Batumelebi | კასაბლანკადან მადეირასკენ მიმავალი გემიდან ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა კასაბლანკადან მადეირასკენ მიმავალი გემიდან ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა – Batumelebi

კასაბლანკადან მადეირასკენ მიმავალი გემიდან ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა

22 წლის ქართველი მეზღვაური ნიკოლოზ შაშიკაძე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გაუჩინარდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, ფაქტი 26 მარტს მოხდა. ოჯახმა მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ 29 მარტს შეიტყო.

გემი მაროკოდან, კასაბლანკას პორტიდან მადეირასკენ მიცურავდა, როცა ეკიპაჟმა ქართველი მეზღვაურის გაუჩინარება აღმოაჩინა. ოფიციალური ინფორმაციით, 26-29 მარტს მიმდინარეობდა ძებნა-გადარჩენის ოპერაცია მეზღვაურის საპოვნელად, თუმცა უშედეგოდ.

ნიკოლოზ შაშიკაძე პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალტვირთგადამზიდ გემ YASEMIN-ზე 2019 წლის ნოემბერში ავიდა კადეტად. კონტრაქტი 2020 წლის აგვისტოში უმთავრდებოდა. ეს მისი მეორე გასვლა იყო შორეულ ნაოსნობაში.

გემის კაპიტნის მიერ დაწერილი ანგარიშის მიხედვით, რომელიც  მეზღვაურის ოჯახმა მიიღო, მეზღვაურმა შესაძლოა თავი მოიკლა.

გაუჩინარებული მეზღვაურის ძმა, ბაჩო შაშიკაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ არ სჯერა ოფიციალური ვერსიის.

„25 მარტს ველაპარაკე ჩვეულებრივად. სანამ გემი პორტიდან გავიდოდა. არც მაშინ და არც მანამდე არაფერი ისეთი არ ყოფილა მის მესიჯებში, რაც მაფიქრებინებდა, რომ ის ცუდად იყო. ამიტომ, მე პირადად არ მიმაჩნია სარწმუნო ვერსიად თვითმკვლელობა. გემის კაპიტანი წერს, რომ 23 რიცხვში შევამჩნიეთ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებიო. მაქვს კითხვები, თუ 23-ში ეს შეამჩნიეს, რატომ აიყვანეს 25-ში გემზე? რატომ არ შეატყობინეს გემთმფლობელ კომპანიას? რა გააკეთეს იმისთვის, რომ ჩემი ძმა უსაფრთხოდ ყოფილიყო? – ამ კითხვებზე პასუხი მჭირდება,“ – ამბობს ბაჩო შაშიკაძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოჯახს მიღებისთანავე,  29 მარტს შეატყობინეს.

„როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია მაშინვე დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები. ოჯახის წევრებს  დავუკავშირდით 29-ში მას შემდეგ, რაც ყველა წყაროდან გადამოწმდა, როგორც ინფორმაციის სიზუსტე, ასევე ძებნის პროცედურების მიმდინარეობა. როდესაც დადასტურდა ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის წევრი გემზე არ იმყოფებოდა და სავარაუდოდ გარდაცვლილია, ამის შემდეგ დავუკავშირდით ოჯახს,“ – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე.

მისივე თქმით, მეზღვაურის ძებნის სამუშაოები სამი დღის განმავლობაში,  26-29 მარტს მიმდინარეობდა. ვინაიდან ნიკოლოზ შაშიკაძის გაუჩინარება ღია ოკეანეში აღმოაჩინეს, მეზღვაურს ეძებდნენ როგორც მაროკოს, ასევე პორტუგალიის პასუხისმგებლობის ზონაში.

„კაპიტნის ანგარიშის მოხედვით, ამბავი ღამის 3-დან 4 საათამდეა მომხდარი, როცა ეკიპაჟის იმ წევრებს, რომელთაც უნდა ძინებოდათ, ეძინათ. ეძინა მათ შორის გაუჩინარებულ მეზღვაურსაც. დილით აღმოაჩინეს, რომ არ იყო კაიუტაში და დაიწყო ძებნა. ძებნის დაწყების შემდეგ გემბანზე აღმოაჩინეს ტანსაცმელი, საიდანაც მერე დაასკვნეს, რომ რადგან გემზე აღარ იმყოფებოდა, ის გადახტა. კაპიტნის ანგარიშიდან გამომდინარე, ვმსჯელობთ თვითმკვლელობის ვერსიაზე,“ – ამბობს ივანე აბაშიძე.

კითხვაზე, რას აკეთებს ქართული მხარე იმისათვის, რომ სიმართლე დადგინდეს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე პასუხობს, რომ პროცესში ყველა ოფიციალური უწყება ჩართულია:

„მაროკოსთან, ყველასთან ოფიციალური კომუნიკაცია შედგა. პანამის იურისდიქციის ქვეშ არის გემი, შესაბამისად ამ გემს ესაჭიროება პანამის სისხლის სამართლის კანონმდებლობით მიდგომა. თუმცა ვინაიდან გემი შევიდა საფრანგეთში გუშინ [3 აპრილს] საღამოს, ჩვენი საელჩოს მეშვეობით ჩვენ მოვითხოვეთ გემის ინსპექტირება. გემზე ჟანდარმერიასთან ერთად ავიდა პროფკავშირები, გემის შემოწმების მიზნით.  ეკიპაჟის წევრების ჩვენებით გამოიკვეთა, რომ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე. რაც შეეხება სხვა პროცედურებს, თუ საფრანგეთში ვერ დასრულდება პროცედურები, გემის შემდეგი დანიშნულება არის ესპანეთი და გავაგრძელებთ ამ პროცედურებს ესპანეთში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი