მთავარი,სიახლეები

გარდაცვლილს ვირუსი გადაედო პირისგან, რომელიც სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდა – გამყრელიძე

04.04.2020 • 2155
გარდაცვლილს ვირუსი გადაედო პირისგან, რომელიც სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდა – გამყრელიძე

„სიტუაცია იძაბება და უარესდება“- განაცხადა დღეს, 4 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მან დღეს კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტზე ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, 79 წლის ქალს, კორონავირუსის გარდა თანდართული მძიმე გართულებები ჰქონდა, მათ  შორის გულის მწვავე უკმარისობა, მწვავე პნევმონია, სეფსისი და ა.შ.

გარდაცვლილი ქალი, გამყრელიძის თქმით, მიეკუთვნება კლასტერს, ქვემო ბოლსინის სოფელ კაპანახშიდან, სადაც კორონავირუსის 5 დადასტურებული შემთხვევაა. პაციენტები რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან არიან საქართველოში შემოსული.

„ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ ეს ადამიანები, შემდეგ კი რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა. აქედან  ერთ-ერთმა გადასდო ამ ქალბატონს კორონავირუსი, რომელიც არის ნათესავი პირველი ინფიცირებულის“.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 72 საათამდე უნდა დაიკრძალოს, ტრადიციული დაკრძალვის წესების შეზღუდვით.

„ინფექციის კონტროლის ღონისძიებები დამტკიცებულია, დაახლოებით 5 გვერდიანი დოკუმენტია ეს, რომელიც არის საჯარო და შეგიძლიათ გაეცნოთ.  აუცილებლად დაცული უნდა იყოს ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც ამ დოკუმენტით არის გათვალისწინებული“ – ამბობს გამყრელიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაავადებულია 157 ადამიანი,  ბოლო 24 საათში დაავადების 9 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი.

გამყრელიძის თქმით, 23 პაციენტს პნევმონია აქვს, 4 კი მართვით სუნთქვაზეა მიერთებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: