„რვაფეხას“ სამი წლით ასხვისებენ – საწყისი წლიური ქირა 150 ათასი ლარი [აუქციონი]

ბულვარში მდებარე კაფე „რვაფეხას“ შენობა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონზე გაიტანა. წლიური საწყისი საიჯარო ქირა 150 ათასი ლარია. ეს თანხა შესაძლოა ვაჭრობის შედეგად გაიზარდოს. „რვაფეხა“ ამჯერად იჯარით 3 წლით გასხვისდება.

აუქციონის პირობის თანახმად:

[checklist]

  • ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის  კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი; აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, სსიპ  ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს; მოიჯარე ვალდებულია იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.
  • ამასთან, ბულვარი იტოვებს უფლებას  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (მესაკუთრე) მოთხოვნის შემთხვევაში მოსთხოვოს მოიჯარეს იჯარით გადაცემული ქონების გამონთავისუფლება 3 თვის განმავლობაში და მიმართოს მოიჯარეს  ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
  • იჯარის უფლების მქონე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად და სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში  უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება.

[/checklist]

გამარჯვებულის ვალდებულებები:

[checklist]

  • გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეათანხმოს მეიჯარესთან ობიექტზე განსათავსებელი სკამებისა და მაგიდების ვიზუალური ესკიზი, ასევე ობიექტზე ავეჯის (სკამი, მაგიდა, ქოლგა, გამწვანება) განთავსების გეგმა;
  • მეიჯარეს უფლება არ ააქვს მოიჯარის თანხმობის გარეშე შეცვალოს ვიზუალი ან/და ავეჯის განთავსების შეთანხმებული გეგმა.
  • გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში აამოქმედოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი  (კაფე), რომელშიც უფელბამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი სახეობის პროდუქციით კლიენტთა მომსახურეობა: საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ყავა, გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, პურ-ფუნთუშეული, ხილის წვენები, შოკოლადი, ხილი. ნებისმიერი სხვა პროდუქციით კლიეტთა მომსახურეობა ითვლება იჯარის ხელშეკრულების არსებით დარღვევად და გამოვლენისთანავე წარმოადგენს  იჯარის ხელშეკრულების დაუყონებლივ ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.
  • მოიჯარე ვალდებულია გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, უზრუნველყოს შენობა ნაგებობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;
  • მოიჯარე ვალდებულია  იჯარის ვადის განმავლობაში უზრუნველსყოს იჯარის საგანზე  მესამე პირთა შეუფერხებელი წვდომა, ასევე უფლება არ ააქვს შემოღობოს იჯარის საგანი, ან/და ნებისმიერი სახით შეაფერხოს მესამე პირების იჯარის საგანთან წვდომა.
  • მოიჯარე უფლება არ ააქვს იჯარის საგანზე, მათ შორის დახლზე (გარდა დახურული შიდა სივრცისა) განათავსოს სამაცივრე დანადგარები, ან/და ვიტრინა, პროდუქციის ვიზუალური აღქმადობისათვის;
  • მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის მიმართვის საფუძველზე უსასყიდლოდ დაუთმოს საიჯარო საგნის სივრცე მეიჯარის მიერ დაგეგმილი საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარებისათვის.
  • იჯარის საგანი უნდა ფუნქციონირებდეს წელიწადში არანაკლებ 6 თვე, ამასთანავე უწყვეტად  უნდა ფუნქციონირებდეს 01 ივნისიდან 30 სეტემბრამდე.

[/checklist]

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ იღებს ვალდებულებას:

[checklist]

  • გადასცეს გამარჯვებულს იჯარის უფლება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობაზე;
  • ხელი არ შეუშალოს მოიჯარეს იჯარის უფლებით გადაცემული ქონებით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით;
  • მოითხოვოს გამარჯვებულისგან ქონების მიზნობრივი გამოყენება; ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს დაათვალიეროს სარგებლობით გადაცემული ქონება;
  • მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი: გამარჯვებული დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს; განზრახ ან გაუფრთხილებლობით აუარესებს სარგებლობით გაცემულ ქონებას, რითაც ზიანი ადგება მეიჯარეს;
  • გაფრთხილების მიუხედავად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობიოს შემთხვევაში ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.

[/checklist]

აუქციონში გამარჯვებულს ეკრძალება:

[crosslist]

  • სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს არამიზნობრივად;
  • იჯარის საგანზე განათავსოს/აწარმოოს  მესამე პირის რეკლამა;
  • სსიპ ბათუმის ბულვარის  თანხმობის გარეშე განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე ან კაპიტალური სახის სამუშაოები.

[/crosslist]

ბულვარში, იჯარით გასაცემი ქონებაა: მიწის ნაკვეთი 2053 კვ.მ  და მასზე განთავსებული 202 კვ.მ შენობა-ნაგებობა (კაფე-ბარი N7, რვაფეხა).

ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობა დაწყებულია და ის 2019 წლის 26 დეკემბერს შეწყდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ დაახლოებით ერთი თვის წინ დაუდასტურეს, რომ „რვაფეხას“ მისი განკარგვის მიზნით ბულვარს გადასცემდნენ.

ამ თემაზე:

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

თორნიკე რიჟვაძე: ვუსამძიმრებ ოჯახს… მჯერა, ყველა კითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა პასუხი

აჭარის მთავრობის თამჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქზე 15 წლის მოსწავლის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ოჯახსა და საზოგადოებას უსამძიმრებს.

„შემძრა 15 წლის ლუკას გარდაცვალებამ.

მჯერა, რომ ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა სათანადო პასუხი და ყველა დამნაშავე დაისჯება.

ვუსამძიმრებ ოჯახს, თანაკლასელებს და მთელ საზოგადოებას,“ – წერს თორნიკე რიჟვაძე.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს თბილისში, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ლუკას ძმა „ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

ამ თემაზე:

დაიღუპა 15 წლის მოსწავლე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

ლუკას ცარიელი მერხი შს სამინისტროსთან – მდუმარე აქცია თბილისში [ფოტო]

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა თბილისში, შს სამინსიტროსთან სკამი და მერხი მიიტანეს და მდუმარე აქცია გამართეს. „სირცხვილია“ აპროტესტებს 15 წლის მოსწავლის, ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა იაშვილის კლინიკაში.

ნოდარ რუხაძის ფოტო

ლუკას ძმა „ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

თუ ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს, დარეკე: მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ხაზი: 116 111; 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

ამ თემაზე: 

დაიღუპა 15 წლის მოსწავლე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები

ბიზნესდაჯილდოების ფინალური ცერემონია ჯანსუღ კახიძის სახელობის  მუსიკალურ ცენტში საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას შესრულებით გაიხსნა.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის წელს მეოთხედ ჩატარდა და 5 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა.

ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას გადაეცა.

თიბისი ბანკთან ერთად გამარჯვებულები დააჯილდოვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და ფონდი „ეფსეს“ წარმომადგენელმა ივანე ლეკვთაძემ. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ ფონდი „ეფსე“ და თიბისი ლიზინგი.

გამარჯვებულები კი ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდა:

soplidan.ge – საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

ონლაინ პლატფორმა www.soplidan.ge მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, მარტივი მეთოდებით სოფლის მეურნეობის 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ონალინ შეძენის შესაძლებლობას. ბიზნესი ფერმერებს საშუალებას აძლევს მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი ბაზრის, ინტერნეტის საშუალებით გაყიდოს პროდუქტი. soplidan.ge-ს მომხმარებელთან განსხვავებული ურთიერთობა აქვს. ის იყო პირველი ონლაინ პლატფორმა, რომელმაც ქართული სოფლის პროდუქტის გაყიდვა ელექტრონული კომერციის საშუალებით დაიწყო.  soplidan.ge ერთგვარი ხიდის ფუნქციას ასრულებს ფერმერსა და ქალაქის მაცხოვრებელს შორის და ამარტივებს სოფლის მეურნეობის პროდუქტის, როგორც შეძენას, ისე გაყიდვას. პლატფორმა ფერმერებს შესაძლებლობას სთავაზობს იფიქრონ ბიო წარმოებაზე, აძლევს მათ მიმართულებას, როგორ მიიღონ უფრო ხარისხიანი პროდუქტი და თან ფინანსური სარგებელი. რადგან soplidan.ge მხოლოდ ონლაინ გაყიდვებს ახორციელებს, ცდილობს პროდუქტთან შეხების დეფიციტი მომხმარებელს კომუნიკაციით შეუვსოს – უყვება მომხმარებელს პროდუქტის შექმნის, მისი ფერმერის ისტორიას.

„მიკროგრინი“ – თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის 

„მიკროგრინი“ არის პირველი ვერტიკალური ურბანული სათბური კავკასიაში,  სადაც მოჰყავთ 20-მდე სახეობის მიკრომწვანილი, რომლითაც ამარაგებენ საქართველოსა და სომხეთის ჰიპერმარკეტებსა და კვების ობიექტებს. მიკროგრინმა დანერგა სრულებით ახალი,  თუმცა მარტივი ანაზღაურების სქემა, რომლის მიხედვითაც თითოეული თანამშრომლის ყოველთვიური ანაზღაურება, პირდაპირპროპორციულად მიება კომპანიის ბრუნვას და ყველა თანამშრომელს მიეცა თავისუფალი გრაფიკი. ამ სქემას დაექვემდებარა, როგორც კომპანიის დირექტორი, ასევე, ყველა სხვა დასაქმებული (წარმოების სპეციალისტები, დისტრიბუტორები, დამლაგებლები ა.შ.). ცვლილების შედეგად, ადამიანებმა თავი იგრძნეს არა როგორც დასაქმებულებად, არამედ როგორც მცირე მეწარმეებაად. შედეგად კომპანიის გაყიდვები და წარმოება 200% -ით.

WELY – საუკეთესო ინოვაციების შექმნისთვის

WELY ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მოწინავე შესაძლებლობების მრავალფუნქციურ სენსორებსა და სისტემას, რომლებიც ეხმარება ბიზნესს, როგორც ოპერაციების ავტომატიზაციაში ასევე დროისა და ხარჯის ეკონომიაში. კომპანიის მიზანია ყველა შენობა (იქნება ეს ბიზნეს დაწესებულება, საცხოვრებელი სახლი, ქარხანა, სათბური და სხვ.) გახადოს ენერგოეფექტური და თანამედროვე ციფრული შესაძლებლობებით აღჭურვილი, რაც გულისხმობს WELY-ის სენსორებისა და მოწყობილობების მარტივ ინსტალაციას. შედეგად მომხმარებელი იღებს მასზე მორგებულ პროგრამას, რომელიც ინფორმაციის ანალიზით იღებს ეფექტურ და სწორ გადაწყვეტილებებს თანამშრომლების გარემოს გასაუმჯობესებლად, ქმნის უსაფრთხო, კომფორტულ და გონივრულ სივრცეს.

plasticwatcher.ge – გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

მსოფლიოში წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მილიონი ტონა პლასტიკი იწარმოება, ხოლო გადამუშავდება ამ რაოდენობის 9 %-ი. საქართველოდან ამ 9 %-ში თავისი წვლილის შეტანას Plastic Watcher ცდილობს. იგი მეორადი პოლიეთილენის ნივთებისგან ქმნის ხელნაკეთ, გადამუშავებული პოლიეთილენის მდგრადი მოდის ნივთებს, რომლებსაც თავადაც ხმარობს, სხვასაც უზიარებს და საქართველოს საზღვრებსაც სცდება. Plastic Watcher – ის მიზანია, ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა, მათში ქცევის ცვლილების გამოწვევა, პოლიეთილენის და პლასტიკის მოხმარების და გარემოს დანაგვიანების შემთხვევების შემცირებისთვის დაუნდობელი ბრძოლის გაჩაღება. ცირკულარული ეკონომიკის პრიციპი – გააკეთე, გამოიყენე და დააბრუნე არის ის,  რაც საფუძვლად უდევს მდგრადი მოდის ნივთების შექმნის ამ კონკრეტულ ძალისხმევას.

Profy  – საუკეთესო სტარტაპის შექმისთვის

Profy – ეს არის ოსტატი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. პლატფრომა, სადაც მომხმარებელი ირჩევს სერვისს და შესასრულებელ სამუშაოს, რის შემდეგაც ალგორითმი მას სთავაზობს სერვისის მიმწოდებლების სიას, სადაც ნაჩვენებია ოსტატის რეიტინგი, წინა დამკვეთის მიერ დატოვებული კომენტარი და სამუშაოს ფასი. Profy ხელმისაწვდომია, როგორც ვებზე, ასევე მობილური აპლიკაციის სახით.

წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და  პროგრამული უზრუნველყოფა.

 

 

 

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისში ნაძვის ხეს საზეიმოდ აღარ აანთებენ

21 დეკემბერს ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია აღარ გაიმართება – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა, ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე.

შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება,“ – წერს ქუთაისის მერი ფეისბუქზე.

კრიტიკული მედიცინა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად

როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება და ყველა წუთი გადამწყვეტია, ექიმების სწრაფ რეაგირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ჰოსპიტალში გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის განყოფილებები ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, სადაც ყოველდღე იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ გადაუდებელი (ემერჯენსის) და რეანიმაციული განყოფილებები ერთ, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ერთიანდებიან. აქ ყოველდღე 50-მდე ადამიანი – ექიმები, ექთნები და დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ათობით პაციენტს იღებენ და მათი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.

„გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი კლინიკის კარიბჭეა. ეს არის ყოველდღიურად ახალი შემთხვევა, ახალი პაციენტი და მუდმივად გამოწვევების რეჟიმში ყოფნა.

ეს ძალიან აქტიური და პაციენტებით დატვირთული განყოფილებაა. ბოლო ორი წელია ჩვენს დეპარტამენტში პაციენტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. აქ ყველა მუხლჩაუხრელად შრომობს, გვაქვს უიმედო პაციენტების გადარჩენის ბევრი შემთხვევა და ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე მადლიერი პაციენტის შეხვედრა ქუჩაში, რომელიც სიკვდილს გამოსტაცე და დაუბრუნე ახლობლებს, “ – ამბობს „მედცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათო ხიმშიაშვილი.

„მედცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათო ხიმშიაშვილი.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი „მედცენტრში“ მოიცავს როგორც კრიტიკული მედიცინის, ასევე პოსტოპერაციულ განყოფილებას. საერთო საწოლების რაოდენობა აქ ჯამში 18-ს შეადგენს, თუმცა ჰოსპიტალში უახლოეს მომავალში განყოფილების გაფართოება იგეგმება, რათა კლინიკამ კიდევ უფრო მეტი პაციენტის მიღება შეძლოს.

„მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის პრიორიტეტი ზოგადი რეანიმაციაა, რაც გულისხმობს არამხოლოდ სპეციფიკური ონკოლოგიური პაციენტების ინტენსიურ მკურნალობას, არამედ ზოგად მედიცინას და საჭიროების შემთხვევაში, ორგანოს ან სისტემის ჩანაცვლება-პროთეზირებას.

„მედცენტრში“ ემერჯენსიდან პაციენტები შესაბამის განყოფილებაში გადაჰყავთ და პაციენტს არ უწევს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის სხვა კლინიკებს მიმართოს.

„მედცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი დათო ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ბათუმში იმატა გულის პრობლემების გართულებებმა. მისი თქმით, ბოლო 3-4 თვის განმავლობაში „მედცენტრში“ დაახლოებით 7-8 შემთხვევა იყო გულის გაჩერებისა, თუმცა მდგომარეობა დასტაბილურდა, გულისცემა აღდგა და დღეს ამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, კარდიოქირურგი,  მედიცინის დოქტორი ზვიად ბახტაძე, „მედცენტრის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, გვიყვება, რომ  მის განყოფილებაში გადაჰყავთ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე, ქრონიკული უკმარისობის გამწვავებით მეორადად სხვა ორგანოების და სისტემების, პათოლოგიური პროცესების ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მეორადი უკმარისობები. შეცვლილი ცნობიერებით მიმდინარე პათოლოგიური პროცესები.

რეანიმაციული განყოფილება „მედცენტრში“ ევროპული დონის აპარატურითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს:

  • სრული კარდიომონიტორინგი, მათ შორის, სვან-განცის კათეტერით ჰემოდინამიკის მონიტორინგი;
  • ბი-სპექტრალური მონიტორინგი;
  • ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია მრავალი სხვადასხვა მეთოდით;
  • სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესებთან რეჟიმების ოპტიმიზირება,  რაც გამოიყენება მართვითი სუნთქვიდან პაციენტის რაც შეიძლება სწრაფად მოსახსნელად – დამოკიდებულების განვითარების გარეშე, ან მწ. არაინვაზიური ვენტილაციის სხ/სხ მეთოდები. წამლის შეყვანისათვის განკუთვნილი სხ/სხ მოწყობილობები და ბევრი სხვა.

თერაპია სულფაქტანტით – მედიცინის უახლესი მიღწევა „მედცენტრში“

„მედცენტრის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, მრავალ კლინიკურ შემთხვევათა შორის ერთ კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, როცა სურფაქტანტით (ფოსფოლიპიდი, რომელიც ალვეოლების ელასტიურობას უწყობს ხელს) თერაპიის საშუალებით შეძლეს პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა.

ეს მაგალითი  იმითაა აქტუალური, რომ საქართველოში მსგავსი მიდგომა ზრდასრულ კონტინგენტში ქრონიკული ფილტვის პათოლოგიის მკურნალობაში განხორციელდა პირველად. ჩვენთვის სხვა შემთხვევა ჯერჯერობით უცნობია.

სურფაქტანტს იყენებენ დღენაკლულ ბავშვებში, ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობისა და შესაბამისად, მისი ფუნქციის გასაუმჯობესებლად, სანამ თავისი ფილტვი არ დაიწყებს სურფაქტანტის პროდუცირებას

„გვყავდა პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით ფილტვების  ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ფონზე. ჰქონდა უკიდურესი ხარისხის ჭარბი წონა, აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების ინფექცია ქვედა კიდურზე, წითელი ქარი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში მას უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა, ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული სუნთქვის მწვავე უკმარისობასა და  ინფექციის მართვაზე. გამოვიყენეთ სურფაქტანტის 120 მილიგრამი ინსუფლიაცია განცალკევებით ორივე ბრონქებში (60-60მგ), ბრონქოსკოპის საშუალებით, საერთო ჯამში, 10 კურსი 10 დღის განმავლობაში. პაციენტი დღესდღეობით თავს კარგად გრძნობს და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ემზადება ბარიატრიული (წონაში დასაკლები) ოპერაციული ჩარევისათვის. ეს  ძვირადღირებული თერაპიაა, თუმცა სამკურნალო ჩვენების მიხედვით მისი გამოყენების შემთხვევაში ძალიან ეფექტური. თერაპია სულფაქტანტით ჩვენი კლინიკის პირობებში გამოვიყენეთ კიდევ 5 პაციენტის მკურნალობისას, ასეთივე წარმატებით,” – იხსენებს ზვიად ბახტაძე.

ექიმი ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი, კარდიოქირურგი,  მედიცინის დოქტორი ზვიად ბახტაძე

,,მედცენტრის” რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, კრიტიკული მედიცინის საჭიროების  მიზეზი ხშირად საზოგადოების არაინფორმირებულობაცაა: საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის მეტად წახალისება, თუნდაც რეკლამით, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისათვის.

როგორც ზვიად ბახტაძე ამბობს, ხშირად ინსულტი ასაკოვან ადამიანებს ემართებათ და კლინიკაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან არ იკონტროლებენ მუდმივად არტერიულ წნევას, არ იღებენ წნევის დამწევებს, სისხლის „გამათხელებლებს“, არ აქცევენ დროულად ყურადღებას არითმიას, შედეგად კი ვითარდება იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ დროს ყველამ იცის, რომ სისხლს ათხიერებს ერთი აბი ასპირინიც კი, რომელიც 10 თეთრი ღირს. ეს  მედიკამენტი დაახლოებით 50%-ით ამცირებს იშემიური ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ცხადია, მედიკამენტი მათ უნდა მიიღონ, ვისაც უკვე აქვთ გულ-სისხლძარღვთა  პრობლემების დასაწყისი გართულებების გარეშე: ჰიპერტენზია, გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობის ნიშნები, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.

„თუმცა ნებისმიერი მედიკამენტის თვითნებურად მიღება დაუშვებელია და საპრევენციო მკურნალობის დასაგეგმად უნდა მივმართოთ ამბულატორიებსა და ოჯახის ექიმს,” – ხაზგასმით აღნიშნავს ექიმი და დასძენს, რომ 65 წელს გადაცილებულმა ადამიანმა პრევენციისათვის წელიწადში მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა გაიაროს კარდიოლოგის კონსულტაცია და მიიღოს ელემენტარული მკურნალობა, თავის დაზღვევის მიზნით.

ზვიად ბახტაძე პაციენტებისთვის კრიტიკული მედიცინის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„კრიტიკული მდგომარეობების მედიცინა – კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი ურთულესი და საინტერესო დარგია. ადამიანის სიცოცხლე – ყველაზე უმაღლესი ფასეულობაა და ყოველი სიცოცხლისათვის პასუხისმგებელი ვართ ჩვენ, ექიმები, ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო. იმისათვის, რომ შევამციროთ ჩვენი მოსახლეობის სიკვდილიანობა და ინვალიდიზაცია, ასევე, გავზარდოთ სამედიცინო მოსახურების ხარისხი არსებულ ვითარებაში  – ყველაზე დიდი სტიმულია სამედიცინო სამსახურის შემდგომი განვითარებისათვის. მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას,”- ამბობს ის.

 

ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ოპერაცია ,,მედცენტრის” ანესთეზიოლოგიურ დეპარტამენტში

„მედცენტრის” ანესთეზიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი 30-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ექიმი ლევან ტოშკუაა.

ანესთეზიოლოგიურ დეპარტამენტი ერთ-ერთი წამყვანი დეპარტამენტია კლინიკაში, სადაც ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ოპერაცია ტარდება. აქ ფუნქციონირებს ოთხი საოპერაციო და კათეტერიზაციის ლაბორატორია, რვა საწოლზე გათვლილი პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის განყოფილება. საოპერაციო და პოსტოპი თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობისაა – ინვაზიური და არაინვაზიური მონიტორინგის სისტემებით, რაც იძლევა ნებისმიერი პროფილისა და სირთულის ოპერაციის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას. გამოიყენება ანესთეზიის ყველა სახეობა, სულ უფრო მატულობს და მეტად პოპულარულია სხვადსხვა სახის ნეიროაქსიალური ანესთეზია – სპინალური და ეპიდურალური გაუტკივარება, აგრეთვე, პერიფერიული ნერვული ბლოკადები.

„საერთო საქმეს ჩვენს დეპარტამენტში ხუთი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგისგან შემდგარი გუნდი ემსახურება, თითოეულს 20-35-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ამას ემატება გადამზადებული, გამოცდილი და ყურადღებიანი ექთნებისა და დამხმარეების ბრწყინვალე გუნდი, რაც, ჯამში, პაციენტისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის საშუალებას იძლევა. კლინიკის ადმინისტრაციის ყოველდღიური ყურადღება და მზრუნველობა, საქმიანი და კოლეგიალური დამოკიდებულება, ჩვენი საერთო წარმატების საწინდარია,” – ამბობს ლევან ტოშკუა.

ექიმების თქმით, თუ კი თქვენ გვერდით მყოფ ადამიანს დახმარება სჭირდება, პირველ რიგში, 112-ზე უნდა დარეკოთ, ექიმების მოსვლამდე კი პირველადი დახმარება თქვენც შეგიძლიათ გაუწიოთ.

მაგალითად:

  • გულის წასვლისას – დააწვინეთ ადამიანი ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზევით, უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება
  • მაღალი არტერიული წნევისას – პაციენტს შეიძლება ენის ქვეშ მივაღებინოთ სწრაფი მოქმედების მედიკამენტები, თუმცა ამის გაკეთება არ შეიძლება ექიმის კონსულტაციის გარეშე
  • დაბალი არტერიული წნევისას – სანამ სასწრაფო დახმარების ჯგუფი მოვა, წამოაწვინეთ ადამიანი  სწორ ადგილზე და წამოუწიეთ ქვედა კიდურები ზევით
  • ჭრილობისა და სისხლდენისას – თუ ჭრილობაში არის უცხო სხეული, არ ამოიღოთ, უცხო სხეულის ამოღებისას შეიძლება გაძლიერდეს სისხლდენა ან გაღრმავდეს დაზიანება
  • ინსულტის დროს – შეუხსენით მჭიდროდ მომჯდარი სამოსი  და წამოუწიეთ თავი, მხრები, რომ თავის ტვინისკენ სისხლის ნაკადი შემცირდეს, არ სცადოთ ადამიანის წამოყენება

და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ მიუხედავად სწორად გაწეული პირველადი დახმარებისა, ჯანმრთელობის დამძიმებული  მდგომარეობისას, რიგ შემთხვევებში, პაციენტებს კრიტიკული მედიცინის გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ამიტომაც დროულად მიმართეთ ექიმს.

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსს მიაღწევს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 18 დეკემბრის 21 საათიდან 19 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 0-3 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

“ამ ცხოვრების დედაც” – სოლიდარობის აქცია ბათუმში 15 წლის ლუკას დაღუპვის შემდეგ

17 დეკემბერს, 23:30 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები 15 წლის მოსწავლის, ლუკა სირაძის  გარდაცვალების გამო გამოვიდნენ ქუჩაში. აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს, ქუჩებში კი წითელი საღებავით დაწერეს სიტყვები –  „ამ ცხოვრების დედაც”.

აქციის მონაწილეები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. ფოტო: ვანცენტ ხაბეიშვილი
აქცია ბათუმში

თუ ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს, დარეკეთ: მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ხაზი: 116 111; 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

„ამ ცხოვრების დედაც“
აქცია ერას მოედანზე

სწორედ ეს და სხვა სიტყვები იყო დაწერილი თბილისში, “მწვანე სკოლის” კედლებზე. სკოლამ პოლიციას მიმართა, პოლიციამ კი სტენსილის გაკეთებაში ეჭვმიტანილად 15 წლის მოზარდი მიიჩნია და გამოკითხვაზე დაიბარა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა  სცადა, დღეს, 17 დეკემბერს დაიღუპა.

____________

მთავარ ფოტოზე: სანთლები ლუკასთვის. ფოტო: ვანცენტ ხაბეიშვილი

 

დაიღუპა 15 წლის მოსწავლე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

დაიღუპა 15 წლის მოსწავლე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

17 დეკემბერს თბილისში, იაშვილის კლინიკაში დაიღუპა 15 წლის ლუკა სირაძე.

მოზარდმა, სავარუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ლუკას ძმა „ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს სსსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა თოლორაია არ აკონკრეტებს, ჩოლოიანი მოზარდის გარდაცვალებამდე დააკავეს, თუ მას შემდეგ.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერა დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

თუ ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს, დარეკეთ: მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ხაზი: 116 111; 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

ერთ-ერთი წარწერა,რომელიც ლუკამ დატოვა „მწვანე სკოლის“ კედელზე

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში განცხადება გაავრცელა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

“შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და “მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა „მწვანე სკოლამაც“.

“უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებთ მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას”, – ნათქვამია “მწვანე სკოლის” განცხადებაში.

3 ადამიანი დაშავდა ავარიის შედეგად ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 17 დეკემბერს, საღამოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა.

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი დათვალიერების შედეგად მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებოდათ.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ვისაც ექიმი ტყვეობაში ჰყავს, უნდა რცხვენოდეს – აქცია ბათუმში

დღეს, 17 დეკემბერს, ევროპის მოედანზე ბათუმელმა ექიმებმა, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს – „ექიმის პროფესიას საზღვრები არ აქვს“.

„ეს არის გაეროს დაცული მუხლების დარღვევა და დანაშაული, როცა ექიმი დააპატიმრეს იმის გამო, რომ ადამიანის დასახმარებლად წავიდა. საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების გამო დააპატიმრეს.

ჩვენ შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რომ ყოველდღე ვაჩვენოთ ჩვენი თანადგომა ვაჟა გაფრინდაშვილს და ყველა იმ პირს, ვისაც ექიმი ტყვეობაში ჰყავს. უნდა რცხვენოდეთ“, – ამბობს ქირურგი, ექიმი კახა ქაშიბაძე.

ექიმების სოლიდარობის აქცია, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„მოვედით სოლიდარობის გამოსახატად და ამ პატარა პერფორმანსით გვინდა დავანახოთ მათ, ვისაც ხელეწიფება მისი დროულად დახსნა ტყვეობიდან, რომ ჩვენ აქ ვართ და მის გვერდით ვართ“, – ამბობს თამარ ლომთაძე.

რადიოლოგი ელზა ვარშანიძე ამბობს, რომ ექიმის პროფესიას საზღვრები არ აქვს, ამიტომ ის, როგორც სხვა მედიკოსები, მხარდაჭერას უცხადებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. „გვსურს გაფრინდაშვილი დაუბრუნდეს თავის ოჯახს, ქვეყანას და გააგრძელოს თავისი პროფესიული საქმიანობა“.

ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ბათუმში.

აქციაზე იმყოფებოდა ექიმი, ენმ-ს წარმომადგენელი ბათუმის საკრებულოში ლევან ანთაძეც: „ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი კოლეგის დაკავებას, რომელიც ადამიანის დასახმარებლად იყო წასული. მინდა მივმართო ჩვენს კოლეგებს, იქნებიან ისინი რუსეთში თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომ გვერდში დაუდგნენ ქართველ ექიმს, რადგან ექიმებს არ აქვთ ნაციონალობა, არ აქვთ ეროვნება.

საქართველოს საზღვარი არ გადის არც ახალგორის და არც გორი-ცხინვალის გზაზე, არამედ გადის ფსოუზე და როკის გვირაბზე, ვაჟა გაფრინდაშვილი სწორედ ამ სიტყვებისთვის იხდის სასჯელს, რომელიც მას არ ეკუთვნის“, – ამბობს ანთაძე.

ბათუმში ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ

ლევან ანთაძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა  ჯერ კიდევ 2008 წელს აჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ექიმი, როდესაც ომის დროს ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტები გადაარჩინა.

ექიმ თემურ გაბაიძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აჩვენა სამოქალაქო გმირობა. „ჩვენ ექიმები ყველაფერს გავაკეთებთ ყველა პაციენტისთვის და ჩვენს ღირსეულ კოლეგას ვუცხადებთ სოლიდარობას“.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 დეკემბერს დააკავეს, როცა ის პაციენტის დასახმარებლად წავიდა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამავე თემაზე:

“თავისუფლება ვაჟა ექიმს” – აქცია საოკუპაციო ხაზთან

რა იწვევს სპონტანურ აბორტს ანუ „მუცლის მოშლას”

სპონტანური აბორტი, იგივე „მუცლის მოშლა“, ნიშნავს 22 კვირამდე ორსულობის შეწყვეტას ქალის ორგანიზმში, 22 კვირის შემდეგ კი, უკვე არის ნაადრევი მშობიარობა. სპონტანური აბორტის ძირითადი მიზეზი ნაყოფის არანორმალური განვითარებაა.

სპონტანური აბორტის ასოციაციის ინფორმაციით, სპონტანური აბორტი ორსულობის შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც საშუალოდ ოთხიდან ერთ ორსულობას შეეხება. რეგისტრირებული ორსულობის დაახლოებით 10-20% ორსულობის სპონტანური შეწყვეტით მთავრდება, თუმცა ორსულობის ასეთი ფორმით შეწყვეტის რეალური რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მეტია, რადგან  ორსულობის სპონტანური მოშლა ხშირად ორსულობის ისეთ ნაადრევ ეტაპზე ხდება, როცა ქალი ვერც აცნობიერებს, რომ ორსულადაა.

mayoclinic: ორსულობის სპონტანური შეწყვეტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ვაგინალური სისხლდენა; ტკივილი მუცლის ან წელის ქვედა ნაწილში
  • სითხის ან ქსოვილის გამოსვლა საშოდან

რა შეიძლება გახდეს „მუცლის მოშლის“ მიზეზი, რა  რისკები არსებობს და რა სახის მკურნალობა სჭირდება ამ დროს ქალს? – ამ თემაზე მეან-გინეკოლოგი კობა ქამაშიძე გვესაუბრა.

რამდენად მართალია, რომ ზოგჯერ სპონტანური აბორტი ორსულობის ისეთ ნაადრევ ეტაპზე ხდება, როცა ქალმა არც კი იცის, რომ ორსულადაა, როგორია ამ პროცესის სიმპტომები? 

ყველაზე ხშირად სპონტანური აბორტი ორსულობის მე-12 კვირამდე ხდება.

პირველ რიგში, ქალს უნდა ჰქონდეს მენსტრუაციის გადაცდენა, რის შემდეგაც წითელი ან ყავისფერი სისხლიანი გამონადენი საშოდან და მუცლის ტკივილი არის სპონტანური აბორტის მანიშნებელი. ეს ყველას სხვადასხვაგვარად აქვს გამოხატული – ზოგს ძლიერი ტკივილი აქვს, ზოგთან მენსტრუაციის მსგავსად მიმდინარეობს პროცესი.

თუ ქალს ტკივილი არ აქვს და აქვს მხოლოდ სისხლიანი გამონადენი, ჯობია სისხლდენა შეჩერდეს, დაისვენოს ქალმა და შემდეგ მიმართოს ექიმს.

  • რა სამედიცინო პროცედურები უტარდება ამ დროს ქალს?

ორსულობა შეიძლება ისე მოიშალოს, რომ ნაყოფი შიგნით დარჩეს, მაგალითად, გაჩერდეს ნაყოფის გულისცემა და ეს მხოლოდ ექიმთან მეორე ვიზიტისას დაფიქსირდეს. ასეთ დროს დარჩენილი ქსოვილების საშვილოსნოდან გამოსატანად საჭიროა ჩარევა: მედიკამენტოზური (უფრო ორსულობის ადრეულ ვადებზე) ან ვაკუუმასპირაციით. 

სპონტანური აბორტის ნიშნების დროს ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომ დადგინდეს, სად არის ნაყოფი – ორსულობა არის შეწყვეტილი საშვილოსნოში, თუ საშვილოსნოს გარეთ.  საშვილოსნოდან ნაყოფი თავისით ჩამოვა ან ჩვენ დავეხმარებით. თუ საკვერცხეზეა, მუცლის ღრუში ან სანაყოფე მილში – საჭიროა ოპერაციული ჩარევა.

  • ვინ არიან რისკჯგუფში და რა შეიძლება იყოს სპონტანური აბორტის მიზეზი?

რისკჯგუფში არიან 35-38 წელს გადაცილებული ორსული ქალები, რომელთაც აღენიშნებათ ისეთი სომატური დაავადებები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი. რისკჯგუფში არიან პაციენტები ქრონიკული შარდ-სასქესო სისტემის ანთებით, ვირუსის მატარებლები და ასევე ქალები, რომელთაც აქვთ ჰორმონალური დარღვევები, რის გამოც ყველაზე ხშირად წყდება ორსულობა.

საშიშია სისხლის დაავადებები, ე.წ. თრომბოფილიები. ამ დროს სისხლი დედდება, წარმოიშვება თრომბები, რაც აზიანებს ნაყოფს და წყვეტს ორსულობას.

სამწუხაროდ ისე ხდება, რომ სპონტანური აბორტი უმეტესად ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბრალდება, რაც არასწორია. ორსულობის სპონტანურ შეწყვეტაში დიდი როლი აქვს მამაკაცის ფაქტორს. ცნობილია, რომ კაცის სპერმა ყველა ათწლეულის შემდეგ იკლებს ხარისხში, იმიტომ, რომ კაცებში მიდის ქრონიკული ანთებითი პროცესები, ისინი არ უვლიან თავს – შედეგად ვიღებთ ცუდი სპერმით განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს. ასეთი ორსულობა ვერ მიდის ბოლომდე და იშლება. ამიტომ, როცა კლინიკაში მიდის წყვილი, სპერმაც უნდა იყოს გამოკვლეული, მისი ხარისხი პირდაპირ კავშირშია იმასთან, მივა ეს ორსულობა ბოლომდე, თუ ვერა.

გენეტიკური ანომალიების შემთხვევაში 6-8 კვირაზე ხდება ორსულობის ჩამოშლა. ქალისა და კაცის დნმ ერთმანეთს უნდა აეგოს, როცა ამ შერწყმისას ხდება ხარვეზი, ორგანიზმი წყვეტს ორსულობას. ამიტომ არსებობს სავალდებულო ექოსკოპიები პირველიდან მე-18 კვირამდე, შემდეგ 18-დან მე-20 კვირამდე, რომ გამოირიცხოს ანომალიები და თუ აუცილებელია – ჩვენ შევწყვიტოთ ორსულობა.

საერთოდ, სპონტანური აბორტისას ქალის ბრალეულობაზე საუბარი არასწორია, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა გარემო ასეთი დაბინძურებულია, არ ვიცით, რას ვსუნთქავთ, რას ვჭამთ, რას ვსვამთ, რა გვაცვია ან როგორ მოქმედებს ჩვენზე ის გაჯეტები, რომლებიც უკვე რამდენიმე წლის ბავშვის თავშესაქცევადაც კი გამოიყენება.

  • რა ხდება ქალის ორგანიზმში სპონტანური აბორტის შემდეგ?

 ორსულობა მოიშალა, მაგრამ ფონი ორსულობის კვლავ რჩება, დრო უნდა გავიდეს, რომ ორგანიზმში დარეგულირდეს ყველაფერი. მენსტრუალური ციკლი ჩვეულებრივ უნდა აღდგეს ერთ თვეში.

ხშირად ქალებს აქვთ დეპრესია, შესაძლოა საკმაოდ მძიმე ფორმითაც. პაციენტს  უკვე აქვს შიში, რომ რაღაც კიდევ მოუვა. მანამ, სანამ შემდეგი ორსულობა დადგება, საჭიროა სერიოზული მომზადება, საამისოდ უნდა გავიდეს ორი ან სამი მენსტრუალური ციკლი. ამ დროს უნდა დავიწყოთ კვლევები, რაც მოიცავს ვირუსების გამოკვლევას სისხლში, ჰორმონალურ კვლევებს, სისხლის გამოკვლევას შედედებაზე. თუ ქალს სპონტანური აბორტი ჰქონდა ორზე მეტ შემთხვევაში, წყვილმა უნდა მიმართოს შესაბამის სერტიფიცირებულ ცენტრებს, სადაც ჩატარდება უკვე გენეტიკური და სხვა სახის კვლევები.

  • სპონტანური აბორტის შემდეგ როდის შეიძლება ორსულობა?

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სპონტანური აბორტის შემდეგ ორი-სამი თვის განმავლობაში პარტნიორებმა სქესობრივი აქტის დროს დაიცვან თავი. მენსტრუაციის დაწყებიდან ორ-სამ თვეში პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან და დაიწყოს კვლევები.  თუ მიზეზს ვერ ვიპოვით, 15-20%-ში ასეც ხდება, ვიწყებთ მომზადებას ფოლიუმის მჟავით. აქედან ერთი თვის შემდეგ ვრთავთ ნებას ორსულობაზე და ვაკვირდებით. 

შეიძლება პაციენტს ჰქონდეს საშვილოსნოში პოლიპი, კვანძი…  რის შესახებაც მან აქამდე არაფერი იცოდა, რადგან არ გადაუღია ექო და არ იცის, რომ საშვილოსნოში არ არის ადგილი ნაყოფისთვის, ამ ორ-სამ თვეში მაგასაც ვაგვარებთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ანატომიური მიზეზები იშვიათად გვხვდება, უმეტესად ეს არის ვირუსების, ჰორმონალური დარღვევებისა და სტრესის  ბრალი.

  • რა მხარდაჭერა სჭირდება ქალს სპონტანური აბორტის შემდეგ?

რეაბილიტაცია დიდწილად დამოკიდებულია პარტნიორსა და ოჯახის წევრებზე. ქალმა არ უნდა დაიდანაშაულოს ამაში თავი. ოჯახის წევრები, ხშირად მამაკაცის მხრივ, ქალს ადანაშაულებენ. ქალმა არასოდეს უნდა დაიკავოს დამნაშავის პოზიცია. უნდა ვუთხრათ მას, რომ ეს მისი ბრალი არ არის, ეს გლობალური პრობლემაა, მთელ მსოფლიოში ხდება, თან ძალიან ხშირად. რადიაციაც მოქმედებს. ეს პრობლემა მოგვარებადია, ამიტომ პაციენტი არ უნდა შეიბოჭოს. პრობლემა არის არა მხოლოდ ქალის, არამედ წყვილის – 50/50-ზე, უფრო მეტად მამაკაცის ბრალი.

სპონტანური აბორტის შემდეგ ქალმა პირველი რამდენიმე დღე არ უნდა აიღოს მძიმე ნივთები, მოერიდოს ფიზიკურ დატვირთვას, სირბილსა და სპორტს. ერთ კვირაში კი, როცა სისხლიანი გამონადენი შეუწყდება, უნდა დაუბრუნდეს  ჩვეულებრივ ცხოვრებას, გავიდეს სამსახურში, ისეირნოს და ა.შ. ძირითადად ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ ქალის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

ზოგჯერ, სპონტანური აბორტის შემდეგ, პაციენტს ფსიქოლოგთან ვიზიტსაც ვთხოვთ, რომ არ შევიდეს ღრმა დეპრესიაში, არ დაეწყოს შიში. 

  • რა უნდა გააკეთოს წყვილმა სპონტანური აბორტის თავიდან ასაცილებლად?

ორსულობისთვის ორივე უნდა მოემზადოს – ქალიც და მამაკაციც.  ქალის შემთხვევაში ეს არის ფოლიუმის მჟავა, რომლის მიღებასაც ჩასახვამდე ერთი თვით ადრე იწყებს ქალი. ეს გვიცავს არასწორი ინფორმაციის ათვისებისგან, ასევე მანკებისგან – გულის, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის. ჩასახვიდან სამი თვის განმავლობაში ქალი იღებს ფოლიუმის მჟავას.

არის შემთხვევები, როცა პაციენტს აქვს ტკივილი და ითხოვს დახმარებას ნაყოფის შესანარჩუნებლად. ამ დროს ინიშნება ერთი ან ორი პრეპარატი, რაც დაშვებულია ორსულებისთვის, ძალიან მცირე ვადით.  ორსულობის მე-6, მე-9 კვირამდე, როცა ორსულობის საკვანძო პერიოდია და ყალიბდება ნაყოფის ყველა ორგანო, ორსული უბრალოდ უნდა გაუფრთხილდეს თავს, იწვეს, არ დაიღალოს, არ დაისტრესოს, უნდა გადადოს საქმეები. დღეს ყველა მუშაობს, ზოგს ძალიან მძიმე შრომა აქვს, სახლშიც და სამსახურშიც. ზოგი მარკეტში მუშაობს ღამის ცვლაში, ძილსაც ვერ ახერხებს. მიწევს ხოლმე, რომ ორსულებს მიმართვა დავუწერო სამსახურისთვის, რათა უფრო მსუბუქ ფიზიკურ შრომაზე გადაიყვანონ.

ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს.  გათავისუფლების  შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა გაავრცელა.

მისი თქმით ორმა ქართველმა მეზღვაურმა ლიბიის საპატიმრო  უკვე დატოვა.  ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად.

“ბათუმელები” დაუკავშირდა გათავისუფლებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს. მათი თქმით, მეზღვაურები ოჯახებს უკვე დაუკავშირდნენ და აცნობეს რომ სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი REX ლიბიაში 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავეს. ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს სამი მოქალაქე იყო, თურქეთის – ხუთი და ორიც – ინდოეთის. ტანკერს ქართველი კაპიტანი, გენადი კომახიძე მეთაურობდა.

დაკავებულებს ბრალად დიდი ოდენობით ნავთობის უკანონო გადაზიდვა ედებოდათ. დაკავებული სამი მეზღვაურიდან ერთი, ნუკრი ხოხბა 2018 წლის მარტში გაათავისუფლეს.

ლიბიის სასამართლომ ქართველ კაპიტანს, გენადი კომახიძესა და მის თანაშემწეს რომან კაკალაძეს 2019 წლის აპრილში 6-თვიანი პატიმრობა და 1 810 017 მილიონი ლიბიური დინარის [1 289 114 USD] გადახდა დააკისრა.

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე

ბერძნული მედია: დააკავეს ქართველი, რომელმაც ქუჩაში იარაღიდან 3 კაცს ესროლა

ბერძნული მედიის ცნობით, ორშაბათს, 16 დეკემბერს, ქალაქ თესალონიკის ცენტრში, ქუჩაში, პოლიციამ დააკავა კაცი ხელში დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით. თვითმხილველების თქმით, იგი სამ პირს მისდევდა და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც, თუმცა არავინ დაშავებულა, უცხო პირები კი, რომლებსაც ის მისდევდა, მიიმალნენ.

თესალონიკის პოლიციის ცნობით,  სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცი 58 წლისაა.

როცა ღარიბი მშობლები გყავს და სწავლა გინდა [ვიდეო]

18 წლის ინგა ზედგენიძე მე-5 კლასიდან მინდობით აღზრდაშია. ის ამბობს, რომ სწავლის მნიშვნელობაზე მას აღმზრდელი ქალი ხშირად ესაუბრებოდა და სწორედ ამ ოჯახში ცხოვრების შემდეგ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ მიეღო უმაღლესი განათლება.

ინგა ამბობს, რომ საკუთარ თავში მათემატიკის ნიჭი აღმოაჩინა და სურვილი აქვს ამ საგნის მასწავლებელი გახდეს. „სკოლა მხოლოდ იმას გასწავლის, რაც სკოლაში გამოგადგება და ეს არის სწორედ სკოლის ყველაზე დიდი  მინუსი – ვერ გაძლევს იმ განათლებას, რაც გჭირდება თუნდაც უმაღლესში. მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად უნდა მოემზადო რეპეტიტორთან, რისი შესაძლებლობაც ყველა მოსწავლეს არ აქვს.

როცა აბიტურიენტი გავხდი, ჩემი აღმზრდელი ქალი დამეხმარა – მათემატიკაში მომზადების საფასური გადამიხადა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასწავლებელი გავხდე და ბავშვებს ვასწავლო იმაზე მეტი, რასაც მე მასწავლიდნენ“, – ამბობს ინგა.

მისი თქმით, განათლების მნიშვნელობა ბავშვს ჯერ ოჯახში უნდა ასწავლონ, შემდეგ კი – სკოლაში. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს. „თუ მშობელი ბავშვს ეტყვის, რომ „არ გინდა სწავლა, მე-9 კლასიდან გამოგიგყვან, იმუშავებ და ოჯახს არჩენ“, ის ბავშვი არ ისწავლის, რა თქმა უნდა.“

ინგას აზრით, სკოლის ვალდებულებაა ბავშვს, მოზარდს მისცეს ისეთი განათლება, რაც მას სჭირდება მომავალი განათლებისა და განვითარებისთვის. „სწორედ ეს არის სკოლის ვალდებულება“, – გვეუბნება ის. სხვა შემთხვევაში, როგორც ინგა ამბობს, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება უთანასწორობა ღარიბ და მდიდარ მოსწავლეებს შორის. „მდიდარი მოსწავლე შეძლებს მასწავლებლების დაქირავებას, ღარიბი კი – ვერა. აი, აქ კი, მთავრობა უნდა დაეხმაროს სკოლას განვითარებაში“, – მიაჩნია ინგას.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ „სწავლის შედეგების მიხედვით, 2015 წელს დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა 78 ქულით ნაკლები აიღეს, ვიდრე მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა, „რაც უხეშად, სკოლაში სწავლის 2,5 წელს უდრის“.

მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა შეიმუშაოს ისეთი სისტემები შეფასებასა და ატესტაციაში, რითაც შეიძლება დაბალი და უთანასწორო შედეგების იდენტიფიცირება და ამ გამოწვევის გადაჭრა „მანამ, ვიდრე ეს უთანასწორობა ფესვებს გაიდგამს“.

ნახეთ ვიდეო, სადაც ინგა საუბრობს თავის ცხოვრებაზე, სკოლასა და სასკოლო განათლების ხარვეზებზე.

 

 

ჰომოსექსუალებისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად მეორედ ცნეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის თანახმადაც პირებს დონაციის უფლება შეზღუდული ჰქონდათ უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. საქმე ეხება კაცის სქესობრივ კავშირს კაცთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, „დღეს, 17 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ ნორმას, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობის შეზღუდვის საფუძველია უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს როგორც მსმ, ისე ჰეტეროსექტუალ პირთა ზოგიერთი სქესობრივი ქცევა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვას დისკრიმინაციულად ადგენდა მხოლოდ მსმ პირებთან მიმართებით, ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდებოდა სარისკო ქცევიდან 12 თვის ვადით.

მოპასუხე მხარის პოზიციით, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი. შესაბამისად, გამართლებული იყო ამ პირთა დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა. ამასთანავე, მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არსებითად განსხვავდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც პირებს დონაციის უფლებას უზღუდავდა უვადოდ, ხოლო მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ნორმით ეს უფლება შეზღუდული იყო დროებით – 10 წლის ვადით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სისხლის სამედიცინო შემოწმებამ, შესაძლებელია, სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ-ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“). ამასთანავე, არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, „ფანჯრის პერიოდის“ შემდეგ სისხლსა და მის კომპონენტებში აივ-ვირუსის გამოვლენა შესაძლებელია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია შეიზღუდოს მხოლოდ ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რისკების გამოსარიცხად საჭირო ვადით.

განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად საჭიროზე ბევრად უფრო ხანგრძლივად ზღუდავდა მსმ პირთა უფლებებს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და სახეზე იყო მისი განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი“.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წელს არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჰომოსექსუალი პირებისათვის სისხლის დონაციის უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა.

____

ამავე თემაზე:

ჰომოსექსუალებისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნეს

გამოცდის შედეგები 2 900-ზე მეტმა პედაგოგმა გაასაჩივრა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული პედაგოგების  27 000-ზე მეტი გასწორებული ნაშრომიდან  2 900-ზე მეტი გასაჩივრდა.

„დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ მათი ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება 1 300-ზე მეტ ნაშრომს შეეცვალა“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

საშემოდგომო გამოცდაზე პროფესიულ კომპეტენციას 15 000-მდე პრაქტიკოსი პედაგოგი ადასტურებდა. გამოცდაზე სულ 26 600 პედაგოგი და მსურველი დარეგისტრირდა.

გამოცდის შედეგები უკვე განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შედეგების თაობაზე ცნობის ასაღებად აპლიკანტებმა განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, კრედიტქულებთან და სტატუსთან დაკავშირებით კი  – „მასწავლებლის სახლს“.

ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე, გასულ წელთან შედარებით, ახალ პროფესიაში შემომსვლელთა რიცხვი გაზრდილია 13 %-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით – თითქმის 23 % – ით.

რა განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლას შორის – მოსწავლის ხედვა

თათული ხახუტაიშვილი სკოლა „პროგრესში“ და ამ სკოლასთან არსებულ ამერიკულ საერთაშორისო აკადემიაში სწავლობს. მისი სკოლა იმით განსხვავდება სხვა სკოლებისგან ბათუმში, რომ ჰყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი თანაკლასელები. შესაბამისად, გოგონას ვკითხეთ, რამდენად ეხმარება მრავალფეროვნება ბავშვებს ტოლერანტობის გააზრებაში. თათულის საკუთარი თეორია აქვს მოზარდებში სიზარმაცის დაძლევაზეც – რაც ყველა ბავშვს აწუხებს პერიოდულად. თათული სწავლობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, ამიტომ მას პირველი კითხვა სწორედ ამ ორ სექტორს შორის განსხვავებაზე დავუსვით.

  • თათული, შენ „პროგრესში“ მოსვლამდე სწავლობდი საჯარო სკოლაში. რა განსხვავება დაინახე კერძო და საჯარო სკოლას შორის

სკოლა „პროგრესში“ მე-11 კლასში გადმოვედი ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან. ბევრი მსმენოდა სკოლა „პროგრესის“ შესახებ და მსურდა პირადად შემეფასებინა და გამომეცადა აქ არსებული მდგომარეობა. მინდა ვთქვა, რომ განსხვავება ძალიან დიდია, როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს შორის (თუმცა არ ვგულისხმობ მასწავლებლების აკადემიურ მოსწრებას). კერძო სკოლაში პედაგოგი ორიენტირებულია მოსწავლეზე, სკოლა მორგებულია მოსწავლის მოთხოვნებსა და სურვილებზე, სუფევს წესრიგი, შექმნილია მეგობრული გარემო, რაც კარგ განწყობას უქმნის ბავშვებს. განსხვავდება მასწავლებლების სწავლის მეთოდი და მიდგომაც. კერძო სკოლებში ცდილობენ გამოიყენონ სწავლების ყველა თანამედროვე მეთოდი.

  • რას ურჩევ ბავშვებს, რომლებსაც ეზარებათ ხოლმე სწავლა? თუ გქონია მსგავსი განცდა და როგორ გადაგილახავს?

სათანადო განათლების მიღებას სჭირდება ძალიან ბევრის სწავლა და შრომა. მიუხედავად ამისა, არის ეტაპები ჩვენს ცხოვრებაში, როცა რაღაც სირთულეების წინაშე ვდგებით და გვიწევს ამ ყველაფრის გადალახვა. მოზარდებში ეს სირთულე, ძირითადად, სიზარმაცე გახლავთ და ამასთან ერთად აგდებული დამოკიდებულება სწავლის და სკოლის მიმართ. თუ ამ პრობლემას არ მივხედეთ, შესაძლებელია ამ ყველაფერმა ჩვენი მომავალი ცხოვრება საერთოდ შეცვალოს.

პირადად მქონია მსგავსი „შემოტევა“ მე-9, მე-10 კლასებში, როცა სიზარმაცემ დამძლია და არ გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობების ნახევარიც კი. ამიტომ ყველას ვურჩევდი, რომ არ ავყვეთ დღევანდელ ქაოსს, ვცადოთ ყველაფრის ბალანსი და შეთავსება ერთმანეთთან. რაც უნდა არარეალურად ჟღერდეს ეს ჩემგან ახლა, დამიჯერეთ, მომავალში მწარე მოგონებად გექცევათ და ინანებთ უდარდელად გატარებულ წლებს ისე, როგორც მე ვნანობ ახლა.

  • ხშირად საუბრობენ, რომ სკოლა “პროგრესში” სწავლა რთულია, შენ რას ფიქრობ? რას შეცვლიდი?

რთული ცხოვრებაში არაფერია, შესაბამისად, არც „პროგრესშია“ სწავლა რთული. მთავარია, მონდომება და დაუღალავი შრომა. რა თქმა უნდა, პროგრამა და მეთოდები რადიკალურად განსხვავებულია სხვა სკოლისგან, მაგრამ თუ მოინდომებ, აუცილებლად აუღებ ალღოს და შეიყვარებ აქაურობას.

  • ქვენ სკოლაში ბევრი უცხოელი სწავლობს, რამდენად კარგია კულტურულად მრავალფეროვან კლასში სწავლა?

მე მოხარული ვარ, რომ უცხოენოვან ბავშვებთან ერთად მიწევს სწავლა, მათი კულტურის გაცნობა, მათთან დამეგობრება და წეს-ჩვეულებათა შერწყმა. ეს ძალიან დიდ გამოცდილებას გვაძლევს ყველა ჩვენგანს და საზღვრებს გვიფართოებს მომავლისთვის. თავდაპირველად, ცოტა უცნაური და რთული მომეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ მათთან დამეგობრების შემდეგ გავაანალიზე, რომ ამ სკოლამ არა მხოლოდ კარგი განათლება, არამედ კარგი მეგობრებიც შემძინა საერთაშორისო მასშტაბით.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ რა პროფესიას ირჩევ

ჩემი გეგმები ალბათ ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, უფრო ქაოსური და გაურკვეველია. ვგეგმავ სკოლაში ორენოვანი ატესტატის აღებას და ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. ქართული ატესტატიც მექნება და ამერიკული აკადემიის დიპლომი. ჩვენი სკოლა ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა ამ მხრივ. პროფესიას რაც შეეხება, სულ მიზიდავდა დიპლომატია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვგეგმავ გავხდე ეკონომისტი, რადგან ბავშვობიდან ტექნიკური საგნები მიზიდავს, განსაკუთრებით მათემატიკა.

  • სხვა რა აქტივობებში ხარ ჩართული სკოლის შემდეგ

სკოლის გარეთ არც თუ ისე ბევრ პროექტში ვარ ჩართული. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე აქტივობა, მაგალითად, შემეცნებითი ბანაკები, კონფერენციები, გაეროს ასამბლეა, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და სხვა. ჩვენი სკოლა მაქსიმალურად ცდილობს ჩართოს თავისი ყველა მოსწავლე მსგავს პროექტებში.

  • რა უნარებია საჭირო წარმატებისთვის და შენ რა უნარჩვევები გეხმარება?

ძალიან ბევრი უნარია საჭირო, წარმატებული რომ გახდე. პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული, შრომისუნარიანობა, აზროვნება, მსჯელობა, მეგობრულობა, მტკიცე ხასიათი, ჯანსაღი კონკურენცია და თავდაჯერებულობა. პირადად მე, საკუთარ თავში გამოვყოფდი პირველობისკენ სწრაფვას, როცა ჩემ თანატოლს ვხედავ წარმატებულს, მაშინ იღვიძებს ჩემში რაღაც ძალა, რომელიც მკარნახობს და მაძლევს ბიძგს, რომ გავაკეთო მეტი. ასევე აზროვნების და მსჯელობის უნარი და, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, საკუთარი შეხედულების დაცვის უნარი.

  • მასწავლებლები რამდენად გიწყობენ ამაში ხელს?

ჩემი აზრით, მასწავლებლის ხელშეწყობა არის ის, რომ მაქსიმალურად მოგაწოდოს ინფორმაცია. აგიხსნას ყველაფერი შენთვის გასაგებ და მისახვედრ “ენაზე”. ჩემი აზრით, თუ მასწავლებელი ამას მოახერხებს, ის ავტომატურად ხდება შენი წარმატების და მიღწევების ხელშემწყობი.

ტურიზმის სააგენტო 325 000 ლარს დახარჯავს საახალწლო კონცერტებში გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ზამთრის და საახალწლო ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს კურორტ გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში, რისთვისაც 325 ათას 845 ლარს დახარჯავს. ღონისძიებების ორგანიზების მომსახურებას სააგენტო ტენდერის გარეშე აპირებს, რის შესახებაც შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

სააგენტოს ინფორმაციით, დაგეგმილია ქართული თანამედროვე და კლასიკური მუსიკის კონცერტები, ელექტრონული მუსიკა, ასევე, სხვადასხვა გასართობი და სარეკლამო აქტივობები:

[checklist]

  • კურორტ გოდერძიზე – 28 დეკემბერს [1 დღე],
  • ქობულეთში – 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით [7 დღე].
  • ბათუმში – 31 დეკემბერს [1 დღე].

[/checklist]

ღონისძიებების ორგანიზება მოიცავს: მონაწილეთა ჰონორარებს, ტრანსპორტირებას, განთავსებას, საორგანიზაციო ხარჯებს, დეკორაციებს, განათებას და ა.შ.

„აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო თანხის მობილიზება მოხდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში არსებული ეკონომიების საფუძველზე. ამასთან, არსებული ეკონომიების საკმაოდ დიდი ნაწილის შესახებ სწორედ მიმდინარე წლის ნოემბრის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი. 2019 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების შედეგად ღონისძიებას დაემატა დამატებითი სახსრები მასშტაბური ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით. გამომდინარე აქედან, ამ ღონისძიების შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი“, – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

ამავე განაცხადში, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მიუთითებს, რომ მასშტაბური საახალწლო და ზამთრის ღონისძიებების ორგანიზება პროგრამით არ იყო გათვალისწინებული, შესაბამისად, ბიუჯეტში არ იყო ასახული ღონისძიების დასაფინანსებლად საჭირო თანხაც:

„სააგენტოს საახალწლო ღონისძიებების დაგეგმვისა და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობის შესახებ ეცნობა 4 ნოემბერს, რომლის შემდგომაც დაიწყო მუშაობა ღონისძიების დაგეგმვასა და საორგანიზაციო საკითხებზე, ხოლო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით თანხმობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ იქნა 2 დეკემბერს“.

დოკუმენტების მიხედვით, 2019 წლის ბიუჯეტის მუხლში – „რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე“ – გათვალისწინებული იყო 5 478 400 ლარი, რომელიც 2019 წლის 13 დეკემბერს შემცირდა 275 846 ლარით. ეს თანხა კი დაემატა მუხლს – „ტურისტული პროდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია“. ძირითადად ეს თანხა მოხმარდება საახალწლო ღონისძიებებს.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით:

[checklist]

  • „კურორტ გოდერძიზე, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად აქტიურად ვითარდება, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მაინც დამსვენებლების ნაკლებობა რჩება, ამიტომაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და სტიმულირების მიზნით კურორტ გოდერძიზე საახალწლო მასშტაბური ღონისძიების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების მოზიდვას, ისე კურორტის პოპულარიზაციას.
  • ქობულეთი ტურისტული ქალაქია, განიცდის კულტურული ღონისძიებების ნაკლებობას, ამიტომაც მნიშვნელოვანია ბათუმთან ერთად მოხდეს ქობულეთის, მეორე საზღვაო ტურისტული ქალაქის გააქტიურება.
  • ბათუმში, რადგან წელს ახალი წლის ღონისძიება იგეგმება ბულვარის ტერიტორიაზე, იქნება გამორჩეული და ტურიზმის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია ღონისძიების მასშტაბების გაზრდა“.

[/checklist]

საახალწლო ღონისძიებების ჩატარებასა თუ ქალაქის გაფორმებაში ჩართულნი არიან ასევე ქალაქ ბათუმის მერიის სამსახურები, ბათუმის ბულვარი და სხვა ორგანიზაციები. ახალი წლის ღონისძიებებისთვის ჯამში, ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან, მიმდინარე წელს 1,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ამ თემაზე: 

1 მილიონს გადააჭარბა ბათუმში საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა თანხამ 

მთავარი ფოტო: კურორტი გოდერძი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი სტადიონი ბათუმში შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება

შპს „სტადიონის“ ადმინისტრაციამ ბათუმის მშენებარე სტადიონზე შეზღუდული შესაძლებლობის პირებს უმასპინძლა. სტუმრები მიმდინარე სამუშაოებსა და მათთვის გამოყოფილ სივრცეებს გაეცნენ.

ადაპტირებული სტადიონი

შპს „სტადიონის“ დირექტორის, ჯაბა სურმანიძის განცხადებით შშმ პირებისთვის 2 ზონაა გათვალისწინებული და 60 ადამიანზეა გათვლილი. სტადიონი სრულადაა ადაპტირებული და შშმ პირები ყველა სახის მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

სტუმრებმა დადებითად შეაფასეს უკვე შესრულებული სამუშაოები. დეტალურად გაეცნენ დამატებით სერვისებს, მათ შორის საპარკინგე სივრცეს, საპირფარეშოებსა და კვების ბლოკებს.

 

ბათუმში ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ

დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სხვადასხვა კლინიკის ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ. აქცია „თეთრი ხალათები ოკუპაციის წინააღმდეგ“ 17 საათზე დაიწყება.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხრადასაჭერად არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან. საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს  ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/414416/

ლენი კრავიცის კონცერტზე ბილეთების ფასი 95 ლარიდან იწყება

ლენი კრავიცის კონცერტს 2020 წლის 31 მაისს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

მუსიკოსი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს და შეასრულებს სიმღერებს ალბომიდან და კარგად ცნობილ მსოფლიო ჰიტებს.

მომღერალი საქართველოში SOLO-სა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩამოდის. ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე 18 დეკემბერს, 10:00 სთ-ზე დაიწყება. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 95 ლარიდან იწყება.

როგორც „საქართველოს ბანკში“ დაგვიდასტურეს, მათ ლენი კრავიცთან მოლაპარაკებები ექვსი თვის წინ დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ მომღერალი საკმაოდ უპრეტენზიო ადამიანია, არ აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები, კომუნიკაბელურია და ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადგილობრივი კლუბების დათვალიერებაა. „უყვარს ქუჩაში ხეტიალი და არ გაგიკვირდეთ, თუ ქუჩაშიც შეგხვდებათ,” – გვითხრეს „საქართველოს ბანკის” პრესსამსახურში.

ბათუმის თოჯინების თეატრი „გერდას“ წარმოგიდგენთ – პრემიერა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი დღეს, 17 დეკემბერს, 16 საათზე, პრემიერას წარმოგიდგენთ.

„გერდა“ – ასე ეწოდება სათავგადასავლო საბავშვო პიესას, რომელიც რეჟისორმა გიორგი ჩხაიძემ ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრის, „თოვლის დედოფლის“ მიხედვით დადგა.

„სპექტაკლში გამოყენებული ვიზუალური ეფექტები და საოცარი მუსიკა მაყურებელს   ნამდვილად ამოგზაურებს „ საოცარ, ულამაზეს დროში“.  65 წუთის განმავლობაში მაყურებლის წინაშე გათამაშდება ემოციებით, სითბოთი და სიყვარულით შექმნილი სათავგადასავლო სპექტაკლი, რომელიც არამხოლოდ პატარებს, არამედ დიდებსაც არ დატოვებს გულგრილს.

სპექტაკლის ნახვა  ხუთი  წლის ასაკიდან ნებისმიერ  მაყურებელს  შეუძლია“ – აღნიშნულია თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გერდას“ ბათუმის თოჯინების თეატრი 17 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით წარმოადგენს.

 

ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სომხეთიდან შემოვიდა

2019 წლის ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი, 177 400 პირი სომხეთიდან შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს მონაცემები. ეს 19 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე თვის მონაცემებზე.

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი პირი შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან:

  • სომხეთი – 177 400  
  • აზერბაიჯანი – 149 396
  • თურქეთი – 98 483
  • რუსეთი – 92 428 [7-პროცენტიანი კლება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით] 
  • ევროკავშირის ქვეყნები – 25 259
  • უკრაინა – 14 372
  • ისრაელი – 13 617 

ქვეყნების მიხედვით საზღვრის კვეთის თითქმის იგივე მონაცემები იყო ოქტომბერშიც იმ განსხვავებით, რომ მეხუთე ადგილს უკრაინა იკავებდა და მეექვსეს  – ისრაელი.

ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საზღვარზე გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ იკლო. ჯამში, 2019 წლის ნოემბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა განხორციელდა 1 923 473-ჯერ [შემოსვლა/გასვლა]. საზღვარზე გადაადგილებულ პირთაგან 66 პროცენტი უცხოელი იყო და 34 პროცენტი – საქართველოს მოქალაქე. 2019 წლის ოქტომბერში კი საქართველოს საზღვრის კვეთა განხორციელდა 2 148 385-ჯერ [შემოსვლა/გასვლა].

ვინ მიიღო წელს იაკობ გოგებაშვილის ლიტერატურული პრემია – გამარჯვებულების სია

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისში, მწერალთა სახლში, ცნობილი გახდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულების ვინაობა.

წელს პრემიის გამარჯვებულები არიან:

  • საუკეთესო პოეტური წიგნი – გივი ჩიღვინაძე „მთების და ტყეების ამბები“, გამომცემლობა „ცისიერი“
  • საუკეთესო პროზაული წიგნი ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი – თეა თოფურია, სონია ელიაშვილი „წყალდიდობა ზოოპარკში“, გამომცემლობა Edition Orient
  • პატარებისთვის, 7 – 12 წელი – ვასილ გულეური „მიკო და რეი“, გამომცემლობა „ქართული“
  • საუკეთესო დებიუტი – გიორგი მასხარაშვილი (ნილს სიმეონი) „14 კრისტალის თეორია“, სულაკაურის გამომცემლობა
  • საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი – სონია ელიაშვილი „წყალდიდობა ზოოპარკში“, გამომცემლობა Edition Orient
  • პატარებისთვის 7 – 12 წელი – ოლესია თავაძე, სულხან საბა ორბელიანის „ძალა ერთობაშია“, გამომცემლობა „სეზანი“
  • საუკეთესო საბავშვო დრამატურგია – ალექს ჩიღვინაძე „დათვი ტყეში ბრუნდება“
  • საუკეთესო თარგმანი – ციცო ხოცუაშვილი, ჯერომ კ. ჯერომი „სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით“, სულაკაურის გამომცემლობა;
    ლიკა ჩაფიძე, ასტრიდ ლინდგრენი და სარა შვარტი „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  • საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი – მარიამ წიკლაური, ნინო ჩხიკვაძე – სატელევიზიო პროექტი „კლუბი დო“
  • საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის პრემია გადაეცა საბავშვო პოეტ მზია ჩხეტიანს 

ჟიურის წევრები იყვნენ: ლელა ცუცქირიძე, გიორგი ჭაუჭიძე, პაატა პაპავა, თამარ კვიჟინაძე და თამრი ფხაკაძე.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია წელს მესამედ გაიცა. პრემია წარმოადგენს  პრიზს და ფულად ჯილდოს, საპრიზო ფონდი თითოეულ ნომინაციაში  2000 ლარია, ხოლო საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის – 3000 ლარი.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა. პრემია ყოველწლიურია და მისი მიზანი საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების გააქტიურება და წახალისებაა.

წელს საკონკურსოდ შესული იყო 54 წიგნი, 6 ინოვაციური პროექტი და 1 პიესა.

ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული წიგნი“ (ყმაწვილებისთვის, 13 + ) წელს პრემია არ გაიცა.

პრემიის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება – წლის მასწავლებელი PISA-ს კვლევის შედეგებზე

რატომ გვიჭირს წაკითხულის გააზრება, რა პრობლემებია სასკოლო განათლებაში და რომელ მოდელზე ამყარებენ მასწავლებლები იმედებს? – ამ თემაზე, ასევე შეფასების საერთაშოროსო პროგრამა PISA-ს კვლევის შედეგებზე, „ბათუმელებთან“ მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე საუბრობს.

  • ბატონო გიორგი, PISA-ს კვლევის მიხედვით, 15 წლის ქართველ მოსწავლეებს უჭირთ კითხვა და წაკითხულის გააზრება. როგორ ფიქრობთ, რატომ?

ის, რომ PISA-ს კვლევა ამას ამბობს, არ ნიშნავს, რომ ეს უნდა განვაზოგადოთ ყველაფერზე, რადგან ეს არ არის ობიექტური ჭეშმარიტება და ჩვენი მოსწავლეების სრულფასოვანი დახასიათება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას არ დავეთანხმოთ ან თვალი დავხუჭოთ რამეზე. ცხადია, ბოლოდან მეშვიდე ადგილზე ყოფნა შეფასების რეიტინგში კარგი არ არის, მაგრამ არც მთლად შემაშფოთებელია.

  • რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

რატომ არ არის შემაშფოთებელი, ვთქვათ, ის, რომ რუსეთი გვისწრებს ამ რეიტინგებში მნიშვნელოვანწილად? მე არ მჯერა, რომ რუსეთის მოსწავლეები უკეთესად იაზრებენ ტექსტებს, ვიდრე ქართველი მოსწავლეები. არადა, ამას ამბობს კვლევა, ხომ? ვნახოთ კვლევის ჩატარების პროცედურები, ჩამტარებლები და ა.შ. ქართულ გარემოში კვლევას ატარებს ერთ-ერთი ობიექტური, კომპეტენტური და მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუცია – ადამიანები ზედმიწევნით გათვალისწინებული და დაცული პროცედურებით და ა.შ. ანუ ობიექტურობის ხარისხი, ჩემი აზრით, არის მაღალი. რუსეთი კი, ხომ ვიცით როგორი სახელმწიფოა არა? ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ იქ სხვაგვარად ტარდება იგივე PISA-ს კვლევა.

  • გინდათ თქვათ, რომ აყალბებენ  მონაცემებს?

არ ვიტყოდი ამას, რადგან მე არ მაქვს მონაცემები, მაგრამ არიან ამ კვლევის პროცედურებში უფრო ჩახედული ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ იგივე ტესტირების ჩატარების ან გასწორების პროცესში შეიძლება ისეთი მიდგომების გამოყენება, რომლებიც გარკვეულწილად გააუმჯობესებდა ამ შედეგებს.

ახლა ვიტყვი საწუხარზეც. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ PISA ისეთ რაღაცებს ამოწმებს, რაშიც ჩვენ ბავშვებს არ ვავარჯიშებთ.

კერძოდ, PISA ამოწმებს მოსწავლის სხვადასხვა საგნობრივი ცოდნის ინტეგრირებულად და ამ ცოდნის ცხოვრებისეულ კონტექსტებში გამოყენების უნარს.

  • რატომ არ უვითარებს ჩვენი სკოლა ამ უნარებს მოსწავლეებს?

იმიტომ, რომ ჩვენი კურუკულუმები ჯერჯერობით არ არის მოწყობილი ისე, რომ ამაზე გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ბევრი ცოდნის ათვისებასა და დამახსოვრებაზე ორიენტირებული სკოლების მფლობელი ქვეყანა. თუნდაც ჩვენი სწავლის პერიოდი გავიხსენოთ, რას ვსწავლობდით? რამდენი ინფორმაცია იყო ჩაყრილი სახელმძღვანელოებში და დღესაც ასეა. ამიტომ, იძულებულნი არიან მასწავლებლები და მოსწავლეებიც, რომ ეს რამენაირად დაფარონ. როცა უზარმაზარ ინფორმაციას გაწვდიან, შეუძლებელი ხდება მისი არათუ სიღრმისეულად დამუშავება და ცხოვრებისეულ კონტექსტებში გადატანა, არამედ ზედაპირულად ათვისებაც კი.

ნებისმიერი საგანი რომ ავიღოთ, ნაცვლად იმისა, რომ ხდებოდეს მცირე ულუფის, ვგულისხმობ მცირე ცოდნის მრავალ პერსპექტივაში განხილვა, დამუშავება, ათვისება და ა.შ., ამის ცხოვრებასთან დაკავშირებასა და შესაბამისი სიტუაციების, მაგალითების, პრობლემური საკითხების მოფიქრებასა და მათ გადაჭრაზე მუშაობა, ამის ნაცვლად ხდება სწორედ ამ უზარმაზარი ინფორმაციის მიწოდება და „გავლა“.

შესაბამისად, PISA ხომ არ შეამოწმებს იმას, დავით აღმაშენებელს რამდენი ყივჩაღი ჰყავდა რომელიღაც ომში, ის ამოწმებს და გთავაზობს გარკვეულ მოცემულობას, თუ როგორ ახდენს მოსწავლე ამ ინფორმაციის თუ ცოდნის ინტერპრეტირებას, ლოგიკური დასკვნის გაკეთებას, ცხოვრებისეული ამოცანის გადაჭრას და ა.შ. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი მოსწავლეები არავისზე ნაკლებად ნიჭიერები არ არიან, არამედ გარკვეული პირობების გამო აჩვენებენ ამ კონკრეტულ კვლევაში ამ შედეგს. თუკი ჩვენს მოსწავლეებს ვავარჯიშებთ იმაში, რასაც ამოწმებს PISA,  რა თქმა უნდა, ექნებათ უკეთესი შედეგები.

  • PISA-ს კვლევა არ  ჩატარებულა პირველად, სხვა საერთაშორისო კვლევებიც ამოწმებს მოსწავლეების აზროვნების დონეს, რატომ არ ვცვლით მაშინ სწავლების ფორმას, მეთოდს, რატომ გვაქვს ეს მოცემულობა დღემდე?  

ჩვენ გვაქვს საბჭოური განათლების მემკვიდრეობა, მაგრამ ამის შეცვლა არის დაწყებული. მაგალითად, დაწყებულია „ახალი სკოლის მოდელი“, რომელზეც მუშაობს სამინისტრო და მასთან ერთად მუშაობს 160 სკოლის მასწავლებელი კურიკულუმების შემუშავებაზე, რათა ბოლო-ბოლო დადგინდეს, რისი სწავლა შეუძლია კონკრეტულ მოსწავლეს კონკრეტული მასწავლებლის კლასში და რამდენის გააზრება სიღრმისეულად.

  • თუ სახელმძღვანელო არ შეუწყობს ხელს მასწავლებელს, მხოლოდ კურიკულუმით მიაღწევს ამას?

ახალი სკოლის მიდგომა გულისხმობს ზუსტად მაგას. მთავარი არის კურიკულუმი, ანუ ის სასწავლო გეგმა, რასაც ახორციელებს მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან და არა სახელმძღვანელო. სამინისტროს დირექტივა არის ასეთი, რომ მთავარია მოსწავლე რამდენს აითვისებს სიღრმისეულად. შესაბამისად, ამ მოდელის მიხედვით, შესაძლოა, მასწავლებელმა მხოლოდ სახელმძღვანელოს ნახევარი აითვისოს, ნახევარი კი დარჩეს აუთვისებელი.

ოღონდ, არა უაზრო და მომაბეზრებელი დავალებებით უნდა მოხდეს მასალის ათვისება, არამედ საინტერესო, კონტექსტური, ცხოვრებისეული, ე.წ. კომპლექსური დავალებებით. მოკლედ, ეს პროცესი არის დაწყებული და იმედია, თანდათან გავრცელდება.

  • ფიქრობთ, რომ ახალი სკოლის მოდელი არის გარდამტეხი, თუ კიდევ არის რაიმე შესაცვლელი არსებითად?

ეს მიდგომა არ არის ცალკეული მასწავლებლების კეთილი ნება, არამედ ცენტრალიზებულადაა შეთავაზებული მასწავლებლებისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს ინფრასტრუქტურის, მასწავლებელთა კვალიფიკაციის, სკოლის მენეჯმენტის და სხვა პრობლემებიც, რომლებიც გავლენას ახდენენ პროცესებზე, მაგრამ როგორ ვასწავლოთ, ეს მიდგომა რომ შეიცვლება, ბევრ ცვლილებას გამოიწვევს. იმიტომ კი არა, რომ PISA-ში უკეთესი შედეგები მივიღოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს სასწავლო პროცესი სინამდვილეში. სასწავლო ამოცანები უნდა დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ ცოდნას, გამოცდილებას და მოხდეს საკითხების სიღრმისეული, ინტეგრირებული გააზრება.

  • ახალი მოდელი რამდენად იქნება თანხვედრაში ეროვნულ გამოცდებთან? როგორც ვიცით, ხშირია პრეტენზიები მოსწავლეების მხრიდან იმაზე, რომ სასკოლო პროგრამა აცდენილია ეროვნული გამოცდების საკითხებს.

ეს სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ ადამიანს, რომელიც აზროვნებს, შეუძლია ინფორმაციის სხვადასხვა კუთხით გააზრება, მისთვის ეროვნული გამოცდები არ იქნება სერიოზული ბარიერი.

  • პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა ახენეთ და ესტონეთი, რომელიც ასევე იყო ამ სისტემის ნაწილი, დღეს უკვე აჩვენებს ძალიან მაღალ სტანდარტს განათლებაში. შეგვეძლია თუ არა მისი გამოცდილების გამოყენება და ახალი სკოლის მოდელი რამდენად ახალოს დგას ესტონურთან?

საქართველოში ვერ იმუშავებს ვერანაირი მოდელი, თუ არ იქნება ორიენტირებული ქართველ მოსწავლესა და ქართველ მასწავლებელზე. ახალი სკოლის მოდელი არის ქართული მოდელი, თუმცა ზოგადი ორიენტირება ნამდვილად უნდა იყოს ის, რომ გონივრულობის ფარგლებში ხდებოდეს გარკვეული საკითხების შესწავლა და მისი სიღრმისეული გააზრება სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ეს კი ნებისმიერ სკოლას და ნებისმიერ ქვეყანას უნდა ეხებოდეს.

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ხულო-ადიგენის გზის გოდერძის უღელტეხილზე დღეს, 16 დეკემბერს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

მთავარი ფოტო /საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ტაილანდური მასაჟი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხის შედგენა იუნესკომ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ სიაში ცოტა ხნის წინ ძალისმიერი ტაილანდური მასაჟიც შევიდა.

ტრადიციული ტაილანდური მასაჟი ,,ნუადი“ უნიკალურ მოვლენად მიიჩნიეს, რასაც გაფრთხილება სჭირდება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

იუნესკო ყოველ წელს მსჯელობს, თუ რომელი ნაციონალური ტრადიციები დაამატოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას. ამ სიაში ახლა 127 სხვადასხვა ქვეყნის 550 არამატერიალური ძეგლია შეყვანილი.

1787-1851 წლებში მცხოვრები მეფე რამა III სასახლეში აღმოჩენილი, ენერგეტიკული ხაზების ქვაზე ნაკვეთი ილუსტრაცია, რაც დღემდე გამოიყენება სახელმძღვანელოდ ტრადიციულ ტაილანდურ მასაჟში.

ჩვეულებრივი მასაჟისგან განსხვავებით ტაილანდური ,,ნუადი“ თითქმის  ტანვარჯიშის მსგავსი, დინამიკური სავარჯიშოებია. თერაპევტ-მასაჟისტები ძირითადად ქალები არიან და სხეულის სხვადასხვა ნაწილების დასამუშავებლად ისინი მუხლებსა და მხრებს იყენებენ.

როგორც იუნესკოს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული ,„ნუადი“ ტაილანდის სოფლებში გაჩნდა. ,,ყოველ სოფელს თავისი მკურნალი ჰყავდა, ვისაც გლეხები დამღლელი ფიზიკური შრომის შემდეგ კუნთების ტკივილის მოსახსნელად მიმართავდნენ“.

წელს იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა ასევე არფაზე დაკვრის ირლანდიური ტრადიცია, ალპინიზმი და პორტუგალიური კარნავალი.

წყარო: BBC      ich.unesco.org

მთავარი ფოტო: BBC

ინასარიძის ქუჩაზე ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის N3-ის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 18 ათას 130 ლარი დაიხარჯება. აქედან, ნახევარი მილიონი – 2020 წელს, დანარჩენი კი – 2021 წელს. ტერიტორია ჯამში 3 165 კვ/მ-ია.

ადგილი, სადაც სკვერი მოეწყობა, ინასარიძის ქუჩასა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსებთან [NN:2,3,5] არის ახლოს. ამ ტერიტორიაზე არის მინი სტადიონიც და სხვადასხვა ატრაქციონები.

დაგეგმილია არსებული სტადიონის რეკონსტრუქცია, ახალი ატრაქციონების, შადრევნის, სასეირნო ბილიკების, სკამების, განათების მოწყობა-მონტაჟი.

პროექტს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო განახორციელებს. სკვერის პროექტი მზადაა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე სამმართველო ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს.

სკვერი ინასარიძის ქუჩის N3-ის მიმდებარედ / რენდერი პროექტიდან
საპროექტო ტერიტორია, სადაც სკვერი მოეწყობა

2020 წელს ბათუმის მერია ბიუჯეტიდან პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობისთვის ჯამში 777 200 ლარის დახარჯვას გეგმავს.

3 533 260 ლარი დაიხარჯება ქალაქის გამწვანების ღონისძიებებში, ცენტრალური პარკის დაცვას კი 122 400 ლარი დასჭირდება.

ქალაქის გამწვანებასა და არსებული მწვანე ნარგავების მოვლა პატრონობაზე მერიის ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური იმუშავებს.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი კი, 2020 წელს, ქალაქის ბიუჯეტიდან 4 200 000 ლარით დაფინანსდება.

ლარში გაზრდილი, მაგრამ დოლარში შემცირებული საშუალო თვიური ხელფასი

2019 წლის მესამე კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ეს მონაცემები საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა დღეს, 16 დეკემბერს გამოაქვეყნა.

„ბათუმელებმა“ საქართველოს სტატისტიკის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თვიური საშუალო ხელფასი დოლარში  დაიანგარიშა და შემდეგი სურათი მიიღო:

 

როგორც სოციოლოგმა ქეთი სართანიამ გასულ წელს ანალოგიური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, კვლევა არარეპრეზენტატულ მონაცემებს ეყრდნობა – საწყის ეტაპზე კონკრეტული ჯგუფის (ფორმალურად დაქირავებით დასაქმებულების ნაწილის) ხელფასებს იღებს და საბოლოოდ, მას საქართველოს მთელ მოსახლეობაზე განაზოგადებს, რაც არაზუსტ სურათს ხატავს.

ამას გარდა უნდა ქვეყნებოდეს ის მონაცემებიც, თუ როგორ არის ადგილზე შერჩევა გაკეთებული, რის საფუძველზე და რატომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ეჭვი, რომ [ეს მონაცემები] არ არის რეპრეზენტატული და ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს არაფორმალური ეკონომიკის სიძლიერე”.

მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის მეთოდოლოგია, რომლითაც ის საშუალო თვიურ ხელფასს ითვლის, სადავოა, ინფოგრაფიკა ნათლად აჩვენებს, კლების ტენდენციას. 2014 წელს მოქალაქეს შეეძლო 850 ლარად 456 დოლარი ეყიდა. 2019 წელს, 1 217 ლარად მხოლოდ 425  დოლარის ყიდვაა შესაძლებელი.

 

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

 

ბათუმში 2 ნაკვეთი აუქციონზე თითო ბიჯით გაიყიდა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“

პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა. საქართელოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით აუქციონზე გამოტანილი 100-ზე მეტი ობიექტიდან 26 გაიყიდა. აქედან 2 მიწის ნაკვეთი ბათუმში.

ეს ნაკვეთები აუქციონზე თითო ბიჯით გაიყიდა: 

[checklist]

  • 9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელში], ავგიას ქუჩა N 64ა-ში; საწყისი ფასი – 780 000 ლარი, გაყიდვის ფასი – 782 000 ლარი.
  • 42 073 კვ.მ მიწის  ნაკვეთი ბათუმში, ტბეთის ქუჩა N52-ში [ყოფილი ბითმაჟის ტერიტორია]; საწყისი ფასი – 3 703 000 ლარი, გაყიდვის ფასი 3 708 000- ლარი.

[/checklist]

პირველი ნაკვეთის აუქციონში მითითებული იყო, რომ ნაკვეთის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი, სასტუმრო კომპლექსია. მეორე ნაკვეთთან დაკავშირებით კი მითითებული იყო, რომ სამომავლო განვითარების პროფილი-სამრეწველო/სასაწყობეა.

ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, რომ აუქციონის პირველი ეტაპი დასრულდა, ხოლო დარჩენილ გაუყიდავ ქონებაზე აუქციონი კიდევ ერთხელ გამოცხადდება, ამასთან, სახელმწიფო გაზრდის მეორე ეტაპზე გასაყიდი ქონების რიცხვსაც. სააგენტოში ჯერ არ იციან, როდის გამოცხადდება მეორე აუქციონი, თუმცა ამბობენ, რომ ორ კვირაში პრივატიზებით სახელმწიფომ, ჯამში, დაახლოებით 41 მლნ ლარი მიიღო.

გაყიდული და გასაყიდი ქონების სრული სია ნახეთ ბმულზე:

https://netgazeti.ge/news/414576/

 

 

 

თოვლი, თხილამურები და ზამთრის ზღაპრული თავგადასავალი აჭარის მთებში

ახალი წლისა და ზამთრის გაგონებაზე პირველ რიგში რა გახსენდებათ? თქვენი არ ვიცი და მე პირველ რიგში რაც თვალწინ მიდგება, საშობაო-საახალწლო ღია ბარათებია – დათოვლილი პეიზაჟი, სახლი, რომლის საკვამურიდან ბოლი ამოდის, მწვანე ნაძვები ტოტებზე თოვლით და სიმშვიდისა და ბედნიერების აუხსნელი, სასიამოვნო განცდა.

მსგავს, საახალწლო ღია ბარათში „მოხვედრის“ სურვილი ალბათ ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია ბავშვობაში და მერეც, როცა უკვე დიდი ხარ და ზამთართან დაკავშირებულ გეგმებს ადგენ.

არადა, ასეთი პეიზაჟები ნამდვილად არსებობს და სადმე შორს კი არა, აქვე, საქართველოში, აჭარაში, რომელიც ახლა უკვე არა მხოლოდ ზღვასთან და ზაფხულთან, არამედ თოვლიან ზამთართანაც ასოცირდება. საჭიროა მხოლოდ თბილი ტანსაცმელი ჩაალაგოთ და ბათუმიდან აჭარის მთებისკენ გაუდგეთ გზას.

კურორტ გოდერძიზე გიამბობთ და თავად გადაწყვიტეთ.

ეს კურორტი გოდერძია. არ ჰგავს საახალწლო ღია ბარათს? ფოტო: goderdzi.ski

გოდერძი ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.

თოვლით დაფარული მინდვრები, წიწვოვანი ტყეები, თხილამურები, საბაგირო გზა და ალპური მთებიდან მონაბერი, სუფთა, ცინცხალი ჰაერი. იქნებ მთელი წელი ამაზე ოცნებობდით?

მოთხილამურებისთვის გოდერძი იდეალური ადგილია. სასრიალო გზების საერთო სიგრძე აქ 8 კილომეტრს შეადგენს. თუ გაუკვალავ თოვლში სრიალი გიყვართ, ამის შესაძლებლობა გექნებათ. თუ ახალბედა ხართ – ადგილზევე, სპორტულ სკოლაში, რომელიც წელს იხსნება, შეგიძლიათ ნახოთ ინსტრუქტორი და ზამთრის მოგზაურობას დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეჰმატოთ – თხილამურებით სრიალი გოდერძიზე. აქვეა შესაძლებელი თხილამურის, ციგისა და სნოუბორდის დაქირავება.

გოდერძის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებიც უკვე კარგად იცნობენ. ფოტო: goderdzi.ski
ეს ხედი არასოდეს დაგავიწყდებათ. ფოტო: goderdzi.ski

ვისთვის არის გოდერძი? – შეიძლება ითქვას, ყველასთვის, ვისაც ზამთარში თოვლიანი პეიზაჟებით ტკობა, სუფთა ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა და საღამოობით კარგად გართობა, ცხელი გლინტვეინის წრუპვა ან თბილი ოთახის ფანჯრიდან ციდან ჩამოცვენილი მსხვილი ფიფქების ცქერა უყვარს, ანუ ოჯახებისთვის, მეგობრების, შეყვარებულებისთვის, შენთვის, ჩემთვის…

წლევანდელ სეზონზე, ყოველ საღამოს, გოდერძიზე მუსიკალური საღამოები გაიმართება, სადაც მოწვეული დიჯეები დაუკრავენ. კარგი მუსიკა და ცეკვა არასდროსაა ზედმეტი და დასვენებისას ყველას გვჭირდება.

კურორტზე სასტუმროც არის და კოტეჯებიც, არჩევანი თქვენზეა. სასტუმროში ორადგილიანი ნომერი დღეში 100 ლარი ღირს; ლუქსი – 160 ლარი; ექვსადგილიანი ნომრის ფასი კი 180 ლარია.

უფრო დაწვრილებით ინფორმაციას და ფოტომასალას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ – კურორტი გოდერძი

რაც შეეხება კოტეჯებს, ორადგილიანი ნომრის ფასი აქ 220 ლარია, ოთხადგილიანი ნომერი 300 ლარი ღირს, ექვსადგილიანი კი – 360 ლარი.

კოტეჯი გოდერძიზე

უფრო იაფი შეიძლება დაგიჯდეთ ზამთრის არდადეგები, თუკი გოდერძიდან სულ რაღაც 3-5 კილომეტრით დაშორებულ სოფელ დანისპარაულში დარჩებით, საოჯახო სასტუმროში. ამ ულამაზეს სოფელში მინიმუმ 10 საოჯახო სასტუმროა, სადაც ერთი დღე-ღამე ერთი ადამიანისთვის 30 ლარი ღირს კვების გარეშე. თუმცა ყველას აქვს ნომრებთან ახლოს სამზარეულო, სადაც თავადაც შეგიძლიათ მოიმზადოთ კერძები. დღეში ორჯერადი კვებით კი საოჯახო სასტუმროში 40-50 ლარად დარჩებით.

საკვები ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. ყველა პროდუქტი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა და მთიანი აჭარის სამზარეულოს ორ მთავარ ინგრედიენტს – ყველსა და კარაქს აქ სრულიად სხვა გემო აქვს. ჰო, არ დაგავიწყდეთ კაიმაღის დაგემოვნება, კალორიებმა არ შეგაშინოთ, მთაში ენერგია ნამდვილად გჭირდებათ. თუ ევროპულ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენი ნებაა. გოდერძიზე წელს იქნება „ბარბიქიუ ბარი“, რომელიც „სქაი ლაუნჯის“ ნაწილია და სტუმრებს ქართულთან ერთად ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებაც შეეძლებათ. 

გაითვალისწინეთ, უშუალოდ გოდერძიზე მაღაზია არ არის, თუმცა პროდუქტების შეძენას ახლოს მდებარე სოფლებსა და ხულოს ცენტრში შეძლებთ.

რას იტყვით ასეთ შემოთავაზებებზე? გსურთ აჭარის ზამთრის ზღაპარში მოგზაურობა? და თუ მაინც საახალწლოდ მორთული, ფერადი შუქით განათებული ბათუმი გირჩევნიათ, გსურთ ცარიელ პლაჟზე ჩამოჯდეთ, ზღვას უცქიროთ და ტალღებსა და თოლიებს მოუსმინოთ, არჩევანს ნამდვილად ვერ დაგიწუნებთ და შემდეგ სტატიაში მოგიყვებით როგორია ზამთრის, ახალი წლის ბათუმი.

რა გადაწყვიტეთ? ზამთარი უკვე დადგა და ახალ წლამდეც სულ ცოტა დრო რჩება, ნაძვის ხის მორთვისა და ზამთრის არდადეგების დაგეგმვის დროა.

ერთი ჭიქა გლინტვეინი თოვლიან დღეს ძალიან უხდება, ასე არ არის?!

ბინა მახინჯაურში და გარანტირებული შემოსავალი – Next Orange -ის შეთავაზება

„ნექსთ ორენჯი“ გთავაზობთ ბინას მახინჯაურში, ზღვის ხედით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

ბინის შეძენის შემთხვევაში, მიიღებთ, თავისუფალ გრაფიკზე მორგებულ ბინის გაქირავების სერვისს, საიდანაც გექნებათ დამატებითი შემოსავალი.

[checklist]

  • ჩვენ გთავაზობთ გარანტირებულ შემოსავალს. თუ თქვენი ბინის წლიური გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 10 000 ლარზე ნაკლები იქნება, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე.  
  • მშენებლობისას გამოიყენება YTONG®-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, ალუმინის კარ-ფანჯრები და „კონეს“ ფირმის თანამედროვე ლიფტები. იქნება ღია აუზი და რესტორანი.
  • საცხოვრებელი ბინა აღჭურვილია ეზოთი, უფასო ავტოსადგომითა და ვიდეოსათვალთვალო კამერებით,  დაცვისა და ადმინისტრატორის 24-საათიანი მომსახურებით.
  • საცხოვრებელი ბინის შეძენისას მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება, ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი – ფასდაკლება. 

[/checklist]

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 574 330 033; 593 448 011 

მობილიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ – რას წერენ ტროლები და პრორუსები

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ კამპანია სოციალურ ქსელებში 14 დეკემბერს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა კრიტიკული განწყობა დააფიქსირა ხელისუფლების მიმართ. ექიმის მეუღლეს ვერ აპატიეს შემდეგი სიტყვები:

„მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის – არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში, ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ, ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“.

14 დეკემბრის შემდეგ ბევრი ყალბი პროფილი ჩაერთო ექიმის წინააღმდეგ კამპანიაში და დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ექიმი გაფრინდაშვილი ან პროვოკატორია, ან აგენტი.

„მარიტა მელაძე“ სავარაუდოდ ყალბი ფეისბუქპროფილია. ამ პროფილზე „მარიტა მელაძეს“ მხოლოდ ერთი ადამიანის ფოტოები უდევს, რომელიც უკრაინელ ფოტომოდელ მარია მელნიკოვას ეკუთვნის. Nino Ninka Giorgadze კი, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის პოსტებს აზიარებს, წერს, რომ ცხოვრობს აშშ-ში. ის 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული ზეიმის ფოტოებს აზიარებს და წერს „ყველა დროის რეკორდი მოხსნილია. ხალხი ირჩევს სიმშვიდეს! IRI და NDI მხარდამჭერები არ ყავსო ხო ოცნებას“.

არაერთი საეჭვო პროფილით ასევე წერენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში გადასვლის წინ ჩაურიცხეს 21 ათასი დოლარი.

საქმე იმაშია, რომ სწორედ ცხინვალის KGB-მ გაავრცელა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც  ამტკიცებენ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთა და “კანონდარღვევა” წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ცხინვალის KGB-ს განცხადებით, “საზღვრის დარღვევამდე” ექიმი ესტონეთში იმყოფებოდა ვიზით, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაერიცხა.

ზუსტად ეს პოსტი, რომელსაც უკვე ბევრი ფეისბუქპროფილით აზიარებენ, დღეს თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ შემდეგი წარწერით: „ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან უცნაური კალეიდოსკოპი იხატება ნელ-ნელა“.

შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უწოდა „იდიოტები“ და „პროვოკატორები“, აგინა და მათი ქცევა შეაფასა, როგორც „სახელმწიფოსთან დაპირისპირებული“.

ერეკლე კუხიანიძის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, ამის მიუხედავად საკრებულოს წევრი არ გაჩერებულა – მან 15 დეკემბერს დაწერა, რომ [გაფრინდაშვილების შეურაცხმყოფელი] პოსტის  შემდეგ მის მიმართ „ზღვარგადასული სიბინძურე წავიდა“ და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს“.

ერთ-ერთი ვრცელი პოსტი, რომელიც 14 დეკემბრის შემდეგ ექიმის ლანძღვას მიუძღვნეს და „ამხილეს აგენტობაში“, გივი მდივნიშვილს ეკუთვნოდა. პროფილზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, იგი რუსეთში ცხოვრობს და პოსტებში თუ ვიდეომიმართვებში იმაზე საუბრობს, რა ზიანს აყენებს ვაჟა გაფრინდაშვილი „რუსეთსა და ოსეთთან მეგობრობის აღდგენას“.

პოსტი, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას ეწევიან

ეს პოსტი და ვიდეომიმართვა, რომლებსაც ასობით კომენტარი ახლდა, ავტორმა დღეს, 16 დეკემბერს, წაშალა.

ყველა პროფილი, რომლითაც ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციულ პოსტებს წერენ ან აზიარებენ, ძირითადად, დასავლეთის კრიტიკას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ქილიკს და რუსეთის ქებას ემსახურება.

ამ კუთხით გამოირჩევა ვინმე „როსტომ ჯუღელიც“, რომელიც წერს, რომ რუსეთში ცხოვრობს.  ის საეჭვოდ მიიჩნევს ვაჟა გაფრინდაშვილის ქცევას, მაგრამ აზიარებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებულ პოზიტიურ პოსტებს, ასევე „ქართული მარშის“ ვიდეოებსა და ფოტოებს. დღეს „როსტომ ჯუღელმა“ თავის „3200-მდე მეგობარს“ მოუწოდა გამართონ დისკუსია: „რა სასჯელს იხდის იგორ გიორგაძე და რატომ არის იგი დევნილი სამშობლოდან, 24 წელიწადი?“

larisa Gvalia-ს კი ვაჟა გაფრინდაშვილზე დისკუსიის დროს ის თემა შემოაქვს, რაზე საუბარსაც ღიად პრორუსული ჯგუფებიც კი ერიდებიან – „ჩაკეტილ საზღვარზე შესული კანონით ისჯება“.

კამპანიაში ჩართულია ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეც. ის არაერთი თანამოაზრის მსგავსად წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ „ბუმაჟკას“ თუ მოაწერს ხელს, ცხინვალიდან „წამოვა“.

გულბაათ რცხილაძე ვაჟა გაფრინდაშვილი პროფესიონალიზმსაც ეხება და წერს, რომ ის, როგორც ექიმი – არაეთიკურია.

ქართული მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს იმიტომაც მიუსაჯეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა და დატოვეს ცხინვალის ციხეში, რომ მან საოკუპაციო ზოლიდან სხვა გატაცებულების მსგავსად არ აღიარა რუსეთის მიერ გავლებული მავრთულხლართები, როგორც სახელმწიფო საზღვარი. გულბაათ რცხილაძე და სხვებიც ამ შინაარსის „ბუმაჟკაზე“ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის აქილიკებენ ექიმს.

„ბუმაჟკის“ თემის ერთგვარი დასტურია რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება, რომელშიც წერია: „გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვებისთვის პარტიული კუთვნილების შესახებ და განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების მომხრეა, საზღვრის დარღვევას განიხილავს საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების კანონიერი უფლების განხორციელებად, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს – ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლებას იტოვებს აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში კი წერია: „ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ასევე ოფიციალური თბილისის მცდელობები, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილით ჩაიწერონ პოლიტიკური ქულები და საკუთარი შიდა რეიტინგის გასაუმჯობესებლად ზეწოლა მოახდინონ რესპუბლიკის ხელისუფლებაზე, უპერსპექტივოა“.

_____

9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, 13 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ლეოპარდი მზეზე, დატყვევებული პანდა და თაგვები ლონდონის მეტროდან – 8 ფოტო კონკურსიდან

ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმმა კონკურსში – „ველური ბუნების საუკეთესო ფოტოგრაფი – ხალხის არჩევანი 2019“, 25 ფოტო წარმოადგინა. გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად, 2020 წლის 4 თებერვალს გამოვლინდება, მანამდე კი გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფოტოს კონკურსიდან. კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს ნახვა და ასევე, ხმის მიცემა შეგიძლიათ მუზეუმის ვებგვერდზე. 

მზეს მიფიცხებული ლეოპარდი კენიის მასაი მარას ეროვნული პარკიდან. 

ფოტო: კლემენტინ მვანგი, კენია

დედა დათვი ბელთან ხეზე ზურგს იფხანს. ფოტო კანადაშია გადაღებული. 

ფოტო: მარიონ ვოლბორნი, გერმანია

გიგანტური დატყვევებული პანდა ჩინეთში. 

ფოტო: მარკუს ვესტბერგი, შვედეთი

მანული, მტაცებელი კატისებრთა ოჯახიდან 42 გრადუს ყინვაში. 

ფოტო: ვალერი მალეევი

თეთრი დედა დათვი ბელებს ეთამაშება. კანადა. 

ფოტო: სტივ ლევი, აშშ

თაგვები ლონდონის მეტროდან 

ფოტო: სემ როული, დიდი ბრიტანეთი

ცნობისმოყვარე მთის არწივი

ფოტო: აუდუნ რიკარდსენი, ნორვეგია

ორანგუტანგი ბანკოკის ცირკიდან. მას დღეში ორჯერ უწევს წარმოდგენაში მონაწილეობა. 

ფოტო: აარონ გეკორსკი, დიდი ბრიტანეთი

ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა იწყება

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალი, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩის N1-ში აშენდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. არსებული გეგმით, მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმის ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და ხელოვნების სკოლის მშენებლობას.

გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში ახალი სახელოვნებო სკოლის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ახალ შენობაში გადაიტანენ: მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას; ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას; რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ასევე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.

ამ თემაზე: 

გოროდოკში გადაიტანენ ბათუმის ხელოვნების, ბალეტის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს

 

Exit mobile version