შეიძლება თუ არა საკვებით გადაეცეს კორონავირუსი? – რას ამბობენ სპეციალისტები

სოციალური დისტანცირების, ხელების ხშირი დაბანის, ზედაპირების დეზინფექციის ინსტრუქციები მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა, მაგრამ სახლში მოტანილი პროდუქტის გასუფთავების ინსტრუქცია ყველას სხვადასხვა აქვს.

უსაფრთხოა თუ არა ხილ-ბოსტნეულის უბრალოდ გამდინარე წყლით გარეცხვა? – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისევე როგორც ევროპის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების საზოგადოება იუწყებიან, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის, რომ საკვები შეიძლება იყოს ამ ვირუსის გადაცემის წყარო.

BfR [გერმანიის  რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტი]: ამ დრომდე არ არის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი, რომ SARS-CoV-2 ის ინფიცირება საკვების გამოყენებით მომხდარიყოს, მათ შორის, გაყინული საკვების. დაიცავით ჰიგიენის ზოგადი წესები საჭმლის მომზადებისას.

თუმცა საკვები პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ ჯანმოსთან თანამშრომლობით მომზადებულ ერთ-ერთ მიმოხილვაში (1998) ვკითხულობთ, რომ უმი ხილი და ბოსტნეული შეიძლება გახდეს ინფექციის გადამცემი:

„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები არ მრავლდება საკვებში, უმი ხილი და ბოსტნეული შეიძლება ინფექციის გადამტანი იყოს… ნებისმიერი საკვები, რომელიც ხელში ეკავა ინფიცირებულ ადამიანს, შესაძლოა იყოს დაბინძურებული და ინფექციის გადამტანი“.

  • საჭმლის მომზადებისას ვირუსი კვდება

„ერთი კარგი რამ არის ცნობილი SARS-CoV-2-ის შესახებ, ის რომ ეს „გარსიანი“ ვირუსია და ასეთი ვირუსი მგრძნობიარეა სიცხისადმი, გამოხარშვისადმი, გაშრობისა და ანტისეპტიკებისადმი. მისი მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ვირუსისა. ასე,რომ ბოსტნეულისა თუ საჭმლის გაცხელება ახდენს ვირუსის დეაქტივაციას“.

BfR: გარსიანი ვირუსები, რომლებშიც გენეტიკური მასა შეფუთულია ცხიმის ფენით (ლიპიდური ფენით), მგრძნობიარედ რეაგირებენ იმ ნივთიერებებზე, რომლებიც ცხიმს შლიან, მაგალითად, ალკოჰოლზე ან ზედაპირულად აქტიურ აგენტებზე, რომლებსაც შეიცავს საპნები და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები.

ექიმი ვირკი, მაიოს კლინიკის ინფექციონისტი მინესოტადან, ამბობს, რომ საკვებ პროდუქტებზე ვირუსი მხოლოდ 1-3 დღეს ძლებს.

ამავდროულად, ექიმი ვირკი ამბობს, რომ უმი ხილ-ბოსტნეულის შემთხვევაში, როცა ამ პროდუქტის გათლა/გარჩევის საშუალება არ აქვს, საპნიანი წყლით რეცხავს მათ:

„მე პრობლემა მაქვს გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულის ჭამასთან, მაშინაც კი, როცა კოვიდ-19 არ არის გავრცელებული. მე გულმოდგინედ ვრეცხავ მათ… ახლაც ასე მოვიქცევი. რისკი მცირეა, მაგრამ არ იცი, იქნებ ინფიცირებულს ეჭირა“, – ამბობს ექიმი ვირკი.

ექიმი ვირკი,  მინესოტას შტატში, მაიოს კლინიკის ინფექციონისტი ამბობს, რომ ხილს, რომლის გარჩევა/გათლასაც ახერხებთ, მაგალითად, ბანანს, არ სჭირდება გარეცხვა. მაგრამ ის გირჩევთ, დაიბანოთ ხელები გარჩევამდე და გარჩევის შემდეგ, სანამ ხილის იმ ნაწილს შეეხებით, რომელსაც ჭამთ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები პანდემიის დროს საკვების უსაფრთხოებასთან მიმართებაში საპნიანი წყლის გამოყენებას არ მოიცავს. FDA [ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია] წერს, რომ ხილისა და ბოსტნეულის საპნიანი წყლით გარეცხვა არ არის რეკომენდებული.

ჯანმოს რეკომენდაციის თანახმად კი, უნდა მოერიდოთ უმი ან თერმულად დაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გამოყენებას.

ქართველი მეცნიერი კანადიდან: შესაძლოა, შემოდგომაზე გვქონდეს covid 19-ის ვაქცინა

„შექმნილი ვაქცინა უკვე გადის პრეკლინიკურ ფაზას, ეს არის ცხოველებზე დატესტვა… გააჩნია რა პასუხებს მივიღებთ და შემდეგ გადავალთ ადამიანების გამოცდაზე, რასაც ჰქვია კლინიკური ფაზა…. ამ პროცესს დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება,“ – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბუნების შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორმა, კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა გიორგი ბაბუაძემ. ის ერთ-ერთი მეცნიერია მათ შორის, რომლებიც covid -19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობენ.

კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის შემოწმება მსოფლიოს რამდენიმე სამეცნიერო დაწესებულებაში მიმდინარეობს, მათ შორის, კანადის უნივერსიტეტში, სადაც გიორგი ბაბუაძე მუშაობს. მსოფლიოს ოთხ სამედიცინო კლინიკაში კი ვაქცინა უკვე იტესტება კონკრეტულ ადამიანებზე, ანუ დაწყებულია კლინიკური ფაზა. ორი ასეთი სამედიცინო კლინიკა ჩინეთშია, ორი – შეერთებულ შტატებში.

კანადაში მყოფი ქართველი მეცნიერის, გიორგი ბაბუაძის თქმით, ვაქცინის შემოწმების ეტაპები ახლა დაჩქარებულია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანადის მთავრობასთან ფორმალური პროცედურების შესამცირებლად და გამორიცხული არაა, რომ ვაქცინის გამოყენება ამ წლის შემოდგომაზეც დაიწყონ.

„ეს არის სულ სამი ფაზა. მეოთხე ეტაპი ჩვენ შესაძლოა საერთოდ გამოვტოვოთ, რადგანაც პანდემიაა და არსებობს ასეთი ინტერესი… როგორც კი დადებენ ოფიციალური სამსახურები დასკვნებს, ვაქცინა შესაძლოა ჩაეშვას მოხმარებაში… ამ ვაქცინაზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით სამი წლის წინ. კორონავირუსის ვაქცინა ჩვენ შევქმენით დაახლოებით ორ თვეში, შემდეგი ეტაპები კი დაკავშირებულია დროსთან და ძალიან დიდ თანხასთან. ეს არის თანხა, რომელსაც მოითხოვს ექსპერიმენტული პროცედურები,“ – თქვა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გიორგი ბაბუაძემ.

ქართველი მეცნიერის თქმით, კანადაში ამ ეტაპზე ვაქცინა თაგვებზე იტესტება. მან ასევე დაადასტურა მეცნიერთა შეხედულება იმაზე, რომ covid-19 ცხოველებისგან წამოსული ვირუსია და მისი გავრცელების თავდაპირველი წყარო ღამურა იყო. გიორგი ბაბუაძე ვირუსის გავრცელებას ჩინეთში, ვუჰანის ცხოველთა ბაზრობას უკავშირებს.

„ეს არის ცხოველებისგან წამოსული. ღამურადან არის ნამდვილად გადასული. ვუჰანის ბაზრობა არის განუკითხაობა, მაგ ბაზრობიდან წამოვიდა თავის დროზე ფრინველის გრიპიც. განუკითხაობა რატომ – უზარმაზარი რაოდენობის ცხოველები ჰყავთ ერთად მოთავსებული, სადაც თავისუფლად შეიძლება განიცადოს ვირუსმა მუტაცია და გადავიდეს ერთი ცხოველიდან მეორეზე,“ – აღნიშნა გიორგი ბაბუაძემ.

_________________

ფოტოზე: გიორგი ბაბუაძე. ფოტო: პირველი არხი

 

კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 59 მოქალაქე დააჯარიმეს

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 10 აპრილს საღამოს 9 საათიდან დღეს დილის 6-მდე კიდევ 59 მოქალაქე დააჯარიმეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის შზღუდვების დარღვევის 139 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 55 მოქალაქე დააჯარიმეს.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 19 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული – ახალი მონაცემები

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 11 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონზე მეტია, შტატებში Covid-19-ის 501 615 შემთხვევაა დადასტურებული.

აშშ-ში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 18 777 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 29 191.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული. ახალმა კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა ნიუ იორკის შტატი, სადაც 5 820 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსისგან.

რაც შეეხება მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლო მონაცემებით პლანეტაზე სულ 1 701 718 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 102 867 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 377 434 – გამოჯანმრთელდა.

____________________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JUSTIN LANE

 

მარტში გაზისა და დენის სუბსიდირებაზე უარის თქმა ხვალამდე შეგიძლიათ

მომხმარებელს, რომელსაც სურს უარი თქვას მარტის თვეში მოხმარებული დენისა და გაზის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებაზე, ამის შესაძლებლობა სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დღეს, 11 აპრილს, საღამოს 12 საათამდე აქვს. რაც შეეხება აპრილისა და მაისის გადასახადების სუბსიდირებაზე უარის თქმას – ეს პროცესი გაგრძელდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდირებაზე უარი უკვე 1100-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა, რაც ჯამში 3000-ზე მეტ კომუნალურ გადასახადს ეხება.

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა.

ამ პლატფორმის საშუალებით მოქალაქეებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს, შეუძლიათ უარი თქვან სახელმწიფო სუბსიდირებაზე [ანუ კომუნალურები თავად გადაიხადონ].

ამავე პლატფორმის საშუალებით შეიგძლიათ აირჩიოთ თვე, კომპანია, მიუთითეთ შესაბამის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის მოცულობა და გაიგოთ გეკუთვნით თუ არა სუბსიდია.

სემეკის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ ყოველთვიურად – ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ან ყველა თვეზე ერთად.

„კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა, რომლებსაც მარტში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ“ – აცხადებენ სემეკში.

ამ თემაზე:

მარტში 36 ლარის ან ნაკლები დენი თუ მოიხმარეთ, სახელმწიფო დაგიფინანსებთ

„მრევლი ეზოში დადგება, ზიარებაც იქნება“ – როგორ გაიმართება ბზობა ბათუმში

„წირვა-ლოცვა ჩვეულებრივად ჩატარდება, მრევლი ეზოში იქნება და დაიცავს ორმეტრიან დისტანციას, ზიარება ტაძრის შესასვლელთან შედგება,“ – გვითხრა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

იოანე გორელიშვილი მრევლს მოუწოდებს, ქოთანში ჩარგული ბზა მიიტანონ ტაძარში. ჩვენთან საუბრის დროს მან ასევე აღნიშნა, რომ ბზის ტოტების კურთხევაც მოხდება.

„წლებია მოვუწოდებთ მრევლს, რომ სახლში გაეზარდათ ბზა ქოთნებში და მოხდება კურთხევის განახლება. სამწუხარო რეალობა ის გახლავთ, რომ ადამიანების ნაწილს უნდათ ბზის ტოტების გაყიდვა, გარემოვაჭრეები ყიდიან…. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ნადგურდება ქართული ბზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ადამიანები ბზის ტოტების გაყიდვისთვის დაჯარიმდებიან….

მრევლის დაახლოებით 20 პროცენტს გასულ წელს უკვე ქოთანში ჩარგული ბზა ჰქონდა. თუკი მოვა ვინმე ისევ ბზის ტოტებით, მისი კურთხევაც მოხდება,“ – ამბობს იოანე გორელიშვილი.

პანდემიის მიუხედავად მართლმადიდებელმა ეკლესიამ, საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, არ შეცვალა საჯარო ღვთისმსახურების წესი და ზიარებაც საერთო კოვზიდან ტარდება, რაც ვირუსის გავრცელების საფრთხეა.

_______________________

მთავარი ფოტო: ბზობა ბათუმში, 2019 წელი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

საათი და მონიტორი შუახევში – 650 ათასი ლარი დაბის კეთილმოწყობისთვის

დაბა შუახევის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 650 ათასი ლარია. პროექტის დაფინანსების წყარო კი – აჭარის ბიუჯეტი.

პროექტი ითვალისწინებს დაბის ცენტრში ქუჩის საათის დადგმას, მონიტორის დამონტაჟბას, ასევე  რამდენიმე ქუჩაზე შენობების ფასადების მოპირკეთებას, ბილიკებისა და მოაჯირების მოწყობას, ფილების დაგებას, გარეგანათების ბოძებისა და სკამების მონტაჟს, სხვა სამუშაოებს.

დაიდგმება სანაგვე ურნები, შეკეთდება ფერდსამაგრი კედლები.

დაბა შუახევი / ფოტომონტაჟი პროექტიდან

დაბის კეთილმოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 22 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს შეწყდება. სამუშაოები კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 150 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

შუახევი / არსებული სიტუაცია და რენდერი დაბის კეთილმოწყობის პროექტიდან

პროექტით გათვალისწინებული იყო საინფორმაცო დაფის განთავსებაც, წარწერით: „შუახევი“, თუმვა მუნიციპალიტეტმა, როგორც ოქმშია აღნიშნული, ის პროექტიდან ამოიღო და წარწერისთვის გათვალისწინებული თანხით საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა.

გაზის შეწყვეტაზე სმს-ებს ყურადღება არ მიაქციონ მათ, ვისაც სუბსიდია ეხება – „სოკარი“

მოქალაქეების ნაწილს, რომლებსაც მარტში მოხმარებულ ბუნებრივი აირის გადასახადზე სახელმწიფო შეღავათები ეხებათ, კომპანია „სოკარისგან“ მიუვიდათ ელექტრონული შეტყობინება, რომ აქვთ დავალიანება და გადაუხდელობის შემთხვევაში კონკრეტული თარიღიდან შეუწყდებათ გაზმომარაგება.

„ბათუმელებს“ კომპანია „სოკარში“ განუცხადეს, რომ იყო ერთგვარი პროგრამული ხარვეზი და დავალიანების დაფარვაზე შეტყობინებები ყველას ერთნაირად მიუვიდა სტანდარტულად, როგორც ამ დრომდე ხდებოდა.

„იმ აბონენტებმა, რომლებსაც ეხებათ სუბსიდია, შეუძლიათ ამ შეტყობინებებს არ მიაქციონ ყურადღება. მათ ხელახლა დაეგზავნებათ შეტყობინებები, რომ მარტის თვეში მათ მიერ მოხმარებული გაზის საფასურს სახელმწიფო ფარავს“ – გვითხრეს „სოკარში“.

 

აბონენტს, რომელმაც მარტის თვეში მოიხმარა 200 და ნაკლები კუბ/მ გაზი, ანუ გადასახდელი აქვს 114 ლარი ან ამაზე ნაკლები, მას გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს. იგივე პირობებით გადაუხდის მოქალაქეებს გაზის გადასახადს სახელმწიფო აპრილსა და მაისში.

ამ თემაზე ვრცლად:

მოსახლეობის ნაწილს 3 თვის კომუნალურ გადასახადებს დავუფარავთ – გახარია

ბათუმში 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან კორონავირუსისგან

11 აპრილის მონაცემებით, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 19 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან:

„ამ 19 პაციენტიდან სამი ემზადება გამოჯამრთელებულის დეფინიციის მისაღებად. მათ შორის ერთის მეორად კონტროლზე პასუხი დღეს დილით იქნება ცნობილი, ხოლო ორი პაციენტის კვლევის პასუხი იქნება დღის განმავლობაში. ამ ორს დასჭირდება მეორე, საკონტროლო კვლევაც“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

რაც შეეხება „მედალფას“ სხვა პაციენტებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე, თუმცა „შედარებით გაუმჯობესება აღინიშნება“.

„ერთი კიდევ არის საყურადღებო პაციენტი, მაგრამ არა კრიტიკულ მდგომარეობაში. დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

11 აპრილის დილის [ 11 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 233 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი, გარდაცვალა – 3. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა 3 საქართველოს მოქალაქე.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373. 

ქობულეთის კლასტერიდან 5 პირს შესაძლოა Covid-19 აქვს – მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კორონავირუსზე 5 საეჭვო შემთხვევას ამოწმებენ, ყველა ეს შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

„პირველადი კვლევებით ამ 5 კვლევის პასუხი არის დადებითი, მაგრამ არ არის მკვეთრად დადებითი და სჭირდება განმეორებითი პასუხი, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან პაციენტები [აქვთ კორონავირუსი]“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით, იკვეთება რამდენიმე სოფელი და ქალაქ ქობულეთის ტერიტორია.

„ყველა კონტაქტირებულ პირს ამ ტერიტორიებზე უკვე მიცემული აქვთ რეკომენდაცია მკაცრი თვითიზოლაციის შესახებ ან გადაყვანილი არიან საკარანტინე სივრცეში“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მას შემდეგ რაც ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევის თანახმად დადასტურდა კიდევ 6 შემთხვევა, კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.

ამ ეტაპზე ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 19 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით.

11 აპრილის დილის [ 11 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 233 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი, გარდაცვალა – 3. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა 3 საქართველოს მოქალაქე.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373. 

 

დააკავეს პირი, რომელიც ყოფილ ცოლს ემუქრებოდა და უთვალთვალებდა

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში დააკავა 1977 წელს დაბადებული ზ.ქ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციით, ზ.ქ. ყოფილ მეუღლეს – ნ.ყ.-ს, ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებული, 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით. გარდა ამისა, ბრალდებული მას სისტემატურად უთვალთვალებდა. ნ.ყ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

გამოძიების დაწყების პარალელურად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც, სხვა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, ზ. ქ.-ს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 11 პრიმა 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოსა და ნატოს ხომალდების ერთობლივი წვრთნები შავ ზღვაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.

ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 ხომალდი: ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი) და TCG SALIHREIS (თურქეთი).

წვრთნების მიზანია ნატო-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

შსს-ს ცნობით, შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, არ ჩატარებულა საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართა დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების ურთიერთქმედებას

საგაზაფხულო გაწვევა 22 აპრილიდან განახლდება

საქართველოს მთავრობის 10 აპრილის დადგენილებით, მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2020 წლის 22 აპრილიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში გაგრძელდება.

საქართველოში 22 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2020 წლის 3 თებერვლიდან დაიწყო და 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო გაწვევა მარტის თვეში შეწყდა [თავდაპირველად 3 აპრილამდე, შემდეგ კი – საგანგებო მდგომარეობის პერიოდით].

პარალელურად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში თავდაცვის ძალები, 31 მარტიდან, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჩაერთო.

ამ დრომდე, თავდაცვის ძალები მხოლოდ ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონაში მონაწილეობდნენ.

პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 10 აპრილის ბრძანებით კი, თავდაცვის ძალები ლენტეხის მუნიციპალიტეტში გასატარებელ საკარანტინო ღონისძიებებშიც ჩაერთნენ.

გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილის შემდეგ, მთავრობას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/436350/

საბერძნეთში ეკლესიამ 300 ათასი ევროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა სახელმწიფოს

საბერძნეთში მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სინოდის გადაწყვეტილებით, საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა: 60 000 ნიღაბი, 38 750 ცალი ექიმის ნიღაბი #95, 16 500 სწრაფი ტესტი კორონავირუსზე და 30 რესპირატორი.

ბერძნული მედიის ცნობით, შეწირულობის ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 ათასი ევროა.

სახელმწიფოს ეკლესიის სახელით საჩუქარი კომპანია Milaya Capital-მა გადასცა, რომელიც გამოეხმაურა საბერძნეთის ეკლესიის მიმართვას, კომპანიები დახმარებოდნენ სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლაში.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 2011 ადამიანი, გარდაიცვალა 92 პირი, 269 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

__________________

ფოტოზე: ეკლესია ათენში

 

ჰაერი გაიწმინდა, ნარჩენები შემცირდა – იზოლაციისა და კარანტინის გავლენა კლიმატზე

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანაა კარანტინსა და თვითიზოლაციაში. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის პრობლემის პარალელურად ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ წერილში გარემოსდამცველები ცალკე თემად გამოყოფენ ეკოლოგიას, რაზეც მსოფლიო კარანტინს უკვე აქვს ზეგავლენა.

ჰაერი და კლიმატი

ავტომაგისტრალების დაცარიელების და ქარხნებში წარმოების შეჩერების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა გამონაბოლქვი მსოფლიო კარანტინის პირველსავე დღეებში. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ათობით სხვა ქვეყნის კარანტინის შემდეგ თანდათან შემცირდა ნახშირორჟანგა აირებისა და აზოტის დიოქსიდის შემცველობა ჰაერში, მთელი 40%-ით. ჰაერის ამ ხარისხით გაუმჯობესება ნიშნავს ასთმის, ფილტვის დაავადებების და გულის შეტევის რისკის შემცირებას.

ბევრი ექსპერტისთვის ეს არის მდგომარეობა, რაც აჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს სამყარო საწვავის გარეშე.

საჰაერო მიმოსვლაც მთელ მსოფლიოში მარტის შუა რიცხვებში ორჯერ შემცირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. დიდ ბრიტანეთში მარტის თვეში 70%-ით იკლო საგზაო მოძრაობამ.

2019 წლის 18 მარტი, საჰაერო მიმოსვლის მსოფლიო ქსელი

წყარო: Guardian/flightradar24.com

2020 წლის 23 მარტი, საჰაერო მიმოსვლის მსოფლიო ქსელი

წყარო: Guardian/flightradar24.com

ძირითადი ეკოლოგიური მაჩვენებლები, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში შეუქცევადად უარესდებოდა, შეჩერდა ან გაუმჯობესდა რამდენიმედღიანი მსოფლიო კარანტინის შედეგად.

ჩინეთში, რომელიც ნახშირბადის ყველაზე დიდი წყაროა მსოფლიოში, ნარჩენების რაოდენობამ 18%-ით იკლო – თებერვლის დასაწყისიდან მარტის შუა რიცხვებამდე 250 მილიონი ტონით შემცირდა, რაც დიდი ბრიტანეთის წლის განმავლობაში დაგროვილი ნარჩენების ნახევარია.

ვარაუდობენ, რომ ევროპაში კარანტინის შედეგად 390 მილიონი ტონით შემცირდება საწარმოო ნარჩენების რაოდენობა. მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდებიან ამ მხრივ აშშ-შიც, სადაც მგზავრთა ნაკადის შემცირებამ 40%-ით შეამცირა CO2.

„გარდიანმა“ ვიზუალური მასალა მოამზადა, სადაც ჩანს, რომელ ქვეყანაში რა ხარისხის იყო კლიმატის დაბინძურება შარშან და წელს – იზოლაციის შემდეგ.

 

ჰაერის დაბინძურების ხარისხი ლონდონში 2019 და 2020 წელს

წყარო: Guardian Visuals / ESA satellite data

ჰაერის დაბინძურების ხარისხი ჩინეთში 2019 და 2020 წელს

წყარო: Guardian Visuals / ESA satellite data

ჰაერის დაბინძურების ხარისხი იტალიაში 2019 და 2020 წელს

წყარო: Guardian Visuals / ESA satellite data

ნავთობი

საგზაო და საჰაერო მიმოსვლის შემცირების შედეგად, 2019 წელთან შედარებით ორი მესამედით დაეცა ნავთობის ფასი, მარტში კი, „გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთში 44%-ით შემცირდა ბაზარზე ავტომობილების გაყიდვები. ევროპაში, ამერიკასა და ჩინეთში ავტომობილების წარმოება შემცირდა 9-დან 19 %-მდე.

მთელ მსოფლიოში ავტომობილით გადაადგილება შემცირდა 83%-ით. ეს მოცემულობა დადებითად აისახება კლიმატზე, რადგან ნავთობი ნახშირბადის წარმომქმნელი ყველაზე დიდი წყაროა, პლანეტის გადახურების მიზეზი სწორედ ნახშირბადის ჭარბი გამოყოფაა, რაც ამინდის სისტემასაც არღვევს.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ნელ-ნელა დადგება ნავთობის მოხმარების შეზღუდვის საკითხი, შემდეგ კი შეიძლება ხმარებიდან მის სრულად ამოღებამდეც მივიდეთ, თუმცა ენერგორესურსების სპეციალისტების ნაწილი შედარებით მოზომილ გათვლებზე საუბრობს:

Global Carbon Project-ის დირექტორი, რობ ჯექსონი მიიჩნევს, რომ ნარჩენებისა და გამონაბოლქვის შემცირება უპრეცენდენტო გლობალური მოვლენაა და ვირუსის გამო იზოლირებამ აჩვენა, როგორ სწრაფადაა შესაძლებელი ჰაერის დაბინძურების შეჩერება. თუმცა, მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ადამიანების შეზღუდვები ახლა მაქსიმალურია და კლიმატზე ამის დადებითი გავლენები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს.

რობ ჯექსონი მიიჩნევს, რომ ნარჩენების რაოდენობის შემცირებაზე საუბარი ნაადრევია იმ პირობებში, როცა მილიონობით ადამიანმა დაკარგა მსოფლიოში სამსახური. ის ამბობს, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, რის გარეშეც ნარჩენებისა და გამონაბოლქვის რაოდენობა ძველებურად მზარდი იქნება პანდემიის დასრულების შემდეგ.

ველური ბუნება და ბიომრავალფეროვნება

ვარაუდობენ, რომ წელს ბევრად ნაკლები ცხოველი შეეწირება მსუბუქ თუ სატვირთო ავტომობილებს გზებზე. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად საავტომობილო გზებზე კვდება 100 ათასი ზღარბი, 30 ათასი ირემი, 50 ათასი მაჩვი და 100 ათასი მელა.

მრჩეველთა ნაწილის აზრით, უმჯობესია თუ არ გაიკრიჭება საავტომობილო გზისპირა ბალახი, რაც ველური ყვავილებისთვის ჰაბიტატია და ამ ზაფხულს ფუტკრებისთვის მეტ მტვერს ნიშნავს თაფლის დასამზადებლად.

ადამიანებისგან დაცლილ ქუჩებში თამამად გამოდიან ცხოველები, კოიოტები სან ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის ხიდზე შენიშნეს, თეთრი სახლიდან რამდენიმე მილის დაშორებით სეირნობენ ირმები, იტალიაში გარეული ტახებიც კი გამოვიდნენ ტყიდან, უელსის ქუჩებში ფარშავანგები გამოჩნდნენ.

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში გარემოსდამცველები ამკაცრებენ ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მონიტორინგის ზომებს. მდიდარი ქვეყნებისთვის შესაძლოა გარემოზე თვითიზოლაციის გავლენა მართლაც ეფექტური აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაშიც, მაგრამ ღარიბ ქვეყნებში საკითხი სხვაგვარად დგას:

აფრიკაში, სერენგეტის ეროვნული პარკის ნაკრძალ მასაი მარაში, მაგალითად, ადგილობრივ გიდებს, გამყოლებსა და მოსახლეობას უკვე შეუწყდა ტურიზმისგან შემოსავალი, რეინჯერებისთვის ხელფასის გადახდა შეიძლება იქცეს პრობლემად. გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური კრიზისის პარალელურად გაიზრდება ნაკრძალებში ბრაკონიერობის ფაქტები – ადგილობრივმა მოსახლეობამ დაკარგა შემოსავალი და ისინი იძულებულები გახდებიან სხვა გზით მოიპოვონ საკვები ოჯახებისთვის.

„მოკლევადიან პერსპექტივაში სახიფათოა იმის თქმა, რომ ეკონომიკური აქტივობების შენელება სარგებელს მოუტანს ბუნებას, რადგან არსებობს მნიშვნელოვანი რისკები“, – ამბობს მეთ უოლპოლი, Fauna and Flora International -ის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ადამიანების იზოლაციამ მნიშვნელოვნად შემცირდა გარკვეული ბუნებრივი რესურსების გამოყენება, მაგრამ ჯერ უცნობია რა ტიპის გავლენას მოახდენს იზოლაცია სამომხმარებლო პროდუქტების მოთხოვნაზე.


https://netgazeti.ge/news/442255/?fbclid=IwAR091Pj75wvMJbYChhVZUqEShPwHWvmuWK-35Cwpn0x754ttOMF_KjqxSDI

თურქეთის 31 ქალაქში ქუჩაში გასვლა 2 დღით აიკრძალა – ქვეყანაში ინფიცირების 47 029 შემთხვევაა

თურქეთის მთავრობამ მიმდინარე შაბათ-კვირას, 11-12 აპრილს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქალაქეებს თურქეთის 31 ქალაქში ქუჩაში გასვლა აუკრძალა, მათ შორის სტამბოლსა და ანკარაში.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

ჯონ ჯოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 1 006 ადამიანი. სულ თურქეთში დადასტურებულია ინფიცირების 47 029 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 2 423 ადამიანი.

თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აპრილის 24 საათიდან 12 აპრილის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში:

ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება. ჯარიმა 3150 თურქული ლირაა.

_________________

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

 

 

კარანტინში მყოფი პირების სახლებში გადასაყვანად ბათუმი დამატებით 138 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერიამ შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რაც იმ მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებამდე ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, რომლებსაც კარანტინში ყოფნის ვადა ამოეწურათ.

ხელშეკრულება ამჯერად 138 500 ლარზე გაფორმდა. კომპანიას ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით გადაუხდიან – ხელშეკრულება ბათუმიდან სხვადასხვა რეგიონში 2000-მდე პირის გადაყვანაზეა გაფორმებული.

ამდენივე პირის გადაყვანაზე მერიამ იგივე კომპანიასთან ხელშეკრულება ადრეც გააფორმა, თუმცა სახელშეკრულებო თანხა მაშინ 50 ათასი ლარი იყო.

მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება კომპანიამ შეასრულა და დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება ამიტომ გახდა საჭირო: „თანხა და რაოდენობა აღებულია პირობითად, ამასთან გაიზარდა გადასაყვანი პირების და რეისების რაოდენობაც, ვინაიდან ადრე, თუ ვთქვათ, 12 კაცის გადაყვანა შეიძლებოდა, ამჯერად, მხოლოდ 7-8 პირის გადაყვანაა შესაძლებელი მიკროავტობუსით.“

ხელშეკრულებები მერიამ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გააფორმა. როგორც მერიაში აცხადებენ, ორთავე შემთხვევაში ჩატარდა ბაზრის კვლევა ყველაზე დაბალი ფასის დასადგენად.

გამორიცხული არაა კარანტინგავლილ პირთა ტრანსპორტირებაზე მერიამ ხელშეკრულება კიდევ გააფორმოს.

„საქართველოს მასშტაბით ახალ კორონავისრუსთან (COVID-19) ბრძოლის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან შექმნილ უწყებათშორის საკორდინაციო საბჭოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსული საქართველოს ყველა მოქალაქე ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. შესაბამისად, საქართველოს
მთელს ტერიტორიაზე მოწყობილი იქნა საკარანტინო სივრცები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი განლაგებულია აჭარაში (ბათუმი). ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქეთა ტრანსპორტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით,“ – აცხადებს ბათუმის მერია.

2020 წლის 10 აპრილის 19:30 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4 908 ადამიანი იმყოფება. ეს მონაცემი მუდმივად იცვლება – 14 დღის გასვლის შემდეგ მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება, ტოვებს კარანტინს, ხოლო სიმპტომების მქონე მოქალაქეები გადაჰყავთ სტაციონარში. 

რაც შეეხება სასტუმროებს, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, მათ უმრავლესობას თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდიან. რამდენიმე სასტუმროს მფლობელმა კი, სასტუმროს შენობა საკარანტინო ზონისთვის სახელმწიფოს უფასოდ დაუთმო.

ამ თემაზე:

12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

 

 

 

 

ბათუმში აღებული 30 ნიმუში უარყოფითია – covid-19

დღეს 10 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე აღებული 30 ნიმუშიდან, ყველა პასუხი უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიმუშები ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში იყო აღებული. სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საღამოს გადაიგზავნება შესამოწმებლად ნიმუშები ქობულეთიდანაც, სადაც დღევანდელი მონაცემებით 6 ადამიანს დაუდასტურდა კორონვირუსი.

შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭოს ქობულეთში კარანტინის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

10 აპრილის მონაცემებით, აჭარაში მთლიანობაში კორონავირუსით დაინფიცირების 21 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

 

ამავე თემაზე:

 

გახარია: „ქობულეთში გვაქვს სერიოზული კლასტერი“

დაგეგმეთ დღე ბავშვთან ერთად – იუნისეფის რეკომენდაცია მშობლებს

კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვებს იზოლაციაში  უწევთ ცხოვრება, რასაც ბევრი გამოწვევა ახლავს. ბავშვებისთვის  სახლში ყოფნა სტრესული რომ არ გახდეს, მშობლებმა სწორად უნდა გააგრძელონ ბავშვის განვითარების ხელშეწყობა სახლის გარემოში. ამისთვის „იუნისეფი“ მშობლებს დღის განრიგს სთავაზობს.

რეკომენდაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ დღის აქტივობები დაიგეგმოს წინასწარ, რაც დაეხმარება როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს რუტინის დაძლევაში.

იუნისეფის რეკომენდაცია ასეთია:

[checklist]

  • სასურველია, დღე ბავშვთან ერთად დაგეგმოთ და დახატოთ.
  • შეეცადეთ, რომ დღის გეგმა მიამსგავსოთ რეჟიმს, რომელიც ბავშვს საბავშვო ბაღში ჰქონდა.
  • დღის გეგმის ზოგადი სტრუქტურა და საქმიანობის ტიპები შეიძლება ყოველდღიურად მეტ-ნაკლებად ერთნაირი იყოს, მაგრამ შესთავაზეთ ბავშვს სხვადასხვა თამაში და რესურსები მრავალფეროვანი აქტივობებისთვის.
  • დღის გეგმა შეგიძლიათ შეცვალოთ ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების ცვლილების შესაბამისად.

[/checklist]

იუნისეფის მიერ დაგეგმილი დღის განრიგი ვიზუალურად ასე გამოიყურება

_____________

ილუსტრაცია: UNICEF Georgia

100 ათასს უახლოვდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 10 აპრილის [17 სთ] მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 617 204 ადამიანი, ახალი კორონავირუსით კი 97 039 პირი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 364 686 ადამიანი.

იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი და საფრანგეთი – ეს ის ქვეყნებია, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, პანდემიამ ყველაზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

COVID 19-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში – აქ 18 279 ადამიანი გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით და 28 470 გამოჯანმრთელდა. იტალიაში სულ დადასტურებულია 143 626 ინფიცირების შემთხვევა.

გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა აშშ-ი. ქვეყანაში დადასტურებულია 466 299 ადამიანის ინფიცირების შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 16 686 და გამოჯანმრთელდა 26 522 ადამიანი.

15 843 ადამიანი გარდაიცვალა ახალი ვირუსით ესპანეთში, 55 668 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში სულ დადასტურებულია 157 022 ინფიცირების შემთხვევა.

საფრანგეთში 12 228 ადამიანი გარდაიცვალა COVID 19-ით, 23 465 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის  118 785 შემთხვევა.

ახალი კორონავირუსი, COVID-19,  2020 წლის იანვარში ჩინეთიდან გავრცელდა მსოფლიოში და ამჟამად ვირუსს ორასამდე ქვეყანა ებრძვის.

______________

ფოტო: ნიუ იორკი პანდემიის დროს. ევროპის პრესფოტო სააგენტო.EPA/JUSTIN LANE

ნიუ იორკში საერთო საფლავებს თხრიან კორონავირუსის აფეთქების ფონზე – BBC

აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში, საერთო საფლავს თხრიან – წერს BBC.

ფოტოები, რომელიც დრონითაა გადაღებული, ინტერნეტში გამოჩნდა და მასზე ჩანან ადამიანები, რომლებიც სპეციალური ტანსაცმლით უშვებენ კუბოებს საერთო საფლავში.

„ბიბისი“ წერს, რომ ეს კუნძული ჰარტია, რომელსაც 150 წელზე მეტია ნიუ იორკის ხელისუფლება იყენებს იმ ადამიანების დასაკრძალად, ვისაც არ ჰყავს ახლობლები ან მათი ოჯახის წევრებს არ აქვთ დაკრძალვის ხარჯების გაღების საშუალება.

დიდი ალბათობით ამ კუბოებში ბევრი კორონავირუსის მსხვერპლია, მაგრამ არ არის ზუსტად ცნობილი, შედიან თუ არა ისინი ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში.

მხოლოდ ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე აღემატება სხვა ნებისმიერი ქვეყნის სტატისტიკას. უკანასკნელ 24 საათში ნიუ იორკში დადასტურდა Covid 19-ის 10 000 შემთხვევა, შტატში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 159 937-ია, თუმცა გარდაცვალების შემთხვევები ნიუ იორკის შტატში ნაკლებია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაიცვალა 7 ათასი ადამიანი, ესპანეთში – 15 000 და იტალიაში – 18 000.

ნიუ იორკის მერიის ინფორმაციით, დაკრძალვები კუნძულ ჰარტზე ადრე კვირაში ერთხელ თუ იმართებოდა, ახლა იქ სამუშაოები მხოლოდ დასვენების დღეებში წყდება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, 10 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში 466 299 ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა 16 686 და გამოჯანმრთელდა 26 522 ადამიანი.

ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის

მწერალთა სახლი უფროსკლასელებისთვის აცხადებს  ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

თემა თავისუფალია, მოთხრობა უნდა იყოს ფანტასტიკის ჟანრის და არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.

კონკურსისთვის ფანტასტიკის ჟანრი „მწერალთა სახლმა” მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო შეარჩია:

„ოცდამეერთე საუკუნემ მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა კაცობრიობა. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ მივიღეთ  ეკოლოგიური კატასტროფები, კოსმოსში მოგზაურობის პარალელურად – პანდემიები, კულტურის განვითარების საპირწონედ კი – ტერაქტები და ომები.

ბევრი რამ, რაც მეოცე საუკუნეში ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში სინამდვილედ  იქცა და დიდი სისწრაფით განვითარდა. ვირტუალური და რეალური სამყარო ერთმანეთს ისე გადაეჯაჭვა, რომ ზოგჯერ მათ შორის ზღვარის გავლება ჭირს.

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ რეალობაში, რომელიც თითქოს იმიტირებს ლიტერატურას და ხელოვნებას. იზოლაციაში მყოფები ვპოულობთ მსგავსებას ამჟამინდელ ვითარებასა და სხვადასხვა ნაცნობ მხატვრულ სიუჟეტს შორის. სიფრთხილის ზომები და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა „შინაპატიმრობაში“ დარჩენას გვაიძულებს. ლიტერატურა კი იზოლაციაში დროის სასიამოვნოდ გატარებასა და შემეცნებაში გვეხმარება,” –  წერია მწერალთა სახლის განცხადებაში.

საკონკურსო ნაწარმოების თემა  შეიძლება იყოს სამყაროს ხვალინდელი დღე, პლანეტის და კაცობრიობის მომავალი – არჩევანი დიდი და თავისუფალია.

მოთხრობები კონკურსანტებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონულად  მისამართზე: nbekishvili@writershouse.ge.

ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას). წერილში აუცილებელია მიუთითოთ  სათაური, კონკურსანტის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. არასრული საკონტაქტო ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი.

მეორე ეტაპზე გადასული საკონკურსო ნაწარმოები გამოქვეყნდება ონლაინბლოგზე: https://whgeorgia.blogspot.com/

ნამუშევრებს შეაფასებს კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 3 გამარჯვებულს გამოავლენს.

  1. პირველი პრემია – მაღაზია ზუმერის  500-ლარიანი ვაუჩერი
  2. მეორე პრემია –  მაღაზია ზუმერის 400-ლარიანი ვაუჩერი
  3. მესამე პრემია – მაღაზია ზუმერის 300-ლარიანი ვაუჩერი

#თიბისიშენთვის ფარგლებში, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის სპეციალური ბარათი შეიქმნა

პროგრამის – #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი სადისტრიბუციო კომპანიებს ინოვაციურ პროდუქტს – სადისტრიბუციო ბარათს სთავაზობს.

თუ აქამდე, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პროდუქციის მიღების დროს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება უწევდათ, 15 აპრილიდან, მათ შესაძლებლობა ექნებათ ანგარიშსწორება უსაფრთხო ალტერნატივით – ბარათით გადახდით ჩაანაცვლონ.

ინოვაციური პროდუქტით სარგებლობისთვის, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა სპეციალურად მათთვის შექმნილი ბარათი, ხოლო მეწარმეებმა პოს-ტერმინალი უნდა გამოიყენონ, რომელსაც სადისტრიბუციო გადახდის ფუნქციონალი დაემატება.

თიბისის გადაწყვეტილებით, ყველა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ბარათს მიმდინარე წლის 1 ივნისამდე აიღებს, ერთი წლის განმავლობაში ბარათის საკომისიო გადასახადისგან განთავისუფლდება. გარდა ამისა, სადისტრიბუციო კომპანიებს, რომლებიც უნაღდო ანგარიშსწორების ახალ შესაძლებლობას გამოიყენებენ, სადისტრიბუციო ტრანზაქციბზე დარიცხული საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე  გაუუქმდებათ. დამატებითი ხარჯების გარეშე იქნება შესაძლებელი სავაჭრო ობიექტებში არსებულ პოს-ტერმინალებზე შესაბამისი ფუნქციონალის გააქტიურებაც.

სადისტრიბუციო კომპანიებმა ბარათის მისაღებად 15 აპრილიდან კორპორატიულ ბანკირებს უნდა მიმართონ ან განაცხადი თიბისის სატელეფონო ცენტრით (032 2 27 27 27) დააფიქსირონ. სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პოს-ტერმინალზე ფუნქციონალის დამატების მოთხოვნის შესახებ განაცხადის დაფიქსირება ასევე თიბისის ცხელ ხაზზე შეუძლიათ.

სადისტრიბუციო ბარათისა და პოს-ტერმინალზე აღნიშნული ბარათით ანგარიშსწორების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/distribution-card

„რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი გენგეგმასთან“ – პანდემიის დროს აბასთუმნის გენგეგმა დაამტკიცეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აბასთუმნის განაშენიანების გეგმა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, 7 აპრილს დაამტკიცა. საკითხის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, როგორც თავად გვითხრეს, იმ მიზეზით, რომ დოკუმენტის გაცნობის საშუალება არ მიეცათ.

საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, სიმონ ფარუნაშვილის თქმით, დოკუმენტი შესასწავლად ოპოზიციას არ მიუღია: „არ მინახია და ამიტომ არ დავუჭირე მხარი“.

მისივე მოსაზრებით, გეგმის დამტკიცება საგანგებო მგომარეობის პირობებში იმიტომ არ გადადეს, რომ ბიძინა ივანიშვილს წამოწყებულ და დაგეგმილ მშენებლობებში ხელი არ შეშლოდა: „სხვა რა უნდა ვიფიქროთ“.

საკრებულოს თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ გენგეგმა მოამზადეს და განიხილეს ყველა წესის დაცვით და ის ფორსმაჟორულ პირობებში არ დაუმტკიცებიათ.

„დიდი ხანია, რაც ეს დოკუმენტი მომზადდა, განვიხილეთ და საჯარო განხილვებზეც გვქონდა გატანილი. ოპოზიციას კი იმიტომ არ უნახავს, რომ არ ხსნის გადაგზავნილ პროექტებს და ბიუროს სხდომებსაც არ ესწრებიან. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი გენგეგმის დამტკიცებასთან, ის არაფერ შუაშია“, – გვითრა საკრებულოს თავმჯდომარემ,  იმედა მღებრიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანში რამდენიმე მშენებლობა აქვს წამოწყებული. მისივე ინფორმაციით, [ამის შესახებ ის საკუთარ წერილში წერდა] პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

“ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს – „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს – სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია“.

აბასთუმანში ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია – ივანიშვილი

აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა კომპანია „ გეოგრაფიკმა“ მოამზადა.

დოკუმენტის მიხედვით, დაბა აბასთუმნის ტერიტორიები გამოყენებისა და განვითარების მიზნით სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიებად იყოფა. მაქსიმალური კ1 კოეფიციენტია 0.5, ხოლო კ2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი – 0.1.

გენგეგმის მიხედვით, სამშენებლო ტერიტორიებზე ნორმატიული რეჟიმი დგინდება ფუნქციური ზონების, ქვეზონებისა და ძირითადი პარამეტრების დადგენით, რომლის საფუძველზეც მუშავდება ქვემდგომი გეგმები. კონკრეტულ ზონებში დასაშვებია მშენებლობის კონკრეტული სახეობები, კონკრეტული პარამეტრებით.

ქალაქმშენებლობითი დაგეგმვა ხორციელდება ორსაფეხურიანი სისტემით:  გენერალური გეგმა არეგულირებს აბასთუმნის მთელი ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების ზოგად რეგულირებას, ხოლო დეტალური გეგმა არეგულირებს განაშენიანების კონკრეტულ რეგულირებას.

სამშენებლო ტერიტორიაზე დგინდება შემდეგი ფუნქციური ზონები: საცხოვრებელი ზონა (სზ), შერეული ზონა (შზ) სპეციალური ზონა (სპზ).

დოკუმენტის მიხედვით, აბასთუმნის ტერიტორიაზე დამტკიცდა ასევე დამცავი ზონები და მათი რეგლამენტი, ეს ზონებია ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი, მდინარის წყალდაცვითი ზოლი.

დოკუმენტის შემადგენელი ნაწილია განაშენიანების მართვის რეგლამენტი.

მთავარი ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

„საკვების გარეშე დაგვტოვეს, ჩვენი ხელფასი 420 ლარია“ – სახელმწიფო დაცვის პოლიციელი

„ერთ კვირაზე მეტია, საჭმელს აღარ გვაჭმევენ… ჩემი ხელფასი 420 ლარია, ისევ დღეჩაგდებით გვიწევს მუშაობა 24 საათი,“ – ამბობს სახელმწიფო დაცვის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი „ბათუმელებთან“. მას ვინაობის გამხელა არ სურს. დაცვის პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა. თანამშრომელი, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა, ბათუმის ნავთობტერმინალის დაცვის ობიექტზე მუშაობს.

დაცვის პოლიციელის კვებისთვის თანხას სახელმწიფო არ იხდის. ამ შემთხვევაში გამონაკლისი ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალია, სადაც დაახლოებით 80-მდე დაცვის პოლიციელი მუშაობს. თითოეული პოლიციელის კვებისთვის დღეში ეს კომპანიები 8 ლარს იხდიან. როგორც პოლიციელმა ჩვენთან საუბრის დროს განმარტა და შემდეგ დაცვის პოლიციის პრესცენტრშიც დაგვიდასტურეს, ტერმინალი კვების ფულს ურიცხავს დაცვის პოლიციას, დაცვის პოლიცია კი კვების მომსახურებას ყიდულობს.

„ბოლო წლებში ეს ისევ ტერმინალის სასადილოა, ჩვენ სასადილოში გვქონდა კვება,“ – აღნიშნავს პოლიციელი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ.

პოლიციელის თქმით, ახლა მხოლოდ იმ თანამშრომლებს კვებავენ, რომლებიც პერიოდულად საკარანტინო სივრცეების დასაცავად გადაჰყავთ.

„…ჩვენგანაც მიჰყავთ პერიოდულად პოლიციელები სასტუმროების დასაცავად, სადაც საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. იქ პოლიციელებს ის ულუფა ხვდებათ, რაც კარანტინში მყოფ ადამიანებს,“ – დასძინა პოლიციელმა.

დაცვის პოლიციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ  კვების მომსახურება წინა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო შეწყდა პირველი აპრილიდან და იგი დაახლოებით 20 აპრილისთვის განახლდება. პრესცენტრში განმარტეს, რომ წინა ხელშეკრულება სამი თვის ვადით იყო გაფორმებული.

რატომ არ გააფორმა ახალი ხელშეკრულება დაცვის პოლიციამ წინა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე?

„მოგვწერეთ და გიპასუხებთ წერილობით… ეს ოდითგანვე ასე ხდება, როცა ორი კვირით ხდება შეყოვნება…. დაცვის პოლიციას არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ ვკვებოთ ჩვენივე თანამშრომლები. ეს არის ამ კონკრეტული კერძო კომპანიის კეთილი ნება და სურვილი, რომელიც კვებას აფინანსებს“, – გვიპასუხეს დაცვის პოლიციის პრესცენტრში.

პრესცენტრს ვუთხარით, რომ საჯარო ინფორმაციას ამ საკითხზე ვერ დაველოდებით და ვთხოვეთ, ეპასუხათ კითხვისთვის  – რის გამო ფერხდება კვების მომსახურების მიწოდება პოლიციელებისთვის, რომლებიც დღეჩაგდებით მუშაობენ 24 საათი თვეში 420 ლარად და როცა კერძო კომპანია აფინანსებს ამ ადამიანების კვებას.

„დაზუსტებული არაა, რამდენი ადამიანით დავიცავთ ამ ობიექტს… სხვა დეტალებისთვის მოგვმართეთ წერილობით,“ – გაგვიმეორეს დაცვის პოლიციის პრესცენტრში.

ჯანმო: მობილურის 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას არ იწვევს

COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად სოციალურ მედიაში უამრავი მითი გავრცელდა, მათ შორის ერთ-ერთია მობილურის 5G ინტერნეტკავშირი ვირუსის გავრცელებასთან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ვირუსებს არ შეუძლიათ მოგზაურობა რადიოტალღებზე/მობილური ქსელებით და ახალი კორონავირუსი ვრცელდება ბევრ ქვეყანაში, სადაც არ აქვთ 5G მობილური ქსელი.

COVID-19 ვრცელდება რესპირატორული წვეთების საშუალებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ადამიანი ასევე შეიძლება დაინფიცირდეს დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით და შემდეგ ამ ხელის თვალზე, პირსა ან ცხვირზე შეხებით.

5G, ანუ მე-5 თაობა, არის მობილური ტელეფონების უახლესი უსადენო ტექნოლოგია, რომელიც ფართოდ 2019 წელს გავრცელდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, 5G-ს აქვს ინტერნეტის გაცილებით მაღალი სიჩქარე, დაახლოებით 10-20-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე 4G-ს. ტექნიკური კუთხით, 5G ძირითადი უპირატესობებია ქსელის უფრო მაღალი გამტარუნარიანობა, რაც უზრუნველყოფს დროის შუალედში უფრო მეტი მოწყობილობის დაკავშირებას; რადიოსიხშირული სპექტრის უფრო ოპტიმალურ გამოყენებას და ბევრად სტაბილურ და უწყვეტ კავშირს ქსელთან.

მობილური ტექნოლოგიების წინა თაობები უზრუნველყოფდა ე.წ. „ადამიანურ კომუნიკაციას“ ხმოვანი, სმს და ინტერნეტსერვისების მეშვეობით. 5G, თავის მხრივ, მიზნად ისახავს „ინდუსტრიული კომუნიკაციის“ განვითარებას, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის გაციფრულებას და გლობალურ ციფრულ ტრანსფორმაციას.

5G-სთან დაკავშირებით ჯანმო აქამდეც წერდა, რომ ზემოქმედება 5G-ს მომწოდებელი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც დაახლოებით 3.5 გეგაჰერცია, ანალოგიურია აქამდე არსებული მობილური ტელეფონების საბაზისო სადგურებისა. „იმ პირობით, რომ მთლიანი ზემოქმედება საერთაშორისო გაიდლაინებს არ გასცდება, არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის საზიანო შედეგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის,“ – აცხადებს ჯანმო.

ჯანმო ამჟამად მუშაობს არსებული რადიოსიხშირეების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკების შეფასებაზე, რომელიც მოიცავს მთელ რადიოსიხშირულ დიაპაზონს, მათ შორის, 5G-ს. ანგარიში მზად 2022 წლისთვის იქნება.

