მთავარი,სიახლეები

ჯანმო მთავრობებს: გააქტიურეთ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები

03.04.2020
ჯანმო მთავრობებს: გააქტიურეთ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები

ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც ოჯახში ძალადობის სხვერპლნი არიან, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა COVID19-ის პანდემიის პრევენციისთვის მიღებული ზომების გამო მათ სახლში, მოძალადეებთან დარჩენა უწევთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მთავრობებს მოუწოდა ჩართონ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები COVID19-თან ბრძოლის ბოლომდე, მის აუცილებელ ნაწილად, რადგან, მისივე თქმით, სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის პირობებში, იმატა ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა:

„სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც COVID19-ის პანდემია დაიწყო, ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. მსხვერპლი ქალები ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ, ისევე, როგორც მათი ბავშვები. ახლა ასეთი ოჯახის წევრები უფრო მეტ დროს ატარებენ ერთმანეთთან ახლო კონტაქტში და დამატებით სტრესს უმკლავდებიან – პოტენციურ ეკონომიკურ კრიზისსა და სამსახურის დაკარგვას.

ახლა ქალებს შეიძლება ნაკლებად ჰქონდეთ კონტაქტი ნათესავებთან და მეგობრებთან, რომლებსაც მათი მხარდაჭერა და ძალადობისგან დაცვა შეუძლიათ.

ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, ჩართონ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები, როგორც COVID19-თან ბრძოლის აუცილებელი ნაწილი.

თუ განიცდით ოჯახში ძალადობას ან ხართ ძალადობის რისკის ქვეშ, უთხარით ამის შესახებ თქვენ მხარდამჭერ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, მოძებნეთ სერვისები, შეიმუშავეთ გეგმა საკუთარი თავისა და შვილების დასახმარებლად, როგორც შეგიძლიათ. ეს შეიძლება მოიცავდეს მეზობელს, მეგობარს, ნათესავს, თავშესაფარს – სადაც წახვალთ, თუ სახლის დაუყოვნებლივ დატოვების აუცილებლობა გექნებათ.

არ არსებობს ძალადობის გამამართლებელი არგუმენტი, ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ყველა ფორმით, ნებისმიერ დროს“ –  ამბობს ტედროს გებრეისუსი.

საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე მომხდარ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის, საქართველოში შესაბამის უწყებებს უკვე მიმართეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა. მიმართვაში ისინი წერენ, რომ მათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისათვის იმაზე მეტი ქალი დაუკავშირდათ, ვიდრე სხვა დროს.

თუმცა დღეს, 3 აპრილს, შს სამინისტრომ განაცხადა, რომ პანდემიის გავრცელების პირობებში, არ შეინიშნება ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა.

_________________________________________

  • როგორ მოვიქცეთ, თუ ძალადობენ ან იძალადეს:

თუ თქვენი პარტნიორი ან ოჯახის წევრი თქვენ მიმართ იქცევა ძალადობრივად, გიზღუდავთ თავისუფლებას ან მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას, მიმართეთ სამართალდამცავ უწყებას. ცხელი ხაზი – 112. 

ასევე, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი- 116 006

ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 112-ის მობილური აპლიკაციით, რომელსაც ოჯახში შესახებ ძალადობაზე ცოტა ხნის წინ ინფორმაცია დაემატა. ამ აპლიკაციას აქვს ასევე SOS და ოპერატორთან ჩატის ფუნქციები.

აპლიკაციის ლინკებია:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: