ამ კვოტაზე კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

პარტიის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოდან, ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ დააკვირდებიან საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, ვის დაუჭირონ მხარი.

„გამომდინარე იქედან, რომ მმართველმა პარტიამ არ მოგვცა შესაძლებლობა პირველ ტურში შერჩეულ კანდიდატებს გავსაუბრებოდით და „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელი კანდიდატები გაიყვანეს მრჩეველთა საბჭოში, ამიტომ განვაცხადეთ, რომ აღარ ვაპირებდით ამ პროცესებში მონაწილეობას.

ჩვენს პარტიულ კვოტაზე კანდიდატის წარდგენას არც ამჯერად ვაპირებთ, თუმცა დავაკვირდებით პროცესს, ვნახავთ ვის შეარჩევს კომისია, გავესაუბრებით კანდიდატებს და იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კანდიდატი მისაღები იქნება, მხარს დავუჭერთ“, – ამბობს ასმათ დიასამიძე.

აჭარის მაუწყებლის 5-წევრიან საბჭოს უკვე ჰყავს 4 მრჩეველი. ეს რაოდენობა საკმარისია მაუწყებლის ახალი დირექტორის ასარჩევად. თუმცა ეს პოზიცია 19 აპრილის ანუ ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ვაკანტურია.

დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს.

„მადლობა მოთმინებისთვის“ – ჯანდაცვის მინისტრი „რესპუბლიკურის“ ექიმებს

სიტყვა „მოთმინება“ დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე ხშირად ისმოდა – დღეს, 6 ნოემბერს, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალ შენობაში ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს შეხვდა. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საავადმყოფოს შენობა დაათვალიერა, რომელიც ჯერ სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი არ არის.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მოთმინებისთვის,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ, როცა ის ექიმების პირისპირ დაჯდა. ამ საავადმყოფოს ექიმებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს „რესპუბლიკურის“ მშენებლობისა და მისი აღჭურვის გაჭიანურების გამო.

„ჩვენი მოთმინების ფიალა ხან ივსება, ხანაც – იკლებს… კონკრეტული ვადა შეგიძლიათ გვითხრათ, როდის გვექნება ახალი აღჭურვილობა და გაიხსნება ახალი რესპუბლიკური?“ – ჰკითხა მინისტრს ექიმმა ემზარ დიასამიძემ.

„ჩვენ ერთობლივად დავსახავთ სამომავლო სტრატეგიებს…უკვე შეიქმნა ჰოლდინგი, სადაც გაერთიანდება ის კლინიკები, რომლებზეც ჩვენ ვიღებთ პატრონაჟს,“ – მიმართა ექიმებს ჯანდაცვის მინისტრმა. მან ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, როცა რესპუბლიკურის ახალი შენობა მუშაობას დაიწყებს, თუმცა თქვა, რომ, პირველ რიგში, ამ კლინიკის აღჭურვისთვის გამოიყოფა თანხა.

„ვადა გვითხარით, კონკრეტული ვადა,“ – გაისმა რეპლიკები დარბაზიდან.

„ჩვენ ამას დავიწყებთ მყისიერად…“ – თქვა მინისტრმა მცირე პაუზის შემდეგ.

დიალოგში ექიმი ბენო ჭელიძე ჩაერთო, რომელმაც აქამდე არაერთხელ საჯაროდ გამოხატა ეჭვი იმის შესახებ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს სახელმწიფო კომპანია „ევექსისთვის“ ამზადებს.

„მყარდება კლანური მმართველობა ამ სფეროში ისევე, როგორც ეს დამყარდა ფარმაციაში. ამიტომაც ღირს ჩვენთან სამჯერ ძვირი მედიკამენტები… გვეუბნებით, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის, მაგრამ წინა წლებში იქ დარჩა ნაშთი. ახლაც როგორ დავიჯეროთ ეს სიტყვები, როცა არც აჭარის და არც ცენტრალურ ბიუჯეტში რესპუბლიკური საავადმყოფო საერთოდ ნახსენები არ არის?“ – იკითხა ბენო ჭელიძემ და კითხვის დასმამდე კონკრეტული შემთხვევა გაიხსენა:

„ზოგჯერ პაციენტს უბრალო ფხვნილს ასმევდნენ, რომ თითქოს ის მორჩება… ამიტომაც არ ვარ ოპტიმისტურად,“ – დასძინა ბენო ჭელიძემ.

„ჩემთვის ქირურგიული ჩარევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ეფექტი,“ – უპასუხა ექიმს ჯანდაცვის მინისტრმა.

„მე უკვე აღარ მიკვირს ბატონი ბენოს, იმდენი ხანია ვიცნობ,“ – სიტუაციის განმუხტვა თორნიკე რიჟვაძემ სცადა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რომელსაც სხვა ექიმებმა შეახსენეს, ახალი რესპუბლიკურის ამოქმედება რომ მისთვის „პრინციპის საქმეა“.

„მე ორი დღის დანიშნული ვიყავი, როცა თორნიკე რიჟვაძემ დამირეკა და მითხრა ამ კლინიკის შესახებ,“ – თქვა ისევ ეკა ტიკარაძემ.

სხვა ექიმებს კითხვა აღარ დაუსვამთ.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რვაფეხას ბათუმის ბულვარს გადასცემს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „რვაფეხას“ მისი განკარგვის მიზნით ბულვარს გადასცემს. სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ბულვარის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს პირობებს ამ ქონების ელექტრონულ აუქციონზე გასატანად, მისი იჯარის წესით გასხვისების მიზნით.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებთან”  ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა.

თავდაპირველად კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

„რვაფეხას“ აღდგენა 2017 წელს დაიწყო. 2018 წელს აჭარის ბიუჯეტიდან „რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად 197 606 ლარი დაიხარჯა. მალევე ცნობილი გახდა ისიც, რომ „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგებოდა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მხატვარ-მონუმენტალისტმა თემურ მჟავანაძემ უთხრა, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში „რვაფეხას“ მოზაიკით მოპირკეთებაზე იმუშავა.

ვინ გადაარჩინა ბათუმის „რვაფეხა“

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

ამერიკელი კონგრესმენი: ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს ოკუპაციას

„საქართველოს მოსახლეობა თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჩემპიონია და სტიმულია, რათა გავაგრძელოთ ის როლი, რაც გვაკისრია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს სრულუფლებიანი პარტნიორი. ეს არის გზავნილი ნატოს მისამართითაც,“ – აღნიშნა დღეს, 6 ნოემბერს, „თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ ამერიკელმა კონგრესმენმა – ადამ კინზინგერმა.

კონფერენციაზე გადაწყვეტილებების მიმღები პირები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები თავიანთ ხედვებს გაუზიარებენ ერთმანეთს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლნატიკური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

ამერიკელმა კონგრესმენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს ოკუპაციას, რაც დღემდე გრძელდება.

„მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, მთავრობას: ამერიკის შეერთებული შტატები მუდამ თქვენ გვერდით დგას თვითგამორკვევის, უფლებების დაცვის, ტერიტორიული მთლიანობის უფლების დასაცავად და ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს უკანონო ოკუპაციას, რომელიც დღეს ხდება, არასდროს ვაღიარებთ არც ყირიმის უკანონო ოკუპაციას და ომს, რომელიც მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში, ისევე, როგორც ჰიბრიდულ ომს, რომელიც ხორციელდება ევროპაში, რომელსაც ბიძგს აძლევს რუსეთი, ტერორისტული ჯგუფები… ჩვენ ვიცავთ იმ ხალხს, რომელსაც უნდა ვიცავდეთ ყოველდღე,“ – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

ამერიკელმა კონგრესმენმა ასევე თქვა, რომ საქართველო „მაგალითის მიმცემია“ ავღანეთში სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით დიდი მადლობა საქართველოს ხალხს ამ ძალისხმევისთვის,“ – დასძინა მან.

ადამ კინზინგერმა გაიხსენა „რკინის ფარდაც“ და ისიც თქვა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ახალი ფარდები იქმნება.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შტატებს ჰქონდა მომენტი, რომ გვეთქვა, დაღლილები ვართ და ევროპას საკუთარი თავისთვის მიეხედა. ჩვენ შევქმენით თავისუფალი სამყარო „რკინის ფარდის“ მიღმა და რამდენიმე ქვეყანა იტანჯებოდა საქართველოს ჩათვლით. ეს იყო საბჭოთა პერიოდის მესამე თაობის სურვილი, გამხდარიყო თავისუფალი სამყაროს ნაწილი… ჩვენი ვალდებულებაა, რომ დღეს კიდევ ერთხელ ჩამოვშალოთ ეს ფარდები. თვითგამორკვევა იმარჯვებს ყველგან. ყველამ იცის, რომ მათი მომავალი განისაზღვრება მათ მიერ,“ – თქვა ადამ კინზინგერმა.

კონგრესმენმა ისაუბრა ახალ ენერგორესურსებზეც, რაზეც შეერთებული შტატები მუშაობს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპელი პარტნიორები ხშირად რუსეთის შანტაჟზე ხდებიან დამოკიდებული ენერგოდამოკიდებულების გამო.

გამოსვლის დასაწყისში ადამ კინზინგერმა ხაზი თავის ასაკს გაუსვა. ის 29 წლისაა და თქვა, რომ როცა საქართველოში პირველად – 2011 წელს ჩამოვიდა, მისთვის თვალშისაცემი „ახალგაზრდა მთავრობა“ იყო.

„მე არ ვამბობ იმას, რომ ასაკოვანი ადამიანები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს განახებს ახალგაზრდობის მოწოდებას თავისუფლებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, ეს ყოველთვის თვალშისაცემია და ეს აჩვენებს ინსპირაციას, რომელიც სჭირდება შეერთებულ შტატებსაც…“ – თქვა ადამ კინზინგერმა და იქვე დასძინა: კარგი იქნებოდა, პირდაპირი ფრენა ყოფილიყო ამერიკიდან ბათუმში, ძალიან კარგი ქალაქია“.

შენიშვნა: სტატიის სათაური თავდაპირველად იყო: „ამერიკელი კონგრესმენი ქართველ ხალხს: თქვენ ხართ ჩვენი პრესსპიკერები“. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი და განმარტა, რომ კონგრესმენის სიტყვით გამოსვლის დროს თარჯიმანმა უზუსტობა დაუშვა, როცა ნათქვამი სიტყვასიტყვით თარგმნა და არა კონტექსტის გათვალისწინებით. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით, კონგრესმენმა იგულისხმა ის, რომ „საქართველოს მოსახლეობა თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჩემპიონია და სტიმულია“.

თალაკვაძე ვასაძის მუქარაზე, რომ ჩაშლის ფილმის ჩვენებას – „ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა“ 

„გარწმუნებთ, რომ ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს მოუწყობს და საზოგადოებრივ წესრიგს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. თუ ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, გამოხატოს მშვიდობიანი ფორმებით.

რაც შეეხება ფილმს და ხელოვნებას, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა და კულტურული საზოგადოება. ყველას შეუძლია, ისე გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც თავად თვლის საჭიროდ,“ – განაცხადა დღეს, 6 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველ ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელიც 8 ნოემბერსაა დაგეგმილი თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას.

 

 

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე გადაწყვეტილებების მიმღები პირები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ ერთმანეთს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლნატიკური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. კონფერენციას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრება ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ხოლო მთავარი მომხსენებელია ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი, კრისტოფერ კავოლი.

თავდაცვის კონფერენცია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მონაწილეებს ასევე მიმართა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

კონფერენციაზე განიხილავენ: შავი ზღვის რეგიონის ცვალებადი უსაფრთხოების გარემოს გააზრებას, საქართველოს არჩევანი ნატოსა და ევროკავშირისკენ, სტრატეგიული მზადყოფნა, ასევე, ჰიბრიდული მეთოდები და საფრთხეები.

კონფერენცია ხვალ, 7 ნოემბერს, დასრულდება.

ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია – „ჩვენთან უფრო იაფია“ დაიწყო

2019 წლის 4 ნოემბრიდან ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია დაიწყო. მომხმარებლებს ვთავაზობთ გადმოიტანონ (დააპორტირონ) სესხი და უფრო ნაკლებ საპროცენტო განაკვეთში აიღონ სასურველი თანხა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთის გარდა მომხმარებლებს ვთავაზობთ სესხის გადახდა 2020 წლის თებერვლიდან დაიწყონ. აქცია ყველა სესხზე ვრცელდება, მათ შორის ავტო სესხებზეც.

„ახალი წელი ახლოვდება, სხვადასხვა გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ხარჯების პერიოდი იწყება, არადა მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ბევრი სხვადასხვა საინტერესო საახალწლო შეთავაზება განვიხილოთ. ამ ყველაფერის მოგვარების მარტივ გზას ვთავაზობთ მომხმარებლებს ფინკა ბანკი – მიმდინარე საფინანსო ვალდებულებების გადაფარვას, უფრო ნაკლებ საპროცენტო განაკვეთს, 3 თვე „სასესხო ვალდებულებებისგან დასვენებას“ – სესხის გადახდა გადავადდება 2020 წლის თებერვლამდე. დიახ, ფინკა ბანკში სესხები უფრო იაფია, ასევე აღსანიშნავია, რომ 40000 ლარამდე სესხის აღებისას თავდები არ მოითხოვება. აღნიშნული პირობები ვრცელდება ყველა სესხებზე, მათ შორის ავტო სესხებზეც“, განაცხადა ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი აბაშიძემ.

ფინკა ბანკის აქცია „ჩვენთან უფრო იაფია“ 4 ნოემბრიდან დაიწყო, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აქციის პირობებით ფინკა ბანკის 35 ფილიალში.

სესხის განაცხადის ფორმა შეავსეთ აქ , ეწვიეთ ფინკა ბანკის ფილიალებს, ან დაგვიკავშირდით *4949

წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი, რომელიც წითელ ნუსხაში შეტანილი მხეცია.

„ამოღებულია ნივთმტკიცებულებები – დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს.

რადგან დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, 50 000 ლარს შეადგენს და გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე “ჰილტონში” ევაკუაცია გამოცხადდა

თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე სასტუმრო “ჰილტონში” ევაკუაცია გამოცხადდა. სტუმრებს სასტუმროს დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს. საკონფერენციო დარბაზი სტუმრებმა დაცალეს.

რამდენიმე წუთში სასტუმროს მისაღებში განაცხადეს, რომ საშიში არაფერია და სიგნალიზაცია შემთხვევით ჩაირთო.

სასტუმრო “ჰილტონის” უსაფრთხოების მენეჯერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაძლიერებული უსაფრთხოების გამო სამზარეულოში ჩაირთო სიგნალიზაცია “უმნიშვნელო კვამლის გამო”. მენეჯერის თქმით, ჯერ უცნობია, რატომ ჩაირთო სიგნალიზაცია.

კონფერენციას დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. სტუმრებს ასევე მიესალმებიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დაანონსებული იყო, რომ პრემიერი გახარია კონფერენციას დაესწრებოდა, თუმცა ის ჯერჯერობით კონფერენციაზე არ გამოცხადებულა.

კონფერენციას ესწრება ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ხოლო მთავარი მომხსენებელია ევროპაში აშშ-ის არმიის მეთარური კრისტოფერ კავოლი. კონფერენციის მონაწილეები მოისმენენ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის ვიდეომიმართვას. კონფერენციას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ჩინის სამხედროები და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩები.

 

Exit mobile version