რა შემთხვევაში არ გადაიხდი შუქის ფულს, თუკი მთაში ცხოვრობ

მთაში მცხოვრებ მოქალაქეებს აინტერესებთ, იმ შემთხვევაში, თუკი მოიხმარეს, მაგალითად, 200 კვტ/საათზე მეტი ელექტროენერგია, გავრცელდება თუ არა პანდემიის პირობებში დაწესებული ახალი შეღავათები მათზე [მთაში აქამდე გარკვეული შეღავათით სარგებლობდნენ მთის კანონის საფუძველზე].

რა შემთხვევაში არ გადაიხდის შუქის ფულს პანდემიის პირობებში ის ოჯახი, რომელიც მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს? – კითხვაზე პასუხი „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამ ეტაპზე არ აქვთ. კომპანიას ვთხოვეთ განმარტება, როგორ აისახება კომუნალური გადასახადების კუთხით მთავრობის გადაწყვეტილება მაღალმთიან რეგიონებზე, სადაც აქამდე „მთის კანონით“ განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობდნენ.

საქართველოს მთავრობის პირველი აპრილის  გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში, სრულად დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიხედვით კი, მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტი ფინანსდება და ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ოჯახმა 100 კვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა.

„ჩვენ რასაც დაგვიდგენენ, ისე მოვიქცევით,“ – გვიპასუხეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესცენტრში. აქ გვირჩიეს, სემეკ-ს დავკავშირებოდით. სემეკ-ის პრესცენტრმა თქვა, რომ ადრესატი თვითონ არ არის და სავარაუდოდ, კითხვას ეკონომიკის სამინისტრომ უნდა უპასუხოს. ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს საკითხი სემეკ-მა უნდა დაარეგულიროს, ან მთავრობამ, მთავრობიდან ისევ სემეკ-ში გადაგვამისამართეს. საბოლოოდ, ისევ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში გუშინ, 9 აპრილს, ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე განმარტება არ მიგვიღია.

საქართველოში ელექტროენერიგიის მიწოდებას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გარდა კიდევ ერთი მსხვილი კომპანია – „თელასი“ უზრუნველყოფს. ჩვენ გვინდოდა ამ კომპანიაშიც დაგვეზუსტებინა, როგორი იქნება შეღავათები მთაში მცხოვრები მათი აბონენტებისთვის, მაგრამ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს ცხელ ხაზზე, არც კომპანიის პიარსამსახურში.

„მაღალმთიან სოფელში ვინც ცხოვრობს და დაწვავს 200 კვტ. საათამდე ელექტროენერგიას, ის საერთოდ არაფერს გადაიხდის, ხოლო თუ ამაზე მეტს დაწვავს, მაშინ იმოქმედებს მანამდე არსებული კანონი მთის შესახებ,“ – ამბობს შუახევის მერის მოადგილე, ომარ ტაკიძე. მისი განმარტებით, თუკი ოჯახი 200 კილოვატ საათზე მეტს დახარჯავს თვეში, „მთის კანონის“ შესაბამისად, მას მხოლოდ 100 კვტ. საათის 50 პროცენტს დაუფინანსებენ. შუახევის მერის მოადგილემ გვითხრა, რომ ეს განმარტება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადგილობრივი წარმომადგენლებისგან მიიღო.

ანალოგიურად ფიქრობს პაატა დიასამიძეც – საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს შუქის ფულის გადახდა, თუკი 200 კვტ.საათზე მეტს მოიხმარს.

„ასეთ შემთხვევაში, მას დაუფინანსდება გახარჯული 100 კვტ. საათის 50 პროცენტი,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

„ქვითარი ჯერ არ მოსულა, არავის უთქვამს, როგორ უნდა გადავიხადოთ შუქის ფული. გვეტყვიან, ალბათ,“ – გვითხრა ნათელა შაინიძემ, რომელიც ხულოს მაღალმთიან სოფელ თხილვანაში ცხოვრობს. ამ სოფლის რწმუნებული, მამუკა ქამაშიძე კი ამბობს, რომ ოჯახი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გადაიხდის ელექტროენერგიის გადასახადს, თუკი 200 კლვტ. საათზე მეტს არ მოიხმარს და ეს მას „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ უთხრეს.

„დისტანციურმა სწავლამ გაგვიძლიერა ერთმანეთის მონატრება“ – 15 წლის მოსწავლე

ჯერ 15 წლისაა, სკოლის მოსწავლე, პროფესია არ შეურჩევია, თუმცა იცის, რომ ხარისხიანი განათლება უნდა მიიღოს, რასაც კარგი საფუძველი და დაუღალავი შრომა სჭირდება. „ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესიც“ ამ კრიტერიუმით შეარჩია. მარიამ იაკობაძე თინეიჯერებში კორონავირუსით გამოწვეულ რეალობასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

  • მარიამ, რამდენად იყავი მზად დისტანციური სწავლისთვის, ეს მოდელი მოსახერხებელია მოსწავლეებისთვის

დისტანციურ სწავლას, რა თქმა უნდა, სკოლაში სიარული მირჩევნია, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ცუდი ნამდვილად არ არის. ერთადერთი, რაც არ მომწონს არის ის, რომ სკოლა მენატრება და ასე „ვირტუალურად“ ვერც მეგობრების მონატრებას ვიხშობ და ვერც სკოლის.

  • რა განწყობა აქვთ შენს თანატოლებს კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციის გამო

ვფიქრობ, უფრო გაგვიმძაფრდა პირისპირ ურთიერთობის სურვილი. თავისუფალი ცხოვრებიდან ასეთ ცხოვრებაზე გადასვლას ვერავინ წარმოიდგენდა. კორონავირუსზე და ამ მდგომარეობაზე ყოველდღიურად ვსაუბრობთ. დროის გასაყვანად დისტანციური სწავლება გვეხმარება, სწავლის საათებს ისე ვანაწილებთ, რომ თავისუფალ დროს ისეთი რაღაცის გაკეთება მოგვიწიოს, რაც არ მოგვბეზრდება. მაგრამ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გარეთ გასვლა და ერთად გასეირნება გვირჩევნია.

  • რას ფიქრობ, რა თვისებები/უნარები უნდა ჰქონდეს თანამედროვე თინეიჯერს, რომ ადაპტირება მოახდინოს გარემოსთან, მსგავსი კრიზისის დროს თუნდაც?

ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული, კომუნიკაბელური და არ უნდა შეეშინდეს ახალ გარემოში ყოფნის. მე თვითონ მაქვს ეს გამოცდილი და ვიცი, როგორი რთულია თავიდან, მაგრამ თუ ბოლომდე ირწმუნებ, რომ შეგიძლია და ამას გააკეთებ, მაშინ შეუძლებელი არაფერია.

  • რა პროფესიას ირჩევენ შენი თანატოლები, ახალმა კრიზისმა განსხვავებული პროფესიების დაუფლების სურვილი ხომ არ გააჩინა?

როცა მეკითხებიან ყველაზე მეტად რომელი საგანი მიყვარს, ბევრს ვყოყმანობ, რადგან თითქმის ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობ, ამიტომ ერთი კონკრეტულის არჩევა არ შემიძლია. ალბათ, უფრო ქართული და ინგლისური. ქართული იმიტომ, რომ მშობლიური ენაა, ძალიან ლამაზია. ჩემი აზრით, ბედნიერები ვართ ამ ენას რომ თავისუფლად ვფლობთ. ინგლისური კი იმიტომ, რომ მომავალში საზღვარგარეთ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და თუ ეს ენა არ იცი, ძალიან რთული იქნება, როგორც ადაპტირება იქაურ გარემოსთან, ასევე სწავლა.

რაც შეეხება პროფესიას, ყველა ვცდილობთ შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და რა პროფესიები იქნება მომავალში, ბევრი სტატია იწერება თუ როგორ შეიცვლება სამყარო კორონავირუსის შემდეგ, მაგრამ ზუსტ პროგნოზს ვერავინ აკეთებს, ამიტომ ჩვენც გვიჭირს არჩევანის გაკეთება.

  • ასწავლებლები რამდენად გიწყობენ ხელს მომავლის გააზრებასა და პროფესიის შერჩევაში?

მთავარი, რაც მასწავლებელს მოეთხოვება არის ის, რომ მოსწავლესთან უნდა იყოს კომუნიკაბელური. ყველა ხასიათს უნდა მოერგოს, რა თქმა უნდა, მოსწავლეც უნდა იყოს მობილიზებული სწავლისთვის, მაგრამ მასწავლებელი მაინც მთავარ როლს თამაშობს სწავლის პროცესში. ბევრი ჩემი თანატოლისგან გამიგია, რომ მასწავლებელი არ უყვარს და იმიტომ არ სწავლობს საგანს. აქ მასწავლებელზე უფრო მგონი, მოსწავლეა დამნაშავე. სავალდებულო არაა მასწავლებელი გიყვარდეს, მაგრამ არც უნდა გძულდეს. იმის გამო, რომ მასწავლებელი ისეთი არ არის, როგორიც გინდა იყოს, საგნის სწავლას თავი არ უნდა დაანებო. ზოგჯერ პროფესიის არჩევანსაც ემოციურად ვუდგებით და საგნის მასწავლებლის მიხედვით ვირჩევთ.

  • რამდენად მნიშვნელოვანია კარგი განათლება, რა იმედებს ამყარებ?

დღეს განათლება ყველაზე დიდი ქონებაა. მშობლისთვის ყველაზე დიდი ინვესტიცია შვილის განათლებაში ჩადებული ფული და აქედან მიღებული შედეგია. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო კარგია ჩვენთვის. დღევანდელი მდგომარეობა რომ ავიღოთ, განათლება რომ არ ჰქონდეთ ჩვენს ექიმებს რა გვეშველებოდა? განათლებას მხოლოდ სკოლიდან ვერ მივიღებთ – ჩვენ, თვითონ უნდა გავამდიდროთ ცოდნა სხვადასხვა წიგნის დახმარებით. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, დავამარცხებთ ამ ვირუსს ჩვენი ექიმების და ქვეყნის დახმარებით. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ დარჩით სახლში და გაიმდიდრეთ თქვენი ცოდნა წიგნებით, ეს დრო ამისთვის საუკეთესოა.

  • ალბათ სკოლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი განათლების საფუძველის შექმნაში

კერძო სკოლაზე კარგი წარმოდგენა არასდროს მქონია და სიმართლე გითხრათ, თავიდან საერთოდ არ მინდოდა ახალ სკოლაში გადასვლა. მუდმივად მესმოდა კერძო სკოლებში ბულინგის ხშირი ფაქტების შესახებ, თან იმის შიში მქონდა, რომ ახალ გარემოსთან ადაპტირებას ვერ შევძლებდი, მაგრამ სკოლა “პროგრესში” მოსვლის პირველივე დღესვე მივხვდი, რომ ეს კერძო სკოლა სხვა სკოლებს არ ჰგავდა. დამლაგებლიც კი რომ მოვიყვანოთ მაგალითად, ისიც ძალიან მეგობრულად გხვდება, გიღიმის, თბილად გესაუბრება.

შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას – პაატა იმნაძე პირბადეებზე

„მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ეგეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ ეგეთი რამეები მოსწონს ხოლმე,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დღეს, 10 აპრილს, ბრიფინგზე, როცა მას დაუსვეს შეკითხვა ქართული წარმოების პირბადეების დიზაინის შესახებ.

„მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე, უფრო სწორად, იყო მსოფლიოში. მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოში ყველგან დეფიციტია, გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი რომ ვნახე, სხვათა შორის, ამის დიზაინი ბევრად უკეთესია.

ეს არის ანა-ბანა, სანამ იქნებოდა ეს ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელსაც ყველაზე საშინელი სახელი ერქვა საქართველოში, „შავი ჭირი“ გვერქვა და ვმუშაობდით არა მარტო შავ ჭირზე. ყვავილის ვირუსზე მუშაობდნენ ასეთი პირბადეებით, აი, ასეთით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად. ეს [კორონავირუსი] არის წვეთოვანი ინფექცია.

ჩვენ ექიმებს ვურჩევთ იხმარონ რესპირატორი, 95 ნომერი რომ ჰქვია, მხოლოდ იმ დროს, როცა ექიმები ახორციელებენ, ვთქვათ, ინტუბაციას, სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი.

დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება იხმაროს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ, “ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტიკარაძე ქობულეთში კარანტინზე – შესაძლოა ყოველწამს შეიცვალოს მონაცემები

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ განიხილება ქობულეთში კარანტინის გამოცხადება, რადგან იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია გადაცემულია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში და კარანტინთან დაკავშირებით მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ კი, დღეს, 10 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქობულეთში ჯერ კიდევ მუშაობენ ეპიდემიოლოგები.

„კონტროლის მხრივ, მდგომარეობა ქობულეთში გამკაცრებულია, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ამ ეტაპისთვის დადგენილია გარკვეული ჯგუფი, მაგრამ, სანამ სამუშაოები არ დასრულდება, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი გაგვიჭირდება, ვინაიდან ყოველწამს შეიძლება განახლდეს ინფორმაცია და შეიცვალოს როგორც კლასტერის სიდიდე, ასევე კლასტერიდან გამომდინარე რისკები“, – აცხადებს ტიკარაძე.

ბოლო მონაცემებით, ქობულეთის რამდენიმე სოფელში, ასევე, ქალაქში დადასტურებულია კორონავირუსის 12 შემთხვევა.

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა კორონავირუსისგან

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს, 10 აპრილს, პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, განაცხადა ბრიფინგზე.

„სამწუხაროდ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალბატონი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 75 მოქალაქე დაჯარიმდა – შსს

შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 75 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს.

გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 10 აპრილის 21 საათიდან ხვალ,  11 აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით:5-10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 12 აპრილს, მოსალოდნელია დროგამოშვებით  წვიმა.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“

ავარია ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და  მძღოლები დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული წესით.

covid 19-ის 6 ახალი შემთხვევა ქობულეთიდან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 პირი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება.

„ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტი მოვიძიეთ გუშინ, ეს არის ოჯახური და სხვა კონტაქტები, არა სამედიცინო პერსონალი. მათგან ავიღეთ 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში და 6 დადასტურდა, ანუ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 ახალი შემთხვევა გვაქვს.

ინფიცირებულები გადმოჰყავთ კლინიკა „მედალფაში“, სადაც 14 პაციენტი უკვე მკურნალობს. 4 პაციენტის ტრანსპორტირება ამ წუთებში მიმდინარეობს“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სოფელ გვარას გარდა, კიდევ რამდენიმე სოფელსა და ქალაქ ქობულეთს უკავშირდება.

სამინისტროში ჯერჯერობით სხვა სოფლებს არ ასახელებენ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ წუთებში კიდევ ერთი ინფიცირებულის შესახებ გახდა ცნობილი. ინფიცირებული ქალია და ის თურქეთიდან შემოვიდა.

ნიჟარაძის თქმით, „მედლაფაში“ მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. „ერთი ახალშეყვანილი არის საყურადღებო, ერთის შედარებით მძიმე, დანარჩენის კი – მსუბუქი და საშუალო. ერთთან ველოდებით განკურნებას“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

10 აპრილის დილის მონაცემებით, აჭარაში მთლიანობაში კორონავირუსით დაინფიცირების 21 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

პრემიერ გახარიას თქმით, „ქობულეთში გვაქვს სერიოზული კლასტერი“.

10 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 230 პირს, მათ შორის 52 გამოჯანმრთელდა, მეთვალყურეობის ქვეში კი 430 პირი იმყოფება.

გახარია: „ქობულეთში გვაქვს სერიოზული კლასტერი“

ზეთი და მაკარონი რუსეთიდან, შაქარი – ბელორუსიდან – მთავრობა $4,2 მილიონად მარაგს ქმნის

ქვეყანაში შაქრის, ზეთისა და მაკარონის მარაგის შესაქმნელად სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ ხელშეკრულება ორ კერძო კომპანიასთან ჯამში 4 232 800 აშშ დოლარზე გააფორმა.

ხელშეკრულებების მიხედვით, სააგენტო შეისყიდის რუსულ ზეთსა და მაკარონს, ხოლო შაქარი ბელორუსული წარმოებისაა.

1 424 400 აშშ დოლარის ხელშეკრულება შპს „მზიურთან“ 1,5 მილიონი ლიტრი ზეთის შესყიდვაზეა გაფორმებული. ზეთის მწარმოებელი ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა.

კომპანია სააგენტოს 6 სახეობის ზეთს სამ ეტაპად მიაწვდის – არაუგვიანეს 2020 წლის 10 მაისისა, 20 მაისისა და 15 ივნისისა [ნახევარი მილიონი ლიტრი, ყოველ ეტაპზე].

2 808 400 აშშ დოლარზეა გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ალფასთან“ 5 ათასი ტონა შაქრისა და 400 ტონა მაკარონის შესყიდვაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, შესასყიდი შაქარი [საერთო ღირებულება 2 596 000 აშშ დოლარი] წარმოებულია ბელარუსის რესპუბლიკაში, ხოლო მაკარონი [212 400 აშშ დოლარი] – რუსეთის ფედერაციაში.

ამ პროდუქტების მიწოდებაც სამ ეტაპად, 2020 წლის 5, 20 და 31 მაისამდე უნდა განხორციელდეს.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში პირველადი საკვები პროდუქტების: მაკარონის, შაქრისა და მზესუმზირას ზეთის სასურსათო მარაგის შექმნის გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული გარემოებების გამო მიიღო.

მარაგის შექმნა ითვალისწინებს ამ პროდუქტების შესყიდვას, დასაწყობებას და შენახვას.

ამ თემაზე:

9 პროდუქტი, რომელთა მარაგსა და ფასს მთავრობა გააკონტროლებს

Exit mobile version