მთავარი,სიახლეები

ამერიკელი კონგრესმენი: ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს ოკუპაციას

06.11.2019 • 2454
ამერიკელი კონგრესმენი: ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს ოკუპაციას

„საქართველოს მოსახლეობა თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჩემპიონია და სტიმულია, რათა გავაგრძელოთ ის როლი, რაც გვაკისრია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს სრულუფლებიანი პარტნიორი. ეს არის გზავნილი ნატოს მისამართითაც,“ – აღნიშნა დღეს, 6 ნოემბერს, „თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ ამერიკელმა კონგრესმენმა – ადამ კინზინგერმა.

კონფერენციაზე გადაწყვეტილებების მიმღები პირები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები თავიანთ ხედვებს გაუზიარებენ ერთმანეთს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლნატიკური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

ამერიკელმა კონგრესმენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს ოკუპაციას, რაც დღემდე გრძელდება.

„მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, მთავრობას: ამერიკის შეერთებული შტატები მუდამ თქვენ გვერდით დგას თვითგამორკვევის, უფლებების დაცვის, ტერიტორიული მთლიანობის უფლების დასაცავად და ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს უკანონო ოკუპაციას, რომელიც დღეს ხდება, არასდროს ვაღიარებთ არც ყირიმის უკანონო ოკუპაციას და ომს, რომელიც მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში, ისევე, როგორც ჰიბრიდულ ომს, რომელიც ხორციელდება ევროპაში, რომელსაც ბიძგს აძლევს რუსეთი, ტერორისტული ჯგუფები… ჩვენ ვიცავთ იმ ხალხს, რომელსაც უნდა ვიცავდეთ ყოველდღე,“ – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

ამერიკელმა კონგრესმენმა ასევე თქვა, რომ საქართველო „მაგალითის მიმცემია“ ავღანეთში სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით დიდი მადლობა საქართველოს ხალხს ამ ძალისხმევისთვის,“ – დასძინა მან.

ადამ კინზინგერმა გაიხსენა „რკინის ფარდაც“ და ისიც თქვა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ახალი ფარდები იქმნება.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შტატებს ჰქონდა მომენტი, რომ გვეთქვა, დაღლილები ვართ და ევროპას საკუთარი თავისთვის მიეხედა. ჩვენ შევქმენით თავისუფალი სამყარო „რკინის ფარდის“ მიღმა და რამდენიმე ქვეყანა იტანჯებოდა საქართველოს ჩათვლით. ეს იყო საბჭოთა პერიოდის მესამე თაობის სურვილი, გამხდარიყო თავისუფალი სამყაროს ნაწილი… ჩვენი ვალდებულებაა, რომ დღეს კიდევ ერთხელ ჩამოვშალოთ ეს ფარდები. თვითგამორკვევა იმარჯვებს ყველგან. ყველამ იცის, რომ მათი მომავალი განისაზღვრება მათ მიერ,“ – თქვა ადამ კინზინგერმა.

კონგრესმენმა ისაუბრა ახალ ენერგორესურსებზეც, რაზეც შეერთებული შტატები მუშაობს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპელი პარტნიორები ხშირად რუსეთის შანტაჟზე ხდებიან დამოკიდებული ენერგოდამოკიდებულების გამო.

გამოსვლის დასაწყისში ადამ კინზინგერმა ხაზი თავის ასაკს გაუსვა. ის 29 წლისაა და თქვა, რომ როცა საქართველოში პირველად – 2011 წელს ჩამოვიდა, მისთვის თვალშისაცემი „ახალგაზრდა მთავრობა“ იყო.

„მე არ ვამბობ იმას, რომ ასაკოვანი ადამიანები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს განახებს ახალგაზრდობის მოწოდებას თავისუფლებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, ეს ყოველთვის თვალშისაცემია და ეს აჩვენებს ინსპირაციას, რომელიც სჭირდება შეერთებულ შტატებსაც…“ – თქვა ადამ კინზინგერმა და იქვე დასძინა: კარგი იქნებოდა, პირდაპირი ფრენა ყოფილიყო ამერიკიდან ბათუმში, ძალიან კარგი ქალაქია“.

შენიშვნა: სტატიის სათაური თავდაპირველად იყო: „ამერიკელი კონგრესმენი ქართველ ხალხს: თქვენ ხართ ჩვენი პრესსპიკერები“. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი და განმარტა, რომ კონგრესმენის სიტყვით გამოსვლის დროს თარჯიმანმა უზუსტობა დაუშვა, როცა ნათქვამი სიტყვასიტყვით თარგმნა და არა კონტექსტის გათვალისწინებით. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით, კონგრესმენმა იგულისხმა ის, რომ „საქართველოს მოსახლეობა თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჩემპიონია და სტიმულია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: