განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წერა – ვებგვერდი ზღაპრების და მოთხრობების შესაქმნელად

03.04.2020 • 3559
როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წერა – ვებგვერდი ზღაპრების და მოთხრობების შესაქმნელად

წერა ბავშვებისთვის შეიძლება თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების საშუალება იყოს და არ ასოცირდებოდეს მხოლოდ სასკოლო, აუცილებლად შესასრულებელ დავალებასთან. შეიძლება ბავშვს წერაც შეუყვარდეს, თუ მის დაინტერესებას შეძლებთ და ასწავლით, რომ შეუძლია დაწეროს მოთხრობა, ზღაპარი, წერილი და საგაზეთო სტატიაც კი.

პროგრამა „მოდი, დავწეროთ!“ – თამაშის პრინციპზეა აგებული და შემოქმედებითი წერის უნარებს ავითარებს. პროგრამა 7-დან 11 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. გამოყენება ძალიან მარტივია, საკმარისია ბმულს ერთხელ თავად მიყვეთ და შემდეგ ბავშვს აუხსნათ წერა-თამაშის პრინციპი.

პირველ გვერდზე, მას შემდეგ რაც დაწყების ღილაკზე დააწკაპებთ სამი ყუთი ჩნდება. პირველზე დაჭერით ირჩევთ პერსონაჟს, მეორე ყუთიდან ამ პერსონაჟის თვისება ვარდება, მესამეში კი პრობლემაა. თუ პერსონაჟი, მისი თვისება ან პრობლემა არ მოგეწონებათ შეგიძლიათ თავიდან აარჩიოთ ყველაფერი ხელახლა დაწკაპებით.

ამ ჯერზე პერსონაჟია საფრთხობელა, მისი თვისება დაბნეულობაა, პრობლემა კი ის, რომ ბუტია ჯადოქარს დაუმეგობრდა.

შემდეგ ირჩევთ წერის ფორმატს: წერილს, ზღაპარს, მოთხრობას ან სტატიას და დღიურის ჩანაწერს.

ბოლოს გამოდის სამუშაო ველი, სადაც არჩეული პერსონაჟის, მისი თვისების და პრობლემის მიხედვით წერის გარდა შესაძლებელია ილუსტრაციის იქვე შექმნა, ან უკვე შექმნილის ატვირთვა.

დასასრულს, მას შემდეგ რაც ვაჭერთ ღილაკს „შენახვა“. გამოდის იმ ფორმატის ტექსტი, რაც თავიდან ავირჩიეთ: სტატია, მოთხრობა, დღიურის ჩანაწერი თუ  სხვა. შესაძლებელია ბავშვმა საავტორო ნამუშევარი PDF ფორმატითაც ჩამოტვირთოს.

პროგრამა ვებგვერდ kargiskola.ge-ს ნაწილია, სადაც სადაც თავმოყრილია დაწყებითი 1-6 კლასების კითხვისა და მათემატიკის მრავალფეროვანი/ინოვაციური საგანმანათლებლო სწავლებისა და სასწავლო მეთოდური ინტერაქტიური რესურსები. პორტალის მეშვეობით დაწყებითი კლასების მასწავლებელს შეუძლია ელექტრონული e-კურსების გავლა, გაკვეთილის გეგმის ჩამოტვირთვა, საბავშვო წიგნებისა და თამაშების გამოყენება ჯგუფური, ინდივიდუალური თუ საკლასო მუშაობისთვის.

ვებგვერდი kargiskola.ge დაწყებითი განათლების პროექტის,  G-Pried-ის ფარგლებშია მომზადებული. პროექტს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი