ფოთის აგრობაზარში ფულს აუთოებენ [ვიდეო]

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველა დიდი აგრობაზარი.

ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ კი გამოსავალი იპოვა – გვეუბნება ბაზრის დირექტორი. მისი თქმით, სოციალურ დისტანციას იცავს ყველა, ვინც ბაზარში შედის, ხდება ფულის დეზინფექცია და სტერილიზაცია. ყველა შემსვლელს უზომავენ სიცხეს.

ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. შესვლისას მოქალაქეები იცავენ ორ მეტრიან დისტანციას და რაც მთავარია, ბაზარში ვერ შედიან საკუთარი ფულით.

სქემა ამგვარია: ყველა მოქალაქე, რომელიც ბაზარში შედის, ბაზრის შესასვლელ კართან, თავის ფულს აძლევს კაცს, რომელიც ამ ფულს დეზინფექციას უტარებს. ხურდა ფული ანტისეპტიკურ ხსნარში მუშავდება, ხოლო ქაღალდის ფულს დეზინფექციის შემდეგ აუთოებენ და უკან უბრუნებენ მფლობელს.

„ფულის ამბავი იყო სახიფათო. ამიტომ დავიწყეთ ნაღდი ფულის დეზინფექცია. ეს გზა გამოვნახეთ პრობლემის გადასაჭრელად. ამასთან, არავის არ ვუშვებთ ბაზარში ხელთათმანების გარეშე. ვისაც არ აქვს, იმას ბაზრის შესასვლელთან ჩვენ ვჩუქნით,“- ამბობს „ბათუმელებთან“ ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია.

მისივე თქმით, ბაზრის იატაკი მოზაიკითაა დაგებული. მომდევნო კვირაში აპირებს ე.წ. ბახილების ჩასაცმელი სპეციალური აპარატი იყიდოს. შედეგად ბაზარში შემსვლელი ყველა პირი, ბახილებს ჩაიცვამს.

ფოთის აგრარული ბაზრის შესასვლელში კაცი ატარებს ხურდა ფულის დეზინფექციას

„სამყაროს არც ერთმა ექიმმა არ იცის ამ ვირუსის სტრატეგია, უნდა ვიყოთ დისტანცირებული“

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსტეტო კლინიკის დირექტორი

_____________________

„ერთი რაღაც მინდა ვითხრა მთელ ჩვენ ქვეყანას, რაც შეიძლება ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული ერთმანეთისგან.

არავინ არ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია სამწუხაროდ, სამყაროს არც ერთმა ექიმმა და მათ შორის არც მე, მე პირადად თქვენ [ჟურნალისტებს] და არა მარტო თქვენ მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს“.

___________

წყარო: TV პირველი

ბათუმში ბაზარი დაიკეტა, მიმდებარე ქუჩებზე ხილ-ბოსტნეული აღარ იყიდება [ფოტო]

ამ შაბათ-კვირას ბათუმის ბაზარში და მიმდებარე ქუჩებზე ჩვეული ხალხმრავლობა აღარ არის.

4 აპრილს ბათუმში დაიკეტა ბაზარი და მიმდებარე ქუჩებზე არსებული ღია ბაზრობებისა და საბითუმო ვაჭრობის ობიექტების უმრავლესობა. ადგილი, რომელსაც ყოველ დღე და განსაკუთრებით შაბათ-კვირას უამრავი ბათუმელი აკითხავდა ხილის, ბოსტნეულის, ყველისა და სხვა პროდუქტის შესაძენად, ახლა თითქმის ცარიელია. ნახავთ მხოლოდ რამდენიმე ადგილს, სადაც ხილ-ბოსტნეულის შეძენას შეძლებთ. ტერიტორიაზე ღიაა სასურსათო მაღაზიები.

ბაზრის ყველა ჭიშკარი ჩაკეტილია. დახურულია ბაზრის მიმდებარედ არსებული მაღაზიების უმრავლესობა.
ახლა ბაზრის შესასვლელთან მხოლოდ პურის ყიდვა შეიძლება პატარა მაღაზიებში.
დაცარიელებული ყვავილების ბაზრობა ბათუმის აგრარული ბაზრის შესასვლელთან, სადაც ათობით ადამიანი წლებია ყვავილებით ვაჭრობს. ახლა ყვავილები არავის სჭირდება.
„დროებით არ ვმუშაობთ“ – დაკეტილია პატარა სახაჭაპურე ბაზრის შესასვლელში.
ბაზრის წინ მდებარე ქუჩაზე, სადაც ხილ-ბოსტნეულს ყიდდნენ, დახლები ალაგებულია.
ახლა აქ ვერც კარტოფილს და სხვა ბოსტნეულს იყიდით, ვერც მწვანილს და ვერც ხილს.
ცარიელ დახლებზე ნახავთ რამდენიმე აბრას წარწერით – „ვყიდი კარტოფილს“, სადაც ტელეფონის ნომერია მითითებული.
დაკეტილია საბითუმო ვაჭრობის ობიექტების უმეტესობა
 კანტიკუნტად შეხვდებით ღია მაღაზიებსა და საბითუმო ვაჭრობის წერტილებს
ბაზრის ტერიტორიაზე მცხოვრებ ათობით ქუჩის ძაღლს შიმშილი ემუქრება, რადგან ბაზარი დაკეტილია, ხალხი არ გადაადგილდება და უპატრონო ცხოველებისთვის საკვების მიმწოდებელი არავინაა.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც

უცხოური საწარმოს ფილიალი – სმექ ინთერნეიშენალ ფითიუაი ლიმითედის ფილიალი საქართველოში (SMEC International Pty Ltd), რომელიც ბათუმის შემოვლით გზას აშენებს, იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომლებსაც კონკრეტული პროექტების განხორციელების მიზნით საქმიანობა არ ეზღუდებათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც.

მთავრობამ, 3 აპრილს, მორიგი ცვლილება შეიტანა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის ვადით, ანუ 22 აპრილამდე, ქვეყანაში შეჩერებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარკვეული გამონაკლისის გარდა.

3 აპრილის დადგენილებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის გარდა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის უფლება მიეცა კიდევ 30-მდე კომპანიას, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებენ შემდეგ პროექტებს:

[toggle title=”პროექტები ნახეთ აქ:“]

პროექტი:
თელავის კანალიზაციის გამწმენდის მშენებლობა.
წყალტუბოს კანალიზაციის გამწმენდის მშენებლობა
თელავის კანალიზაციის გამწმენდის მშენებლობის ზედამხედველობა.
წყალტუბოს კანალიზაციის გამწმენდის მშენებლობის ზედამხედველობა
 თბილისის მეტროს კაბელები.
თბილისის მეტროს ვენტილატორები
თბილისის მეტროს კაბელების და ვენტილატორების მშენებლობის ზედამხედველობა
თბილისის მეტროს კაბელების და ვენტილატორების მშენებლობის ზედამხედველობა
თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა – ფაზა 2
თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა – ფაზა 2-ის ზედამხედველობა
ZUG-02 ზუგდიდის კანალიზაციის სისტემის მშენებლობა
REG-03A ზუგდიდის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; POT-02 ფოთის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა
ZUG-01 ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა; JVA-01 ჯვარის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა; ABA-01 აბაშის მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა
POT-01 ფოთის კანალიზაციის ქსელის მშენებლობა
KUT-01 ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა
CHI-01 ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა
KUT-01 ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა; ABA-01. აბაშის მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა
POT-01 ფოთის კანალიზაციის ქსელის მშენებლობა; ZUG-01 ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა JVA-01; ჯვარის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა; POT-02 ფოთის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა
ZUG-02 ზუგდიდის კანალიზაციის სისტემის მშენებლობა; REG-03A ზუგდიდის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა
CHI-01 ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა
E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ0+000-კმ5+800 მონაკვეთის მშენებლობა ლოტი1; E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ5+800-კმ7+700 მონაკვეთის მშენებლობა; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ11+500-კმ30+000 (ლოტი II) მონაკვეთის მშენებლობა
E-60 მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა
E-60 მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა
E-60 მაგისტრალის უბისა- შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა
E-60 მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ11+500 (ლოტი I) მონაკვეთის დარჩენილი სამუშაოების მშენებლობა
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მონაკვეთის მშენებლობა; ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (გზის ნაწილი)
E-70 გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა კმ00+000 – კმl4+000; ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000-კმ13+325 მშენებლობა
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (გვირაბის ნაწილი)
E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ0+000-კმ5+800 მონაკვეთის მშენებლობა ლოტი1; E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ5+800-კმ7+700 მონაკვეთის მშენებლობა
E-60 მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა
E-60 მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა; ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (გვირაბის ნაწილი); ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (გზის ნაწილი)
E-60 მაგისტრალის უბისა- შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა; ქუთაისის შემოვლითი გზა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა – ხარაგაული – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის (50კმ) გზის, მოლითი – ჩუმათელეთის მონაკვეთის კმ24+620-50+244(ლოტი 2) სარეაბილიტაციო სამუშაოები
სამტრედია – გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ11+500 (ლოტი I) მონაკვეთის დარჩენილი სამუშაოების მშენებლობა; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ11+500-კმ30+000 (ლოტი II) მონაკვეთის მშენებლობა; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მონაკვეთის მშენებლობა
E-70 გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა კმ00+000 – კმl4+000

 

[/toggle]

5 აპრილის 14:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევა დადასტურდა. აქედან:

[checklist]

  • გამოჯანმრთელდა – 36

[/checklist]

[crosslist]

[/crosslist]

ქვეყნის მასშტაბით ასევე კარანტინის რეჟიმშია – 5067, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 ადამიანი.

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

113 მოქალაქე დააჯარიმეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა.

1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

„თუ ჩვენი დინამიკა 600 -700 შემთხვევას არ ასცდება აპრილის ბოლომდე, ეს იქნება იდეალური“

ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი:

_______________________________________

„ჩვენი ტიპის ქვეყნებში – ლიეტუა, ლატვია, ესტონეთი, 15 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა. ჩვენთან იყო 26-ში, ანუ 10 დღის მერე. დღეს ისინი არიან იქ, სადაც არიან – დაახლოებით 500-დან 700 შემთხვევამდე. თქვენ იცით, ჩვენი მეზობლების ისტორიაც დაახლოებით ასეთია. ამიტომ, ჩვენ თუ პირველი დაავადების აღმოჩენიდან, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან დაახლოებით თვე-ნახევარში, აპრილის ბოლომდე გვექნება 600-700 შემთხვევა, მე ვამბობ, ვთქვათ, იმ ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს იქნება ტრაექტორიის ის კარგი მრუდი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთოს.

დასაწყისში ვთქვი, რომ კვლევა, რომელსაც 6000 ექიმი პასუხობს, ევროპის, ამერიკის და თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნები ამბობენ, რომ პიკი შეიძლება მიიღწეს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალია, უდიდესი ნაწილი მედიკოსების ამბობს – 6-8 კვირის შემდგომ, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინი და არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ორ კვირაში აქ ეს დაავადება დამთავრდება… 6-8 კვირა დაახლოებით ითვლება კრიტიკული პერიოდის დაწყებიდან. ანუ ჩვენ ახლა სადაც ვართ, იქედან უნდა ვიგულისხმოთ.

საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევების რიცხვი არ არის ძალიან მაღალი, ეს არის 4-5%, შეიძლება 6% და ჩვენი დინამიკაც არის თანხვედრაში მსოფლიო სტატისტიკასთან. თუ ჩვენ ამ დინამიკას შევინარჩუნებთ და 600-700-ს არ ასცდება აპრილის ბოლომდე, მაისის დასაწყისამდე, ეს იქნება იდეალური შემთხვევა, რითაც ჩვენ ძალიან მინიმალური დანაკარგებით დავასრულებთ“.

__________

წყარო: TV პირველის გადაცემა „თამარ ჩიხლაძის ღამის ამბები“.

რას ამბობენ ქალაქის კედლები მსოფლიოს 7 ქალაქში კორონავირუსზე [ფოტო]

კორონავირუსის პანდემია ქუჩის მხატვრებისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. მსოფლიოს არაერთ ქალაქში გამოჩნდა ქუჩის მხატვრობა, რომელიც პანდემიას ეხმიანება.

„ყველა სუპერგმირი არ ატარებს მოსასხამს“ – წარწერა მრავალსართულიანი სახლის კედელზე. ვარშავა, პოლონეთი.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Radek Pietruszka
ათენი, საბერძნეთი. 16 წლის ბიჭმა ეს გრაფიტი კორონავირუსის პანდემიის თემაზე სახლის ტერასაზე მდებარე კედელზე დახატა.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/N.F.
გრაფიტი იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში, სადაც სამხედროებმა პოლიციის დახმარებით ქალაქის ქუჩები „გაწმინდეს“ უსახლკაროებისგან და ქუჩაში მცხოვრები ხალხისგან.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KIM LUDBROOK
ბარსელონა, ესპანეთი.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/
ENRIC FONTCUBERTA
ბერლინი, გერმანია.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/
JENS SCHLUETER
კუალა-ლუმპური, მალაიზია.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FAZRY ISMAIL
კორონავირუსი კედელზე. დუბლინი, ირლანდია.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/
Aidan Crawley

 

საქართველოში პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პიკის დასაწყისი საქართველოში შესაძლოა დადგეს აპრილის მეორე ნახევარში. მან ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ეს [მიმდინარე] პერიოდი, ჯერჯერობით, ეპიდემიოლოგების მხრიდან არ არის იდენტიფიცირებული როგორც პიკი.

ჩვენ პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში.

იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი, და  სწრაფად მზარდი, რისაც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს 50 პაციენტი დღეში, ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ჰიგიენური ზომების დაცვას.

…მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ ქოვიდ ინფექციის გავრცელება არ იქნება ერთთვიანი ან ორთვიანი. ეს პროცესი იქნება გაცილებით უფრო ხანგრძლივიც,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

5 აპრილის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ 170 ადამიანია ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 36 პირი, 1 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ბათუმში კორონავურისის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 5 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„დღეს დილით დაგვემატა ახალი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტირებული პირი და რომელიც იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში. ეს არის 80 წლამდე პირი, რომელსაც მსუბუქი რესპირაციული ჩივილები აქვს, ის კლინიკა „მედალფაშია“ გადაყვანილი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დღეს, ამ დროისთვის [11 სთ], ბათუმში 5 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან COVID19-ზე.

ყველა პაციენტს, კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობენ.

ახალი შემთხვევის ჩათვლით, აჭარაში covid-19-ის დიაგნოზით 9 პაციენტს მკურნალობენ. ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, „მედალფაში“ მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი ხასიათისაა.

5 აპრილის დილის [11 სთ] მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით სულ 170 ადამიანია ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 36 პირი, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

5 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 4 აპრილის, 23 საათის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა.

ხუთ ქვეყანას შორის, სადაც COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აღარ არის ჩინეთი, საიდანაც ვირუსი გავრცელდა მსოფლიოში 2020 წლის იანვრიდან.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 1 181 825 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის:

  • ამერიკის შეერთებული შტატები – 300 915 დადასტურებული შემთხვევა
  • ესპანეთი – 124 736 დადასტურებული შემთხვევა
  • იტალია – 124 632 დადასტურებული შემთხვევა
  • გერმანია – 92 150 დადასტურებული შემთხვევა
  • საფრანგეთი – 90 842 დადასტურებული შემთხვევა

ამ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი, 15 362 შემთხვევა იტალიაში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები – 1 330 – გერმანიაში.

რაც შეეხება საქართველოს, იგი COVID-19-ის რუკაზე ჯერჯერობით იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა შედარებით მცირეა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 162 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. 

______________

ნიუ იორკი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.EPA/JUSTIN LANE

ბათუმის აეროპორტში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს ბრიტანეთიდან

დღეს, 4 აპრილს, ღამით, ბათუმის აეროპორტში სპეციალური რეისი შეასრულა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. თვითმფრინავი დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდა.

ტრადიციულად, უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერ პირს, საზღვარზე შემოსვლისთანავე მედიკოსების სპეციალური ჯგუფი ამოწმებს და შემდეგ მათ კარანტინში უშვებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ რეისის მგზავრებთან დაკავშირებითაც იგივე პროცედურა იმოქმედებს.

4 აპრილის ღამის მონაცემებით, კარანტინში 5 067 პირია მოთავსებული.

ზიარება ერთი კოვზით შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს – თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 

_______________________________________

„მე როგორც ქრისტიანი, უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ეკლესიას და ყველა იმ ტრადიციას და რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია.

მე მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი ფორმატით, ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს, მაგალითად, ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს“.

_________________________

წყარო: ფორმულა/გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ 

162 დადასტურებული შემთხვევა – კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი ისევ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მონაცემები განახლდა – 4 აპრილის 22:20 საათის მონაცემებით ქვეყანაში  დადასტურებულია COVID-19-ის 162 შემთხვევა. 

მათ შორის გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 ადამიანი. 

კორონავირუსისგან 31 პაციენტი განიკურნა

4 აპრილის, 17:30 საათის მონაცემებით, კორონავირუსისგან დაინფიცირებული 31 პაციენტია განკურნებული. გამოჯანმრთელების 3 შემთხვევა დღეს დადასტურდა. დაინფიცირების შემთხვევები კი – 157-მდეა გაზრდილი. 

დღეს პირველად, კორონავირუსისგან პირველი გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა. 79 წლის ქალს, თანდართული მწვავე ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.

ამ დროისთვის კარანტინში 5 526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 344 პაციენტია მოთავსებული.

 

ბათუმის „სანდასუფთავების“ თანამშრომლები პრემიას არ აიღებენ – მერია

ბათუმის რამდენიმე ქუჩას, დეზინფექცია პირველად 20 მარტს ჩაუტარდა. შემდეგ კი ქუჩების დეზინფექცია შეჩერდა. როგორც „სანდასუფთავების“ ხელმძღვანელი დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ქუჩების დეზინფექცია გაგრძელდება, ოღონდ მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც ხალხმრავლობაა.

„პრიორიტეტს ვანიჭებთ ხალხმრავალ ქუჩებს. ის ტროტუარები უნდა დამუშავდეს, სადაც სუპერმარკეტები და აფთიაქებია და ხალხის მოძრაობა მეტია. იქ, სადაც დღის განმავლობაში 5 კაცი არ გაივლის, იმ ქუჩების დეზინფექციას აზრი არ აქვს. შევხვდებით ვიცე-მერს და გავივლით ამ საკითხს, პირველ რიგში რომელი ქუჩების დეზინფექცია ჩატარდება.

ჭაობის დასახლების გარდა, დეზინფექცია გავაკეთეთ ყველგან, რადგან გაწვიმდა. ახლა გამოვიდა ამინდი და ვაპირებთ სხვა ქუჩების დეზინფექციას“, – ამბობს დავით დუმბაძე.

რაც შეეხება თანხებს, მისი თქმით, ქუჩების დეზინფექციის დაფინანსება ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ იმის მიხედვით მოიძიებენ ბიუჯეტს, რამდენის საჭიროებაც გაჩნდება.

მერიის ინფორმაციით, სანდასუფთავების თანამშრომლები ზეგანაკვეთური შრომის მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, პრემიებს არ აიღებენ, რადგან ოფიციალური განცხადებით, მერიის და მისი ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასების 1/3-ი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ქუჩების დეზინფექცია/მერია

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 9 აპარატი გადაეცა – კლინიკა 4 დღეში გაიხსნება

დღეს, 4 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ერთვება.

„რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად ფუნქციონირებას დაიწყებს 4 დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში. ეს იქნება იქნება ამ ეტაპზე ქოვიდ 19-ის წინააღმდეგ მებრძოლი,  სრულად სპეციალიზებული ცენტრი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებას უკვე გადაეცა 9 ხელოვნური სუნთქვის აპარატი მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ.

საავადმყოფო სამედიცინო აპარატურით და საწოლებით უახლოეს დღეებში აღიჭურვება და იქნება მზად პაციენტების მისაღებად.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

მთავრობის ინფორმაციით, ახალი კლინიკის სრული აღჭურვა აპრილის ბოლომდე დასრულდება. კლინიკა ერთდროულად 170-მდე პაციენტის მომსახურებას შეძლებს. საავადმყოფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს მძიმე პაციენტებს ყველა მიმართულებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მიღება-ჩაბარებაც. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ უნდა ჩაიბაროს, შემდეგ კი გადაწყდება, თუ ვის გადაეცემა საავადმყოფო მართვაში.

ამავე თემაზე: 

ბათუმში საკარანტინო ზონას აწყობენ – ერთ-ერთ ვერსიად ახალ რესპუბლიკურს განიხილავენ

„ახლა მძინავს „კარდონებში“ და ოცნებაც აღარ მაქვს“ – სად წავიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

სად წავიდნენ პანდემიის პირობებში ბავშვები, რომლებიც აქამდე ქუჩაში ცხოვრობდნენ? – თუკი ამას შესაბამის სახელმწიფო უწყებას ჰკითხავ, მარტივად გიპასუხებენ, რომ „ყველაფერი რიგზეა“ და ბავშვები ქუჩაში აღარ არიან, ისინი საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ, ზონიდან – თავშესაფარში, თუმცა რა ხდება ახლა იმ ბავშვების ცხოვრებაში, რომლებსაც სახლ-კარი შესაძლოა აქვთ, ან ნაქირავებში ცხოვრობენ, მაგრამ აქამდე ლუკმა-პურის საშოვნელად გამოდიოდნენ ქუჩაში? ან ის ბავშვები სად არიან, რომლებიც მშობლისგან ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ და ქუჩაში ცხოვრება ამჯობინეს?

ცუდად გვაცვია, ჩვენნაირებთან მეგობრობა არ უნდათ…“t

ერთ-ერთი მოზარდი, რომელსაც პანდემიის დროს ქუჩაში ცხოვრება აღარ უწევს, 13 წლის ანაა ბათუმიდან [სახელი და მაიდენტიფიცირებელი  მონაცემები შეცვლილია]. ანას ოჯახი სოციალურად დაუცველია. იგი დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ანას დედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა და ქმარს გაშორდა. ანას ფეისბუქის საშუალებით ვესაუბრეთ.

„ახლა სულ სახლში ვარ, კარდონებში გვძინავს და ოცნებაც აღარ მაქვს, ასე ვარ… ქუჩაში როცა ვიყავი, უფრო მხიარული ვიყავი, მომწონდა მეგობრებთან ერთად ყოფნა. ხან ვსვამდით, ხან… აღარ მინდა ამის გახსენება. მოკლედ, ახლა აღარ ვიპარავ. ძირითადად ბიჭები შვრებოდნენ, ჩვენ ვყარაულობდით…

ახლა სახლში საჭმელია და სასმელი, მოგვიტანეს, შეშაც გვაქვს. ბევრჯერ მიოცნებია შეშაზე… აღარ მინდა ქუჩაში გასვლა. თავიდან ძალიან ვბრაზდებოდი, როცა მიკრძალავდნენ, მაგრამ მერე შევეჩვიე. თანაც, ცუდი ამბები მოხდა იქ. სულ მარტო ვარ, ვინმესთან მეგობრობა მინდა, მაგრამ ჩვენ ცუდად გვაცვია, ხშირად გვშია, ჩვენნაირებთან მეგობრობა არ უნდათ.

ბინის ქირა 100 ლარია. ამას წინათ დედამ ფული ვერ მისცა და დიასახლისმა ბარათი წაართვა, სადაც მას ხელფასს ურიცხავენ. მერე დავრეკეთ და დაგვეხმარნენ, დედას ბარათი დაუბრუნეს.
სკოლაში ნახევრად არ მივლია, ჩემი ძმაც მასეა. ისინიც არ გვკითხულობდნენ და ჩვენც გვეზარებოდა – როგორია ადრე დილით ადგომა, როცა გცივა და სკოლაც ძალიან შორს არის? მერე „იალქანში“ დავიწყე სიარული და იქ მამეცადინებდნენ. სკოლა გვეზარებოდა, მაგრამ ახლა სკოლაც სანატრელი გაგვიხდა.

ფსიქოლოგი და სოცმუშაკი? – არ ვიცი, ჩვენთან არ მოსულან. დედა დადის მაქ, ტაბიძის ქუჩაზე არიან ხო?

მეუბნებიან, რომ 9 კლასი უნდა დაამთავრო, ისე არ იზამსო, ჰოდა, დავამთავრებ. იქნებ უმაღლესშიც ვისწავლო, არ ვიცი… სალონში ვიმუშავებ ალბათ, მომწონს, მაგრამ მაგის სწავლასაც ფული უნდაო, არ ვიცი, არ ვიცი,“  – დაასრულა ანამ.

რა შეიცვალა ბათუმში?

„ბათუმში ძირითადად სიღარიბის გამო იყვნენ ბავშვები ქუჩაში, ისინი მუშაობდნენ, ან იპარავდნენ, თუმცა ეს დადასტურებული არ არის, რამდენიმე მათგანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი… ასევე იყვნენ სეზონურად მიგრირებული ოჯახები, რომლებიც ახლა აქეთ ნაკლებად არიან, რამდენიმეა ასეთი ოჯახი,“ – გვიყვება თიკო აბაშიძე, იგი საქველმოქმედო ფონდ „იალქნის“ ხელმძღვანელია. თიკო ამბობს, რომ ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით იგი ბათუმში 70 ბავშვის ოჯახს დაეხმარა საკვებით და ჰიგიენური ნივთებით. „იალქანი“ ეხმარება ანასაც, რომელზეც უკვე გესაუბრეთ.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ჩვენს ცენტრში დადიოდა და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული იყო 70 მოზარდი… დღეს ისინი სახლებში არიან და ჩვენ ყოველ საღამოს, თითო საათი ვესაუბრებით სოციალური ქსელის საშუალებით, ერთმანეთს ვუზიარებთ დღის გამოცდილებას და ვცდილობთ მათ დარწმუნებას, რომ სახლებიდან არ უნდა გავიდნენ… მოვახერხეთ და თითოეულ მათგანს ტელეფონში ულიმიტო ინტერნეტპაკეტი ჩავურთეთ. ეს იყო მათი კატეგორიული მოთხოვნა, თუ არ გვექნება ინტერნეტი, სახლში არ გავჩერდებითო… ამ ეტაპამდე ჯერ არ დაურღვევიათ პირობა,“ – ამბობს თიკო აბაშიძე.

თიკო აბაშიძის მონაცემებით, ამ ბავშვების ოჯახების უმეტესობა ნაქირავებში ცხოვრობს, სოციალურად შეჭირვებულია და ყოველდღიური შრომით ირჩენს თავს. ეს ბავშვები ხშირად სკოლაში სიარულის ნაცვლად, ქუჩაში მუშაობენ. თიკო ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ძალადობის შემთხვევის შესახებ არ გაუგია.

„მათთან ყოველდღიურად უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები და სოცმუშაკები, მაგრამ არაფრის შეთავაზება მათთვის სახელმწიფოს არ შეუძლია,“ – დასძენს თიკო აბაშიძე. ჩვენთან საუბრის დროს მან გაიხსენა ბოლო შემთხვევაც, როცა სახლიდან არასრულწლოვანი გოგო გაიქცა, თუმცა იგი ორი დღის შემდეგ დაბრუნდა და ამ ეტაპზე სახლში რჩება.

თბილისის საკარანტინე სივრცეში ახლა 4 ბავშვია, რომელიც ქუჩიდან წაიყვანეს

„ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, ან მუშაობენ, ახლა კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან,“ – მიიჩნევს გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი, ქეთევან მელიქაძე. ამ ორგანიზაციამ ორი წლის წინ მოამზადა კვლევა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე და სამი კატეგორია გამოყო – ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, სიღარიბის გამო ქუჩაში მყოფი მოზარდები და უცხოეთიდან, ძირითადად კი, აზერბაიჯანიდან სეზონურად მიგრირებული ოჯახები, რომლებსაც ბავშვები თან ახლავთ და ეს ბავშვები ქუჩაში მუშაობენ.

„დღეს შეიცვალა ის, რომ სახელმწიფომ ვალდებულება აიღო პირველი რიგის საჭიროებაზე, ეს არის უსაფრთხოება. კარგია, რომ მოეწყო პანდემიის პირობებში საკარანტინე სივრცე, სადაც ქუჩაში მყოფი ბავშვები მიჰყავთ, თუმცა გრძელვადიანად უნდა შევხედოთ ამ პროცესს, საჭიროებებზე და იმ შეთავაზებაზე, რასაც ბავშვებს სახელმწიფო სთავაზობს…“ – მიიჩნევს ქეთევან მელიქაძე გაეროს ბავშვთა ფონდიდან.

ზუსტად რამდენი ბავშვია პანდემიის დროს ქუჩაში, ან რამდენი იყო მანამდე, ეს მონაცემი უცნობია. თბილისის საკარანტინე სივრცეში, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში სპეციალურად ბავშვებისთვის მარტის დასაწყისში მოეწყო, ამ დროისთვის 4 ბავშვია. ისინი მობილურმა ჯგუფებმა აიყვანეს თბილისის ქუჩებიდან.

საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის მხოლოდ თბილისშია და ის 10 ბავშვზეა გათვლილი. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე რეგიონებში და, მათ შორის, აჭარიდან ქუჩაში მყოფი ბავშვი არ დაუფიქსირებიათ და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბავშვს მობილური ჯგუფი თბილისის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანს.

სამოქალაქო ორგანიზაციების განმარტებით, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან მუშაობენ, ქუჩაში ბავშვები ძირითადად თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში არიან. დღეს სახელმწიფო ამ მიმართულებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული სერვისებით სარგებლობს, რომელსაც ნაწილობრივ ან მთლიანად თავად აფინანსებს, ესენია: მობილური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ქუჩებში ეძებენ ბავშვებს და ცდილობენ მათთან საერთო ენის გამონახვას; მეორე სერვისია დღის ცენტრები, სადაც ის ბავშვები არიან, რომლებსაც სახლ-კარის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ სხვადასხვა პრობლემა აწუხებთ. ეს დღის ცენტრები პანდემიის პირობებში დაიხურა. მესამე სერვისი – სადღეღამისო თავშესაფრებია.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს სამივე სერვისს სთავაზობს, „საქართველოს კარიტასია“. ამ ორგანიზაციას სადღეღამისო თავშესაფრები ბავშვებისთვის თბილისსა და რუსთავში აქვს მოწყობილი.

„…კარანტინი გამოვაცხადეთ 6 მარტს, მას შემდეგ ბავშვები გარეთ ვეღარ გადიან. ვცდილობთ, ბავშვებს ავუხსნათ, რამდენად შეიქმნება საფრთხე, თუკი ისინი სადმე წავლენ. ვცდილობთ, ამის გაანალიზებაში დავეხმაროთ ბავშვებს. არ გვქონია შემთხვევა, რომ ვინმე მაინც წასულიყო,“ – ამბობს თამარ შარაშიძე, „საქართველოს კარიტასის“ ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციის საქმიანობას 40 პროცენტით აფინანსებს სახელმწიფო.

კარიტასი და WORLD VISION დღის ცენტრებით მოსარგებლე ბავშვებს პანდემიის პირობებში მათთვის გათვალისწინებულ საკვებს ურიგებენ. მუშაობას მხოლოდ სადღეღამისო თავშესაფრები აგრძელებენ.

სახელმწიფოსთვის სერვისის მიმოწდებელია ამ მიმართულებით WORLD VISION – იც, რომელსაც მობილური ჯგუფები ჰყავს და სადღეღამისო თავშესაფრები ქუთაისსა და თბილისში აქვს მოწყობილი. ეს ორგანიზაცია უწევს ასევე მენეჯმენტს იმ საკარანტინო ზონასაც, რომელიც თბილისში სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყო.

„არ დაფიქსირებულა თავშესაფრიდან ბავშვის წასვლის შემთხვევა… რაც შეეხება საკარანტინე ზონას, სიტუაციის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება, თუკი შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის ირიცხება სადღეღამისო თავშესაფარში,“ – გვითხრა მაია მგელიაშვილმა, WORLD VISION-ის ბავშვთა დაცვის მომსახურების პროგრამის მენეჯერმა. იგი ამ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას მობილურ ჯგუფებზე ამახვილებს, რომლებიც უშუალოდ ქუჩაში მუშაობენ.

„მათ აქვთ განსაკუთრებული უნარები, როგორ დაელაპარკონ ბავშვს. არ დაფიქსირებულა, რომ იყო სადმე შემთხვევა და ვერ დაითანხმეს წამოსვლაზე,“ – დასძენს მაია მგელიაშვილი.

მობილური ჯგუფები არ მუშაობენ, მაგალითად, ბათუმში. მაია მგელიაშვილის განმარტავს, რომ თუკი გამოძახება იქნება, ჯგუფის გაგზავნა ბათუმშიც იქნება შესაძლებელი.

რა არ გააკეთა სახელმწიფომ ქუჩის ბავშვებისთვის?

„არაერთხელ დაისვა ეს საკითხი, რომ ბათუმში შესაბამისი სერვისი შექმნილიყო, მაგრამ ეს რატომღაც არ მოხერხდა,“ – აღნიშნავს ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსაკუთრებით ბათუმში პრობლემურია მიგრირებული ოჯახების თემა, რომლებიც სეზონურად ჩამოდიან ბათუმში.

„თუმცა წლის განმავლობაშიც არსებობს ამის საჭიროება. ასევე ვერ შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებსაც სპეციალური ცოდნა ექნებათ, კულტურული თავისებურებების გათვალისწინება შეეძლება და დაელაპარაკება, მაგალითად, ბავშვს, რომელიც აზერბაიჯანიდანაა და ბათუმში მუშაობს,“ – ამბობს ქეთევან მელიქაძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი აქცენტს აკეთებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე, რომლებიც ახლა სახლში დარჩენილი მოძალადე მშობლებისგან განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ  არიან.

„როცა ჩვენ მოვამზადეთ კვლევა ორი წლის წინ, მაშინ გამოიკვეთა, რომ ეს საკმაოდ დიდი ჯგუფია – ბავშვები, რომლებიც ძალადობის გამო აღმოჩნდნენ ქუჩაში. დღეს ეს ბავშვები მომეტებული რისკის ქვეშ არიან…  ზოგადად, ბავშვის დასაცავად არსებობს ერთგვარი ქსელი, ოჯახი, რომელიც კრიზისის დროს ბავშვს იცავს, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვს კი, ასეთი ქსელი მობილიზებული არ აქვს,“ – განმარტავს ქეთევან მელიქაძე.

ქეთევან მელიქაძე თვლის, რომ სახელმწიფომ „მოთხოვნა-მიწოდების ეფექტურ სქემაზე“ უნდა იმუშაოს, რაც, პირველ რიგში, სათანადო რაოდენობისა და კვალიფიკაციის ფსიქოლოგების და სოცმუშაკების პროცესში ჩართვას გულისხმობს. ამ ეტაპზე ფსიქოლოგები ინდივიდუალურად იმ მოზარდებთან იმუშავებენ, რომლებიც მინდობით აღზრდაში არიან.

„ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან მალე ამუშავდება ფსიქო-სოციალური დახმარების პროგრამა. ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო იმისთვის, რომ მოზარდები გაუმკლავდნენ იმ სტრესებს, რაც აქვთ, დაულაგონ ყოველდღიური ცხოვრება…“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ქეთევან მელიქაძემ.

__________________________________________________________________

ილუსტრაცია მოამზადა მარიამ მუთიძემ

_____

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

კორონავირუსი ბათუმში კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ დღეს, 4 აპრილს, განცხადება გააკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

„საკარანტინო ზონაში იყო ეს ადამიანი, მორიგი თერმოსკრინინგის დროს დაუდასტურდა ტემპერატურა. ეს იყო თურქეთიდან შემოსული პირი, ერთი კვირის წინ შემოვიდა. საბაჟოზე შემოსვლის დროს არ ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა გადაყვანილი იყო კარანტინში. ეს არის მორიგი იმპორტირებული შემთხვევა. პაციენტი 60 წლამდე ქალია. გადმოსვლის დროს იყო მარტო. მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, მაგრამ დამატებითი კვლევებიც ჩაუტარდება“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მინისტრის თქმით, დღეღამეში 36 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე კვლევა და კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

ზაალ მიქელაძის თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა არ გვაქვს. „დარჩი სახლში არის ერთადერთი გამოსავალი ამ ჯაჭვის შეწყვეტის. უსიმპტომო ადამიანია რისკის შემცველი დაავადების გავრცელების“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

ახალი შემთხვევის ჩათვლით, აჭარაში covid-19-ის დიაგნოზით 8 პაციენტს მკურნალობენ. ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა.

აჭარაში საკარანტინე ზონაში იმყოფება 2 000 პირი, თვითიზოლაციაში კი ასამდე ადამიანია.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით სულ 157 ადამიანია ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 28 პირი, 1 ადამიანი კი დღეს გარდაიცვალა.

180 ადამიანი დააჯარიმეს ბოლო 24 საათში

შსს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს. დააჯარიმეს 180 მოქალაქე.

პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 163 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

დაველაპარაკებით აჭარის პოლიციის ხელმძღვანელს – გახარია პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე

დღეს, 4 აპრილს, ბათუმში ჩამოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კითხვა დაუსვეს კომენდანტის საათის პირობებში პოლიციელების მხრიდან აგრესიულ ქმედებაზე.

სტატია ბათუმში მცხოვრები პირის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ კომენდანტის საათის დროს იგი პოლიციელებმა სცემეს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა.

„პოლიციელები ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე, შეიძლება იყოს ერთეული გამონაკლისები, ამაზე დღეს დაველაპარაკებით აჭარის პოლიციის ხელმძღვანელს და გავერკვევით“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის კომენტარს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.ბათუმელი ვ.მ. ადმინისტრაციული წესით 2 აპრილს, დაახლოებით ღამის 11 საათზე დააკავეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 3 აპრილს განიხილა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

მოქალაქის თქმით, იგი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს და 500 ლარით დააჯარიმეს. უცნობია, მას ედავება თუ არა პოლიცია კომენდანტის საათის პირობების დარღვევის გამო.

„პოლიციელები ყვირილით მომვარდნენ, არ იცი, რომ კომენდანტის საათიაო? აგდებულად მითხრეს, რა ანტიბიოტიკი გინდაო. ვუთხარი, თქვენ ძველი ბიჭები ხართ, თუ პოლიციელები-მეთქი და მობილური ამოვიღე, რომ გადამეღო. ამაზე გაბრაზდა ერთ-ერთი და ძალით ჩამსვეს მანქანაში… მანქანაში მირტყამდა, თან ჩემთვის შარვლის გახდას ცდილობდა, არ ამბობდა, რა უნდოდა, შემეშვით-მეთქი, ვყვიროდი,“ – ყვება მოქალაქე. მან გვაჩვენა სხეულზე მიყენებული დაზიანებების ამსახველი ფოტოებიც.

_____________________________

ფოტოზე: დაზიანებები პოლიციის მიერ დაკავებული კაცის სხეულზე

ბათუმის პორტში 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა

დღეს, 4 აპრილს, ბათუმის პორტში ორი გემით 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა. გემს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თრონიკე რიჟვაძე დახვდნენ.

ერთ გემზე 40 000კგ საკვებ პროდუქტი იყო დატვირთული, ხოლო მეორე გემზე 23 000კგ საკვები და მედიკამენტები.

გემებს ბათუმის პორტში მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ

პრემიერის განცხადებით, საქართველოს პორტებში უზრუნველყოფილია გემების უსაფრთხო და დროული შემოსვლა-გასვლა.

„პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით, სახმელეთო გამშვებ პუნქტებთან ერთად, საქართველო საზღვაო პორტების მეშვეობითაც მარაგდება“-ამბობს გახარია.

მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მარტიდან გამკაცრებულია წესები საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის. შემოსვლა დაიშვება მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ. ასევე, დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

ბათუმის პორტში შემოსული გემებზე 40 000კგ საკვებ პროდუქტი და 23 000კგ მედიკამენტებია დატვირთული.

ამავე წყაროს ცნობით, ბათუმის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაზრდილია. „2020 წლის მარტში ბათუმის პორტში შემოსული ტვირთი 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით – 150%-ით არის გაზრდილი, კონტეინერები – 50%-ით, გენერალური ტვირთი კი – 52%“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის მერი, მოადგილეები და მერიის მაღალი თანამდებობის პირები, ასევე, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს  კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

ამის შესახებ ბათუმის მერია დღეს, 4 აპრილს ავრცელებს განცხადებას.

„ჩვენ ვაცნობიერებთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველაფერს გავაკეთებთ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენი მოქალაქეების დახმარების პროცესში. ჩვენ ყველა ერთად დავძლევთ ამ რთულ და კრიზისულ პერიოდს“ – ნათქვამია ბათუმსი მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ის გადარიცხვას აპირებენ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებიც.

 

კასაბლანკადან მადეირასკენ მიმავალი გემიდან ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა

22 წლის ქართველი მეზღვაური ნიკოლოზ შაშიკაძე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გაუჩინარდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, ფაქტი 26 მარტს მოხდა. ოჯახმა მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ 29 მარტს შეიტყო.

გემი მაროკოდან, კასაბლანკას პორტიდან მადეირასკენ მიცურავდა, როცა ეკიპაჟმა ქართველი მეზღვაურის გაუჩინარება აღმოაჩინა. ოფიციალური ინფორმაციით, 26-29 მარტს მიმდინარეობდა ძებნა-გადარჩენის ოპერაცია მეზღვაურის საპოვნელად, თუმცა უშედეგოდ.

ნიკოლოზ შაშიკაძე პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალტვირთგადამზიდ გემ YASEMIN-ზე 2019 წლის ნოემბერში ავიდა კადეტად. კონტრაქტი 2020 წლის აგვისტოში უმთავრდებოდა. ეს მისი მეორე გასვლა იყო შორეულ ნაოსნობაში.

გემის კაპიტნის მიერ დაწერილი ანგარიშის მიხედვით, რომელიც  მეზღვაურის ოჯახმა მიიღო, მეზღვაურმა შესაძლოა თავი მოიკლა.

გაუჩინარებული მეზღვაურის ძმა, ბაჩო შაშიკაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ არ სჯერა ოფიციალური ვერსიის.

„25 მარტს ველაპარაკე ჩვეულებრივად. სანამ გემი პორტიდან გავიდოდა. არც მაშინ და არც მანამდე არაფერი ისეთი არ ყოფილა მის მესიჯებში, რაც მაფიქრებინებდა, რომ ის ცუდად იყო. ამიტომ, მე პირადად არ მიმაჩნია სარწმუნო ვერსიად თვითმკვლელობა. გემის კაპიტანი წერს, რომ 23 რიცხვში შევამჩნიეთ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებიო. მაქვს კითხვები, თუ 23-ში ეს შეამჩნიეს, რატომ აიყვანეს 25-ში გემზე? რატომ არ შეატყობინეს გემთმფლობელ კომპანიას? რა გააკეთეს იმისთვის, რომ ჩემი ძმა უსაფრთხოდ ყოფილიყო? – ამ კითხვებზე პასუხი მჭირდება,“ – ამბობს ბაჩო შაშიკაძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოჯახს მიღებისთანავე,  29 მარტს შეატყობინეს.

„როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია მაშინვე დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები. ოჯახის წევრებს  დავუკავშირდით 29-ში მას შემდეგ, რაც ყველა წყაროდან გადამოწმდა, როგორც ინფორმაციის სიზუსტე, ასევე ძებნის პროცედურების მიმდინარეობა. როდესაც დადასტურდა ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის წევრი გემზე არ იმყოფებოდა და სავარაუდოდ გარდაცვლილია, ამის შემდეგ დავუკავშირდით ოჯახს,“ – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე.

მისივე თქმით, მეზღვაურის ძებნის სამუშაოები სამი დღის განმავლობაში,  26-29 მარტს მიმდინარეობდა. ვინაიდან ნიკოლოზ შაშიკაძის გაუჩინარება ღია ოკეანეში აღმოაჩინეს, მეზღვაურს ეძებდნენ როგორც მაროკოს, ასევე პორტუგალიის პასუხისმგებლობის ზონაში.

„კაპიტნის ანგარიშის მოხედვით, ამბავი ღამის 3-დან 4 საათამდეა მომხდარი, როცა ეკიპაჟის იმ წევრებს, რომელთაც უნდა ძინებოდათ, ეძინათ. ეძინა მათ შორის გაუჩინარებულ მეზღვაურსაც. დილით აღმოაჩინეს, რომ არ იყო კაიუტაში და დაიწყო ძებნა. ძებნის დაწყების შემდეგ გემბანზე აღმოაჩინეს ტანსაცმელი, საიდანაც მერე დაასკვნეს, რომ რადგან გემზე აღარ იმყოფებოდა, ის გადახტა. კაპიტნის ანგარიშიდან გამომდინარე, ვმსჯელობთ თვითმკვლელობის ვერსიაზე,“ – ამბობს ივანე აბაშიძე.

კითხვაზე, რას აკეთებს ქართული მხარე იმისათვის, რომ სიმართლე დადგინდეს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე პასუხობს, რომ პროცესში ყველა ოფიციალური უწყება ჩართულია:

„მაროკოსთან, ყველასთან ოფიციალური კომუნიკაცია შედგა. პანამის იურისდიქციის ქვეშ არის გემი, შესაბამისად ამ გემს ესაჭიროება პანამის სისხლის სამართლის კანონმდებლობით მიდგომა. თუმცა ვინაიდან გემი შევიდა საფრანგეთში გუშინ [3 აპრილს] საღამოს, ჩვენი საელჩოს მეშვეობით ჩვენ მოვითხოვეთ გემის ინსპექტირება. გემზე ჟანდარმერიასთან ერთად ავიდა პროფკავშირები, გემის შემოწმების მიზნით.  ეკიპაჟის წევრების ჩვენებით გამოიკვეთა, რომ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე. რაც შეეხება სხვა პროცედურებს, თუ საფრანგეთში ვერ დასრულდება პროცედურები, გემის შემდეგი დანიშნულება არის ესპანეთი და გავაგრძელებთ ამ პროცედურებს ესპანეთში“.

გარდაცვლილს ვირუსი გადაედო პირისგან, რომელიც სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდა – გამყრელიძე

„სიტუაცია იძაბება და უარესდება“- განაცხადა დღეს, 4 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მან დღეს კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტზე ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, 79 წლის ქალს, კორონავირუსის გარდა თანდართული მძიმე გართულებები ჰქონდა, მათ  შორის გულის მწვავე უკმარისობა, მწვავე პნევმონია, სეფსისი და ა.შ.

გარდაცვლილი ქალი, გამყრელიძის თქმით, მიეკუთვნება კლასტერს, ქვემო ბოლსინის სოფელ კაპანახშიდან, სადაც კორონავირუსის 5 დადასტურებული შემთხვევაა. პაციენტები რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან არიან საქართველოში შემოსული.

„ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ ეს ადამიანები, შემდეგ კი რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა. აქედან  ერთ-ერთმა გადასდო ამ ქალბატონს კორონავირუსი, რომელიც არის ნათესავი პირველი ინფიცირებულის“.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 72 საათამდე უნდა დაიკრძალოს, ტრადიციული დაკრძალვის წესების შეზღუდვით.

„ინფექციის კონტროლის ღონისძიებები დამტკიცებულია, დაახლოებით 5 გვერდიანი დოკუმენტია ეს, რომელიც არის საჯარო და შეგიძლიათ გაეცნოთ.  აუცილებლად დაცული უნდა იყოს ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც ამ დოკუმენტით არის გათვალისწინებული“ – ამბობს გამყრელიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაავადებულია 157 ადამიანი,  ბოლო 24 საათში დაავადების 9 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი.

გამყრელიძის თქმით, 23 პაციენტს პნევმონია აქვს, 4 კი მართვით სუნთქვაზეა მიერთებული.

საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა პირველი პაციენტი

საქართველოში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით.

ამის შესახებ დღეს, 4 აპრილს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

გარდაცვლილია კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი ე.წ. „მარნეულის კლასტერიდან“. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილ იქნა კრიტიკული პაციენტი, ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვინფექცია.

ანამნეზში ამ პაციენტთან იყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში წონის მკვეთრი დეფიციტი, კვლევების შედეგად დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი და სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა მკურნალობა, მაგრამ დღეს, დილის 9 საათზე, სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

4 აპრილის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 156 შემთხვევა, მათგან 28 პაციენტი გამოჯამრთელდა, 1 – გარდაიცვალა.

ამავე თემაზე

https://netgazeti.ge/news/438130/

 

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 232 ფაქტი ერთ თვეში

2020 წლის მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 232 ფაქტი გამოავლინდა. აქედან 8 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 118 ფაქტი კახეთშია გამოვლენილი, შემდეგ კი იმერეთში , სადაც 34 ფაქტი გამოვლინდა.

იმერეთის შემდეგ, ყველაზე მეტი – 20 ფაქტი, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების გამოვლენილია აჭარაში, ქვემო ქართლში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 13, შიდა ქართლსა და სამეგრელოში 12.

სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში – 3-3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 2 ფაქტი.

მარტის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა თბილისშიც. სულ 4 ემთხვევა იყო.  მთლიანობაში კი ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 244 მ3-მდე ხე-ტყე.

ოფიციალური ინფორმაცით, ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

„მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“.

ბათუმში COVID19-ზე 33 პირის პასუხი უარყოფითია, იკვლევენ 3 პირს

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. დღეს, 4აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ გააცნო ჟურნალისტებს რეგიონში მიმდინარე სიტუაცია.

მისი განცხადებით, „მედალფაში“კორონავირუსზე მკურნალობას აგრძელებს შვიდი პაციენტი, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, დანარჩენი 6 პაციენტის მდგომარეობა კი არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.

„24 საათის განმავლობაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გატარდა 36 პაციენტი, ესენი იყვნენ როგორც თვითდინებით შესული, ასევე საკარანტინე ზონიდან და ონლაინ კლინიკიდან გადამისამართებული პირები. 33 შემთხვევაში მივიღეთ უარყოფითი პასუხი, სამი შესაძლო შემთხვევა ახლა არის ლაბორატორიული კვლევის ფაზაში“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება ონლაინ კლინიკებს, 112-იდან ხდება ზარების გადამისამართება პირველადი ჯანდაცვის დატრენინგებულ ექიმებთან. ორი დღის განმავლობაში ონლაინ კლინიკაში 42 ზარი შევიდა და მათგან 4 პირი იქნა გადამისამართებული ცხელების ცენტრში.

აჭარაში საკარანტინე ზონაში იმყოფება 2 000 პირი, თვითიზოლაციაში კი ასამდე ადამიანია.

4 აპრილის მონაცემებით [11 სთ] ახალი კორონავირუსის შემთვევების რაოდენობა საქართველოში 156-ია, მათგან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 128 ადამიანი გადის მკურნალობას.

ერთი-ორი კვირა გვეყოფა. რეზერვი არაა საკმარისი – ცერცვაძე სამედიცინო პერსონალის ეკიპირებაზე

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ამჟამად უსაფრთხოების ეკიპირების პრობლემა არა აქვთ, თუმცა რეზერვები საკმარისი არ არის.

მან ამის შესახებ 3 აპრილს TV პირველის ეთერში ისაუბრა:

„რა გითხრათ… ჯერჯერობით საკმარისია, მაგრამ რეზერვი არ არის საკმარისი. თუ ვერ შევავსეთ ის რეზერვი, შესაძლოა ხვალ დადგეს ის დღე, რასაც თქვენ ამბობთ [როცა პრობლემა გვექნება ეკიპირების].

მაგრამ რას ვიზამთ, ეტყობა ესეც ობიექტური რეალობაა, იმიტომ, რომ ამერიკას გაუჭირდა.  ამხელა ამერიკამ ვერ გარდაქმნა თავისი მრეწეველობა ისე, რომ თვითონ დაიკმაყოფილოს თავი ამ კომბინიზონებით და პირბადეებით.  ევროპის ქვეყნებიც ამ დღეშია.

საქართველოში რაღაც ადგილობრივი მრეწველობა გაჩნდა, პირბადეები გაჩნდა, კომბინიზონები არ გაჩენილა… მაგრამ ჯერ ამის გამო პრობლემა არ შექმნილა. ასე ვიცი მე, რომ კიდევ ერთი-ორი კვირა გვეყოფა. თუ ვერ შეავსეს, მერე დადგება პრობლემა. მაგრამ ჯერ არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თურქეთის ქალაქები, სადაც 4 აპრილიდან ავტომობილების შესვლა-გამოსვლა იზღუდება

3 აპრილს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა.

4 აპრილიდან მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა.

ეს ქალაქებია:

ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს 15 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც.

ნახეთ სხვა შეზღუდვების შესახებ: 

თურქეთის 30 ქალაქში ავტომობილების გადაადგილება იზღუდება, სავალდებულოა პირბადის ტარება

___________________

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

თურქეთის 30 ქალაქში ავტომობილების გადაადგილება იზღუდება, სავალდებულოა პირბადის ტარება

თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, 4 აპრილს, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში ამოქმედდება შემდეგი დამატებითი შეზღუდვები:

4 აპრილიდან მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში, აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს 15 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც.

ეს ქალაქებია:

ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

თურქეთის მასშტაბით, ქუჩაში გასვლა იკრძალება 65 წელს გადაცილებული, ასევე, 20 წელს ქვემოთ და 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული მოსახლეობისთვის. 

ბაზრებსა და მარკეტებში მოსახლეობისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე:

  • ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
  • სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  • ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
  • იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

კომენდანტის საათის დროს დაკავებული: პოლიციელებმა მცემეს და იარაღით დამემუქრნენ

„პოლიციელებმა მანქანაში შემტენეს და მცემეს, როგორც ეს შეიძლებოდა მანქანაში, ვიდრე პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანდნენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში მცხოვრები ვ.მ. მას ვინაობის გამხელა არ სურს, რადგან ფიქრობს, რომ მისი უსაფრთხოება არც ახლაა დაცული.

ვ.მ. ადმინისტრაციული წესით გუშინ, 2 აპრილს, დაახლოებით ღამის 11 საათზე დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე დღეს, 3 აპრილს განიხილა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ. მოქალაქის თქმით, იგი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს და 500 ლარით დააჯარიმეს. უცნობია, მას ედავება თუ არა პოლიცია კომენდანტის საათის პირობების დარღვევის გამო.

ვ.მ. ადასტურებს, რომ დაკავების დროს პოლიციელებს მართლაც შეაგინა, თუმცა მისი თქმით, მანამდე პოლიციელებთან იკამათა.

„ანტიბიოტიკი მჭირდებოდა, რაც არ იყო ჩემს სახლთან ახლოს მდებარე აფთიაქში. აფთიაქთან ახლოს პოლიციის მანქანა იყო გაჩერებული. ვუთხარი, აქ არაა ის წამალი, რაც მჭირდება და ჭავჭავაძის ქუჩაზე გადავალ-მეთქი. კარგიო, მიპასუხეს. ყაზბეგის ქუჩაზე ვიყავი, როცა სხვა პოლიციელებმა გამაჩერეს, პირდაპირ ბორდიურზე გააჩერეს ავტომანქანა და ყვირილით მომვარდნენ, არ იცი, რომ კომენდანტის საათიაო? აგდებულად მითხრეს, რა ანტიბიოტიკი გინდაო. ვუთხარი, თქვენ ძველი ბიჭები ხართ, თუ პოლიციელები-მეთქი და მობილური ამოვიღე, რომ გადამეღო. ამაზე გაბრაზდა ერთ-ერთი და ძალით ჩამსვეს მანქანაში… მანქანაში მირტყამდა, თან ჩემთვის შარვლის გახდას ცდილობდა, არ ამბობდა, რა უნდოდა, შემეშვით-მეთქი, ვყვიროდი,“ – გვიყვება ვ.მ.

მოქალაქის თქმით, პოლიციელებმა ძალადობა მეორე განყოფილებაში მისვლისთანავე შეწყვიტეს. ვ.მ.-ს თქმით, მის სხეულზე არსებული დაზიანებები დააფიქსირეს წინასწარი დაკავების განყოფილების იზოლატორში შეყვანის დროს, სამართალდარღვევის ოქმი კი, დღეს დილით ჩააბარეს.

„ვითხოვდი ადვოკატს, მაგრამ არ მომცეს არაფრის უფლება, არც ახლობლებთან დამარეკინეს…. მეძებდნენ გუშინ მთელი ღამე. ოჯახთან დაკავშირება დღეს მოვახერხე, ვიდრე სასამართლო პროცესზე შემიყვანდნენ.

მე მოსამართლესთანაც ვაღიარე, რომ მართლაც შევაგინე პოლიციელებს, მაგრამ ისინი არაადამიანურად მომექცნენ. დილით, როცა ოქმი ჩამაბარეს, ის პოლიციელი ისევ შემხვდა, რომელმაც დამაკავა და დამემუქრა – „მერე გნახავ და შუბლს გაგიხვრიტავო“. მოსამართლემ მითხრა, არ უნდა შეგეგინებინაო. აუცილებლად მივმართავ შესაბამის უწყებებს,“ – გვიყვება ვ.მ.

ვ.მ.-მ გვაჩვენა სხეულზე მიყენებული დაზიანებების ამსახველი ფოტოებიც. ამ დრომდე მას არ მიუმართია რომელიმე სამედიცინო დაწესებულებისთვის და არც სახელმწიფო ინსპექტორისთვის, რომელიც მსგავს შემთხვევებს იძიებს.

_____
მთავარი ფოტო: დაზიანებები პოლიციის მიერ წუხელ დაკავებული კაცის სხეულზე

შსს: ოზურგეთში ეკლესია არასრულწლოვანმა ძმებმა გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ძმები – 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“ – წერს შსს.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჯანმო მთავრობებს: გააქტიურეთ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები

ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც ოჯახში ძალადობის სხვერპლნი არიან, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა COVID19-ის პანდემიის პრევენციისთვის მიღებული ზომების გამო მათ სახლში, მოძალადეებთან დარჩენა უწევთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მთავრობებს მოუწოდა ჩართონ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები COVID19-თან ბრძოლის ბოლომდე, მის აუცილებელ ნაწილად, რადგან, მისივე თქმით, სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის პირობებში, იმატა ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა:

„სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც COVID19-ის პანდემია დაიწყო, ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. მსხვერპლი ქალები ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ, ისევე, როგორც მათი ბავშვები. ახლა ასეთი ოჯახის წევრები უფრო მეტ დროს ატარებენ ერთმანეთთან ახლო კონტაქტში და დამატებით სტრესს უმკლავდებიან – პოტენციურ ეკონომიკურ კრიზისსა და სამსახურის დაკარგვას.

ახლა ქალებს შეიძლება ნაკლებად ჰქონდეთ კონტაქტი ნათესავებთან და მეგობრებთან, რომლებსაც მათი მხარდაჭერა და ძალადობისგან დაცვა შეუძლიათ.

ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, ჩართონ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები, როგორც COVID19-თან ბრძოლის აუცილებელი ნაწილი.

თუ განიცდით ოჯახში ძალადობას ან ხართ ძალადობის რისკის ქვეშ, უთხარით ამის შესახებ თქვენ მხარდამჭერ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, მოძებნეთ სერვისები, შეიმუშავეთ გეგმა საკუთარი თავისა და შვილების დასახმარებლად, როგორც შეგიძლიათ. ეს შეიძლება მოიცავდეს მეზობელს, მეგობარს, ნათესავს, თავშესაფარს – სადაც წახვალთ, თუ სახლის დაუყოვნებლივ დატოვების აუცილებლობა გექნებათ.

არ არსებობს ძალადობის გამამართლებელი არგუმენტი, ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ყველა ფორმით, ნებისმიერ დროს“ –  ამბობს ტედროს გებრეისუსი.

საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე მომხდარ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის, საქართველოში შესაბამის უწყებებს უკვე მიმართეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა. მიმართვაში ისინი წერენ, რომ მათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისათვის იმაზე მეტი ქალი დაუკავშირდათ, ვიდრე სხვა დროს.

თუმცა დღეს, 3 აპრილს, შს სამინისტრომ განაცხადა, რომ პანდემიის გავრცელების პირობებში, არ შეინიშნება ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა.

_________________________________________

  • როგორ მოვიქცეთ, თუ ძალადობენ ან იძალადეს:

თუ თქვენი პარტნიორი ან ოჯახის წევრი თქვენ მიმართ იქცევა ძალადობრივად, გიზღუდავთ თავისუფლებას ან მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას, მიმართეთ სამართალდამცავ უწყებას. ცხელი ხაზი – 112. 

ასევე, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი- 116 006

ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 112-ის მობილური აპლიკაციით, რომელსაც ოჯახში შესახებ ძალადობაზე ცოტა ხნის წინ ინფორმაცია დაემატა. ამ აპლიკაციას აქვს ასევე SOS და ოპერატორთან ჩატის ფუნქციები.

აპლიკაციის ლინკებია:

სოულის ცნობილი მომღერალი ბილ უიტერსი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში ცნობილი სოულის მომღერალი ბილ უიტერსი გარდაიცვალა – წერს გამოცემა გარდიანი. როგორც ოჯახის მიერ გამოქვეყნებული წერილიდან ვიგებთ, გარდაცვალების მიზეზი გულის გართულებული დაავადება გახდა. 80-იან წლებამდე უიტერსმა შექმნა ისეთი ჰიტები, როგორიცაა Use Me, Just the Two of Us და რა თქმა უნდა Ain’t no Sunshine.

“ჩვენ განადგურებულები ვართ საყვარელი და ერთგული მამისა და მეუღლის დაკარგვით. გულჩათხრობილი ადამიანი, რომელიც თავისი მუსიკითა და პოეზიით, მთელი გულით ცდილობდა სამყაროს დაკავშირებოდა. ის გულწრფელად საუბრობდა ადამიანებთან და აახლოებდა მათ. მისი პირადი ცხოვრება ეკუთვნის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, მუსიკა კი მთელ მსოფლიოს” – ნათქვამია წერილში.

უიტერსის ჰიტი Ain’t No Sunshine ითვლება ყველა დროის წყვილებს შორის განშორების დროს მოსასმენ სიმღერად. ასევე სიმღერა Lean on me – როგორც მეგობრობისა და მხარდაჭერის ჰიმნი, ორჯერ შეასრულეს ინაუგურაციის დროს: პირველად კლინტონის, შემდეგ კი ობამას გაპრეზიდენტების დროს. საგალობლებით ინსიპირებული ეს უკანასკნელი სიმღერა კარგახანს იყო ნომერ პირველი ჰიტი ამერიკის მუსიკალურ ჩარტებში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხი 155-მდე გაიზარდა – 21 ახალი შემთხვევა

ახლახან stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში დღეს, 3 აპრილს, კორონავირუსი 21 პირს დაუდასტურდა. ამ დროის მონაცემებით, ინფიცრებულთა რაოდენობამ საქართველოში 155-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელდა 27, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 პირი რჩება.

დღეს ვირუსი დაუდასტურდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ამირან გოგიტიძემ განაცხადა, რომ მას ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს.

ექიმი 31 მარტის ჩათვლით მუშაობდა.

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წერა – ვებგვერდი ზღაპრების და მოთხრობების შესაქმნელად

წერა ბავშვებისთვის შეიძლება თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების საშუალება იყოს და არ ასოცირდებოდეს მხოლოდ სასკოლო, აუცილებლად შესასრულებელ დავალებასთან. შეიძლება ბავშვს წერაც შეუყვარდეს, თუ მის დაინტერესებას შეძლებთ და ასწავლით, რომ შეუძლია დაწეროს მოთხრობა, ზღაპარი, წერილი და საგაზეთო სტატიაც კი.

პროგრამა „მოდი, დავწეროთ!“ – თამაშის პრინციპზეა აგებული და შემოქმედებითი წერის უნარებს ავითარებს. პროგრამა 7-დან 11 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. გამოყენება ძალიან მარტივია, საკმარისია ბმულს ერთხელ თავად მიყვეთ და შემდეგ ბავშვს აუხსნათ წერა-თამაშის პრინციპი.

პირველ გვერდზე, მას შემდეგ რაც დაწყების ღილაკზე დააწკაპებთ სამი ყუთი ჩნდება. პირველზე დაჭერით ირჩევთ პერსონაჟს, მეორე ყუთიდან ამ პერსონაჟის თვისება ვარდება, მესამეში კი პრობლემაა. თუ პერსონაჟი, მისი თვისება ან პრობლემა არ მოგეწონებათ შეგიძლიათ თავიდან აარჩიოთ ყველაფერი ხელახლა დაწკაპებით.

ამ ჯერზე პერსონაჟია საფრთხობელა, მისი თვისება დაბნეულობაა, პრობლემა კი ის, რომ ბუტია ჯადოქარს დაუმეგობრდა.

შემდეგ ირჩევთ წერის ფორმატს: წერილს, ზღაპარს, მოთხრობას ან სტატიას და დღიურის ჩანაწერს.

ბოლოს გამოდის სამუშაო ველი, სადაც არჩეული პერსონაჟის, მისი თვისების და პრობლემის მიხედვით წერის გარდა შესაძლებელია ილუსტრაციის იქვე შექმნა, ან უკვე შექმნილის ატვირთვა.

დასასრულს, მას შემდეგ რაც ვაჭერთ ღილაკს „შენახვა“. გამოდის იმ ფორმატის ტექსტი, რაც თავიდან ავირჩიეთ: სტატია, მოთხრობა, დღიურის ჩანაწერი თუ  სხვა. შესაძლებელია ბავშვმა საავტორო ნამუშევარი PDF ფორმატითაც ჩამოტვირთოს.

პროგრამა ვებგვერდ kargiskola.ge-ს ნაწილია, სადაც სადაც თავმოყრილია დაწყებითი 1-6 კლასების კითხვისა და მათემატიკის მრავალფეროვანი/ინოვაციური საგანმანათლებლო სწავლებისა და სასწავლო მეთოდური ინტერაქტიური რესურსები. პორტალის მეშვეობით დაწყებითი კლასების მასწავლებელს შეუძლია ელექტრონული e-კურსების გავლა, გაკვეთილის გეგმის ჩამოტვირთვა, საბავშვო წიგნებისა და თამაშების გამოყენება ჯგუფური, ინდივიდუალური თუ საკლასო მუშაობისთვის.

ვებგვერდი kargiskola.ge დაწყებითი განათლების პროექტის,  G-Pried-ის ფარგლებშია მომზადებული. პროექტს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

Exit mobile version